ნეტგაზეთი • RU

დეპუტატი: დღეს გაცილებით გამოცდილი არჩილ ხაბაძე გვყავს

 

მერაბ აბაშიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში კოალიცია „ქართული ოცნების“ სახელით „ეროვნული ფორუმის“ კვოტით აირჩიეს. რიგითი დეპუტატის პოზიციიდან რამდენიმე თვის წინ აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე გადავიდა. რა გააკეთა დღემდე, როგორც რიგითმა დეპუტატმა და რა გეგმები აქვს, როგორც კომისიის თავმჯდომარეს? – გასულ კვირას მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

პროფესიით ფილოსოფოსი ხართ, ახლახან აგრარული კომისია ჩაიბარეთ, როგორ  შეაფასებთ უმაღლეს საბჭოს ფილოსოფოსის თვალით?

ამ პროფესიით საქრთველოში არასდროს მიმუშავია, გული მწყდება – შემეძლო ამ მიმართულებით განვითარება. თუმცა სოციალურად ალბათ უფრო ნაკლებაქტიური ვიქნებოდი. თუმცაღა გვაქვს მაგალითი გია მასალკინის სახით, ფილოსოფოსია და პოლიტიკურად აქტიური. კომკავშირელი ვიყავი და კომუნისტური პარტიის წევრი არ გავხდი. მოხდილი მაქვს სამხედრო სამსახური. ერთი სიტყვით, ჩემი მეს ფორმირება აზრთა გარდატეხის პერიოდში ხდებოდა. ჩვენ გამოგვეცალა სახელმწიფო, რომელიც იყო ჩვენი. უცებ დაპატარავდა დედამიწა.

საბჭოთა კავშირის ნოსტალგია გაქვთ?

არა. ნოსტალგია არ მაქვს. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. შემდეგ ძალიან დიდი, უზარმაზარი თავისუფლება მერგო. საკუთარი ბედის გადამწყვეტი და დამგეგმავი თვითონ ვიყავი. თუმც ეს ყველაფერი ხდებოდა გაჭირვების ფონზე. როგორც ძველი ჩინელები იტყოდნენ – „დაე იცხოვროს გარდაქმნების პერიოდშიო“. რთულია ასეთ პერიოდში ცხოვრება, თუმცა საინტერესო.

სად, რომელ მხარეს იდექით გარდაქმნების პერიოდში?

დემოკრატიის მხარეს. ფილოსოფიურმა განათლებამ ჩემს მეზე ნამდვილად დატოვა თავისი კვალი, რითაც შეიძლება უფრო გამირთულდა ცხოვრება. რაღაცები სხვანაირად მესახება, თუმც ამავდროულად მიხარია, რომ ეს ასე მოხდა.

ქართულ ოცნებამდე პარტიაში იყავით?

ერთადერთი პარტია, რომელშიც გავწევრიანდი, „ეროვნული ფორუმი“ იყო. პოლიტიკაში არასოდეს უნდა თქვა არასოდეს და გადაჭრით ტაბუ არ უნდა დაადო რომელიმე საკითხს. ვფიქრობ, ეს არის პირველი და უკანასკნელი ჩემი პარტია.

 ყველაზე ღირებული რა გააკეთეთ უმაღლეს საბჭოში მუშაობის პერიოდში?

ერთ კონკრეტულ ფაქტს ვერ გამოვყოფ. მეგობრებმა და ჩემმა ამომრჩეველმა, ვინც  მიცნობს, იციან, რომ ჩემი საქმიანობა უმეტესწილად ხალხში გასვლაა, მათთან ურთიერთობა, ხალხის პრობლემების თავის თავზე აღება. რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, 17 შეხვედრა გავმართეთ მოსახლეობასთან. ეს არ იყო საარჩევნო წელიწადი, მაგრამ შეხვედრები საინტერესო იყო. რადგან მე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან ვარ, წილად მხვდა შეხვედრები ხელვაჩაურში. დაახლოებით 250-300, ხანდახან მეტი ამომრჩეველი ესწრებოდა შეხვედრას. ახალშენში გადაიჭედა დარბაზი – 500 კაცზე მეტი იყო. ეს შეხვედრები გრძელდებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში. აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილეები, საგზაო და გარემოს დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც. აღმასრულებელი თავისას ამბობდა, მე, როგორც დეპუტატი, ველაპარაკებოდი ხალხს, მაგრამ მთავარი გზავნილი მაინც იყო ჩვენი მოქალაქეების ჩართულობა. 

გინდათ თქვათ, რომ ყველაზე ღირებული, რაც უმაღლეს საბჭოში მუშაობის პერიოდში გააკეთეთ, ხალხთან შეხვედრები იყო?

ცხრა სხვადასხვა კომისიაში ვმუშაობდი, ზოგიერთ კომისიაში ახლაც ვმუშაობ. ყოველთვიურად, ზოგჯერ თვეში ორჯერ ვიკრიბებით. აქ ჩართულები არიან წარმომადგენლები როგორც ეკონომიკის სამინისტროდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. უმაღლესი საბჭოდან მე ვარ წარმოდგენილი. საუბარია იმ პირებზე, რომლებსაც ჰქონდათ მიწის დამადასტურებელი საბუთი და მერე რაღაც მიზეზთა გამო ჩამოეჭრათ. ჩვენ ამას ვიხილავთ და ვაბრუნებთ, ეს არის სამართლიანობის დამკვიდრების ერთ-ერთი მომენტი. თუმცა ეს კომისია რეკომენდაციებს ამზადებს ეკონომიკის სამინისტროსთვის, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. კომისიაში  სამინისტროს წარმომადგენლებიც არიან. მე ვიმუშავე გონიოშინ წართმეულ მიწებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა, რომ ერთპიროვნულად ყველას ვერ ერგება [მიწა], თუმცა არის ნაწილი მოსახლეობისა, რომელსაც ნამდვილად ერგება. კომისია აღმასრულებელი ხელისუფლების მოთხოვნით იყო შექმნილი, ჩვენ ერთად ვიმუშავეთ.

მაგრამ თქვენი მთავარი ფუნქცია საკანონმდებლო საქმიანობაა…

ვერ გეტყვით, რომ რომელიმე კანონპროექტი პირდაპირ ჩემი ინიციატივით არის შესული პარლამენტში. თუმცა თანამონაწილე ვიყავი და ახლა კიდევ მაზის კისერზე ერთი საკმაოდ რთული პროექტი. საქართველოს პარლამენტი ე.წ. მთის კანონზე მუშაობს. უამრავ სიკეთესა და სარგებელს ნახავს ჩვენს მთაში სოფლები. 1999 წელს მიიღეს ეს კანონი, თუმცა არ ამოქმედებულა. ამ კანონში ბოლო ცვლილება 2015 წლის 15 აპრილს ხულოს მაჟორიტარმა ბოლქვაძემ შეიტანა, ორი სოფლის სახელი გაასწორა. თუ სოფლის სახელი დამახინჯებულად იქნება ჩამონათვალში, კანონის ამოქმედებისას ეს სოფელი ვერ მიიღებს სარგებელს. 26 სოფელია არასწორი დასახელებით და ამ 26 სოფლის სახელწოდების გასწორებაზეა საუბარი.

თქვენ, როგორც თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარე, როგორ შეაფასებთ მუნიციპალიტეტების გამგებლების, გამგეობების მუშაობას?

არის თუ არა სხვაობა, რაც იყო? – არის. ხელვაჩაურის რაიონში ამ წუთში იმდენი ბაღი და სკოლა შენდება და რემონტდება, რომ ამის გაპიარება წესიერად რომ ხდებოდეს, გაცილებით მეტი ეფექტი ექნებოდა.

არჩილ ხაბაძის მუშაობას როგორ შეაფასებდით?

გახსოვთ ალბათ შვიდი დეპუტატის თანხმობა იყო საჭირო, რომ მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულიყო, მე არ შევუერთდი იმ დეპუტატებს. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ არ მივიღე, რომ მომწონს ან არ მომწონს არჩილ ხაბაძე. რაც უფრო ნაკლებ დროს დავუთმობდით კინკლაობას, უფრო მეტს მოვიგებდით. ამ კინკლაობით დავზარალდით ორივე მხარე. დავზარალდით ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ეს ჩემთვის უფრო საწყენია, ვიდრე რომელიმე დეპუტატის ახირება.  მინდა გითხრათ, რომ მუშაობს არჩილ ხაბაძე, კარგი მენეჯერია, ამის თქმა შემიძლია. საბანკო სისტემიდანაა მოსული და ამ მხვრივ გამოცდილება ჰქონდა. ახალგაზრდა კაცია, უამრავ რამეს დახვეწს. ზოგადად გვქონდა ჩვენ შენიშვნები მასთან და მინდა მის სასიკეთოდ ვთქვა, რომ იგრძნობა ცვლილება.

ანუ დაიხვეწა?

დიახ, რა თქმა უნდა. მე ვერ შევიტან ეჭვს, რომ ამ კაცს რეგიონისთვის სიკეთე არ უნდა და ამისთვის არ იღწვის. იდეალური მხოლოდ ღმერთია.

პიროვნულ სიმპათიებზე არ გეკითხებით. მაინტერესებს თქვენი, როგორც მაკონტროლებლის მოსაზრება აღმასრულებელზე, რომელსაც ანდეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი, ეს უფლება კი ამომრჩევლისგან მიიღეთ. კმაყოფილია თქვენი ამომრჩეველი?

დიახ, იმას კი არ ვამბობ, როგორი ხასიათის ბიჭია არჩილ ხაბაძე. ზუსტად მისი საქმიანობიდან გამომდინარე ვაფასებ. საკმაოდ სამართლიანი ახალგაზრდაა.

ფინანსთა მინისტრი?

შეიძლება ცოტა ხისტია, მაგრამ ნამდვილად პროფესიონალია. ის ვერ გავა იმ ჩარჩოს მიღმა, რასაც ჩვენს რეგიონში კანონმდებლობა აწესებს. ამას არც ვურჩევ არავის და პირველ რიგში, ჩემ თავს. მოკლედ, არჩილ ხაბაძის საქმიანობას დადებითად ვაფასებ და მის სასიკეთოდ მინდა ვთქვა, რომ გაცილებით გამოცდილი არჩილ ხაბაძე გვყავს დღეს, ვიდრე ეს იყო მუშაობის დაწყებიდან პირველი წელს.

გამოცდილების მიღება მთავრობის პირველი პირის პოსტიდან, ეს ნორმალურია?

მე ვთქვი გაცილებით უფრო გამოცდილი და არ მითქვამს, რომ ის საერთოდ გამოუცდელი იყო. თუმცა როდესაც მიღებულ გამოცდილებას მიმართავ სიკეთისკენ,  ეს სერიოზული მაჩვენებელია. კადრების თვალსაზრისით ჩვენს რეგიონს ვარსკვლავთ ცვენა არა აქვს. ბევრი ჭკვიანი ვიცი, მაგრამ პოლიტიკური პროცესების მიღმა დგომა ურჩევნია. გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ვიღაცები ცდილობენ დისტანცირებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე