კვირის ამბები

Another brick in the wall, ანუ რა ხდება სკოლის კედლებს მიღმა

17.06.2014 • 1447
Another brick in the wall, ანუ რა ხდება სკოლის კედლებს მიღმა

 

„შვარცის ზღაპარში „დრაკონი“ რაინდი ლანცელოტი დრაკონისგან დაპყრობილ ქალაქში ჩადის და იქაური მოსახლეობისგან ესმის – ერთადერთი, რაც დრაკონმა კარგი გააკეთა, ის არის, რომ ბოშები გაასახლა აქედანო… „მაგრამ ბოშები საყვარელი ხალხია“, – გაკვირვებულია ლანცელოტი. „რას ამბობთ, საშინელი ხალხია“, _ პასუხობს არქივარიუსი, – „მართალია, ცხოვრებაში არ მინახავს ბოშა, მაგრამ ჯერ კიდევ სკოლაში გვასწავლეს, რომ უცნაური ხალხია – ხეტიალი სისხლში აქვთ გამჯდარი… ბავშვებს იპარავენ…“ (ქვეყნდება ავტორის თანხმობით).

 

 

მოცემულ პასაჟს, შესაძლებელია, კონტექსტის მიხედვით სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდეს, თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ბოლო ნაწილია, სადაც ზღაპრის ერთ-ერთი გმირი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ სკოლაში ასწავლეს. უდავოა, რომ თითოეული ჩვენგანი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდს სკოლაში ატარებს. სკოლაშივე ვსწავლობთ სამყაროს აღქმას, შევიმეცნებთ და ვაანალიზებთ ჩვენთვის უცნობ მოვლენებს, ვეჩვევით ადამიანებთან ურთიერთობას და რაც მთავარია, გვიყალიბდება გარკვეული ღირებულებათა სისტემა, რომელიც, ვფიქრობ, მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღივით აზის ჩვენს ცნობიერებას. სწორედ ამიტომ, კარგად მესმის ამ გმირის, რომელსაც ეზიზღება ბოშა, თუმცა იგი თვალით არასდროს უნახავს, ისევე როგორც, ჩვენს თანამემამულეებს ეზიზღებათ წიგნები, რომლებიც არასოდეს წაუკითხავთ, ფილმები, რომლებიც არასოდეს უნახავთ, ადამიანები, რომლებსაც პირადად არ იცნობენ, ანუ სძულთ ყველაფერი უცხო, განსხვავებული, რაც მათ მსოფლმხედველობასა და ღირებულებებს არ შეესაბამება. და იცით რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ, სკოლაში ასე გვასწავლეს.

 

 

ჩემი თუ არ გჯერათ, ციფრებს გადავხედოთ. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ევრონებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის ფარგლებში საქართველოს 2053 საჯარო სკოლიდან 27 557 დაწყებითი საფეხურის   პედაგოგი გამოიკითხა. ამ კვლევის თანახმად, მასწავლებელთა 46%-ზე მეტი ღიზიანდება, როცა ადამიანები მისთვის გაუგებარ ენაზე საუბრობენ. პედაგოგთა 52%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც არ იცის ქართული ენა, უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა. რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებით უფრო მძიმე სურათი იკვეთება, კერძოდ, გამოკითხულ მასწავლებელთა 83.8% მიიჩნევს, რომ არატრადიციული რელიგია (სექტები) საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ხოლო რესპონდენტთა 70%-ზე ოდნავ მეტი ფიქრობს, რომ მართლმადიდებლები პრივილეგირებული უნდა იყვნენ ჩვენს ქვეყანაში. გამოკითხულთა 74.9% მიიჩნევს, რომ სექსუალური უმცირესობები საფრთხეს უქმნიან ქვეყანას და საზოგადოებას, ხოლო 47%-ის აზრით, განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება უნდა იყოს.

 

 

მკითხველი იკითხავს, რა დროს სკოლა და სასკოლო განათლებაა, ისეც ამდენი პრობლემა გვაწუხებსო. არჩევნები კარს მოგვადგა, ეკონომიკა ვერ ვითარდება, სამუშაო ადგილები არ იქმნება, ქმრები ცოლებს კლავენ, ქვეყანა ოკუპირებულია, უმცირესობების უფლებები ირღვევა, ჩრდილოელი დიდი ძმის როგორც განსვენებული, ასევე ჯერ კიდევ ცოცხალ ბელადთა სულები ჩვენი თანამოქალაქეების უგვანო სხეულებში ლამის ნიცშეს ზეკაცივით განსხეულებულები, ამაყად დაიარებიან დედაქალაქის ქუჩებში სამფეროვანი დროშების ფრიალით და ა.შ.

 

 

მაწუხებს, განა არ მაწუხებს? თუმცა, ყველა პრობლემის თავი და თავი მაინც სკოლა მგონია. სკოლა, რომლის მთავარ დანიშნულებად წლიდან წლამდე ერთგვაროვანი, ერთსახოვანი და ერთფეროვანი თაობის უხვად წარმოება ქცეულა. სკოლა, სადაც დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი ღირებულება _ ადამიანი ეზიზღებათ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან რაღაცით განვსხვავდებით. სკოლა, სადაც ჩვენი შვილები იმ იმედით დაგვყავს, რომ თავისუფალ, პასუხისმგებლიან, შემწყნარებელ და ტოლერანტ მოქალაქეებად აღიზრდებიან და შესაბამის ცოდნას შეიძენენ. სინამდვილეში კი…

 

 

სინამდვილეში, საჭიროა თითოეული ჩვენგანის მეტი ჩართულობა, საკუთარი შვილების აღზრდაში აქტიური მონაწილეობა, რაც დილაობით სკოლაში მიყვანითა და საღამოს მიკითხვით არ უნდა შემოიფარგლოს. კარგად უნდა შევიხედოთ სკოლებში და ნანახმა აგვაღელვოს, აღგვაშფოთოს, გაგვაბრაზოს, თუ არადა, უფლება არ გვაქვს სხვა პრობლემებზე ვიწუწუნოთ, რადგან ყველაზე დიდი პრობლემა სკოლაა და მის კედლებს მიღმა არსებული რეალობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: