სიახლეები

“თუ ჩვენი შვილები მჩაგვრელებად არ გაიზრდებიან, გენდერული თანასწორობაც იქნება”

08.07.2015
“თუ ჩვენი შვილები მჩაგვრელებად არ გაიზრდებიან, გენდერული თანასწორობაც იქნება”

 

 ტრენინგი, რომელსაც მუნიციპალიტეტის ყველა სოფლიდან მოწვეული ქალი ესწრებოდა, დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

 

ტრენინგის ორგანიზატორმა, გამგებლის თანაშემწემ გენდერულ საკითხებში, თეა შარაშიძემ საზოგადოებას გენდერული თანასწორობის პრინციპებზე ესაუბრა და ამ თემაზე მომზადებული ვიდეორგოლი წარადგინა.

 

ტრენინგში აქტიურად ჩაერთნენ სოფლებიდან მოსული მოწვეული მონაწილეები და იმსჯელეს როგორც გენდერულ საკითხებზე, ასევე დისკრიმინაციაზე, მენტალობასა და სტერეოტიპებზე.

 

„გენდერის პრობლემას მე ვერ ვხედავ, თუმცა მიდგომები, რომლებზეც დღეს მიდის საუბარი, რომ გავითავისოთ, ამას წლები სჭირდება. თუ ბავშვი გაიზრდება ისეთ გარემოში, სადაც მას მოუვლის როგორც დედა, ასევე მამა, ისიც ანალოგიურად მოიქცევა.  

 

 ჩვენ ისეთ პერიოდში გავიზარდეთ, რომ სულ სხვა მიდგომა იყო, არსებულს კი უცებ ვერ გარდაქმნი, უცებ გარდაქმნილი არანაირ შედეგს არ მოიტანს, ამას წლები დასჭირდება. თუ ცივილურად გაიზრდებიან ჩვენი შვილები და არა მჩაგვრელებად, გენდერული თანასწორობაც იქნება და ოჯახური ჰარმონიაც“ – ამბობს ნანი დუმბაძე, ტრენინგის მონაწილე.

 

 „ვერ ვხედავ პირდაპირ ხდებოდეს ქალისა და მამაკაცის უფლებების შეზღუდვა. შეიძლება ამის ერთეული შემთხვევები იყოს, მაგრამ მასშტაბურად არ გამოკვეთილა. რაც შეეხება მენტალობას, სტერეოტიპსა და დისკრიმინაციას, არ ფიქრობ, რომ ამ კუთხით ზღუდავდეს ქალს ვინმე დასაქმებისას ან თვითრეალიზაციისას. შესაძლოა ქალბატონებს არ აქვთ სურვილი თვითრეალიზაცია მოახდინონ საზოგადოებაში. რაც შეეხება გამოსავალს, ასეთ შემთხვევაში გამოსავალი ცნობიერების ამაღლებაა“ – ამბობს ზვიად გოგიტიძე, ოქტომბრის ადმინისტრაციული თემის ხელმძღვანელი.

 

თეა შარაშიძის განცხადებით, მსგავსი ტრენინგები სამომავლოდ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ თემებშიც გაიმართება.

 

„ტრენინგის მიზანი გენდერულ თანასწორობაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ქალების გააქტიურება და გაძლიერებაა. ტრენინგს ყველა სოფლიდან მოწვეული ქალი დაესწრო თემის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელთან ერთად. ეს ქალები იქნებიან თავიან სოფლებში ფასილიტატორები, რომლებთან ერთად მუშაობით სოფლებში სხვადასხვა აქტივობას დავგეგმავთ. მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო“ – თქვა თეა შარაშიძემ. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.