სიახლეები

პარლამენტარი საბაჟოს ინციდენტზე: სახელმწიფომ არც ერთ ფაქტს არ უნდა წაუყრუოს

08.07.2015 • 1489
პარლამენტარი საბაჟოს ინციდენტზე: სახელმწიფომ არც ერთ ფაქტს არ უნდა წაუყრუოს

 

ანი მიროტაძე

 ქალბატონო ანი, როგორ ფიქრობთ, ასეთი კონფლიქტების შემთხვევაში როგორი უნდა იყოს ხელისუფლების რეაგირება, რომ მოქალაქეების უფლებებიც იყოს დაცული და არც ქსენოფობიის გაღვივებას შეუწყოს ხელი? 


კონკრეტული ადამიანების, სახელმწიფო სამსახურში მყოფი დასაქმებული პირების მხრიდან მსგავსი ტიპის ქმედება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც სქესს და არც ეროვნებას, ყველა ადამიანს უნდა მოექცე ისე, რომ მისი უფლებები არ შელახო. ასე რომ, თუ ადამიანი დანაშაულს სჩადის, არ აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო მოხელეა თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, მან უნდა აგოს სათანადო პასუხი.

 


„ბათუმელებს“ სხვა დროსაც ჰქონდა მცდელობა, რომ საკონსულოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად გამოეხატა პოზიცია ასეთ ინციდენტებთან დაკავშირებით, თუმცა მაშინაც და ამ ბოლო კონკრეტული ინციდენტის შემთხვევაშიც, სამინისტრომ ოფიციალური განცხადების გაკეთება მნიშვნელოვნად არ მიიჩნია. როგორ ფიქრობთ, პრობლემის იგნორირება სამომავლოდ ნეგატიურად ხომ არ აისახება მეზობელი ქვეყანასთან ურთიერთობაზე?

 

სახელმწიფომ არც ერთ ფაქტს არ უნდა წაუყრუოს. არა იმიტომ, რომ დიპლომატიური სკანდალი შეიძლება გამოიწვიოს ამან. თუმცა, არა მგონია, რომ ასეთი ფაქტები საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გართულების საფუძველი გახდეს, მით უმეტეს დღეს, როცა ძალიან ახლო ურთიერთობები, განსაკუთრებული რეჟიმი გვაქვს ამ სახელმწიფოსთან და ამ რეჟიმს საქართველო გაუფრთხილდება ყოველთვის. თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ფაქტები უნდა იყოს დაშვებული და რეაგირების გარეშე დარჩეს.


ბათუმში თურქეთის საკონსულოში დაგვიდასტურეს, რომ საბაჟოზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით მიმართავენ მოქალაქეები, თუმცა ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საქართველოს მოქალაქეები თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობენ. თუ აპირებთ ამ თემის შესწავლას და რა იქნება თქვენი შემდგომი რეაგირება?


მე აქამდე არასდროს მსმენია მსგავსი ფაქტების შესახებ, ამიტომ აუცილებლად მოვიკითხავ, საკონსულოებიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოვითხოვ ამ ინფორმაციას, რომ გავარკვიოთ რა სტატისტიკა არსებობს და რამდენად ხშირად ხდება მებაჟეების მხრიდან ასეთი ქმედება, როგორია ტენდენცია. თუკი მდგომარეობა სერიოზულია, შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ სხვადასხვა დიპლომატიურ საკითხებზე მოლაპარაკების დროს ეს საკითხიც აუცილებლად უნდა იქნას დასმული და განხილული.

 

ბუნებრივია, კონკრეტული ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაული ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობაზე, მაგრამ თავიდან რომ ავიცილოთ ქსენოფობიისა და სიძულვილის გაღვივება ქვეყანაში, ეს საკითხი უნდა იყოს ორივე ქვეყნის საგარეო სამინისტროების სამუშაო თემა. ხალხებს შორის ურთიერთობაში ბზარი არ უნდა გაჩნდეს.

გადაბეჭდვის წესი