სიახლეები

ცემაში ბრალდებული დედამთილის განაჩენი

09.07.2015
ცემაში ბრალდებული დედამთილის განაჩენი

 

 

პროკურორმა ქეთევან ადამიამ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარე მტკიცებულებებს სადავოდ არ ხდის, სწორედ ამიტომ მოსამართლემ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებები არ გამოაქვეყნა. საქმეში ინახება ბრალდებულის, დაზარალებულისა და თვითმხილველების ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაზარალებულს ჩაუტარდა.

როგორც პროკურორმა თქვა, ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ეზოში დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა: “შელაპარაკების დროს ბრალდებული ხელებით თმებში წვდა დაზარალებულს და თავისა და სახის არეში გაარტყა, რასაც მოჰყვა ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მოშლა”.

 

აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება და ითვალისწინებს როგორც პატიმრობას, ასევე ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. ეს ბრალდებულს მოსამართლემაც განუმარტა.
ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს: “არც მას დაუკლია ცემა, მაგრამ მე პოლიციაში წასვლა არც მიფიქრია, მაგას არ ვიკადრებდი, მან კი, როცა სისხლი წამოუვიდა, მოისვა მთელ სახეზე. ყელიდან ჯვარი ჩამომგლიჯა, ცქერას ხომ არ დავუწყებდი?”.

 

საბოლოო სიტყვისთვის მოსამართლემ ბრალდებულს განუსაზღვრელი დრო მისცა, თუმცა ეს დრო ბრალდებულმა არ გამოიყენა: “არაფერი მაქვს სათქმელი”.
ადგილზე თათბირით მოსამართლემ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

 

“მე ვერ გადავიხდი ამხელა ჯარიმას, კი ვმუშაობ, მაგრამ ახლა ბიულეტენზე ვიმყოფები. იქნებ მომისაჯოთ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ვიმუშავებ და ასე გამოვისყიდი“, – ითხოვა განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ ბრალდებულმა. მოსამართლემ მას განუმარტა, რომ ეს მისთვის დროულად, საბოლოო სიტყვის დროს უნდა ეთქვა. `ეს მინიმალური ჯარიმაა, რასაც კანონი ითვალისწინებს”, – უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს.
ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის. მუშაობს სანდასუფთავების სამსახურში. სასამართლო პროცესზე მას ადვოკატი არ ჰყოლია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: