სიახლეები

ვის შეუძლია სახელმწიფოსგან 5, 10 და 15 ათასი ლარის მიღება

07.07.2015 • 3268
ვის შეუძლია სახელმწიფოსგან 5, 10 და 15 ათასი ლარის მიღება

მაია შიშნიაშვილი
მაია შიშნიაშვილი

მაია, რას ითვალისწინებს ეს პროექტი და რა არის მისი მიზანი?

პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული მეწარმეობის განვითარების სააგენტო. 2015 წლის 15 მარტიდან საქართველოს რეგიონებში „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაწყებულია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება.

პროგრამის მიზანია შეიქმნას ახალი მიკრო და მცირე ბიზნესები ან ხელი შეუწყოს არსებულის განვითარებას. განვითარებული ეკონომიკის საყრდენი მცირე და მიკრო ბიზნესი უნდა იყოს, სამწუხაროდ საქართველოში ჯერ არ ვართ განვითარების ამ ეტაპზე. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი გამიზნულია ზუსტად იმაზე, რომ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ბიზნესი დაიწყონ და ვერ ნახულობენ ფინანსურ სახსრებს, არ აქვთ საკმარისი ცოდნა, გაუჩნდეთ შანსი, დაიწყონ ბიზნესი. ამ საქმისთვის მთელ საქართველოში 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

თითოეულ ადამიანს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არის სრულწლოვანი და უნდა ბიზნესის დაწყება რეგიონში, შეუძლია მიმართოს ამ პროგრამას.

მოდი კონკრეტულად ვთქვათ, მაღაზიის მფლობელს ბათუმში, რომელსაც აქვს ინდმეწარმის სტატუსი, შეუძლია ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

შეუძლია. თანადაფინანსების მისაღებად განმცხადებელი უნდა იყოს მიკრო ან მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ან კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ დარეგისტრირდეს მეწარმე სუბიექტად და მოიპოვოს სპეციალური დაბეგვრის სტატუსებიდან ერთ-ერთი: მიკრო, მცირე მეწარმე და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი.

ამ სტატუსის მქონე მეწარმეები სარგებლობენ შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით.

პრიორიტეტი თუ მიენიჭება რომელიმე ჯგუფს?

ეს პროექტი შეიქმნა რეგიონში შექმნილი ბიზნესის ხელშესაწყობად, ამიტომ უპირატესობა ენიჭება რეგიონში განხორციელებულ ბიზნეს იდეებს. ბიზნეს იდეის ავტორი შეიძლება ცხოვრობდეს საქართველოს ნებისმიერ ქალაქში ან სოფელში, მაგრამ ბიზნესი უნდა შეიქმნას სამიზნე რეგიონში. სოფლად ბიზნესის დაწყება და განვითარება უფრო რთულია, ამიტომ პროექტი მხარს დაუჭერს ასეთ ინიციატივებს, მათ შორის სპეციალური ტრენინგებით. ჩვენ შესაძლებლობას მივცემთ განმცხადებელს მიიღოს საჭირო ცოდნა და კონსულტაციები, რომ მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს ბიზნეს გეგმების კონკურსს და ბიზნესის წარმოების დროს ჰქონდეს აუცილებელი ინფორმაცია.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისა და ქალების მონაწილეობა ამ პროექტში. მოლოდინი გვაქვს რომ ბევრი ახალი და ინოვაციური იდეა შემოვა.

რა არის საჭირო განაცხადის შესატანად?

განაცხადის შემოტანა ხდება ელექტრონულად, ვებგვერდზე – ქარტული.გე. განცხადის ფორმა საკმაოდ მარტივია, საჭიროა პირადი მონაცემების შევსება და ბიზნეს იდეის აღწერა რამდენიმე წინადადებით. ასევე მოთხოვნილი თანადაფინასებისა და მონაწილეობის აღწერა. განაცხადის შევსება შესაძლებელია 29 ივნისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით. ამ პერიოდში განმცხადებელს შეუძლია შეავსოს და შეასწოროს თავისი განაცხადი შეზღუდვების გარეშე. თითოეულ განმცხადებელს ექნება თავისი სივრცე, სადაც შეძლებს განცხადის სტატუსის ნახვას, მიიღებს ინფორმაციას პროგრესის შესახებ და გამარჯვების შემთხვევაში, ტრენინგების შესახებ. განაცხადის შევსებისას, მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს საინფორმაციო ცენტრი 16100-ის კონსულტაციებით.

განაცხადზე მუშაობისას, განმცხადებელმა უნდა გაითვალისწინოს აუცილებელი პირობა, თანადაფინანსების მისაღებად, მან უნდა განახორციელოს თანადაფინანსების თანხის მინიმუმ 20%-ის ბიზნესში ინვესტიცია საკუთარი სახსრებით. მაგ. თუ განმცხადებელი ითხოვს თანადაფინანსებას 5000 ლარის ოდენობით, მისი საკუთარი მონაწილეობა უნდა იყოს მინიმუმ 1000 ლარი.

პროექტი საშუალებას აძლევს მეწარმეებს შექმნან ამხანაგობა, ამ შემთხვევაში თანადაფინანსების თანხა შეიძლება იყო 10000 ლარი ორი მეწარმის შემთხვევაში და 15000 ლარი, სამი მეწარმის შემთხვევაში.

ამბობთ, რომ განაცხადის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტით, სოფლეში კი ინტერნეტი პრობლემაა. მით უფრო, რომ სოფლებში თქვენს პოტენციურ აუდიტორიას სათანადოდ არ აქვს ის უნარები განვითარებული, რასაც ინტენეტის მოხმარება ჰქვია. ამ ბარიერის დაძლევას როგორ აპირებთ?

ჩემი პირადი განწყობა ასეთია – ვისაც რაიმე ბიზნეს იდეა აქვს, შანსი უნდა ჰქონდეს, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს. აუცილებლად მოვიფიქრებთ გზებს, რომ ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდეს მონაწილეობა მიიღოს პროგრამაში.

სოფლებში ვატარებთ შეხვედრებს და პირველი რასაც გავარკვევთ, ეს იქნება – აქვთ თუ არა შესაძლებლობა ელექტრონულად შეავსონ განაცხადი. თუ სოფელში არსებობს ერთი კომპიუტერი მაინც, დარწმუნებული ვარ მეზობელი მეზობელს ხელს შეუწყობს და შეავსებინებს განაცხადს. თუ ვნახეთ, რომ ასეთი შესაძლებლობა არ არის, მაშინ ჩვენ მოვძებნით საშუალებას რომ სურვლებს ჰქონდეთ წვდომა პროექტზე.

ადამიანებს, განსაკუთრებით თქვენს სამიზნე აუდიტორიაში აქვთ განცდა, რომ მსგავსი პროექტები ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფებისთვის კეთდება. ამ შეხედულების შეცვლას როგორ აპირებთ?

მედიის საშუალებით ვავრცელებთ ინფორმაციას და არც ამითი ვკმაყოფილდებით – პირად შეხვედრებს ვმართავთ მოქალაქეებთან, ვცდილობთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გავარცელოთ ინფორმაცია. მოგეხსენებათ, პროექტი ორი რაუნდისგან შედგება, მეორე რაუნდი დაიწყება მომავალი წლის ზამთარში. თუ მოქალაქე ვერ შეძლებს პირველ რაუნდში თანადაფინანსების მოპოვებას, მას შეუძლია კიდევ ერთხელ სცადოს. იმედი გვაქვს რომ ბევრი წარმატებული ახალი ბიზნესი გაჩნდება და ხალხი წარმატებით დაიმუხტება. ჩემი აზრით, სწორი კომუნიკაციით და მედიის მხარდაჭერით ამ სკეფსის დავანგრევთ.

რამდენი პროექტის თანადაფინანსება იგეგმება?

მთელი საქართველოსთვის 20 მილიონია გამოყოფილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აჭარა-გურია-სამეგრელო-ზემო-სვანეთში, ჯამში 1000 ბენეფიციარი მიიღებს თანადაფინასებას.

რაც შეეხება იმას, თუ რომელ რეგიონში რამდენი ბენეფიციარი მიიღებს, თანადაფინანსებას, არ არსებობს მკაცრი ნორმები, ყველაფერი დამოკიდებული იქნება განაცხადების რაოდენობაზე და ბიზნეს იდეებზე. ჩვენი მხრიდან ყველა რეგიონს თანაბრად მივაქცევთ ყურადღებას და ყოველ იდეას გულისყურით გავეცნობით.

განაცხადების მიღება როდის დაიწყო და რამდენ ხანს გრძელდება?

ბმული ვებგვერდზე 29 ივნისს გააქტიურდა და უკვე არის განაცხადები შემოსული. 3 აგვისტო არის ბოლო დღე. განცხადების შემოტანისას შესაძლებელია მასში ცვლილებების განხორციელება, ამიტომ მოსახლეობას ვურჩევ თავიდანვე დარეგისტრირდნენ და დარჩენილი დრო გამოიყენონ იდეის დასახვეწად, სატელეფონო ცენტრ 16100-ის საშუალებით კონსულტაციები მიიღონ, მიმართონ რეგიონულ ოფისებს, ბათუმში, ლანჩხუთსა და ზუგდიდში და სრული ინფორმაცია მიიღონ პროექტის შესახებ.

ვინ აკეთებს მონიტორინგს?

მონიტორინგის ფუნქცია ჩვენ გვაქვს დავალებული. მონიტორინგის პროცესში ვაკვირდებით ბიზნესის საქმე როგორ მიდის, ეს უფრო მხრადაჭერის ფუნქციაა – გამოყოფილია კონსულტანტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მეწარმეს ეხმარება ბიზნესის წარმოების საკითხებში.

ჯგუფური ტრენინგები ჩატარდება სამივე რეგიონში. ტრენინგების დროს ბენეფიციარები აიმაღლებენ კვალიფიკაციას ბიზნეს გეგმის მომზადების მიმართულებით, შეისწავლიან ბიზნეს გეგმის მომზადების სპეციფიკას. თანადაფინანსების მიღების შემდეგ ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ სამდღიანი, თემატური ტრენინგები ბიზნესის წარმოების საკითხებში.

ვინ არჩევს პროექტებს და რა ვადაში გაიცემა თანხა?

3 აგვისტოს დასრულდება ბიზნეს იდეების განაცხადების მიღების პირველი რაუნდი. გნაცხადების გადარჩევა მოხდება კვალიფიციური სპეციალისტების მიერ 1 თვის ვადაში. შერჩეულ კონკურსანტებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ბიზნეს გეგმის მომზადებაში. კონკურსანტების მიერ მომზადებულ ბიზნეს გეგმებს გაეცნობა სპეციალურად შერჩეული კომისია, რომლის წევრებიც არიან შესაბამისი ინდუსტრიის სპეციალისტები.

ბიზნეს გეგმის შერჩევისას სხვა ფაქტორებთან ერთად, ყურადღება მიექცევა ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობას, მის რესურსს იარსებოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროექტი ორი რაუნდისგან შედგება. თუ პირველ რაუდნს ვერ გადალახავთ წარმატებით ან თუ შემოდგომის სეზონი არ არის სასურველი თქვენი ბიზნესის დასაწყებად, მაშინ შეგიძლიათ პროექტში ჩაერთოთ მომავალი წლის იანვრიდან.

 

აწარმოე საქართველოში
აწარმოე საქართველოში

გადაბეჭდვის წესი