კვირის ამბები

ქალები მეწარმედ ჩამოყალიბების გზაზე

09.07.2015 • 1860
ქალები მეწარმედ ჩამოყალიბების გზაზე

 

თამარა ბოლქვაძე რეგიონში თაფლის ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებლად მიიჩნევა. ის ამბობს, რომ არ იცის, რა არის საჭირო ქართული თაფლის ევროპის ბაზარზე გასატანად. ის ამ საკითხზე გამართულ არც ერთ დისკუსიაზე არ დაუპატიჟებიათ, არც ხელისუფლებას და არც არასამთავრობო სექტორს. 


შეკითხვაზე, რისი გაგება გჭირდებათ ყველაზე უფრო? – თამარს პასუხი არ აქვს. „გზებს ჯერ ვერ ვხედავ, მაგრამ მინდა, რომ დავინახო~, – ამბობს ის. – „ასე ზუსტად ვერ გეტყვით. პირველი, რაც ყველაზე უფრო მაინტერესებს, ეს არის ფასი. მეორე – 80%-ით დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ თუ წავიღებ ჩემს თაფლს სადმე გასაყიდად, გარანტირებული უნდა იყოს ბაზრის მოძიება“.

 

თამარ ბოლქვაძე ამბობს, რომ ახლა თაფლს სახლიდან გაუსვლელად ყიდის. „თურქები მოდიან და 20 ლარად მიაქვთ“, – ამბობს ის.
ევროკავშირში თაფლის გატანის პერსპექტივაზე საუბრის დროს თამარს წარმოუდგენია, რომ „ამ შემთხვევაშიც ვიღაც მოვა და წაიღებს“. თუმცა, მას ამის დიდად არ სჯერა.

 

თამარ ბოლქვაძე ფიქრობს, რომ ევროკავშირის ბაზარზე შესვლისათვის აუცილებელია ხარისხიანი თაფლის წარმოების გაზრდა, რადგან „შერეული თაფლი არავის უნდა. ჩვენთან კიდევ ერთი შედგენილობის თაფლს – წაბლის იქნება თუ ყვავილის, ნაკლებად ვაწარმოებთ. ამიტომ თუ არ გაიზარდა წარმოება, ძნელია ვინმე მსხვილი ბიზნესმენი დაინტერესდეს ქართული თაფლის გატანით“.

 

ბულბული მახარაძე ქედაში, სოფელ ზენდიდში ლურჯ მოცვს უვლის. გასულ წელს მას ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში 650 ძირი ლურჯი მოცვის ნერგი მისცეს უფასოდ. უთხრეს, რომ ნაყოფს მოცვის ბუჩქი სამ წელიწადში მოისხამდა, მაგრამ ბულბული ამბობს, რომ მისი მოცვის ბუჩქები უკვე მსხმოიარეა. „თითქმის 100 კილო მოცვი უკვე გავყიდე. აქვე სამეზობლოში“, – ამბობს ბულბული.

 

ბულბულის პლანტაცია ჯერ მოხლოდ 1500 კვადრატულ მეტრ ნაკვეთზე აქვს გაშენებული. ლურჯი მოცვი სოფელში მხოლოდ მის მიწაზეა დარგული, როგორც მას უთხრეს, მიწის მჟავიანობა შეამოწმეს და ამის მიხედვით აირჩიეს მისი ნაკვეთი. „მითხრეს, რომ თუ მოცვი ივარგებს, მერე საამქროსაც დამიმონტაჟებენ, სადაც შესაძლებელი იქნება მოცვის როგორც დაფასოება, ისე გაშრობა. აქ მოცვი აშკარად კარგად იმუშავებს. ვფიქრობ, რომ კიდევ უნდა დავამატო ნერგები. რაც ახლა მაქვს, ამ ყველაფერში არც ერთი თეთრი არ გადამიხდია“.

 

ნერგების დარგვის დროს ბულბულის უთხრეს, რომ ერთი ნერგი ორი მეტრი სიმაღლის იზრდება და 7-8 კილოგრამ ნაყოფს იძლევა. ბულბულიმ ისიც გაარკვია, რომ ერთი კილოგრამი ნედლი მოცვი ევროპის ბაზარზე საშუალოდ 3-4 ევრო ღირს, გამომშრალი კიდევ უფრო ძვირი. „ყოველ 20 დღეში ბალახისგან ვასუფთავებ. წვეთოვანი დამიმონტაჟეს დიდი ავზით და ამით ვრწყავ. მითხრეს, რომ ბაზრის მოძიებაშიც დამეხმარებიან და სხვა აუცილებელი საკითხების მოგვარებაშიც. მომავალში ჯამში 4 ათას კილოზე მეტ მოცვს ველოდები. ასევე ვაპირებ ნერგების დამატებასაც. არ ვიცი, შეიძლება მთავრობამაც დამიმატოს, როცა პირველად მოიტანეს ნერგები, მთავრობის ხალხიც იყო და უცხოელებიც“.

 

იქნება თუ არა ბულბული მახარაძისთვის ლურჯი მოცვის მოვლა ბიზნესი? – მისი აზრით, პირველ ეტაზე ეს არ იქნება ბიზნესი, მაგრამ ჰგონია, რომ მომავალში აუცილებლად გახდება ბიზნესი.

 

„ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ (ENPAღD) პროექტის ფარგლებში, ლურჯი მოცვის ნერგები აჭარის სამივე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში შეიტანეს. კვლევებით დადგინდა, რომ ამერიკული ლურჯი მოცვი კარგად ხარობს აჭარისა და გურიის მთაში. საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ლურჯი მოცვის შეტანაზე პოლონური კომპანია იზრუნებს.
ლურჯი მოცვის პირველი ნაყოფი ქედაში ივნისის დასაწყისში მოკრიფეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: