
მხატვარი ქეთევან ვაჩეიშვილი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსია. უნივერსიტეტში მომავალ არქიტექტორთა ზრდაზე სწორედ ის გვესაუბრა. სპეციალობა – არქიტექტურა უნივერსიტეტში უკვე მეოთხე წელია არსებობს. სპეციალობა ორ მიმართულებად იყოფა – შენობა-ნაგებობათა არქიტექტურა და ინტერიერი და დიზაინი. „ორივე მიმართულების სტუდენტები არქიტექტორის ბაკალავრის დიპლომს იღებენ“, – ამბობს ქეთევან ვაჩეიშვილი.
უფრო მეტი მოთხოვნა შენობა-ნაგებობების არქიტექტურის მიმართულებაზეა. მხატვრის აზრით, ამ პროფესიით დაინტერესება საზოგადოების ზრდამ განაპირობა: „მე ვარ მხატვარი, მაგრამ მე ჩემს ბინას არავითარ შემთხვევაში არ დავაპროექტებ. აუცილებლად ავიყვან ინტერიერის დიზაინერს. საზოგადოებაც უკვე მიხვდა, რომ პური მეპურემ უნდა აცხოს, შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა როგორც ინტერიერის დიზაინერზე, ასევე პროფესიონალ არქიტექტორებზე.
ჩემი სტუდენტობის დროს პოპულარული იყო სამედიცინო, ასეთივე პოპულარული გახდა დღეს არქიტექტურა და დიზაინი. საბჭოთა პერიოდში მეტი შეზღუდვები არსებობდა, ყველა სახლი ერთნაირი იყო და არქიტექტორს არ ჰქონდა შემოქმედებითი ზრდის შესაძლებლობა. ჩემმა თანაკურსელებმა პარიზში გააგზავნეს სახლის პროექტი და გაიმარჯვეს, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ არ გაუშვა ისინი პარიზში. დღეს ეს ბარიერები აღარ არსებობს, არც მშენებლობაშია შეზღუდვები, ამიტომ ამ სფეროს მიმართ ინტერესი გაიზარდა~.
არქიტექტურის სპეციალობაზე ხელოვნების უნივერსიტეტში გასულ წელს ათმა აბიტურიენტმა ჩააბარა. აქედან მხოლოდ ერთმა თქვა უარი სწავლის გაგრძელებაზე. როგორც ქეთევან ვაჩეიშვილი ამბობს, არქიტექტორი ამ სპეციალობაზე „შემთხვევით მოხვედრილი“ სტუდენტი ვერ გახდება: „შემთხვევით მოხვედრილში ვგულისხმობ იმას, რომ სტუდენტები ზოგჯერ რამდენიმე სპეციალობას უთითებენ. იმ სტუდენტსაც სხვაგან უნდოდა სწავლა და ცოტა გვიან მიხვდა, რომ არქიტექტურა არ იყო მისი საქმე. აქ სწავლა საკმაოდ რთულია, რადგან სტუდენტები სწავლობენ გეოდეზიას, მასალათა გამძლეობას, ბევრ ტექნიკურ საგანს, რომელსაც ყველა ვერ დაძლევს“.
ქეთევან ვაჩეიშვილის თქმით, არქიტექტურის სპეციალობაზე გენდერული ბალანსი დაცულია: „ექვსი გოგონაა და ოთხი ბიჭი. ერთი სტუდენტი თბილისიდან გადმოვიდა, ოთხი – ბათუმის უნივერსიტეტიდან. ესენი შენობა-ნაგებობების არქიტექტურაზე სწავლობენ, ინტერიერის დიზაინზე წელს მიღება არ გამოვაცხადეთ.
დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ქალაქები არასწორად ვითარდება, იგება ბევრი ულამაზო შენობა. ეს იმის ბრალია, რომ სამწუხაროდ ჩვენი თაობა მონურ ქვეყანაშია გაზრდილი და დღესაც ჯერ კიდევ ის ძველი თაობა აშენებს ქალაქებს და წყვეტს ბევრ რამეს ამ ქვეყანაში. ამიტომაც არიან იძულებული ვიღაცას მოუწერონ ხელი შეუსაბამო პროექტზე, დაუხარონ თავი ხელისუფლებას. ვფიქრობ, თაობა, რომელიც დღეს არქიტექტურას სწავლობს, უკეთეს ქვეყანას ააშენებს“.
არქიტექტურას ხელოვნების უნივერსიტეტში არქიტექტორი გია რამიშვილი ასწავლის. „გია რამიშვილი სწორედ ამ შემოქმედებით თავისუფლებას ასწავლის სტუდენტებს და სულ ეუბნება, რომ არ შეიზღუდონ ფანტაზიებში“.
გია რამიშვილის გარდა ხელოვნების უნივერსიტეტში არქიტექტურის სპეციალობაზე ასწავლის ქალაქის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი ზვიად ბურჭულაძე, ლალი გერსამია, ლია გურგენიძე, გოჩა გარუჩავა და კიდევ რამდენიმე სპეციალისტი.
როგორც ქეთევან ვაჩეიშვილი გვეუბნება, ისინი უკვე მუშაობენ სამაგისტრო პროგრამებზე და იმედოვნებენ, რომ მომავალი წლისთვის აკრედიტაციას მიიღებენ:
„უცხოელებთანაც გვაქვს ურთიერთობა და მასტერკლასებს ატარებენ. გასულ წელს ჩვენმა სტუდენტებმა შვეიცარიის პროექტის ფარგლებში რამდენიმე ნამუშევარი წარადგინეს ევროპაში კონკურსზე და მე-16, მე-17 ადგილები აიღეს, რაც საკმაოდ წარმატებული ნაბიჯია. წელსაც მონაწილეობდნენ კონკურსში და გაიმარჯვეს. დაჯილდოვება იქნება ჩვენთან, უნივერსიტეტში, 2 ივლისს.“
ქეთევან ვაჩეიშვილი ამბობს, რომ უნივერსიტეტი თანამშრომლობს კერძო კომპანიებთან და სტუდენტები უშუალოდ მონაწილეობენ კონკრეტული პროექტების დაგეგმვაში: „ჩვენს სტუდენტებზე უკვე „ნადირობენ“ დეველოპერები და ბევრი მუშაობს კიდეც“.
არქიტექტურის სპეციალობაზე აბიტურიენტი ჯერ შემოქმედებით ტურს აბარებს, შემდეგ კი ეროვნულ გამოცდებზე გადის. უნივერსიტეტის დაფინანსება მწირი, წელიწადში 950 ათასი ლარია. თუმცა, როგორც ხელმძღვანელობა ამბობს, ისინი მაინც ახერხებენ ნიჭიერი სტუდენტების სწავლის დაფინანსებს. „81 ქულაზე მეტს თუ მიიღებს სტუდენტი, სწავლობს უფასოდ. ასეთი საკმაოდ ბევრია ჩვენთან. გრანტის მოპოვების შემთხვევაში კი სწავლობს უფასოდ და იღებს სტიპენდიასაც“.

რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არქიტექტურის მიმართულებას გიზო ფარცხალაძე ხელმძღვანელობს. არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამამ აკრედიტაცია 2011 წლის ბოლოს გაიარა. მანამდე, როგორც გიზო ფარცხალაძე ამბობს, არსებობდა არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამა, ოღონდ ეს იყო დამატებითი და არა ცალკე სპეციალობა.
გიზო ფარცხალაძეც მიიჩნევს, რომ არქიტექტურის სპეციალობის მიმართ დაინტერესება დიდია, – „ნელ-ნელა შემობრუნდა პროცესი.“
რუსთაველის უნივერსიტეტში ამჟამად არქიტექტურას 20-მდე სტუდენტი ეუფლება. 240 კრედიტის ათვისების შემთხვევაში ისინი ბაკალავრის ხარისხს მიიღებენ, სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაცია უნივერსიტეტს ჯერ გავლილი არ აქვს.
რუსთაველის უნივერსიტეტში არქიტექტურის სპეციალობაზე სამი გოგონა სწავლობს.
„უცხოელები Desk Job -ს ეძახიან არქიტექტურას, შემოქმედებითი სამუშაოა და ქალებისთვის საინტერესო“, – ამბობს გიზო ფარცხალაძე. მისი აზრით, ამ მიმართულებაზე დღეს კონკურენცია მაღალია. – „სახვით ხელოვნებას მაია ჭყონია ასწავლის, ქანდაკებას – დავით ბოლქვაძე; საქართველოს ტექნიკური და ილიას უნივერსიტეტიდან ცნობილი მეცნიერი გურამ ყიფიანი ჩამოგვყავს ხოლმე, რომელიც არქიტექტურის ისტორიას კითხულობს, თანდათან ფორმირდება პროგრამებიც.
მშენებლობის მიმართულებით სწავლა უფასოა, რაც შეეხება არქიტექტურას, ამ მიმართულებით არ გვაქვს სადოქტორო პროგრამა, როცა გავაკეთებთ, არქიტექტურაც უფასო გახდება.
ბსუ-ში ქალაქდაგეგმარებით კურსს სტუდენტები მომავალ წელს გაივლიან. შესაბამისად, როგორ ვითარდება ქალაქი და რა ხარვეზები არსებობს არქიტექტურაში, მომავლის სადებატო თემა იქნება“, – ამბობს ფარცხალაძე. მისი თქმით, ეს კურსი შესაძლებელია ზვიად ბურჭულაძემ წაიყვანოს: „მან გააკეთა აჭარის მოცულობითი გეგმარება და მეტი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით“.
რაც შეეხება უცხოურ გამოცდილებას, გიზო ფარცხალაძე ამბობს, რომ „არქიტექტურის ფაკულტეტს ამ მიმართულებითაც აქვს საკმაო მაჩვენებელი. რამდენიმე კვირის წინ გოჩა ჩავლეიშვილი იმყოფებოდა ბილბაოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ის ასწავლის მხაზველობით გეომეტრიას და კომპიუტერულ გრაფიკას, მე არქიტექტურულ კონსტრუქციას ვასწავლი. ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში წარდგენილი მქონდა პროგრამა და გავიმარჯვე. გასულ წელს ვიყავით შვეციაში, სტოკჰოლმის სამეფო უნივერსიტეტში.
სამშენებლო ნორმების საკითხი საკანონმდებლო დონეზეა გადასაწყვეტი. ჩვენი ფაკულტეტი აქტიურად იყო ჩართული სამშენებლო ნორმების შემუშავების პროცესში. ეკონომიკის სამინისტროში იყო საუბარი სამშენებლო ნორმების დადგენაზე, ითარგმნა კიდეც შენობა-ნაგებობების ილუსტრირებული კოდექსები, ეს არის ამერიკული ნორმები, თუმცა შემდეგ ამ ნორმების დაკანონებაზე საუბარი შეწყდა“.
გიზო ფარცხალაძის თქმით, არქიტექტურის სპეცილობაზე სტუდენტები საქართველოში დღეს მოქმედ სტანდარტებს სწავლობენ.


