კვირის ამბები

არასამთავრობოების შეხვედრები აჭარის მაღალმთიანეთში

08.07.2015 •
არასამთავრობოების შეხვედრები აჭარის მაღალმთიანეთში

„60 წლის ვარ, პენსია ჯერ არ მეკუთვნის, არც სამსახური მაქვს, ამ ასაკის ხალხს არ გვღებულობენ არსად. ერთი კარტოფილს ვუყურებ და სიმინდს. მეტი შემოსავალი არაფერი არაა. სოფელ ნიგაზეულს სასმელი წყალი არ აქვს. გზაც გაფუჭებულია. ვიწრო გზებია და ორი მანქანა გვერდს ვერ აუქცევს ერთმანეთს,“ – თქვა სოფელ ნიგაზეულში გამართულ შეხვედრაზე, ამავე სოფლის მკვიდრმა თემური ცეცხლაძემ.

ნიგაზეულის გარდა თავიანთი პრობლებემის შესახებ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სოფელ ოქრუაშვილების და ჩანჩხალოს მცხოვრებლებიც ესაუბრნენ.

„მოსახლეობას ვხვდებით იმისათვის რომ პირადად მოქალაქეებისგან გავიგოთ იმ პრობლემის შესახებ რაც მათ სოფელს აწუხებს. ჩვენ ამ პრობლემებს ვინიშნავთ,  შემდეგ მოხდება ამის სისტემატიზაცია და განისაზღვრება ვის კომპეტენციაში შედის მათი მოგვარება. იქნება კონკრეტული მიმართვები, წერილები, ზარები. შევეცდები როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ყურადღება გავამახვილოთ იმ პრობლემებზე რაც მოსახლეობას აქვს,“ – ამბობს CiDA-ს ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ იმ პრობლემებზე  რომლებზე მუშაობაც უწევთ.

„ეს დაგვეხმარება იმ რეკომენდაციების უფრო ზუსტად ჩამოყალიბებაში და ზუსტად ფორმულირებაში, რაც ამ ადამიანებს, ნამდვილად ჭირდება. ინტერესი მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდია.  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ  შესაძლებლობების  გააზრებაში, ინფორმაციის მიღებაში და იმაში რომ მაქსიმალურად შეძლონ ამ ადამიანებმა ამ შესაძლებლობების გამოყენება. ჩვენ დავეხმარებით იმ ცოდნის გადაცემაში რაც გვაქვს. იმისთვის რომ  შეძლონ ახალი ბიზნეს აქტივობების დაწყება, თავისი მცირე და საშუალო საწარმოების გახსნა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, თავისთვისაც და სხვებისთვისაც. რაც ყველაფერი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას,“ – ამბობს ნინო ევგენიძე.

დღეს, 8 ივლისს მსგავსი შეხვედრები ქედაში, ვაიოსა და მერისში იმართება.

ეკა გიგაური და ნინო ევგენიძე შეხვედრაზე სოფელ ოქრუაშვილებში

სოფელ ჩანჩხალოში ამბობენ რომ სასმელი წყალი დაშრა

შეხვედრა სოფელ ნიგაზეულში

 

გადაბეჭდვის წესი