კვირის ამბები

გოგონების ამბოხი – “ბათუმელების” არქივიდან

18.06.2014 • 1791
გოგონების ამბოხი – “ბათუმელების” არქივიდან

 

6 წლის ბ. და 18 წლის ლ. გურიაში, ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ. გოგონებზე მითქმა-მოთქმა სოფელში რამდენიმე კვირაა არ წყდება. სამი კვირის წინ როკ-მუსიკაზე და თავისუფლებაზე შეყვარებული გოგონები სახლიდან გაიქცნენ და ახალი, თავისუფალი ცხოვრების დაწყება სხვა ქალაქში სცადეს. 

 

გოგონებს 9 დღის მანძილზე ეძებდნენ მშობლები და პოლიცია. მათი გაუჩინარების შესახებ ბევრი ვერსია გავრცელდა. ადგილობრივი პრესა ანონიმურ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერდა, რომ გოგონები უცნობმა პირებმა გაიტაცეს, სავარაუდოდ სატანისტურ რიტუალზე, თანასოფლელების ერთი ნაწილი გოგონების როკ-მუსიკით გატაცებას სატანისტურ სექტას უკავშირებდა, ერთ-ერთ ვერსიად ისიც დასახელდა, რომ გოგონებს ერთმანეთი უყვარდათ. 

 

მე-9 დღეს სამართალდამცავებმა ისინი ქუთაისში დააკავეს და ოჯახებში დააბრუნეს. გოგონების თქმით, სახლიდან საკუთარი ნებით წავიდნენ და მათი გატაცების ამბავი ჭორია. პოლიციამ ძიება შეწყვიტა, მაგრამ მითქმა-მოთქმა გოგონების შესახებ სოფელში არ წყდება. 
გავრცელებული ინფორმაციების გადამოწმებას “ბათუმელები” გურიის იმ სოფელში შეეცადა, სადაც გოგონები ცხოვრობენ. რადგან ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანია, “ბათუმელები”  სოფლისა და მათი ვინაობის დასახელებისაგან, თავს იკავებს. 

 

სასწავლო პროცესი ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა მე-10-კლასელი ბ. სკოლაში არ დადის. “ბათუმელებისა” და 16 წლის გოგონას საუბარი დედის თანხმობითა და თანდასწრებით შედგა.

 

ბ. ამბობს, რომ სოფელში გავრცელებული ხმები სატანურ სექსტასა და გოგოების სიყვარულის შესახებ – ჭორებია: “პრობლემები ოჯახში არ მქონია, ნორმალურად ვცხოვრობდი, იყო რაღაც ჩარჩოები და თითქოს ამ ჩარჩოებიდან წავედი. ოჯახი თავისთავად ჩარჩოა, მიზანი თავისუფლება იყო, მოზარდების პროტესტი… რის მიმართ? ყოველდღიურობის… აქ ყველა დღე ერთნაირია… ამ გაქცევის შემდეგ მოხდებოდა რაღაც ცვლილებები და მთავარი ეს იყო”.  

 

გოგონები სოფლიდან სამარშრუტო მიკროავტობუსით წავიდნენ ქუთაისში, სადაც კვირაზე მეტ ხანს ცხრასართულიანი კორპუსის სხვენზე ცხოვრობდნენ, მეგობრის ბინის თავზე: “იმ გოგოს ძალიან მკაცრი მამა ჰყავდა, მხოლოდ სკოლაში უშვებდა, ცემდა… მამამისს არ უნდა გაეგო, რომ იქ ვიყავით, დილით ჩამოვდიოდით და სკოლაში მივყვებოდით, ბაღში ვისხედით… სხვა ბავშვები გავიცანით, მეტალს უსმენდნენ, საინტერესო ხალხი იყო. უსიამოვნებებიც შეგვხვდა, ჩვენს მიმართ აგრესიულად განწყობილი ადამიანებიც იყვნენ, ვარდისფერი და მწვანე თმებით რომ ივლი ქუჩაში… გამოგიტყდებით, გინებაც იყო, ძირითადად “შავი გაგების” ხალხისგან, მაგრამ ისეთებიც იყვნენ, რომ ამბობდნენ: ვინ გკითხავთ, ამას თავისი ცხოვრება აქვსო”. 

 

სოფელში გვითხრეს, რომ გოგონები ექსცენტრული საქციელითა და უცნაური ჩაცმულობით გამოირჩევიან; `შეიძლებოდა სკოლაში სხვადასხვა ფერის თასმით შეკრული ფეხსაცმელით წასულიყვნენ, შავი მანიკურით, რამდენიმეფერად შეღებილი თმით, ტუჩში გაყრილი “გულაპკით”…”ერთმანეთს თვალებდათხრილ, სისხლიან თოჯინებს ჩუქნიან…” “ლ.-ს ტელეფონში წამების სცენები აქვს ჩაწერილი…”, “ამბობენ, კატებს კლავენო…”  ზოგი კი ფიქრობს, რომ გოგონები თავიანთი საქციელით, უბრალოდ, ყურადღების მიქცევას ცდილობენ: “ჩვეულებრივი ბავშვები არიან, ცოტა თავისებური, ნიჭიერები…”, “არაფერს არ აპროტესტებენ, რაცხას იგონებენ, უბრალოდ ღადაობენ ხალხზე…” 

 

იმ ვერსიას, რომ გოგონები შესაძლოა სატანისტურ რიტუალებს ესწრებიან, არ იზიარებენ მათი თანაკლასელები. “მუსიკაში არიან ღრმად… ბევრ რამეს ამბობენ მაგრამ ყველაფრის არ მჯერა” – გვითხრა ერთ-ერთი გოგონას თანაკლასელმა. 

 

16 წლის ბ. და 18 წლის ლ. მაშინ დამეგობრდნენ, როცა ეს უკანასკნელი ბ.-ს სკოლაში გადავიდა სასწავლებლად. ლ. სხვა ბავშვებს არ ჰგავდა, ავანგარდული ვარცხნილობა, როკ-მუსიკით გატაცება, პირსინგი… ყველაფერი, რაზეც ბ. ოცნებობდა. სოფელში მიიჩნევენ, რომ ბ.-ზე ზეგავლენა ლ.-მ მოახდინა, მაგრამ ბ. ამ აზრს არ ეთანხმება: “ერთი რამ ვიცი, ლ.-ს ჩემთვის ცუდი არ უნდა. იგი ადრეც გაქცეულა სახლიდან მეგობართან ერთად. მიყვებოდა დეტალებს, რა შეემთხვათ. ამბობდა, სადაც არ უნდა წავიდე, ვიღაც ყოველთვის იქნება, ვინც ჩემს შეზღუდვას შეეცდებაო. ვისწავლი, რაღაც პროფესია მექნება, მერე ჩემს გათხოვებას მოინდომებენ და ჩვეულებრივი ცხოვრება მექნებაო. ჩვეულებრივი ცხოვრება არ უნდოდა, არც მე არ მინდა, სიმართლე რომ გითხრათ… 



ჩემს ბავშვობაში აქ მეზობელი მოკვდა, სამოცი წლის იყო. დაკრძალეს და ერთ-ორ კვირაში არავის ახსოვდა მისი არსებობა. მაშინ გადავწყიტე, რომ ასე არ მინდა, მე მინდა ისე ვიცხოვრო, რომ ჩემი სიცოცხლე ახსოვდეთ. არ ვიცი, რამდენად გამომივა, მაგრამ ვეცდები.”

 

ბ. ამბობს, რომ ეს ცხრა დღე განსაკუთრებული იყო, ყოველი დღე მოულოდნელობებით იყო აღსავსე და მხოლოდ იმას ნანობს, რომ მშობლები ანერვიულა: “ჩემთვის ხალხის აზრს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, არავის წინაშე არ მივიჩნევ თავს დამნაშავედ. დედაჩემი მეუბნება, რომ ხალხი ჭორაობს. ვეკითხები – ვინ ჭორაობს? რას წარმოადგენს ეს ხალხი, რა განათლება აქვს, რა იცის? ისაუბრონ თავისნაირ ლენჩებთან. უხერხულია ვიცი, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ასეა. ჩემს მასწავლებელთან მქონდა პრობლემა, “რატომ გინდათ, რომ სხვებისგან განსხვავდებოდეთო?” ვუთხარი, თქვენ მხოლოდ იმიტომ გგონიათ სხვების საქციელი სწორი, რომ ყველა ასე ფიქრობს. შეიძლება ისიც სწორი იყოს, რაც იშვიათია.” 
ბ. ახლა ძირითადად სახლში ზის, კითხულობს, ლექსებს წერს, ოღონდ `პატრიოტიზმსა და სიყვარულზე – არა”, ტელევიზორს იშვიათად უყურებს… ამბობს, მეგობრები ეუბნებიან, რომ მათზე ხელით მიუთითებენ: “შემიძლია ამას არ მივაქციო ყურადღება, იმიტომ, რომ არ მაინტერესებს რას ფიქრობენ. ალბათ სხვა სკოლაში გადავალ, ამ სკოლაში ყოფნაც არ იქნება ჩემთვის პრობლემა… ვისთვის იქნება პრობლემა? შეიძლება საზოგადოებისთვის, ბავშვები, სკოლა, მშობლები… მომავალში რა იქნება, რა პროფესიას ავირჩევ, არ ვიცი. მე არ მაქვს კონკრეტული გეგმა, როგორც სხვა ბავშვებს – “მე ჟურნალისტი გამოვალ”, “მე იურისტი”… მინდა ყველაფერს მოვკიდო ხელი… ძალიან მომწონს ხელოვნება, პოეზია, ხატვა, მუსიკა… “

 

ბ. არ უარყოფს, რომ ზოგჯერ მისი უცნაური საქციელით გამოწვეული თანასოფლელების რეაქცია ართობდა. მისი მოფიქრებულია “სისხლიანი თოჯინას” ამბავიც: “მაღაზიაში ვიყიდეთ თოჯინა, თმა პანკურად გავუკეთეთ, თეთრი კაბა შევუკერეთ, სახლში მორჩენილი წითელი საღებავით დავახატეთ მხეცის ნიშანი, თვალი წამოვთხარეთ და საღებავი ჩავასხით. რომ წამოაყენებდი, თითქოს სისხლი სდიოდა თვალიდან. ამას რომ ვაკეთებდით, რამდენიმე ბავშვი დაგვადგა თავზე, ჯადოს აკეთებთ, სატანები ხართო – გვითხრეს. მეთქი _ კი, სატანა ვარ, აბა რა… როგორც ჩანს, ზოგმა ეს სერიოზულად მიიღო… მერე ლ.- ს ვაჩუქე ეს თოჯინა დაბადების დღეზე, სახლში დაღამებამდე წამოვედით. ასეთი წესია სოფელში, დაღამებამდე სახლში უნდა იყო. სხვანაირად მიუღებელია…” 

 

16 წლის ბ. – ს მეგობრები ამბობენ, რომ სატანისტური სექტის სოფელში არსებობა აბსურდია; “ჩვენც ახლოს ვართ მუსიკასთან და გავიგებდით მაგ ამბავს. ჩვენ პანკ-როკს ვუკრავთ, ლ. მძიმე მეტალს უსმენს. რაც შეეხება სამკაულებს, ეს როკს უკავშირდება. ერთად, უბრალოდ, მუსიკაზე ვსაუბრობდით. ლ.-თან ახლა აღარ გვაქვს ურთიერთობა, უფრო ადრე შევწყვიტეთ, ვიდრე სახლიდან წავიდოდა. არ დატოვა ჩვენზე კაი შთაბეჭდილება… რატომ? ძალიან ჩაკეტილი იყო, ბევრ ტყუილსაც ამბობდა, ბლეფზე მიდიოდა, რაღაც ისტორიებს ყვებოდა, რაც სხვა ადამიანებისგან მქონდა გაგონილი.”

 

18 წლის ლ. სოფლის სკოლაში წელიწადნახევრის წინ გადმოვიდა, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ქალაქიდან. ბავშვები ამბობენ, რომ ლ. – ს მალე სკოლაში მიმბაძველებიც გამოუჩნდნენ, სკოლაში როკ-მუსიკის მოსმენა დაიწყეს, რამდენიმე მოსწავლე ჩაცმულობითაც ბაძავდა. 
“თავისუფალი იყო ძალიან, იმდენად, რომ შეიძლება ამით სხვა შეეწუხებინა. არ აინტერესებდა, შენ რას თხოვდი. სამძიმარზე მივდიოდით, ვთხოვეთ “ბულავკა” არ გაეკეთებინა ტუჩზე, მაგრამ მაინც გაიკეთა” – ამბობს 18 წლის ლ. – ს ყოფილი თანაკლასელი. 

 

“ბათუმელები”  ლ. – ს ოჯახში მაშინ მივიდა, როდესაც გოგონა ფსიქოლოგთან კონსულტაციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. კითხვაზე, რატომ გაუჩნდა ფსიქოლოგთან წასვლის სურვილი, გოგონა პასუხობს: “ყველას ჰგონია, რომ რაღაც ფსიქიკური დარღვევა მაქვს, მე თვითონ დავინტერესდი, იქნებ მართლა ვერ ვარ? ამიტომაც წავედი, მაგრამ ფსიქოლოგმა მითხრა, რომ მე მისი პაციენტი არ ვარ.” 

 

ლ. – ს თქმით, იგი სახლიდან ადრეც გაქცეულა და არც ერთ ჯერზე გაქცევის კონკრეტული მიზეზი არ ჰქონია: “უბრალოდ გადავწყვიტე, რომ 18 წლის ვარ და მოდი ვნახავ, რა შემიძლია. ხომ შეიძლება ადამიანმა საკუთარი თავი გამოსცადოს?! რატომღაც მქონდა სურვილი, მენახა, რას შევძლებდი და რას ვერა, სად “გავიჭედებოდი”… ეს იყო თავისუფლების და ახალი ადამიანების გაცნობის სურვილი…” 

 

გასულ წელს მე-11 კლასის კარნავალზე მოსწავლეებს სთხოვეს ორიგინალური კოსტიუმებით მოსულიყვნენ, ლ. თეთრი კაბით მივიდა, რომელზედაც წითელი ფერის საღებავით წარწერები იყო გაკეთებული და განაცხადა: “ეს მკვლელის სახეა, ასეთები არასოდეს უნდა გავხდეთ”. 
მე-12-კლასელ ლ. – ს ყოფილმა მასწავლებელმა “ბათუმელებთან” აღნიშნა, რომ იგი ნიჭიერი გოგონაა, მაგრამ თავისებური: “ცოტა განსხვავებული ჩაცმულობა ჰქონდა, სამაჯურები, საყურეები, ლითონისა და ტყავის ბევრი სამკაულები… ისეთი პოეტები მოსწონდა, თვითმკვლელობისკენ რომ მიისწრაფვოდენ. ვხედავდი, რომ ამ სამყაროს სხვანაირი თვალით უყურებდა, ლექსებს თვითონაც წერს, სევდიანი, ქაოსური ლექსები აქვს, ვგრძნობდი, რომ ვერ გაუგეს… 

 

ისეთი კარგი ლაპარაკი აქვს, თავისუფალი აზროვნება. მითხრა, რა მოხდა მასწავლებელო, 18 წლის ვარ, არა მაქვს უფლება ჩემი გზა მე ავირჩიოო? ისეთ რაღაცაებს გეტყოდა, ხანდახან დამხევდა ხოლმე უკან. ძლიერი კლასი იყო, უფრო სუსტები რომ ყოფილიყვნენ, მოახვევდა ალბათ თავის აზრებს თავზე. დედა არ მინდა გავხდე, ოჯახი არ მინდა შევქმნაო –  ამ კლასთან ასეთი რამის თქმა როგორ შეიძლებოდა. რომ მიხვდნენ თავისებური იყო, გაერიდა კლასი და მარტო დარჩა. არც ამაზე დარდობდა, რა ვქნა მასწავლებელო, ჩემი გზა მაქვს, ჩემი აზრი გამაჩნია, რა, არ მაქვს ამის უფლებაო?” 

 

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა საკუთარი თავი თანატოლებისაგან განსხვავებულად, ლ. პასუხობს: “არ ვიცი, რას გულისხმობთ ამ სიტყვაში. ადამიანი ადამიანისგან შეიძლება იმით განსხვავდებოდეს, რომ ერთს წითელი ეცვას, მეორეს მწვანე. მე არ მიმაჩნია, რომ ვიღაცისგან იმით გავსხვავდები, რომ უკეთესი ვარ, ან უარესი. ერთნაირი ადამიანები არ არსებობენ”. 

 

რატომ ფიქრობს ხალხი, რომ იგი შესაძლოა სატანურ სექტას უკავშირდებოდეს? ლ. – ს პასუხობს: “ეს სოფელია, მგონი ყველა სოფელი ასეთია. შეიძლება სულ პატარა შემთხვევა მოხდეს და ხალხმა გააზვიადოს. ვიღაცამ სადღაც წაიკითხა, რომ როკი სატანურია, როკ-მუსიკის მსმენელები სატანისტები არიან, ადგა და ეს თვისებები მე მომაწერა. მერე მეორემ სხვა რაღაც დაამატა და ასე აგორდა ამბავი. ის, რომ სადღაც პენსილვანიის შტატში შეიძლება იყოს რაღაც სექტა, იმას არ ნიშნავს, რომ მეც რაღაც საფლავებზე დავდივარ და კატებს ვკლავ… რა სისულელეა…” 
რაც შეეხება მის მობილურ ტელეფონში ჩაწერილ წამების თუ საშინელებათა სცენებს, გოგონა ამბობს, ვერ ხვდება ამაში რას გულისხმობენ: “ალბათ იმას, რომ საშინელებათა ჟანრის კინო მომწონს, ისევე, როგორც ბევრ ადამიანს. მობილურში მქონდა ნაწყვეტები ასეთი ფილმებიდან, პროტესტი არავის გამოუხატავს, პირიქით, მთხოვდნენ, მაყურებინეო”. 

 

ლ. არ ფიქრობს, რომ მან ბ.- ზე გავლენა იქონია. ამბობს, რომ მისი ერთადერთი გავლენა მხოლოდ ს იყო, რომ ბ. – მ “ტოკიო ჰოტელის” მოსმენას თავი დაანება, სხვა მხრივ კი _ “ისეთი ხასიათი აქვს, შენს აზრს თავზე არ მოიხვევს. ყოველთვის საკუთარი აზრი გააჩნია.”
ბ. – ს მსგავსად, ლ. გავრცელებულ ხმებს მათი სიყვარულის შესახებ უარყოფს -“რა სისულელეა”. 

 

ლ. ამბობს, რომ ეკლესიაში ხშირად დადის, თუმცა მისი აქ გამოჩენა ზოგჯერ გაკვირვებას იწვევს: “ერთხელ შევედი და მკითხეს, შენ აქ რა გინდაო? რა მნიშვნელობა აქვს, რა მუსიკას უსმენ ან როგორ გაცვია?! მუსიკის გარეშე რომ ვერ ვძლებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რელიგიური ადამიანი არ ვარ და მუსიკა რწმენას მიცვლის”. 

 

ბ. – ს და ლ. – ს “ჩარჩოების გარღვევის” მცდელობამ მათი ოჯახების რეპუტაციას შეუქმნა საფრთხე. ლ. – ს დედა ამბობს, რომ შესაძლოა გარემოს შეცვლა მოუხდეთ, ბ. – ს საქციელი კი ოჯახის წევრების კრიტიკის საგანია: “ჩემი და მეუბნება, რომ ცხოვრება დავუნგრიე. ამბობს, გარეთ გამოსაყოფი თავი არ მაქვს, სოფელია, ხალხი ლაპარაკობს.. ჩემს მშობლებსაც პრობლემა აქვთ, ბიძაჩემმა – ორ კაცთან როგორ დავჯდე და როგორ ვისაუბროო…” 

 

ლ. და ბ. ახლა ერთმანეთს არ ნახულობენ. ლ. აბიტურიენტია, გამოცდებისთვის ემზადება, უნდა რომ ფსიქოლოგი გახდეს. ბ. მომავალში სხვა სკოლაში გააგრძელებს სწავლას. ამბობს, რომ ერთი სურვილი აქვს: “პირველ რიგში უნდა ვიზრუნო, რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე ავიდე, ბევრი ვისწავლო, რომ ჩემთვის არც ერთი კარი არ იყოს ჩაკეტილი”.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: