სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ მის სახლთან სროლა იყო – „ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია“

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ დღეს, 3 მაისს, გამთენიისას, მის სახლთან დაპირისპირება და სროლა იყო.

„სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე რეაქცია არ მქონია…

ამ ღამეს მომხდარი ამბები უშუალოდ ჩემ ფანჯრების წინ სხვანაირად დამაფიქრებელია:

დილის 4:20 წუთზე რომ ატყდება გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში და უშუალოდ ჩემ სახლის წინ აურზაური, დაახლოებით 40 კაციანი ჯგუფის ერთმანეთში მუშტი-კრივი, წივილ-კივილი და ბოლოს იარაღის გამოყენება (8 ტყვია – ერთი ჩემს ეზოში), ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია.

ეს ქალაქის ცენტრია, სადაც კაფე-ბარები გვიანამდე მუშაობს, სადაც ახალგაზრდები ღამით სეირნობენ, უცხოელების დიდი რაოდენობა ირევა, სადაც ღამის თვითმფრინავებით ჩამოსული ტურისტები სასტუმროებში ბინავდებიან… ამ დროს ასეთი ამბავი, ხმაური, სროლა და მთელ ამ მოვლენების დროს არც ერთი პოლიციელი!!! დილის 9 საათამდე… როცა გამოცხადდა პატრული, ისიც საავადმყოფოს შეტყობინების საფუძველზე, სადაც დაჭრილი ადამიანები თვითონ გამოცხადდნენ“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილი პოსტთან ერთად აქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც, მისივე თქმით, სროლის ადგილებია შემოსაზღვრული.

ჟურნალისტების დევნა, დაპატიმრება, ჯარიმები – ქარტიის განცხადება პრესის თავისუფლების დღეს

დღეს, 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს.

განცხადების ტექსტს „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ.

„პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, უნდა ვზეიმობდეთ დამოუკიდებელი მედიის წვლილს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და ახალი ქართული დემოკრატიის მშენებლობაში და უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ხელის შეწყობა და გაძლიერება. ნაცვლად ამისა, კიდევ ერთხელ გვიწევს იმ კრიზისზე საუბარი, რომელშიც ქართული მედიასაშუალებები და მედიის უფლებადამცველები „ქართული ოცნების“ დამაზიანებელი პოლიტიკის შედეგად აღმოჩნდნენ.

2025 წლის 3 მაისს მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გამომცემელი, რომლის დამსახურება ქართული მედიის მშენებლობაში შეუფასებელია, შეთითხნილი ბრალდებითა და ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით ციხეში ხვდება.

მაუწყებლობა შეწყვიტა „მთავარმა არხმა“, კრიტიკულმა ტელევიზიამ, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საზოგადოებას აჩვენებდა იმ რეალობას, რომლის საგულდაგულოდ დამალვასაც პროპაგანდისტული მედია ცდილობს.

ახალ შენობაში, მაგრამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაცემების გარეშე ხვდება 3 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც დევნის და სამსახურიდან უშვებს განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტებს და ხურავს იმ გადაცემებს, რომლებშიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

მაუწყებლებს შინაარსობრივ საკითხებთან მიმართებით განსჯის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც ამ ახალი მანდატით „ქართული ოცნების“ პარლამენტმა აღჭურვა. „ქართული ოცნების“ მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ისინი ვეღარ ისარგებლებენ ვერც დასავლური ფინანსებით და ვერც დასავლური ექსპერტიზით.

ჟურნალისტები, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პრო-ევროპული აქციებზე სასტიკად სცემეს, სპეციალური საშუალებებით დააზიანეს და სხვადასხვა გზით შეურაცხყვეს პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა და, სავარაუდოდ, ძალოვან სტრუქტურებთან აფილირებულმა ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებმა, უშედეგოდ ელიან სამართალს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა დაზარალებულმა ჟურნალისტმა ჩვენება მისცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელმაც, მისივე თქმით, გამოძიება დაიწყო, შედეგი არცერთ საქმეზე არ დამდგარა. დამნაშავეები დაუსჯელად განაგრძობენ საქმიანობას.

ჯარიმას ჯარიმაზე იღებენ ის ჟურნალისტები, „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“, რომლებიც დაუღალავად აშუქებენ აქციებს.

ჟურნალისტები სამართლებრივად იდევნებიან და ჯარიმდებიან უკვე ფეისბუქ სტატუსების გამოც.

ცრუმოწმეების ჩვენების საფუძველზე, სამართალდამცავისადმი დაუმორჩილებლობისთვის სიტყვიერ გაფრთხილებას იღებენ ჟურნალისტები, რომელთაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სწორედაც რომ სამართალდამცავები დაესხნენ თავს და იმდენად სასტიკად სცემეს, რომ მათ სამედიცინო ჩარევა დასჭირდათ.

„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი დეზინფორმაციის გამავრცელებელი ინფრასტრუქტურა კრიტიკული ჟურნალისტებისთვის „მტრისა“ და „აგენტის“ იარლიყების მიწებებითაა დაკავებული და მათ მარგინალიზაციას ცდილობს.

საჯარო ინფორმაცია და საჯარო სივრცეები ჟურნალისტებისთვის დაკეტილია. თანამდებობის პირები ბარიერებს ამაგრებენ ჟურნალისტთა კრიტიკული კითხვებისგან თავის დასაცავად. ონლაინ მედია ვერ აშუქებს პარლამენტის მუშაობას და ჟურნალისტებს ხშირად არ უშვებენ ადგილობრივი ხელისუფლების სხდომებზეც. მოსამართლეები თვითნებურად ართმევენ ჟურნალისტებს იმ სასამართლო პროცესების გაშუქების უფლებას, რომელთა მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია.

საქართველოში არ უშვებენ იმ უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრობენ. სამაგიეროდ, „ქართულ ოცნებას“ კარი ფართოდ აქვს ღია ყველა ჯურის პროპაგანდისტისთვის.

„ქართული ოცნების“ პარლამენტში ერთიმეორის მიყოლებით იღებენ რეპრესიულ კანონებს. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს მოაყოლეს უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი. დასავლურ საგრანტო რესურსებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად დაჩქარებული წესით შეიტანეს ცვლილებები კანონში გრანტების შესახებ.

დაუსჯელობა, თვითნებობა, აგრესია, კონსტიტუციისა და კანონების სრული უპატივცემულობა ყველა დონეზე – აი, ეს არის ის, რასთან გამკლავებაც უწევთ ყოველდღიურად ჟურნალისტებს საქართველოში საზოგადოებამდე სიმართლის მისატანად.

3 მაისი იმავდროულად არის ავტორიტარ მმართველთათვის მედიის ძალის შეხსენება, იმ ძალისა, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია მედგრად და დიდხანს და რომელთანაც ჯერ არასდროს არცერთ რეჟიმს არ გაუმარჯვია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 3 მაისს „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე მიუთითებს და მოუწოდებს, შეცვალოს დამოკიდებულება მის მიმართ, მედიასთან ურთიერთობისას იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციითა და იმ საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა ხელმომწერი საქართველოცაა.

„ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, გამოიძიოს ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაული და დასაჯოს დამნაშავეები, გაიწვიოს უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმები და მისცეს ჟურნალისტებს წვდომა საჯარო ინფორმაციასა და საჯარო სივრცეებზე, გააუქმოს ბოლო თვეებში მიღებული ყველა ის კანონი და ცვლილება კანონში, რომელმაც მედიის გარემო გააუარესა“.

„2022 წელს უნდა ჩაებარებინათ, სახლი მალე ავარიული იქნება“ – ბათუმში მშენებელ კომპანიას უჩივიან

ბათუმში, ელიავას #21- ში მშენებარე კორპუსის მომავალი მესაკუთრეები მშენებელ კომპანიას უჩივიან. მათი თქმით, შპს „სწრაფ მშენებელი ჯგუფის“ ხელმძღვანელებმა მშენებარე კორპუსში ბინები გაყიდეს, შემდეგ კი მშენებლობა გააჩერეს.

ნახეთ ვიდეო: 

„სწრაფ მშენებელმა“ ბათუმში ბინები გაყიდა და კორპუსის მშენებლობას 5 წელია ვერ ასრულებს

ამავე თემაზე: 

„სწრაფ მშენებელმა“ ბათუმში ბინები გაყიდა და კორპუსის მშენებლობას 5 წელია ვერ ასრულებს

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 955 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
  • ტანკი – 10 745 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 22 369 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 27 234 ერთეული [+48]
  • MLRS – 1 375 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 153 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 34 665 ერთეული [+126]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 47 003 ერთეული [+121]
  • სპეცტექნიკა – 3 870 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 54 891 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 117 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 554 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 24 369 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 874 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

რუსეთს 1 კილომეტრის ოკუპაცია მინიმუმ 27 ჯარისკაცის სიცოცხლედ დაუჯდა – „ბიბისი“

„ის ხალხი, ვისაც უნდა მოემზადებინა რუსეთისთვის ჯარისკაცები, უკვე განადგურდა უკრაინაში“ – ინტერვიუ

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

დგებუაძის ახალი პატაკის გამო ბათუმელი აქტივისტი ციალა ქათამიძე კვლავ სასამართლოში დაიბარეს

პროევროპული აქციის აქტივისტს, ციალა ქათამაძეს ისევ სასამართლოში იბარებენ, ამჯერად სტიკერის გაკვრისთვის.

სტიკერის „იფიცება საქართველო“ გაკვრის გამო ციალა ქათამიძე ბათუმში 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე დააკავეს – მან სტიკერი საჯარო სივრცეში, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან გააკრა. აქტივისტი ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დააკავა ასკ-ის 150-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს იერსახის დამახინჯებას.

თუმცა 150-ე მუხლის საფუძველზე პოლიციას არ აქვს ვინმეს დაკავების უფლება.

ამიტომაც, ისევე, როგორც მზია ამაღლობელის საქმის შემთხვევაში, ციალა ქათამიძის დაკავება პოლიციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს და გამოიგონეს ფაქტი: ციალა ქათამიძე და მზია ამაღლობელი თითქოს ერთნაირი ფრაზებით შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს და ისინი სტიკერის გაკვრის გამო კი არ დააკავეს, რაც აქციაზე გადაღებულ უწყვეტ ვიდეოკადრებში ჩანს, არამედ პოლიციელების შეურაცხყოფის და წინააღმდეგობის გაწევის [ასკ-ის 173-ე მუხლი] გამო.

ამ საქმის გაყალბების მიუხედავად, ციალა ქათამიძე მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად ცნო.

რატომ გაახსენდათ 2025 წლის 11 იანვრის აქციიდან სამ-თვენახევრის გასვლის შემდეგ პოლიციელებს სტიკერის გაკვრა?

2025 წლის 28 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მზია ამაღლობელის საქმეზე ჩვენება გრიგოლ ბესელიამ მისცა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა უფროსმა. სხვა პოლიციელების მსგავსად, პოლიციის ხელმძღვანელიც გამოიჭირეს ტყუილში ადვოკატებმა.

გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ როცა ჩვენების მიცემის დროს ასეთი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.

„მას [გრიგოლ ბესელიას] ჰგონია და რაც მთავარია, ასე ეგონა, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული ოქმი 150-ე მუხლითაც [სტიკერის გაკვრის გამო შენობის იერ-სახის დამახინჯება] არისო…,“ – განაცხადა 28 აპრილის სასამართლო სხდომის შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.

ასკ-ის 150-ე მუხლით სამართალდარღვევის ოქმი არც ციალა ქათამაძის მიმართ არსებობდა, თუმცა მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომიდან 2 დღეში, 2025 წლის 30 აპრილს, ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ,  [სწორედ მასზე სილის გაწვნის გამო ედავებიან მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას] პატაკით მიმართა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორს, გიორგი ბუხრაშვილს.

„…შეკრების მონაწილეთა გარკვეული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გადაცდომის ფაქტს, კერძოდ: მოქალაქე ციალა ქათამიძემ დეპარტამენტის შესასვლელთან ე.წ. შლაგბაუმთან დააკრა სტიკერი წარწერით „იფიცება საქართველო“, ვინაიდან ციალა ქათამიძის ქმედებაში იკვეთებოდა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნები, მე მას განუმარტე დარღვევის არსი და მოვუწოდე, რომ შეეწყვიტა სამართალდარღვევა. მოწოდებისა და განმარტების მიუხედავად, ციალა ქათამიძე არ დაემორჩილა ჩემს მითითებას და კვლავ განაგრძო სამართალდარღვევის ჩადენა,“ – წერს პატაკში ირაკლი დგებუაძე.

გამოდის, რომ ირაკლი დგებუაძემ სამ-თვენახევრის შემდეგ გადაწყვიტა ფაქტზე რეაგირება. ცალკე მსჯელობის საგანია, რამდენად არის საჯარო სივრცეში, პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან, ასფალტის საფარზე სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევა და „იერსახის დამახინჯება“.

პატაკის საფუძველზე სამართალდარღვევის ოქმი პოლიციის მე-8 განყოფილების დეტექტივს, თენგიზ კვირკველიას შეუდგენია.

ციალა ქათამიძის მორიგი საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 7 მაისს გაიმართება. ასკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი სამართალდამრღვევის დაჯარიმებას ითვალისწინებს 1000 ლარით.

___________________________

ფოტოზე: ციალა ქათამაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატებთან ერთად ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 12 მარტი, 2025 წელი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე: 

ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე მოსამართლემ უარი თქვა – ციალა ქათამიძის საქმე სასამართლოში

 

 

 

 

კობახიძის ცილისმწამებლურ განცხადებებზე მივმართავთ სასამართლოს – მზია ამაღლობელის ადვოკატი

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით, რომლითაც კობახიძე მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას ლახავს, სასამართლოს მიმართავენ.

ამის შესახებ მაია მწარიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა დღეს, 2 მაისს.

„ეს განცხადებები, გარდა იმისა, რომ ცილისმწამებლურია, ასევე უხეშად არღვევს მზიას უდანაშაულობის პრეზუმფციას.

ჩვენ ამ ცილისმწამებლურ და მისი უფლებების შემლახველ განცხადებებთან დაკავშირებით მივმართავთ სასამართლოს.

არ ვფიქრობდით მიგვემართა ქართული სასამართლოსთვის, ისედაც ვდავობთ სტრასბურგში უკვე გაგზავნილი სარჩელით, მაგრამ მაინც მივმართავთ ქართულ სასამართლოს, სწორედ იმიტომ, რომ ამავე სასამართლოს ვაიძულოთ იმსჯელოს ამ საკითხებზე.

ეს სასამართლოც უნდა ვაიძულოთ, თვითონ თქვან, ასეთი განცხადებები არის თუ არა მზიას უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვეველი განცხადებები, ცილისმწამებლური განცხადებები. თუ იტყვიან, რომ ეს ასეთი არ არის, რა საკვირველია, ამ საქმესაც წავიღებთ სტრასბურგში“ – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კობახიძემ მზია ამაღლობელზე თქვა, რომ თითქოს მან ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა კობახიძემ მზია ამაღლობელის საქმეზე ცილისმწამებლური განცხადება გაავრცელა. მსგავსი განცხადებები გაავრცელეს „ოცნების“ სხვა წევრებმაც.

ამავე თემაზე:

ირაკლი კობახიძე არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას – ადვოკატი

„ის ხალხი, ვისაც უნდა მოემზადებინა რუსეთისთვის ჯარისკაცები, უკვე განადგურდა უკრაინაში“ – ინტერვიუ

პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის აზრით, აშშ-ს შეთანხმება უკრაინასთან რუსეთისთვის მკაფიო სიგნალია:

„ეს არის სიგნალი, რომ რუსეთს მიანიშნებენ: თუ ის არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან და არ დაამყარებს მშვიდობას, თუ არ დათმობს პოზიციებს, რაც დღეს აქვს, ადრე თუ გვიან, ის დამარცხდება ომში და უფრო მძიმე რეალობასთან ექნება შემდეგ თვალი გასასწორებელი,“ – მიიჩნევს ლაშა ბერიძე.

სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ამ ომის შედეგი გამოფიტვაზეა, ხოლო არსებული ტემპით რუსეთმა შეიძლება კიდევ 5 წელი იომოს უკრაინაში. პოლკოვნიკის დაკვირვებით, რუსეთის მთავარი სისუსტე ისაა, რაც სისუსტედ ერთი შეხვედით არ მიიჩნევა – ადამიანური რესურსები.

„დიდი სამხედრო მრეწველობა აქვს რუსეთს და არ უნდა ვივარაუდოთ, რომ სამხედრო მრეწველობის რესურსი მას მალე ამოეწურება, თუმცა ძნელია სათქმელია, სადამდე ეყოფა რუსეთს ადამიანური რესურსი… მოუმზადებელი ჯარისკაცებით, დაუცველი ჯარისკაცებით ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევ. გამოვა ისე, რომ რუსეთი ისევ ხორცსაკეპ მანქანაში ჩაუშვებს საკუთარ ჯარისკაცებს,“ – ამბობს ლაშა ბერიძე.

„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მოადგილეა.

  • ბატონო ლაშა, რა იცვლება უკრაინისთვის მინერალებზე აშშ-თან მიღწეული შეთანხმებით? 

მხოლოდ მინერალებზე ვერ იტყვი, რომ ეს რამეს ცვლის. რეალურად რაც იცვლება და რაც უკვე შეიცვალა ამ დღეებში, არის ის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დაინახა: რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია და დარჩა მხოლოდ ერთადერთი გზა, დაეხმარონ უკრაინას. უკრაინამ უნდა გააგრძელოს საკუთარი ქვეყნის დაცვა.

რა თქმა უნდა, მინერალების შესახებ ხელშეკრულება, ერთის მხრივ, აძლევს უკრაინას დამატებით გარანტიებს, რათა აშშ-გან მიიღოს საჭირო შეიარაღება, რაც მას სჭირდება თავდაცვისთვის, განსაკუთრებით კი, საჰაერო თავდაცვითი საშუალებები. ის ამას მიიღებს. ამ შეიარაღებას ის შეიძენს, თუ ვალად აიღებს, ეს უკვე ტექნიკური დეტალებია.

ამიტომაც, საზოგადოებაში იმის შიში, რომ უკრაინა დაუცველი დარჩება, აღარ უნდა არსებობდეს.

  • მინერალებზე შეთანხმება ნიშნავს იმასაც, რომ აშშ ამ მოლაპარაკებას არ დატოვებს შედეგის მიუხედავად?

მოლაპარაკებას, ფაქტია, რომ მომავალი არ უწერია. რაც არ უნდა სურდეთ ამერიკელებს და ევროპელებს შედეგის დადება, პუტინი იძახის: დამნებდით, ან მეომეთ!

რჩება მხოლოდ ერთი გზა: უნდა გააგრძელონ ომი, რომ უკრაინამ თავისი თავის დაცვა შეძლოს. სრული გიჟები უნდა იყვნენ ამერიკელები და ევროპელები, რომ ამ დროს უკრაინა მიატოვონ. უკრაინა ქვეყანაა, რომელმაც პრაქტიკულად შეუძლია რუსეთთან ბრძოლა და რუსეთისგან თავის დაცვა. ამ ომში შეუძლია დასავლეთმა და ამერიკამ გაიმარჯვონ ისე, რომ ერთი საკუთარი ჯარისკაცი არ დაკარგონ.

  • ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უკრაინას პირველად მიყიდიან შეიარაღებას. საუბარია 50 მლრდ დოლარის შეიარაღებაზე. რა სიგნალია ეს რუსეთისთვის?

ეს არის სიგნალი, რომ რუსეთს მიანიშნებენ: თუ ის არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან და არ დაამყარებს მშვიდობას, თუ არ დათმობს პოზიციებს, რაც დღეს აქვს, ადრე თუ გვიან, ის დამარცხდება ომში და უფრო მძიმე რეალობასთან ექნება შემდეგ თვალი გასასწორებელი.

ჯერ-ჯერობით არ არის დეტალები ცნობილი, რა შეიარაღებას მიაწვდის აშშ უკრაინას, მაგრამ უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საჰაერო დაცვის სისტემები, სარაკეტო დაცვის სისტემები, ყველაფერი, რაც ამასთან არის დაკავშირებული, მათ შორის, რადიო-ლოკაციური სისტემები და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება. ეს უკრაინას აძლევს შესაძლებლობას, რომ ტექნოლოგიური უპირატესობა იქონიოს რუსეთის შეიარაღებასთან.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, „რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნის შესახებ ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად“. რა ხდება ამჯერად ფრონტის ხაზზე?

მთელი ეს პერიოდი ფრონტის ხაზზე განსაკუთრებული ცვლილება არაფერია. რუსეთი აჩვენებს იმას, რომ არ არის მზად მოლაპარაკებისთვის და მას რეალურად არ შეუძლია ომის შეწყვეტა, ამიტომაც რუსეთი ცდილობდა, გარკვეული გაუგებრობა, რაც არსებობდა მოკავშირეებს შორის, მაქსიმალურად გამოეყენებინა ეს დრო, რომ კიდევ ერთი-ორი სოფელი დაეკავებინა.

რუსეთს რეალურად ამ ეტაპზე არ აქვს შესაძლებლობა, დიდი და მასშტაბური ოპერაცია ჩაატაროს, თუმცა ის ამისთვის ყოველთვის ემზადება.

  • ამ ეტაპზე რა გათვლა აქვს რუსეთს, თქვენი აზრით? წუხელაც იყო მასირებული შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე. 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქში. 

მას უნდა, რომ უკრაინის საზოგადოება გატეხოს, უკრაინის წინააღმდეგობა გატეხოს. რუსეთი ყველას აჩვენებს, რომ თუ მის პირობებს არ დათანხმდებიან, ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი. ამიტომაც რუსეთი ცდილობს, მაქსიმალური ზიანი მიაყენოს განსაკუთრებით ქვეყნის ინფრასტრუქტურას და სამოქალაქო ობიექტებს.

უპილოტო აპარატებით და სარაკეტო დარტყმებით მასიური შეტევები ისევ გაგრძელდება. ეს ტექნოლოგიური ომია და ყოველდღე რაღაც იცვლება.

ეს ომი დიდხანს გაგრძელდება. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მხარეს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება აქვს. ასეთი რამეზე ჯერ-ჯერობით ადრეა საუბარი.

  • უკრაინელები ისევ უპილოტოებით უტევენ ყირიმს. რა ხდება ამ მიმართულებით?

ორივე მხარე ძირითადად შემოიფარგლება იმით, რომ უპილოტოებით და სარაკეტო დარტყმებით ურტყამენ მოწინააღმდეგეს სიღრმეში, სადაც არის დაუცველი ობიექტები. როგორც უკრაინას, ისე რუსეთს, დიდი ტერიტორია აქვს და ყველაფრის დაცვა შეუძლებელია. ორივე მხარე ამ ეტაპზე ამ სტრატეგიას მიყვება, რამეთუ ბრძოლის ველი ხისტად ჩაკეტილია და ძალიან რთულია რამე უპირატესობის მოპოვება.

ამ ვითარებაში, როცა ორივე მხარე ძლიერ თავდაცვაშია, დიდი წინსვლის განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელია. საამისო ძალა არც ერთ მხარეს არ აქვს.

  • რა მიღწევაზე შეიძლება ილაპარაკოს პუტინმა 9 მაისს, რა შეძლო რუსეთმა? BBC-ის რუსული რედაქცია აქვეყნებს ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2024 წელს რუსეთს მთელი ამ ომის განმავლობაში ყველაზე დიდი დანაკარგი ჰქონდა და დაეღუპა სულ მცირე 45 287 ადამიანი. ეს თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე უკრაინაში შეჭრის პირველი 3 წლის დანაკარგები და მნიშვნელოვნად აღემატება 2023 წლის დანაკარგებს. „გასულ წელს ოკუპირებული ტერიტორიის ყოველი კილომეტრი რუსეთს სულ მცირე 27 ჯარისკაცის სიცოცხლედ დაუჯდა“ – წერს BBC. 

დანაკარგებზე, ცხადია, პუტინი არ ილაპარაკებს. ის ილაპარაკებს იმაზე, თუ როგორ მოიგეს ომი ფაშისტურ გერმანიასთან და როგორ აგრძელებს ის ამ ომს. ის გააგრძელებს უტვინოებისთვის გათვლილ პროპაგანდას, რაც მას აქამდეც ჰქონდა. არ მაქვს მე სიახლის მოლოდინი.

მიღწევა პუტინს ამ ომში არ აქვს, რაზეც შეიძლება ილაპარაკოს. ერთადერთი შეიძლება, კურსკის საკითხი მონათლოს გამარჯვებად, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე ფორმით გამარჯვებაა – კურსკში რჩებიან უკრაინელები და დარჩებიან კიდევ რაღაც პერიოდი.

რუსეთს კატასტროფულად დიდი ადამიანური დანაკარგები აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ. ჯერ-ჯერობით არ არის რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ტაქტიკას შეცვლის, ან რაიმეს სტრატეგიას.

  • ცეცხლის შეწყვეტას ამ ეტაპზე რუსეთი ისევ არ აპირებს. რა რესურსი რჩება მას ამ ომის გასაგრძელებლად და რამდენ ხანს შეიძლება ეყოს ეს რესურსი?

რუსეთს საკმაოდ ბევრი რესურსი აქვს საომარი სიტუაციისთვის. ისინი აწარმოებენ, როგორც ბალისტიკურ რაკეტებს, ასევე დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენ მოწყობილობებს, დახმარებას იღებენ ჩრდილოეთ კორეისგან, ირანისგან, ჩინეთისგან. მათ სამხედრო აღჭურვილობის ნაწილების შესყიდვა სხვაგანაც შეუძლიათ.

დიდი სამხედრო მრეწველობა აქვს რუსეთს და არ უნდა ვივარაუდოთ, რომ სამხედრო მრეწველობის რესურსი მას მალე ამოეწურება, თუმცა ძნელია სათქმელია, სადამდე ეყოფა რუსეთს ადამიანური რესურსი.

  • რას გულისხმობთ? ადამიანური რესურსიც საკმაოდ დიდი აქვს რუსეთს.

მაგრამ ყველა ადამიანს არ შეუძლია ბრძოლა. მოუმზადებელი ჯარისკაცებით, დაუცველი ჯარისკაცებით ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევ. გამოვა ისე, რომ რუსეთი ისევ ხორცსაკეპ მანქანაში ჩაუშვებს საკუთარ ჯარისკაცებს.

სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს: ჯარისკაცს საფუძვლიანი მომზადება სჭირდება და სწორედ ამის რესურსი ყველაზე ნაკლებად აქვს რუსეთს. იმ ხალხის დიდი ნაწილი, ვისაც უნდა მოემზადებინა მომავალი ჯარისკაცები, უკვე განადგურდა უკრაინაში.

  • იგივე პრობლემა არ აქვს უკრაინას? 

უკრაინას ასე თუ ისე ჯარისკაცების მომზადებაში აქტიურად ეხმარებიან მოკავშირე ქვეყნები. რუსეთს კი, ეჭვი მეპარება, რომ ვინმე განსაკუთრებით ეხმარება ადამიანური რესურსების მომზადებაში ბელარუსის გარდა. ბელარუსებმა მომიტინგეების დარბევა კარგად იციან, შეიძლება, მაგრამ უკრაინელებთან ბრძოლას სხვა ტაქტიკა სჭირდება.

  • ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს არ ათვლით? 

არა მგონია, რომ ჩინეთი ფიზიკურად ეხმარებოდეს რუსეთს. ჩრდილოეთ კორეამ კი, უკვე აჩვენა, რომ ამ მხრივ დიდი რესურსი არ აქვს.

  • თუ დასავლეთმა დღეს არსებული ტემპით განაგრძო უკრაინის მხარდაჭერა, რამდენ ხანს ეყოფა რესურსი რუსეთს ომისთვის? 

ამის გათვლა ძალიან რთულია, ვერ გეტყვით. სავარაუდოდ ამ ტემპით სამი – ოთხი, ან ხუთი წელი ეს ომი კიდევ გაგრძელდება.

  • თქვენ ახსენეთ გამოფიტვა. დასავლეთის აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინა ვერ შეძლებს ფართომასშტაბიან კონტრშეტევას? 

ადრეც მითქვამს თქვენთან და ახლაც ვიმეორებ – ამ ომში გამოფიტვაზეა ყველაფერი.

გამოფიტვა კი, არის ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული: დამატებით სანქციებზე, ცოცხალი ძალის დანაკარგებზე, შეიარაღების კომპონენტების შესყიდვის გართულებაზე. ეს ყველაფერი მოქმედებს ერთად აღებული. ცალკე ერთი ფაქტორი რომ რაღაცას ნიშნავდეს, ასე არ არის.

რაც შეეხება ფართომასშტაბიან კონტრშეტევას, უკრაინა ამას ვერ განახორციელებს ბევრი მიზეზის გამო. ამის ძალა არ აქვს და ფრონტის ხაზი ძალიან დიდია. გარდა ამისა, ფართომასშტაბიანი შეტევის დროს, იქ შესული ჯარები შეიძლება დაუცველი აღმოჩნდეს რუსული სარაკეტო დარტყმების მიმართ. უფრო სავარაუდოა, რომ ყველა მონაკვეთზე იქნება შეტევა და თავდაცვა.

ეს ნელი, გამომფიტავი ომია. ასეთი ბევრი ომი ჩვენ უკვე ვიხილეთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ზუსტად ასეთ ომთან გვაქვს საქმე ახლაც. უბრალოდ ამჯერად გაცილებით რთულ ტექნოლოგიებს იყენებენ, ვიდრე ავღანეთში, ან ვიეტნამში იყენებდნენ.

ჩემი აზრით, სარაკეტო დარტყმებსაც რუსეთი კიდევ დიდხანს მოახერხებს. მთავარია, უკრაინას ჰქონდეს შესაბამისი საჰაერო თავდაცვის საშუალებები.

რუსეთი ასე იქცევა: ემზადება გენერალური თავდასხმისთვის და ამას ახორციელებს ერთ, ორ, სამ ეტაპად. მერე აღარ აქვს რესურსი, რომ თავს დაესხას და ისევ ემზადება. ჯერ-ჯერობით ახალი არაფერი ჩანს. რუსეთი აგრძელებს ომს ყველა საშუალებით, რომ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავოს.

გამორიცხული არც ისაა, რომ თუ რუსეთი დამატებითი ძალების მომზადებას შეძლებს, გარკვეულ მიმართულებაზე შეტევა და გარღვევა სცადოს, რა თქმა უნდა, სარაკეტო და უპილოტოების დარტყმებით ეცდება მიაყენოს უკრაინას მაქსიმალური ზიანი, რათა მოსახლეობა გატეხოს.

„არ დამვიწყებია ექიმობის გამო მაგრად რომ მცემეს! არ მახსოვს რომელიმე სამინისტროს ხმა ამოეღოს“ – ექიმი

ექიმი, ხეჩინაშვილის კლინიკის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვატო გვაზავა ფეისბუქზე წერს, რომ არ დავიწყებია, როგორ სცემეს 2024 წელს საპროტესტო აქციაზე, ახლა კი ზოგიერთი პაციენტი ცდილობს მასთან პრივილეგიით მიღებას მინისტრების ახლობლობით. ვატო გვაზავა ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც გასულ წელს, აქციაზე სასტიკი ცემის შემდეგ არის გადაღებული.

„ამ კვირაში რამდენიმე შემთხვევა მქონდა, რომ პაციენტები ცდილობდნენ პრივილეგიის მიღებას მინისტრების ახლობლობით! ადრე არ ვითვალისწინებდი მსგავს რამეს და ეხლა მითუმეტეს!!! ყველა პაციენტი თანაბარია! არავინ მიდის ექიმთან ბედნიერი, შინაურები მელოდებიან და მეც ველოდები რიგს, როცა მჭირდება!

სწორედ ისეთი ქვეყანა არ მინდა, ვინმეს ვიღაცებით რომ პრივილეგიას იღებდნენ!!! თან ექიმთან ვიზიტისას! დაიცადე, მოქცევა ისწავლე, თუ არა და ჩემს გარდაც არიან სხვა ექიმები და იმათთან მიბრძანდით “ჩაწყობით”!

ამ ფოტოს იმიტომ ვდებ, რომ არ დამვიწყებია ექიმობის გამო, სამაგალითოდ, იმ ნაკადში ყველაზე მაგრად რომ მცემეს!! მე არ მახსოვს რომელიმე სამინისტროდან, მით უფრო ჯანდაცვის, რომ ხმა ამოეღოს ან უბრალოდ მოსაკითხად დაერეკათ!!! არც ამის შემდეგ, ოპერაცია რომ დამჭირდა და არც მერე – ათასი პრობლემა რომ შემექმნა!“ – წერს ვატო გვაზავა.

2024 წლის დეკემბერში, თბილისში, საპროტესტო აქციაზე, ტრავმატოლოგ ვატო გვაზავას მაშინ გაუსწორდნენ სასტიკად, როდესაც ის ორ ახალგაზრდა დემონსტრანტს ეხმარებოდა.

„როდესაც უკვე აგვიყვანეს მარშუტკაში და ვეუბნებოდი, მაგარი ნაცემი ვარ, ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ-მეთქი, „შეფ“, ეს ექიმი არისო და „შეფი“ მოვიდა და იმან მომკლა ცემაში“ – თქვა მაშინ ვატო გვაზავამ მედიასთან.

„11 წელია მაღაროში მუშაობს სიცოცხლის რისკის ფასად“ – რას ამბობს დაკავებული მაღაროელის მეუღლე

„ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ყველანი ვნერვიულობთ. ბავშვებიც განიცდიან მამის ამბავს, გოგონამ იტირა კიდეც სკოლაში, ძლივს დაუწყნარებიათ.

მე ის ვიცი, რომ ჩემი ქმარი არ არის დამნაშავე“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ჟანა გოგატიშვილი, დაკავებული მაღაროელის, მერაბ სარალიძის მეუღლე.

„11 წელია მაღაროში მუშაობს ჩემი მეუღლე. გვირაბგამყვანია და ყოველდღე სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში უწევს მუშაობა. დაშავდა ორჯერ, ქვა მოხვდა თავში და ტვინის შერყევით იწვა საავადმყოფოში, ძალიან მძიმედ იყო, თუმცა კომპენსაციაც არ გადაუხდიათ მისთვის.

ყოველ დღე, როცა მაღაროში მიდიოდა, სულ იმაზე ვჯავრობდი, ნეტა თუ მოვა სახლში ცოცხალი-მეთქი. თუ არ მპასუხობდა ტელეფონზე, სულ შიშში ვიყავი. ასეთ პირობებში უწევდა შრომა მუშაობა მასაც და სხვა მაღაროელებსაც. სიცოცხლის რისკის ფასად, მიწის ქვეშ და ისიც კი არ უნდათ, რომ ამუშაონ ეს ხალხი“ – ამბობს ჟანა გოგატიშვილი.

მაღაროელების საპროტესტო აქცია ჭიათურაში, 1 მაისი. ფოტო: „ბათუმელები“.

მისი თქმით, ოჯახი სოციალურად დაუცველია და მძიმე პირობებში ცხოვრობს.

„2 ათას ლარამდე ჰქონდა ხელფასი, მაგრამ ორი შვილი გვყავს, 11 და 5 წლის. გვაქვს ბანკის ვალიც. ათას ლარამდე ბანკში შეგვქონდა. სამი თვე უხელფასოდ იყვნენ მაღაროელები, აქციების შემდეგ რომ ორი თვის ხელფასი ჩაურიცხეს, იმით ვართ, მას შემდეგ არაფერი დაურიცხავთ. გვაქვს სოციალურიც, თუმცა არ არის საკმარისი ოჯახის რჩენისთვის.

მაღაროს გაჩერების შემდეგ ბანკის ვალიც არ გადაგვიხდია, არც კი ვიცი რამდენზეა ასული დავალიანება.

ჩემს მეუღლეს არც მშობლები ჰყავს, არც და-ძმები, რომ რაიმეში ხელი გაუმართონ. ჩემი მშობლებიც ასაკოვანები არიან და არც მათ აქვთ საშუალება.

პატარა ბინაში ვცხოვრობთ.

ბავშვები ორი დღეა სკოლაში არ გამიშვია, დედასთან მყავდა, რადგან ძალიან განიცდიან მამის ამბავს. იტირა კიდეც გოგომ სკოლაში, ძლივს დაუწყნარებიათ. ორივე ბავშვი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

ამდენი ხნის განმავლობაში ჩემს ქმარს არაფერი დაუშავებია და ახლა, ძალიან მძიმე დანაშაულს აბრალებენ, რომელიც არ ჩაუდენია. განვიცდით, გავწყდით ნერვიულობით“ – გვეუბნება ჟანა.

ჟანა გოგატიშვილი

როგორ ფიქრობთ, რისთვის დასჭირდათ თქვენი მეუღლის დაკავება სისხლის სამართლის მუხლით, ფიქრობთ, რომ ამით მაღაროელების გაჩუმება უნდათ? – ვკითხეთ ჟანას.

„ალბათ, არ ვიცი. მე ის ვიცი, რომ ჩემი ქმარი არ არის დამნაშავე“- გვეუბნება ის.

მძიმე სოციალური მდგომარეობის გარდა, ჭიათურელებს სიცოცხლისთვის საშიშ გარემოშიც უწევთ ცხოვრება, რადგან მაღაროს გამო, დაზიანებულია გარემო.

„ჩვენს უბანში სახლები მიწაშია ჩაცვენილი, გზაც ძალიან ცუდია, წვიმა თუ არის საერთოდ ვეღარ გაივლი. მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ჩემს მეუღლეზე და დაკავებულებზე ვფიქრობ, მთავარია ისინი გამოუშვან.

დათანხმდნენ მაღაროელების მოთხოვნებს და იქნებ ჩვენც გვეშველოს.

აღარ ვიცი რა ვთქვა, ისე ვარ გამწარებული. ველოდები როდის გამოუშვებენ ჩემს მეუღლეს“ – ამბობს ჟანა გოგატიშვილი.

მაღაროელების საპროტესტო აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“.

მერაბ სარალიძე და მეფარიძე, კიდევ ორ მაღაროელთან – აჩიკო ჭუმბურიძესა და თენგო გველესიანთან ერთად 29 აპრილს, გამთენიისას დააკავეს. გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დაკავებულების ნაწილი ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროებში მუშაობს, ხოლო გიორგი ნეფარიძე შუქრუთის მცხოვრებია და უკვე წლებია, სოფელ შუქრუთში კომპანიის სამთო-მოპოვებითი საქმიანობის შედეგად გამოწვეულ ზიანს და სახლების დანგრევას აპროტესტებს.

მერაბ სარალიძემ და გიორგი ნეფარიძემ დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყეს. ისინი ითხოვენ, რომ მაღაროელებისა და კომპანიის მოლაპარაკებებში სახელმწიფო ჩაერთოს სხვა აქტორების მონაწილეობის გარეშე.

"მაღაროზეა მთელი ქალაქი მიბმული" - სიმონ მაქაცაძე

_____________________

მთავარ ფოტოზე: დაკავებული მაღაროელი მერაბ სარალიძე – პროტესტი ჭიათურაში

„სწრაფ მშენებელმა“ ბათუმში ბინები გაყიდა და კორპუსის მშენებლობას 5 წელია ვერ ასრულებს

ბათუმში, ელიავას #21- ში მშენებარე კორპუსის მომავალი მესაკუთრეები მშენებელ კომპანიას უჩივიან. მათი თქმით, შპს „სწრაფ მშენებელი ჯგუფის“ ხელმძღვანელებმა მშენებარე კორპუსში ბინები გაყიდეს, შემდეგ კი მშენებლობა გააჩერეს.

„პერიოდულად გამოჩნდებიან, თითქოს რაღაცას აკეთებენ. შემდეგ ისევ ჩერდებიან. დირექტორი ყოველ ჯერზე გვპირდება, რომ 2 თვეში დაასრულებს, თუმცა უშედეგოდ.

კორპუსში წყალი ჩამოდის, სახურავიც კი არ არის დასრულებული, სახლი ცუდ მდგომარეობაშია, მალე ავარიულ კორპუსად იქცევა. ძალიან ვნერვიულობთ“ – ამბობენ მესაკუთრეები, რომლებმაც ფული გადაიხადეს, თუმცა ბინები დღემდე ვერ მიიღეს.

მომავალი მესაკუთრეები მშენებარე კორპუსთან
ბინის მესაკუთრეები კომპანიის წარმომადგენლის მოსვლას ელოდებიან

ელიავას #21-ში, ბათუმის ახალ ბულვართან ახლოს, ზღვიდან ერთ კილომეტრში მრავალბინიან კორპუსს „სწრაფ მშენებელი ჯგუფი“ აშენებს. შენობის კარკასი უკვე დასრულებულია. ფასადი მოპირკეთებული არ არის, მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს შიდა სივრცეშიც.

კორპუსში ლიფტი ახლახან დაუმონტაჟებიათ, თუმცა ჯერ ჩართული არ არის. ეზოში და ზოგიერთი სართულის იატაკზე წყალი დგას – აქ ამბობენ, რომ წყალი სახურავიდან ჩამოდის.

მშენებარე კორპუსის შიდა ეზო

„ბათუმელების“ ადგილზე ყოფნის დროს ადგილზე მუშები ფასადის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდნენ. ბინის მეპატრონეებმა გვითხრეს, რომ მშენებელმა მუშები საგანგებოდ მოიყვანა, რომ ეჩვენებინა საქმიანი პროცესი ადგილზე: „გაიგო, რომ აქციას ვგეგმავდით, ტელევიზია უნდა მოგვეყვანა და თითქოს მუშაობს“.

ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის, თამარ აფაქიძის თქმით, რამდენიმე თვის წინ კომპანიასთან შეთანხმებით საკუთარ ბინაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო, თუმცა იმის გამო, რომ სახურავი დასრულებული არ არის, ბინაში წყალი ჩამოვიდა და კედლები დაზიანდა. მისივე თქმით, ყოველი გაწვიმებისას პარკინგის ნაწილშიც წყალი დგება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ეს სახლი დასრულდეს. ლტოლვილი ვარ და სხვა ბინა არ გამაჩნია, ქირით ვცხოვრობ. სამი წელია ველოდები, რომ შემიშვან ბინაში. 2020 წელს ვიყიდე და ხელშეკრულების მიხედვით და უნდა ჩამბარებოდა 2022 წლის დეკემბერში. დღემდე ვერ შევედი სახლში, სახურავი არა აქვს, ლიფტი არ არის, ბინაში წყალია, რაც გავაკეთე გამიფუჭდა ყველეფერი. რას გვეუბნება? – ხვალ გავაკეთებ, ზეგ გავაკეთებ, 2 კვირაში გავაკეთებ, 3 კვირაში გავაკეთებ….

რემონტი გამაკეთებინეს, ჩემი თანხით ჩავსვი შუშა, დენი ჩემი ფულით შევიყვანე, წყალიც შევიყვანე, მაგრამ ბინაში ვერ შევდივარ, იმიტომ რომ ვერ აკეთებენ კანალიზაციას. „ხვალ-ზეგ, ხვალ-ზეგ“ და მოვიდა 2025 წლის მაისი. როცა მე შევიძინე საძირკვლის სამუშაოები იყო დაწყებული. 2022 წელს მივწერე კომპანიას, რემოტის დაწყება თუ შემიძლია მეთქი, მითხრეს – მობრძანდით და გააკეთეთო. გაფუჭდა ყველაფერი, ნესტმა შეჭამა“ – ამბობს თამარ აფაქიძე.

თამარ აფაქიძე

„2 წლის ბავშვი მივატოვე, წავედი საზღვარგარეთ და ვიშრომე, რომ რამე გავაკეთო-მეთქი, მაგრამ ჩემი შრომა წყალში ჩაიყარა.

ქირით ვცხოვრობ რამდენი ხანია, ახლა ქირის გადახდის საშუალებაც აღარ მაქვს, სად წავიდე? ვის მივმართოთ უკვე არ ვიცი, მე გასულ წელს შევიძინე, 20 000 დოლარი გადავიხადე, პატარა სტუდიოს ტიპის ბინაა, 700 დოლარად მომყიდა კვ.მეტრი, ამ წელს აპრილში აპირებდა დასრულებას“ – ამბობს ნაზიბროლა შაქრიანი.

ნაზიბროლა შაქრიანი

მომავალ მესაკუთრეებს დაზუსტებული ინფორმაცია არც იმაზე აქვთ, როდის დაიწყო მშენებლობა. მათ შორის რამდენიმე ამბობს, რომ მშენებლობა 2022 წელს დაიწყო, ზოგის ინფორმაციით კი 2020 წელს და 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.

იმ მესაკუთრეების ინფორმაციით, რომლებსაც ჩვენ შევხვდით, აქ ერთ კვ.მეტრ ფართობში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფასი გადაიხადეს. ერთმა გვითხრა, რომ 2020 წელს, მშენებლობის საწყის ეტაპზე აქ ერთ კვ.მეტრში 350 დოლარი გადაიხადა, შემდეგ წლებში კი 1.კვ.მეტრი აქ 700 დოლარად გაუყიდიათ.

ერთ-ერთი მესაკუთრისთვის შესყიდულ ბინას ვერ იფორმებს, რადგან მშენებელმა ის იპოთეკით დატვირთა, რეესტრის მონაცმებით იპოთეკით არის დატვირთული სხვა ბინებიც.

ადგილზე მოსულმა კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ სახლის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო.

„სახლი ფაქტობრივად დასრულებულია. 2020 წელს კი გაიცა ნებართვა, მაგრამ ჩვენ მშენებლობა 2022 წელს დავიწყეთ რეალურად, რადგან პანდემიამ შეგვიშალა ხელი. სადარბაზო, კიბე, ლიფტი ყველაფერი გაკეთებულია, უახლოს 2-3 თვეში დავასრულებთ აქ ყველაფერს და შევასახლებთ მესაკუთრეებს. ყველაფერს მაღალი ხარისხისას ვაკეთებ და არა უბრალოს, ეს პრემიუმ-ხარისხის ბინაა “ – გვითხრა მამუკა [იაკობ] გორგოშაძემ, რომელიც გაგვეცნო როგორც კომპანიის დირექტორი – „მამუკას მეძახიან, მაგრამ დოკუმენტებში იაკობი ვარო“.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს „სწრაფ მშენი ჯგუფი“ 2020 წელს დაუფუძნებიათ. კომპანიის ასი პროცენტი იაკობ გორგოშაძეს ეკუთვნის, ის არის კომპანიის დირექტორიც.

სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, მშენებლობის ნებართვა ელიავას #21ა-ში 2020 წელს გასცეს 2022 წლამდე ვადით. ამ ნებართვის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიხედვით შპს „სწრაფ მშენ ჯგუფს“ 1398 კვ.მეტრზე 12-სართულიანი კორპუსი უნდა აშენებინა.

წითლად მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია

პროექტი 2 ბლოკის მშენებლობას ითვალისწინებდა. ნებართვის მიღების ეტაპზე კომპანიამ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს სტატუსი შეუცვალა და ის არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად დაარეგისტრირა. მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ნებართვის მიღებიდან მალევე კომპანიამ პროექტში ცვლილება მოითხოვა. კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობის შემდეგ კომპანიამ აქ 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე მიიღო თანხმობა.

 

მშენებარე კორპუსის რენდერი

დოკუმენტების მიხედვით, კომპანიას განესაზღვრა მშენებლობის ეტაპებიც. დოკუმენტებს ხელს აწერს არჩილ ჩიქოვანი, რომელიც მაშინ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

აქვს თუ არა კომპანიას განახლებული ნებართვა? – ამ კითხვაზე არც ბათუმის მერიაში გვიპასუხეს და არც მის ქვემდებარე უწყებაში, მუნიციპალურ ინსპექციაში. მშენებლობის ეტაპების კონტროლი სწორედ მუნიციპალური ინსპექციის მოვალეობაა.

კომპანიის დირექტორმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ნებართვის ვადა განახლებული აქვს, თუმცა ჩვენ ის არ გვინახავს, ადგილზე საინფორმაციო დაფაც არ არის გამოკრული.

„გვქონდა და მერე წინა ღობე მოვხსენით, რაზეც გვქონდა დამაგრებული“ – გვითხრა კომპანიის დირექტორმა.

რეესტრის მონაცემებით, შპს „სწრაფ მშენი ჯგუფის“ დამფუძნებელი იაკობ გორგოშაძე ფლობს ასევე შპს „გოლდ პალას 2024“- ის 100 პროცენტს, ეს კომპანია მას 2023 წელს დაუფუძნებია. ის ფლობს ასევე შპს „შპს ექსპრეს მოტორსს“ – ეს კომპანია 2010 წელს არის დაფუძნებული.

„სწრაფ მშენებელმა“ ბათუმში ბინები გაყიდა და კორპუსის მშენებლობას 5 წელია ვერ ასრულებს

 

05.05.2025- თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღის შეთავაზების დღე

თიბისი განაწილება, ყოველი თვის წყვილ თარიღში, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს, ამიტომ ისინი ამ გამორჩეული შესაძლებლობით სარგებლობას სულ მალე, 05.05.2025-ში, კვლავ შეძლებენ.

5 მაისს თიბისი განაწილების მომხმარებლები ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას ჯიპისის, ფარმადეპოს, პსპ-ს და ავერსის ონლაინ ან ფიზიკურ აფთიაქებში შეძლებენ, სადაც მინიმუმ 100 ლარიან შენაძენზე, 50 ლარი ქეშბექი დაუბრუნდებათ.

მხოლოდ 5 მაისს, მეტი განაწილებით ნივთების შეძენის შემთხვევაში კი, მომხმარებლები 50 ლარის დაბრუნებას მათთვის სასურველ ნებისმიერ მაღაზიაში შეძლებენ.

განაწილებით გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის დაბრუნებასთან ერთად, მომხმარებლები პროდუქტის საფასურს არა ერთიანად, არამედ 4 თვეზე განაწილებით გადაიხდიან. რაც მთავარია, გაძვირების გარეშე, ეფექტური 0%-ით. რაც იმას ნიშნავს, რომ გადაიხდიან ზუსტად იმდენს, რამდენიც ნივთი ღირს.

მეტი განაწილების შემთხვევაში კი, შეძენილი ნივთის საფასურის განაწილება 6-დან 36 თვემდე პერიოდით, ეფექტური 36%-ით შეუძლიათ.

“განაწილება” თიბისის გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ყველანაირი ინტერესისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლების სურვილების ასრულების გასამარტივებლად შეიქმნა. დაელოდე და აისრულე სურვილები ყოველ წყვილ თარიღს.

წყვილი თარიღის შეთავაზების პირობები იხილეთ ბმულზე.

რა გაძვირდა და რა გაიაფდა სამომხმარებლო კალათაში – საქსტატის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის აპრილში სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფებიდან ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა ჯანდაცვაში [9,2 პროცენტით], ხოლო სურსათი 7 პროცენტით გაძვირდა.

წინა თვესთან შედარებით ქვეყანაში ყველაზე მეტად გაძვირდა ხილი; ფასებმა მოიმატა ასევე პურსა და პურპროდუქტებზე; გაძვირდა თევზეული, ზეთი და სხვა პროდუქტები. ამავე სამსახურის ინფორმაციით, ფასები შემცირდა ბოსტნეულზე, რძესა და კვერცხზე.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის აპრილის მონაცემებით, წინა, მარტის თვესთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები საშუალოდ 0.4 პროცენტით გაიზარდა.

  • ფასები მომატებულია: ხილი და ყურძენი [5.2 პროცენტი], პური და პურპროდუქტები [2.2 პროცენტი], ყავა, ჩაი და კაკაო [1.9 პროცენტი], თევზეული [1.5 პროცენტი], ზეთი და ცხიმი [1.5 პროცენტი], ხორცი და ხორცის პროდუქტები [0.2 პროცენტი], შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული [0.2 პროცენტი].

ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული [-2.1 პროცენტი], რძე, ყველი და კვერცხი [-1.5 პროცენტი], მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები [-1.2 პროცენტი];

  • ფასები მომატებულია ტანსაცმელზე [2.3 პროცენტით]; 0.4 პროცენტით გაიზარდა ფასები ჯანმრთელობის დაცვის სფეროშიც.
  • აპრილში, მარტთან შედარებით გაძვირდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება [0.7 პროცენტი], სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა [0.5 პროცენტი] და საავადმყოფოების მომსახურება [0.3 პროცენტი];

იგივე პერიოდში ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა [-1.9 პროცენტი] და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე [-0.2 პროცენტი], ხოლო ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე [1.3 პროცენტი].

რაც შეეხება ფასებს 2024 წლის აპრილთან შედარებით, 2025 წლის აპრილში ფასები 7 პროცენტითაა გაზრდილი სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე; 3,3 პროცენტითაა გაზრდილი – ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე;

9,2 პროცენტით გაიზარდა ფასები ჯანდაცვაში, 4,9 პროცენტით – განათლებაში, 6,1 პროცენტით დაიზარდა ფასები სასტუმროებში, კაფეებში, რესტორნებში, ასევე სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე.

შარშანდელთან შედარებით 1,1 პროცენტით გაძვირდა – საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი; 0.1 პროცენტით კი – დასვენება, გართობა და კულტურა.

ჯგუფში – კავშირგაბმულობა – ფასები შემცირებულია 12.4 პროცენტით; ტრანსპორტი – 2,2 პროცენტით; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 2,7 პროცენტით.

„2025 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.4 პროცენტი შეადგინა“ – აცხადებს საქსტატი.

ბათუმში 3 მაისს ველო და ავტო მარში გაიმართება ბათუმელი მედროშეს მხარდასაჭერად

3 მაისს, შაბათს, ბათუმში, 17:00 საათზე, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად ველო და ავტომარში გაიმართება. ინფორმაცია ფეისბუქზე ვრცელდება.

თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], ბათუმში 2025 წლის 11 იანვარს, პოლიციის სამმართველოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ის ამჟამად შს სამინისტროს დროებითი განთავსების საემიგრაციო იზოლატორში იმყოფება. მას საქართველოდან გაძევება ემუქრება.

ის წლების განმავლობაში ითხოვდა საქართველოს მოქალაქეობას, დაკავების შემდეგ კი – ჰუმანიტარულ და ლტოლვილის სტატუსს, თუმცა მისი მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„თემურს აძევებენ ქვეყნიდან, ჩვენ კი ვდუმთ? ნუ მივატოვებთ სიმართლეს, მოდით დავდგეთ ერთად, ახლაა ამის დრო“- ნათქვამია განცხადებაში.

ველო მსვლელობა და ავტომარში ბათუმში 3 მაისს, საკონსტიტუციო სასამართლოდან დაიწყება, 17 საათზე.

საპროტესტო მსვლელობა ასევე დაგეგმილია კვირას, 4 მაისსაც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკვე 156-ე დღეა მოსახლეობის დიდი ნაწილი აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების მიერ. პროტესტის მონაწილეები ასევე მოითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. თბილისის გარდა საპროტესტო აქციები ყოველდღიურად მიმდინარეობს ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

ამავე თემაზე: 

კაცი საქართველოს დროშით ბათუმის აქციებიდან – „ჩემი წინაპრები მუჰაჯირები იყვნენ ხინოდან“

დღემდე უცნობია რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შსს დემონსტრაციების დასარბევად – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ დღემდე უცნობია, რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო 2024 წლის 28 ნოემბრიდან, რამდენიმე ღამის განმავლობაში, მშვიდობიანი დემონსტრაციების დასარბევად.

„გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობა უცნობია, მათ შორის, იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებსაც დაზარალებულებისთვის სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიათ“ – წერს საია დღეს, 2 მაისს, ორგანიზაციის ვებგვერდზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების ზემოქმედებამ დაზარალებულთა ნაწილისთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის ზიანი გამოიწვია.

„ცალკეულ შემთხვევებში დაზარალებულებს მომდევნო თვეების განმავლობაში ინტენსიური მკურნალობის ჩატარება დასჭირდათ, ხოლო ქიმიური საშუალებების ზემოქმედებით გამოწვეულმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ, ამ დროის განმავლობაში, მნიშვნელოვნად იმოქმედა მათი ყოველდღიური ცხოვრების დონესა და პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობაზე. სოციალურ ქსელებში დღემდე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ქიმიური საშუალებების ექსპოზიციით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ.

აქციის მონაწილეები, რომლებსაც წარსულშიც გამოუცდიათ ქიმიური გამაღიზიანებლების ზემოქმედება აქციების დაშლის პერიოდში, აღნიშნავენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოყენებული ცრემლსადენი გაზი მნიშვნელოვნად უფრო მაღალი ინტენსივობის ტკივილსა და სიმპტომებს იწვევდა, ვიდრე 2024 წლის გაზაფხულის აქციების პერიოდში“ – წერს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მათ მიმართეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაც:

„საიამ ამ კითხვით ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა, რომელმაც 19 თებერვალს გვიპასუხა, რომ სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში გამოყენებული ქიმიური საშუალებების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს პასუხის მიხედვით, აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ გამოუთხოვიათ, „საჭიროების არარსებობის გამო“.

ამასთან, მიუხედავად იმისა, თუ რა შემადგენლობის ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შსს, მათი გამოყენების მეთოდები და პრაქტიკა იყო ცალსახად უკანონო და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი.

ცრემლსადენი გაზის გამოყენებისას, ხშირად, აქციის მონაწილეებს არ ეძლეოდათ ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა. აღნიშნულის მიზეზები იყო ძლიერი დაკვამლანება, ცრემლსადენი გაზის ინტენსიური გამოყენებით გამოწვეული დეზორიენტაცია, გასასვლელების ბლოკირება პოლიციის მიერ ან ხალხის რაოდენობის გამო. საპოლიციო ძალები ხშირად ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ რამდენჯერმე ერთსა და იმავე ადგილას, რაც აკრძალული პრაქტიკაა. ასევე, მოულოდნელად, მჭიდროდ მდგარი ხალხის მასებში, რაც ჭყლეტის საშიშროებას ქმნიდა. ადგილი ჰქონდა გაზის კაფსულების დამიზნებით სროლას და შენობის სახურავებიდან ჩამოგდებას, რაც, ასევე მძიმე დაზიანების მიღების მაღალ რისკს ქმნის.

საპოლიციო ძალები ასევე იყენებდნენ წყლის ჭავლში შერეულ უცნობ ქიმიურ გამაღიზიანებლებს. წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლების შერევა პრობლემური და საფრთხის შემცველი პრაქტიკა, რომელიც ძლიერ ფიზიკურ ტკივილს იწვევს და ჯანმრთელობის დაზიანების სერიოზულ რისკს ქმნის. იგი არღვევს სამართალდამცავთა ვალდებულებას, მოახდინონ ზიანის მინიმუმამდე შემცირება. ამის გამო, „ამნესთი ინთერნეიშენალის“ სახელმძღვანელო სახელმწიფოებს აღნიშნული პრაქტიკის აკრძალვისკენ მოუწოდებს.

წყლის ჭავლში ქიმიკატების შერევა არარეკომენდებული პრაქტიკაა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის სახელმძღვანელოს მიხედვითაც. აღსანიშნავია, რომ პროტესტის მონაწილეთა ნაწილი, რომლებსაც ქიმიკატებიანი წყლის ჭავლი პირდაპირ არ მოხვედრიათ, იხსენებენ, რომ წყლის ჭავლის გაშვებას ძლიერი სუნი ახლდა თან, რაც წყალთან პირდაპირი კონტაქტის გარეშეც იგრძნობოდა, ხოლო მასთან მცირედი შეხებაც ძლიერი წვისა და ქავილის შეგრძნებას იწვევდა“ – წერს საია.

ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების გამოყენება უკანონოდ ხდებოდა და, რიგ შემთხვევებში, უტოლდებოდა არასათანადო მოპყრობას.

„მიუხედავად ამისა, აღნიშნულთან დაკავშირებით არ დამდგარა არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად მსგავს უკანონო და საფრთხის შემცველ მეთოდებს მიმართავდა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების სისტემურ, ორგანიზებულ და დანაშაულებრივ ბუნებას“ – წერს ორგანიზაცია.

____________

ფოტოზე: 2024 წლის 29 ნოემბერი, საპროტესტო აქციის დარბევა თბილისში წყლის ჭავლით. ფოტო: ნეტგაზეთი

„ბათუმობისთვის“ წელს ბიუჯეტიდან 223 ათასი ლარი იხარჯება – ორგანიზებასა და კონცერტში

„ბათუმობა 2025“-ის ორგანიზება და კონცერტი წელს ქალაქის ბიუჯეტს ჯამში 223 035 ლარი დაუჯდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები 3 და 4 მაისს ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ გაიმართება.

ბათუმის ბიუჯეტიდან ტენდერის გარეშე 109 ათას 60 ლარს გადაუხდიან მომღერალ-შემსრულებლებს, რომლებსაც „ბათუმობა 2025“-ზე მოიწვევენ. რაც შეეხება ღონისძიების ორგანიზების ხარჯებს, ბათუმის კულტურის ცენტრს ტენდერები ჰქონდა გამოცხადებული და ხელშეკრულებები ჯამში 113 ათას 975 ლარზეა გაფორმებული. აქედან 87 500 ლარზე – შპს „ბეტა პრინტთან“ და 26 475 ლარზე – შპს „ჯითი ჰოლდინგთან“.

ქალაქის მერიის განცხადებით, ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიების, კლასიკური, თანამედროვე მუსიკისა და ქართული ფოლკლორის კონცერტების პარალელურად მოეწყობა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, გასტრონომიული კუთხე. 4 მაისს საპატიო ბათუმელებსაც დააჯილდოებენ, „ბათუმობა 2025“ კი, გალა კონცერტით დასრულდება, რომელიც საღამოს 7 საათზე დაიწყება.

ბათუმის მერიამ ღონისძიებების პროგრამაც გამოაქვეყნა:

  • 3 მაისი

12:00 – სასულე ორკესტრი
13:00 – ქალთა აკადემიური კამერული გუნდი
14:00 – ბათუმის ჯაზ ბიგ-ბენდი
15:30 – ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი
16:00 – ეთნოფოლკ როკ ანსამბლი „ჯეო პლანეტი“
18:00 – ქალთა ვოკალური ანსამბლი / ტრიო “გოგლაურა”
19:30 – ქართული ფოლკლორის კონცერტი, ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“ & ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლი
21:00 – კახაბერი და ხანუმები

  • 4 მაისი

15:30 – ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი
16:00 – საპატიო ბათუმელების დაჯილდოება – ღონისძიების წამყვანი ბერდია კუტუბიძე
19:00 – გალა კონცერტი – საღამოს წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე; სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, ქალთა კამერული გუნდი, მორის მელაძე, აჩიკო გოგიტიძე, თამთა ხუხუნაიშვილი, მზიკო ფარტენაძე, გიორგი ნაკაშიძე, გვანცა ოსიყმაშვილი, მერაბიკო დოლიძე, ნიკო ბერიძე, სულხან დევაძე, რუსა თავართქილაძე, თათია კობალაძე, თამუნა მიქელაძე, ნონა კორიფაძე, ბაჩო ნაკაშიძე, სულხან ჯაიანი, ბათუმური კვინტეტი, სოფო ხალვაში & ბათუმური კვინტეტი.

„ბათუმობა 2025“ / ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და კოლონადების მიმდებარედ ჩატარდება 3 და 4 მაისს

რეზო კიკნაძე: ეს თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ფულის გარეშე რამე გააკეთოთ, თავი გადადოთ იდეისთვის

პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირის მორიგი სასამართლო გაიმართა პირველ მაისს. სინდისის პატიმრებს შორისაა რეზო კიკნაძე, რომელმაც სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა თავისუფლებასა და სამართლიანობაზე.

სასამართლო სხდომაზე რეზო კოკნაძე შეეხო როგორც მისი და სხვა პოლიტიკური პატიმრების უკანონო ტყვეობას, ასევე ისაუბრა იმ მთავარ ღირებულებებზე, რასაც, მისი აზრით, ებრძვის ოლიგარქიული რეჟიმი. „ბათუმელები“ გთავაზობთ რეზო კიკნაძის სასამართლოში გამოსვლის ტექსტს:

„აი მაგალითად გუშინ, სადგურის მოედანზე მაღაზიები დაიწვა. დარწმუნებული ვარ, ის ფონდები, რომლებიც დააყადაღეს, აუცილებლად დაეხმარებოდნენ ამ ადამიანებს. ამიტომ, ვინც ეს ფონდები დააყადაღეთ, კეთილი ინებეთ და ყველას აუნაზღაურეთ ზარალი.

ასეთი ხერხებით ებრძოდნენ სწორედ საბჭოთა კავშირის დროს მათ, ვისაც არ მოსწონდა რეჟიმი და ქვეყნის მტრად აცხადებდნენ. დასაბუთება არ სჭირდებოდა ამას, უბრალოდ იტყოდნენ – „ქვეყნის მტერია“ და მათ ხელში იყო ძალაუფლება, ყველა ორგანო და მოაშთობდნენ. დაახლოებით იგივე, რუსული მეთოდებით მოქმედებს ეს ვაი მთავრობაც.

გარდა სოლიდარობისა, სამართლებრივი კუთხითაც მინდა შევეხო ამ თემას, რომელიც უშუალოდ ჩვენ გვეხება, რადგან ჩვენ გვბრალდება კიდევ ერთი რაღაც, რომ თითქოს ვიღაცები გვაფინანსებდნენ. ეს ბრალდება, აზრობრივად და ლოგიკურ ჭრილში რომ შევხედოთ, თუ ოდნავ მაინც დავფიქრდებით, ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია.

აი, მაგალითად, – არეულობას და აკრძალულ ნივთიერებებს ყიდულობდნენო. მე მედავებიან ქვის სროლას, ვიღაცას ბოთლის სროლას ედავებიან და ქვას და პლასტმასის ბოთლს დაფინანსება რაში სჭირდებოდა?! მე მგონი არ სჭირდებოდა ამას ფონდის შექმნა.

ერთადერთი, ისეთი ნივთიერება, რაც შეიძლება აკრძალულად ჩაითვალოს და მოლოტოვის კოქტეილის ბოთლებზე მოგვედავოთ, თითოს დამზადებას სჭირდება 10 ლარი. ანუ 80 ლარის გამო შეიქმნა ამხელა ფონდები? რომლებიც აფინანსებდნენ სტიქიისგან დაზარალებულებს, აფინანსებდნენ ოპერაციებს, ეხმარებოდნენ სიმსივნით და ლეიკემიით დაავადებულებს, მშიერ და ობოლ ბავშვებს, მაგრამ ამავდროულად ეხმარებოდნენ პოლიტპატიმრების ოჯახებს და უსამართლო ჯარიმებით დატვირთულ ადამიანებს და ეს ვერ აიტანეს ზუსტად.

გადაწყვიტეს ეს დაეყადაღებინათ და ის ფული, რომელიც 6 წლის მშიერ ბავშვს უნდა მოხმარებოდა, ვინც ჯართს აგროვებდა საჭმლისთვის, თავად მიითვისეს.

ხუთი თვეა ვუსმენ პროკურორების რაღაც ბრალდებებს და ყოველი წინადადების მოსმენისას ორად ორი სიტყვა მიტრიალებს თავში – „ცარიელი სიტყვები“. ფაქტია, რომ ცარიელი სიტყვების გარდა არ არსებობს მიზეზი, რატომაც ჩვენ ვართ ახლა დატყვევებულები. 5 თვეა მხოლოდ ცარიელი სიტყვების გამო ვართ დილეგში.

ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მტკიცებულებად იქცეს ცარიელი სიტყვები და ამის გამო ადამიანი ციხეში ჩასვან. 10 კაცს რომ თეთრზე ათქმევინონ შავიაო, შავი ვერ გახდება. თუ ათას კაცს ათქმევინებთ, გაგიკვირდებათ და მაინც ვერ გახდება თეთრი შავი.

ამიტომ, რამდენი თანამშრომელიც არ უნდა მოიყვანოთ აქ და ალაპარაკოთ წინასწარ ნაბრძანები ტექსტებით, აზრი არ აქვს, თუ ისევ ცარიელი სიტყვებით მოდის და იმას ვერ ამტკიცებს, რომ მე დავაზიანე რომელიმე ან რაიმე დაჯგუფების მონაწილე ვარ.

ამას ვერც დაამტკიცებს, რადგან ბუნებაში არ არსებობს ასეთი რაღაც. ამიტომ ისევ იტრიალებენ ცარიელი სიტყვების ირგვლივ, მეტი არაფერი აქვთ და არც ექნებათ.

ვიმედოვნებ, ქალბატონო მოსამართლევ, რომ ცარიელი სიტყვების და სიტყვაზე ნდობის ფაქტორით არ მიიღებთ გადაწყვეტილებას და ამით არ დაუნგრევთ ადამიანებს ცხოვრებას.

კონკრეტულად მე, ცხოვრება არ დამენგრევა, რამდენი წელიც არ უნდა ვიყო. იმიტომ, რომ რის გამოც ვარ, ეს სევდის მომგვრელი არ არის, მაგრამ არ გიფიქრიათ მშობლებზე, შვილებზე, ცოლებზე.

მე ღრმად მწამს, რომ სამყაროს გვირგვინი არის ადამიანი და არავის, არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება მეორე ადამიანი დაამციროს, მოსპოს, იძალადოს მასზე და უსამართლოდ მოეპყროს. ადამიანი სიყვარულისთვის და თავისუფალი ნებისთვის არის გაჩენილი და მე ღმერთი სწორედ სიყვარული, თავისუფლება და სამართლიანობა მგონია. ამიტომ არ მეშინია და ამას ვეძებ საკუთარი თავისთვის, ჩემი თანამოქალაქეებისთვის და საკუთარი თავისთვის – სიყვარულს, თავისუფლებას და სამართლიანობას.

„დათა თუთაშხია“ ასეთ რაღაცას ამბობს, მგლის ფიქრი მარტო ის კი არ არის, რომ მოკლას, არამედ ისეთი მოვკლა, აქეთ არ დამასწროს მოკვლაო. ადამიანის ფიქრიც ასეთია, ისეთი მოვკლა, ჩემი სიცოცხლე სჯობდეს მის სიცოცხლესო. ამიტომ თქვენ გეკითხებით, ვისაც ჩვენი მოკვლა, უდანაშაულო ადამიანების გაწირვა გინდათ, დაფიქრებულხართ მაინც, თქვენი სიცოცხლე სჯობს ჩვენს სიცოცხლეს?

პროკურორს, ვაჟას ვკითხავდი, ახლა რომ ომი დაიწყოს და რუსი ღორების ჯარი შემოვიდეს, თუ წავიდოდა საომრად? რაღაც არა მგონია. მე არც კი დავფიქრდებოდი, მაშინვე გავვარდებოდი ფრონტის ხაზზე.

მაშინ გეკითხებით, რატომ უნდა ისხდეთ თქვენ მანდ და ჩვენ აქ.

უკვე 5 თვეა ჩემი ტელეფონი გაქვთ. სავარაუდოდ, ყველაფერი ამოქექილი გექნებათ. გამოიძიებდით ვისთვის რა მიმიწერია ოდესმე, ან ტელეფონის ნომრიდან რა განმიხორციელებია – ზარი, მიმოწერა და ასე შემდეგ, მაგრამ რამდენიც არ უნდა ეძებოთ, იქ ვერანაირ კავშირს ვერ იპოვით იმ 50 პატრიოტ ადამიანთან, ვისთან ერთადაც დაგვიჭირეს.

ჩემდა საუბედუროდ და სამწუხაროდ, არცერთ არათუ არ ვიცნობდი, გაგებულიც კი არ მქონდა არცერთზე. არათუ მიმოწერა, ფეისბუქის მეგობართა ნუსხაშიც კი არ მყავს არცერთი. ამიტომ, რაც არ უნდა ეძებოთ, ამით კავშირს ვერ დაადგენთ.

ვიდეოები, რაც გაქვთ წარმოდგენილი, ჩვენს სასარგებლოდ უფროა, ვიდრე თქვენს, რადგან რასაც გვედავებით, ჩვენს სიმართლეს უფრო ამტკიცებს, ვიდრე ბრალდებას.

იმ ვიდეოებში ჩანს ორი რაღაც, ის, რომ ერთმანეთთან კავშირი არც იმ ადგილას გვაქვს და არც იმ ცხელ წერტილში, სადაც ვითომ რაღაც დანაშაულის ჩადენას გვედავებით და ჯგუფური კავშირი ამ ვიდეოებითაც არ მტკიცდება. და მეორე -იმ ვიდეოებში ჩანს, რომ არავინ არ ზიანდება ჩვენი მხრიდან. იმიტომ, რომ არ არსებობს ასეთი რამ.

ჩვენი დაჯგუფებად მოხსენიება ისეთივე აბსურდია, რომ ყველაფერი დააბრალო „დიფ სთეითს“.

ვაი მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ხშირად მესმის, რომ ესენი ვიღაცებმა დაიქირავეს, დააფინანსეს, შეცდომაში შეიყვანეს, რომ იქ მდგარიყვნენ და ასე შემდეგ. აქედან მოვითხოვ, რომ თუ რაღაც ბრალს უყენებ ადამიანს, მტკიცებულებაც მოაყოლოს, თორემ ასეთი ყბედობა და ჭორაობა ტყუილად არ ჩაივლის, იმიტომ, რომ ცილისწამებაც დანაშაულია და ყოველთვის მთავრობის ხელში არ იქნება სასამართლო უწყება და აუცილებლად მოგეკითხებათ ყველას, ვინც რაღაცას გვაბრალებდით ყოველგვარი არგუმენტის და მტკიცებულების გარეშე.

ჩემთვის შეურაცხმყოფელი არ არის, როდესაც გვაბრალებენ ვიღაც მოძალადის და მოღალატის დაზიანებას, რაც არ განმიხორციელებია, მაგრამ მაბრალებენ. მაგრამ, როდესაც მაბრალებენ რომ ვიღაცამ დამიქირავა, იმისთვის რომ იქ ვმდგარიყავი, სადაც ყველა უნდა მდგარიყო, ეს უდიდესი შეურაცხყოფაა ჩემთვის.

ეს თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ ფულის გარეშე რაიმე გააკეთოთ და რიგითმა მოქალაქემ თავისი ნებით გააკეთოს ის, რაც ქვეყანას სჭირდება და გადადოს თავი იდეისთვის და ქვეყნის მომავლისთვის.

ტაივინ ლანისტერი ამბობს, რომ ლომს სხვების აზრი არ უნდა ადარდებდესო და მართლაც ასეა, მაგრამ იმდენი ცხვარი მოგროვდა ქვეყანაში, ამ პროპაგანდის ქვეშ ექცევა. ფიქრის უფლებაც კი შეუზღუდეს ადამიანებს და ყველაზე ცუდი ის არის, რომ სხვის ნაფიქრს იმეორებენ.

მარკესის „პატრიარქის შემოდგომაში“ ასეთ რაღაცას ამბობს ერთ-ერთი დიქტატორი, რომ ქვეყანაში მთავარი უბედურების თავი და თავი ის არის, რომ ხალხს დრო რჩება ფიქრისთვის და რა მოვიფიქრო ისეთი, რომ ხალხმა ფიქრისთვის ვეღარ მოიცალოს.

ჰოდა, ნუ მისცემთ უფლებას ნურავის, რომ თქვენს მაგივრად იფიქროს.

ბოლო დროს „ოცნების“ მთავრობაში ვიღაც დააწინაურეს, ვიღაც ჩამოაქვეითეს და ერთ-ერთი წიგნიდან მახსენდება ასეთი რამ, რომ ვირთხების რბოლის მთავარი პრობლემა ის არის, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც მაინც ვირთხად რჩებიან.

გუშინ „გლადიატორი 2“-ს ვუყურე და ერთმა ასეთმა ეპიზოდმა მიიქცია ჩემი ყურადღება. როდესაც ერთ-ერთ მთავარსარდალს იმპერატორის ბრძანებით თანამებრძოლები ისრებით ცხრილავენ, ერთ-ერთი გლადიატორი გამოდის და მაიდანზე შეკრებულ ბრბოს ასე მიმართავს, – ხომ ხედავთ, როგორ ექცევა რომი თავის გმირებს, მისი სიცოცხლე არაფრად უღირდათ, თქვენი რა ეღირება?

ჰოდა, ახლა თქვენ მოგმართავთ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებო, გიორგი ანწუხელიძის სიცოცხლე არაფრად უღირთ და თქვენი რა ეღირება?

ჩვენი სამი მოსამართლიდან ერთი არის დასანქცირებული, მეორე უდიპლომო და მესამე სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებული. იმედია, თქვენ მაინც აღმოჩნდებით მოსამართლე, ამ სიტყვის სრული გაგებით.

მიმალვის საფრთხეო, პროკურორებმა – ისევ დაუსაბუთებლად და ისევ ცარიელი სიტყვებით. რანაირად უნდა მივიმალო, როცა ისე ცუდად ვერკვევი ადგილებში, ლისის ტბაც არ ვიცოდი, სად იყო, სანამ კრიმპოლიციის წარმომადგენლები არ ამიყვანდნენ და დღესაც არ ვიცი, სად არის. ზოგადად, საზღვარგარეთაც არასდროს არ ვყოფილვარ. ანუ საზღვარგარეთაც ვერ გავიქცევი და არც პასპორტი მაქვს და წინა პროცესებზეც მითქვამს, რომ დამალვას საერთოდ არ ვაპირებ. პირიქით, ვაპირებ ყველას ვუთხრა, ვინ ვარ და საერთოდ არაფერი მაქვს დასამალი, პირიქით.

რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, ძველი არ ვიცი, რა დანაშაულია, ახალი როგორ უნდა ჩავიდინო? გარდა იმისა, რომ ნასამართლევი არასდროს ვარ და ამ უწყებასთან კავშირი არასდროს მქონია.

ავტობუსის ჯარიმაც კი არ მქონია არასდროს, იმდენად კანონმორჩილი მოქალაქე ვარ. თან ამ 5 თვის განმავლობაში რაღაც საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს, მაგალითად, ციხეში ისეთი გახდა დანაშაულებისკენ ბიძგი აქვს… მაგრამ თქვენ რომ გამოჰკითხოთ ნებისმიერი თანამშრომელი, ბადრაგიდან დაწყებული ციხის უფროსით დამთავრებული, ყველა გეტყვის, თუ როგორი პიროვნებები ვართ აქ, მათ შორის, მე კონკრეტულად, როგორ ვიქცევი.

პირიქით, ყველა იმას ამბობს – აქ რა გინდა, ჭკუა სად ჰქონდათ, თქვენ რომ გიჭერდნენო. ნაკაშიძე მგონია ხოლმე თავი „თეთრი ბაირაღებიდან“, – თქვა რეზო კიკნაძემ.

რეზო კიკნაძეს 10 სხვა პირთან ერთად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თითოეულ მათგანს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე: 

ვინ არის სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე – „როცა გამოვალ, ეგრევე თქვენთან გამოვიქცევი“

ზვიად ცეცხლაძე სინდისის 7 პატიმართან ერთად პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად ცეცხლაძე და სინდისის კიდევ 7 პატიმარი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეცვლის საკითხზე დასანქცირებულმა მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა დღეს, 2 მაისს მიიღო.

მოსამართლემ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების საფუძვლად „ახალი დანაშაულის“ ჩადენის შესაძლო რისკი დაასახელა.

„აქამდე სასამართლოებზე მე არაერთხელ გამიჟღერებია წინააღმდეგობის იდეა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს გავაჟღერე სამართლებრივ ჩარჩოში, რადგანაც ეს არის ღვთისგან ბოძებული უფლება, რომელსაც სახელმწიფო აღიარებს და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ანარქიას. ეს პირიქით გულისხმობს იმას, რომ სასამართლო ინსტიტუტს და ზოგადად მოსამართლის ინსტიტუტს ზოგადად პატივს უნდა სცემდე.

…მიმალვის შემთხვევაში მოცემულობა ის იყო, რომ პოლიციასთან, კრიმინალურ პოლიციასთან წინააღმდეგობა საერთოდ არ ყოფილა. სახლში მოსვლის დროს თავად გავუღე კარები. პოლიციელთან დაძაბული კომუნიკაციაც კი არ ყოფილა. არც ერთი პოლიციელი არ ამბობს წინაღმდეგობა გამიწიაო და მაშასადამე კანონმორჩილად ჩატარდა ჩემი მხრიდან ეს პროცესი.

თუ ფიზიკური სივრცის შეზღუდვაა თვითმიზანი მიმალვასთან დაკავშირებით, წინასწრი პატიმრობა იმდენად რადიკალური ფორმაა, რომ ჩარჩოებში არ ჯდება,“ – უთხრა ზვიად ცეცხლაძემ მოსამართლეს.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დღევანდელ სხდომაზე არაერთგზის შეაწყვეტინა სიტყვა სინდისის პატიმარს, პროევროპულ აქციებზე დაკავებულ ვეფხია კასრაძეს.

კასრაძე ცდილობდა მიემართა ბიძინა ივანიშვილისა და პროკურატურისთვის და აკრიტიკებდა გადაწყვეტილებას ბრალდებულების წინასწარ პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, არანაირი აუცილებლობა არ არის, რომ ბრალდებულები ციხეებში დარჩნენ და მათი ოჯახის წევრები ამის გამო გამწარებულები იყვნენ. კასრაძის თქმით, ყველა ბრალდებული სასამართლოში სახლიდანაც გამოცხადდება და ჩვენებას მისცემს.

ბრალდებულებს შორის ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალდობის ორგანიზებას ედავება. მათ ბრალის დადასტურების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებს: გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ე.წ. სასამართლოს კლანთანაა დაკავშირებული. მათივე ინფორმაციით, ის „კლანის” ერთ-ერთ ლიდერად მოაზრებული, არაერთი ქვეყნის მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძის პარტნიორის, ლელა ჭანიას ახლო მეგობარია [„სტუდია მონიტორის” გამოძიების მიხედვით, ჭანია და მურუსიძე არარეგისტრირებულ ქორწინებაში არიან].

თავად მჭედლიშვილი ლიეტუვის მიერაა სანქცირებული. მურუსიძე და კლანის სხვა წევრებად მოაზრებული მოსამართლეები უარყოფენ სასამართლოში არაფორმალური გავლენის არსებობას.

ამ თემაზე:

რას ვერ ადასტურებს პროკურატურა აქციების მონაწილეთა საქმეში

ოჯახები იგრძნობენ უვიზო მიმოსვლის შეჩერების სიმძიმეს და არა „ოცნების“ მდიდარი წევრები – ინტერვიუ

იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია და ამას პარტიულ ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლის დროს მისი ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა დგომაც ადასტურებს, პოლიტოლოგი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ყველაზე მეტად დასავლეთისგან სრული იზოლაცია აშინებს.

„ივანიშვილი ცდილობს დასავლეთს დაანახოს საქართველოს, როგორც დერეფნის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და მაგალითად, ევროკავშირმა თვალი დახუჭოს ქვეყანაში არსებულ ერთპიროვნულ მმართველობასა და დემოკრატიის უკუსვლაზე…. ივანიშვილი მეტწილად დამოკიდებულია რუსეთზე, ვიდრე ჩინეთზე, თუმცა ის რუსეთისგან გრძნობს საფრთხეს, მათ შორის, პირადი უსაფრთხოების კუთხით,“- მიიჩნევს გერმანიაში მცხოვრები პოლიტოლოგი, რომელიც ბუნდესტაგში საგარეო პოლიტიკის მრჩევლად მუშაობდა.

„ჩვენი ქართული საზოგადოების მისია, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, მდგომარეობს მმართველი რეჟიმის ამ გეგმის ჩაშლის აუცილებლობაში,“ – გვითხრა მიხეილ სარჯველაძემ

„ბათუმელებმა“ გერმანიაში მცხოვრებ ქართველ პოლიტოლოგთან, მიხეილ სარჯველაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო მიხეილ, მარტა კოსი, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, არ გამორიცხავს საქართველოს ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად საქართველოს მთავრობასთან კონტაქტების აღდგენას. ეს რა შანსიაოცნებისთვისდა საქართველოსთვის

აღნიშნული განცხადებით ბრიუსელი ჯერ კიდევ იტოვებს ხიდებს, შესაძლებლობას, რომ „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, უკან დაიხიოს და შეაჩეროს ავტორიტარიზმის დამყარების პრაქტიკა. სხვა შემთხვევაში განცხადების ტექსტი გაცილებით კატეგორიული იქნებოდა.

ევროპის სახალხო პარტიის მიერ მიღებული რეზოლუცია მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა სახის დათმობებზეა საუბარი, თუ „ქართულ ოცნებას“ არ სურს, რომ ევროკავშირმა საბოლოოდ მოახდინოს მისი იზოლაცია. პირველ რიგში, ეს ეხება ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საკუთარი მოსახლეობის მიმართ ავტორიტარული პრაქტიკების შეჩერებას.

რეზოლუცია რეალურად ევროკავშირში, კერძოდ კი, ევროპარლამენტის ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ჯგუფში არსებულ განწყობებს ასახავს, თუმცა ის ასევე მიუთითებს იმაზეც, რომ ევროკავშირი ვერ მოქმედებს, როგორც ერთიანი აქტორი საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის, უნგრეთის ფაქტორის გამო. რეალურად, ბრიუსელი დროს იგებს, რადგან მას სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ გააჩნია ერთიანი მიდგომა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოში არსებულ ავტორიტარულ რეჟიმთან მიმართებით. უფრო მკაფიო სტრატეგიაა და კომუნიკაციაა საჭირო, რომ „ქართულ ოცნებას“ არ შერჩება ქვეყნის ევროკავშირიდან დისტანცირება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან გასვლა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ.

  • აქვს ევროკავშირს იმის მოლოდინი, რომქართული ოცნებარამეს დათმობს, როცა ვსაუბრობთ რუსული კანონების მიღებასა და დიქტატურის დამყარებაზე

ერთიანი ზეწოლის პირობებში არსებობს მცირე შანსი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ რაღაც დათმობაზე წავიდეს.

ეს ზეწოლა უნდა მოდიოდეს არამხოლოდ გერმანიისგან ან ბალტიის ქვეყნებისგან, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისგან, რომელთა მმართველი ელიტებისთვის საქართველოში ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება წინააღმდეგობაში მოდის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან.

რამდენად რეალისტურია ფართომასშტაბიანი წნეხი ამ ეტაპზე, როცა ევროკავშირი, მაგალითად, უკრაინის და ზოგადად უსაფრთხოების პოლიტიკის სახით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, არ ვიცი. ვიცით ის, რომ ზეწოლა და სანქციები რეჟიმს ყველა ვარიანტში დისკომფორტს უქმნის. შესაბამისად, აუცილებელია, წნეხი გაგრძელდეს და გაძლიერდეს როგორც ქვეყნის გარედან, ისე ქვეყნის შიგნით. ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ავტორიტარული რეჟიმის კუთხეში მიმწყვდევა შესაძლებელი.

ევროკავშირს სჭირდება პრაგმატული, არსებულ რეალობას მორგებული სტრატეგია, მაშინ, როცა ერთობლივი სანქციების მიღებას თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ეწინააღმდეგება. ევროკავშირს გააჩნია სხვა ბერკეტებიც, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რომელსაც არ სჭირდება ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა, თუმცა აქ ბრიუსელი ცდილობს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო ზიანი არ მიაყენოს საქართველოს მოსახლეობას.

თუმცა თუ ევროპულმა ქვეყნებმა მაინც გადაწყვიტეს უვიზო მიმოსვლის შეჩერება, პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

მიხეილ სარჯველაძე

ევროკავშირი დგას დილემის წინაშე: შეეგუოს საქართველოში ავტორიტარიზმის დამყარებას და საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე გააგრძელოს ურთიერთობა მმართველ რეჟიმთან, თუ არჩიოს ღირებულებებზე დამყარებული, პრინციპული საგარეო პოლიტიკური მიდგომა.

მაგალითისთვის, ევროკავშირს სხვა უფრო ავტორიტარულ სახელმწიფოებთანაც აქვს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა, მათ შორის, ჩვენს რეგიონში.

პრინციპული საგარეო პოლიტიკური ხაზის გასატარებლად ევროკავშირს აუცილებლად სჭირდება დაეყრდნოს ქართული საზოგადოების აქტიურ მოთხოვნას ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

თუ ევროკავშირი დაინახავს, რომ მოსახლეობა არ უპირისპირდება ავტორიტარულ რეჟიმს და რეალურად არ არსებობს საზოგადოების დაკვეთა ევროინტეგრაციასთან მიმართებით, გაიზრდება „ქართულ ოცნებასთან“ ნელ-თბილი ურთიერთობების დამყარების შანსი გრძელვადიან პერსპექტივაში.

სწორედ ამიტომ ცდილობს „ქართული ოცნება“ ქვეყანაში საპროტესტო ტალღის აქტიურად ჩახშობას. ეს გულისხმობს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრობებს, ფინანსურ ჯარიმებს თუ ადამიანების დაშინების მცდელობას.

  • „ღვთიური მანანა ხომ არ არისო“ეს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ანტიკონსტიტუციური პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გვითხრა. „ოცნებაუვიზო მიმოსვლის მნიშვნელობის გაუფასურებას ცდილობს. რამდენად შეიძლება ამ მოცემულობაში ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა გაუუქმოს

ერთი მხრივ, უვიზო მიმოსვლის შეჩერება ევროკავშირისთვის არის საშუალება დაანახოს ქვეყნის მოსახლეობას, თუ რამხელა ზიანს აყენებს „ოცნების“ რეჟიმი საკუთარ ქვეყანას. მეორე მხრივ, საქართველოში ალბათ იშვიათია ოჯახი, რომლის წევრიც არ იმყოფება ემიგრაციაში, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში. ეს ადამიანები მიდიან პოლონეთში, ევროპის სხვა ქვეყნებში, ლეგალურად თუ არალეგალურად – სხვა საკითხია, მაგრამ მათზეა დამოკიდებული ოჯახები. პირველ რიგში, ეს ოჯახები იგრძნობენ უვიზო მიმოსვლის შეჩერების სიმძიმეს და არა მმართველი პარტიის მდიდარი ფუნქციონერები.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ამ თემაზე რიტორიკა მიმართოს ევროკავშირის საწინააღმდეგოდ და ბურთი ევროკავშირის მოედანზე იყოს. მათ აქვთ მოლოდინი, რომ უვიზო რეჟიმი შეჩერდება, რადგან ეს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია სანქციებთან ერთად.

ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების და რეჟიმის მსახურების მიმართ სანქციების რეჟიმი უნდა გააძლიერონ. ბევრი ქვეყანაა ევროკავშირში, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუმართავთ ამ ინსტრუმენტისთვის. მხოლოდ სანქციები საბოლოო შედეგის მისაღწევად, ავტორიტარული მმართველობის შესაჩერებლად არასაკმარისია, თუმცა მნიშვნელოვანი.

  • თუმცა ბლუმბერგის მილიარდერების სიაში ბიძინა ივანიშვილი აღარ არის. თუ მან უკვე გადამალა ქონება, იმოქმედებს სანქცია

სანქცია არის დისკომფორტი ნებისმიერი ოლიგარქისთვის, რომელსაც გააჩნია დიდი ფინანსური რესურსი. ამ დროს დასანქცირებული პირი საკუთარი ქონების შესანარჩუნებლად ყოველთვის ცდილობს, ან ალტერნატიული გზები მოძებნოს, ან დათმობაზე წავიდეს.

ვერ გეტყვით, რამდენად ეფექტური იქნება ფინანსური სანქციები, რადგან ივანიშვილს მოსამზადებლად დრო ჰქონდა. სხვაგვარად ის არ დაიწყებდა ქვეყნისთვის, ასე ვთქვათ, ახალი ალიანსების [ერთგვარი პატრონაჟის] აქტიური ძიების პროცესს. როგორც ვხედავთ, ივანიშვილის რეჟიმი არ არის მხოლოდ რუსეთზე ფოკუსირებული, ის მიმართულია ჩინეთისკენაც და ცდილობს, ორი პატრონაჟის მეშვეობით ლავირების საშუალება დაიტოვოს.

ივანიშვილი მეტწილად დამოკიდებულია რუსეთზე, ვიდრე ჩინეთზე, თუმცა ის რუსეთისგან გრძნობს საფრთხეს, მათ შორის, პირადი უსაფრთხოების კუთხით. ვფიქრობ, რომ რუსეთის დაბალანსება ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების მეშვეობით ნაკლებად პროდუქტიულია, რადგან რუსეთის გავლენა საქართველოში უკვე ძალიან ძლიერია და უპირველეს ყოვლისა, ეს თავად ივანიშვილის დამსახურებაა.

  • ამ დრომდე ჩინელებს არ უფორმებენ კონტრაქტს ანაკლიის პორტზე. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი აშშ უწევს ანგარიშს. თქვენი აზრით, რამდენად აქვს ივანიშვილს აშშ ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დამყარების რესურსი

ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი ძალიან დაბალია. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ და რუსეთი ურთიერთობების დათბობას გადაწყვეტენ, გაიზრდება „ქართულ ოცნებასა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობების დალაგების შესაძლებლობა. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციისთვის ჩინეთის ზეგავლენა საქართველოზე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

რეალურად ჩვენ მსოფლიოს მულტიპოლარული საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ვართ, რომელიც რამდენიმე ცენტრს და ამ ცენტრების მიერ გადანაწილებულ ზეგავლენის სფეროებს გულისხმობს. დაპირისპირება უპირველეს ყოვლისა, ორ ცენტრს, აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო კავშირები ტრამპის ადმინისტრაციისთვის გაცილებით დიდი მნიშვნელობისაა, ვიდრე საქართველოს ურთიერთობები რუსეთთან.

  • მაშინ რა გათვლა აქვს, თქვენი აზრით, ივანიშვილს: როგორ უნდა დააღწიოს თავი ამ რთულ პერიოდს

რადგან უსაფრთხოება ივანიშვილისთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობს და ჩვენ გვახსოვს მისი სიტყვით გამოსვლები პარტიულ ღონისძიებებზე ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა, ვფიქრობ, რომ მას არ სურს საბოლოოდ მოექცეს სრულ იზოლაციაში დასავლეთის მხრიდან. მას სჭირდება ალტერნატივები საფრთხის შექმნის შემთხვევაში. შესაბამისად ის ცდილობს დასავლეთს დაანახოს საქართველოს, როგორც დერეფნის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და მაგალითად, ევროკავშირმა თვალი დახუჭოს ქვეყანაში არსებულ ერთპიროვნულ მმართველობასა და დემოკრატიის უკუსვლაზე.

ივანიშვილს, ისევე როგორც რუსეთს, არ აინტერესებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, პირიქით, რადგან არც რეჟიმი და არც კრემლი არ არის მზად, დათმოს და გააზიაროს მოპოვებული ძალაუფლება თუ ზეგავლენა.

შესაბამისად, ივანიშვილის მიზანია, რომ ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური ფაქტორების გამო ევროკავშირმა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით პრინციპული საგარეო პოლიტიკური ხაზის გატარებაზე უარი თქვას და მეტ-ნაკლებად ურთიერთობების ნორმალიზება გადაწყვიტოს. ჩვენი, ქართული საზოგადოების მისია, ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ, მდგომარეობს მმართველი რეჟიმის ამ გეგმის ჩაშლის აუცილებლობაში.

ევროკავშირისთვის რუსეთთან არსებული კრიზისის ფონზე მნიშვნელოვანია ალტერნატიული სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფნების საკითხი, თუმცა „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად მოუწევს აშშ-ის და ჩინეთს შორის დაპირისპირებაში, საბოლოოდ რომელიმე აქტორის მხარე დაიჭიროს.

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს აშშ-ს ადმინისტრაცია „ოცნებაზე“ ზეწოლის მოხდენას, რომ ჩინეთმა ვერ ჩაიგდოს ხელში ანაკლიის პორტი, რომელიც პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ვისაც ნავსადგომზე ექნება კონტროლი, იმ ძალას განსაკუთრებული გავლენა ექნება სამხრეთ კავკასიურ დერეფანზე.

ცხადია, რუსეთისთვის, ევროკავშირისგან თუ აშშ-ისგან განსხვავებით, ჩინეთი უფრო მისაღები პარტნიორია. კრემლს ამავდროულად გააჩნია დესტაბილიზაციისთვის საჭირო ინსტრუმენტები ანაკლიის ნავმისადგომის შეუზღუდავად ფუნქციონირებასთან მიმართებით შავ ზღვაში და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის მეშვეობით.

ამ დროს კი საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობა აგრძელებს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას, რომელმაც სრული კრახი განიცადა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კრემლმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესი გააძლიერა. პირველ მაისს რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი, რეგულარული ფრენები დაიწყო და აქტიურად მუშაობს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე. რეალურად სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკიდან ქართული საზოგადოებისთვის მხოლოდ მოთმინება დარჩა, რაც „ქართული ოცნების“ ენაზე საკუთარი მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრას ნიშნავს, რადგან მმართველმა რეჟიმმა ქვეყნის კონსტიტუციაში გაწერილ უმთავრეს სტრატეგიულ მიზნებზე, უკვე თქვა უარი.

  • რა არის ამ დროს წინააღმდეგობის გამოწვევა? უკვე 155- დღეა საქართველოში საპროტესტო აქცია გრძელდება.

„ქართული ოცნება“ არამხოლოდ აქტიურ ოპონენტებს უსწორდება, არამედ ნებისმიერ ადამიანს, ვინც თვლის, რომ პარტიამ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების რელსებიდან გადაიყვანა და საპირისპირო მიმართულებით მიდის.

რეალურად პარტია უპირისპირდება ქვეყნის ყველა დემოკრატ მოქალაქეს, რომელიც არ არის მზად ვიწრო ინტერესების გამო საქვეყნო ინტერესებზე უარი თქვას. მაგალითისთვის, ვხედავთ, რომ თავდაცვის თუ საგარეო საქმეთა სამინისტროებში დაიწყეს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის პროცესი, რადგან რეჟიმს მხოლოდ ლოიალურად განწყობილი სახელმწიფო მოხელეები და დიპლომატები ესაჭიროება, პარტიული და არა საქვეყნო ინტერესების გასატარებლად.

მთავარ გამოწვევას რეჟიმის მჩაგვრელი ინსტრუმენტების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომ არ გაქრეს საპროტესტო მუხტი. ეს არის, როგორც სამართლებრივი, ისე ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობით „ქართული ოცნება“ პროტესტის მაქსიმალურად დასუსტებას ცდილობს. როგორც ვხედავთ, თავდაპირველად „ოცნება“ პროტესტს დაუპირისპირდა ძალადობით, თუმცა ძლიერი უკუშედეგის მიღების შემდეგ, აღნიშნული სტრატეგია შეცვალეს.

ამასთანავე, სახელისუფლებო მედია აქტიურად ცდილობს საპროტესტო აქციის მონაწილეების მარგინალიზებას, მათზე იზრდება ფინანსური თუ სამართლებრივიზეწოლა და მათი შეშინების მცდელობა. ეს არის უმთავრესი გამოწვევა: რამდენად შეძლებს საზოგადოება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გააგრძელოს ქუჩაში გასვლა და პროტესტის გამოხატვა.

ვფიქრობ, რომ უაღრესად სუსტია კავშირი ოპოზიციას და საზოგადოებას შორის მაშინ, როცა ოპოზიცია უნდა წარმოადგენდეს ფართო საზოგადოებრივ ჯგუფებს და განუწყვეტილივ ჰქონდეს კომუნიკაცია საკუთარ თუ ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ ამომრჩეველთან.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცური სპექტრის პრიორიტეტს გარე პარტნიორებთან ურთიერთობა წარმოადგენს და არა საკუთარ მოსახლეობასთან. ფაქტია, რომ ოპოზიცია ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტშიც კი ვერ ახერხებს გაერთიანებას და საკუთარი თავის „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივად წარმოჩენას.

ოპოზიცია მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს ადამიანებთან კომუნიკაციას, არამხოლოდ თბილისში, არამედ ასევე რეგიონებში. ოპოზიციის მიერ დაწყებული წინააღმდეგობრივი პროცესები საზოგადოებისთვის მხოლოდ მაშინ გახდება საინტერესო, თუ ის ასახავს საზოგადოების და არა პოლიტიკური პარტიების ინტერესებს. როგორც ამომრჩეველს, რომელიც არ ეგუება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას და ქვეყანაში ავტორიტარიზმის გამყარებას, გვაქვს უფლება ვიცოდეთ, თუ რა კონკრეტული პროგრამული ხედვები და გეგმები აქვს ოპოზიციურ სპექტრს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, მათ შორის იმ პერიოდისთვის, როცა „ქართული ოცნების“ რეჟიმი აღარ იქნება ქვეყნის სათავეში.

რუსეთს 1 კილომეტრის ოკუპაცია მინიმუმ 27 ჯარისკაცის სიცოცხლედ დაუჯდა – „ბიბისი“

„2024 წელს რუსულმა ძალებმა უკრაინაში მიმდინარე მთელი ომის განმავლობაში ყველაზე დიდი დანაკარგები განიცადა, დაიღუპა სულ მცირე 45 287 ადამიანი. ეს თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე უკრაინაში შეჭრის პირველი წლის დანაკარგები და მნიშვნელოვნად აღემატება 2023 წლის დანაკარგებს, როდესაც ბახმუტისთვის ბრძოლა გაიმართა.

გასულ წელს ოკუპირებული ტერიტორიის ყოველი კილომეტრი რუსეთს სულ მცირე 27 ჯარისკაცის სიცოცხლედ დაუჯდა“ – წერს „ბიბისის“ რუსული რედაქცია.

„ბიბისი“ გამოცემა „მედიაზონასთან“ და მოხალისეებთან ერთად ამუშავებს უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ნეკროლოგებს და პერიოდულად აქვეყნებს მონაცემებს. სწორედ ამ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა გამოცემა.

„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის და დანაკარგების მაჩვენებელი ზრდადია, რადგან სტატისტიკაში შეტანილია მხოლოდ იმ ჯარისკაცებისა და ოფიცრების მონაცემები, რომელთა ნეკროლოგები ოფიციალურად გამოქვეყნდა.

ასევე, ბოლო თვეებში ომში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დიდი რაოდენობა, შესაძლოა, კვლავ ბრძოლის ველზე იყოს.

„ბიბისი“ წერს, რომ 2024 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე რუსულმ მხარეს ყველაზე დიდი დანაკარგები ჰქონდა ომში.

ომის კვლევის ინსტიტუტის, ISW-ის შეფასებით, რუსეთმა 2024 წელს 4 168 კვადრატული კილომეტრი მიწა მიიტაცა, შესაბამისად, ირკვევა, რომ ყოველი კილომეტრის ოკუპაცია რუსეთს 27 ჯარისკაცის სიცოცხლედ დაუჯდა.

_________

ფოტო: უკრაინის გენერალური შტაბი

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 მაისის 21 საათიდან 3 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა:2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 4 და 5 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 954 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110]
  • ტანკი – 10 741 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 22 369 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 27 186 ერთეული [+50]
  • MLRS – 1 375 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 152 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 34 539 ერთეული [+138]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 196 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 46 882 ერთეული [+132]
  • სპეცტექნიკა – 3 869 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 54 891 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 117 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 554 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 24 369 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 874 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

რუსეთს 1 კილომეტრის ოკუპაცია მინიმუმ 27 ჯარისკაცის სიცოცხლედ დაუჯდა – „ბიბისი“

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მზია ამაღლობელის სილა იყო სასოწარკვეთა, როცა ვერ ერევი უსამართლობას – შალვა შავგულიძე

„არ შეიძლება სილის ერთჯერადი გაწვნა ქალის მიერ მამაკაცზე აღწევდეს იმ ინტენსივობას და იწვევდეს დაზიანების იმ სიმძიმეს, რომელიც თავდასხმად შეფასდებოდა. სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გაცილებით უფრო მძიმე დაზიანებების მიყენება არ შეფასებულა თავდასხმად,“ – იურისტი, სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, შალვა შავგულიძე განმარტავს, რომ სამართლებრივი ლოგიკით და სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა ხდებოდა 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე, ვიდრე პოლიციელს სილას გააწნავდნენ:

„პოლიციელებმა დააკავეს აქციის მონაწილეები, შემდეგ უკვე ქალბატონი მზიაც დააკავეს, შეცვალეს ბრალდება, დააბრალეს ისეთი რამ, რა მოქმედებაც არ ჩაუდენია, რომ თითქოს პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდა, შემდეგ დაკავებები ისევ გაგრძელდა და მზია ამაღლობელი უსვამს პოლიციის უფროსს შეკითხვას: რატომ აკავებთ? იგი ისმენს ისევ ცრუ ბრალდებას, პოლიციელებს აგინებდაო, როცა ქალბატონი მზია იქვეა და ხედავს, რომ არავის პოლიციელებისთვის არ უგინებია.

სწორედ პოლიციელების მხრიდან ასეთმა უსამართლობამ და ძალადობამ გამოიწვია ეს სასოწარკვეთა და აღშფოთება, რაც გამოიხატა სილის გაწვნაში. ეს იყო აღშფოთება იმის გამო, რომ ასეთ უსამართლობას სჩადიან ადამიანები, რომლებიც პირიქით, სამართალს უნდა იცავდნენ,“ – ამბობს შალვა შავგულიძე.

რა არგუმენტით მიაჩნია გამოცდილ ადვოკატს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრად? – „ბათუმელებმა“ შალვა შავგულიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო შალვა, ეთანხმებით შეფასებას, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია? თუ ასეა, რა არის თქვენი არგუმენტი? 

რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმარი, უკანონოდ ბრალდებული.

ვიდრე გადავალ ამის დასაბუთებაზე, მინდა ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო ქალბატონ მზია ამაღლობელის მიმართ, მისი სწორი, პროფესიული და მოქალაქეობრივი პოზიციის გამო, იმის გამო, თუ როგორ პრინციპულად და ღირსეულად გამოხატავს, იცავს ამ პოზიციას. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მზია ამაღლობელს.

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მზია ამაღლობელის ინტერესებს, როგორც ადგილობრივ სამართალწარმოებაში, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იცავენ შესანიშნავი იურისტები. ალბათ მათზე უკეთესად ვერაფერს ვიტყვი ამ საქმის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით, თუმცა რადგან მეკითხებით, შევეცდები მოკლედ ავხსნა, რაოდენ უსაფუძვლო და შესაბამისად, უკანონოა მზია ამაღლობელისადმი წარდგენილი როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართალწარმოების ბრალდებები.

თავდაპირველად ვთქვათ ფაქტი: საპროტესტო აქცია იმართებოდა, რომელშიც ქალბატონი მზია არ მონაწილეობდა, ის თავის ოფისში იმყოფებოდა. ამ დროს აქციაზე დააკავეს აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული შენობების იერ-სახის დამახინჯებას.

თუმცა სამართალდარღვევის ოქმებში სხვა რამ ჩაუწერეს დაკავებულებს, მათ შორის, მზია ამაღლობელს – პოლიციელებს შეურაცხყოფას გვაყენებდნენო.

დიახ, ვიცი, თუმცა რაც მოვისმინეთ უშუალოდ პოლიციელებისგან, იყო ის, რომ მათ დააკავეს აქციის მონაწილეები სტიკერის გაკვრისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად.

მოგვიანებით პოლიცია მიხვდა, რომ ასკ-ის 150-ე მუხლით დაკავება არ შეიძლება, რადგან ეს მუხლი დაკავებას არ ითვალისწინებს და შეცვალეს – სიყალბე ჩაიდინეს და ჩაწერეს, რომ ასკ-ის 173-ე მუხლით დააკავეს თითქოს ადამიანები. თითქოს ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს და მათ შორის იყო ქალბატონი მზიაც. მათ ჩაუწერეს ერთი და იგივე ფრაზები, რომ თითქოს ეძახდა: „მონებო“, „ძაღლებო“ და ასე შემდეგ, რაც ბუნებაში არ ყოფილა.

ეს, რაც აღვწერე, უკვე ძალიან დიდ აღშფოთებას იწვევს ყველა ნორმალურ ადამიანში, მათ შორის, ქალბატონ მზიაში…

ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ქალბატონ მზიას უშვებენ რაღაც ხელწერილის საფუძველზე, თუმცა მალევე პოლიციელები აქციის კიდევ რამდენიმე პირს აკავებენ, ქალბატონი მზიაც იქ არის, როდესაც გაბაიძეს აკავებენ სრულიად უმიზეზოდ. იქ არის გამოსული ბათუმის პოლიციის უფროსი – ირაკლი დგებუაძე. მზია ამაღლობელი სვამს კითხვას: რატომ დააკავეს ეს ახალგაზრდა და ისმენს დგებუაძისგან პასუხს, მთვრალი მოვიდა და პოლიციელებს აგინაო. ანუ მზია ამაღლობელი ისმენს ისევ რაღაცის დაბრალებას ადამიანზე, როდესაც ამ ადამიანს პოლიციელებისთვის არ უგინებია და ამას ქალბატონი მზია თავად ხედავდა.

ეს სიტუაცია, როცა აბსოლუტური ძალადობა ხდება პოლიციის მხრიდან, თან დაბრალება, რომელიც არ ჩაგიდენია და გაკავებენ – ეს იწვევს აღშფოთებას და ქალბატონი მზია სილას აწვნის დგებუაძეს.

ისევე, როგორც ადმინისტრაციული სამართალწარმოების 173-ე მუხლი არ დაურღვევია ქალბატონ მზიას, მაგრამ ამ მუხლით ის დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ასევე მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას რაც შეეხება, საერთოდ ფაქტი არ ყოფილა ბუნებაში, არავითარი პოლიციელების შეურაცხყოფა არ ყოფილა. დაკავების დროს პოლიციელებს არც კი უფიქრიათ ამ მუხლზე, უბრალოდ სხვა მუხლით, თითქოს იერ-სახის დაზიანებით დააკავეს და შემდეგ მიხვდნენ, რომ არ შეიძლება დაკავება, მოიგონეს ეს მუხლი და მოიგონეს შეურაცხყოფის ფაქტიც.

  • გამოდის, რომ პოლიციელებმა კანონიც კი არ იციან? 

კიდევ უფრო დიდი უბედურება ისაა, როცა მიხვდნენ, რომ უკანონოდ დააკავეს, შემდეგ ჩაიდინეს სიყალბე, შეუცვალეს ბრალდება და დააბრალეს ისეთი ქმედება, რომელიც ბუნებაში არ მომხდარა.

ფაქტია, რომ იქ გააკრეს ეს სტიკერები, რაც შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი, ამან იერ-სახე დაამახინჯა თუ არა, მაგრამ პოლიციელების შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ეს მოიგონეს პოლიციელებმა.

  • მოქალაქეს გაბრაზებს ისიც, რაც რეალურად მოხდა: სტიკერის შენობის ღობეზე გაკვრის გამო გაკავებენ, ანუ კონსტიტუციით და ევროკონვენციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის პოლიცია შენს უფლებას კი არ იცავს, პირიქით, ძალადობს შენზე და უკანონოდ გაკავებს…

რა თქმა უნდა. თანაც ისეთი სტიკერის გაკვრა, რომელიც ხელის ერთი მოძრაობით ააძვრეს იქვე. ეს არანაირი ლოგიკით არ იყო ადმინისტრაციული შენობის იერ-სახის დამახინჯება.

ფაქტი, რის გამოც თითქოს ჩაიდინა მზია ამაღლობელმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ანუ პოლიციელის შეურაცხყოფა და წინააღმდეგობის გაწევა, არ ყოფილა ბუნებაში. ეს არის მთავარი უკანონობა და უსამართლობა. არათუ შეფასებაში შესცოდეს, არამედ მოიგონეს ფაქტი.

ახლა რაც შეეხება სისხლის სამართალწარმოებას: სწორია აქ შეფასება სილის გაწვნაზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით? – ეს არ არის სწორი შემდეგ გარემოებათა გამო:

ჯერ ერთი, არსებობს ამ ნორმის კომენტარები, რომელიც განმარტავს ამ ნორმას. არსებობს ასევე ვრცელი სასამართლო პრაქტიკა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელზეც აპელირებას ახდენს დაცვის მხარე. მე ვუსმენდი ქალბატონ მაია მწარიაშვილის გამოსვლას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე იმაშია, რომ პოლიციელზე თავდასხმის შემადგენლობისთვის აუცილებელია ამ თავდასხმის სიმძიმე და ინტენსივობა იყოს მაღალი.

არ შეიძლება სილის ერთჯერადი გაწვნა ქალის მიერ მამაკაცზე აღწევდეს იმ ინტენსივობას და იწვევდეს დაზიანების სიმძიმეს, რომელიც თავდასხმად შეფასდებოდა. სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გაცილებით უფრო მძიმე დაზიანებების მიყენება არ შეფასებულა თავდასხმად.

მეორეა სუბიექტური მხარე: ანუ თავდამსხმელის განზრახვა უნდა იყოს მიმართული სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფისკენ, ანუ ვისაც თავს ესხმიან, მისი სიცოცხლე, ან ჯანმრთელობა ხელყოფა უნდა მოხდეს. როგორ შეიძლება სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფის განზრახვით ქალმა სილა გააწნას მამაკაცს და ამით მან ჩათვალოს, რომ ის ხელყოფს, ან აზიანებს მის სიცოცხლეს, ან ჯანმრთელობას?

შესაბამისად, სუბიექტური მხარეც, ანუ მოქმედი პირის განზრახვა სახეზე არ არის, რომელიც აუცილებელია ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის.

  • მნიშვნელოვანია თუ არა რა გარემოში მოხდა ეს ამბავი? ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნეს პოლიციელების გარემოცვაში, პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან. 

ეს გარემოებაც მნიშვნელოვანია.

ეს უნდა შეფასდეს მთელი ამ პროცესის ნაწილად. როცა პოლიციელებმა დააკავეს აქციის მონაწილეები, შემდეგ უკვე ქალბატონი მზიაც დააკავეს, შეცვალეს ბრალდება, დააბრალეს ისეთი რამ, რა მოქმედებებიც მათ არ ჩაუდენიათ, რომ თითქოს პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდნენ, შემდეგ დაკავებები ისევ გაგრძელდა და მზია ამაღლობელი უსვამს პოლიციის უფროსს შეკითხვას: რატომ აკავებთ? იგი ისმენს ისევ ცრუ ბრალდებას, პოლიციელებს აგინებდაო, როცა ქალბატონი მზია იქვეა და ხედავს, რომ არავის პოლიციელებისთვის არ უგინებია,

სწორედ პოლიციელების მხრიდან ასეთმა უსამართლობამ და ძალადობამ გამოიწვია ეს სასოწარკვეთა და აღშფოთება, რაც გამოიხატა სილის გაწვნაში. ეს იყო აღშფოთება იმის გამო, რომ ასეთ უსამართლობას სჩადიან ადამიანები, რომლებიც პირიქით, სამართალს უნდა იცავდნენ და სამართალდამცველები ეწოდებათ.

ეს იყო სასოწარკვეთა: ვერ ერევი ამ უსამართლობას და პოლიციელების მხრიდან ძალადობას. 

სილის გაწვნა შეიძლება შეფასდეს ერთადერთი ასკ-ის 173-ე მუხლით. ეს მუხლი ითვალისწინებს „სხვა შეურაცხმყოფელ ქმედებას“. მე ამას შეურაცხყოფასაც ვერ დავარქმევდი, რასაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესი ითვალისწინებს.

ეს სილის გაწვნა იყო თვითონ პოლიციის უსამართლო და უკანონო მოქმედებებით პროვოცირებული რეაქცია, მაგრამ რომც ჩავთვალოთ, რომ მაინც უნდა მოეთმინა კიდევ მოქალაქეს, მერე რა, რომ პოლიციელი აშავებდა, ყველაზე დიდი მსჯელობა აქ შეიძლება იყოს ზუსტად ადმინისტრაციულ სამართალწარმოების 173-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს სხვა შეურაცხმყოფელ ქმედებას პოლიციელის მიმართ, რომელიც სისხლის სამართალწარმოებით გათვალისწინებული დანაშაულის ინტენსივობას ვერ აღწევს, ანუ ვერ არის ეს იმ ინტენსივობის, რომ ქმედება ცემად ჩაითვალოს, ან მით უმეტეს – პოლიციელზე თავდასხმად.

აბსოლუტურად უსაფუძვლოა და შესაბამისად უკანონოა როგორც ადმინისტრაციული წესით მზია ამაღლობელის მჯავრდება, ასევე ბრალდება სისხლის სამართლის წესით, რომელიც მას აქვს წარდგენილი და ახლა სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.

  • მტკიცებულებების დიდი ნაწილი სასამართლომ ამორიცხა მზია ამაღლობელის საქმიდან. ეს რას აჩვენებს? 

უკანონობა რომ გაამართლო, პროცესუალურადაც უნდა ჩაიდინო უკანონობა. როცა წარმოგიდგენენ მტკიცებულებას, რომელიც სწორ ფაქტს ასახავს, ის არ უნდა მიიღოს მოსამართლემ და უნდა დაკმაყოფილდეს ამოჭრილი, ფრაგმენტული მტკიცებულებებით და დაიჯერო პოლიციის ინტერპრეტაცია.

კვალიფიციურად გასაჩივრდა მზია ამაღლობელის საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. გასაჩივრებულია პატიმრობის უკანონობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის ხელყოფა, გამოხატვის თავისუფლება და ეფექტური სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის წესის დარღვევა, ასევე მე-18 მუხლი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ უფლებათა შეზღუდვა არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზნით.

ღმერთმა ქნას, რომ ევროსასამართლომ მოასწროს ამ საჩივრის განხილვა – არ გამოვრიცხავ იმას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აშკარად მიდის იქითკენ, რომ ალბათ რუსეთის მსგავსად, რაღაც დროში „ქართული ოცნებაც“ უარს იტყვის ევროპულ სასამართლოზე და ამ მექანიზმის წართმევასაც შეეცილება მოქალაქეებს.

  • მზია ამაღლობელი იდევნება იმის გამო, რომ ის მედიამენეჯერია? „ოცნების“ პრემიერმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია მზია ამაღლობელის შესახებ საუბრის დროს… 

ირაკლი კობახიძის განცხადება მზია ამაღლობელის შესახებ ცალკე მსჯელობის საგანია. ირაკლი კობახიძე სხვა თუ არაფერი იურისტი გახლავთ და მისი ეს გამონათქვამები პირდაპირ არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.

ზუსტად ასეთივე გამონათქვამები მოვისმინეთ წინა ხელისუფლების დროს სულხან მოლაშვილის მისამართით, როცა მაშინდელი პრეზიდენტი, სხვა თანამდებობის პირები ამბობდნენ – დააბრუნოს მოლაშვილმა თანხები, რაც მან ადამიანებს მოჰპარაო და ასე შემდეგ. თანამდებობის პირები სულხან მოლაშვილს დამნაშავედ აცხადებდნენ სასამართლოს განაჩენამდე. მაშინ ჩვენ გაზეთები და ტელეგამოსვლების ჩანაწერები შევაგროვეთ, სადაც ეს ციტატები იყო გაჟღერებული და წარვუდგინეთ ევროსასამართლოს. ევროპულმა სასამართლომ ეს შემთხვევა შეაფასა, როგორც უდანაშაულობის პრეზუმფციის და შესაბამისად, კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა.

  • ამ საქმეზე პოლიციელები, მათ შორის, პოლიციის ხელმძღვანელი პირები, არაერთხელ გამოიჭირეს სიცრუეში ადვოკატებმა. მაგალითად, ირაკლი დგებუაძის ერთი მოადგილე ამბობს, მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავესო, მეორე მოადგილემ კი მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დავაკავეთო… ეს რას აჩვენებს თქვენთვის?

რა შეიძლება ითქვას, როცა ადამიანი ცრუ ჩვენებას იძლევა? მით უმეტეს, ამას როცა სჩადის პოლიციელი. ეს მიუთითებს, რა მდგომარეობაშია ჩვენი სახელმწიფო, როცა პოლიციელებს ჩააყენებ ამ მდგომარეობაში, ჩამწკრივებული დგანან საცოდავად სასამართლოს კორიდორებში, ისმენენ შეძახილებს, რომ ცრუ მოწმეები არიან, მერე შედიან და ცრუ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს. ეს სჭირდება ტოტალიტარულ მართვას, რომ უნდა იყოს მხოლოდ ერთი კაცის სურვილი და მას უნდა მოემსახუროს მოწმეც და მოსამართლეც.

რაც შეეხება პირადად ირაკლი დგებუაძეს, ამ ახალგაზრდა კაცს, რომლის სილის გაწვნაზეც მიმდინარეობს ეს პროცესი. პოლიციის უფროსი გამოდის და ამბობს, რომ გამიწითლდა ლოყა, მეტკინაო, არ არის ეს ლამაზი.

არავისთვის რჩევის მიცემას არ ვაპირებ და ჭკუის დარიგებას, მაგრამ ერთხელ როცა ვუყურებდი ტელევიზიით ამ პროცესს, დავინახე, როგორ უწევდა უკანა შესასვლელით სასამართლოში შესვლა, რომ როგორმე არ მოესმინა სამართლიანი საყვედურები. მაშინ გავიფიქრე: რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელიც აღმოჩნდება მსგავს სიტუაციაში? რა უნდა გააკეთოს და ცრუ ჩვენებით და ბრალდებით კი არ უნდა დაამძიმოს თავისი არასწორი, წინარე მოქმედებები, იმაზე უნდა დაფიქრდეს, რატომ ჩაიდინა ისეთი რამ, რომ ქალბატონისგან საჯაროდ სილის გაწვნა დაიმსახურა? აი, ამაზე უნდა დაფიქრდეს ირაკლი დგებუაძე.

  • თქვენი აზრით, რის მიღწევას და ჩვენებას ცდილობს „ოცნების“ რეჟიმი მზია ამაღლობელის საქმით? 

ყველა ეს საქმე და ბრალდება, რა ყალბი ბრალდებებითაც დაკავებულნი არიან სინდისის პატიმრები, ყველა ეს ძალადობა, რომელსაც სჩადის პოლიცია აქციების დარბევის დროს, უკანონო ბრალდებები და ჩხრეკები, ეს ყველაფერი ემსახურება საზოგადოების, მოქალაქეების დაშინების მიზანს.

როდესაც ხელისუფლება პოზიტიურად არ მართავს სახელმწიფოს, მისი ინტერესები აცდენილია ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესებს. ივანიშვილის ინტერესია სწორედ რუსეთის სამსახური, რუსეთის წინაშეა ის ანგარიშვალდებული, ხოლო საქართველოს მოსახლეობის ინტერესია დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრირება. აბსოლუტურად აცდენილია ეს ორი ინტერესი ერთმანეთს.

ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც ჩამოაყალიბა ივანიშვილმა, ჩვენდა სამწუხაროდ, უკვე დარჩენილი აქვს ერთადერთი ენა, რომლითაც შეუძლია ესაუბროს საკუთარ მოქალაქეებს – ესაა ძალადობა და დაშინება. ამან შეიძლება რაღაც დროში იმოქმედოს, მოითმინოს ხალხმა, მაგრამ საბოლოოდ სტალინის ძალადობრივი რეჟიმი, ნახევარი საბჭოთა კავშირი რომ დახვრიტეს, ისეთი ხარისხის ძალადობაზე დამყარებული სახელმწიფოც კი, ჩამოიშალა ერთ მშვენიერ დღეს. ამათი ძალადობა უბრალოდ დარჩება მათ ბიოგრაფიაში ძალიან შავ ლაქად. მათ მოუწევთ პასუხისგება ამ ძალადობისა და უკანონობისთვის.

რა გამოდის: თუნდაც ბოლო 30 წლის მანძილზე, ადრინდელზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამდენი ადამიანური მსხვერპლი, ერთი ომი აფხაზეთში, მეორე ომი ცხინვალის რეგიონში, დროებით, მაგრამ წართმეული ტერიტორიები, დევნილობა, ეს ყველაფერი, ეს ფასი რატომ გადაიხადა ჩვენმა ხალხმა და ჩვენმა საზოგადოებამ? გადაიხადა იმიტომ, რომ რუსეთის უპერსპექტივო გეოპოლიტიკურ სივრცეს მოვწყვეტოდით და დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი გავმხდარიყავით.

ფაქტობრივად, ივანიშვილი და მის ირგვლივ შემოკრებილი ადამიანები ამხელა ფასგადახდილ ხალხს ეუბნებიან: ახლა ეს ყველაფერი გადაყარეთ წყალში და ჩვენი ინტერესების სამსახურში დაბრუნდით უკან, რუსეთში, გალახულები, დამცირებულები, ტერიტორიებწართმეულები და ჩვენ ვიქნებით ამით ბედნიერი.

ამაზე მეტი თავხედობა რა შეიძლება იყოს? როგორ შეიძლება ასეთი მიდგომა გქონდეს საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ და შენ შეძლო ამის შენარჩუნება ძალადობით? ეს წარმოუდგენელია. ამ შეურაცხყოფას ქართული საზოგადოება, რა თქმა უნდა, არ აიტანს. ის მსხვერპლი, რომელიც გაღებულია თუნდაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, იმის გამო, რომ საქართველო გამხდარიყო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი…

ეს ბრძოლა უკვალოდ ვერ ჩაივლის, რაც არ უნდა მოინდომოს ბიძინა ივანიშვილმა.

უცხოური ინვესტიციები შემცირდა, კომპანიების ნაწილი კი ვალდებულებებს ვერ ასრულებს

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მათ შორის საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ბოლოს საქართველოში უცხოური ინვესტიციები შემცირდა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ კლების ტენდენცია პოლიტიკური კრიზისის გამწვავების ფონზე არ შეიცვლება და ახალ, მსხვილ ინვესტორებს უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდეთ.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 მილიარდ 333 მილიონ დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლები დაფიქსირდა.

„2024 წელს ბოლოს იყო კლება, რეალურად გასულ წელს უკვე მნიშვნელოვანი ახალი ინვესტიციები აღარ შემოსულა, 30 პროცენტი კლება გვქონდა და რაც შემოვიდა, ძირითადად, ეს იყო უკვე არსებული კომპანიების რეინვესტირება, წლების წინ საქართველოში შემოსული უცხოური კომპანიების მიერ თავის ბიზნესში ფულის ჩადება. ან ეს ინვესტიციები ფორმალურად არის უცხოური და სინამდვილეში ქართული ინვესტიციებია.

ტოპ ათი კომპანია, რაც გამოქვეყნდა მედიაში, ვინც შემოიტანა საქართველოში ინვესტიცია, მათ შორის შვიდი რეალურად იყო ქართველების. როცა ქართული მსხვილი ბიზნესი რეგისტრირებულია საზღვარგარეთ და საზღვარგარეთიდან შემოდის ფული, საქართველოში ეს იწერება როგორც უცხოური ინვესტიცია, თორემ საქართველოში, როგორც ასეთი, უცხოური ფული ძალიან ცოტა შემოდის.

2024 წლის პოლიტიკური კრიზისი დაიწყო აპრილიდან, პირველი რუსული კანონი როცა დააინიციირეს და დიდი აქციები დაიწყო. ასევე, დაიწყო საუბარი სანქციებზე, სავარაუდოდ ეს აისახა ინვესტიციებზე.

წლის ბოლოს უფრო დაიძაბა სიტუაცია, უფრო დიდი აქციები იყო, ძირითადად ვინც არის დასანქცირებული, სწორედ იმ დროს დაასანქცირეს. ბუნებრივია, ეს უცხოელ ინვესტორს აფრთხობს, ქართველსაც აფრთხობს, მაგრამ როცა აქ ბიზნესი უკვე გაქვს და რაღაცაც თანხა გჭირდება, შემოაქვთ.

საბოლოო ჯამში, თუ გამოვაკლებთ ქართველი ინვესტორების ფულს, რომელიც შემოდის ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, მალტიდან … და თუ გამოვაკლებთ რეინვესტირებასაც, ძალიან ცოტა დაგვრჩება, რაც რეალურად შემოდის უცხოეთიდან“ – განმარტავს „ბათუმელებთან“ ბესო ნამჩავაძე, ეკონომისტი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მკვლევარი.

ცალკე საკითხია, რომ მთავრობა სახელმწიფო ქონებას ვერ ყიდის. მაგალითად, ბოლო წლების ტენდენციების მიხედვით აჭარის მთავრობას, სახელმწიფო ქონების გასხვისების ნაწილში დიდი გარღვევა აქვს.

მიუხედავად ამისა, მთავრობა ყოველი შემდეგი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას არაფინანსური აქტივების ნაწილში, საპროგნოზო მაჩვენებელს ზრდის. ამას ემატება ისიც, რომ ბოლო წლებში შემოსული მსხვილი ინვესტორები აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ. პროექტების ნაწილი, რომლებიც აჭარის მთავრობამ პომპეზურად დააანონსა, წლებია დაპაუზებულია.

მაგალითად, კომპანია, რომელიც ქობულეთში 500 მილიონის ინვესტირებას გეგმავდა, ვალდებულებას ვერ ასრულებს – 2019 წელს აჭარის მთავრობის მიერ პომპეზურად დაანონსებული მასშტაბური პროექტის, „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

შეგახსენებთ, რომ წინასწარ განსაზღვრული პირობებით შპს „გრინ რეზორტს“ 1 796 308 კვ/მეტრზე მულტიფუნქციური კომპლექსი უნდა აეშენებინა.

ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას მისი გაფორმებიდან 26 თვის ვადაში სამშენებლო სამუშაოების დაწყება და 78 თვის ვადაში მშენებლობის დასრულება, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება ევალებოდა, ამ ყველაფერში კი არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო, საკუთრივ ან მესამე პირის მეშვეობით. ამ ვალდებულებების ვადების გადაწევა კომპანიამ აჭარის მთავრობას არაერთხელ სთხოვა და დადებითი პასუხიც მიიღო „საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის“ მოტივით.

მაშინ მთავრობამ ნახევარ მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ დააანონსა, თუმცა ხელშეკრულებაში 250 მილიონი ჩაწერეს. თუმცა ეს საკითხი მნიშვნელობას კარგავს, რადგან კომპანიამ ვალდებულების შესრულების ვადების გადაწევა არაერთხელ მოითხოვა და მშენებლობა დღემდე ვერ დაიწყო.

კიდევ ერთი მაგალითი ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“ უკავშირდება:

მწვანე კონცხზე ზღვისა და მთის პანორამული ხედებით მიწის ნაკვეთი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ 2015 წელს იყიდა. აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ კომპანიის საკუთრებაში გადავიდა ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები და ასევე, მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, 13 640 კვ.მეტრი. ეს ქონება კომპანიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 4 600 000 ლარად იყიდა და ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.

შესყიდული ტერიტორიის მიმდებარედ შპს „ბიზნეს დეველოპმენტმა“ მიწის ნაკვეთი 2017-2020 წლებშიც შეისყიდა და, საბოლოოდ, ამ ფართობების ერთ კოდზე გაერთიანებების შემდეგ, საკუთრებაში 5 ჰექტრამდე ფართობი დაირეგისტრირა.

თავდაპირველად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიას აქ მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 4 წელში მრავალფუნქციური შენობის მზიდი კონსტრუქციის მშენებლობა უნდა დაესრულებინა, 5 წლის ვადაში კი შენობა ექსპლუატაციისთვის მზად უნდა ყოფილიყო. თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დასრულებულა.

წლებია გაყინულია რამდენიმე საინვესტიციო პროექტი ბათუმში, რომლებსაც მთავრობა ინვესტიციის გარდა კონკრეტულ უბანში ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობას უკავშირებდა. ინვესტორმა დათქმული ვადის გაგრძელება რამდენჯერმე ითხოვა და თანხმობაც მიიღო, თუმცა მშენებლობა ნულოვან ნიშნულს ჯერ კიდევ ვერ გასცდა. ამ საინვესტიციო წინადადებებს შორის არის ის პროექტები, რომლებთან დაკავშირებითაც ხელშეკრულებები წინა მთავრობამ გააფორმა, ახალმა მთავრობამ კი განაახლა და ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად კომპანიების მეპატრონეებს ახალი ვადები მისცა, თუმცა უშედეგოდ.

მათ შორისაა Adog Georgia-ს პროექტი. ამ კომპანიამ ბათუმის ცენტრში, გოგებაშვილის #10-12-ში მაღალი კლასის სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობის პირობით 1621 კვ/მეტრი ფართობი 2011 წელს თუნუქით შემოღობა. აჭარის მთავრობასთან მაშინდელი შეთანხმების პირობებით Adog Georgia-ს 22-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „კუბთაუერი“ 40 თვეში უნდა აეშენებინა.

კომპანიამ სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. მთელი ამ წლების განმავლობაში მშენებლობა რამდენიმეჯერ განაახლეს, თუმცა უშედეგოდ – ეს განახლებები საძირკველს ვერასდროს გასცდა. 

ასევე, ბათუმის იახტკლუბის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, აჭარის მთავრობამ 2026 წლის ივლისამდე გადადო.

კომპანია „რივიერა“ [შემდგომში „ბათუმი რივიერა“], რომელსაც აქ მინიმუმ 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო, იახტკლუბს და მიმდებარე ტერიტორიას მეხუთე წელია სარგებლობს. ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა კი ჯერ ისევ არ დაწყებულა. მთავრობასთან შეთანხმების მიხედვით „რივიერა“ 1 ლარად იჯარით აღებულ ტერიტორიას [იახტკლუბს] 2038 წლამდე ისარგებლებს.

2024 წლის ანგარიშის მიხედვით, რასაც კანონის შესაბამისად მთავრობა შემდეგი წლის პირველი კვარტლის დასრულებამდე წარადგენს, აჭარის მთავრობამ გეგმა ამ ნაწილში ვერც გასულ წელს შეასრულა. კერძოდ, გეგმა 112 მილიონის ღირებულების ქონების გასხვისება იყო, ფაქტობრივმა შესრულებამ კი მხოლოდ 22 მილიონ 835 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 20 პროცენტია.

აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის 2025 წლის 3 აპრილს წარდგენილ ანგარიშში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ ისევ ვერ მოხერხდა რიგი ქონების პრივატიზება:

„სამინისტროს მიერ განსაკარგად გათვალისწინებული ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადდა აუქციონები, მათ შორის რიგ ქონებაზე არაერთგზის, რომლებიც არ შედგა განაცხადების შემოუსვლელობის გამო. საანგარიშო პერიოდში ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 797 ათასი ლარი, ხოლო მიწის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 22 მილიონი ლარი“.

არაფინანსური აქტივების განკარგვის ნაწილში ბიუჯეტი გასულ წელსაც ვერ შესრულდა. ამ მხრივ დაგეგმვის ნაკლოვანებებზე მიუთითებდა სახელმწიფო აუდიტიც.

აუდიტი თავის ანგარიშში წერდა, რომ აჭარის მთავრობა, განსაკუთრებით არაფინანსური აქტივებიდან მისაღებ შემოსულობებს, ბოლო წლების ტენდენციების საფუძველზე არ განსაზღვრავს. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩამორჩენა 2023 წლის ბოლოსაც დაფიქსირდა და 2022 წლის ბოლოსაც.

უფრო მეტიც, აუდიტი მკაფიოდ მიუთითებს მთავრობას, არ გაბეროს ციფრები და პროგნოზი ანალიზის საფუძველზე გააკეთოს.

მთავრობამ ეს გაფრთხილება 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას არ გაითვალისწინა.

როგორი იყო პირველი მაისი ჭიათურაში | ფოტორეპორტაჟი

დღეს, 1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ქალაქ ჭიათურაში სოლიდარობის აქცია გაიმართა.

უკვე 63 დღეა ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი მიმდინარეობს. 5 მაღაროელი პროტესტის ნიშნად მე-6 დღეა შიმშილობს.

29 აპრილს, პოლიციამ ძალადობრივი დანაშაულის ბრალდებით ჭიათურის პროტესტის 4 ლიდერი – აჩიკო ჭუმბურიძე, მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს, რომელთაც დანაშაულის ორგანიზების მუხლით ედავებიან. მათ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადეს.

ნახეთ ფოტორეპორტაჟი ჭიათურაში გამართული სოლიდარობის აქციიდან.

პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“ 
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“ 
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“ 
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“ 
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“ 
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“ 
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“ 
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“ 
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“ 
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“ 
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“ 
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“ 
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“ 
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“ 
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“ 
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“/ 
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“ 
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“ 
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“ 
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“ 
პირველი მაისი, აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“ 
  • ნახეთ ვიდეო: 

რატომ არ აისახა მშპ-ს ზრდა მოსახლეობაზე? – ეკონომისტის განმარტება

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ] ზრდამ 9 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 9.3 პროცენტია. ახალი წინასწარი მონაცემები საქსტატმა 30 აპრილს გამოაქვეყნა.

ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე წერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც და მიუთითებს, რომ 2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1 პროცენტი, თებერვალში 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტში 9 პროცენტს გაუტოლდა. 2025 წლის იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა კი 9.3%-ით განისაზღვრა.

აისახა თუ არა ზრდა, რომელზეც მთავრობა აპელირებს, მოსახლეობაზე? 

ეკონომისტი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მკვლევარი ბესო ნამჩავაძე ამ კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ „ზრდა მცირე ჯგუფის ხელშია“, რადგან გასული წლის მშპ-ს კლების შემდეგ მაჩვენებლები გაიზარდა ისეთ სფეროებში, რომლებიც მოსახლეობის დიდ ნაწილზე ძირითადად ვერ აისახება.

„ბევრი სხვადასხვა მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ზრდა არის, თუმცა არ არის ისეთ სექტორებში, რომელსაც მასიურად გრძნობს მოსახლეობა.

ტურიზმში დაბალი ზრდაა, 2-პროცენტიანი.

ექსპორტშია ზრდა, ევროკავშირის ბაზარზეა გაზრდილი ექსპორტი და ესეც შეიტანდა თავის როლს.

არის ბუნებრივი რესურსების მოპოვებაში ზრდა, რაც ლითონის მადნებს ეხება, ლითონების მოპოვება და გაყიდვაა გაზრდილი.

კარგი ზრდა არის საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ეს არის IT მომსახურება, რომელშიც საქართველო ძირითადად საერთაშორისო ბაზარზე მუშაობს.

განათლებაში უცხოელი სტუდენტების გამო გვაქვს ზრდა.

ბუნებრივი ლითონების გატანაში რომ ზრდაა, ამით სარგებლობს ის, ვისაც გააქვს. მოსახლეობა უფრო იგრძნობდა, რომ იყოს ზრდა სოფლის მეურნეობაში, მსუბუქ მრეწველობაში ან ვაჭრობაში. ეს არის ის დარგები, სადაც საქართველოს მოსახლეობა მასიურადაა ჩართული და დასაქმებული.

მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ეს არის უცხოური ბიზნესი და ძირითადად უცხოელები ჰყავთ დასაქმებული, რუსები, უკრაინელები, ბელარუსები და ნაწილი – ქართველები. თავის მომსახურებას ჰყიდიან საზღვარგარეთ.

ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, თუ რატომ ვერ გრძნობს მოსახლეობა ზრდას. მცირე ჯგუფის ხელშია ეს ზრდა, მათ შორის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესია.

უმეტესი ნაწილი მსხვილი ბიზნესის დღემდე ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას ხელისუფლებასთან. ისინი სარგებლობენ ამ ეკონომიკური ზრდით“ – განმარტავს ბესო ნამჩავაძე.

ბესო ნამჩავაძე

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა როგორიც არის ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.

უწყვეტი პროტესტი ჩხოროწყუში – „აქ ვართ, რომ არ დავკარგოთ სამშობლო“

საქართველოში საპროტესტო აქციები არა მხოლოდ ბათუმსა და თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. უწყვეტი პროტესტი აქვთ მოქალაქეებს ჩხოროწყუშიც.

„ბათუმელები“ ჩხოროწყუს აქციების აქტიურ მონაწილეებს ესაუბრა. ამ სტატიაში გაიგებთ, რა გზავნილები აქვთ მოქალაქეებს ჩხოროწყუდან, რატომ გამოდიან ქუჩაში საპროტესტო აქციაზე და როგორ და რატომ გადაწყვიტეს პროტესტის კერად თავიანთი მუნიციპალიტეტი ექციათ.

სოფიო გოგოხია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, იგი მუდმივად უერთდება პროტესტს მუნიციპალიტეტში.

„პროტესტი და ერთად დგომა არის ერთადერთი გამოსავალი, ჩვენი გადარჩენისთვის აუცილებლად გასაკეთებელი საქმე, ამიტომ, ეს პროტესტი უნდა იყოს ყველგან, უნდა იყოს მუდმივი, სანამ შედეგამდე არ მივალთ…

ჩვენს ის გვაწუხებს, სხვა მუნიციპალიტეტებში რატომ არ ისმის პროტესტის ხმა. ყველგან უნდა იდგეს ადამიანების ჯგუფი და არ არის აუცილებელი ათეულობით და ასეულობით იყოს. ძალიან ბევრი ადამიანი უფრთხილდება, ბევრს ეშინია, ან არ სცალია, ბევრი შეიძლება ფიზიკურად ვერ გამოდის სოფლებიდან და ა.შ. ჩვენს შემთხვევაშიც, ბევრი გვიხსნის ხოლმე, ბოდიში, ვერ მოვდივართო, მაგრამ მხარს გვიჭერენ და გამოხატავენ თანადგომას“, – გვეუბნება მასწავლებელი ჩხოროწყუდან.

მისი თქმით, პროტესტს ბევრი ფორმა აქვს და შესაძლოს სხვა ფორმები მოძებნონ მათ, ვინც ქუჩები ვერ დგას – „მაგალითად სოციალურ ქსელებში იაქტიურონ. რაც მეტი იხმაურებს, რაც მეტი გამოვა, მით უკეთესია ჩვენთვის. ერთადერთი გამოსავალია ერთიანობა და ის, რომ არ უნდა გავჩერდეთ.

ჩვენ გვინდა, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ყველას, ვინც აპროტესტებს. ეს ჩვენთვის მოტივაციის და სტიმულის მომცემია და ველოდებით ხოლმე ყოველთვის – აი, დღეს რა იქნება, ვინ გამოვა, ვინ შეუერთდება. ჩვენი პროტესტიც ვიღაცისთვისაა ასევე მამოტივირებელი და გამამხნევებელი.

გარდა ამისა, საერთო პრობლემების გარდა გვაქვს ადგილობრივი პრობლემებიც. დიდი და მცირე ოლიგარქები ყველგან არიან“, – გვიყვება სოფიო გოგოხია.

სოფო გოგოხია

მას ვკითხეთ, როგორ შეაფასებდა ქვეყანაში მიმდინარ პროცესებს, როგორც მასწავლებელი.

„წლებია ვამბობ, რომ მასწავლებელი, რომელიც უნდა იყოს განათლების, ღირსების, თავისუფლების სიმბოლო, იქცა არჩევნებში გამოსაყენებელ ხორცად და სახელმწიფოს დამაზიანებელი დაკვეთის შემსრულებლად.

ეროვნული პოლიტიკის წინააღმდეგ იყენებენ მასწავლებლებს. სანამ ეს ასე იქნება, სანამ როგორც არჩევნების მოსაგებად გამოსაყენებლებს შემოგვხედავენ მასწავლებლებს, სანამ ჩვენ არ გვექნება მტკიცე პოზიცია, იქნება ეს ზოგადსაკაცობრიო თუ ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ არ გვეშველება.

მასწავლებლის ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასწავლებლების სიჩუმე დღეს საგანგაშოა და იმაზე მიუთითებს, რომ ამ სისტემაში არ არის კარგად საქმე.

ხშირად წერენ და ლაპარაკობენ იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციაში ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ რეჟიმს, ან მიწაში წვანან, ან ემიგრაციაში არიან. ამ დონემდე რომ არ მივიდეთ, რომ არ დავემსგავსოთ ჩრდილოეთ კორეას და ოკუპანტებს, რუსეთს, სწორედ ამიტომ ვდგავართ ქუჩაში – ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მოსწავლეებისთვის, ჩვენი მომავლისთვის.

წარსულის და აწმყოს პრობლემები გვაქვს გააზრებული. ვხედავთ, როგორია აწმყო და ვიცით, როგორი მომავალი შეეფერება და სჭირდება ჩვენს ახალ თაობებს. ყველგან უნდა ისმოდეს პროტესტის ხმა“, – გვეუბნება სოფიო გოგოხია.

მასწავლებლის თქმით, სწორედ იმიტომ, რომ საღად მოაზროვნე ადამიანები შეადგენენ დღეს საზოგადოების დიდ ნაწილს, „ხელისუფლება“ იანვრიდან მოყოლებული „ამკაცრებს და ამკაცრებს საოცარ კანონებს და ლამის 37 წლის რეპრესიები დაბრუნდეს“.

„ეს უნდათ მოკლან, ეს უნდათ ჩაახშონ. უნდა მივიღოთ ქვეყანა, სადაც ფიქრშიც კი ვერ გაივლებს ვერავინ პროტესტს და მათ საწინააღმდეგო აზრს.

მეცხრე კლასის სასკოლო პროგრამაში არის მოსე ზამთარაძის ნაამბობი დათა თუთაშხიადან და აი, ეს უნდათ, რომ ჩვენც გავთხაროთ გვირაბი საწინააღმდეგო მიმართულებით და აბელ ცეცურის ზარის ჩამორეკვას ველოდეთ. ასეთი მასა უნდათ რომ ჩვენგან მიიღონ, რათა თავისუფალი აზრის ჭაჭანება არ იყოს არც ერთ ადამიანში.

მალე ყველას მიწვდება ეს ყველაფერი – მათ შვილებს, მათ შვილიშვილებს. ვკარგავთ ქვეყანას და ქვეყანა რომ არ დავკარგოთ, ამიტომ, მაქსიმალურად ყველგან უნდა ისმოდეს პროტესტის ხმა“, – ამბობს მასწავლებელი ჩხოროწყუდან.

როგორც მან გვითხრა, ყველაზე მეტად ის მოსწონს, რომ აქცია პარტიული ნიშნით არ არის გაერთიანებული:

„აქ ვართ, რათა არ დავკარგოთ სამშობლო და შემდეგ არ შეგრცხვეს, რას ვაკეთებდით და სად ვიყავით. დარდად რომ არ დაგვრჩეს, ხმას არ ვიღებდითო.

ბევრი რამის თქმა მინდა, განსაკუთრებით კოლეგებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის. კიდევ ერთხელ ჰკითხონ თავს – ხელისუფლება, რომელიც გელათს არ პატრონობს; ხელისუფლება, რომელიც საყდრისს აფეთქებს; ხელისუფლება, რომელიც საშინელი მეთოდებით იბრძვის დასარჩენად და იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენს ოკუპანტს, ბოლო 250 წლის განმავლობაში საქართველოს გაქრობას და განადგურებას რომ ცდილობს, ჩაგვაბაროს – რამდენად მისაღებია?!

არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს არ გაიაზრო და თუ გაიაზრებ, ხმა არ აიმაღლო. არ დაიჯეროთ, რომ ღირსებისთვის და რაღაც ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვიან. ეროვნული ღირებულებებისთვის რომ იბრძვის, ის ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში გელათს არ გაანადგურებს, იმიტომ, რომ გელათი არის საქართველოს სიმბოლო, დასავლურ კულტურასთან ერთიანობის სიმბოლო და საერთოდ არც ერთ ქვეყნის ფასეულობას ასე არ მოექცევა, პირიქით.

უნდა გავახილოთ თვალი და დავინახოთ სინამდვილეში ვინ არის მტერი, ვინ არის მოყვარე, სანამ გვიან არ არის, თორემ მერე უკვე ძალიან გვიანი იქნება მართლა „თითზე კბენანი“. დავფიქრდეთ, რომ ჩვენ პატარა ერი ვართ, ვიყავით ყოველთვის გადარჩენაზე, ახლაც ეს გადარჩენის მომენტი გვაქვს და უნდა გადავლახოთ. უნდა ვისარგებლოთ იმ მხარდაჭერით, რასაც ბოლო პერიოდია იჩენს დასავლური სამყარო და არ უნდა გავუშვათ ხელიდან, თორემ ახლა თუ გადაგვსანსლა ჩრდილოელმა გველეშაპმა მერე ძალიან იქნება გამოძრომა.

კოლეგებს, მშობლებს, დედებს, ყველას მინდა ვუთხრა, რომ გაიღვიძონ და არც კარტოფილზე, არც რაღაც სხვა ორ კაპიკზე არ გაყიდონ შვილების მომავალი. ეს ქვეყანა ჩვენ არ გვეკუთვნის, ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისაა. ანწუხელიძე გმირია, ქაქუცა ჩოლოყაშვილიც გმირია, ექვთიმე თაყაიშვილი, მღვდელი თევდორე და ა.შ. გმირს გმირობა არ უნდა დავუკარგოთ და კახაბერზე უნდა ვთქვათ, რომ კახაბერია, იმიტომ, რომ უნდა გადარჩეს საქართელო”, – ამბობს საუბრის დასასრულს მასწავლებელი.

ლიტერატურის მასწავლებელს იმაზეც ვკითხეთ, რაიმე წნეხს ხომ არ გრძნობს სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობის გამო – „პრობლემები პერიოდულად არის ხოლმე. მაგალითად ადგილობრივი, ცოცხალი ტროლების მოქსევა. იყო ირიბი მცდელობებიც, მაგრამ ისეთი არა, რომ ვერ გავმკლავებოდი. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, აწი არ ვიცი რა იქნება“.

ჩხოროწყუს საპროტესტო აქცია. ფოტო: ოთო შენგელია/30.04.2025

„პირველივე დღიდან [28 ნოემბერი] დაიწყო ჩხოროწყუში საპროტესტო აქციები. მაშინ სადღაც 700-მდე ადამიანი იყო გამოსული… არ იყო ეს პატარა მაჩვენებელი. ალბათ მოსახლეობის მასშტაბებს რომ შევადაროთ, ყველაზე ხალხმრავალი აქცია გვქონდა 28 ნოემბერს ჩხოროწყუში.

შემდეგ უკვე ყოველდღიურად ვიკრიბებოდით. ზოგჯერ ზუგდიდს ვუერთდებოდით, როცა დიდი აქციები იყო, თბილისში დავდიოდით და შემდეგ უკვე გადავწყვიტეთ, რომ ჩხოროწყუში გვქონოდა ყოველდღიური აქციები“ – გვიყვება საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე, ოთო შენგელია.

ოთო შენგელია

მისი თქმით, უკვე 4 თვეა, რაც უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ჩხოროწყუში და ძირითადად ადგილობრივი მერიის წინ იკრიბებიან.

ჩხოროწყუში თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მთავარი სწორედ იმ ორი მოთხოვნის შესრულებაა, რის ირგვლივაც ერთიანდება პროტესტი მთელს ქვეყანაში – გაათავისუფლონ რეჟიმის ტყვეები და ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.

„მარტო ერთი ქალაქი გაზაფხულს ვერ მოიყვანს და მარტო თბილისზე კონცენტრირება არ არის რელევანტური. თან რეგიონებშიც არის საპროტესტო მუხტი… სწორედ ეს არის ჩვენი მოტივაცია, მარტო ერთი ქალაქი არ იყოს წინა პლანზე წამოწეული და პატარა რაიონებში, ადგილობრივმა მოსახლეობამ არ ჩათვალოს, რომ ისინი პროტესტს მიღმა არიან“, – ამბობს მოქალაქე.

მისი თქმით, არ გაჩერდებიან და მაქსიმალურად ეცდებიან, როგორც ახლა, შემდეგ დღეებშიც, ჩხოროწყუ პროტესტის კერა იყოს.

„თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება მზია ამაღლობელს, რომელიც სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის იბრძვის პატიმრობაშიც კი“, – ამბობს ოთო შენგელია ჩვენთან საუბრის ბოლოს.

კიდევ ერთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ირმა ჯალაღონიას ვესაუბრეთ ჩხოროწყუში და ვკითხეთ, რა აძლევთ მოტივაციას არ დაიღალონ და ყოველდღე გამოვიდნენ ქუჩაში პროტესტის ნიშნად. ირმა სკოლაში არ ასწავლის.

„ქვეყნის ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო ერთობის განცდა. ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული რეგიონის პრობლემა და ყველა კუთხე-კუნჭულში ჯანსაღად მოაზროვნე ქართველს აქვს გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანი და ეგზისტენციალური კრიზისი უდგას ქვეყანას. თითოეული ჩვენგანის პროტესტი არის მნიშვნელოვანი.

ვერაფერს ვაკეთებთ ჩვენ განსაკუთრებულს, მაგრამ ის, რომ ყოველ საღამოს ვიწუხებთ თავს და გამოვდივართ, გვაქვს შეგნება, რომ აუცილებელია გამოვხატოთ პოზიცია – ჩვენ არ გვძინავს და ჩვენ არ გვავიწყდება ის იდეა, რომლითაც არსებობს ეს ქვეყანა უკვე საუკუნეების განმავლობაში და არ შეიძლება ამას წავუყრუოთ და გაგვეცინოს, თორემ ძალიან ადვილად შეიძლება გაქრეს ეს სახელმწიფო“, – გვეუბნება ირმა ჯალაღონია.

მისი თმით, „სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით გამოიხატება ახლო ნაცნობობის, სამსახურის დაკარგვით შეშინების ფაქტორები, რის გამოც მოქალაქეები თავს იკავებენ აქციებზე გამოსვლისგან. ჩვენ რომ ვაპროტესტებთ ყოველ საღამოს და ჩამოივლიან ხოლმე მანქანებით, გვიპიპინებენ. ერთხელ ისიც კი ვთქვით – „გაბედე პიპინი“.

ყველაფერი მნიშვნელოვანია, თუნდაც ერთი მოწონება საპროტესტო ფოტოების. ზოგჯერ შეძახილებითაც გვამხნევებენ, ამასაც ბედავენ.

ჩვენი გამოსვლები უქმნის დისკომფორტს ადგილობრივ „ოცნებას“. მათ ჰყავთ თავიანთი რუპორები და ისინი ახმოვანებენ, რომ თითქოს ჩვენ არაფრად ჩასაგდები ძალა ვართ, ჩვენზე თითქოს ხარხარებს ხალხი და ა.შ. ცდილობენ დააკნინონ და დაამცირონ ჩვენი პროტესტი.

რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, მხოლოდ ის არის, რომ კუდში დაგვყვება პოლიციის მანქანები და თუ სადმე ადგილი შევიცვალეთ, ისინიც მოგვყვებიან.

სახლში ვერაფრით ვერ ვჩერდები, ვერც ერთ საღამოს, რადგან ღალატი მგონია ახლა სახლში ყოფნა“, –  ამბობს ირმა ჯალაღონია.

სოფო გოგოხია და ირმა ჯალაღონია ჩხოროწყუს საპროტესტო აქციაზე

ყოველდღიურ საპროტესტო აქციას ჩხოროწყუში თვალი შეგიძლიათ მიადევნოთ ადგილობრივების ფეისბუქ გვერდზე – ჩხოროწყუ სამშობლოსთვის

კიდევ ერთი სახიფათო გადასასვლელი ლიანდაგზე ბათუმში, ბენზეში

ბათუმში, ლიანდაგზე გადასასვლელები უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშეა.

ამის გამო, ხშირია ტრაგიკული შემთხვევები.

მაგალითად, 2025 წლის 8 აპრილს, ბარცხანაში, რკინიგზაზე გადასვლის დროს 13 წლის მოზარდს დაეჯახა მატარებელი. მოზარდი დაიღუპა.

ამ ტრაგედიიდან თითქმის ერთი თვეა გასული. მოსახლეობამ არაერთი საპროტესტო აქცია გამართა და მოითხოვა ლიანდაგზე უსაფრთხოების დაცვა. მათ წერილობით მიმართეს ბათუმის მერიასაც“, თუმცა ამ დრომდე, როგორც მერია, ასევე „საქართველოს რკინიგზა“ პასუხს არ სცემს არც მოქალაქეებს და არც მედიას, არის თუ არა დაგეგმილი უახლოეს მომავალში მაინც, უსაფრთხოების ნორმების შემოღება ლიანდაგზე, სადაც ყოველდღიურად ასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები გადაადგილდებიან.

ქვეითების გადასასვლელი ლიანდაგზე, ბენზეში [ბათუმი, თამარის დასახლება].
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ბენზეში, ლიანდაგის ირგვლივ საცხოვებელი კორპუსები, სკოლა და საბავშვო მოედნებია. ლიანდაგზე გადასასვლელები კი უსაფრთხოების ნიშნულების გარეშეა.
ლიანდაგზე გადასასვლელი ბენზეში.

„უსაფრთხოება რა თქმა უნდა საჭიროა. უნდა იყოს რაღაც ნიშნულები. მინიშნება უნდა გააკეთონ, გადასასვლელები უნდა იყოს, ამას თვითონ უნდა მიხვდნენ. ადრე არ გვქონდა შიში, მაგრამ ბარცხანაში რომ ბავშვი დაიღუპა, ამის მერე გაგვიჩნდა შიში“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი მოქალაქე.

ისევე როგორც ბარცხანაში, ბენზეში და ასევე ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთებზე, სადაც მატარებლის ლიანდაგი დასახლებულ უბნებში გადის, მსგავსი ვითარებაა.

ბენზე-ლიანდაგზე გადასასვლელი.
ბენზეში ლიანდაგზე არ არის უსაფრთხო გადასასვლელები.

ვიდეო:

კიდევ ერთი სახიფათო გადასასვლელი ლიანდაგზე ბათუმში

რატომ გაჩერდა და როდის დაიწყებს მუშაობას ხულო-თაგოს საბაგირო

ხულო-თაგოს საბაგირო თითქმის ერთი წელია გაჩერებულია. „ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა, როდის დაიწყებს მუშაობას საბაგირო, თუმცა, როგორც გაირკვა, ხულო-თაგოს საბაგირო იმ ფორმით, როგორითაც ის 1985 წლიდან ფუნქციონირებს, აღარ ამუშავდება. აქ ახალი საბაგირო უნდა ააშენონ.

არსებული საბაგირო გზის გაჩერების მიზეზი, როგორც „ბათუმელებს“ ხულოს მერიის ა[ა]იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზაში“ უთხრეს, მზიდი ბაგირის/ტროსის დაზიანებაა – ბაგირი, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, ვეღარ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის საჭირო სტანდარტს.

ხულო-თაგოს საბაგირო გზის სადგური დაბა ხულოში. საბაგირო რამდენიმე თვეა გაჩერებულია. 1.05.2025

„ხულო-თაგოს ბაგირგზაში“ ასევე გვითხრეს, რომ პროექტირებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, „ვინაიდან საბაგირო გზა მთლიანად შესაცვლელია და ხელახლა უნდა დაპროექტდეს. შესაბამისი ფინანსები კი, მუნიციპალიტეტს არ აქვს“.

საბაგიროსთან დაკავშირებით აჭარის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს უნდა ჩატარდეს „ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის წინასაპროექტო კვლევა“, რისთვისაც ბიუჯეტში 200 000 ლარია გათვალისწინებული. ეს კვლევა 2026 წლის იანვრამდე უნდა დასრულდეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ ბაზრის კვლევა სატენდერო პირობების დასადგენად.

„ინტენსიურად ვმუშაობთ, თუმცა ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი რა გზით წავალთ. არის ორი ვარიანტი. ან ტენდერს გამოვაცხადებთ წინასაპროექტო კვლევაზე, როგორც ბიუჯეტშია გაწერილი, ან შესაძლოა წავიდეთ მეორე გზით – Design-Build მეთოდით. ამ შემთხვევაში ტენდერი კვლევას, პროექტირებას და მშენებლობასაც მოიცავს. ახლა სწორედ ამ დეტალებს ვაზუსტებთ“ – გვითხრეს სამინისტროში.

ტენდერის და პროექტის შედგენის ვადების გათვალისწინებით საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარე წელს დიდი ალბათობით ვეღარ დაიწყება. ამასთან, წინასწარი გათვლებით, ხულო-თაგოს საბაგიროს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას მინიმუმ 5 მილიონი ლარი მაინც დასჭირდება. ეს თანხა კი აჭარის 2025 წლის ბიუჯეტში ამ დროისთვის გაწერილი არ არის.

ის რომ ხულო-თაგოს საბაგირო გზის პროექტზე უკვე მუშაობს ის კომპანია, რომელმაც საბაგირო გზა კურორტ „გოდერძიზე“ დააპროექტა – სამინისტროში არ დაგვიდასტურეს.

ხულო-თაგოს საბაგირო გზის სადგური დაბა ხულოში / საბაგირო რამდენიმე თვეა გაჩერებულია / 1.05.2025

ხულო-თაგოს საბაგირო გზაზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს.

2020 წელს გამწევი ტროსის შეცვლაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 121 091 ლარი დაიხარჯა.

[მომდევნო წელს ძველი ტროსი „ხულო-თაგოს ბაგირგზამ“ აუქციონზე ჯართად გაყიდა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით მეორადი გამწევი ტროსის სიგრძე 3 600 მეტრი იყო. აუქციონის დოკუმენტებით კი, ჯამში 1 500 კილოგრამი მეორადი გამწევი ტროსი [დაჭრილი 5-10-15 მეტრიან ნაჭრებად], 300 ლარად გაიტანეს გასაყიდად და საბოლოოდ 1 290 ლარად გაიყიდა.

აშენდა ასევე ახალი სადგური ხულოში, გარემონტდა კაბინა და სხვა დეტალები, გაიზარდა მგზავრობის ფასიც.

ხულოს მერიის მონაცემებით:

ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია. ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა. საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი. ხულო-თაგოს საბაგირო 1985 წელს გაიხსნა.“

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

ცაში გამოკიდებული სოფლის ამბავი

ავსტრიელი ევროპარლამენტარი მზია ამაღლობელის პროცესს დაესწრება ბათუმში

ავსტრიელი ევროპარლამენტარი „მწვანეთა პარტიიდან“, ლენა შილინგი, ბათუმში აპირებს ჩამოსვლას ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად.

ლენა შილინგი ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს 16 მაისს დაესწრება.

გამოცემა heute წერს, რომ ევროპარლამენტარი აპირებს აწარმოოს პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის გათავისუფლების კამპანია დევიზით – „დემოკრატიისთვის ბრძოლა ქალების საქმეა“.

„პირადად დავაკვირდები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს, როგორც ევროპარლამენტის წევრი და როგორც ნიშანი იმისა, რომ ევროპა ყურადღებას აქცევს ჟურნალისტებისა და აქტივისტების კრიმინალიზაციას“ – განაცხადა შილინგმა. მისი თქმით, დემოკრატიისა და პრესის თავისუფლებისადმი ერთგულება დანაშაული არ არის.

„მთელ მსოფლიოში ქალები სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არიან – იქნება ეს ირანი, ბელარუსი თუ საქართველო“, – ამბობს ევროპარლამენტარი. მისი თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება, „მამაცი ქალების საერთაშორისო მოძრაობის ნაწილია“.

ავსტრიელი ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს შესაძლებლობების გამოყენებას ყველა იმ ადამიანის მხარდასაჭერად, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის.

ევროპარლამენტარმა პეტიციაც შექმნა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, რომელზე ხელის მოწერაც მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ მსურველებს. პეტიცია ორენოვანია და მისი ტექსტი ხელმისაწვდომია როგორც ინგლისურად, ისე გერმანულად.

პეტიციის ხელმომწერები ხელისუფლება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვენ.

ამავე თემაზე: 

ევროპარლამენტარი პეტიციით მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

ერთი ნაბიჯით წინ – თიბისი ბიზნესი თვითდასაქმებულების მხარდასაჭერად

თუ ხარ თვითდასაქმებული და შენი საქმე გიყვარს, თიბისიში ყველა პირობა დაგხვდება იმისთვის, რომ იყო ერთი ნაბიჯით წინ.

თიბისიში თვითდასაქმებულებს, ფრილანსერებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ მათზე მორგებული პროდუქტებითა და მომსახურებით და კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი საქმიანობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ნაწილი თავის საქმიანობას ბიზნესთან არ აიგივებს.

თვითდასაქმებულებს, ბიზნესების წარმომადგენლების მსგავსად, შეუძლიათ ისარგებლონ თიბისის ბიზნესპროდუქტებით, მათ შორის ბიზნესესხით და ბიზნესნაკრებით, გაიმარტივონ წვდომა ფინანსებზე და იქცნენ რეალურ ბიზნესად.

ამასთანავე, თიბისი ინდივიდუალურ მეწარმეებს ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკით, ასევე, ტერმინალით სარგებლობის შესაძლებლობასაც აძლევს, რაც გადახდებს, ასევე, სხვადასხვა საბანკო სერვისით თუ პროდუქტით სარგებლობას კიდევ უფრო ამარტივებს .

„თვითდასაქმებულების მხარდაჭერა თიბისი ბიზნესისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. გვესმის, რა გამოწვევების წინაშე დგანან თვითდასაქმებული ადამიანები ყოველდღიურად. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვნერგავთ ისეთი მომსახურებას თუ პროდუქტებს, რაც მათ საქმიანობის გამარტივებაში დაეხმარებათ და შესაძლებლობას მისცემთ, კიდევ უფრო განვითარდნენ და უახლოეს მომავალში რეალურ ბიზნესებად ჩამოყალიბდნენ. ამ თემას დაეთმო ჩვენი ბოლო ხუთშაბათის შეხვედრების სესიაც, სადაც ფრილანსერებსა და ბიზნესებს სპიკერებმა საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს აუდიტორიას. ჩვენ ვაგრძელებთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერას და მათ არაერთ საინტერესო პროდუქტს და მომსახურებას შევთავაზებთ“, – ვეფხვია ლომინაშვილი, თიბისი ბიზნესის ლიდერი.

„თიბისი ბიზნესისთვის – ერთი ნაბიჯით წინ“ – თვითდასაქმებულების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე –  https://tbcbank.ge/ka/business/products-for-self-employed-individuals ასევე, თიბისი ბიზნესის ცხელ ხაზზე: (032) 2 2727*3

უვადო პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ცოლი და კიდევ 2 პირი მოკლა

პროკურატურის ცნობით, თელავის სასამართლომ სამი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე  ბრალდებული  დამნაშავედ ცნო.

საქმე ეხება 3 ადამიანის მკვლელობას კახეთში, რომელიც 2024 წლის აგვისტოში მოხდა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 აგვისტოს,   გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ბრალდებულმა  გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის და შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა  მეუღლეს და შემთხვევის ადგილზე მყოფ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად  ადგილზე გარდაიცვალნენ.  აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული მივიდა სოფელ ზეგაანში და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით კიდევ ერთ დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა.  მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 11′,109 -მუხლის „თ“, „კ“, „ლ“  პუნქტებით) და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“ – წერს პროკურატურა.

„მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა“ – მთავარი არხი განცხადებას ავრცელებს

„მთავარი არხის სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა“ – ამ სიტყვებით იწყება განცხადება, რომელიც „მთავარმა არხმა“ დღეს, 1-ელ მაისს გამოაქვეყნა ვებგვერდზე.

„5 წელი და 8 თვე აქ მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი მაყურებელი, ქართული საზოგადოება და ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა; ღირებულებები, რომელთა გაღრმავებითაც ჩვენ არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ღირსეულ წევრად უნდა დავრჩეთ და გადავრჩეთ; ღირებულებები, რომლებსაც ასე დაუნდობლად ებრძვის და ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს “ქართული ოცნება”.

ჩვენც ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. ჩვენი არხის არსებობა დაარსების დღიდანვე არ იყო მარტივი. ამ გზაზე გადავიტანეთ უამრავი გამოწვევა, რასაც ბევრი, უბრალოდ, ვერ გაუძლებდა. ბევრი წარმატებაც გვქონდა და არც შეცდომებისგან ვიყავით დაზღვეული, თუმცა მათი გამოსწორებისა და არხის მუდმივი გაუმჯობესებისთვის უმძიმესი კრიზისების დროსაც კი არ დაგვიკლია ძალისხმევა. დახურვის პირასაც არაერთხელ ვყოფილვართ ამ წლების განმავლობაში, მაგრამ “მთავარი არხის” თითოეული თანამშრომლის პირადი თავდადებით, თავგანწირვითა და ერთგულებით, რიგითი ადამიანებისა თუ ჩვენი პარტნიორების გვერდში დგომით, ზოგჯერ თქვენგან ჩარიცხული თითო ლარით ან, უბრალოდ, გამხნევებით, მაინც ყველა ჯერზე გადავრჩით და წარმოუდგენელ ვითარებაში ვინარჩუნებდით საქართველოს ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული კრიტიკული არხის პოზიციას. იმდენად, რომ, ხშირად, თვითონაც კი გვიკვირდა საკუთარი მოთმინებისა და მიღწევების.

ჩვენ მართლაც შეუძლებელს გავუძელით, მაგრამ, როგორც ეს საქართველოს ისტორიაში, სამწუხაროდ, ბევრჯერ ხდება, ჩვენი ციხეც შიგნიდან გატეხეს, გარე მტერი ვერ მოგვერია. ჩვენ დაგვანგრია სწორედ იმან, ვინც, თავის დროზე, ამ აუღებელი კედლების აშენებაში გვეხმარებოდა. ჩვენმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავისი პირადი მიზნებისა თუ შურისძიების გამო დახურვამდე მიიყვანა “მთავარი არხი” და ამით დიდი სამსახური გაუწია რუსულ რეჟიმს.

ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენი ციფრული დეპარტამენტი – სოციალური ქსელები და ვებგვერდი განაგრძობს მუშაობას. სატელევიზიო მაუწყებლობის შესანარჩუნებლად ჩვენ არანაირი საშუალება აღარ დაგვრჩა.

დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით და გვისმენდით “მთავარი არხის” გუნდს, რომელიც ნებისმიერ ფასად აგრძელებდა თქვენთვის მუშაობას. კადრში თუ კადრს მიღმა, ჩვენ ისევ ძველი ღირებულებებით განვაგრძობთ ბრძოლას და ყველგან და ყოველთვის მთავარი იქნებით თქვენ, ქართველი ხალხი და ჩვენი საქართველო.

მომავალ შეხვედრამდე“ – ნათქვამია განცხადებაში.

15 თებერვლიდან „მთავარმა არხმა“ ყველა გადაცემა შეაჩერა, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადიოდა, რადგან ტელევიზიას ყოველდღიური ოპერირების სახსრები აღარ ჰქონდა. „მთავარი არხის“ განცხადებით, არხის თანადამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა არხს ფინანსური კრიზისი ხელოვნურად შეუქმნა.

„მთავარმა არხმა“ მაუწყებლობა 2019 წლის 9 სექტემბერს დაიწყო. სატელევიზიო არხის გუნდი ძირითადად შედგებოდა „რუსთავი 2“-დან გათავისუფლებული და წამოსული თანამშრომლებისგან.

_______________

ფოტოზე: ილუსტრაცია „მთავარი არხის“ განცხადებიდან

საიამ „ოცნების“ რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით საერთაშორისო მექანიზმს მიმართა

საიამ „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით 15 საერთაშორისო მექანიზმს წერილობით მიმართა.

„კომუნიკაცია შეეხება საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებულ რეპრესიულ კანონებს – „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“ და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს – რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების საარსებო სივრცეს ავიწროებს და „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს.

„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ბუნდოვანი და ფართო ნორმები ქართულ ოცნებას შესაძლებლობას აძლევს იგი თვითნებურად, დევნის ინსტრუმენტად გამოიყენოს.

მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერი განმარტების შემთხვევაში, კანონი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე არ უნდა გავრცელდეს, ქართული ოცნების რიტორიკა და კანონის განმარტებითი ბარათი ცხადყოფს, რომ მმართველი პარტია მიზნად ისახავს იგი ბოროტად გამოიყენოს და სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ იარაღად აქციოს.

„ქართული ოცნება“ ხშირად აღნიშნავს, რომ საქართველოში მიღებული კანონი ამერიკული FARA-ს თარგმანია, თუმცა, ამერიკული FARA, გამოიყენება ლობისტურ საქმიანობასთან მიმართებით და არ ვრცელდება ისეთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ და აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა საკითხზე ადვოკატირებაში.

ამასთან, ქართულმა ოცნებამ „გრანტების შესახებ“ კანონში, შეიტანა ცვლილებები, რომლის რომლის მიხედვითაც იკრძალება მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება, რაც დამატებით მექანიზმს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ.

კომუნიკაცია ყურადღებას ამახვილებს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივების მიღება ხდება ადამიანის უფლებების უმძიმესი კრიზისის ფონზე.

ქართული ოცნების ხელისუფლება მშვიდობიან პროტესტს და გამოხატვის თავისუფლებას სხვადასხვა რეპრესიული მეთოდით ებრძვის, მათ შორის, ბოროტად იყენებს საკანონმდებლო უფლებამოსილებებს, ცდილობს მაღალი ჯარიმებით დასაჯოს პროტესტის მონაწილეები, ახდენს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმების ინსტრუმენტალიზაციას.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ქართული ოცნება სისტემურად იყენებდა წამებასა და არასათანადო მოპყრობას მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ, რისი გამოძიებაც არაეფექტიანად მიმდინარეობს.

ამასთან, კომუნიკაციაში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც კანონების განმარტებასა და აღსრულებაზე არიან პასუხისმგებელი, მოკლებული არიან დამოუკიდებლობას და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და მიტაცებულები არიან მმართველი პარტიის მიერ.

კომუნიკაცია ადრესატებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ქართულ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას“ – ნათქვამია საიას განცხადებაში, რომელიც დღეს, პირველ მაისს გამოქვეყნდა.

კომუნიკაციის ადრესატები არიან:

  • ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი
  • გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი
  • გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტი
  • გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებების კომიტეტი
  • გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი
  • გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი
  • გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი
  • გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამებისა და სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის საკითხზე
  • გაეროს სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხზე
  • გაეროს სპეციალური მომხსენებელი გამოხატვის თავისუფლების საკითხზე
  • გაეროს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებების დამცველთა საკითხზე
  • გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოსამართლეთა და ადვოკატთა დამოუკიდებლობის საკითხზე
  • გაეროს სპეციალური მომხსენებელი თვითნებური დასჯის საკითხზე
  • გაეროს სპეციალური მომხსენებელი პირადი ცხოვრების დაცვის საკითხებზე
  • ეუთოს სამდივნო

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 953 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100]
  • ტანკი – 10 732 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 22 364 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 27 136 ერთეული [+45]
  • MLRS – 1 375 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 148 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 34 501 ერთეული [+112]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 196 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 46 750 ერთეული [+139]
  • სპეცტექნიკა – 3 869 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 54 493 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 094 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 554 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 24 263 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 773 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„გადარჩენა ნიშნავს არ გახდე იმ სისტემის ნაწილი, რომლის შექმნასაც ცდილობენ“ – ინტერვიუ

„ზოგადად, ადამიანებს შიშისა და ტერორით მმართველობის სიტუაციაში სხვადასხვა ტიპის რეაქციები აქვთ. ვიღაც გაიქცევა, რადგან თავის ადგილს ვეღარ იპოვის საზოგადოებაში, ვიღაც აბსოლუტურად დამორჩილდება სისტემას და ვიღაც, ვინც არ შეწყვეტს ბრძოლას, აღმოჩნდება ციხეში, ან შეიძლება ფიზიკურად გაანადგურონ, რადგან ადაპტაციური მექანიზმი, რომელიც ბუნებრივად, ბიოლოგიურად მუშაობს ადამიანში, ამ სამიდან ერთ-ერთი გზის არჩევისკენ გიბიძგებს.

ჩვენ არც ერთი არ გვინდა. და აქ უკვე შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ჩვენ ეს როგორმე უნდა გადავიტანოთ“ – ამბობს მაია ცირამუა, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, მწერალი.

მაია ცირამუას „ბათუმელები“ ესაუბრა პოლიტიკური კრიზისით გამოწვეულ სტრესსა და მისი დაძლევის გზებზე.

  • ქალბატონო მაია, საზოგადოების დიდ ნაწილს ფაქტობრივად უწევს საგანგებო რეჟიმში ცხოვრება. „ოცნების“ ხელისუფლებამ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო 29 აპრილს და უკვე გვიწევს იმის ყურებაც, როგორ უვარდება პოლიცია დილის 9 საათზე ფეხმძიმე ქალს სახლში, როგორ ხდებიან ბავშვები ამ ტერორის შემსწრე. როგორ შეიძლება გადარჩე ასეთ რეალობაში?

რას ნიშნავს გადარჩენა? როგორ გვესმის ჩვენ? – აქ ლაპარაკია ფიზიკურ გადარჩენაზე, კეთილდღეობის შენარჩუნებაზე, შეგუება-ადაპტაციაა გადარჩენა თუ ის, რომ გადაარჩინო შენს თავში ადამიანი, ღირსება გადაარჩინო, გადაარჩინო ფასეულობები?

პასუხი კითხვაზე – როგორ გადავრჩე, უკავშირდება ჩვენს პიროვნებას, ჩვენს ხედვებს, ჩვენს ფასეულობებს.

ჩემთვის გადარჩენა ნიშნავს დარჩე შენი თავისადმი ერთგული, არ დაკარგო ემპათიურობა, არ ჩავარდე მორალურ კოლაფსში, არ დაგვემართოს ის, რაც დაემართა ამ ქვეყანას ერთი საუკუნის წინ, არ დააბეზღო, არ გახდე დამსმენი და არ გახდე ნაწილი ამ სისტემის, როგორი სისტემის შექმნასაც ცდილობენ.

აქედან გამომდინარე, ვიღაც გადარჩება ფიზიკურად, ვიღაც გადარჩება მორალურად და გადარჩება როგორც ადამიანი.

მთავარია, რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, რა არის ჩვენი მიზანი და ამ მიზნიდან გამომდინარე გადარჩენა ნიშნავს სწორედ იმას, რომ დარჩე ერთგული შენი ფასეულობების, მორალის და შენი ქვეყნის.

იმიტომ, რომ რა არის თავისუფლება და რა არის დამოუკიდებლობა, ეს საკითხიც კი უკვე რაღაც დევალვირებულ ფასეულობათა სისტემაში შევიდა.

„სუვერენიტეტი“, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ, რეალურად, ვინც კარგად ახელს თვალს, კარგად აფასებს მოვლენებს, ხვდება, რომ ეს არის არა სუვერენიტეტი, არამედ იზოლაცია, გამოკეტვა და უკან, საბჭოთა კავშირში დაბრუნება.

ამიტომ ამ ტერორის გარდა, რომელიც არსებობს ჩვენ გარშემო, ბევრი დაბნეულობაცაა ადამიანის ცნობიერებაში, რადგან იარაღი, რომლითაც გვებრძვის რეჟიმი, ერთი – ეს არის შიშზე დამყარებული მმართველობა და მეორე – ეს არის სრული კოგნიტური მანიპულაცია, რომელსაც აწარმოებენ პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, ტროლები, ბოტები და ასე შემდეგ. ამიტომ ამის ანალიზი არის მნიშვნელოვანი, თუკი გადარჩენაზე ვლაპარაკობთ.

რაც 29 აპრილს მოხდა, რაც ხდება სასამართლო დარბაზებში, რაც მოხდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე, სრულიად შემზარავია, რადგან ადამიანი (პოლიციის ყოფილი უფროსი) ფაქტობრივად ცრუობს, ყველამ იცის და მე მგონი თვითონაც იცის, რომ სიცრუეს ამბობს და ეს ფრაზა, რომ „ისეთი ხმა იყო [ლოყაზე სილის გაწვნა იგულისხმება], რომ აქცია დაიშალა“ და ამას გიყვება მხიარული გამომეტყველებით, ფაქტობრივად, ამ დამოკიდებულებით გეუბნებიან, რომ მე შემიძლია ნებისმიერი რამე ვთქვა, ნებისმიერი რამე დაგაბრალო და მე ამის ძალა გამაჩნია.

ეს შიშის დათესვის კიდევ ერთი ინსტრუმენტია – ყველაფერი შემიძლია დაგაბრალო, ყველანაირი ისტორია შემიძლია შენზე შევქმნა და შენ თავს ვერ გაიმართლებ.

მერე კიდევ, რაც ახასიათებს ზოგადად შიშით მმართველობას და რაც ძალიან სახიფათოა და რაც ფაქტობრივად მოხდა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, ეს არის ეროზია ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობის, როგორიც არის სოლიდარობა.

ფონდების დაყადაღების და სახლების ჩხრეკის ფაქტიც კარგი მეტაფორა იყო ამ სოლიდარობის ეროზიის, რადგან ადამიანებმა, ამ ფონდებმა გამოხატეს სოლიდარობა და მათთან შედის პოლიცია მოტივით – „თქვენ საბოტაჟში ხართ ეჭვმიტანილი“.

  • დღეს „ოცნების“ რეჟიმმა ფაქტობრივად ქველმოქმედება და სოლიდარობა დანაშაულად გამოაცხადა, არა?! სისტემის რა მდგომარეობას აჩვენებს ეს?

დიახ, დანაშაულად გამოაცხადა ის, რაზეც დგას ადამიანის უმაღლესი მორალური სტანდარტი. სოლიდარობა წარმოუდგენელია ემპათიის გარეშე და ის, რომ შენ ეხმარები პატიმრის ოჯახს, ეხმარები ადამიანს, რომელსაც 500 ლარი აქვს ხელფასი, შშმ პირს, რომელსაც 5 000-ლარიანი ჯარიმა აქვს, მაშინ, როცა მისი შემოსავალი წელიწადშიც კი არ არის 5 ათასი ლარი, რა უნდა გააკეთოს ამ დროს საზოგადოებამ, არ უნდა დაეხმაროს?

შიშზე დაფუძნებულ მმართველობას აქეთკენ მიჰყავს საზოგადოება, რადგან მერე ადამიანი იწყებს ფიქრს – „მე ვერ შევეწირები სხვას“, „მე თავი მაქვს გადასარჩენი“ და ეს კლავს თანაგრძნობას, ყველაზე ძვირფას უნარს ადამიანში და ეს არის ძალიან საშიში.

გვამყოფებენ გახანგრძლივებულ კრიზისში. მთელი ეს რეპრესიები, რეპრესიული კანონები, მუდმივი ტერორის განცდა, დეზინტეგრაციას იწვევს საზოგადოების და ნორმალური ცხოვრების.

დღეს ბავშვები იზრდებიან გარემოში, სადაც პროტესტის გამოხატვა, სხვა ადამიანის თანადგომა, განსხვავებული აზრის ქონა უკვე საფრთხედ აღიქმება. ხვალ ეს ყველაფერი ამ ბავშვებს როგორ შემოუბრუნდებათ, რა თქმა უნდა, ამაზე რეჟიმი არ ფიქრობს, მაგრამ ამაზე უნდა იფიქროს საზოგადოებამ.

  • ჩვენ ვნახეთ როგორ დატოვეს ჭიათურაში ლუკმაპურის გარეშე მაღაროელები, შემდეგ კი ორი ადამიანი დააპატიმრეს, რადგან ითხოვენ სამართალს. დღეს ოლიგარქიული რეჟიმი დგას ფულზე, ამიტომ ცდილობს რეჟიმი აქტიური მოქალაქეების გაღარიბებას ჯარიმებით, რომ ისინი დარჩნენ მარტო, სოციალურად დაუცველები და სოლიდარობის გარეშე? ამით ცდილობს გატეხოს წინააღმდეგობა?

ეს არის რეჟიმის მცდელობა, მოსპოს აქტიური საზოგადოება, დაიქვემდებაროს, აქციოს მონად, მორჩილად. სიღარიბე ყველაზე კარგი ინსტრუმენტია ადამიანის დასამორჩილებლად, რადგან  შიმშილისა და უმუშევრობის შიში გაჩნდა უკვე საზოგადოებაში. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამოწურვადია ადამიანების მხრიდან სოლიდარობის და დახმარების რესურსიც, ამიტომ „მოთმინებით“ ელოდებიან ამას, რომ საბოლოო ჯამში ყველა გახადონ დაქვემდებარებული.

ზოგადად, ადამიანებს ასეთი შიშისა და ტერორით მმართველობის სიტუაციაში სხვადასხვა ტიპის რეაქციები აქვთ. ვიღაც გაიქცევა, რადგან თავის ადგილს ვეღარ იპოვის საზოგადოებაში, ვიღაც აბსოლუტურად დამორჩილდება სისტემას და ვიღაც, ვინც არ შეწყვეტს ბრძოლას, აღმოჩნდება ციხეში, ან შეიძლება ფიზიკურად გაანადგურონ.

ასე, რომ ჩვენ ძალიან სახიფათო სიტუაციაში ვართ ახლა, ადაპტაციური მექანიზმი, რომელიც ბუნებრივად, ბიოლოგიურად მუშაობს ადამიანში ამ სამიდან ერთ-ერთი გზის არჩევისკენ გიბიძგებს.

ჩვენ არც ერთი არ გვინდა. და აქ უკვე შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ჩვენ ეს როგორმე უნდა გადავიტანოთ.

  • ბრაზი როგორ მუშაობს ამ დროს?

ბრაზი განლევადია. ბრაზიც რეაქტიული რეაქციაა და ძალიან დიდი ენერგია მიაქვს ადამიანისგან. ჩვენ იმდენ რამეზე ვართ გაბრაზებული, რომ ეს ფაქტორები იწყებს ჩვენ გამოფიტვას და თითქოს რეცეპტორებიც გიჩლუნგდება.

  • თუ ყველაფერი განლევადია, მაშინ რისი უნდა ეშინოდეს რეჟიმებს?

ეს საზრისზეა დამოკიდებული. ყველაზე მთავარი, რასაც ახლა ადამიანი შეიძლება ჩაეჭიდოს, არის ის, თუ რისთვისაც ვაკეთებთ ამას და რისთვისაც ვაკეთებთ, ეს არის ძალიან ფასეული და რისთვისაც ჩვენ ასე ვიხარჯებით, ამას აქვს გადამრჩენის ფუნქცია.

ამიტომ რეჟიმი ცდილობს, რომ კოგნიტური მანიპულაციებით გამოაცალოს საზრისი ამ მიზანს.

ჩვენ რის გარშემო ვიყავით გაერთიანებული 28 ნოემბრის შემდეგ, რამ გამოიწვია ამხელა პროტესტი? ევროპასთან ინტეგრაციის ჩაშლის საფრთხე დავინახეთ ხომ? მაგრამ დღეს, რეჟიმის მიერ დევალვირებულია ეს ფასეულობა.

იმდენი იმუშავა პროპაგანდისტულმა მანქანამ, რომ სასწორის სხვადასხვა მხარეს დადო ვიზალიბერალიზაცია და პატრიოტიზმი. წარმოუდგენელია ხომ? რადგან რეალობის ინვერსიას ახდენს ფაქტობრივად ეს პროპაგანდა.

რეალობის ინვერსიაა ის, რომ დღეს ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი მშვიდობისთვის კეთდება. ადამიანს, რომელიც თავს სწირავს ამ ფასეულობებისთვის, იმისთვის, რომ ეს რუდუნებით ნაშენები ქვეყანა, რომელსაც საზღვრები, გერბი, დროშა გაუჩნდა და რუკაზე გამოჩნდა, აი, ამ ქვეყნისთვის რომ იბრძვის, იმ ადამიანს უსამშობლოს ეძახიან.

აგენტს ეძახიან ადამიანს, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის.

და პარალელურად იმდენი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რომ ადამიანი უკვე დაიღალა ინფორმაციის გაფილტვრით, სად ტყუილია და სად მართალი, ვეღარ ერკვევა უკვე ამაში.

და რას აკეთებენ კიდევ, – მორალურ გაურკვევლობას, მორალურ განურჩევლობას ქმნიან. „ვინ რა იცის სად არის სიმართლე“, – ფიქრობს ადამიანი და ეს მას მოტივაციას ართმევს.

ოპოზიციასთან, აქტივისტებთან მიმართებაში ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი ვრცელდება. ეს კეთდება იმისთვის, რომ მორალური გამოფიტვა მოხდეს. რაღაცნაირად, ადამიანისთვის გაუგებარი გახდეს, ვის მხარეს დადგეს.

ასეთი რეალობის შექმნა უნდათ.

  • ფიქრობთ, რომ აგებს სიმართლე პროპაგანდასთან?

სიმართლე აუცილებლად უნდა იყოს ყველა იმ კოგნიტური მანიპულაციის, ყველა იმ მითის საპირწონედ, რასაც რეჟიმი იყენებს.

თუ ადამიანი სიმართლეს ვერ დაინახავს, ის ვერ მიხვდება რით იმოძრაოს. როცა შენ იცი სიმართლე, იწყებ ამ სიმართლისთვის თვალის გასწორებას.

  • ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ დაიღალნენ, უჭირთ ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრის ატანა, შესაძლოა ბევრის მენტალური ჯანმრთელობაც გახდეს მოწყვლადი მუდმივი სტრესის ფონზე, როგორ შეიძლება გადაურჩეს ადამიანი გადაწვას ასეთ გარემოში?

ვერავინ ვერ იქნება მუდმივად შემართული, ყველა ემოცია არის ლეგიტიმური. დიახ, დაიღლები, დიახ, იმედს დაკარგავ, შეიძლება ფიზიკური პრობლემებიც გაგიჩნდეს, მაგრამ უნდა იცოდე, როგორ იზრუნო საკუთარ თავზე. ძალიან ბევრი ადამიანი არ აძლევს საკუთარ თავს ამოსუნთქვის საშუალებას, ერთი მეორეს უყიჟინებს – „არ გაქვს უფლება დაისვენო, შენ ბრძოლის ველზე უნდა იყო“, მაგრამ ადამიანს სჭირდება ამოსუნთქვა.

უდაბნოს ვერ გაივლი, თუ ოაზისს არ იპოვი და ასეთი ოაზისები აუცილებლად უნდა გვქონდეს.

  • ამის დროს გვაძლევს რეჟიმი? ზოგჯერ იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები…

ცხადია, ეს გათვლილი აქვს რეჟიმს, მაგრამ ომის დროსაც კი როტაცია ხდება ადამიანების. ვიღაც წინა ხაზზეა, ვიღაც ზურგში გადმოდის. ძალების გადანაწილებაზე შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ამაზე ბევრი ფაქტიც არსებობს, ბევრი კვლევაც არსებობს, მაგრამ ფაქტობრივად ეს არის კონსოლიდაცია, სოლიდარობა საზოგადოებაში, თვითზრუნვა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფის დონეზე და ის, თუ რისთვის იბრძვი, რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს.

და იდეაა აქ მთავარი მედროშე. შეუპოვარი იდეის ერთგულებაა, რაც საბოლოო ჯამში გამოფიტავს ხოლმე რეჟიმებს. მარტო ჩვენ არ ვიფიტებით, ისინიც იფიტებიან.

რაღაც ეტაპამდე, როცა მათ ხელშია ძალაუფლება, ყველა ინსტრუმენტი, ისინი ახერხებენ თავიანთი ფრუსტრაცია გადაფარონ სისასტიკით და ჩვენ ახლა ამ პროცესში ვართ.

ზოგჯერ მორალურ კოლაფსს ყველა ვერ უძლებს, ვიღაცას ეს ანგრევს, ვიღაცას შვილი აუმხედრდება და თანდათან გამოფიტვას ექვემდებარება ორივე მხარე.

ჩვენ გვაქვს იდეა, მათ არ აქვთ. ჩვენ გვაქვს საზრისი, რომელიც არის ძალიან მომხიბვლელი, ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ისე მოხდა, რომ ამ ეპოქამ და ამ დრომ, რაც ხდება ახლა საქართველოში, ყველაფერი გააცოცხლა, რაც ისტორიის წიგნებში, რაც მხატვრულ ლიტერატურაში წაგვიკითხავს.

გაცოცხლდა სიტყვა „გმირობა“, გაცოცხლდა სიტყვა „ღალატი“, ყველა სიტყვა ნამდვილი გახდა, ყველა სიტყვამ თავისი საზრისი მოიტანა და რა თქმა უნდა მოიტანა იდეა, რომ ეს ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ.

რა თქმა უნდა, ვიღაცებს უნდათ, რომ ჩვენ ქვეყნის გადარჩება გვესმოდეს როგორც მონობა, მორჩილება, რუსეთის უკანა ეზოდ ქცევა, მაგრამ რეალურად, როცა საკუთარ თავთან რჩება ადამიანი, ყველა ხვდება, რა თამაშს თამაშობს ის დღეს და ყველა მოთამაშე არ დარჩება იმ თამაშში, რასაც დღეს რეჟიმი გვთავაზობს.

ამიტომ ჩვენი მთავარი საზრისი ყოველთვის იქნება გზამკვლევი ამ ომში, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ვიბრძვით სიმართლისთვის, დემოკრატიისთვის და რაც უფრო მეტად ცდილობენ ამ ხატების დამახინჯებას, მით უფრო მეტად იმატებს სურვილი, რომ ეს ქვეყანა გადაარჩინო.

ბათუმის მერია სანაპიროზე 300 ათასი ლარად საგუშაგოებს მოაწყობს და შსს-ს გადასცემს

ბათუმის მერია ზღვისპირა ზოლში სტაციონალურ საგუშაგოებს მოაწყობს და მათ შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველო სამსახურს გადასცემს. 10 საგუშაგოს მოწყობაში ქალაქის ბიუჯეტიდან 300 ათასამდე ლარი დაიხარჯება.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 390 ათას 243 ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2025 წლის 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. გამარჯვებულმა 10 ჯიხური ივლისამდე უნდა მოაწყოს.

რატომ იხარჯება სამაშველო ჯიხურებში ფული ქალაქის ბიუჯეტიდან და რატომ არ აწყობს მათ შსს? სად უნდა განთავსდეს ეს ჯიხურები? რა პირობებით გადაეცემა ისინი შსს-ს? შეთანხმებულია თუ არა დაგეგმილი სამუშაოები ბათუმის ბულვართან და პასუხობს თუ არა ამ ჯიხურების დიზაინი ბულვარის გენგეგმას? – ამ და სხვა კითხვებზე კონკრეტული პასუხები „ბათუმელებმა“ ამ დრომდე ვერც ბათუმის მერიის სამმართველოდან მიიღო და ვერც ბულვარის ადმინისტრაციისგან.

„სამუშაოს შესრულების კონკრეტული ადგილები/მისამართები შემსყიდველის მხრიდან წერილობითი ფორმით გაეგზავნება მიმწოდებელს“ – აღნიშნულია ტენდერის პირობებში. ამასთან, „შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 24 თვეს სამუშაოების დასრულებიდან“.

ქალაქის სამმართველოს ტენდერის მიხედვით საგუშაგოები იმ პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, რომელი პროექტითაც ტენდერი 2019 წელს ბულვარის ადმინისტრაციას ჰქონდა გამოცხადებული. ბულვარმა მაშინ 5 საგუშაგო შეისყიდა და შსს-ს გადასცა.

ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საგუშაგოები შსს-ს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით შენდება“ და მათ მერიისთვის პროექტი არ გადაუგზავნიათ. დოკუმენტების მიხედვით აღნიშნული პროექტის მესაკუთრე შინაგან საქმეთა სამინისტროა. „საგუშაგოები ალბათ შსს-ს გადაეცემა“ – გვითხრეს მერიის სამმართველოში.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 2019 წელს ხუთ ცალ საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო შენობაში [კოშკურაში] 118 ათას 835 ლარი გადაუხადა ტენდერში გამარჯვებულ შპს „ნიკას“. ტენდერი ბულვარს 150 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ნახეთ ამ თემაზე: 

ბათუმის ბულვარი სანაპიროზე სამაშველო სამეთვალყურეო კოშკურებს ააშენებს

 

მთავარ ფოტოზე: საგუშაგო კოშკი ბათუმის სანაპიროზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

Exit mobile version