სიახლეები

ბათუმის მერობის კანდიდატები არჩევნებს აფასებენ

16.06.2014 • 1473
ბათუმის მერობის კანდიდატები არჩევნებს აფასებენ

 

 

ალექსანდრე თევზაძე (საარჩევნო ბლოკი არასაპარლამენტო ოპოზიცია):  არსებით პრობლემას ვერ გამოვყოფ, გარდა იმისა, რომ ხალხის აქტიურობა იყო ნაკლები. ამის მიზეზები, ალბათ, კომპლექსურად უნდა ვეძებოთ. დაბალი აქტივობის შედეგი შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობის“  მმართველობის ანარეკლიც და ბოლო ორი წლის განმავლობაში მოსახლეობის იმედგაცრუების შედეგი. ვფიქრობ, ამაზე სამუშაოა, სხვანაირად ჩვენ ვერ ჩამოვაყალიბებთ სახელმწიფოს. 

 

მურმან ბერიძე (ნინო ბურჯანაძეერთიანი ოპოზიცია): ყველაფერი რიგზეა, თუმცა იყო მოსახლეობის მოსყიდვის ფაქტები „ნაციონალებიდან“ და „ოცნებიდან“. ამომრჩევლის აქტივობაც იყო ძალიან დაბალი – 45 პროცენტი მოვიდა ამომრჩევლის, ეს ძალიან ცუდია. 

 

გიორგი დიასამიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა):  ჯერჯერობით პრობლემებზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ მადლობა მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომელიც მოვიდა არჩევნებზე და მხარი დაგვიჭირა. ასევე ვიტყვი, რომ სერიოზული დარღვევები მოხდა ბათუმში, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. აქტივობა ამომრჩევლის გადასაწყვეტია და ვფიქრობ ნაკლები იყო, თუმცა მიზეზები არ ვიცით, ვერ გეტყვით.

 

თეიმურაზ მიქელაძე (დავით თარხანმოურავისაქართველოს პატრიოტთა ალიანსი): მოგვიანებით დარეკეთ, ახლა არასწორი იქნება ჩემი მხრიდან შეფასებები.

 

დურმიშხან შაინიძე (საარჩევნო ბლოკი თვითმმართველობა ხალხს):  რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან იყო ხარვეზები, როგორც პროცესუალური, ასევე უბნებზე იყო აგიტაციის ფაქტები. ველოდებოდი უფრო მეტ ამომრჩეველს, რადგან პირდაპირი წესით მერის პირველი არჩევნები იყო. ველოდი უფრო მეტს თუნდაც იმ ადამიანებისგან, ვინც იმედგაცრუებულია წინა არჩევნებისგან, უნდა მოსულიყო და დაეფიქსირებინა პოზიცია, რადგან სახლში ჯდომით არაფერი არ იცვლება.

 

ჯუმბერ თავართქილაძე (ხალხის პარტია): მნიშვნელოვანი ხარვეზები არ ყოფილა, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ იყო ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები, მაგრამ ამას ვერ მოვსპობთ ჩვენ. კმაყოფილი არ ვარ ამომრჩევლის აქტიურობით. მიზეზი ერთია, ხელისუფლების უუნარობა, რომ დაპირებები არ შეასრულა.

 

 

დავით დიასამიძე (ირაკლი ღლონტირეფორმატორები): ბევრი პრობლემა დავინახე. არათანაბარი მდგომარეობაა საარჩევნო სუბიექტებისთვის შექმნილი. თუმცა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ დამანახვა თუ რა არის ადამიანი და ვინ უნდა იყოს ქალაქის თავკაცი. აქტივობის კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემი ამომრჩეველი მოვიდა და გააკეთა არჩევანი და  მე ზოგიერთებივით ავტობუსით ხალხის ზიდვა არ დამჭირვებია და უფულოდ, მოსყიდვის გარეშე ჩავატარე ჩემი არჩევნები.

 

 

მერაბ ხიმშიაშვილი (ერთიანობის დარბაზი): მნიშვნელოვანი პრობლემა ის იყო, რომ ამომრჩევლის აქტიურობა ძალიან დაბალი იყო, მარტივი მიზეზის გამო – ხელისუფლებას ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია, რომ ამომრჩეველი ჩართულიყო საარჩევნო კამპანიაში, რაც მიმაჩნია, რომ  არასახელმწიფოებრივია, რადგან ლეგიტიმაცია უფრო მაღალი უნდა იყოს. ასევე გამოვყოფდი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ზეწოლებსა და იმ სპექტაკლებს, რომელიც ამ ქვეყანაში ტარდება ეგზიტპოლების სახით.

 

 

გოჩა გუგუნავა (სალომე ზურაბიშვილისაქართველოს გზა): აქტივობა დაბალი იყო. მიზეზი ის არის, რომ ამომრჩეველმა ნდობა დაკარგა და ეს იყო ამ არჩევნების შედეგი.

 

 

ნუგზარ ჩხაიძე (საქართველოს ლეიბორისტული პარტია): არჩევნების დღეს დიდი არაფერი დარღვევები არ ყოფილა, მაგრამ მანამდე არათანაბარი პირობები იყო შექმნილი. შედიოდნენ სახლებში „ოცნების“ აგიტატორები და ეკითხებოდნენ ვის აძლევ ხმას, რატომ აძლევ. ეს არის უკვე ამომრჩეველზე ზემოქმედება. ასევე, განცხადებები ღარიბაშვილის, რომ არ დავუშვებთ „ოცნების“ დამარცხებას, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, რადგან წინასწარ გამოაცხადეს, რომ ვიგებთ და დეპრესიაში ჩააგდეს ხალხი, რომ თუ მაინც ეს იგებს, რატომ მივიდე არჩევნებზეო და ბევრმა აარიდა თავი.

 

ეს იყო ეშმაკური ფანდი, დაიწყეს დიდი ხნით ადრე მაიმუნობა. არათანაბარი დრო იყო ეთერში ჩვენთვის დათმობილი. მარტო ერმაკოვი იყო ეთერში. ყველაზე მცირე დრო ჩვენ გვქონდა. სამკაციან მიტინგზე წავიდოდა, მიყვებოდა ტელევიზია, ესეც იყო ფარული რეკლამა.  

 

 

გიორგი ერმაკოვი  („ქართული ოცნება): ნორმალურად ჩატარდა არჩევნები, დემოკრატიულად, მნიშვნელოვან ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. მშვიდ ვითარებაში იყო ყველაფერი და პრობლემები არ დამინავს. ყველა პარტიის წარმომადგენლისა და კანდიდატებისთვის არჩევნებმა ჩაიარა თანასწორ გარემოში. აქტივობა იყო დაბალი, მაგრამ მაინც საკმარისი. პირველად ტარდებოდა ზაფხულში არჩევნები, კლიმატმაც არ შეგვიწყო ხელი, მაგრამ მშვიდ და კარგ გარემოში ჩაიარა არჩევნებმა.   

გადაბეჭდვის წესი