სიახლეები

როგორ ცხოვრობს ბათუმის ზოოკუთხე

10.07.2015 • 2398
როგორ ცხოვრობს ბათუმის ზოოკუთხე

ზოოკუთხესთან ახლოს მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც „ბათუმელებს“ ტელეფონით დაუკავშირდა, ამბობს, რომ ცხოველების, განსაკუთრებით ირმებისა და ანტილოპების რაოდენობამ ვოლიერებში იმატა. ამ მოქალაქის აზრით, სწორედ ამის გამო დასახლებულ არეალში მწერებიც მომრავლდა. „ზაფხულში განსაკუთრებით შემაწუხებელია სუნი, რადგან ზოოკუთხე ძალიან ახლოსაა განთავსებული საცხოვრებელ სახლებთან, ფართობი ვეღარ იტევს ნამატს და მომრავლდა მწერებიც“, – ამბობს მოქალაქე. 

ამირან მურვანიძე კი აცხადებს, რომ ზოოკუთხეში არსებული მდგომარეობა დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებს და ზემოხსენებული მოქალაქის პრეტენზიები უსაფუძვლოა.

„ამ ეტაპზე ვოლიერებში 250 კვ.მ-ზე სამი ხალებიანი ირემია განთავსებული ნამატიანად. ანუ სულ 11 ცხოველია ვოლიერში. თუ ეს რიცხვი 20-მდე გაიზრდება, მაშინ უკვე ალტერნატიული ფართობის გამონახვა მოგვიწევს.

ალტერნატიული ფართობის გამოყოფის თაობაზე ოფიციალურად ქალაქის ხელმძღვანელობისთვის ჯერჯერობით არ მიგვიმართავს. ან უნდა გამოინახოს ახალი ფართობი ნამატის გადასაყვანად, ან შესაძლებელია თბილისის ზოოპარკს გადავცეთ გარკვეული პოპულაცია, თუკი ამის სურვილი ექნებათ, ბუნებრივია, ზოოპარკის აღდგენის შემდეგ. არის საუბარი იმაზეც, რომ მინიმუმ ერთი ჰექტარი გამოიძებნოს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე. ჩვენს კლიმატურ პირობებში ეს ცხოველები კარგად გრძნობენ თავს, მათ განსაკუთრებული მოვლა იქ არ დასჭირდებათ, რადგან ფართობი დიდი იქნება. ბუნებრივია, უნდა იყოს ისეთი გარემო და მცენარეები, რომელსაც ირმები არ დააზიანებენ. მთავარია, ირმებს დროულად მიაწოდო საკვები, ჰქონდეთ სალოკი მარილი, წყალი და თივა ზამთარში, იყოს იზოლირებულ გარემოში და არ ჰქონდეს ადამიანებთან შეხება, რადგან მამალი ირემი საკმაოდ საშიშია. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ საუბრის დონეზეა და ოფიციალურად არ არის განხილული“, – ამბობს განყოფილების უფროსი.

სტანდარტების მიხედვით, როგორც ამირან მურვანიძე ამბობს, ზოოპარკის არსებობა დასახლებულ პუნქტში მისაღებია: „რაც უფრო მოშორებულია ზოოპარკი ასეთ გარემოს, მით უფრო ძნელად აღსაქმელია ის ქალაქისთვის. ევროპაში სადაც ვიყავი – ჰოლანდიაში, ბელგიაში პატარა კუნჭულიც არ არის დატოვებული რაიმე ფრინველი ან ცხოველი რომ არ იყოს გაშვებული“.

ზოოკუთხის განყოფილების უფროსის განცხადებით, ვოლიერებში დაცულია ჰიგიენური ნორმებიც: „დღეში სამჯერ იწმინდება, ირეცხება, გაგვაქვს ნარჩენები, ასე რომ, გაუსაძლისი პირობები მოსახლეობისთვის ნამდვილად არ არის“.

რამდენიმე წლის წინ ბათუმის ზოოკუთხეთი ევროპის ზოოპარკების ასოციაცია დაინტერესდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, როგორც ამირან მურვანიძე ამბობს, ასოციაციასთან კავშირი შეწყდა:

„ასოციაციაში გაწევრიანებისთვის რამდენიმე ეტაპია გასავლელი. ადრე კერძო საკუთრებაში იყო ზოოკუთხე, ახლა ქალაქის დაქვემდებარებაშია. გარდა ამისა, ჩვენ არ ვართ ცალკე იურიდიული პირი, „6 მაისის პარკის“ შემადგენლობაში ვართ. თბილისის ზოოპარკი არის ამ ასოციაციის წევრობის კანდიდატი და როცა წევრი გახდება, ალბათ ჩვენც მასთან მთლიანობაში განვიხილებით“.

ბათუმის ზოოკუთხეში გასულ წელს ორი პრიმატი და სამი ანტილოპა დაიბადა, წელს კი ირმებს ორი ნუკრი შეემატა.

გადაბეჭდვის წესი