სიახლეები

როგორი იყო ბათუმის საკრებულოს ოთხი წელი

18.06.2014 •
როგორი იყო ბათუმის საკრებულოს ოთხი წელი

 

საკრებულომ მუშაობა დაასრულა, რა იყო მისი ძლიერი და სუსტი მხარეები ოთხი წლის განმავლობაში?

 

 

თვითმმართველობის არსიდან გამომდინარე საკრებულო უნდა ყოფილიყო ყველაზე გამჭვირვალე ორგანო. მის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა ყოფილიყო წინასწარ გაწერილი. ყველაზე სუსტი კომპონენტი რაც დაფიქსირდა, ეს არის ანგარიშვალდებულება ამომრჩევლის წინაშე. ფაქტობრივად ვერ ვიხსენებ შემთხვევას, როცა საკრებულოს წევრმა ანგარიშვალდებულება იგრძნო ამომრჩევლის წინაშე და მას ჩააბარა ანგარიში ან მოსახლეობამ მიაწოდა საკრებულოს ინფორმაცია და საქმე გაკეთდა მოსახლეობის სასარგებლოდ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ ახსოვს ერთი შემთხვევა, როცა გიორგი კირთაძემ, როგორც თავმჯდომარემ, წლიური ანგარიში წარმოადგინა. სხვა წევრების ანგარიში ჩვენ არ მოგვისმენია, მაშინ როცა თვითმმართველობის კოდექსი პირდაპირ ითვალისწინებს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. წელიწადში ერთხელ მაინც უნდა წარუდგინოს მოსახლეობას ანგარიში საკრებულოს წევრმა.

 

 

სამი წლის წინ „სამოქალაქო საბჭოს“ გვქონდა მცდელობა ანგარიშების სპეციალური ფორმები დაგვემტკიცებინა იმისთვის, რომ ეს ტრადიცია ჩამოყალიბებულიყო. პარალელურად ეს ანგარიში ვებგვერდზე უნდა გამოექვეყნებინათ. თავმჯდომარე გიორგი კირთაძე იყო, მაგრამ ბოლოს დაამტკიცეს მგონი ანგარიშების წარდგენის მაშინ შემუშავებული ფორმები. იმის თქმა მინდა, რომ ამ მოწვევის საკრებულო გაურბოდა ანგარიშვალდებულების სისტემის დამტკიცებას. როგორც ვიცი, „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ დიდი ძალისხმევა გასწია ამ საკითხის ლობირებისთვის.

 

 

მისასალმებელია ის, რომ ბოლო პერიოდში დაიწყეს სხდომის ვიდეოტრანსლირება, შეგიძლია საკრებულოს ვებგვერდის საშუალებით დაესწრო სხდომას. თუმცა უფრო ადრე რომ მომხდარიყო ეს, უფრო მეტი ეფექტი იქნებოდა ჩართულობის თვალსაზრისით.

 

 

როცა მუშაობის ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ საკრებულო ძალიან სუსტი იყო ბიუჯეტისა და მერიის საქმიანობის კონტროლის თვალსაზრისით: მე არ მახსენდება ფაქტი, როცა საკრებულომ ბიუჯეტის ანგარიში არ დაამტკიცა. ერთი შემთხვევა იყო ბოლოსკენ, როცა ბიუჯეტის განხილვის დროს შეიტანეს ცვლილება პროგრამებში. მიუხედავად იმისა, რომ ზეპირად ამბობდნენ არ მოსწონდათ პროგრამები ან ბიუჯეტი, არ იყო საკმარისი წინააღმდეგობა, რომ ასეთი ფორმით დოკუმენტი არ დამტკიცებულიყო.

 

 

თქვით, რომ  ცალკეული წევრები საერთოდ არ აქტიურობდნენ, დააკონკრეტეთ

 

 

მაგალითად, თავმჯდომარისგან იყო მზაობა, რომ რაღაცები შეცვლილიყო, ცალკეული საკითხების მიმართ უფრო ხისტი ყოფილიყო საკრებულო, მაგრამ საკრებულო იყო ძალიან პასიური. რამდენადაც ვიცი, საკრებულოს აპარატი ორი დღე მუშაობდა მხოლოდ იმისთვის, რომ საკრებულოს წევრები მისულიყვნენ სხდომაზე. ვინც მიდიოდა სხდომაზე, მათგან ზოგიერთს არც კი ჰქონდა პროექტები წაკითხული. საჯარო განხილვების დროს კი საკრებულოს წევრების მობილიზება საკრებულოს აპარატსაც კი უჭირდა. რიგ საკრებულოს წევრებს არ ჰქონდათ პასუხისმგებლობა გათავისებული. შეიძლება ეს იმანაც გამოიწვია, რომ საკრებულოს წევრებმა დაინახეს, რომ მათი აზრი იყი ნაკლებად მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა საჯარო შეხვედრა, სადაც მოქალაქეები დაინტერესდნენ, ვინ იყო ის პირი, რომელიც სინამდვილეში  საკრებულოს წევრი იყო. ცნობადები იყვნენ ისინი, ვინც მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.

 

 

თქვენი აზრით, მერიასა და საკრებულოს შორის უფროსუმცროსობის თემა, როგორც განსჯის საგანი, საკრებულოს სისუსტეზე მიანიშნებდა?

 

 

ამ თემას ორი მხარე აქვს. პირველი ის, რომ შეიძლება საკრებულოს მხრიდან არ იყო გამოყენებული კომუნიკაციის ეფექტური გზები. ის, რომ მერია ან რომელიმე სამსახური არ გრძნობს თავს ანგარიშვალდებულად, ეს არის საკრებულოს სისუსტე. ეს ძირითადად ჩანდა სხდომებზე, თუმცა ამის შემდეგ რა გააკეთა საკრებულომ იმისთვის, რომ ფაქტები აღარ გამეორებულიყო, არ ვიცით. მაგალითად, სამსახურს, რომელიც არ გაძლევს დოკუმენტს, შეიძლება შეუჩერო დაფინანსება, გაამკაცრო მისი მუშაობის მონიტორინგი, არ დაუმტკიცო ანგარიში, მაგრამ საკრებულო ამ მექანიზმს არ იყენებდა. გვახსოვს, როცა საკრებულოს წევრი ამბობდა კონკრეტულ პროგრამაზე, რომ ის არ ვარგა და ორი კვირის შემდეგ იმავე პროგრამას შენიშვნების გარეშე ამტკიცებდა საკრებულო.

 

 

 ხშირად საკრებულო ამტკიცებდა შესყიდვების დოკუმენტს ძვირადღირებული ნივთების ჩამონათვალით. ამ ნივთებით სამსახურების ხელმძღვანელები სარგებლობდნენ. ამას რატომ აკეთებდა საკრებულო?

 

 

რეალურად საკრებულოს ერთეულ წევრებს ჰქონდათ გათავისებული, რომ ეს სახელმწიფოს ფულია და არ შეიძლება მისი კომფორტისთვის დახარჯვა. ტელეფონების შეძენისას დოკუმენტში ჩაწერილი იყო კონკრეტული მოდელები, რომლებსაც თანამდებობის პირები ითხოვდნენ და ამის შეძენის აუცილებლობას ვერ ასაბუთებდა მერია. სამსახურის უფროსს უნდა ეს ტელეფონი – ეს არ არის საჭიროების დასაბუთება.

 

 

როდესაც ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ არ აკონტროლებ მას, ანგარიშებს იბარებ ერთხმად და წლის ბოლოს ამბობ, რომ ბიუჯეტი შესრულდა, ეს შემდეგ გავლენას ახდენს საკრებულოს საქმიანობაზე.

 

 

საკრებულო ხშირად უწყობდა ხელს გარკვეული ქონების ერთ ლარად გასხვისებას. შემდეგ ეს ქონება ინვესტორებმა მილიონებად გაყიდეს. შეიძლება რაიმე პასუხისმგებლობაზე საუბარი?

 

 

იმაში, რომ საკრებულომ განკარგვის მიზნით ქონება მთავრობას გადასცეს, ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ როცა ეს ხდება ყოველგვარი მონიტორინგის გარეშე და ვიღებთ სურათს, როცა ქონება იყიდება პირობების შეუსრულებლად, ეს ცუდია.

  

გადაბეჭდვის წესი