სიახლეები

32 კილოგრამ ტროტილზე დაკავებული სასამართლომ გაათავისუფლა

09.07.2015 • 1587
32 კილოგრამ ტროტილზე დაკავებული სასამართლომ გაათავისუფლა

ადგილი, საიდანაც შს სამინისტროს ცნობით ტროტილი ამოიღეს

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მცხოვრები თ.ჯ-ს წინააღმდეგ გამოძიება საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). პროკურორმა ადილარ წირღვავამ მოსამართლეს სთხოვა დაკავებული პირისთვის პატიმრობა შეეფარდებინა, მაგრამ მოსამართლემ პირიქით – ბრალდებული სამი ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლის ბრძანებით, თ.ჯ-მ. საპატიმრო დაკავებიდან მესამე დღეს, მას შემდეგ დატოვა, რაც მისი ოჯახის წევრებმა ბიუჯეტში 1500 ლარი შეიტანეს. მოსამართლემ თანხის სრულად დაფარვისთვის ბრალდებულის ოჯახს 40 დღე მისცა.

თ.ჯ-ს. ნათესავი, რომელიც სპეცოპერაციის თვითმხილველია, ამბობს, რომ პოლიცია ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში დაახლოებით ღამის 4 საათზე, მაშინ მივიდა, როცა ყველას ეძინა. სპეცოპერაცია ათეულობით სამართალდამცავმა ჩაატარა, `რამდენიმე ჯიპით იყვნენ”. თვითმხილველების თქმით, 32 კილოგრამი ტროტილი, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სახლის პირველ სართულზე, ზუსტად იმ ოთახის ქვემოთ იპოვეს, სადაც ბრალდებულს, მისი 6 თვის შვილსა და ცოლს იმ საღამოს ეძინათ.

ბრალდებულმა „ბათუმელებთან“ კომენტარი არ გააკეთა.
როგორც ბრალდებულის ნათესავი ამბობს (ვინაობას არ ვასახელებთ), თ.ჯ. მუშაა კარიერის მომპოვებელ ერთ-ერთ იმ კომპანიის, რომელიც სოფელ კვირიკეში ძირითადად ასაფეთქებელი მასალებით მუშაობს. ამ კომპანიამ ცოტა ხნის წინ კარიერზე მოპოვებითი სამუშაოები შეაჩერა, რის შემდეგაც ამავე სოფელში მცხოვრებ თანამშრომელს [ანუ ბრალდებულს] სამუშაო ყუთების სახლში შენახვა სთხოვა. ბრალდებულის ნათესავი ამბობს, რომ ყუთები სახლის პირველ სართულზე ელაგა, ოჯახის წევრებმა ტელევიზიით შეიტყვეს, რომ შიგნით ტროტილი ინახებოდა. ბრალდებულის ნათესავი ამბობს, რომ დაკავებულის ოჯახის წევრებმა ეს ვერსია პოლიციასაც მოუთხრეს.

ბრალდებულის დაკავების ოქმში დაკავების დროდ 07:10 საათია მითითებული.
დიდი ოდენობით ტროტილის ამოღების შესახებ ინფორმაცია შს სამინისტრომ ოპერაციის ჩატარებიდან რამდენიმე დღეში გაავრცელა. იმ დროსთვის თ.ჯ. წინასწარი პატიმრობიდან უკვე გათავისუფლებული იყო. სასამართლოში პროკურორი ადილარ წირღვავა მის დაპატიმრებას ითხოვდა. პროკურორის აზრით, დანაშაული ჩადენილი იყო განზრახ და არა უნებლიეთ: `ბრალდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ ასახელებს თუ ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა საბრძოლო მასალა და რა დანიშნულებით უნდა გამოეყენებინა ის”. მაგრამ დავით მამისეიშვილმა ბრალდებული საზოგადოებისთვს სახიფათოდ არ მიიჩნია და ევროპული სასამართლოს სტანდარტების მოშველიებით პროკურორის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლის შეფასებით, “დასაბუთებული ვარაუდით, მას [თ.ჯ-ს] ბრალი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში“.

დავით მამისეიშვილის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებების დროს მოპოვებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების რელევანტურია.

საქმის განხილვის დროს მოსამართლემ ყურადღება გაამახვილა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაზე, რომლის მიხედვითაც დაპატიმრება გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევების დროს. `იმისთვის, რომ წარმოდგენილი რეკომენდაცია პრაქტიკაში მოქმედებდეს, აუცილებელია პროპორციულობის დაცვა, რაც ეროვნული კანონმდებლობით აკისრია როგორც პროკურატურას, ასევე სასამართლოს“, – წერს მოსამართლე გადაწყვეტილებაში და ასევე იშველიებს დასაბუთების დროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე თავისთავად არ ამართლებს პირის ხანგრძლივ პატიმრობას, ხოლო მხოლოდ მოსალოდნელი სასჯელის სიმკაცრეზე მითითება არ წარმოადგენს მიმალვის საფრთხის გამართლებას.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და მისთვის პატიმრობა ზედმეტად მკაცრი სასჯელია.
გირაოს თანხის განსაზღვრის დროს მოსამართლემ ყურადღება გაამახვილა ბრალდებულის ქონებრივ მდგომარეობაზე და ამ შემთხვევაშიც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები მოიშველია.

ბრალდებულის ადვოკატის ტურფა ნიკურაძის ინფორმაციით, სამართალდამცავების მიერ ამოღებულ ყუთებში შენახული ასაფეთქებელი ნივთიერება ექსპერტზის დასკვნის თანახმად ვადაგასული, დანესტილი და გამოუსადეგარი იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: