სიახლეები

სოზარ სუბარი: წლის ბოლომდე აჭარაში 134 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს ბინას

08.07.2015
სოზარ სუბარი: წლის ბოლომდე აჭარაში 134 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს ბინას

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

სოზარ სუბარის განცხადებით, აჭარა ეკოლოგიური კუთხით ყველაზე აქტიური ზონაა და ეკომიგრანტების პრობლემის გადასაჭრელად სამინისტრო აქტიურად მუშაობს  როგორც აჭარის მთავრობასთან, ასევე მუნიციპალიტეტებთან.

 „ეკოლოგიური კუთხით აჭარა ერთ-ერთი რთული რეგიონია, ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებსაც აჭარის მთავრობა და მუნიციპალიტეტები ახორციელებენ. აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის წელს სულ 134 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს, წლის ბოლომდე 134 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ სახლს, აქედან 12-ბინიანი სახლი დასრულებულია ქედაში, აქ მცხოვრებ ეკომიგრანტებს საცხოვრებელ ფართობს უახლოეს დღეებში გადასცემენ, ამას ემატება ის აქტივობა, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს: აჭარაში მცხოვრებ 33 ოჯახს წელს გადავეცით სახლები, რომლებიც სამინისტრომ შეისყიდა, უახლოეს ერთი თვის განმავლობაში კიდევ 10 ოჯახი მიიღებს სახლს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში.

პროექტი, რაც ახლა დავიწყეთ და რაც პირდაპირ შეეხება აჭარიდან გადასახლებულ ეკომიგრნატებს, ეს არის სახლების დაკანონება, იქედან გამომდინარე, რომ საკითხი ყველაზე რთულად წალკის მუნიციპალიტეტშია, დაკანონების პროცესს აქედან დავიწყებთ და მთელს საქართველოს მოვიცავთ,  წალკაში მცხოვრებ 571 ოჯახს, რომელთა უმრავლესობა აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტია, დაუკანონდება საცხოვრებელი სახლი და მიწის ის ნაკვეთი რასაც წლებია ამუშავებს“ – აცხადებს სოზარ სუბარი.

ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლის მონახულების შემდეგ მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, ყოფილ საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში მცხოვრებმა ეკომიგრანტებმა მინისტრს სათავსოების მოწყობა სთხოვეს.

 „მართალია საცხოვრებელი ფართები გადმოგვცეს, თუმცა სახლს არანაირი სათავსო არ გააჩნია,  შეშა ხომ უნდა შეინახო? ვის არ ვთხოვეთ პრობლემა მოეგვარებინა, თუმცა დღემდე ვერ მოგვარდა, მშენებლობის ნებართვას თუ მოგვცემენ, ჩვენ თვითონ ავაშენებთ“ – თქვა ციალა ბერიძემ შეხვედრაზე. 

ქედის ეკომიგრანტთა სახლის მონახულებამდე მინისტრმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში ეკომიგრანტებისთვის მშენებარე სახლი მოინახულა. მინისტრის ვიზიტი დაგეგმილია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებშიც.


სოციალური სახლი ვაშლოვანში
სოციალური სახლი ვაშლოვანში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.