დღეს, 12 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ „ციალა ქათამიძის საქმის“ მოწმეებს მოუსმინა.
მოსამართლემ უარი თქვა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე.
ციალა ქათამიძე 2025 წლის 11 იანვარს, ირაკლი დგებუაძემ, ბათუმის პოლიციის უფროსმა დააკავა. აქტივისტის დაკავების ოქმი, მზია ამაღლობელის ოქმის მსგავსად, პოლიციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს. კერძოდ, ციალა ქათამიძის დაკავების ოქმში, წერია, რომ თითქოს აქტივისტი ირაკლი დგებუაძეს არ დაუკავებია. ეს მაშინ, როცა ვიდეო მტკიცებულებაში ჩანს, როგორ აკავებს ციალა ქათამიძეს ირაკლი დგებუაძე.
ციალა ქათამიძე სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის დამფუძნებელია. იგი იანვარს დააკავეს საჯარო სივრცეში, ასფალტზე სტიკერის გაკვრისთვის – „იფიცება საქართველო“. თუმცა, გაყალბებული ადმინისტრაციული ოქმის მიხედვით, ციალა ქათამიძე 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, ის თითქოს პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას, მაშინ, როცა ციალა ქათამიძის დაკავების ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ქათამიძე შეურაცხყოფას არ აყენებს პოლიციელებს და არც წინააღმდეგობას უწევს დაკავებისას.
ვიდეოჩანაწერში ისმის, რომ ციალა ქათამიძეს ირაკლი დგებუაძე სახელით მიმართავს, ეუბნება, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევაა და აკავებს. ცნობისთვის – 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციელს არ აქვს.
მთავარი მოწმეები ამ საქმეში პოლიციელები არიან.
„პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოხდა მისი დაკავება,“- უთხრა მოსამართლეს სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა პოლიციელმა, ირაკლი სურმანიძემ.
პოლიციელების მტკიცებით, ციალა ქათამიძე ირაკლი დგებუაძემ კი არ დააკავა, არამედ განარიდა, თუმცა არ იციან, განრიდებაზე შესაბამისი დოკუმენტი არსებობს თუ არა.
„შენობაში როგორ მოხვდა?“- პოლიციელს მიუბრუნდა მოსამართლე.
„სტიკერი გააკრა და უთხრეს, რომ არ უნდა გაეკრა… შენობაში შეიყვანა, როგორც ვიცი, ირაკლი დგებუაძემ,“- თქვა მოწმე პოლიციელმა, ირაკლი სურმანიძემ. მისი ვერსიით, სტიკერის გაკვრამდე ციალა ქათამიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, მაგრამ მაშინ არ დააკავეს, რადგან აქციაზე დაძაბული სიტუაცია იყო, განრიდების დროს კი, პოლიციელებმა ციალა ქათამიძის ადმინისტრაციული წესით დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს.

პოლიციელი ირაკლი სურმანიძე
„რა მიზნით დააკავეთ? დაკავების მიზანი უნდა იყოს სამართალდარღვევის აღკვეთა, ეს თუ იცით?”- პოლიციელს ამჯერად საიას იურისტმა, ირმა აბაშიძემ დაუსვა შეკითხვა. საია სასამართლოში ციალა ქათამიძის ინტერესებს იცავს.
„აღარ იყო საფრთხე დაპირისპირების…“- პოლიციელს უხერხულობა დაეტყო, თითქოს მე რა შუაში ვარო. მან ისევ სცადა იმის ახსნა, რომ ციალა ქათამიძე ირაკლი დგებუაძეს არ დაუკავებია.
„რომელ ოთახში დამაკავეთ?“- ჰკითხა პოლიციელს თავად ციალა ქათამიძემ.
„მეორე ოთახში,“- პაუზის შემდეგ თქვა მოწმემ. ციალა ქათამიძის იგივე შეკითხვაზე მეორე მოწმე პოლიციელს – ირაკლი მესხიძეს ანალოგიური პასუხი არ გაუცია: „შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს,“- თქვა მოწმემ.
„იყო შეურაცხმყოფელი შეძახილები: რეჟიმის მონებო, მილიციონერებო, რუსების მონებო… არაერთხელ მოვუწოდე მე პირადად ციალა ქათამიძეს შეეწყვიტა პოლიციელების ლანძღვა-გინება,“- უთხრა მოსამართლეს კიდევ ერთმა მოწმე პოლიციელმა, ირაკლი მესხიძემ.

პოლიციელი ირაკლი მესხიძე
„ეს სიტყვები არათუ პოლიციელებისთვის, საერთოდ არავისთვის მითქვამს ცხოვრებაში,“- გაცხარდა ციალა ქათამიძე.
„ერთი ვიდეო კადრი მაჩვენეთ, სადაც მე ან აქციის რომელიმე მონაწილე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციელს, ერთი კადრი წარმოგედგინათ“ – შსს-ს წარმომადგენლებს გადახედა აქტივისტმა.
დაცვის მხარე ამ საქმეში შსს-გან ითხოვდა პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერების წარმოდგენას, თუმცა ეს ჩანაწერი, ან ვიდეომტკიცებულება, რაც ციალა ქათამიძის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას დაადასტურებდა, შსს-ს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
„სტიკერის დაკვრა ქვაფენილზე არის სამართალდარღვევა? შსს ოლიგარქის დავალებას ასრულებს და ამიტომაც დავდექით მოქალაქეები აქციაზე… სამართალი ურმით დადისო, ჩვენმა წინაპრებმა თქვეს და სამართლის დრო აუცილებლად დადგება“ – მოსამართლეს მიმართა ციალა ქათამიძემ და გაიხსენა დაკავების შემდეგ პოლიციელებს როგორ ჰკითხა – რომელიმეს შეურაცხყოფა მოგაყენეთო?
„გოჩა ვანაძემ [ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე] მიპასუხა, შაბლონი გვაქვს ასეთიო… ამიტომაც არ მინდა ასეთი ქვეყანა, სადაც პოლიციელები შაბლონით მოქმედებენ და არა კანონის მიხედვით,“- დასძინა ციალა ქათამიძემ.
მოწმე პოლიციელებს გაუჭირდათ დროს დასახელება კითხვაზე – რა დრო გავიდა მას შემდეგ, როცა ციალა ქათამაძემ პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ სტიკერი გააკრა?
„დროის შეგრძნება დაკარგული მქონდა, ხან ერთ ადგილას ვიყავი, ხან მეორე ადგილას,“- თქვა პოლიციელმა ირაკლი მესხიძემ.
„რომ იცოდეთ, დამნაშავე მეგობარი მე არ მყავს,“- დარბაზიდან მიმართა მოწმე პოლიციელს მოქალაქე თედო ზოიძემ, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრებოდა. მასთან მანდატურები მივიდნენ.
„გაძევებული ხართ, აღარ დაგიშვებთ“, – უთხრა მოქალაქეს მოსამართლემ.
„ოჰ, აი, დარდი“- მოსამართლისთვის რეპლიკის მიძახება მოასწრო თედო ზოიძემ, ვიდრე მას სასამართლო სხდომის დარბაზს დაატოვებინებდნენ.
მოსამართლის ხმას დღევანდელ პროცესზე ხშირად ფარავდა სასამართლოს შენობის ფასადის რეაბილიტაციის ხმაური. მოსამართლეს დარბაზიდან სთხოვეს მიკროფონთან ახლოს ესაუბრა.
„შევეცდები უფრო ხმამაღლა ვისაუბრო“- გამოსავალი იპოვა მოსამართლემ მას შემდეგ, როცა მანდატურებმა დარბაზს ანიშნეს, მიკროფონით მხოლოდ ხმა იწერება, ხმის გამაძლიერებლები კი არ მუშაობსო.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა დაცვის მხარის მოწმეს, აკაკი გვიანიძესაც, ასევე ნახეს ვიდეო ჩანაწერები, სადაც მკაფიოდ ჩანს: ციალა ქათამიძეს ასფალტის საფარზე სტიკერის გაკვრისთვის ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი აკავებს.
სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში, სადაც ყველაზე გახმაურებული და რეზონანსული საქმეები განიხილება, სასამართლო ამ დრომდე ვერ ახერხებს იმას, რომ მინიმუმ მოსამართლის ხმა ყველას ესმოდეს.
შემდეგ სხდომაზე, რომელიც 27 მარტსაა ჩანიშნული, მოსამართლე ციალა ქათამიძის ოქმის შემდგენ პოლიციელს მოუსმენს, ასევე სამართალდამცველს, რომელმაც პატაკი შეადგინა.
მოსამართლე სალიხ შაინიძემ უკვე თქვა, რომ შემდეგ სხდომაზე ამ საქმეზე გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებს.
_________________
მთავარ ფოტოზე: ციალა ქათამიძე საიას ადვოკატებთან: თამარ წულუკიძესთან და ირმა აბაშიძესთან ერთად – 12 მარტი, ბათუმის საქალაქო სასამართლო. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე
ნახეთ ამ თემაზე: