საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ დღეს, 3 მაისს, გამთენიისას, მის სახლთან დაპირისპირება და სროლა იყო.
„სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე რეაქცია არ მქონია…
ამ ღამეს მომხდარი ამბები უშუალოდ ჩემ ფანჯრების წინ სხვანაირად დამაფიქრებელია:
დილის 4:20 წუთზე რომ ატყდება გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში და უშუალოდ ჩემ სახლის წინ აურზაური, დაახლოებით 40 კაციანი ჯგუფის ერთმანეთში მუშტი-კრივი, წივილ-კივილი და ბოლოს იარაღის გამოყენება (8 ტყვია – ერთი ჩემს ეზოში), ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია.
ეს ქალაქის ცენტრია, სადაც კაფე-ბარები გვიანამდე მუშაობს, სადაც ახალგაზრდები ღამით სეირნობენ, უცხოელების დიდი რაოდენობა ირევა, სადაც ღამის თვითმფრინავებით ჩამოსული ტურისტები სასტუმროებში ბინავდებიან… ამ დროს ასეთი ამბავი, ხმაური, სროლა და მთელ ამ მოვლენების დროს არც ერთი პოლიციელი!!! დილის 9 საათამდე… როცა გამოცხადდა პატრული, ისიც საავადმყოფოს შეტყობინების საფუძველზე, სადაც დაჭრილი ადამიანები თვითონ გამოცხადდნენ“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილი პოსტთან ერთად აქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც, მისივე თქმით, სროლის ადგილებია შემოსაზღვრული.





