სიახლეები

„რა დღეში ხარ, პოემას წერ?“ – ამბავი 30-ე უბნიდან

16.06.2014 • 1500
„რა დღეში ხარ, პოემას წერ?“ –  ამბავი 30-ე უბნიდან

30-ე საარჩევნო უბანი

კომისიამ კენჭისყრით გამოვლენილი რეგისტრატორი ჩაანაცვლა, მიზეზად კი „თვალის ტკივილი“ დაასახელა. საქართველოს იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა (საია) დასვა კითხვა თუ რა ვადით განხორციელდა ჩანაცვლება? – „ მე რა ვიცი, ორ საათში მოურჩება ამ კაცს თვალი?“- კითხვას კითხვითვე უპასუხა კომისიის თავმჯდომარემ ინგა დიასამიძემ. რის შემდეგაც „საიას“ დამკვირვებელმა მაკა დოლიძემ ჯერ ჩანაწერთა წიგნში შეიტანა ცვლილება, შემდეგ კი საჩივარი დაწერა.

დამკვირვებელმა არასამთავრობო ორგანიზაციიდან – „მომავლის არჩევანი“, საარჩევნო უბნის ეზოში ქალბატონების მობილიზება გააპროტესტა. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „დაინახა ერთ-ერთი ქალბატონი სიებით“. ამ სიების მიხედვით, ის პერიოდულად სატელეფონო ზარებს ახორციელებდა. დამკვირვებელმა მიხეილ ფუტკარაძემ გამოთქვა ეჭვი, რომ ქალბატონები კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ და არა მხოლოდ ამომრჩევლის უბანზე მოსვლას უწევდნენ ორგანიზებას, არამედ ზეწოლას ახდენდნენ ამომრჩევლზე.

ეზოში მობილიზებულებს კომისიის თავმჯდომარე  გაესაუბრა. უბანზე დაბრუნების შემდეგ კი მან განმარტა, რომ „რაც ხდება ეზოში, მას არ ეხება.“

ეზოში მობილიზებული ქალბატონებიდან ერთ-ერთს, დალი ქემოკლიძეს ცეკოს მიერ აკრედიტებული ბიჯი აღმოაჩნდა. ის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრისდან“ იყო აკრედიტებული. კომისიის თავმჯომარემ მასზე თქვა, რომ „ეს ქალი მისი მეზობელია, მაგრამ მან არ იცის ვის ემსახურება ის“, პერიოდულად საარჩევნი უბანზე შესული დალი ქემოკლიძე თავმჯდომარესთან განცალკევებით საუბრობდა. მან „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა.

მოგვიანებით დამკვირვებელმა აღმოაჩინა ისიც, რომ დალი ქემოკლიძე, როგორც დამკვირვებელი ჩანაწერთა წიგნში არ დაუფიქსირებიათ. კომისიის მდივანმა მიზეზად „დამკვირვებელთა შორის ზეპირი შეთანხმება დაასახელა.“

დალი ქემოკლიძის თანხმლები ერთ-ერთი ქალბატონი ვიდეო და ფოტო კამერების დანახვისას ასე რეაგირებდა: „საღამომდე აქ ვიქნები, ლამაზი ვარ და მიღებენ“. ამ ქალბატონებთან პერიოდულად კონტაქტობდნენ საარჩევნო უბნის ეზოს ჭიშკართან მდგომი მამაკაცები, რომლებმაც ფოტოაპარატის დანახვა გააპროტესტეს: „გოგო შენ რას იღებ? ამომრჩეველია მოსული და ნუ იღებ გაიგეე?“. ეს მამაკაცები ეზოში მყოფ ქალებთან ერთად დღის ბოლომდე დარჩნენ.

 

საიას დამკვირვებელმა კიდევ ერთი საჩივარი დღის ბოლოს კენჭისყრით გამოვლენილი მთვლელის ჩანაცვლების გამო დაწერა. ქალბატონმა, რომელსაც კენჭისყრით მთვლელის ფუნქცია ერგო განაცხადა, რომ კარგად ვერ ხედავს. ამასთან, შეუძლოდ იყო და მთვლელის ფუნქციას საკუთარ თავზე ვერ აიღებდა.

საიას დაკვირვებელმა მაკა დოლიძემ კომისიის თავმჯდომარეს მიმართა, რომ „კენჭისყრით გამოვლენილი მთვლელის ჩანაცვლება დარღვევა იყო და ამის გამო საჩივარს დაწერდა.“ კომისიის თავმჯდომარემ გადაწყვეტილების შეთანხმება ოლქის თავმჯდომარესთან ტელეფონით სცადა, თუმცა უარი მიიღო.

უბანზე კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი ბიულეტენების დათვლის პროცედურა გახდა. კომისიამ გადაწყვიტა მაჟორიტარული, პროპორციული და მერების ბიულეტენები ცალ-ცალკე დაეხარისხებინა, ისე რომ გადაწყობისას კომისის წევრები არ აცხადებდნენ შემოხაზული ციფრის შესახებ ინფორმაციას.

საიას დამკვირვებელმა საჩივრის მომზადება დაიწყო, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარე დაუკავშირდა ბათუმის ოლქს და „საიას“ და „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ჩანაცვლება მოთხოვა.

ადგილზე ოლქის თავმჯდომარესთან, კახა ჯაიანთან ერთად დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მივიდნენ, რის შემდეგაც დათვლის პროცედურა გაგრძელდა ისე, როგორც ამას „საიას“ დამკვირვებელი ითხოვდა. კომისიის თავმჯდომარემ კი აღიარა, რომ კომისია არასწორი მეთოდით ითვლიდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: