„პუტინს 9 მაისამდე წარმატების მიღწევა უნდოდა და ხელში არაფერი შერჩა“ – ინტერვიუ გენერალთან

„პუტინს 9 მაისამდე რაღაც წარმატების მიღწევა უნდოდა და ხელში არაფერი შერჩა. ის ვერც კურსკს ათავისუფლებს ბოლომდე, თუმცა დიდი მცდელობა აქვს,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

მისი აზრით, რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმების გააქტიურება რუსეთში ჭურვების საწყობის განადგურებას უკავშირდება.

„ეს იყო რუსებისთვის დამახასიათებელი, გაბოროტებული პასუხი იმაზე, რაც მათ უკრაინელებმა დამართეს. უკრაინელებმა 22 აპრილს, სოფელ კურზაჩისთან მდებარე სამხედრო საწყობს, ე.წ. 51-ე არსენალს დაარტყეს. ამ საწყობში დღემდე აფეთქებებია. აქ ჰქონდათ რუსებს საარტილერიო-სარაკეტო საწყობი, რომლის მოცულობა იყო დაახლოებით 270 ათასი ტონა,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

სამხედრო ექსპერტის აზრით, ამ ეტაპზე ომში გარდატეხის რესურსი არც რუსეთს აქვს და არც უკრაინას, თუმცა გარდატეხის რესურსი უკრაინას მეტი აქვს, რადგან მის უკან დასავლეთია.

მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ი ამ პროცესს გამოეთიშება და რუსეთის მოკავშირე გახდება? – გადამდგარ გენერალს ესეც ვკითხეთ.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რუსეთმა უკრაინაში ამჯერად დრონებით შეუტია დნეპროპეტროვსკის ოლქს. რას შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთის გააქტიურება – უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით დასუსტდა, თუ რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს მოლაპარაკების პროცესში?

კომპლექსური საკითხია, თუმცა მგონია, რომ ეს იყო რუსებისთვის დამახასიათებელი, გაბოროტებული პასუხი იმაზე, რაც მათ უკრაინელებმა დამართეს – 22 აპრილს, სოფელ კურზაჩისთან მდებარე სამხედრო საწყობს, ე.წ. 51-ე არსენალს დაარტყეს. ამ საწყობში დღემდე აფეთქებებია. აქ ჰქონდათ რუსებს საარტილერიო-სარაკეტო საწყობი, რომლის მოცულობა იყო დაახლოებით 270 ათასი ტონა.

გაითვალისწინეთ, რომ ეს იყო ცენტრალური სამხედრო ოლქის მთავარი საწყობი, სადაც შეიძლება ორ-ნახევარი მილიონი ჭურვი შეინახო. ამდენი არ ინახებოდა, შესაძლოა, მაგრამ ფაქტია, რომ ამით მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენეს რუსეთს. ამის გაწმენდას და გადმოტვირთვას, თავიდან აწყობას ძალიან დიდი დრო დასჭირდება.

ორ-ნახევარი მლნ ჭურვი არის ის რაოდენობა, რაც მთელი წლის განმავლობაში შეიძლება გამოუშვას რუსეთმა.

ამის საპასუხოდ რუსეთი მტკივნეულ დარტყმებს აყენებს მოსახლეობას და ურტყამენ ქალაქებს. პარადოქსულად შესაძლოა ჟღერს, მაგრამ რაც ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო, ამ პერიოდში უფრო მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა უკრაინაში, ვიდრე წელიწად-ნახევარში, ვიდრე ტრამპი ამ მოლაპარაკებებს დაიწყებდა.

საჰაერო დარტყმების გააქტიურება ასევე მაჩვენებელია იმის, რამდენად სურს რუსეთს მშვიდობა. რუსეთს სურს იმის ჩვენება, რომ თვითონ არის წამყვანი. ის აჩვენებს ტრამპს, რომ აი, კიდევ იღუპება ხალხი და არიქა, უშველოს უკრაინას, მიაღებინოს კონკრეტული პირობები.

ფაქტია, რომ ამ მასშტაბის საჰაერო შეტევა ბოლო 2 წელია კიევზე არ ყოფილა. ერთდროულად 150 ერთეული დრონით და 70 ერთეული რაკეტით განახორციელეს რუსებმა კომბინირებული დარტყმა. დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი.

  • ამ დრომდე უკრაინა ახერხებდა დედაქალაქის საჰაერო დაცვას. რა მოხდა ამჯერად?

რუსეთმა დააგროვა გარკვეული მარაგები. აქამდე ის დარტყმებს ახორციელებდა ძირითადად სასაზღვრო რეგიონებში.

ძნელია საუბარი იმაზე, შესუსტდა თუ არა უკრაინის საჰაერო თავდაცვა, მაგალითად, 70-დან 40 რაკეტა გაუნადგურეს უკრაინელებმა რუსებს. მასობრივი იყო ეს შეტევა, გამოიყენეს ცრუ დრონებიც, რომ გამოეწვიათ რადარების გადატვირთვა. როცა ცრუ დრონებზეა გადართული საჰაერო თავდაცვა, მოდის რაკეტები. ამ ვითარებაში ძალიან რთულია მოგერიება.

არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ შესაძლოა გარკვეული დეფიციტი შეექმნა უკრაინას საჰაერო თავდაცვაში, თუმცა, როგორც ვიცი, უკრაინა იღებს იგივე დახმარებას აშშ-გან, რასაც იღებდა ბაიდენის პრეზიდენტობის დროს.

უკრაინას უკვე აქვს დაგროვებული ის მარაგი, რომ ამ ტემპით და ინტენსივობით გააგრძელოს იგივე წარმატებით საომარი მოქმედებები წლის ბოლომდე.

  • ამჯერად ტრამპი ამბობს ზელენკისზე: „მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა ან იომოს კიდევ სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მთლიანად დაკარგვამდეო“. უშვებთ, რომ ამ რიტორიკის შემდეგ შესაძლოა აშშ გამოეთიშოს ამ პროცესს და რუსეთის მოკავშირე გახდეს? 

ეჭვი მეპარება, რომ ასეთი რამ მოხდეს. ვერ გახდება აშშ-ი რუსეთის მოკავშირე, თუმცა დღევანდელი მოქმედებებით ფაქტია, რომ აშშ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს არ ნიშნავს მოკავშირეობას. ამერიკელები არ მისცემენ ამის საშუალებას ტრამპს, დარწმუნებული ვარ.

ჩემი გადასახედიდან ტრამპს ძალიან სჭირდება გარკვეული შედეგის მიღწევა, რომ მისი რომელიმე დაპირება შესრულებულად ჩაითვალოს. მშვიდობის დაპირებების ამ ჯაჭვში ყველაზე სუსტ რგოლად ტრამპი რატომღაც ზელენსკის მიიჩნევს და ურჩევნია, რომ მას მიაწვეს მაქსიმალურად.

ჯერ-ჯერობით ვერაფერს იტყვის ტრამპი, რომ რამე მიმართულებით რამეს მიაღწია. ტრამპი კანადაზე აღარ ლაპარაკობს, ჰარვარდის უნივერსიტეტმა სასამართლოში უჩივლა, უკრაინამ უარი უთხრა, ჩინეთთან ტონიც შეარბილა სანქციებთან დაკავშირებით. ცეცხლის შეწყვეტის კუთხითაც თუ წარმატებას ვერ მიაღწია ტრამპმა, ეს ნამდვილად დადებითად არ იმოქმედებს მის პოლიტიკურ კარიერაზე.

  • რამდენად უკავშირდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყირიმს? ზელენსკიმ „ყირიმის დეკლარაცია“ შეახსენა ტრამპს, რომლის პირველი პრეზიდენტობის ვადაში, 2018 წელს მომზადდა ეს დეკლარაცია და რომლის მიხედვითაც, აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.

ამ ეტაპზე უკრაინას გაუჭირდება ყირიმის დაბრუნება, საშუალოვადიან პერსპექტივაში არ ჩანს მისი დაბრუნების პერსპექტივა, თუმცა, ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინამ უნდა აღიაროს და ყირიმი რუსეთს აჩუქოს.

ამას გარდა, რუსეთი უარს ამბობს მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რაც ვერ დაიკავა. ის ითხოვს ყირიმს და პლუს იმ 4 რეგიონის იმ ნაწილს, სადაც დაიკავა ტერიტორიები.

აშშ-ს მოთხოვნით, ამას რომც დათანხმდეს უკრაინა, ეს ძალიან ცუდი მაგალითი იქნება მსოფლიოსთვის. მაშინ ჩინეთს რატომ არ აქვს უფლება ტაივანზე პრეტენზია გამოაცხადოს? გამოდის, ვბრუნდებით იმ პერიოდში, რომ ვისაც ძალა აქვს, შეუძლია გააკეთოს ის, რაც მას სურს და მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებული პარადიგმა სრულიად ინგრევა.

  • ლავროვი ამბობს, უკრაინის შესახებ შტატებთან შეთანხმების მისაღწევად რუსეთი მზად არის, თუმცა „ზოგიერთი ელემენტი დასამუშავებელიაო“. ლავროვი არ აკონკრეტებს, რა არის ეს „ზოგიერთი ელემენტი“. თქვენი დაკვირვებით, რა გათვლა აქვს ამჯერად რუსეთს?

ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ რუსეთი ევაჭრება ტრამპს, როგორც ბიზნესმენს: ამას მოგცემ, მინერალებს დაგითმობ… ან, მაგალითად, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში შევლენ ამერიკელები და ენერგიას მისცემენ რუსებს და უკრაინელებსაც. ეს რა, მოლაპარაკება არის? ფაქტია, რომ ამ მოლაპარაკების მიზანი სხვა არის და არა რუსეთთან აშშ-ს ვაჭრობის გაღრმავება. საუბარია ომის დასრულებაზე.

რაღაც ვარიანტებს სთავაზობენ რუსები ამერიკელებს, მაგრამ რამდენად მისაღები იქნება ეს ამერიკისთვის, რთული სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ-ს პოლიტიკური ისტებლიშმენტი.

  • უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რუსეთის ჯარებმა კიევს ჩრდილოეთ კორეისგან მიღებული რაკეტით დაარტყეს. თქვენი მონაცემებით, რა ვითარება აქვს რუსეთს რესურსების კუთხით?

უკრაინას შეუძლია ეს თქვას, რადგან არსებობს რაკეტების ნამსხვრევები, თუმცა რუსეთს რომ ეხმარება ჩრდილოეთ კორეა, ეს ფაქტია. ჩრდილოეთ კორეა ეხმარება რუსეთს რაკეტებით, არტილერიის საშუალებებით, დიდი რაოდენობის ჭურვებით და ხალხითაც. ამ დღეებში კურსკში ამოხოცეს უკრაინელებმა კორეელების ოცეული.

ფაქტია, რომ რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობები დღეს ჩრდილოეთ კორეის აღჭურვილობაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული.

  • ეს დახმარება იზრდება იმ მასშტაბით, რომ რუსეთს შესაძლოა მიეცეს ფართომასშტაბიანი, ახალი შეტევის შესაძლებლობა? 

ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რას აწვდის ჩრდილოეთ კორეა რუსეთს, მაგრამ რუსეთის დღევანდელი რესურსი არაა იმაზე მეტი, ვიდრე მას ომის დასაწყისში ჰქონდა. არ მგონია, რომ ისე გააძლიეროს ჩრდილოეთ კორეამ რუსეთი, რომ გარდატეხის შეტანა შეძლოს ამ ომში.

ჯერ ერთი, ჩრდილოეთ კორეას თავადაც სჭირდება იარაღი, რადგან სამხრეთ კორეა ჰყავს მეზობლად. ისეც ვერ იზამს, რომ ყველაფერი რუსეთს მისცეს.

  • თუ აშშ გამოეთიშება ამ პროცესს, ვინ იკვეთება ლიდერად ევროპაში? რამდენად შეიძლება, მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა ჩაანაცვლოს აშშ და რა შეიძლება მოხდეს ამ შემთხვევაში?

ჩემი სუბიექტური მოსაზრება არის ის, რომ თუ ჩასახსნელია, რაც უფრო ადრე ჩაეხსნება აშშ ამ პროცესს, უკეთესია. ცრუ იმედები და მოლოდინები დამაზიანებელია.

დიდ ბრიტანეთთან ერთად, მე ხაზს გავუსვამდი საფრანგეთს. მაკრონი ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ საქმეში და ასევე, პირველად ხდება ის, რომ გერმანია პირველად თავის დანაყოფს განათავსებს ევროპაში გერმანიის გარეთ. საუბარია ბალტიისპირეთზე.

ევროპას ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უფრო გეგმაზომიერი და მიზანმიმართული გახადოს უკრაინის დახმარება. თქვენთან ინტერვიუში ვახსენე სიკორსკის სიტყვები, რომ მართლაც სირცხვილია, 500-მილიონიან ევროპა ეხვეწებოდეს 300-მილიონიან ამერიკას, 145-მილიონიანი რუსეთი შეგვიჩერეო. ევროპას ძალიან დიდი რესურსი გააჩნია და ეს რესურსები ამუშავებულია უკვე. ევროპა უკვე ხედავს რეალობას, რომ მას უნდა შეეძლოს ამერიკის გარეშე თავისი თავის დაცვა.

ამიტომაც, არ მესმის, რატომ თვლის ზოგიერთი, რომ ევროპელები მარტო ვერაფერს გააწყობენ და მიუნხენში მხოლოდ ყავას სვამენ?!

ბალტიისპირეთი ნახეთ, რა მდგომარეობაშია. ესტონეთში, რუსეთის საზღვართან სამხედრო ბაზას ქმნიან ყველაზე რუსულ ქალაქში – ნარვაში. ლიეტუველებიც აორმაგებენ სამხედრო შესაძლებლობებს, ჯავშანტექნიკას ყიდულობენ დასავლეთის ქვეყნებიდან. ჰოლანდიის მეფემ განაცხადა, რომ ქვეყანა უნდა მოემზადოს ომისთვის.

არ ჩანს, რომ რუსეთს აქვს ძალიან დიდი უპირატესობა. პირიქით, დარტყმები რუსეთშიც ხდება. უკრაინელებმა 112-ე სარაკეტო საწყობს დაარტყეს და ყირიმის აეროდრომებსაც. ამას გარდა, უკრაინელებმა დაარტყეს რუსების სამხედრო ობიექტებს პოკროვსკიში და გარკვეული პოზიციები დაათმობინეს ჩრდილოეთ მიმართულებაზე. შუა მოსკოვში, პრესტიჟულ რუბლიოვკის რაიონში, მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი, გენერალი მოსკალიუკი ააფეთქეს, კურსკში რუსეთის გმირი, ეროვნებით ოსი მაიორი თიბილოვი მოკლეს და ა.შ.

პუტინს 9 მაისამდე რაღაც წარმატების მიღწევა უნდოდა და ხელში არაფერი შერჩა. ის ვერც კურსკის ათავისუფლებს ბოლომდე, თუმცა დიდი მცდელობა აქვს. სხვათა შორის, კურსკის რაიონში, უკრაინელები ჯერ კიდევ 150 კვ.კმ. აკონტროლებენ და არაფრით გამოდის პუტინს საცხრამაისო საჩუქრის მიღება.

ევროპაშია 2-მილიონიანი შეიარაღებული ძალები, რომელიც ჰყავს ნატოს. რუსეთს კი, 700-900 ათასიანი ჯარი ჰყავს. ნატოს შემადგენლობაში გასათვალისწინებელია თურქეთის ნახევარმილიონიანი ჯარიც, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს და ის არ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს.

ამერიკის იზოლაციონიზმიც კიდევ როგორ წაადგება ამერიკულ სამხედრო მრეწველობას? როგორც ვიცი, რამდენიმე ქვეყანამ ევროპაში შეაჩერა მოლაპარაკება F 35-ის შესყიდვაზე ამერიკულ კომპანიებთან და შვედური „გრიპენის“ თვითმფრინავების შეძენა დაიწყეს. თუ ევროპა თავად დაიწყებს იარაღის წარმოებას, რაც უკვე დაწყებულია კიდეც, ეს აშშ-ს დაარტყამს. ამერიკაში უკვე გამოთქვამენ შეშფოთებას სამხედრო-სამრეწველო წრეებში.

  • გამოდის, ამ ეტაპზე გარდატეხა არცერთ მხარეს არ შეუძლია, თუმცა ამ ომში გარდატეხის რესურსი უფრო უკრაინას აქვს? 

ზოგადად ასეთ ხანგრძლივ, გამოფიტვაზე წარმოებულ ომში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რა ძალები გყავს ფრონტზე. უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რა რესურსი გაქვს გამოუყენებელი.

რუსეთს გამოუყენებელი რესურსი აქვს მხოლოდ ადამიანური ძალა, ასევე ბირთვული იარაღი, რომელიც არ გამოუყენებია და არა მგონია, ამაზე იყოს საერთოდ საუბარი.

უკრაინას კი, აქვს ევროპისგან ფინანსური, ტექნიკური, ტექნოლოგიური და ლოგისტიკური დახმარების მიღების რესურსი.

დღეს მე ვერ ვიტყოდი, რომ გარდამტეხის შემტანია რომელიმე მხარე. ამიტომაც არის ეს ომი გაჭიანურებული და ორივე მხარეს სჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა არა იმ დათმობის ხარჯზე, რასაც აშშ სთავაზობს უკრაინას.

ყოველთვის დასაშვებია, რომ რაღაც გაუთვლელად მოხდეს, მაგრამ ცხადია, ევროპას გააჩნია რუსეთზე მეტი რესურსი. ეს ფაქტია. რუსეთს აქვს ადამიანური რესურსი, მას დაახლოებით 15 მილიონამდე რეზერვის მობილიზება შეუძლია საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ ამ მობილიზებას სჭირდება კვება, მომზადება, შეიარაღება, აღჭურვა. ამის რესურსი დღეს რუსეთს არ აქვს.

ევროპას აქვს შესაძლებლობა, ტექნოლოგიურად დაეხმაროს უკრაინას და ამით გაწონასწორდეს რაოდენობრივი დისბალანსი რუსეთთან.

მნიშვნელოვანია, რომ აქამდე რასაც იღებს უკრაინა დასავლეთიდან, ამის 90% არის წინა თაობის წარმოების აღჭურვილობა. მათი მარაგები კი იწურება. შესაბამისად თანდათან ხდება მათი უფრო ახალი სისტემებით ჩანაცვლება. ბოლო თაობის იარაღის სისტემები ჯერ არ მიუღია უკრაინას. ახლოვდება პერიოდი, როცა ამ იარაღს მიიღებს უკვე უკრაინა. ამის შემდეგ უკვე შეიძლება საუბარი ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან გარდატეხაზე.

სასამართლო იწყებს რუსული კანონის საქმეზე ჟურნალისტების სარჩელის განხილვას – მედიამბუდსმენი

„მედიაომბუდსმენის“ ცნობით, 28 აპრილს, ორშაბათს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო დაიწყებს ე.წ. რუსული კანონის საქმეზე 18 ჟურნალისტის და ოპერატორის სახელით წარდგენილი სარჩელის განხილვას.

სარჩელი უკავშირდება 2023 წელს ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გაშუქებისას სამართალდამცავთა მიერ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ფაქტებს. მოსარჩელები ითხოვენ პოლიციის მიერ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას. საქმეს მოსამართლე ანა ჩხეტიანი უძღვება.

„აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მოვლენებისას ჟურნალისტები და ოპერატორები გახდნენ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლნი.

სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან გამოვლენილი უკანონობა: ზეწოლა, აგრესია, ასევე სპეციალური საშუალებების — წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის — გამოყენება ადასტურებს სისტემურ პრობლემებს, რომლებიც საქართველოში მედიის თავისუფლებას საფრთხის ქვეშ აყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება „მედიაომბუდსმენის“ მიერ წარდგენილ ფაქტებზე, დამნაშავე პირების გამოვლენა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება დღემდე შეუსრულებელია, რაც დამატებით აღრმავებს უნდობლობას გამოძიების ეფექტიანობის მიმართ.

სასამართლო დავა წარმოადგენს კიდევ ერთ სამართლებრივ მცდელობას, რომლის მიზანია სიტყვის თავისუფლებისა და საზოგადოების ინფორმირების უფლების დაცვა. აღნიშნული სარჩელის დროული და სრულფასოვანი განხილვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების განმტკიცებისთვის“ – წერს „მედიაომბუდსმენი“.

„ვნანობ, რომ რუსთაველზე არ ვდგავართ ყველანი“ – ემიგრანტი კანადიდან

„ვნანობ, რომ იქ არ ვდგავართ ყველანი, რუსთაველზე. ეს არის პირველი, ჩვენ რაც გვაწუხებს აქ ემიგრანტებს“- ამბობს მაია ფურცხვანიძე, ქართველი ემიგრანტი, რომელიც რვა წელია კანადაში, ტორონტოში ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

მაია „ბათუმელებთან“ საუბარში ჰყვება, თუ როგორ განიცადა არჩევნების გაყალბება და როგორ განიცდის იმ ძალადობას, რასაც „ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობაზე ახორციელებს.

„დეკემბრამდე არ შევსულვართ სახლში. ვიდექით, ვაპროტესტებდით არჩევნების გაყალბებას. ბოლოს გავცივდი, დავკარგე ხმა, ჯანმრთელობა და ნერვებიც, რადგან აბსოლუტური მარაზმია ის, რასაც აქ „ოცნების“ მხარდამჭერებში ვხედავდი“- გვეუბნება მაია ფურცხვანიძე.

მისი თქმით, ტორონტოში საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მიმართეს საელჩოს, თუმცა მათი მოთხოვნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.

„ტორონტო არის დედაქალაქისგან მოშორებული, 5 საათის სავალი გზაა მანქანით ოტავამდე, რადგან ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი ტორონტოში ვცხოვრობთ, ამ ქალაქში ვითხოვდით უბანს.

ბოლოს იძულებული გავხდით ჩავსულიყავით ოტავაში, ამან საგრძნობლად შეამცირა არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა. მაგალითად, ჩემი ოჯახიდან ყველა ვერ წავედით.

ამ არჩევნებზეც ვიყავი კომისიის წევრი და წინა არჩევნებისგან განსხვავებით რადიკალურად გაზრდილი იყო ადამიანების მონაწილეობა, რადგან ყველა თვლიდა, რომ ძალიან კრიტიკული არჩევნები იყო. თუ წინა არჩევნებზე 30 კაცი მივიდა, 2024 წელს 270 ადამიანი გვყავდა უბანზე.

„ოცნებამ“ სადღაც 30-მდე ხმა მიიღო, დანარჩენი წაიღო ოპოზიციამ.

მაია ფურცხვანიძე და სხვა ემიგრანტები საპროტესტო აქციაზე ტორონტოში.

აქ პრობლემა არის ის, რომ „ოცნებას“ თავისი მხარდამჭერები გაერთიანებული ჰყავს აქაური ქართული ეკლესიის ირგვლივ და აქ არის თავმოყრილი პრორუსი, ანტიდასავლური განწყობის ხალხი. ამათთან ჩამოვიდნენ კონსულები და ბევრჯერ დაარეგისტრირეს ხალხი, ისინი, ვინც მათი აზრით „ოცნებას“ დაუჭერდა მხარს, თუმცა მაინც არ ჩამოვიდნენ მათი მხარდამჭერები, ამიტომ მიიღეს 30 ხმა.

ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო, „ოცნების“ მხარდამჭერი ერთ-ერთი კომისიის წევრი გვემუქრებოდა ორ ადამიანს და ამის გამო ვუჩივლეთ. ბიძინას სასამართლო არ დაუდგენდა არაფერს, თუმცა დისკომფორტი მაინც შეექმნა ამით და კომისიის მუშაობაში ვეღარ მიიღო მონაწილეობა.

ბოლო ექვსი თვე გავატარეთ სრულ ტერორში. აქაური ეკლესიის მღვდელი აქეთ გვემუქრებოდა დაგიჭერთო, რადგან არ მოსწონდათ ჩვენი განწყობები და გვიწევდა კამათი იმაზე, თუ რა დიდი საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა. იქამდე მივიდა საქმე, რომ აქაურ პოლიციასაც კი მივმართეთ, რადგან ურეკავდა ჩვენს მეგობრებს და იმათაც აშანტაჟებდა.

თვითონ ეს მღვდელი, კანადის მოქალაქეა, თავისი შვილები აქ გაზარდა, ორი ქონება შეისყიდა მრევლის ხარჯზე და ძალიან კარგად ცხოვრობს. ამის მიუხედავად, აქაც კი, პრორუსულ ძალებთან თანამშრომლობენ.

რუსები როგორც მუშაობენ, ზუსტად ისე იქცევიან. მოძველბიჭო ელემენტები, კრიმინალები, ფულის შეწერები, ქურდები… აი, ეს ხალხია.

პრორუსული ძალები ყველგან ცდილობენ შეიტანონ დესტაბილიზაცია, რომ დაანგრიონ და ჩამოშალონ დემოკრატიები.

ქართველი ემიგრანტების აქცია ტორონტოში

ამიტომ, არჩევნების შემდეგ ვიყავი განადგურებული, არ ვაჭარბებ. მივწერეთ აქაურ მთავრობებს, რომ არ აღიარონ ეს არჩევნები, არ შეხვდნენ „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვატარეთ აქციები, მივწერეთ არაერთი წერილი მიმართვის – ნუ ხვდებით „ოცნების“ ელჩებს, რომ ესენი არიან არალეგიტიმური, რუსული რეჟიმის წარმომადგენლები, რომელიც ხალხს იჭერენ. თუმცა, ერთ-ერთი ჩვენი კონსულის შვილი მაინც ჰყავთ ჰოკეის გუნდში. კანადაში ჰოკეის თამაში უნდა მის შვილს და სხვებმა რუსულ ჯარში უნდა იმსახურონ?! აი, ეს უნდათ და რა ველაპარაკოთ იმ ხალხს, ვისაც ამ ყველაფერზე არ აქვს პროტესტი?!“ – წუხს მაია ფურცხვანიძე.

ამბობს, რომ ზოგჯერ უიმედოდ გრძნობს თავს, თუმცა მაინც ეჭიდება იმედს, რომ ცუდ დღეებს, წესით, უნდა მოჰყვეს ნათელი დღეებიც.

„ვნანობ, რომ იქ არ ვდგავართ ყველანი, რუსთაველზე. ეს არის პირველი, ჩვენ რაც გვაწუხებს აქ ემიგრანტებს.

მაგრამ, აქაც კარგი პირობების გამო არ წამოვსულვარ, ხომ?! და ბევრია ჩემნაირი. გამოვექეცით უპერსპექტივობას, რადგან დიდი ხანია „ოცნებას“ არ სჭირდება თავისუფალი და მათზე არა დამოკიდებული საზოგადოება. ვგრძნობ დიდ წუხილს, რომ იქ არ ვდგავარ, რადგან ქართველი ახალგაზრდების მომავალია ახლა სასწორზე. მათი მშობლები იმიტომ უნდა იდგნენ ახლა ქუჩაში, რომ 5 წელიწადში მათი შვილები რუსულ ომში იომებენ, მარტო ციხეს არ დააჯერებენ.

ამას ვეუბნებოდი „ოცნების“ მხარდამჭერებს, რუსულ ჯარში დაასრულებენ თქვენი შვილები, მოეშვით ამ რუსული ძალების მხარდაჭერას-მეთქი.

ყველა ევროპული სისტემიდან თუ ჩაიხსნებიან, მერე რას იზამენ, როცა საქართველოში ვეღარ გაუგზავნიან ფულს ოჯახებს, რომლებსაც თვითონ არჩენენ, სოფლებში და ქალაქებში. მერე ალბათ გამოვლენ მათი ნათესავები ქუჩაში, თუკი გვიანი არ იქნება“-ამბობს მაია.

მაია ფურცხვანიძე საპროტესტო აქციაზე. კანადა

მისი თქმით, საქართველოში საზოგადოებისთვის დასავლური გრანტების გადაკეტვით კიდევ უფრო გაღარიბდება მოსახლეობა, რომელიც დიდ სიკეთეს იღებდა ამ დახმარებით:

„მე რამდენიმე წელი ვიმუშავე USAID-ის პროგრამებში და რაც შემეძლო ვავრცელებდი ხმას დასავლურ სიკეთეებზე, მაგრამ პოლიტიკური ნეტა არ იყო, რომ ადამიანებს ბოლომდე გაეცნობიერებინათ ეს.

მეორე, მე რასაც ვხედავ, არის ის, რომ რუსული გავლენა ყველგან იგრძნობა. რუსული პროპაგანდა უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე მათი ბომბები. და ამ პროპაგანდამ დაარწმუნა ძალიან ბევრი ადამიანი იმაში, რომ რუსეთი არ არის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ რა არის დასავლური სიკეთეები, მაინც ამ პროპაგანდით არიან გაჟღენთილი.

ესე იგი, ადამიანებს თავად დაჰყავთ შვილები სკოლაში, მომიბრუნდებიან და მეუბნებიან, რომ „ბავშვებს აგეებენ“. ორივე შვილი აქ გამოვზარდე, კანადის სკოლაში, ერთმა ამერიკაშიც ისწავლა, მაგრამ ორიენტაცია არ შეცვლიათ.

თუმცა მაინც აქ ცხოვრობენ და ისე იღებენ ამ სიკეთეებს, თითქოს რაიმეთი დაიმსახურეს. არანაირი ვალი არ აქვს დასავლეთს ჩვენი, პირიქით, ჩვენ გვაქვს მათი ვალი და თან ძალიან ცუდად მოვიხმარეთ ის რესურსი, რომელიც გამოგვიყვეს თავის დროზე და ეს ძალიან სამწუხაროა.

ბევრი ვერ აცნობიერებს იმას, რომ თუ სტალინს წლები დასჭირდა იმისთვის, რომ გულაგები აეშენებინა, ახლა ეს ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს. ტექნოლოგია იძლევა იმის საშუალებას, ისეთი სეგრეგაცია გაგაკეთებინოს საზოგადოების, რომ აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო.

როგორც აფხაზები გაუშვეს ომში, როგორც ჩეჩნები ჰყავთ გადებული ფეხქვეშ, ისე მოუწევთ რეჟიმის მხარდამჭერებსაც. ალბათ ამის მერე მოეგება ბევრი გონს, მაგრამ ეს იქნება გვიანი.

ზოგადად, ფაშიზმი გლობალური პრობლემა ხდება უკვე. რადიკალიზაციისკენ იხრება სამყარო და აღარ სრულდება ლიბერალიზმის კრიტიკა. ლიბერალიზმმა შესაძლოა სადღაც შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამაზე უკეთესი სისტემა არ არსებობს დღეს. არ მოუგონია კაცობრიობას ლიბერალიზმზე და დემოკრატიაზე უკეთესი და ადამიანის უფლებებზე მნიშვნელოვანი რამ.

რა უნდა აუხსნა იმ ადამიანებს, ვინც თვითონ არიან ამ სისტემების გამო კარგად და მაინც ებრძვიან ამ სისტემას? ლიბერალური სისტემა რომ არის ამ ქვეყანაში და დემოკრატია, იმიტომ ცხოვრობ აქ ემიგრანტი კარგად, მაგრამ არ ესმის ეს ბევრს.

ამიტომ, თუ ვინმეს რამე შეგვიძლია კიდევ, უნდა ვიბრძოლოთ.

ვიტოვებ ძალიან მცირე იმედს იმისა, რომ უბრალოდ, კანონზომიერებაა ეგეთი, რომ სამართლიანობამ გაიმარჯვოს და როცა რაღაცისთვის იბრძვი, იმ რაღაცას ადრე თუ გვიან მიიღებ.

ჩვენი ისტორიული გამოცდილებაც ისეთია, რომ ცუდ დღეებს აუცილებლად მოჰყვება ნათელი დღეებიც.

საზოგადოების ყველა ნაწილი უნდა შეიკრას ერთად, რადგან ბრძოლის გარდა არაფერი დაგვრჩენია. აქედან რაც შეგვიძლია ემიგრანტებს, – იქნება ეს ფინანსური დახმარება, საპროტესტო აქციები და მუშაობა აქაურ მთავრობებთან, რომ არ ითანამშრომლონ „ოცნებასთან“, ეს უნდა გავაგრძელოთ“ – ამბობს მაია ფურცხვანიძე.

„ვნანობ, რომ რუსთაველზე არ ვდგავართ ყველანი“ - მაია ფურცხვანიძე | ემიგრანტი კანადიდან

„კაშხლებზე ინციდენტებისა და ავარიების რისკი მაღალია“ – რა პროექტის დაფინანსება შეწყვიტა USAID-მა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ჰიდროტექნიკური ნაგებობების [კაშხლების] უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებლად უნდა შემუშავდეს ტექნიკური რეგლამენტი. რეგლამენტის შემუშავებაზე სამინისტრო USAID-თან თანამშრომლობდა, თუმცა დონორმა ორგანიზაციამ შეწყვიტა პროექტზე მუშაობა, რის გამოც სამუშაოები სამინისტროს სახსრებით უნდა გაგრძელდეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულებისთვის საჭიროა 192 ათას 275 აშშ დოლარი, რასაც სამინისტრო ტენდერის გარეშე დახარჯავს.

„ხაზგასასმელია, რომ საქართველოში არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების [კაშხლები] უმრავლესობის საშუალო ასაკი აჭარბებს 62 წელს. მსოფლიოში არსებული მიდგომებით და დადგენილი პრაქტიკით, ეს ის ასაკია, როდესაც შესაძლოა მოხდეს მეტალის, ბეტონის და სხვა სპეციფიკაციების დაძველება, რაც მაღალი რისკია აღნიშნულ ობიექტებზე მრავალი ინციდენტისა და ავარიის გამოწვევის.

აქედან გამომდინარე, საჭიროა ნაგებობების მუდმივი ტექნიკური მონიტორინგი და კონტროლი. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია ჰიდროტექნიკური ნაგებობების ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სანქციების დაკისრება, თუმცა ტექნიკური რეგლამენტის [ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების შესახებ] არარსებობის გამო ვერ ხორციელდება კანონის აღსრულება.

საჭიროა იურიდიული/სამართლებრივი მომსახურების შესყიდვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რათა შემუშავდეს ექსპლუატაციაში მიღებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ნორმები და ჩამოყალიბდეს ჰიდროტექნიკური ნაგებობების მონიტორინგის სისტემა“, – წერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს, 2025 წლის 24 აპრილის წერილში.

ამასთან „ჰიდროტექნიკური ნაგებობების მონიტორინგის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით აუცილებელია ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება, რომელშიც გაწერილი იქნება უსაფრთხოების ნორმები, რაც უზრუნველყოფს ობიექტის უსაფრთხო ექსპლუატაციას“.

ამავე განაცხადის მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში უნდა მომზადდეს.

„ვინაიდან ჰიდროტექნიკურ ობიექტებზე ინციდენტებისა და ავარიების რისკი მაღალია მათი წლოვანებიდან გამომდინარე, საჭიროა შემჭიდროებულ ვადებში ხსენებული ობიექტების საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება და უსაფრთხო ფუნქციონირების წესების განსაზღვრა. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება აუცილებელია, რათა მოხდეს ჰიდროტექნიკური ნაგებობების მწყობრიდან გამოსვლის პრევენცია.

ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში კი, მომსახურების შესყიდვის პროცესი [კანონით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით] კიდევ უფრო გაჭიანურდება, რაც თავის მხრივ შეაფერხებს ზემოთ აღნიშნული რისკების პრევენციას“ – წერს სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე 2025 წლის იანვარში მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის შეჩერებაზე.

იმედია, კიდევ დიდი ხნით გაჩერდება“ – განაცხადა მაშინ კობახიძემ USAID-ის დახმარების შეჩერებაზე.

დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები შესაძლოა უთანაბრდებოდეს წამებას – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერს, რომ აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევები შესაძლოა უთანაბრდებოდეს წამებას.

„ამ საქმეებში ერთ-ერთი შემაშფოთებელი გარემოებაა არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, რომლებიც თავისი არსით, უთანაბრდება საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებს (მათ შორის, გარემოებების მიხედვით, თითოეული შეიძლება გაუთანაბრდეს სსკ 1441, 1442, 1443 მუხლებით გათვალისწინებულ – წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას)“ – წერს ორგანიზაცია.

საიას სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა 10 დემონსტრანტმა აღნიშნა მათზე დაკავების დროს, ტრანსპორტირებისა თუ განყოფილებაში მიმდინარე არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ.

კერძოდ, ასეთ ფაქტებზე მიუთითეს: საბა სხვიტარიძემ, რევაზ კიკნაძემ, ნიკოლოზ კაციამ, ანატოლი გიგაურმა, დავით ხომერიკმა, დავით ლომიძემ, თემურ ზასოხაშვილმა, არჩილ მუსელიანციმ, ანასტასია ზინოვკინამ, მზია ამაღლობელმა“ – წერს საია და აღწერს ყველა შემთხვევას.

კერძოდ:

საბა სვიტარიძემ დეტალურად აღწერა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოცდილება. სხვიტარიძის განმარტებით, ის პოლიციამ ზესტაფონის გზაზე დააკავა, მისთვის არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი, არც ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა მისცეს, შემდეგ გადასცეს გორთან გაურკვეველ ოპერატიულ ჯგუფს და გადაიყვანეს დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოში. დიღომში, სამმართველოს შენობაში, მეხუთე სართულზე, მას ოთხი ნიღბიანი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა და სცემა, შემდგომ კი ამავე შენობის მერვე სართულზე საპატრულო ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებამ, რომელსაც ნიღაბი ეკეთა, სხვა პირებთან ერთად კვლავ იძალადა მასზე.

რევაზ კიკნაძემ განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ქვეშ აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და დაედანაშაულებინა სხვები, რაც გამოიწვევდა მის მიმართ სისტემის მხრიდან ლოიალურ დამოკიდებულებას. ბრალდებულების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, სხვა გამოცდილებებთან ერთად, განამტკიცებს იმ ფაქტს, რომ არასათანადო მოპყრობას სისტემური და ფართომასშტაბიანი ხასიათი აქვს.

ნიკოლოზ კაციამ აღნიშნა, რომ დაკავებისას ექცეოდნენ დამცინავად და შეურაცხმყოფლად, უწოდებდნენ „რიჟიკას“, ბილწსიტყვაობდნენ მისი მისამართით და ეუბნებოდნენ, რომ რასაც ეტყოდნენ, ის უნდა დაედასტურებინა. ასევე საჯარო წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკოლოზ კაციას პენიტენციურ დაწესებულებაში არ უზრუნველყოფდნენ საკვებით, ხოლო მის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული თანხებით სარგებლობენ სხვა მსჯავრდადებულები.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ კაციამ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას მიუთითა პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე. 21 თებერვლის სასამართლო სხდომაზე ნიკოლოზ კაციამ აღნიშნა, რომ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები პროცესამდე „ბუქნებს“ აკეთებინებდნენ. ნიკოლოზ კაციას საქმე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაგზავნა პროკურატურაში იმ არგუმენტაციით, რომ მისი ქვემდებარე არ იყო.

ანატოლი გიგაურის საქმეზე, დაცვის მხარემ პროცესზე აღნიშნა, რომ გიგაურს თავად პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური დაზიანება სახის მიდამოში მუშტით. ეს ყველაფერი დადასტურდება ვიდეო მტკიცებულებით.

დავით ხომერიკი უთითებდა სექსუალური ძალადობის მუქარის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის, ასევე გაშიშვლების შემთხვევებზე.

დავით ლომიძე სცემეს დაკავებისას, მას აწუხებდა ხერხემლის პრობლემები, ცემის შედეგად გაურთულდა მდგომარეობა და დასჭირდა ოპერაცია.

თემურ ზასოხაშვილის ინფორმაციით, ასევე, მასაც გაუსწორდნენ ფიზიკურად დაკავების დროს.

არჩილ მუსელიანცის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას და შეთავაზებას თანამშრომლობაზე, რომ პოლიტიკურ თანამდებობის პირებისთვის დაედო ხელი.

ანასტასია ზინოვკინამ ასევე განმარტა, რომ მის მიმართ განხორციელდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ძალადობა, მათ შორის სექსუალური ძალადობისკენ მიმართული მუქარა. ერთ-ერთ პოლიციელს ხელი თავის სასქესო ორგანოზე ედო და ემუქრებოდა თუ გაინძრეოდა ამ ადგილით დასჯიდა. დაკავება მოწმის და ვიდეო გადაღების გარეშე მოხდა.

ბრალდებულმა მიუთითა, რომ შეეძლო იმ პოლიციელის ამოცნობა, ვინც მას ტელეფონი წაართვა. ამავე პოლიციელმა ჩადო ნარკოტიკი ქურთუკის ჯიბეში. ბრალდებული იხსენებდა, რომ „პოლიციელი“ ემუქრებოდა, თუ გააგრძელებდა ქურთუკის ყურებას, მას „იხმარდა“. მას შემდეგ, რაც ქურთუკში ნარკოტიკული საშუალება განათავსეს, ჩაცმა აიძულეს. მხოლოდ ამ „ოპერაციის“ დასრულების შემდეგ დაიწყო ოფიციალური ჩხრეკა. ბრალდებული ცდილობდა ყველაფრის დანახვას, რაზეც ემუქრებოდნენ, რომ იძალადებდნენ თუ გააგრძელებდა აქეთ-იქით ყურებას.

მზია ამაღლობელის საქმე: როგორც ცნობილია, საია წარმოადგენს მზია ამაღლობელის ინტერესებს. მისი დაკავება ძალადობრივი და უკანონო იყო, რასაც თან ახლდა ფიზიკური ძალადობა და არაერთი დარღვევა პოლიციის მხრიდან. დაკავების შემდგომ, ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მზიას მიმართ გამოიყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუშვა მისი საჭიროებების იგნორირება და ხელი შეუშალა ადვოკატებთან კონტაქტს. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, ამ დრომდე მას დაზარალებულის სტატუსი არ მიუღია, რაც ფუნდამენტურად ზღუდავს მისი უფლებების დაცვას.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება ხასიათდება არაეფექტიანობით – გამოკითხულნი არიან მხოლოდ დგებუაძის დაქვემდებარებული თანამშრომლები, არ გამოკითხულა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, და არ არის დაცული გამოძიების ობიექტურობის და ადეკვატურობის სტანდარტი. ვიდეოჩანაწერები არასრულად არის წარმოდგენილი, ხოლო მნიშვნელოვანი მტკიცებულებები საქმის მასალებში დროულად არ აისახა. მიუხედავად ექსპერტიზის ჩატარებისა, მათი დასკვნები დღემდე საქმის მასალებში არ მოიძებნება.

განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთ აღნიშნული ათივე პირი კვლავ ციხეში იმყოფება, საიას შეფასებით, კრიტიკულად აუცილებელია ეფექტიანი გამოძიების ჩატარება სწრაფად და სრულყოფილად. მათი უფლებების დარღვევა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები არ შეიძლება დარჩეს გაურკვეველი ვადით განგრძობადი გამოძიების ობიექტი, რაც, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ადამიანს კიდევ უფრო უჩენს დაუცველობის განცდას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 10-დან 9 პირს (საიას ინფორმაციით, დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ საბა სხვიტარიძეს აქვს,) დაზარალებულადაც კი არ აღიარებს პროკურატურა.

ასევე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ დაუმთავრებია გამოძიება არცერთ ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე და არ გამოუვლენია პასუხისმგებელი პირები. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ეს ვერ ჩაანაცვლებს მათ კანონით განსაზღვრულ დაზარალებულის უფლებებს“.

საია აქვე განმარტავს, რომ ეფექტიანი გამოძიება მოითხოვს ხუთ კრიტერიუმს. ესენია:

გამოძიების დამოუკიდებლობა, მისი ადეკვატურობა, გამოძიების სწრაფი წარმოება, საჯაროობა, მასში დაზარალებულის ჩართულობა.

„დღეს არსებული მოცემულობით, დასაბუთებულია ეჭვები ამ კრიტერიუმების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და პროკურატურამ უნდა უპასუხოს ამ შეკითხვებს და მიაწოდოს საზოგადოებას სწორი ინფორმაცია, თუ რატომ არ აქვთ აქამდე სინდისის 10 პატიმრიდან 9-ს დაზარალებულის სტატუსი და როგორია გამოძიების პროგრესი. ამასთან, არსებითია, გამოძიება წარმოებდეს სწორი კვალიფიკაციით, რაც, საიას შეფასებით, არის სსკ 1441, 1442, 1443 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების კვალიფიკაცია“ – წერს საია.

________________

ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში, 2024 წლის 3 დეკემბერი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI

რუსეთის 2 361 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს 2024 წელს – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა რუსეთის 2 361 მოქალაქეს.

საქსტატი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს ეყრდნობა.

რუსეთის ფედერაცია პირველ ადგილზე იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა.

საქსტატის მონაცემებით, 2015 წლიდან 2024 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 24 866 მოქალაქეს მიენიჭა.

ამავე მონაცემებით, არ არის მითითებული ირანის ისლამური რესპუბლიკის რამდენ მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. სტატისტიკური მონაცემების ქვემოთ მითითებულია, რომ „მონაცემი კონფიდენციალურია“.

წყარო: საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით:

მთლიანობაში, გასულ 2024 წელს, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3 587 პირს. აქედან 2 739-ის დაბადების ადგილია საქართველო, 844-ის – სხვა ქვეყანა, ხოლო 4 პირის შემთხვევაში – არ არის მითითებული.

გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა 1 592 პირს. აქედან 1 177-ის დაბადების ადგილია საქართველო, 414-ის სხვა ქვეყანა, ხოლო 1-ის არ არის მითითებული.

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 აპრილის 21 საათიდან 26 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 27 და 28 აპრილს წვიმაა მოსალოდნელი.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

პავლოგრადში 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი – რუსეთის მორიგი თავდასხმა უკრაინაზე

25 აპრილს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინაში დრონებით შეუტია დნეპროპეტროვსკის ოლქს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა დასახლებულ პუნქტებში.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის შეტევის შედეგად პავლოგრადში 3 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. დაღუპულთა შორისაა 15 წლის მოზარდი გოგო.

ასევე, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა კიევში. მაშველებმა დაასრულეს მუშაობა 24 აპრილს, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად  დანგრეულ მრავალბინიან სახლთან – ბოლო ინფორმაციით დაიღუპა 12 ადამიანი, დაშავდა – 87.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, კიევზე თავდასხმა ჩრდილოეთ კორეის წარმოების ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 946 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
  • ტანკი – 10 703 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 22 315 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 26 895 ერთეული [+72]
  • MLRS – 1 372 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 144 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 33 779 ერთეული [+119]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 196 ერთეული [+48]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 45 906 ერთეული [+151]
  • სპეცტექნიკა – 3 860 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 661 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 53 430 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 604 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 006 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 546 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 24 045 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 490 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პავლოგრადში 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი – რუსეთის მორიგი თავდასხმა უკრაინაზე

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რას ფიქრობს ხალხი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე? – გამოკითხვა ბათუმში

რას ფიქრობს ხალხი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე ბათუმში? – ნახეთ ქუჩის გამოკითხვა.

რას ფიქრობს ხალხი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე? - გამოკითხვა ბათუმში

ბათუმში ახალი ბინების 40 %-ს უცხოელები ყიდულობენ, გაყიდვები 12%-ით გაიზარდა – „კოლიერსი“

2025 წლის მარტისთვის ბათუმში ახალაშენებული საცხოვრებელი ბინების საშუალო ფასი 4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1170 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 22.5%-ით – კვ.მეტრზე 1149 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

გასული წლის მარტთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა გაყიდვებიც. 12%-ით არის გაზრდილი ახალაშენებული ბინების გაყიდვები, ძველი ბინების შემთხვევაში კი 46.5%-იანი კლება დაფიქსირდა.

უძრავი ქონების ბაზრის მონაცემები საკონსულტაციო კომპანია „კოლიერს ჯორჯიამ“ განაახლა. კომპანიის კვლევა საცხოვრებელი ბინებისა და აპარტამენტების იმ მონაცემებს აერთიანებს, რომლებიც საჯარო რეესტრში უკვე დაარეგისტრირეს.

წინა წელთან შედარებით ციფრები მზარდია, თუმცა მკვლევრების განმარტებით, ეს მონაცმები არ გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი უძრავი ქონების ბაზარზე ნეგატიურად არ ასახულა.

„კოლიერს ჯორჯიას“ მონაცმებით, 2025 წლის მარტში ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა და 1 233 ერთულია, ბაზრის ზომა კი 4.9%-ით 64 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

„კოლიერსის“ კვლევისა და მონაცემთა სერვისების გუნდის ხელმძღვანელის, ლეო ჩიქავას შეფასებით, 2025 წლის მარტის შედეგი ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვები მეორე საუკეთესო შედეგია.

„ზოგადად ტენდენციას რომ შევხედოთ, ტრანზაქციების რაოდენობით მარტში წინა წელთან შედარებით 6 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება. პირველ კვარტალში გვაქვს 5 პროცენტიანი ზრდა. 2024 წელს, წინა 2023 წელთან შედარებით იყო მნიშვნელოვანი შემცირება – 26 პროცენტი. 2025 წლის პირველი კვარტალი ბათუმში არ არის პიკური შედეგი, თუმცა არის მეორე საუკეთესო შედეგი. პიკური შედეგი 2023 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა ტრანზაქციების რაოდენობით.

თუ შევხედავთ ახალი პროექტების ფასებს, პირველ კვარტალში ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება და 8.5 პროცენტია, ეს არის იმაზე მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე შარშან – გასულ წელს იყო ხუთი პროცენტი. თუმცა პიკურ წელს, ანუ 2023 წელს რომ შევხედოთ, მაშინ იყო ყველაზე დიდი – 30 პროცენტიანი ზრდა. შეგვიძლია, ზოგადად ბაზრის ზომას შევხედოთ: პირველი კვარტალი იყო საკმაოდ სუსტი 2024- ში ბათუმში და იყო ბაზრის ზომის 19-პროცენტიანი შემცირება. ამ ფონზე, წელს 12 პროცენტიანი ზრდა არის შარშანდელთან შედარებით. 2023 წლის შემდეგ ჯერ კიდევ საუკეთესო წლად ითვლება“.

მიუხედავად ზემოთ მითითებული მონაცემებისა, რაც ძირითადად ზრდის ტენდენციებზე მიუთითებს, ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი უძრავი ქონების გაყიდვებსა ინვესტიციის შემოდინებაზე უარყოფითად არ აისახა.

„რთული სათქმელია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი არ ასახულა გაყიდვებზე ნეგატიურად: შემცირებულიყო მაჩვენებლები, ტრანზაქციები ან ფასები, მაგრამ სავარაუდოდ აისახა – უკეთესი შედეგი გვექნებოდა. ბათუმი არის ქალაქი, სადაც ტრანზაქციების 40 პროცენტს უცხოელები ყიდულობენ. სავარაუდოა, რაღაც ნაწილისთვის გაზრდილიყო რისკის აღქმა და, შესაბამისად, აღარ განეხორციელებინათ ტრანზაქციები“, – განმარტავს ლეო ჩიქავა.

„ალიანსი“ ერთ-ერთი მშენებარე პროექტი ბულვართან ახლოს

განსხვავებული სურათია ძვირადღირებული პროექტების შემთხვევაში, ექსპერტების განმარტებით, განსაკუთრებით იმ პროექტებში, სადაც მშენებელმა კომპანიებმა მართვაში ბრენდების შემოყვანა შეძლეს.

ბათუმში მიმდინარე მაღალბიუჯეტიან პროექტებს შორის ერთ-ერთია „ალიანს ცენტროპოლისი“. კომპანიის ინფორმაციით, მისი საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონი დოლარია. პროექტი ბათუმის სანაპიროზე სამი თაუერის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც ერთი საერთო შენობა გააერთიანებს. კომპანია ვებგვერდზე წერს, რომ ამ თაუერებში სასტუმრო „Hyatt Centric Boulevard Batumi“-ის საინვესტიციო აპარტამენტები, World Trade Centre-ი (WTC) და 24 მასშტაბური ინფრასტრუქტურულ სივრცე უნდა გაერთიანდეს.

მსგავს პროექტებში სასტუმრო აპარტამენტების ფასი გაცილებით მაღალია. ჩვენ რამდენიმე კომპანიას, მათ შორის „ალიანსს“ მივმართეთ, როგორც მომხმარებელმა. გაყიდვების მენეჯერებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ზღვასთან  მსგავს პროექტებში 1 კვ.მეტრის ფასი 2500 დოლარიდან იწყება და იზრდება.

იგივე ტენდენციაა ქობულეთში, ურეკში, შეკვეთილში, ყველგან, სადაც ზღვაა.

მაგალითად:

ბათუმში, ზღვასთან ახლოს „ალიანს ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მასშტაბურ პროექტში ერთი კვადრატული მეტრის ფასი 2800 დოლარიდან იწყება. ქალაქის ცენტრში, ბულვართან და ზღვის სანაპიროსთან ახლოს, კომპანია მშენებარე კომპლექსში აპარტამენტებს ყიდის. აქ ფასი სიმაღლის და ხედების მიხედვით იცვლება და 4800 დოლარამდე აღწევს.

კომპანია მრავალფუქციურ კომპლექსს აშენებს ქობულეთის სანაპიროზეც. ამ კომპლექსში 51-ე სართულზე, საიდანაც ქობულეთის სანაპირო გამოჩნდება ერთსაძინებლიანი აპარტამენტის [54.15 კვ.მ] ფასი 202 791 დოლარია. 25-ე სართულზე კი ერთსაძინებლიანი [64.75 კვ.მ] აპარტამენტი 121 082 დოლარი ღირს.

ფასები გაზრდილია ბათუმის არაცენტრალურ ნაწილშიც, მაგალითად გიორგი ბრწყივალეს ქუჩაზე, მშენებლობის საწყის ეტაპზე, 1 კვ.მეტრი საცხოვრებელი ბინის ფასი 800-1000 დოლარიდან იწყება.

რატომ ვერ გააფორმა „ოცნებამ“ ხელშეკრულება ჩინეთთან ანაკლიის პორტის მშენებლობაზე – ინტერვიუ

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გამოაცხადა. თუმცა ერთი წლის შემდეგაც, ჯერ კიდევ არაა გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს ხელისუფლებასა და კონსორციუმს შორის.

უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მიმდინარე წლის 8 აპრილს თქვა, რომ „შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და პროცესი ჯერ არ დასრულებულა“.

რა ინტერესები აქვს შავ ზღვაზე ჩინეთს, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორ აისახება ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე თუ ჩინურ-სინგაპურულ სახელმწიფო კომპანიას გაუფორმებს საქართველოს ხელისუფლება ხელშეკრულებას?

რა საფრთხეს უქმნის შავი ზღვის უსაფრთხოებას რუსეთის მცდელობა, ანაკლიიდან დაახლოებით 40 კილომეტრით მდებარე ოჩამჩირის პორტში მრავალფუნქციური ლოჯისტიკური ჰაბი გააკეთოს და რამდენად აზიანებს ოკუპანტი ქვეყნის ინტერესები ანაკლიის პორტის პროექტს?

„ბათუმელები“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარეს, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს ესაუბრა. თინა ხიდაშელი წლებია იკვლევს და აკვირდება ჩინეთის საქმიანობას საქართველოში.

  • ქალბატონო თინა, რა პოლიტიკური ინსტრუმენტია ანაკლიის პორტი რუსეთისთვის, ჩინეთისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისათვის?

რუსეთის შემთხვევაში ყველაზე მარტივია პასუხი. მისი ამოცანაა შავ ზღვაზე სრული დომინაცია შავი ზღვის იმ ადგილებში, სადაც საბჭოთა დომინაცია იყო. გასაგებია, რომ თურქეთს ის ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ამოცანა მარტივია, რაც შეიძლება მინიმალიზება მოხდეს თურქეთის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის დასავლური სამყაროს ინტერესების და შესაძლებლობების გაფართოების შავ ზღვაზე.

ყირიმის და აფხაზეთის ოკუპაციის ფონზე, რა თქმა უნდა, მათი მადა კიდევ უფრო გაზრდილია.

ამიტომ აქ ერთმნიშვნელოვანი ინტერესია.

ამასობაში ძალიან კარგად ხვდებიან რუსები, რომ საქართველოში ჯერ კიდევ დიდი ხანი არ იქნება ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ მათ მიანიჭებს რაიმე სახელობით უპირატესობას. ამიტომ, ეს უნდა მოხდეს შუამავლების საშუალებით.

როდესაც არჩევანი გასაკეთებელია, სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში ყველაზე უფრო მისაღები მოთამაშე რუსებისთვის არის სწორედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

ჩინეთის ინტერესი არც თუ ისე რთულად დასანახია, მაშინ როცა „შუა დერეფნის“ პროექტი სულ უფრო და უფრო იკრეფს მომხრეებს და უფრო საინტერესო ხდება. „შუა დერეფნის“ დაგულება თავის გავლენის სფეროდ, რა თქმა უნდა, ჩინეთისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

ცენტრალურ აზიაში რუსეთის ინტერესების ეტაპობრივი ჩანაცვლების კვალობაზე, რასაც წარმატებით ახორციელებს ჩინეთი, კავკასია არის შემდეგი თუ პარალელური ეტაპი. ისინი საქართველოს უყურებენ სწორედ ამ დიდ კონტექსტში. საქართველოს მიმართ ცალკე აღებული რაიმე სპეციფიკური ინტერესი არ აქვს ჩინეთს, მაგრამ საქართველო საინტერესოა შავი ზღვით, როგორც კასპიის დიდი რეგიონის შემადგენელი ნაწილით და ამ გზაზე ერთგვარი ჩამკეტის როლით. შავი ზღვის აღმოსავლეთი მხარე იკეტება სწორედ საქართველოში. შესაბამისად, ნებისმიერი ტვირთის გადაადგილებისთვის ქართული პორტები არის ერთგვარი ბუნებრივი დასასრული, სანამ ისინი დასავლურ ბაზარს მიაღწევენ.

ანაკლიიდან კონსტანცაში ტრანსპორტის უზრუნველყოფა და იქიდან მერე დანარჩენ ევროპაზე გასვლა არის ის გზა, რომელიც შუა დერეფანმა უნდა გაიაროს. შესაბამისად, მანამ, სანამ ამ ქვეყანაში მათთვის სრულიად მეგობრული პოლიტიკა მიმდინარეობს, ჩინეთის ამოცანა იქნება ბოლომდე აითვისონ ეს შესაძლებლობა.

არავინ იცის ხვალ არჩევნები თუ ჩატარდა, როგორი ხელისუფლება მოვა ამ ქვეყანაში. იმედია, რომ უკან დაბრუნდება ამერიკულ-ევროპული ორიენტაცია, პრიორიტეტებიც შეიცვლება და დაბრუნდება ნორმალური განვითარების პროცესში.

ამ არალეგიტიმური ხელისუფლებისგან მაქსიმუმის მიღება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩინეთისთვის. ამიტომ არიან ისინი გააქტიურებული. არასოდეს, ამ წლების განმავლობაში, ჩინეთის საელჩო საქართველოში არ ყოფილა ისეთი აქტიური და პროაქტიული როგორიც ახლაა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ არის მომენტუმი შექმნილი, რომლითაც უნდათ ისარგებლონ, რომ მაქსიმალურად დაიგულონ თავისად ყველაფერი სტრატეგიული, რაც კი საქართველოდან შეიძლება მიიღონ და ეს არ არის მხოლოდ პორტი.

ეს არის ასევე ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელსაც ღარიბაშვილი თავისი პრემიერობის დროს დაჰპირდა ჩინელებს. რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელსაც ასევე შეჰპირდა მათ ღარიბაშვილი.

ამიტომ გაცილებით დიდია ეს სეგმენტი, ვიდრე მხოლოდ პორტი. თუმცა პორტი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

რაც შეეხება ამერიკელებს, მოდი დავარქვათ ამას დასავლეთი, ვგულისხმობ ევროკავშირს. როდესაც ვაჭრობაზე ვლაპარაკობთ, ვსაუბრობთ ჩინეთისა და დასავლეთის ვაჭრობაზე. ამიტომ აქ ორივე მხარე მნიშვნელოვანია, შავ ზღვაზე, განსაკუთრებით იმ კონკურენტულ პირობებში, რომელიც თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არის. მხოლოდ რუსეთში არაა საქმე. შავ ზღვაზე არის კონკურენცია თურქეთთანაც.

როდესაც ხარ ზე სახელმწიფო და გაქვს მსოფლიო სავაჭრო ბაზრებზე დომინაციის პრეტენზია, ნებისმიერი მსგავსი გასასვლელი, ჭიშკარი, რომელიც არსებობს, ვაჭრობისთვის, ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ყოველთვის საინტერესოა.

შავ ზღვაში კონკურენცია არ არის იმ მასშტაბის, როგორიცაა, მაგალითად, ხმელთაშუა ზღვაში ან ბალტიის ზღვაში, მაგრამ ეს კონკურენცია მაინც არსებობს.

შავი ზღვა საინტერესოა იმ პრობლემებით, რომელიც ამ გეოგრაფიულ არეალში არსებობს, განსაკუთრებით რუსეთის მიერ შექმნილი, მაგრამ არა ექსკლუზიურად რუსეთის გამო. ეს პრობლემები სძენს მას ერთგვარ მიმზიდველობასაც, რადგან რაღაც გამარჯვებები სტრატეგიულ გეოგრაფიებში დიდი სახელმწიფოებისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ხოლმე.

  • გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს დასავლეთის ინტერესი შავი ზღვისადმი, რამდენად შესაძლებელია დაუშვას დასავლეთმა, რომ ჩინეთის ხელში მოხვდეს ეს მნიშვნელოვანი ბერკეტი?

ტექნიკურად, პირდაპირი მნიშვნელობით, დასავლეთს ამას არავინ ეკითხება, საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას არჩევანი ჩრდილო-აღმოსავლეთით აქვს გაკეთებული და არა დასავლეთით, ამასთან დასჩემდათ ჯიბრზე მოქმედებები, შეიძლება უცებ აღმოვჩნდეთ ამ სამწუხარო რეალობის წინაშე. არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ.

მაგრამ სრულიად ცალსახაა ერთი რამ – 2024 წლის 28 მაისს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი გამოაცხადეს ერთადერთ დარჩენილ მოთამაშედ ანაკლიაში, იმის შემდეგ ერთი წელი გავიდა, მაგრამ ოფიციალური გამარჯვებული გამოვლენილი არ არის და ხელშეკრულება გაფორმებული არაა.

ხელისუფლება მუდმივად ანაცვლებს ვადებს – ჯერ იყო 2024 წლის ზაფხული, მერე თქვა ოქტომბერი, მერე 2025 წლის იანვარი, მერე მარტი და ახლა თქვეს, რომ უახლოეს მომავალში, ზაფხულში… ანუ კიდევ გადაიწია. ეს არის იმის დადასტურება, რომ გარკვეული მნიშვნელოვანი ბერკეტი დასავლეთს ჯერ კიდევ უჭირავს ხელში. მიუხედავად სრულიად შეცვლილი და შემობრუნებული საგარეო პოლიტიკური განაცხადისა, დე ფაქტო ხელისუფლება მაინც ხვდება, რომ ანაკლიის ჩინელებისთვის მიცემა იქნება ჩაჭრა, შემობრუნების, საერთოდ რაიმე შანსის გარეშე.

იმის მიუხედავად ისინი როგორ იქცევიან, რას ლაპარაკობენ, რა გადაწყვეტილებას იღებენ, სრულიად ერთმნიშვნელოვანია, რომ თუ შანსი დაინახეს, განსაკუთრებით ამერიკელებთან ურთიერთობის შემობრუნების, ისინი ამ შანსს ჩაეჭიდებიან. კარგად ხვდებიან, რომ ანაკლიის ჩინეთისთვის მიცემა საბოლოოდ ჩაჭრაა ამ შესაძლებლობის. და ეს არის ერთგვარი ბერკეტი, რომელიც გამოსაყენებელია იმისათვის, რომ უზარმაზარი გეოპოლიტიკური ფუნქციის დაკარგვის რისკის წინაშე არ აღმოჩნდეს ქვეყანა, როგორც „ქართული ოცნების“ დანატოვარი მემკვიდრეობის.

  • ანაკლიის პროექტში, კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურსში, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის უპირატეს მონაწილედ გამოცხადებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ პირველი ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა 8 აპრილს თქვა, რომ „შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და პროცესი ჯერ არ დასრულებულა“. ეს განცხადება რას ნიშნავს თქვენთვის?

ეს არის უკან დახევა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რაც მოჰყვა შედეგად იმ ძალიან ბევრ მცდელობას, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვახორციელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, რომ როგორმე შევაყოვნოთ, დავაყოვნოთ, გავაჩეროთ, ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება და შესაბამისად ამ გადაწყვეტილებების შედეგები საქართველოსთვის, რაც ანაკლიის ჩინელებისთვის გადაცემას შეიძლება მოჰყვეს.

პირველი შედეგი ჩვენ ვნახეთ სწორედ მაგ დღეს, როდესაც ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ ლევან დავითაშვილმა ერთგვარად უკან დაიხია – მანამდე თებერვალში, BMG-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლამის რიცხვებით გველაპარაკებოდა, როცა თქვა, რომ „აპრილის დასაწყისში ხელშეკრულებას გავაფორმებთო“.

უკან დახევა უკვე სახეზე გვაქვს. ეს ძალიან კარგია, მისასალმებელია და იმედია ეს ასე გაგრძელდება.

  • ანაკლია დაახლოებით 40 კილომეტრით არის დაშორებული ოჩამჩირიდან. თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს რუსეთის ინტერესები ოჩამჩირეში (რუსეთი ცდილობს ოჩამჩირის პორტი მრავალფუნქციურ ლოჯისტიკურ ჰაბად აქციოს, როგორც სამხედრო, ისე კომერციული ხაზით) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე?

ძალიან დიდს და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.

ზუსტად ამაშია ანაკლიის პორტის დასწრების მთელი ამოცანაც. 2020-ში ანაკლია რომ აშენებულიყო, გაცილებით მინიმალიზებული იქნებოდა საფრთხეები, რომელიც ოჩამჩირიდან შეიძლება მომდინარეობდეს. რაც უფრო იწელება ანაკლიის პორტის ამოქმედება, მით უფრო იზრდება საფრთხეები.

თუ ჩვენ დაგვასწრო რუსეთმა და ოჩამჩირეში სრულფასოვანი, დასრულებული ვერსია შემოგვთავაზეს პორტის, ეს იქნება სერიოზული გამოწვევა, ნებისმიერი, საკუთარი თავის პატივისმცემელი კომპანიისთვის, გადაწყვიტოს შემოვიდეს ანაკლიაში.

ჩვენ რეალურად ვლაპარაკობთ ძალიან მცირე დაშორებაზე, ამ ორ წერტილს შორის, რაც უსაფრთხოებისთვის შეიძლება სერიოზული პრობლემების მატარებელი იყოს.

მე იმედი მაქვს, რომ იმ ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება და იმ უბედურებების კვალობაზე, რომელშიც რუსეთმა საკუთარი თავი გახვია, მათ უბრალოდ ადამიანური და ფინანსური რესურსი არ ეყოფათ იმისათვის, რომ ოჩამჩირეს სრულფასოვნად მიხედონ და იქ პორტი საბოლოოდ რეალიზდეს. ეს იქნება სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევა, არ არის გადაულახავი, მაგრამ პრობლემა იქნება.

  • შავი ზღვის 6 ქვეყნიდან (საქართველო, თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი და რუსეთი), შავი ზღვის უსაფრთხოებას საფრთხეს რეალურად უქმნის რუსეთი. ამასთან, რუსეთი ცდილობს ოჩამჩირის პორტი მრავალფუნქციურ ლოჯისტიკურ ჰაბად აქციოს, როგორც სამხედრო, ისე კომერციული ხაზით. რა გავლენა ექნება ამას საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე?

ნებისმიერი ახალი რუსული სამხედრო წერტილის გაჩენა ნებისმიერ გეოგრაფიაში არის უსაფრთხოების გამოწვევა ცივილიზებული სამყაროსთვის. ეს უდავოა. შავ ზღვაზე თუ ვისაუბრებთ, ყველაფერი დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, რით დასრულდება ყირიმის თემა.

თუ ყირიმზე სრული პატრონაჟი აიღო რუსეთმა და საკუთარი ამოცანის შესრულებას მიაღწია, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ იმის გათვალისწინებით, რომ მათი რესურსები შეზღუდულია, ისინი შავ ზღვაზე ორი, სრულფასოვანი პორტისთვის იმ ფუნქციის მიცემას ვერ შეძლებენ, რაც ამ ტიპის პორტს უნდა ჰქონდეს.

ამიტომ არსებობს მოლოდინი, რომ რუსების მობილიზება მოხდება ყირიმის მიმართულებით და იქ უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გაძლიერება, გამყარება, გაფართოებაზე.

მაგრამ ეს იმ პირობებში, თუკი იქ რამე ტიპის ლეგიტიმაციას მიაღწიეს. მე იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ თუ ეს მოხდა, ტვირთების მაქსიმალურ მობილიზებას და გადაზიდვას გამოიწვევს ყირიმისკენ. დროის რაღაცა მონაკვეთში მაინც. სხვა ტერიტორიებისთვის და წერტილებისთვის მათ რესურსები არ ეყოფათ, მაგრამ ეს საშუალოვადიანი თემაა. გრძელვადიანად უფრო ფართო კონტექსტში უნდა დავინახოთ ეს საკითხი.

ოჩამჩირე იქნება ეს თუ გუდაუთა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ამ წუთას უკრაინასთან რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და მერე ამ ფონზე ეს რა გავლენას მოახდენს აფხაზეთთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ მისაღებ გადაწყვეტილებებზე.

ერთი დიდი სურათის ნაწილი ვართ ჩვენც. ისე ვერ იქნება, რომ საქართველომ თავის გზით იაროს და მთელმა დანარჩენმა სამყარომ – თავისი გზით. ამიტომ იმაზე მეტად გადაება უკრაინა-საქართველოს თემა ერთმანეთს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა თუნდაც ომის დაწყების მომენტში.

დაველოდოთ, როგორც ჩანს, პროცესი იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რაღაც შემთხვევაში შუალედური გადაწყვეტები შემდეგი ერთი თვის განმავლობაში სახეზე იქნება.

  • შავი ზღვა ნატოს ალიანსისთვის ისევ სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია? თუ კი, ეს როგორ აისახება ჩვენზე?

2016 წელს, ვარშავის სამიტზე აღიარა ნატომ საბოლოოდ შავი ზღვის, როგორც მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ზღვის კონცეფცია. 2016 წლის დეკლარაციის თითქმის ნახევარი მიეძღვნა შავ ზღვას და ეს იყო მნიშვნელოვანი გარღვევა ჩვენთვის და ძალიან სასარგებლო. იმის შემდეგ, სამწუხაროდ, კონკრეტული ქმედებების თვალსაზრისით დიდად არაფერი მომხდარა. უკრაინაში აგრესიის პირობებში პრობლემა უფრო დამძიმდა.

წინ არის ნატოს სამიტი. ჯერჯერობით დოკუმენტები არაა ცნობილი. ვფიქრობ, ამის მიზეზი ისიც არის, რაზეც ვისაუბრე. ბევრი რამე იქნება იმაზე დამოკიდებული, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საბოლოოდ რა პოზიციაზე ჩამოყალიბდება უკრაინასთან დაკავშირებით. როგორ დასრულდება რუსული აგრესია – შუალედური მოგვარებით, ცეცხლის შეწყვეტით თუ კონფლიქტის გაყინვით.

ვფიქრობ, ეს არის მიზეზი, რატომაც სამიტამდე ორი თვით ადრე არ ვიცით არაფერი. არცერთი დოკუმენტის პროექტიც კი არაა ცნობილი. დარწმუნებული ვარ, ჰააგის სამიტის დოკუმენტებში შავი ზღვა აუცილებლად მოხვდება, მაგრამ როგორ მოხვდება და მისი პოზიციონირება რა იქნება: იქნება იმავე ხაზის გაგრძელება, რაც ვარშავაში დადასტურდა, იქნება გადახვევა ამ ხაზიდან ან უფრო მეტი ან უფრო ნაკლები მნიშვნელობის მინიჭება -ეს იქნება დამოკიდებული აუცილებლად იმაზე, ამ ერთი თვის განმავლობაში ვაშინგტონის პოზიციები როგორ ჩამოყალიბდება უკრაინასთან, ყირიმთან მიმართებაში.

  • ჩინეთის ინტერესი მსხვილი უცხოური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ რაზე მიანიშნებს? რისთვის სჭირდება ჩინეთს ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში?

ვფიქრობ, დღეს ეს ისეა ნათელი, როგორც არასდროს. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ყველაზე კარგად გამოჩნდა რამხელა ფუნქცია აქვს ვაჭრობას საერთაშორისო პოლიტიკაში და სახელმწიფოების გეოპოლიტიკურ პოზიციონირებასთან მიმართებაში. გასაგებია, რომ რუსეთი ისევ ტანკებით იბრძვის, მაგრამ რუსეთის გარდა პრაქტიკულად ტანკებით აღარავინ არ იბრძვის. ბრძოლის იარაღები და ინსტრუმენტები ძირითადად გადის ეკონომიკურ, სავაჭრო, საინფორმაციო, ტექნოლოგიურ სივრცეებში. აქ, ამ სივრცეებში გადაინაცვლა ომში გამარჯვება-დამარცხების სტრატეგიებმა და წარმატება-წარუმატებლობის ფორმულებმა.

ჩინეთის გრძელვადიანი ამოცანები “ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივა“(BRI) პროექტის გამოცხადების დროს გაცხადდა.

დღეს ყველაზე უფრო ნათლად ჩანს, რა შედეგების მოტანა შეეძლო მას, სრულფასოვნად რომ ამოქმედებულიყო 2016 წლიდან. 10 წლის განმავლობაში ისინი პრაქტიკულად სრულ ეკონომიკურ დომინაციას მოიპოვებდნენ, მინიმუმ ორ კონტინენტზე – აფრიკასა და ლათინურ ამერიკაზე და მნიშვნელოვანწილად, ასევე, ევრაზიაზე.

ჩინელებმა ვერ შეძლეს იმ ამბიციური გეგმის განხორციელება, რომელიც მაშინ ჰქონდათ დასახული. ახლა რეალურად სხვა ვითარებაა, ვიდრე ეს იმ ქაღალდებზე ეწერა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მოქმედებდნენ.

მართალია, ვერ იმოქმედეს იმ გაქანებით, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს და მნიშვნელოვანი დომინაცია მოიპოვეს მსოფლიოში მთავარ ინფრასტრუქტურაზე: იქნება ეს გზები, სარკინიგზო მიმოსვლა, პორტები… უამრავი წერტილია დედამიწაზე, სადაც როგორი ურთიერთობები იქნება ჩინეთსა და სხვა მთავარ მოთამაშეებს შორის, ამით განისაზღვრება ის, თუ იმ სხვა მოთამაშეების სავაჭრო პოტენციალი რა იქნება. იმიტომ, რომ უბრალოდ არ გაატარებს ტვირთს, ან რაღაცა ტიპის სანქციებს შემოიღებს, ან განსხვავებულ ტარიფებს შემოიღებს…

ვფიქრობ, რომ რაც უფრო სწრაფად გამოფხიზლდება ევროკავშირი, როგორც რუსეთთან, ისე ჩინეთთან ურთიერთობაში, პრაგმატული, საკუთარი უპირატესობით ნაკარნახევი პოლიტიკის წარმოების წარმატებისთვის, მით უფრო ნაკლები პრობლემები ექნება ხვალ და ზეგ სამყაროს ავტორიტარული სახელმწიფოების მომძლავრების შესაჩერებლად.

თუ ყველაფერი იმ სცენარით წარიმართა, როგორც ახლა მიდის, ერთი წუთით უკრაინის თემა რომ გვერდზე გადავდოთ, [ჩვენი მთავარი ტკივილი ეგ არის] და სხვა დანარჩენ საკითხებს შევხედოთ, იგივე ჩინეთთან სატარიფო პოლიტიკა, საგარეო დახმარება და ა.შ. – 4 წლის შემდეგ ევროპა იქნება მადლიერი, ტრამპის და მისი ადმინისტრაციის, რადგან გაცილებით უფრო ძლიერი იქნება 4 წლის თავზე ევროკავშირი, ვიდრე გუშინ. მოტივაცია გაუჩნდა მას, რომ საკუთარი პოტენციალი და სიძლიერე აჩვენოს, დაამტკიცოს, წინა პლანზე წამოწიოს. მიძინების ფაზა დამთავრდა.

ამიტომ ეს არ არის ცუდი ამბავი. მაგრამ ახლა ჩვენი პრობლემაა მთავარი, ამ ყველაფერს ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება ჰქონდეს ჩვენნაირი, წინა ხაზზე მყოფი ქვეყნებისთვის.

  • საქართველო თავისი მდებარეობით, პორტებით და შუა დერეფნის სატრანზიტო მარშრუტით, შუა აზიის ქვეყნებს (მაგალითად, ყაზახეთს) აკავშირებს ევროკავშირის ბაზართან. თუ ანაკლიაში ჩინეთი შემოვიდა მაღალი წილით, რას ცვლის ეს ჩინეთისთვის, რას ცვლის ევროკავშირისთვის და რას ცვლის საქართველოსთვის?

იმათთვის არაფერს ცვლის, ჩვენთვის ცვლის. არ ცვლის იმიტომ, რომ გასაგებია – ჩინეთის პოზიციები მყარდება, ევროკავშირის მყარდება, შუა დერეფანი, ისევე როგორც ჩრდილოეთის დერეფანი, ავტორიტარული მმართველობის ქვეშ გადადის. ჩრდილოეთის დერეფანი რატომ არ უნდა ცივილიზებულ, დემოკრატიულ სამყაროს? იმიტომ, რომ ჩრდილოეთის დერეფანზე უპირატესობა აქვს რუსეთს და არ უნდა რუსეთის შანტაჟის ქვეშ იყოს.

თუ შუა დერეფანიც ასევე ავტორიტარული სახელმწიფოს დომინაციის ქვეშ გადავიდა, ხვალ და ზეგ ეს საკითხიც დადგება, რომ უკვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შანტაჟის ქვეშ არ უნდათ ყოფნა. ჩვენთვის ცვლის ყველაფერს, თორემ დასავლეთისა და ჩინეთისთვის – არა.

ამ შემთხვევაში საქართველო უღალატებს დასავლეთს, ერთმნიშვნელოვნად აირჩევს მხარეს და ჩადგება ავტორიტარიზმის ჯაჭვში. ყველაზე სერიოზული ცვლილება იქნება ჩვენთვის, როდესაც ყველანაირი ინტერესი და სტრატეგიული კავშირები საქართველოსთან მიმართებაში წარსულის კუთვნილება გახდება. მაგ შემთხვევაში რა ფასი აქვს საქართველოს? განსაკუთრებით იმ ტიპის სამყაროში, როგორიც ტრამპის მმართველობის პირობებში იქმნება, როდესაც ყველაფერი ითვლება და ეს პოლიტიკა უკიდურესად პრაგმატული გახდა.

ამიტომ ჩვენთვის სამყარო ამობრუნდება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

  • უშვებთ, რომ შეიძლება საქართველოს მთავრობამ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მოაწეროს ხელშეკრულებას ხელი? 

ეს ძალიან რთული კითხვაა. იმდენად უპასუხისმგებლოა თბილისში ის ხალხი, ვინც თავის თავს ხელისუფლებას ეძახის, იმდენად კონცენტრირებული არიან ძალაუფლების შენარჩუნებაზე და არა ამ ქვეყნის გრძელვადიან ამოცანებზე, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ ჩემი ამოცანა პირადად ის არის, რომ მათაც, ვაშინგტონსაც დავანახოთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება საბოლოოდ ყველას გაანადგურებს, მათ შორის ქართულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ინტერესებსაც.

მათ ხომ [„ოცნებას“] სახელმწიფო არ აინტერესებთ. მათ აინტერესებთ საკუთარი თავი ძალაუფლებაში. თუმცა ვფიქრობ, ისინიც უნდა ხედავდნენ, რომ ამ ძალაუფლებას დაკარგავენ, თუ საქართველოს ფასი გაუფასურდება საერთაშორისო ასპარეზზე. იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერზე შეიძლება წავიდნენ, მაინც იმედი მაქვს, რომ პრაგმატიზმი გადაძალავს და დაინახავენ, რომ ყველაფერს კარგავენ ამ გადაწყვეტილების მიღებით.

მოკლე პერიოდში ამით კი შეიძლება ძალაუფლება შეინარჩუნონ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველაფერს დაკარგავენ.

როდის გაიხსნება ბათუმში გადაკეტილი რუსთაველის ქუჩა – აქ ფილებს კანონდარღვევით ჭრიან

ბათუმში  რუსთაველის ქუჩა ნაწილობრივ ჩაკეტილია. აქ ფილაქანი აყარეს და ასფალტს აგებენ. პარალელურად ბორდიურებს აწყობენ და ტროტუარებზე ფილებს აგებენ.

ქუჩის იმ მონაკვეთებში, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, პერიოდულად სამშენებლო მტვრის ბუღი დგას, რადგან ადგილზე ჭრიან ფილებს, რომლებითაც ბორდიურებს აწყობენ. სამშენებლო მასალების შუა ქუჩაში წესების დარღვევით დაჭრა-დამუშავება ბათუმში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა.

ბათუმი, რუსთაველის ქუჩა, 22 აპრილი. ფოტო: „ბათუმელები“

იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციაზე [ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი] სამმართველოს ტენდერი 12 906 207 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

შესყიდვების პორტალის მიხედვით გამარჯვებულია კომპანია „ბონდი-2009“, რომელთანაც ხელშეკრულება 12 518 999 ლარზეა გაფორმებული 2025 წლის 4 თებერვალს. ხელშეკრულება შესყიდვების პორტალზე 10 თებერვალს გამოქვეყნდა. სწორედ ეს კომპანია აწარმოებს სამუშაოებს რუსთაველის ქუჩაზე 2025 წლის 10 თებერვლიდან.

სატენდერო დოკუმენტებით კომპანიამ სამუშაოები წინასწარ შეთანხმებული გეგმა-გრაფიკით უნდა აწარმოოს, პროექტის დასრულების საბოლოო ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 10 იანვარი.

როდის დასრულდება სამუშაოები რუსთაველის ქუჩაზე [თავდადებულისა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში]? – ამ კითხვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან „ბათუმელებმა“ პასუხი ვერ მიიღო. კომპანია „ბონდი-2009“-ში კი გვითხრეს, რომ სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან მაქსიმუმ 15 ივნისამდე პერიოდში დასრულდება და გზის ეს მონაკვეთი გაიხსნება. 

ზაფხულის სეზონის ოფიციალურად გახსნამდე მიმდინარე სამუშაოები დასრულდება და შემდეგ სამუშაოები შეჩერდება ოქტომბრამდე. ოქტომბრის თვიდან კი რუსთაველის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის [თავდადებულიდან გოგებაშვილამდე] და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყება, რომელიც მომავალი წლის 10 იანვრამდე უნდა დასრულდეს.“ – გვითხრეს კომპანიაში.

ბათუმი, რუსთაველის ქუჩა. 22 აპრილი

 

მეორე ტენდერი 9 415 400 ლარითაა გამოცხადებული იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციაზე [ამ შემთხვევაში პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ივანე ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში]. გამარჯვებულია შპს „გზა“.

ამ დროისთვის რუსთაველზე სამუშაოები მიმდინარეობს მელიქიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის მონაკვეთში. აქაც, „ბათუმელების“ ინფორმაციით, სამუშაოები 2025 წლის მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში უნდა დასრულდეს.

 

მაკრონი: არსებობს მხოლოდ ერთი აგრესორი – რუსეთი და აშშ-ის რისხვა პუტინისკენ უნდა იყოს მიმართული

უკრაინაზე რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, არ დაივიწყონ ვინ არის ნამდვილი დამნაშავე ომში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ამერიკის შეერთებული შტატების რისხვა მხოლოდ პუტინისკენ უნდა იყოს მიმართული”.

მაკრონმა დასძინა, რომ “საფრანგეთის პოზიცია მუდმივია და არ შეიცვლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო სამართლის პატივისცემით”.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს ვცემთ საერთაშორისო სამართალს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის უფლების დაცვას, იცხოვროს მშვიდობიანად მათ ტერიტორიაზე და მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – აღნიშნა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა პუტინს „შეწყვიტოს ტყუილი“.

“ის ამბობს “მე მინდა მშვიდობა”, მაგრამ აგრძელებს უკრაინაში ხალხის დაბომბვასა და მკვლელობას. თუ ის განაცხადებს თანხმობას, ხვალ ჩვენ უკვე გვექნება ცეცხლის შეწყვეტა”, – დასძინა მან.

24 აპრილის ღამეს უკრაინა რუსების მასიური თავდასხმის ქვეშ იყო. საერთო ჯამში, რუსეთმა უკრაინაში გაუშვა 215 სხვადასხვა ტიპის რაკეტა და დრონი, მთავარი შეტევა იყო კიევზე, სადაც უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის 112 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდო.

აფხაზეთი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებას განიხილავს – ალხას კვიცინია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი მოსკოვში რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებას განიხილავს. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აფხაზეთი და რუსეთი გამჭვირვალედ განიხილავენ უსაფრთხოების ყველა ასპექტს… აფხაზეთის საზოგადოებას ესმის, რომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოება ჩვენი მშვიდობის გასაღებია“, – ამბობს რუსულ პროპაგანდისტულ მედია რია ნოვოსტისთან ინტერვიუში ალხას კვიცინია.

პროპაგანდისტი ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავენ თუ არა სოხუმი და მოსკოვი აფხაზეთში მეორე რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესაძლებლობას – ალხას კვიცინია პასუხობს:

„დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე მე-7 რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული, რაც უკვე არის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარი ფაქტორი.

რაც შეეხება მეორე ბაზას, მსგავსი კითხვა პრესაში დაისვა საზღვაო თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით. საუბარია ქალაქ ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო ფლოტის სარემონტო-ტექნიკურ ბაზაზე. თუმცა ამას კლასიკური გაგებით „ახალ ბაზას“ არ დავარქმევდი. ყველაფერი ალიანსისა და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ 2009 წლის მოქმედი ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში ხდება.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აფხაზეთი და რუსეთი გამჭვირვალედ განიხილავენ უსაფრთხოების ყველა ასპექტს.

რუსული ძალების არსებობა თავდაცვითი ხასიათისაა და მიზნად ისახავს პოტენციური აგრესიის შეკავებას. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველო კვლავ უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერაზე და, შესაბამისად, ასეთი სიფრთხილის ზომები გამართლებულია. აფხაზურ საზოგადოებას ესმის, რომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოება ჩვენი მშვიდობის გასაღებია“, – ამბობს კვიცინია.

22 აპრილს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა, რუსულ პროპაგანდისტულ მედია Tass-თან საუბრისას თქვა, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ხელი მოაწეროს შეთანხმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ.


მთავარ ფოტოზე სოხუმი | წყარო apsnypress

„მზია ამაღლობელის საკითხიც დგას წინა პლანზე“ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ უცხოეთში წერილი დააგზავნა, სადაც ქართველი საზოგადოების მთავარი მოთხოვნებია გაჟღერებული. მათ შორისაა: არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარება, საზოგადოების მხარდაჭერის გაგრძელება და ახალი არჩევნების მოთხოვნა.

ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა დღეს, 24 აპრილს განაცხადა ბრიფინგზე.

„ასევე, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პატიმრების გათავისუფლება. ეს უკვე დიდხანს გრძელდება. მიუღებელია, რომ ცივილიზებულ ქვეყანაში, ჩვენ კიდევ ვთვლით ჩვენს თავს ცივილიზებულ ქვეყნად, ასე უსამართლოდ ისხდნენ ციხეში ახალგაზრდები თუ არა ახალგაზრდები.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მზია ამაღლობელის საკითხიც ასევე, დგას წინა პლანზე, როგორც ჟურნალისტის და არავის არ უნდა დავავიწყოთ მისი სახელი, ამ ძალიან რთულ პირობებში მყოფის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტები ომშიც კი დაცულად გრძნობენ თავს, მაგრამ არა საქართველოში – ემიგრანტი აშშ-დან

პროფესიით ჟურნალისტია და საქართველოდან წასვლამდე პროფესიით მუშაობდა. 33 წლის თამარ ღამბაშიძე გამოცემა On.ge-ს ყოფილი მთავარი რედაქტორია. ის ახლა ემიგრანტია და ბოლო რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს.

თამარმა „ბათუმელებს“ უამბო, რატომ გადაწყვიტა ემიგრაციაში წასვლა; რატომ იყო მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და როგორი იყო საპარლამენტო არჩევნების დღე ნიუ იორკში.

  • თამარ, რატომ და როდის გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა?

„ამერიკაში პირველად დაახლოებით 12 წლის წინ წავედი, მაშინ ბოლომდე არ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ემიგრაციის არჩევა მომიწევდა. უფრო მოგზაურობის სახე ჰქონდა პირველ ჩამოსვლას ამერიკაში. 22 წლის ვიყავი მაშინ. რამდენიმე თვეში დავბრუნდი საქართველოში, იმიტომ, რომ არ ვიყავი მზად ემიგრაციისთვის.

ჩემი პიროვნული და პროფესიული გზა დაკავშირებული იყო მთლიანად ჩემს ქვეყანასთან.

საქართველოში დაბრუნებულმა მალევე დავიწყე ჟურნალისტად მუშაობა. შემდეგ რედაქტორი გავხდი და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენების ცენტრში ვიყავი ყოველთვის. მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ აქტივისტებად ვერ ვგრძნობდით თავს. რაც უფრო შეზღუდეს ჩვენი, როგორც ჟურნალისტების და მედია წარმომადგენლების უფლებები, მით უფრო მივუახლოვდით იმ რეალობას, რასაც ახლა ვუყურებთ…

ის დაცულობა, რაც ჟურნალისტს აქვს ყველგან, ომშიც კი დაცულად გრძნობენ თავს, ჩვენ არ გვქონდა. საქართველოში ჟურნალისტების დაუცველობა მაშინაც იგრძნობოდა, მაგრამ არა ისე მძაფრად, როგორც დღეს.

ერთ-ერთი პირველი მანიშნებელი, რომ სახელმწიფოს ინტერესი ჟურნალისტების დაცვა არ იყო, 2021 წლის 5 ივლისი იყო. ჩემი მეგობრები, ჩემი ძალიან ბევრი კოლეგა მაშინ თავდასხმის მსხვერპლი გახდა. გასაშუქებლად იყვნენ გამოსული, სამართალდამცავებმა კი მაშინ ხელი შეუწყვეს ჟურნალისტების ჯგუფურად ცემას. ამას შეეწირა კიდეც ოპერატორი ლექსო ლაშქარავა.

უშუალოდ 5 ივლისს, ცხადია, ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი და არც მიფიქრია მაშინ, რომ ემიგრაციაში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ეს იყო ის დღე, როცა დაუცველობის და საფრთხის შეგრძნება კიდევ უფრო გამძაფრდა პირადად ჩემთვის, თანამშრომლებისთვის, სხვა კოლეგებისთვის…

მახსოვს, რომ ქუჩაში გასვლა რამდენიმე დღის განმავლობაში მიჭირდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა სავალდებულო აღარ იყო უკვე პირბადის ტარება მეტროში, მაგრამ დიდი პირბადით და სათვალეებით ვმოძრაობდი, იმიტომ, რომ საფრთხეს ვგრძნობდი. ჩემი სახლიდანაც მეტროში რომ ჩავდიოდი, ან ტაქსით მივდიოდი სამსახურში, ვცდილობდი, პირდაპირ ჩემ სამსახურთან არ ჩამოვსულიყავი და ამან ძალიან იმოქმედა ფსიქოლოგიურად. აქედან ძალიან მალევე მივიღე ამერიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება.

ემიგრაციაში წამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო – უსაფრთხოების განცდის დაკარგვა, რისი ქონაც ყველას გვინდა ჩვენს ქვეყანაში.

  • თქვენ შორიდან გიწევთ დააკვირდეთ პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში. რას ფიქრობთ, სად არის ახლა პროტესტი?

როდესაც ემიგრაციაში ხარ, სულ გაქვს განცდა, რომ საკმარისს ვეღარ აკეთებ, იმიტომ, რომ ფიზიკურად მოწყვეტილი ხარ შენს ქვეყანას, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, თანამებრძოლებს, ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება არც კი ვიცნობ, მაგრამ იმდენად გაერთიანებთ ერთი იდეა – ქვეყნის ევროპული მომავალი, ამ ადამიანებს უცხოებად არც მოვიაზრებ.

ამ ეტაპზე მე, როგორც ერთი რიგითი ემიგრანტი, მთლიანად ვიზიარებ ამ პროტესტს და ვუერთდები მოთხოვნებს, რომ ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები – ადამიანები, რომელთა ერთადერთი დანაშაულიც სამშობლოს სიყვარული, თავისუფლებისთვის ბრძოლა და საქართველოსთვის იმ რეალობის შექმნაა, რომელსაც ეს ქვეყანა ისტორიულად იმსახურებს და რომლისკენაც სულ გვქონდა გეზი.

როდესაც ე.წ. რუსული კანონი დააბრუნეს, უკვე ვცხოვრობდი ნიუ ორკში და მარტივად შემეძლო მიმეღო მონაწილეობა სხვადასხვა აქციაში. აქ ემიგრანტების ჯგუფებიც არის და რამდენიმე ადამიანი ყოველთვის აორგანიზებდა ამ აქციებს გაეროს შენობასთან, საელჩოსთან და სხვა. ყველა აქციაზე მივდიოდით მე და ჩემი მეგობრები, მარტოც წავსულვარ…

  • როგორი ფორმები აქვს თქვენს ჩართულობას ამ პროტესტში ემიგრაციიდან და როგორ აისახება ეს თქვენზე?

რაც არ უნდა გავაკეთო, არასდროს არ მაქვს იმის განცდა, რომ საკმარისს ვაკეთებ, იმიტომ, რომ ფიზიკური არ ყოფნა, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი დანაშაულია ასეთ დროს. ჩემი გადმოსახედიდან ოღონდ, ამას არ ვაზოგადებ სხვებზე. შინაგანი განცდა მაქვს, რომ იქ უნდა ვიყო, სადაც ჩემი სამშობლოს უკეთესი და დამსახურებული მომავლისთვის ჩემი მეგობრები იბრძვიან.

ჩემი ახლობლები აქციაზე რომ გადიან ხოლმე და ვსაუბრობთ, ხშირად უთქვამთ, არ ვიცით სახლში დავბრუნდებით თუ არაო. ეს განცდა იმდენად უცხო და თან გასაგებია ჩემთვის, იმის მიუხედავად, რომ მე პირადად ამას არ განვიცდი, იმდენად მესმის მათი… ამაზე რთული ცოტა რამ უნდა იყოს, როცა ზუსტად არ იცი, როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა.

მე ავირჩიე, რომ კონკრეტული მოლოდინები არ მქონდეს, იმიტომ, რომ ჩემი ხედვით, მთავარი ბრძოლა არის ყოველდღიური ბრძოლა – ყოველი დღე, როდესაც გარეთ გადიან მოქალაქეები და უწყვეტი პროტესტის გზას აგრძელებენ, როცა არ წყვეტენ ღირებულებებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლას, რასაც საქართველო და საქართველოში მყოფი ადამიანები იმსახურებენ საკუთარ ტერიტორიაზე. მთავარია ყოველდღიური გადარჩენა, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია, ალბათ.

რთულია, როცა ყოველდღე შენს მეგობრებს, ახლობლებს, თანამებრძოლებს აპატიმრებენ, სცემენ, უსამართლოდ ექცევიან და ეს ერთი მთლიანი სისტემა სამართალდამცავების, პარლამენტარების, ადამიანების, რომლებიც ჩვენ უნდა გვემსახურებოდნენ და ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძოდნენ, მათ წინააღმდეგ იბრძვიან.

ეს შორიდანაც ძალიან რთული საყურებელია, მაგრამ ადგილზე ვინც არიან, იმ ადამიანებისთვის კიდევ უფრო რთულია და ამ ყველაფრის ფონზე ბრძოლის არ შეწყვეტა და ყოველდღიურად სახლიდან გასვლა ისე, რომ არ იცი, დაბრუნდები თუ არა, ჩემთვის არის უდიდესი გმირობის ტოლფასი და თან, ეს მებრძოლები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ჩემი მეგობრები, რომელთაც იგივე რაღაცები უყვართ და უხარიათ, რაც მე.

როცა ერთად ვცხოვრობდით, საქართველოში ვიყავი, ერთად გავდიოდით ამ ყველაფერს და ახლა მათი რეალობა იმდენად არასტაბილურია… ამ ბრძოლის მიზანი უფრო დიდი გახდა, ვიდრე ყოველდღიურობა. ადამიანებს აღარ აქვთ ის „ფუფუნება“ რასაც იმსახურებენ – კინოში წასვლა, მუსიკის მოსმენა… მშვიდი ყოველდღიური ცხოვრება აღარ აქვთ.

არ მაქვს განცდა, რომ აქედან პროტესტში ჩართვა შეედრება იმას, რასაც მანდ ადამიანები აკეთებენ, თუმცა ჩემი ყოველი დღე იწყება ინფორმაციის მიღებით. დილა თენდება თუ არა, ეს ჩვევა მაქვს, რომ ვამოწმებ ქართულ ამბებს. აქამდეც ასე იყო, მაგრამ ამ სიხშირით და ინტენსივობით, არასდროს.

თამარ ღამბაშიძე
  • რას გრძნობთ, როცა უყურებთ კადრებს, როგორ სცემენ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს, როგორ აჯარიმებენ უსამართლონ? როგორ დაიჭირეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და უკანონო პატიმრობაში ტოვებენ?

ძალიან რთულია ამ კადრების ნახვა.

ერთხელ, მახსოვს, დილით ადრე, სამსახურში წასვლამდე გავიგე, რომ ჩემს მეგობარს აპატიმრებდნენ. ვიდეოების ნახვამ იმდენად ჩამითრია, რომ სულ დამავიწყდა ჩემი ცხოვრება, პასუხისმგებლობები, რაც დღევანდელ რეალობაში, აქ და ახლა მაქვს. გარეთ რომ გავედი, ამერიკელები დავინახე, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ და წარმოდგენა არ აქვთ რა ხდება შენს გულში… ცრემლებს ვერ ვიჩერებდი. ვგრძნობდი, რომ ვიყავი ძალიან არასწორ დროს, არასწორ ადგილას.

ამ დროს, როცა მთლიანად მოცული ხარ იმ ამბებით, რაც შენს ქვეყანაში, შენი საყვარელი ადამიანების თავს ხდება, ძალიან რთულია განსხვავებულ რეალობაში ძველებურად ფუნქციონირება შეძლო.

მე მომიწია ჩემს ცხოვრებაში ბევრი დროის გამოთავისუფლება, თუნდაც სხვადასხვა სამსახურზე უარის თქმა, ჩემი სამუშაო დროის შემცირება, რადგან ჩემზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა იმან, რაც ხდება საქართველოში და დღემდე ასე გრძელდება.

ამერიკაში ჩატარებული ყველა საპროტესტო აქციის მიზანი ის იყო, რომ საქართველოში ეგრძნოთ ემიგრანტების მხარდაჭერა. ეგრძნოთ, რომ შორს ვართ, მაგრამ მაინც თქვენთან ვართ, თქვენს გვერდით ვართ. ფულიც შეგროვდა, რაც აქტივისტებთან გამოიგზავნა. რაც შეგვეძლო აქედან – ვაკეთებდით.

მახსოვს, ერთ-ერთ აქციაზე მივედი და გავაკეთე ბანერი ზურაბ ჟვანიას ციტატის, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რაც არის ჩვენი, ეს არის ჩვენი ევროპული მომავალი, რასაც უფრო და უფრო გვაშორებს „ქართული ოცნების“ რეჟიმი.

არჩევნებამდე სხვა მოლოდინები გვქონდა და იმედიანად ვიყავით.

  • გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში თუ მოახერხეთ მონაწილეობის მიღება? ხომ არ გაქვთ განცდა, რომ თქვენი ხმა დაკარგულია?

კარგად მახსოვს ეს დღე. მეგობრებთან ერთად დილის 7 საათიდან ვიყავი საელჩოსთან.

8-ზე იხსნებოდა საარჩევნო უბანი და უკვე საკმაოდ დიდი რიგი იყო. დაახლოებით 2-3 საათში შევძელი ხმის მიცემა. იმედიანი შეგრძნება მქონდა, იმიტომ, რომ ვუყურებდი, როგორ მოდიოდა უწყვეტად ადამიანების ნაკადი.

ძალიან ბევრი ემიგრანტი გავიცანი, სხვადასხვა შტატიდან ჩამოსულები, ვინც მართლა მთელი დღის განმავლობაში, 6-7 საათი იდგა რიგში. ზოგმა 11 საათი იარა მანქანით სხვა შტატიდან, რომ ხმის მისაცემად ჩამოსულიყო, რადგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბანი, რომელიც აქ გახსნეს, ნიუ იორკში იყო.

მინდა წარმოიდგინოთ ძალიან, ძალიან გრძელი რიგი. გადაჭედილი იყო იქაურობა, გზაც კი გადაიკეტა საკონსულოს წინ. ადამიანები ელოდნენ, როდის შეძლებდნენ უბანზე შესვლას და ხმის მიცემას. თითქმის ყველა ბოლომდე დარჩა.

იმის მიუხედავად, რომ უბანი 8 საათზე უნდა დაკეტილიყო, ბოლო ადამიანმა, მე მგონი, 11-ის თუ თორმეტის ნახევარზე მისცა ხმა. მთელი დღის განმავლობაში ამ ადამიანების გარშემო ვტრიალებდი და მათ ვესაუბრებოდი. ყველამ, ვინც ემიგრაციაშია, კარგად იცის ემიგრაციის სირთულეებზე და ისიც, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს ისტორიაში. ეს იყო ჩვენთვის იმედი, რომ რაღაცის შეცვლის შემდეგ უკან დაბრუნებას შევძლებდით.

ვინც უკან დაბრუნებას არ აპირებს, უნდოდათ თავიანთი ოჯახის წევრებისთვის და იქ მყოფი მეგობრებისთვის აერიდებინათ ის რთული გზა, რომლის გავლაც ემიგრაციაში უწევთ ადამიანებს. ბევრისთვის ემიგრაციაში წასვლა არჩევანია და ეს ფუფუნებაა, როდესაც ირჩევენ ადამიანები ემიგრაციაში წასვლას, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს [იძულებით] უწევს, რომ მოსწყდეს თავიანთ მშობლებს, დედმამიშვილებს, ოჯახს, შვილებს და ა.შ. იმისთვის, რომ უსამართლოდ არ აღმოჩნდნენ თუნდაც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი.

მახსოვს, რამდენიმე ადამიანი ამბობდა – აზრი აქვს აქ დგომას, იქნებ მთელი დღე ვიდგეთ და მაინც ვერ შევძლოთ ხმის მიცემაო. ვინც უბანზე მუშაობდნენ, ის ადამიანებიც და ადგილზე მყოფი ემიგრანტებიც, მათ ამშვიდებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ არ დაიკეტებოდა უბნები, სანამ ყველა ემიგრანტი ხმას არ მისცემდა და ასეც მოხდა.

მთელი დღის განმავლობაში, დილიდან ღამის 11-ის ნახევრამდე იქ ვიყავი. ბოლო სამი ადამიანი იყო დარჩენილი და სანამ ისინიც არ შევიდნენ და ხმა არ მისცეს, იქამდე გავჩერდი, ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად.

ქართველებთან ყოფნის შეგრძნება და ეს ერთიანობის განცდა, უსიტყვოდ რომ გესმით, რატომ აკეთებთ ამას და რისი არიდება გინდათ ქვეყნისთვის… ამაზე ბევრი ლაპარაკი არც გვიწევდა, იმიტომ, რომ ყველა ერთი მიზნისთვის ვიყავით არჩევნებზე მისული.

როცა ცესკოს შედეგები გამოქვეყნდა, აქ დაახლოებით 6 საათი იყო, თუ სწორად მახსოვს. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი დარტყმა. მიმღებლობა არ მქონდა იმ რიცხვების, რაც იყო. ხალხმა, რომელიც არჩევნებზე მოვიდა აქ და ნახა ეს შედეგი, იცოდა, რომ ამ მოცემულობაში შეიძლება რაღაც არ შეცვლილიყო მათი ერთი ხმით, მაგრამ არც ერთ იქ მყოფ ადამიანს ფეხი არ მოუცვლია და ამ შედეგების გაგების შემდეგ კიდევ 4-5 საათი იდგენენ, რათა საკუთარი ხმა დაეფიქსირებინათ.

არჩევნების დღეს ვამბობდით, რომ პირველად არის ის დღე, როდესაც სევდიანი არ არის, რომ ემიგრაციაში ამდენი ქართველი ვართ წამოსული. ჩვენ გვახსოვს საქართველო და არ არსებობს უფრო დიდი კომფორტი, ვიდრე არჩევნებზე წასვლაა. მართლა ისეთი ადამიანები შემხვდნენ, რომლებსაც სამსაათიანი შუალედი ჰქონდათ მხოლოდ ფრენამდე, მეორე დღეს სამსახურში უნდა წასულიყვნენ. მათ ბილეთები უუქმდებოდნენ, მაგრამ ესეც კი გადადეს. გადადეს მათი ყოველდღიურობა და გეგმები. საქართველოში მყოფი ადამიანები ამას ყოველდღიურად აკეთებენ.

ძალიან დიდი უსამართლობა იყო ის, რომ არ იყო საკმარისი საარჩევნო უბნები გახსნილი. ბევრმა ემიგრანტმა ამიტომაც ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ბევრი ასაკოვანი ქართველიც ცხოვრობს უცხოეთში, მათ შეიძლება უბრალოდ ვერ მოახერხეს ორგანიზება, რამდენიმე დღით სადმე წასვლა, არჩევნებში მონაწილეობისთვის… ბევრი მოქალაქე სხვადასხვა შტატში გაერთიანდნენ ჯგუფებად და ასე ერთად წამოვიდნენ არჩევნებისთვის ნიუ იორკში.

  • გაქვთ თუ არა განცდა, რომ თქვენი ხმა დაიკარგა? თუ გქონდათ იმედგაცრუება?

მე მგონია, რომ ემიგრანტების ხმა ყველაზე ნაკლებად დაიკარგა არჩევნებში, ჩვენი ხმა ვერ გაყალბდა.

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე არ მაქვს განცდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ეს მხოლოდ განცდა არ არის, ცხადია. ძალიან ბევრი არგუმენტი არსებობს, რატომ იყო ეს არჩევნები არასამართლიანად ჩატარებული და დღეს ისინი, ვინც საკუთარ თავს მთავრობას უწოდებს, რატომ არიან არალეგიტიმურები.

რაც შეეხება იმედგაცრუებას, თანდათან კიდევ უფრო მეტად არ მქონდა მიმღებლობა იმ რეალობის, რაც დადგა, რადგან არ ასახავდა ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები საქართველოს რეალობას და იმ ადამიანების მოსაზრებებს, რომელთაც პირადად ვიცნობ. არ ვაფასებ მცირე „ბაბლიდან“, თუ რას ფიქრობენ ადამიანები. ჩემ გარშემო ყველაზე არაპოლიტიკური ადამიანებიც კი, მახსოვს, როგორი დარწმუნებულები იყვნენ, რომ „ქართული ოცნება“ აღარ უნდა დაბრუნებულიყო პარლამენტში, განსაკუთრებით ამ მოცემულობით.

  • ქვეყანაში 60-მდე პოლიტპატიმარი გვყავს, მათ შორისაა მზია ამაღლობელი. რას ამბობს ეს ფაქტი თქვენთვის?

მზია ამაღლობელი, ჩემი გადმოსახედიდან, თავისი საქმის პროფესიონალი, ღირსეული ადამიანია. გული მწყდება, რომ ერთ სფეროში ვმუშაობდით ამდენი ხანი და გადაკვეთა არ მქონია, არ ვიცნობ პირადად.

ჩემთვის ის გმირია, რომელიც უსამართლოდ ჰყავს რეჟიმს დატყვევებული. ადამიანების ცხოვრებას ანიავებენ, რაც მხოლოდ მზია ამაღლობელს არ ეხება, ცხადია, ეხება რეჟიმის სხვა პატიმრების ცხოვრებასაც. სხვადასხვა ასაკის, მათ შორის ახალგაზრდების. ერთნაირი ემპათია მაქვს ყველა პოლიტპატიმრის მიმართ.

ვნახე ზვიად ცეცხლაძის წერილი – 6 წელს მომისჯიან ნეტა თუ 9 წელს და ამდენი წლის განმავლობაში დედას და მამას რომ არ ვნახავ, როგორი იქნებიანო, ან იმ გოგოსთან ერთად გასატარებელ წლებს რომ ციხეში გავატარებო… ძალიან დამასევდიანა.

  • გაქვთ რაიმე სათქმელი „ქართული ოცნების“ წევრებთან?

ვეტყოდი, რომ საქართველო მათი არ არის. საქართველო არის იმ ადამიანების, რომლებიც იბრძვიან. საქართველო არის ემიგრანტებისაც. ყველასია, ვისი დღესაც იწყება საქართველოზე ფიქრით და დარდით.

გვყავს ადამიანები, ვისაც საკუთარ ცხოვრებაზე წინ აქვთ დაყენებული ქვეყნის კეთილდღეობა. ადამიანებს უსამართლოდ ცხოვრებას აკარგვინებენ, არა მხოლოდ მათ ვგულისხმობ, ვინც ციხეში ჰყავთ. ამ ადამიანების ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ საკუთარი ქვეყანა უყვართ, საკუთარი სამშობლოსთვის იბრძვიან.

ვის უშვებს რეჟიმი ციხეში? სწორედ მათ.

ეს ხალხი არ უნდა იყოს ციხეში და მათ თავისუფლებას არ უნდა აღკვეთდეს ისეთი ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ „ქართულ ოცნებას“ და როგორიცაა მათი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი. მგონია, რომ თავისუფლებაზე, საქართველოზე და ქართველ ხალხზე ძალიან არასწორი წარმოდგენა აქვს იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ახლა საკუთარ თავს მმართველ პარტიას უწოდებს.

  • აპირებთ დაბრუნებას საქართველოში? რა შემთხვევაში?

ჩემთვის ყველაზე რთულია ამ ყველაფრის შორიდან ყურება და სულ მახსენდება ხოლმე ცოტნე დადიანის მაგალითი, რომელმაც როცა გაიგო, რომ მის მეგობრებს აწამებდნენ, ვერ შეძლო მათგან შორს ყოფნა, მივიდა, მათ გვერდით დაწვა და თაფლი წაისვა.

ემიგრანტები ხშირად ვეუბნებით ჩვენს თავს, რომ ვერ გავხდით საკმარისი გმირები იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მას ყველაზე მეტად სჭირდება, ადგილზე ვიყოთ და ისე ვიბრძოლოთ მისი გათავისუფლებისთვის.

არ მაქვს ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე. ხშირად მითქვამს, რომ რა კარგი იქნებოდა, ახლა რომ შემეძლოს დაბრუნება ჩემს ქვეყანაში, სადაც დამხვდებოდა უსაფრთხო პირობები თავისუფლად მუშაობისთვის, მაგრამ როგორ შეიძლება ეს მოლოდინი მქონდეს მე, როგორც ჟურნალისტს, მაშინ, როდესაც მზია ამაღლობელი ციხეშია და უამრავ ჩემს კოლეგას პატიმრობა ემუქრება მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავს უცხო ქვეყნის აგენტებს არ უწოდებენ.

მოუსმინეთ ხმას: 

თამარ ღამბაშიძე | ემიგრანტი ამერიკიდან

თიბისი და გიორგი მამარდაშვილი სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან

ქართული და ევროპული ფეხბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავის – გიორგი მამარდაშვილის შთამაგონებელ ისტორიას თავდაუზოგავ შრომაზე, მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე, თიბისი ადამიანებთან კიდევ უფრო ახლოს მიიტანს, რათა ეს ისტორია მოტივაციის წყაროდ იქცეს ახალი თაობისთვის და არამხოლოდ.

საქართველოში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბანკსა და სპორტსმენს შორის მსგავსი ტიპის პარტნიორობა ოფიციალურად გაფორმდა. მიზანი ცხადია და გვჯერა, რომ ეს იქნება საუკეთესო გამოცდილება როგორც თიბისისთვის, ისე – მამარდასთვის.

თიბისი x მამარდა – კოლაბორაცია ორივე მხარის ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენთვის პრიორიტეტია ახალი თაობის მხარდაჭერა, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, წარმატებების ისტორიების გაზიარება და რწმენა, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია.

გიორგი მამარდაშვილის ევროპულ კარიერაში, სულ მალე, ახალი ეტაპი ლივერპულში დაიწყება; ახალი მიზნების მიღწევისთვის ბრძოლის ახალი საფეხური, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან ერთად, ლეგენდარულ „ენფილდზე”, სადაც არაერთ ფეხბურთელს კარიერის მწვერვალისთვის მიუღწევია. კლუბი, რომელიც თავის თავში აერთიანებს გუნდურობას, მიზანსწრაფულობას, მოუსვენრობასა და გაბედულებას. იქ, სადაც ნებისმიერი წინააღმდეგობის დასაძლევად მზად ხარ.

გულწრფელად გვიხარია, რომ კარიერის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე, თიბისი მამარდას მხარდამჭერი და პარტნიორი იქნება.

გვინდა, რომ ადამიანებს გავუზიაროთ წარმატების შთამაგონებელი ისტორიები, ვაჩვენოთ გზები და ვიყოთ მათი გზამკვლევი, გავუმყაროთ რწმენა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია, გჯეროდეს.

ბათუმში გაზი არ მიეწოდება აბონენტების ნაწილს 17 ქუჩაზე

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, ბათუმში 23 აპრილს, 23:40 საათიდან ავარიული დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მცხოვრებ 4 241 აბონენტს.

გაზის მიწოდება შეწყდა ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ზუბალაშვილის, ლუკა ასათიანის, გორგილაძის, მემედ აბაშიძის, კლდიაშვილის, ჯინჭარაძე-ახვლედიანის, რუსთაველის, ნინოშვილის, 26 მაისის, მელიქიშვილის, მარჯანიშვილის, გორგასლის, ფარნავაზ მეფისა და დუმბაძის ქუჩებზე, აბონენტების ნაწილთან.

„ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 24 აპრილის 18:00 საათიდან და დასრულდება დღის ბოლომდე“ – აცხადებს „სოკარი“.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 70-ზე მეტი

24 აპრილს, გამთენიისას, რუსეთმა შეტევა განახორციელა უკრაინის დედაქალაქზე. პირველადი მონაცემებით, ცნობილია, რომ რუსეთის შეტევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის ექვსი ბავშვი და ორსული ქალი.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსული რაკეტა კიევში ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და დარტყმის შედეგად მთლიანად განადგურდა. ასევე, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მიმდებარე ორ სახლს.

დილის 8 საათზე უკრაინელმა მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის ამოყვანა შეძლეს – ის ცოცხალია.

ოფიციალური კიევის ცნობით, 24 აპრილს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინაში 215 სხვადასხვა ტიპის რაკეტა და დრონი გაუშვა, მთავარი დარტყმის სამიზნე კიევი იყო, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 112 საჰაერო სამიზნის ჩამოგდება შეძლო.

ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 აპრილის 21 საათიდან 25 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 25  და 26 აპრილს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ 184 ბიძგი დაფიქსირდა

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 23 აპრილს, სტამბოლში, 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ კიდევ 184 ბიძგი დაფიქსირდა.

სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ზედაპირიდან დაახლოებით 7 კილომეტრის სიღრმეზე და საშუალოდ გაგრძელდა 13 წამი. სპეციალისტების ცნობით, მცირე ბიძგები შემდეგ დღეებშიცაა მოსალოდნელი.

სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ შევიდნენ სარისკოდ მიჩნეულ შენობებში და მოქალაქეები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ შენობის სიმყარეში, 112-ს უნდა დაუკავშირდნენ.

თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ქემალ მემისოღლუმ განაცხადა, რომ 23 აპრილს, მიწისძვრის შედეგად გამოწვეული პანიკური ინციდენტების გამო, სტამბოლში სულ მცირე 236 ადამიანი დაშავდა და არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ოფიციალური ცნობები მიწისძვრის შედეგად გამოწვეული მნიშვნელოვანი ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 945 330 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060]
  • ტანკი – 10 694 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 22 312 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 26 823 ერთეული [+49]
  • MLRS – 1 369 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 141 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 33 660 ერთეული [+134]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 148 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 45 755 ერთეული [+134]
  • სპეცტექნიკა – 3 860 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 661 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 53 430 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 604 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 006 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 546 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 24 045 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 490 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

თუ პოლიციელს ქალისგან სილა ტკივილს აყენებს, კრიმინალისგან როგორ დაგვიცავს? – ინტერვიუ

„ქალის მხრიდან მამაკაცის მისამართით სილის გაწვნა არამც და არამც არ შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდასხმა. მზია ამაღლობელის ქმედება იყო არა თავდასხმა, არამედ ქმედება, რომელიც მან განახორციელა მოძალადე პოლიციელის მიმართ. ეს უფრო პროტესტის გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში ჯდება,“ – მიიჩნევს იურისტი ლია მუხაშავრია, რომელიც საქართველოდან ევროსასამართლოს საქმეებზე მუშაობს.

ადვოკატი, რომელიც წლებია სტრასბურგის სასამართლოს საქმეებზე მუშაობს, დარწმუნებულია, რომ მზია ამაღლობელი ამ საქმეს ევროსასამართლოში მოიგებს.

უფლებადამცველისთვის „მზია ამაღლობელის საქმე“ „ქართული ოცნების“ სისუსტეს აჩვენებს:

„მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება ძალიან უხეში, დაუფარავი გამოვლინებაა ამ ხელისუფლების სისუსტის. ეს ხელისუფლების უკიდურესი შიშის გამოვლინებაა, რადგან „ოცნებამ“ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა…

„მზია ამაღლობელის საქმე“ სანიმუშოდ გათვლილია მედიის დატერორების და შემდეგ საზოგადოების დატერორებისთვის,“ – გვითხრა ლია მუხაშავრიამ.

„ბათუმელებმა“ ადვოკატ ლია მუხაშავრიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო ლია, თქვენი მოსაზრება გვითხარით – რატომ არის თქვენთვის მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარი? მას მოსამართლემ პატიმრობა, მაგალითად, გაყალბებული ოქმის საფუძველზე შეუფარდა, პროკურატურა სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავება… 

ჩემი აზრით, არამხოლოდ ქართველ იურისტებს, უცხოელ იურისტებსაც არ გაუჭირდებათ იმ დასკვნის გაკეთება ამ საქმეში, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია და ეს პოლიტიკური მოტივით შეთითხნილი საქმეა.

სისხლის სამართლის საქმეში პროცესუალურ დარღვევებს უნდა მოჰყვეს საქმის შეწყვეტა და ბრალდებულის ბრალდებისგან გათავისუფლება. პროცესუალურ დარღვევაში იგულისხმება ის, რომ პროცესუალური დოკუმენტები თუ შეცდომებს მოიცავს, ან არ მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებს, ან კიდევ აყალბებს თუნდაც მცირედით რაიმე ფაქტს, მაგალითად, დაკავების წუთი არასწორადაა მითითებული, ეს უკვე დარღვევაა.

მზია ამაღლობელის საქმეში კი, მთელი კასკადია დაკავების ოქმის სიყალბის. ეს გარემოება საკმარისია იმისთვის, ვთქვათ, რომ საქმე შეთითხნილია, როგორც ამას ვამბობდით ჯერ კიდევ კომუნისტების დროს.

ამას ემატება კონტექსტი: აქტიური, დაუღალავი, ღია დევნა მიმდინარეობს მედიის, ჟურნალისტების მიმართ. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ პერსონა, ვის მიმართ არის ეს გამოძიება და ვინ არიან ამ საქმეში მოწმეები.

  • უზენაესი სასამართლოს აქამდე არსებული პრაქტიკით, სილის გაწვნა არ შეიძლება აღვიქვათ, როგორც თავდასხმა. რას გვეტყვით ევროსასამართლოს მიდგომაზე? 

მნიშვნელოვანია, რომ თავად სიტყვა არის ამა თუ იმ ქმედების აღმწერი. ქალის მხრიდან მამაკაცის მისამართით სილის გაწვნა არამც და არამც არ შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდასხმა.

მზია ამაღლობელის ქმედება იყო არა თავდასხმა, არამედ ქმედება, რომელიც მან განახორციელა მოძალადე პოლიციელის მიმართ. ეს უფრო პროტესტის გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში ჯდება.

  • დამოუკიდებელი იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სილის გაწვნა შეიძლება შეფასდეს მხოლოდ პოლიციელის შეურაცხყოფად, რაც სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. თქვენი მტკიცებით, სილის გაწვნა ჯდებოდა ევროკონვენციით დაცული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, რადგან ეს იყო პროტესტი პოლიციელის მოქმედებაზე, რომელიც კანონს უხეშად არღვევს? 

მნიშვნელოვანია, სად მოხდა ეს ამბავი: პოლიციის ტერიტორიაზე, სადაც უამრავი პოლიციელი იყო და სხვა ადამიანი.

თავდასხმის ობიექტი ვინ იყო? თუ პოლიციელი ასეთი სუსტია, რომ ქალის ხელის გარტყმა ტკივილს აყენებს და ამას აღიქვამს, როგორც მის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ასეთმა პოლიციელმა როგორ უნდა დაგვიცვას მართლა კრიმინალისგან, დამნაშავისგან, რეალური თავდამსხმელისგან?

ყველა ეს გარემოება არ ქმნის, ცხადია, თავდასხმის კვალიფიკაციას. ჩანს, რომ ამ საქმეში არსებობს პოლიტიკური მოტივი და ხელისუფლების ზეწოლა: სურთ, რომ მედიის დევნის სამაგალითო საქმე შეიქმნას, განსაკუთრებით კი, ისეთი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მედიასაშუალების მიმართ, როგორიცაა „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“. ეს პოლიტიკური მოტივი მიემართება სწორედ ამ მედიასაშუალების დამფუძნებელს, ხელმძღვანელს და მენეჯერს.

ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ სამართალთან მიახლოებული შეიძლება ყოფილიყო ამ საქმეში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენა. ვთქვათ, ეს არის შეურაცხყოფა, თუმცა ესეც სირცხვილია. სირცხვილია, როცა ამხელა პოლიციის უფროსი ამბობს, რომ თურმე ტკივილი იგრძნო მაშინ, როცა მისი ქმედებები, ასე ვთქვათ, დახურულ კარს მიღმა სრულიად ამაზრზენი და მიუღებელია. ჩემთვის რთულია ვიმსჯელო კვალიფიკაციაზე, რამდენად იყო ეს სამართალდარღვევა, მაგრამ თუნდაც ეს ყოფილიყო, ეს მაინც პოლიტიკური დევნის ნიმუშია.

მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება ძალიან უხეში, დაუფარავი გამოვლინებაა ამ ხელისუფლების სისუსტის. ეს ხელისუფლების უკიდურესი შიშის გამოვლინებაა, რადგან „ოცნებამ“ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა.

  • თქვენთვის უდავოა ის, რომ მზია ამაღლობელი იდევნება თავისი პროფესიული საქმიანობის გამო? 

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მზია ამაღლობელი იდევნება პოლიტიკური მოტივით, იმის გამო იდევნება, რომ იგი არის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იშვიათად დამოუკიდებელი და ისეთი მიუკერძოებელი მედიასაშუალებების, როგორიც არის „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“. თქვენ რომ არ იყოთ, დიდი ხნის წინ უკვე მძიმე დიქტატორული პირობები გვექნებოდა.

ჩემი აზრით, „მზია ამაღლობელის საქმე“ სანიმუშოდ გათვლილია მედიის დატერორების და შემდეგ საზოგადოების დატერორებისთვის. ეს არის სრულიად სამარცხვინო ფაქტი და ვფიქრობ, კვალიფიციური ანალიზი, დასკვნების და განსჯის წარმოდგენა ზედმეტია, იმდენად ცხადია, რასთანაც გვაქვს საქმე.

ვფიქრობ, ყველას ერთნაირად ესმის ამ საქმით რის მიღწევასაც ცდილობს ხელისუფლება. სოციალურ ქსელებში ვინმე განსხვავებულად თუ ბჟუტურებს – ბჟუტურს დავარქმევდი მხოლოდ ამას – ყველა ეს ადამიანი მოქმედებს დავალებით. დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში ისინი არ ფიქრობენ, რომ მზია ამაღლობელმა დანაშაული ჩაიდინა.

ამ საქმით გამოვლინდა ჩვენი ვაი მართლმსაჯულების და ვაი პროკურატურის, ვაი გამოძიების სახე და იმავდროულად გამოვლინდა მედიის მართლაც თავგანწირული ბრძოლა – თავდადება პროფესიული საქმიანობის მიმართ.

დარწმუნებული ვარ, რომ მზია ამაღლობელი ჩვენი დროის გმირია და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ახლა თქვენ გესაუბრებით. ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიყავი განწყობილი თქვენი მედიასაშუალების მიმართ. მე მინდა ხაზი გავუსვა განსაკუთრებულ პატივისცემას პერსონალურად ქალბატონი მზიას მიმართ, რომელმაც გამოავლინა ძალიან დიდი შემართება და თავდადება, ეს ძალიან ბევრისთვის შეუძლებელია, მათ შორის, მამაკაცებისთვის. ეს შემართება აღმაფრთოვანებელია.

ამიტომაც, ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. მეტი სიფრთხილე გვმართებს ჩვენ ყველას, ვისაც გვინდა უკეთეს საქართველოში ცხოვრება. ჟურნალისტების და მედიის გარეშე კი, კარგი ცხოვრება არ გვექნება. პირველ რიგში, დემოკრატიის საფუძველი დამოუკიდებელი მედიაა.

  • თქვენ მუშაობთ ევროსასამართლოს საქმეებზე. თქვენი აზრით, რამდენად აქვს მზია ამაღლობელს საქმის მოგების შანსი სტრასბურგის სასამართლოში? 

მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ევროსასამართლოს აქვს ასეთი შეფასება გაკეთებული, რომ მედია არის ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედი, დემოკრატიის საფუძველი. ეს რიგითი ჟურნალისტის საქმეც რომ იყო, საქმეში ისეთი უხეში დარღვევებია, თავისთავად ამაზე სასამართლოს ექნებოდა შესაბამისი რეაგირება. ამ შემთხვევაში კი, ვსაუბრობთ მზია ამაღლობელზე, რომელიც ფლაგმანი მედიასაშუალების დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, კვალიფიციურად მოამზადებენ საჩივარს. მე მინდა იმის თქმა, რომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მარტივად და გასაგებად დადონ ეს ფაქტები – ჩვენ უკვე შევეჩვიეთ საშინელებებს, რაც აქ ხდება, ევროპელი მოსამართლეების, თუ აპარატში მომუშავე იურისტებისთვის კი, ძნელად წარმოსადგენია, ზოგჯერ დაუჯერებელიც კია, ასეთ ფაქტებს თუ შეიძლება ადგილი ჰქონდეს მართლმსაჯულების სისტემაში. მე ამას ვითვალისწინებ მუდმივად, რომ როცა ჩემს ჩანაწერს კითხულობს ევროპელი ადამიანი, მას ვერ წარმოუდგენია, რომ ასეთი აშკარა შეიძლება იყოს რეჟიმის სახის გამოვლინება, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლების მიმართ.

ეს საქმე უნდა მოიგოს ქალბატონმა მზიამ და მისმა ადვოკატებმა ევროსასამართლოში.

  • სასამართლო პროცესებზე გამოჩნდა, რომ პოლიციელები ცრუ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს, მაგალითად, ირაკლი დგებუაძის ერთმა მოადგილემ მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, მეორე მოადგილის ჩვენებით კი, მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს. პოლიციელების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია. ეს რას აჩვენებს თქვენთვის? 

ეს აჩვენებს იმას, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და შორს ვერ მიდის. სასამართლოში გამოწვლილვით ხდება ფაქტების გადამოწმება. სხვა უბედურებაა ის, რომ მოსამართლე ამ ფაქტებს, სავარაუდოდ, იგნორირებას გაუკეთებს.

ფაქტების ასეთი დამახინჯება და მათი არასწორად ასახვა პროცესუალურ დოკუმენტებში აცამტვერებს სისხლის სამართლის საქმეს. ბრალდება თუ განაჩენი უნდა დაეყრდნოს მტკიცებულებებს, რომელიც ფაქტებს ასახავს. ამ შემთხვევაში ეს დოკუმენტები პროცესუალური დარღვევებით არის შედგენილი.

  • რა შეგიძლიათ თქვათ მოსამართლე სალიხ შაინიძის შესახებ, რომელმაც დადასტურებულად მიიჩნია, რომ მაგალითად, გრიგოლ ბესელია აკავებს ადმინისტრაციული წესით მზია ამაღლობელს, ოქმებში კი, სხვა რამ წერია. ამ სიყალბის მიუხედავად, მოსამართლემ მზია ამაღლობელი მიიჩნია სამართალდამრღვევად. 

ვფიქრობ, რომ ჩემი პატივცემული კოლეგები კარგად გამოიყენებენ ამ შემთხვევას. სისხლის სამართლის საქმეში გარკვეულწილად პრეიუდიციული ძალა აქვს ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, თუ იქ ფაქტები არის სწორად დაფიქსირებული და ადეკვატურად ასახავს მომხდარს. თუ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეები სხვა ჩვენებებს აძლევენ და სხვა ვითარება იკვეთება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება ამ შემთხვევაში.

ჩვენს ქვეყანაში უსამართლობის ჩამდენ პირებს ერთმანეთთან კოორდინაცია უჭირთ, ან ეს პრაქტიკულად არ შეუძლიათ, რადგან ბოროტება და სიცრუე ვერ თანამშრომლობენ, საბედნიეროდ. ვფიქრობ, რომ ეს ის შემთხვევაა სწორედ.

  • რამდენად შეიძლება ევროსასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს სასამართლოს მიუკერძოებლობის საკითხი? მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს მიიღებს მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელსაც სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს და სანქცირებულია „მზია ამაღლობელის საქმის“ გამო. 

ეს აშკარად არის ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, რომელიც ღაღადებს, რომ საქმის განმხილველი ტრიბუნალი – ასეთ ტერმინია გამოყენებული – უნდა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. მართალია, მოსამართლის კვალიფიკაცია ცალკე არ არის ნახსენები, მაგრამ ნაგულისხმევია ის, რომ არ უნდა არსებობდეს შანსიც კი, რომ არაკვალიფიციურმა მოსამართლემ განიხილოს საქმე. გამოუცდელი ქალბატონი [მოსამართლე ნინო სახელაშვილი] თავად აღიარებს, რომ სისხლის სამართლის მიმართულებით მას გამოცდაც კი არ აქვს ჩაბარებული.

საქართველოდან შესულ არაერთ საქმეზე დაადგინა ევროსასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. ამ შემთხვევაში მე-6 მუხლის დარღვევა აშკარად გამოკვეთილია.

ვნახოთ, ჯერ კიდევ მიმდინარეობს პროცესი. არ არის ხოლმე მიზანშეწონილი, მიმდინარე საქმეზე გავაკეთოთ კომენტარი, როცა არ ხართ ჩართული საქმეში და საქმის მასალებს ზედმიწევნით კარგად არ იცნობ, მაგრამ ამ საქმეში ბევრი გარემოებაა, რაც აჩვენებს პოლიტიკურ მოტივს, იმას, რომ საქმე შეთითხნილია.

ვიცი, რომ ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ძალიან ავტორიტეტულმა ადამიანებმა გაუგზავნეს წერილი საქართველოს მთავრობას, რომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ არ მოხდეს მზიას ამაღლობელის დასჯა. ვფიქრობ, სხვა რომ არაფერი მომხდარიყო ქვეყანაში არსებული ბოლო წინააღმდეგობის დროს, ვგულისხმობ ძალადობას პოლიციელების მხრიდან და საშინელ დარბევებს, მხოლოდ მზია ამაღლობელის საქმე საკმარისია იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას დაერქვას ის სახელი, რომელსაც იმსახურებს: ავტორიტარული ხელისუფლება, რომელიც მიისწრაფვის დიქტატურისკენ.

ამ თემაზე:

ორმაგი სტანდარტი? – პოლიციელმა 20 წლის გოგოს თმაზე მოქაჩა, თუმცა გამოძიება არ იწყება

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც შეიყვანენ

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 2025 წლის 5 მაისიდან საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანასთან ერთად, დასაშვები იქნება ასევე საქართველოს იმ მოქალაქის მონაცემების შეტანაც, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც.

„დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის ბრძანებაში შესაბამის ცვლილებას „ოცნების მთავრობის“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ხელი 2025 წლის 16 აპრილს მოაწერა და ის 22 აპრილს გამოქვეყნდა. „ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს“ – აღნიშნულია ახალ ბრძანებაში.

დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი მონაცემების სტატისტიკა შემოსავლების სამსახურმა ბოლოს 2024 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, აღნიშნული დროისთვის დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებული იყო 20 369 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 54, ხოლო თავად პირის მიმართვით – 20 315.

იგივე პერიოდისთვის, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეტანილი იყო 1 522 900 პირის შესახებ მონაცემები.

2022 წლის პირველი მარტიდან საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს, აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ. სწორედ ამ პირების შესახებ შეაქვთ ავტომატურ რეჟიმში მონაცემები დამოკიდებულთა სიაში.

თამაში ეკრძალებათ ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებსაც.

ამავე თემაზე:

როგორ დავძლიოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება – ინტერვიუ

სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

დღეს, 23 აპრილს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის მთავრობამ ინფორმაცია გაავრცელა 151 დაშავებულისა და დღის განმავლობაში განვითარებული, კიდევ 50-ზე მეტი ე.წ. აფტერშოკის [შედარებით მცირე სიმძლავრის მიწისძვრის] შესახებ.

სტამბოლის გუბერნატორის ცნობით, მიწისძვრით გამოწვეული პანიკის შედეგად, სულ მცირე 151 ადამიანი დაშავდა სიმაღლიდან გადახტომის შედეგად. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გარდა ამისა, BBC იუწყება, რომ სტამბოლში, ფატიჰის რაიონში ერთი მიტოვებული შენობა ნაწილობრივ დაინგრა.

მიწისძვრა მარმარილოს ზღვაში, სტამბოლის დასავლეთ გარეუბანთან, ადგილობრივი დროით 12:49 საათზე მოხდა.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სტამბოლიდან დასავლეთით, დაახლოებით 80 კილომეტრში, დაახლოებით 7 კმ-ის სიღრმეზე იყო.

პირველი ბიძგი 12:13 წუთზე დაფიქსირდა და 3,9 მაგნიტუდის სიმძლავრე ჰქონდა. შემდეგი, უძლიერესი, 12:49 საათზე მოხდა. მას მოჰყვა კიდევ რამდენიმე ბიძგი, 4,4-დან 4,9 მაგნიტუდამდე.

________________________

ფოტოზე: 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ სტამბოლელების ნაწილი პარკებსა და სკვერებში რჩება ოჯახებით, შინაური ცხოველებითა და საჭირო ნივთებით. ბევრ მათგანს ეშინია შენობაში შესვლა. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/TOLGA BOZOGLU

 

ქუთაისელები სწრაფი მატარებლის დანიშვნას ითხოვენ თბილისისა და ბათუმის მიმართულებით

ქუთაისის მცხოვრებლები ქუთაისიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სწრაფი მატარებლების დანიშვნას ითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნით პეტიციის ტექსტი მომზადდა და სოციალურ ქსელში გავრცელდა. პეტიცია ასევე გაგზავნილია ღია მმართველობის საიტზე გამოსაქვეყნებლად.

პეტიციის ინიციატორები, ითხოვენ ქუთაისიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სწრაფი მატარებლების დანიშვნას შემდეგი განრიგით:

ქუთაისი თბილისი
გასვლა დილის 06:00 საათზე – ჩასვლა თბილისში 09:00
გასვლა საღამოს 20:00 საათზე – ჩასვლა თბილისში 23:00

თბილისი ქუთაისი
გასვლა დილის 06:00 საათზე – ჩასვლა ქუთაისში 09:00
გასვლა საღამოს 20:00 საათზე – ჩასვლა ქუთაისში 23:00

ქუთაისი ბათუმი
გასვლა დილის 08:00 საათზე – ჩასვლა ბათუმში 10:00
გასვლა საღამოს 18.00 საათზე – ჩასვლა ბათუმში 22.00

ბათუმიქუთაისი

გასვლა დილის 08:00 საათზე – ჩასვლა ქუთაისში 10:00
საღამოს 18:00 საათზე – ჩასვლა ქუთაისში 20:00

„ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია. სწრაფი მატარებლების დანიშვნა: გაზრდის ქუთაისის ტურისტულ და ეკონომიკურ მიმზიდველობას, წაახალისებს შიდა ტურიზმსა და ბიზნესს, შეამცირებს ქუთაისიდან სხვა ქალაქებში გადინებას, გააადვილებს მოქალაქეების გადაადგილებას დედაქალაქსა და შავი ზღვის რეგიონში, ქუთაისს აქცევს რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად,  გააძლიერებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირებს. გთხოვთ, განიხილოთ ეს ინიციატივა და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება ქუთაისის განვითარების და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით,“ – წერია პეტიციის ავტორების მიმართვაში.

25 აპრილს ბათუმში გაიმართება აქცია მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით

პარასკევს, 25 აპრილს, 18:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, გაიმართება მედიის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.

მზია ამაღლობელს, რომელიც პირველი ქალი პოლიტპატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 100 დღეზე მეტია უკანონოდ აქვს თავისუფლება აღკვეთილი.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის განცხადებით, მზია ამაღლობელის დაკავება აშკარა მცდელობაა საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ჩაახშონ კრიტიკული ხმები, დააშინონ დამოუკიდებელი ჟურნალისტები და გაანადგურონ, რაც პრესის თავისუფლებისგან დარჩა საქართველოში.

ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ვისაც გათავისებული აქვს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მნიშვნელობა, გელით 25 აპრილს, 18:00 საათზე, ევროპის მოედანზე.

ერთად გავაპროტესტოთ ჟურნალისტი ქალის უკანონო პატიმრობა.

რეჟიმის მიზანია ვიზალიბერალიზაცია შეწყდეს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიზანია, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 23 აპრილს, ბრიფინგზე განაცხადა.

„ვიზალიბერალიზაციის თემა ორმხრივად არის გამოყენებული რეჟიმის მიერ.

ერთი – ეს არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, არაფერი აღარ დაგრჩებათ და ამით მორალური წნეხი არის საზოგადოებაზე გამოყენებული. მაგრამ მთავარი რაც არის – ეს კამპანია დაწყებულია სწორედ სააღდგომოდ.

ეს არ მოდის ბრიუსელიდან და არც ერთი ევროპული დედაქალაქიდან, მოდის თბილისიდან, მოდის ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანია, რომ ვიზალიბერალიზაცია შეწყდეს.

ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომელზეც ესენი წუხან და რომლის შეჩერება სურთ, არა! ეს არის მათი მიზანი, ეს მოჰყვება მათ ქმედებებს და იმ რეჟიმს, რომლებიც ყოველდღიურად ხან ლანძღავენ ევროპის რომელიმე დედაქალაქს, აქაურ ელჩებს პირდაპირ მუქარის ტონით ესაუბრებიან და ეს არის იმ გადაწყვეტილების გაგრძელება, რომელიც 28 ნოემბერს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე მიიღეს.

მივდივართ იმისკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია. ეს არის რუსული პოლიტიკა.

რუსეთის მიზანია, რომ საქართველო იყოს მთლიანად იზოლირებული თავისი ევროპელი ან ამერიკელი პარტნიორებისგან და აღმოჩნდეს მარტო, დაუცველი, დამოუკიდებლობა ფეხქვეშ გათელილი, რუსეთის სხვადასხვა განზრახვების ქვეშ.

მცდელობა არის ასევე რეჟიმის მიერ, რომ ხალხი მიაჩვიოს იმ მომავალს, რომელიც იქნება იზოლაციაში ვიზალიბერალიზაციის გარეშე.

მცდელობაა პასუხისმგებლობა გადაიტანონ ევროპაზე, ვითომ ისინი გვსჯიან, არანაირად არ სჯის ევროპა საზოგადოებას, პირიქით, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა საქართველოს, იმიტომ, რამდენად იყო მონდომებული და მზად ქართული საზოგადოება და იცავდა კბილებით ამ გზას.

მაგრამ თუ რეჟიმი ასე გააგრძელებს და ყველა მხრივ, ფორმით ცდილობს საქართველო ჩამოაშოროს თავის პარტნიორებს და გადმოიყვანოს ჩაკეტილ მდგომარეობაში, იზოლაციაში, ამაზე პასუხისმგებლობა არის ივანიშვილის და იმ „კლანის“, რომელიც დღეს ამ ქვეყანას რუსული წესებით მართავს.

ამიტომ, ამ საკითხზე პროპაგანდას არ უნდა მოვუსმინოთ, უნდა დაფიქრდეთ და ნახოთ, ვინ აშორებს საქართველოს ევროპისგან, ევროპამ რამდენი რამ სცადა და გააკეთა იმისთვის, რომ პირიქით, გაუხსნას ქართველებს ის გზა, რომელიც ქართულ პასპორტს ევროპულ პასპორტად გადააქცევს.

და თუ არსებობს რეალური გზა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ხვალ შემოვიერთოთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ეს არის სწორედ ევროპაში შესვლით და არა ევროპისგან ჩამოშორებით. ესეც არის ის საკითხი, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

ხალვაშისა და მახვილაურის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდთან მოძრაობა იკეტება – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 აპრილიდან მაისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ფრიდონ ხალვაშისა და მახვილაურის ქუჩების დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო ხიდზე.

„აღნიშნულ პერიოდში N22 მიკროავტობუსის მარშრუტი დროებით შეიცვლება და იმოძრავებს ფრიდონ ხალვაშის, ზურაბ ნაჭყებიასა და მახვილაურის ქუჩების გავლით“ – აცხადებს ბათუმის მერია.

მერიის ინფორმაციით, „არსებული ხიდის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა მახვილაურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ხორციელდება.

24 აპრილიდან მაისის ბოლომდე პერიოდში N22 მიკროავტობუსი ხალვაშის გამზირიდან ნაჭყებიას ქუჩაზე გადავა და აქედან მახვილაურში [უკუმიმართულებაც იგივე]

სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 23 აპრილს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა – ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სტამბოლის სილივრის რაიონში, მარმარილოს ზღვაში იყო.

მიწისძვრა, რომელიც იგრძნობოდა სტამბოლსა და მიმდებარე პროვინციებში, 6,92 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, არ შევიდნენ დაზიანებულ შენობებში.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ.

დღეს, 23 აპრილს, ძლიერ მიწისძვრამდე სტამბოლის რეგიონში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა.

_______________

ფოტოზე: სტამბოლი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/TOLGA BOZOGLU

რუსეთი Apple-ს ლგბტ პროპაგანდაში ადანაშაულებს და 4 მილიონ რუბლამდე ჯარიმით ემუქრება

რუსეთმა საქმე აღძრა  Apple-ის წინააღმდეგ, კომპანიას ბრალად ედება “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა” – იუწყება რუსული პროპაგანდისტული მედია.

„სასამართლოში დარეგისტრირდა საქმე რუსეთის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 6.21 მუხლის მე-3 ნაწილით (არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების, სქესის შეცვლის და შვილზე უარის თქმის პროპაგანდა)“, – იუწყება რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსწი“, მოსკოვის ტაგანსკის სასამართლო საქმის მასალებზე დაყრდნობით.

ოქმი შედგენილია ირლანდიაში რეგისტრირებულ Apple Distribution International LTD-ზე, რომელმაც Apple-ის წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში, 2022 წელს გახსნა.

კომპანიას ემუქრება 4 მილიონ რუბლამდე ჯარიმა  ან ადმინისტრაციული წესით საქმიანობის შეჩერება 90 დღემდე ვადით.

რუსული პროპაგანდა არ აკონკრეტებს რა გახდა Apple-ზე ოქმის შეგენის მიზეზი. დამოუკიდებელი მედიაგამოცემა Медуза ვარაუდობს, რომ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პრეტენზიები, სავარაუდოდ, უკავშირდება Pride-ის თემატურ ფონებს.

რუსეთში „ლგბტ მოძრაობა“ მიჩნეულია ექსტრემისტულად და აკრძალულია.

რუსეთში სასამართლოებმა არაერთხელ მიიღეს ადმინისტრაციული ოქმები Apple-ის წინააღმდეგ. მაგალითად, 2024 წელს მოსკოვში სასამართლოებმა Apple-ი მინიმუმ ორჯერ დააკისრეს ჯარიმა ინფორმაციის წაშლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო – წერს გამოცემა „მედუზა“.

რუსეთმა უკრაინაში ავტობუსს დრონი დაარტყა – 9 ადამიანი დაიღუპა

დღეს, 23 აპრილს, დილით, უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცზე რუსული დრონის თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთმა დრონით მიიტანა შეტევა ავტობუსზე, რომელშიც საწარმოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 30 ადამიანი, თუმცა დაშავებულების რაოდენობა ჯერ ისევ ზუსტდება. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

ავტობუსი დრონის დარტყმის შემდეგ

მასწავლებლის გამოცდებზე 24 300-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა

2025 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, შემცირდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად დარეგისტრირდა 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2024 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

წელს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.

მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის წელს დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი, რაც გასულ წლის მაჩვენებელზე მეტია – 2024 წელს მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900-ზე მეტი მსურველი იყო რეგისტრირებული. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკის თანახმად აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • ისტორია აირჩია 18 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • მათემატიკა აირჩია 13 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • გეოგრაფია აირჩია 2 300-მა აბიტურიენტმა;
  • ლიტერატურა აირჩია 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • სამოქალაქო განათლება აირჩია 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ქიმია აირჩია 2 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ფიზიკა აირჩია 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ბიოლოგია აირჩია 3 200- ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ხელოვნება აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

„გამოცდების განრიგი დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.

დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, საგამოცდო ცენტრის მისამართისა და გამოცდაზე გამოცხადების დროის თაობაზე მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვა, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი“ – იუწყება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 944 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
  • ტანკი – 10 691 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 22 307 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 26 774 ერთეული [+85]
  • MLRS – 1 368 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 141 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 33 526 ერთეული [+138]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 148 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 45 621 ერთეული [+163]
  • სპეცტექნიკა – 3 860 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 661 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 53 034 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 604 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 985 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 546 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 962 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 416 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში უსახლკაროები სულხან თამაზაშვილთან მივიდნენ – აქცია მთავრობის სახლთან

„პოლიციელი რას დაგიცავს, პირიქით, პოლიციელებს რომ ვხედავ, ვფიქრობ, სად გავიქცე, თავი როგორ ავარიდო-მეთქი… საშიშროებაა პოლიციელი, აბა რაა,“ – გვითხრა მოქალაქე ნონა ხორავამ აჭარის მთავრობის სახლის წინ დღეს, 22 აპრილს, უსახლკაროების მიერ გამართულ აქციაზე.

ნონა ხორავა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც დღეს აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეს – სულხან თამაზაშვილს მიაკითხა. მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში წლებია მთავრობის ყურადღებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე აჭარის მთავრობას ან ბათუმის მერიას უსახლკაროებისთვის ცალკე პროგრამა არ შეუქმნია.

ამ ადამიანებს შორის არიან მარტოხელა დედები, შშმ პირები, სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული პირები… წლებია ამ ოჯახების საჭიროებებიც კი, აჭარის მთავრობას არ შეუსწავლია.

„გამოვიდა მთავრობის აპარატის წარმომადგენელი და გვითხრა, ჩამოგვიწერეთ თქვენი სახელი და გვარებიო. მერამდენედ ვწერთ ამას, მაგრამ კიდევ დავწერთ, რა პრობლემაა,“ – გვითხრეს ნახევრად ხუმრობით აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა. მერე აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხეს მიეყრდნო და სახელდახელოდ უსახლკაროების სიის შედგენა დაიწყო.

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

ნონა ხორავაც სოციალურად დაუცველია ქალია. იგი ამბობს, რომ ქირის გადახდას ვეღარ ახერხებს და ნათესავებთან ცხოვრობს:

„2011 წლიდან ვართ ნაქირავებში. ჩემი ქმარი შუახევიდანაა, გასარიგი ვიყავით, მაგრამ სიდუხჭირეში ვცხოვრობდით… წალკაში გადაყვანას დაგვპირდნენ, მაგრამ მოგვატყუეს – მთავრობას ტყუილი სჩვევია ყოველთვის.

ჩემი რძალი დევნილია აფხაზეთიდან, იმას მოუწია ბინა ბათუმში, დევნილების დასახლებაში, დედისერთაა და მშობლებიც მასთან ცხოვრობენ… რამდენი ვიცხოვრებთ 54 კვადრატულში? ჩემი შვილი შემდუღებლად მუშაობს, ის გვიმატებდა თანხას ქირაზე.

ახლა პოლიციელი დანიშნესო მთავრობის თავმჯდომარედ. რა მოლოდინი უნდა მქონდეს? ვინც იყო, ის დარჩენილიყო სჯობდა, მაძღარი მაინც იყო. მგონი, პენსიამდეც ვერ მივაღწევ. უფასო სასადილო რომ არ იყოს, მშიერი დავწყდებოდით. ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები მაქვს.

აქციებზე მინდა გამოსვლა, აქ რაც იმართება, საკონსტიტუციოსთან, მაგრამ რამე შეხლა-შემოხლა რომ მოხდეს და გასარბენი იყოს, ვერ გავირბენ. ვუერთდები პროტესტს. რომ შემეძლოს, ყოველდღე აქ ვიქნებოდი,“ – გვითხრა ნონა ხორავამ.

„ხან ერთ ძმისშვილთან ვათევ ღამეს, ხან – მეორესთან, ქმარი არ მყავს და შვილი, სად გავიქცე? ჩემი პენსია 450 ლარია, წამლებში არ მყოფნის, შაქარი მაწუხებს. 73 წლის ვარ და 3 წელია აქციიდან აქციაზე დავდივარ,“ – ამბობს გუგული წითელაძე. მან იუსტიციის სახლში აღებული დოკუმენტიც გვაჩვენა, რომელიც მისთვის ბათუმის მერიაში მოუთხოვიათ და რომლის მიხედვითაც პენსიონერი საქართველოში არანაირი უძრავი ქონების მესაკუთრე არ არის.

„ასე გვთხოვენ დოკუმენტებს, მაგრამ მერე არაფერი იცვლება,“ – დასძინა გუგული წითელაძემ.

უსახლკაროების მიმართ ერთიანი პოლიტიკა „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. ბათუმში არსებობს „ოცნების ქალაქი“, სადაც თვითნებურად დასახლებულ ასობით ადამიანს წლების გასვლის შემდეგ „ოცნების“ მთავრობამ ბიუჯეტის ხარჯზე ბინები აუშენა და ეს მას შემდეგ მოხდა, როცა წინასაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამ“ ამ დასახლების სქემაც აამუშავა.

სხვა უსახლკაროების პრობლემებთან მიმართებით კი ამ დრომდე „ოცნების“ დამოკიდებულება ასეთია: მთავრობა უსახლკაროების პრობლემებს არ აგვარებს და არც მიტოვებულ სახელმწიფო შენობებში თვითნებურად შეჭრილ უსახლკაროებს ასახლებს. მაგალითად, უსახლკარო ოჯახების ნაწილი ამ დრომდე რჩება ბათუმში აგრარული ბაზრის, ასევე თევზის ბაზრის მიმდებარედ არსებულ სახელმწიფოს კუთვნილ შენობებში.

დღეს აქციაზე გამოსული მოქალაქეები ბუკნარში, ასევე სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში 2024 წელს შეიჭრნენ, თუმცა იქ ცხოვრებისთვის გაუსაძლისი პირობებია და უსახლკაროებმაც შენობა რამდენიმე დღეში დატოვეს.

„ეს აწყობს ხელისუფლებას, რომ ერთად არ მოიყაროს თავი ამდენმა უსახლკარომ,“ – გვითხრა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დავით აზნაურიშვილმა, – „სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში თვითნებურად შესულ ოჯახებს შუქიც ჩაურთეს… ეს ხალხი რომ გამოასახლონ ამ შენობებიდან, ერთად 10 ათასი კაცი მიადგება მთავრობას.

მთავრობას ყოველთვის შეუძლია ეს ხალხი სათავისოდ გამოიყენოს. ხვალ მიადგება, როცა საჭიროდ ჩათვლის და ეტყვის, თუ ხმას ამოიღებთ, აქედან გაგყრითო. ეს ხალხი ერთად უნდა დადგეს და ეს იქნება გამოსავალი.

ამ ადამიანებს დღეს „ოცნება“ დაპირებას ფურცელზეც არ აძლევს, მხოლოდ ზეპირად ჰპირდებიან ხან რას, ხან – რას, მერე იძახის მთავრობა, რომ ეკონომიკა ყვავის და ყველა ბედნიერიაო. სინამდვილეში, მთავრობაც უბედურია, თუ დააკვირდებით და ხალხიც უბედურია. ყველა უბედურია დღეს, რადგან ჩვენ ვერ შევდექით, როგორც ერი,“ – გვითხრა დავით აზნაურიშვილმა.

მოქალაქეებს, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე არ შეხვედრია.

ამ თემაზე:

უსახლკარო, რომელიც მთავრობასთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა: „ოცნება“ 12 წელია გვატყუებს, აღარ მოვტყუვდებით

 

Exit mobile version