Batumelebi | კანონდარღვევა რეაგირების გარეშე კანონდარღვევა რეაგირების გარეშე – Batumelebi
RU | GE  

კანონდარღვევა რეაგირების გარეშე

 

ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მოქალაქე შოთა გუჯაბიძემ პოლიციას კანონდარღვევის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე წმ. ბარბარეს ეკლესიის ფასადის უნებართვოდ შეცვლის შესახებ აცნობა. ეკლესიის ფასადი ექვსი თვის მანძილზე მთლიანად შეიცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საქმეზე ამ დრომდე მოკვლევა მიმდინარეობს.  

2014 წლის 11 იანვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უნებართვო ხელყოფისათვის მოქალაქე შოთა გუჯაბიძემ საპატრულო პოლიციას მიმართა რეაგირებისათვის. იგი საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელია, ორგანიზაციის, რომელიც ბათუმში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლაზე, გადარჩენასა და პოპულარიზაციაზე ზრუნავს. როგორც აღმოჩნდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე წმ. ბარბარეს ეკლესიის ფასადზე რემონტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე მიმდინარეობდა, რაც კანონით აკრძალულია. მაშინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განაცხადეს, რომ სააგენტოს სარემონტო სამუშაოების ნებართვა არ გაუცია, ეკლესიის წინამძღვარმა, გიორგი მამალაძემ კი „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ სამუშაოები მეუფე დიმიტრის კურთხევით მიმდინარეობდა.

საპატრულო პოლიციაში კანონდარღვევაზე ინფორმაციის შესვლიდან ექვსი თვის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კანონდარღვევაზე ამ დრომდე მოკვლევა მიმდინარეობს.

კანონით კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, აკრძალულია უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის თვითნებური გადაკეთება, გადაადგილება ან დაშლა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს იურისტის, მირზა ცეცხლაძის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ფიზიკური პირი 5 000 ლარით, იურიდიული პირი კი 10 000 ლარით ჯარიმდება. მსგავს შემთხვევებზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს  8 ოქმი აქვს შედგენილი, მათგან სამი – 2014 წელს.

საკულტო ძეგლებზე ზედამხედველობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახორციელებს. შესაბამისი ზომების მიღებაც მათი კომპეტენციაა, თუმცა სააგენტოს ამ დრომდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, წმ. ბარბარეს ეკლესიის უკანონო ხელყოფის გამო არავისთვის მოუთხოვია პასუხი. სააგენტოში ამ დრომდე არ შესულა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების პროექტიც. სააგენტოს პრესსამსახურში კი „ბათუმელებს“ ვერ უპასუხეს კითხვაზე, თუ რატომ არ რეაგირებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უკანონო სახეცვლილებაზე.

„იმ შემთხვევაში, როცა გაფრთხილება, არ არის ეფექტური, ბუნებრივია შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა იფიქრონ უფრო მეტი იურიდიული ძალის მქონე ზომის გამოყენებაზე“ – ამბობს სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ადვოკატირების საკითხებზე ხშირად მუშაობს.

კითხვაზე, რამდენად სამართლიანია, როცა კერძო და იურიდიული პირები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფისათვის ჯარიმდებიან, მაშინ როცა სასულიერო პირების დაჯარიმების შემთხვევები არ გვხვდება, სულხან სალაძე პასუხობს, რომ კანონმდებლობასთან მიმართებაში აბსოლუტურად ყველა თანასწორია და კანონი არ აკეთებს რაიმე განსაკუთრებულ დათქმას, საეკლესიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე იქნება დარღვევა სახეზე, თუ საერო მნიშვნელობის ძეგლზე:

„პასუხისმგებლობის მომენტი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დადგეს. რაც შეეხება გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხს, როდესაც შედის შეტყობინება დანაშაულის ნიშნების შესახებ, ეს უკვე არის საგამოძიებო ორგანოებისთვის გამოძიების დაწყების ვალდებულება და არა – უფლება, თუმცა, სამწუხაროდ, კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში ხელისუფლება არ არის თანმიმდევრული. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების ქმედება არ არის ეფექტური და დროული.“

საქართველოს შს სამინისტროს განმარტებით, ჯერ ისევ ძიების პროცესშია 5 მაისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში ეკლესიის ჩამონგრევის შესახებ საქმე, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ორიც დაშავდა. შს სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, გამოძიება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდება. ეკლესიის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით 5 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ხელვაჩაურის გამგეობის ინფორმაციით, ეკლესია უკანონოდ შენდებოდა. მშენებლობა შეთანხმებული არ ყოფილა არც საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ხუროთმოძღვრების ცენტრთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნანა კვაჭაძე