სიახლეები

ბათუმში ერთ დღეში 11 ძროხა დააკავეს

08.07.2015 • 3651
ბათუმში ერთ დღეში 11 ძროხა დააკავეს

 

საქონელი ბათუმის ქუჩებში და ბულვარშიც კი გვხვდება. მათი მეპატრონეები ბათუმში ან ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ქუჩებში უმეთვალყურეოდ მყოფი საქონლის სხვა ტერიტორიაზე გადაყვანაზე ქალაქის სანდასუფთავების სამსახური ზრუნავს. სამსახურის უფროსი,ზურაბ გელაძე ამბობს, რომ თუ აუცილებლობაა, ყოველ დღე იჭერენ საქონელს:

 

„მაქსიმალურად ვცდილობთ გავაძევოთ, მაგრამ თუ ხდება ისე, რომ შემოსულია ქუჩებში, ხდება მისი გადაყვანა ავტოფარეხში. არის კვირა, როცა შეიძლება არ დარჩეს ამის აუცილებლობა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ხდება  ყოველდღიურად, მაგალითად, გუშინწინ 11 სული იქნა გადაყვანილი ადლიაში.

 

მიუღებელია ქუჩაში ძროხა, ეს იცის მოსახლეობამაც და მოდიან ადლიაში საქონლის წასაყვანად. ჯარიმა 20-50 ლარია, დამოკიდებულია იმაზე, ფეხით გვიწევს საქონლის გადაყვანა თუ ტრანსპორტით.  როცა ტრანსპორტირება ხდება, ამ შემთხვევაში არის ჯარიმა 50 ლარი“ – ამბობს ზურაბ გელაძე.

 

სანდასუფთავების უფროსის თქმით, საქონელს ძირითადად ახალ ბულვარში, ლეონიძის, ჯავახიშვილისა და ლერმონტოვის ქუჩებზე აკავებენ.

 

„ფაქტები გვქონდა, რომ გაველურებული პირუტყვი სირბილით გადასულა ბულვარის ტერიტორიაზე. გუშინწინ სოფლიდან ჩამოიყვანა ვიღაცამ, მოსკოვის ქუჩაზე გასაყიდად ძროხა. ავტომობილიდან ჩამოყვანის დროს გაექცათ და საქონელი სირბილით გავიდა ბულვარის ტერიტორიაზე. მისი დაჭერა რა სამუშაოს შეიცავდა, კი მიხვდებით“ -ამბობს ზურაბ გელაძე.


 

მიმდინარე წელს მერიის შპს ,,სანდასუფთავების“ მიერ 100-მდე ოქმია გამოწერილი, რის შესაბამისადაც ხდება პირუტყვის მეპატრონეთა დაჯარიმება. 

მერიის პრესსამსახურის ცნობით, უპატრონოდ გაშვებული პირუტყვის გადაადგილების აღსაკვეთად, ყოველდღიურად, 7:00 -დან 22:00 საათამდე, ქალაქის ტერიტორიაზე 40 მეველე პატრულირებს. სადგომზე საქონლის შენახვისთვის ყოველ გადაცილებულ დღეზე მეპატრონეს 10 ლარის გადახდა უწევს.



საქონლის დაკავება
საქონლის დაკავება

 

გადაბეჭდვის წესი