სიახლეები

დისკრიმინაციულია თუ არა შშმ პირებისათვის უფრო მაღალი ფასი დელფინებთან ინტერაქტივში

08.07.2015 • 2759
დისკრიმინაციულია თუ არა შშმ პირებისათვის უფრო მაღალი ფასი დელფინებთან ინტერაქტივში

 

ფოტო დელფინარიუმის ფეისბუქგვერდიდან
ფოტო დელფინარიუმის ფეისბუქგვერდიდან

ბათუმის დელფინარიუმი ბათუმის მერიის შპს-ა, თანხა მის შესანახად და მოვლა-პატრონობისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან იხარჯება. დელფინარიუმის დირექტორი დავით ლეკვეიშვილი ამბობს, მას უკვირს, თუ რატომ მოჰყვა სოციალურ ქსელებში გამოხმაურება შშმ პირთათვის დელფინებთან ინტერაქტივის ფასს, რადგან ეს ფასი დელფინარიუმის დაარსებიდან არ შეცვლილა.  „დაარსებიდან ასეა ეს ფასი. ოთხი თუ ხუთი წელია ასეა, გამიკვირდა ეს გამოხმაურებები. მე რამდენიმე თვეა აქ ვმუშაობ, პირველი სეზონია.“

 

იგივე ამბობს „ბათუმელებთან“ თენგიზ წეროძე, დელფინარიუმის ძუძუმწოვრების ცენტრის მენეჯერი.

 

„ეს ძველი, დამტკიცებული ფასია. ჩვენ არ ვატარებთ თერაპიას, ჩვენ ვატარებთ ინტერქტივს. ამ დროს [დელფინარიუმის გახსნის დროს] რუსეთიდან იყო ჯგუფი ჩამოსული და ძალიან გვთხოვეს. თერაპიას ამას ჩვენ ვერ ვუწოდებთ, ამას ეწოდება ინტერაქტივი, ინსტრუქტორთან ერთად 15 წუთი წყალში მიმდინარეობს ინტერაქცია. პრობლემა იმაშია, რომ როდესაც ვატარებთ ინტერაქტივს, ჩაგვყავს ჯგუფი, დაახლოებით 4-5 კაცის ოდენობით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ეს უკვე არ შეიძლება. აქ არის მხოლოდ ინსტრუქტორი, დელფინი და შშმ პირი, რადგან ადამიანს მიხედვა უნდა წყალში. ამიტომაც ეს ფასი ასე დადგინდა, მაშინ 100 დოლარის ექვივალენტი იყო ეს 160 ლარი, ამიტომ დარჩა ეს ათი ლარი სხვაობა.  ასე იყო სულ და ამდენ ხანს რატომ არავის მიუქცევია ყურადღება…

 

სხვა ჩვენ არანაერი დაინტერესება არა გვაქვს, საბიუჯეტო ორგანიზაცია ვართ.  ჩვენ 70 პროცენტამდე ვფარავთ მხოლოდ ხარჯებს. შშმ პირებს, ვინც ამ სერვისით სარგებლობენ,  ერთი სეანსი არ ჰყოფნით, რამდენიმე უნდათ. თავიდან ისე იყო, რომ საქართველოს მოქალაქეებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე იქნებოდა სუფსიდირება, მაგრამ რატომღაც ვერ მოხერხდა ეს, ვერ დალაგდა ეს საკითხი“ – ამბობს თენგიზ წეროძე.

 

არის თუ არა შშმ პირთათვის სხვა ფასი დისკრიმინაციული?

ანა აბაშიძე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია ამ საკითხის შესწავლას აპირებს:

 

„დაწყებულია ამ საქმის მომზადება. უახლოეს დღეებში ვეწვევით დელფინარუმს,  გავესაუბრებით მენეჯმენტს, რომ გავიგოთ რა მიზეზია, რომ შშმ პირებისთვის განსაკუთრებით ძვირია სერვისი, რა შედის ამ სერვისში, რა ტიპის განსხვავებაა. დისკრიმინაციის დასადგენად ძალიან მნიშვნელოვანია ეს დეტალები. ის, რომ ორგანიზაცია მერიისაა, უფრო ართულებს ამბავს, იმიტომ რომ ეს არის მუნიციპალური სერვისი და დიდი ალბათობით დისკრიმინაციულია, მაგრამ როცა შესწავლას დავასრულებთ, ამის შესახებ შემდეგ ვიტყვით ხმამაღლა.“

 

თომა კაკაბაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარეა ბათუმში. იგი ამბობს, რომ ამ თემაზე, ადრეც იყო საუბარი:

 

 „მაშინ როგორც მახსოვს ახსნა მოუძებნეს, რომ დამხმარე სჭირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს და დამატებით პერსონალს საჭიროებს შშმ პირის ჩაყვანა წყალში და იმიტომ ღირს ძვირიო. ეს შეიძლება იყოს კიდეც დისკრიმინაციული. თუმცა, თუ ამ მხრივ შეხედავ, რომ მათ ეს უჯდებათ ძვირი… რაღაც თუ გააკეთა ადამიანმა, შესაფერისი ანაზღაურებაც უნდა მიიღოს. აიძულო, შენს გამო უფასოდ მუშაოს, ესეც არ აარის სწორი,  მაგრამ ათი ლარია გასხვავება და ალბათ არ იქნება პრობლემა, ისიც 150 ლარი იყოს. ასე თვალსაჩინო არ უნდა იყოს განსხვავება.“

 

აპირებს თუ არა დელფინარიუმი გადახედოს ფასს? დელფინარიუმის დირექტორი დავით ლეკვეიშვილი ამბობს, რომ არ იცის: „არ ვარ მზად ახლა ამაზე გიპასუხოთ“ – განაცხადა მან „ბათუმელებთან.“

 

ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს მრჩეველი შშმ პირებთან ურთიერთობის საკითხებშიც ჰყავს. შორენა მამულაძე, მერის მრჩეველი, ამბობს, რომ ამ საკითხს აუცილებლად დააყენებს:

 

„მე თქვენგან გავიგე ეს ინფორმაცია და აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს მერის წინაშე. თუ სერვისი არის ერთი და იგივე, ფასში რატომ უნდა იყოს განსხვავება. აუცილებლად დაგდგება ეს საკითხი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას.“  

 

ბათუმის დელფინარიუმს 2014 წლამდე შპს „მენეჯმენტ სერვისი“ მართავდა, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია.  კომპანიას „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ [რომელშიც დელფინარიუმიც შედის]  19 წლის მართვის უფლებით ჰქონდა გადაცემული, თუმცა გასულ წელს კომპანიამ დელფინარიუმი ბათუმის მერიას გადასცა. 

გადაბეჭდვის წესი