საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ევროპასთან უვიზო მიმოსვლას გინებით გამოეხმაურა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრი ირაკლი დარცმელიძე, საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ასე გამოეხმაურა:

„მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი, ხშირად მესმის ეგ ფრაზა. მე ასე ვიტყვი, მე ვარ ქართველი და ამით ყველაფერი ნათქვამია. მ…ტ ლგბტ ევროპა. შეშფოთებული ამერიკის და ვითომ ერთმორწმუნე რუსეთის დედაც…“

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ბორდში, ირაკლი დარცმელიძის კანდიდატურა „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით იყო წარდგენილი, თუმცა აჭარის უმაღლესმა საბჭომ მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

ბორდში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით წარდგენილმა კიდევ ერთმა კანდიდატმა, ბეჟან გობაძემ და ირაკლი დარცმელიძემ სასამართლოს მიმართეს. ირაკლი დარცმელიძის უფლებამოსილება უმაღლესმა საბჭომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, 2015 წლის მაისში ცნო.

როგორც „ბათუმელებისთვის“ არის ცნობილი, ირაკლი დარცმელიძის კანდიდატურა თავის პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობას“  სწორედ უმაღლესი საბჭოს წევრმა პეტრე ზამბახიძემ შესთავაზა. პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ ის ევროპული ღირებულებების მატარებელია და მისთვის მსგავსი განცხადებები მიუღებელია.

„მე მოვუწოდებ ხოლმე ჩემს კოლეგებს, უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომ სოციალურ ქსელებში არ გააკეთონ კერძო შეფასებები, რადგან კერძო შეფასებები არ არის პოლიტიკოსის საქმე და არის დამღუპველი ქვეყნისთვის. რაც შეეხება დარცმელიძეს, მე არ ვიცი ნამდვილად მან გამოაქვეყნა თუ არა ეს პოსტი“.

 

1414734_921308044626713_1958024427_n

კვების დეფიციტი საქართველოში

დღეს 19 დეკემბერს ბათუმში, სასტუმრო „დივანში“ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ კვების დეფიციტის პრობლემაზე სემინარი  გაიმართა.  ბავშვთა ფონდის კვლევების მიხედვით, დღეს საქართველოში მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი კვების დეფიციტს განიცდის.

სპეციალისტების თქმით, კვების დეფიციტს მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსალეობა არ განიცდის. კვების დეფიციტს იწვევს არაჯანსაღი, დაუბალანსებელი კვება, რის შედეგადაც ორგანიზმში მიკროელემენტების  დეფიციტი ჩნება.

რას ნიშნავს ნუტრიციული ანუ კვების დეფიციტი?  გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტის თამარ უგულავას განმარტებით, როდესაც ვსაუბრობთ სურსათის ანუ საკვების დეფიციტზე და კვების დეფიციტზე, ეს ორი ტერმინი ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ.

„სურსათის დეფიციტი ნიშნავს საკვებ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ კვების დეფიციტზე, ამ შემთხვევაში ვლაპარაკობთ იმ მნიშვნელოვანი ელემენტების ვიტამინების და მიკროელემენტების ნაკლებობაზე, რომელიც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი და რომლის ნაკლებობასაც კვებით დეფიციტამდე მივყავართ. კვებითი დეფიციტი კი არის ის პრობლემები და დაავადებები, რომლებიც ჩვენდება ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობის შედეგად“- ამბობს თამარ უგულავა.

თამარ უგულავას თქმით, იყო შემთხვევები როცა კვების დეფიციტი განხილული იყო როგორც შიმშილი, რაც არასწორია.

„ადამიანმა შეიძლება მიიღო ნახშირწყლებით მდიდარი საკვები დიდი ხნის განმავლობაში, რის შედეგადაც მას შეიძლება განუვითარდეს კვების (ანუ ნუტრიციული) დეფიციტი, მაგრამ ის ადამიანი არ იშიმშილებს და იქნება ნახშირწყლებით გაჯერებულ საკვებზე. მაგრამ კვებითი დეფიციტის დროს, ორგანიზმი მოკლებულია ყველა საჭირო ვიტამინდა და მიკროელემენტს. ბუნებრივია რომ გარკვეული კავშირი შიმშილსა და კვები დეფიციტს შორის არსებობს, რადგან საჭირო მიკროელემენტები და ვიტამინებით არ მარაგდება  ორგანიზმი,  თუმცა ამ ტერმინს შორის განსხვავება მაინც არსებობს“.

რა პრობლემებამდე მიჰყავს ადამიანი ორგანიზმითვის საჭირო მიკროელენეტების ნაკლებობას და რა საკვები უნდა იყოს განლაგებული თეფშზე, რომელსაც დღის განმავლობაში ვიღებთ?

პედიატრის მაია ხერხეულიძის განმარტებით, საქართველოში რომელიც ძრითადად ხილისა და ბოსტნეულის ქვეყანაა, კვლევამ აჩვენა რომ მოსახლეობის დიდი ნაწილში ბოსტნეულის მოხმარება არის მინიმალური. „ამ დროს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ბოსტნეული გარდა იმისა, რომ ნახშირწყლებით არის მდიდარი, მიკროელემენტებითაც ყველაზე მდიდარია. ამ ნაწილის ამოღება რაციონიდან შეიძლება სერიოზულ პრობლემას ქმნიდეს“.

პედიატრის განმარტებით ნიშვნელოვანია ასევე ბოსტნეულის და ხილის დამუშავების ტექნოლოგია რომ  დარჩეს მასში ვიტამინების და მიკროელემენტების რაოდენობა.

მაია ხერხეულიძის თქმით, გარდა აღნიშნული პროდუქტებისა ორგნიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნია ცილების მიღება, რომელიც წარმოადგენს ორგანიზმის საშენ მასალას.

„ცილოვან საკვებს მიეკუთვნება ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები და ამავე ჯგუფში შედის თხილი, ნიგოზი, არახისი და მზესუმზირა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რძე და რძის პროდუქტები.

პირველ საფეხურზე უნდა განვალაგოთ ხილი და ბოსტნეული, შემდეგ მარცვლეული პროდუქტები, ცილოვანი პროდუქტები და რძის პროდუქტები, სულ ბოლოს კი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები“.

პედიატრის თქმით, ჯანსაღი კვების კულტურა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხმძიმობის დროს, რადგან სწორად მოხდეს ნაყოფის განვითარება. „ორსულობის პირველ ეტაპზე აუცილებელია ორსულმა მიიღოს ფოლიუმის მჟავა და რკინა, რადგან სწორად მოხდეს ნაყოფის ფორმირება.

კვლევის მიხედვით საქართველოში ყოველ მეხუთე ბავშვს რკინის დეფიცი აქვს, რომელიც განპირობებს ბავშვის ზრდას და მის განვითარებას.

რკინის დეფიციტი მთელ მსოფლიოში ორ მილიონ ადამიანს აღენიშნება, რისკის ჯგუფს წარმოადგენს ჩვილი და სამ წლამდე ასაკის ბავშვი, მოზარდი გოგონები და ოსრული ქალები. თუ ჩვენ სწორად არ დავიწყეთ ჯერ ნაყოფის და შემდეგ ბავშვის ორგანიზმის რკინით მომარაგება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს რკინის დეფიციტი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბავშვის გნვითარებას“.

სპეციალისტის თქმით, რკინა მონაწილეობს თავის ტვინის გარსების ფორმირებაში, ამიტომ მისი დეფიციტის შემთხვევაში სახეზე გვაქვს მეხსიერების დარღვევა, მეტყველების, კითხვის და მეტყველების,  ყურადღების პრობლემები. ასევე, ძილიანობა დ აპატია რომელიც შემდგომში აისახება სწავლაზე.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის შედეგები [ვიდეო]

დღეს ბათუმის თვითმმართველობაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

ბათუმის ტერიტორიაზე არსებული, დაახლოებით 250-მდე შენობა-ნაგებობის ინვენტარიზაციის პროექტის სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “გეოგრაფიკმა“განახორციელა.

სპეციალისტები ძეგლების ინვენტარიზაციასა და შენობების კონსტრუქციულ, არქიტექტურულ, სამართლებრივ და მხატვრულ-ისტორიული ღირებულებების შეფასებაზე ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. 

 სპეციალისტების რეკომენდაციით, პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა გაუუქმდეს 13 ობიექტს, რომლებიც ფიზიკურად აღარ არსებობს,222-ს შეუნარჩუნდა ძეგლის სტატუსი. გარდა ამისა, კიდევ 42 ობიექტს, ექსპერტების აზრთ, უნდა მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მათ შორის არის მემედ აბაშიძის გამზირიზე 17 ნომერში არსებული კინოთეატრი აპოლოს შენობა. ასევე საცხოვრებელი სახლები: 

Jpeg
Jpeg
Jpeg

კომპანია “გეოგრაფიკის“ დირექტორი გიორგი გოცირიძის თქმით, კულტურული ძეგლების სიაში არსებულ 179 ობიექტს რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ესაჭიროება, 3 ობიექტს კონსერვაცია, 14 ობიექტს რესტავრაცია-რეკონსტრუქცია/ადაპტაცია და კიდევ 68 ობიექტი საჭიროებს მცირე რეაბილიტაციას.
სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი დაიხარჯა.

სფფ-ს ხელმძღვანელები ბათუმში კლუბების ხელმძღვანელებს ხვდებიან

ბათუმში „სასტუმრო“ კოლიზეუმში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებისა და უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტების დახურული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე სფფ-ს ხელმძღვანელობის სრული შემადგენლობა იმყოფება: სფფ-ს პრეზიდენტი ლებან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები ნიკოლოზ ჯღარკავა და კახა ჭუმბურიძე.

როგორც პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს შეხვედრაზე ფეხბურთში არსებულ ხარვეზებსა და მომავალი გეგმებზე ისაუბრებენ, მომავალში კი ამ ფორმატის შეხვედრები რეგიონებში პერიოდულად გაიმართება.

შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდება.

 

 

სფფ-ს ხელმძღვანელობასა და უმაღლესი კლუბების ხელმძღვანელების შეხვედრა ბათუმში | 18 დეკემბერი, 2015

 

ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა

ბათუმის ცენტრში, ვაჟა-ფშველას ქუჩაზე, კერძო კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უნებართვოდ, კანონდარღვევით, ორი კვირის წინ დაანგრია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, რომლის უშუალო მოვალეობაა ძეგლების დაცვა, სახლი დანგრევას ვერ გადაარჩინა, იმის მიუხედავად, რომ ნგრევა რამდენიმე თვეს გრძელდებოდა. საქმეს პროკურატურა იძიებს, არასამთავრობო ორგანიზაციები კი ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება სააგენტოსაც.

ბათუმში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული სახლის დანგრევას რომ აპირებდნენ, ამის შესახებ წელს, აპრილში გახდა ცნობილი. ამ სახლში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს შპს „სლავა 2015“ მოელაპარაკა, სახლი მობინადრეებისგან დაცალა და დემონტაჟი მერიის ნებართვის გარეშე დაიწყო, რვასართულიანი კორპუსის ასაგებად.

ეჭვი, რომ კომპანიას უკვე ზეპირი შეთანხმება ჰქონდა მერიისგან და ამიტომაც დაიწყო სახლის დემონტაჟი, მაშინვე გაუჩნდათ კულტურული მემკვიდრეობის ქომაგებს. მაშინ ამბობდნენ, რომ არა ზეპირი შეთანხმება, ქალაქის ცენტრში, სადაც ფასადზე კონდიციონერის მიმაგრებაც კონტროლდება, კერძო კომპანია სახლის დემონტაჟს ვერ გაბედავდა.

ვაჟა-ფშაველას #13
ვაჟა-ფშაველას #13

ბათუმის მერიამ მაშინ დემონტაჟი შეაჩერა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მირანდა ჩარკვიანმა კი ფეისბუქზე, ჯგუფ „ბათომში“, სადაც კულტურული მემკვიდრეობის თემატიკით დაინტერესებული ადამიანები წერენ, ჯგუფის წევრებს მიმართა, ერთად მისულიყვნენ და ადგილზე შეესწავლათ ვითარება.

სახლის დაცვას ორი გარემოება ართულებდა: პირველი ის, რომ სახლს არ ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი [ამ სტატუსს შენობას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ანიჭებს] და მეორე – სახლში მცხოვრებთა პროტესტი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ შენობაში ცხოვრება გაუსაძლისია, მათ ინტერესებში იყო ამ ადგილას კორპუსის აშენება და ახალი ბინების მიღება.

ამ ამბიდან დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ, 7 ივლისს, ვაჟა-ფშაველს #13-ში მდებარე სახლს ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა, ანუ მისი კულტურული ღირებულება და დაცვის აუცილებლობა აღიარა. ძეგლის სტატუსი საკმარისი უნდა ყოფილიყო სახლის დასაცავად, თუმცა ასე არ მოხდა. ივლისიდან ნოემბრამდე, ხუთი თვის მანძილზე, სახლს თანდათან მოხადეს სახურავი, მოანგრიეს შიდა კედლები, მოხსნეს მოაჯირი და ოქტომბერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან მხოლოდ ფასადის კედელი დარჩა. შპს „სლავას~ წარმომადგენელმა, მურმან ჯინჭარაძემ „ბათუმელებთან~ აღნიშნა, რომ მოაჯირი სარესტავრაციოდ ჰქონდა წაღებული და ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოც იყო ინფორმირებული. „ჩვენ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე არაფერს ვაკეთებთ“, – უთხრა მაშინ „ბათუმელებს“ კომპანიის წარმომადგენელმა.

ნოემბრის ბოლოს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნანგრევებიღა იყო დარჩენილი.

ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას
ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას

ვინ არის პასუხისმგებელი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი პროკურატურისთვის მიმართვას ამზადებს. საია იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს, რომელთაც ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევაში მიუძღვით წვლილი. მიმართვაში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პასუხისმგებლობაზეც იქნება საუბარი, რომელმაც ქალაქის ცენტრში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა ვერ უზრუნველყო.

„აქ იქნება ყველა იმ პირზე პასუხისმგებლობა, ვინც ვალდებული იყო დაეცვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ძეგლთან მიმართებაში გარკვეული ღონისძიებები, რაც იწვევდა მის დაზიანებას და ნგრევას. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ჩვენი ინფორმაციით, შემოიფარგლებოდა მხოლოდ გარკვეული სახის შენიშვნით და გაფრთხილებებით, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლით, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კულტურული მემკვიდრეობა დაიცვა?! სახეზეა არათანმიმდევრული მოქმედება სააგენტოს მხრიდან. გამოძიების ეტაპზე უნდა დადგინდეს, ეს გულგრილობა იყო თუ არა კულტურული მემკიდრეობის ძეგლის დაზიანებისა და ნგრევის განმაპირობებელი. გულგრილობას რომ ჰქონდა ადგილი, ეს სახეზეა, მაგრამ ხარისხობრივი მაჩვენებელი უკვე გამოძიებით უნდა დადგინდეს“, – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი.

სანამ საია მიმართვას ამზადებს და მტკიცებულებებს აგროვებს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უკვე მიმართა პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით. სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ სააგენტომ ყველაფერი გააკეთა ძეგლის დასაცავად და მისი მისამართით კრიტიკა უსაფუძვლოა.

„260 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ბათუმში, მე არ მყავს ცოცხალი ძალა, რომ მესაკუთრეებისგან დასაცავად შენობებს დავუყენო დაცვა. ის, რომ ვიღაც ბულდოზერით მიადგა შენობას და გადაურა… თუ ვინმე მეტყვის, რომ ყოველდღე მკვლელობა რომ ხდება, რატომ წინასწარ თავს ვერ ვიზღვევთ და რატომ ვერ ვაკეთებთ ისე, რომ არ მოხდეს, ცოტა რთულია. დანაშაული ხდება ქვეყანაში და მოხდა დანაშაული. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და მე ზუსტად ვიცი, გავაკეთე მაქსიმალური და რაც არ უნდა გამაკრიტიკონ, ის ცენზურა, რაც მე საკუთარი თავისთვის მაქვს, ამაზე მეტს ვერ ჩამირთავს ვერავინ. მე ძალიან ვბრაზობ იმ ადამიანებზე, ვინც ეს გააკეთა და ბოლომდე მივყვები ამ საგამოძიებო პროცესს, მაგრამ თავს რომ ვადანაშაულებდე, არ მაქვს ეს განცდა. მაქსიმალურად ყველაფერი გვაკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო“, – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

მირანდა ჩარკვიანის თქმით, მას ხშირი სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა შპს „სლავას~ ხელმძღვანელთან და მისგან ძეგლის რეაბილიტაციის პროექტის დროულად მიწოდებას ითხოვდა. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირად საუბარში კომპანია სააგენტოსგან დემონტაჟის უფლებასაც ითხოვდა: „ოფიციალურად არ მოუმართავს კომპანიას, მე ვუთხარი, რომ ამის მოთხოვნას აზრი არ ჰქონდა, რადგან არ მივცემდით ამის უფლებას. როდესაც მე დავუკავშირდი კომპანიას [შპს „სლავა 2015~] და ვთხოვე დაეჩქარებინათ ძეგლის რეაბილიტაციის პროექტის წარმოდგენა, რომლის წინასწარი ესკიზი საბჭომ შეითანხმა, მითხრეს, რომ მიმართეს ეროვნულ სააგენტოს სტატუსის მოსახსნელად. მე თვითონ დავუკავშირდი სააგენტოს და ვკითხე, ჰქონდათ თუ არა ამ თემაზე გადაწყვეტილება მიღებული. სააგენტომ თქვა, რომ გადაწყვეტილება იყო უარყოფითი და წერილობით შეტყობინებას მიიღებდა განმცხადებელი ამის შესახებ. აქედან რამდენიმე დღეში უკვე მოხდა ის, რაც მოხდა – შენობას გადაუარეს ბულდოზერით.“

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მცდელობას არასაკმარისად მიიჩნევს ნათია აფხაზავა, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და საზოგადოება „ბათომის“ წევრი.

„სააგენტოს უფრო ეფექტური მექანიზმი და გზები უნდა გამოეყენებინა ძეგლის დასაცავად. კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ თუ მესაკუთრესთან ვერ ხერხდება კომუნიკაცია სასამართლოს გზით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შეუძლია მიიღოს ნებართვა და შეაჩეროს სამუშაოები, რომელიც სტატუსის მქონე ძეგლს აზიანებს. ამავე დროს, სააგენტოს შეეძლო შუალედური დაჯარიმების გზით შეეჩერებინა ეს პროცესი და გადაერჩინა ძეგლი. ჩვენი ინფორმაციით, ასეთი ღონისძიებები სააგენტოს არ გაუტარებია. რაც შეეხება უშუალოდ სააგენტოს პასუხისმგებლობას, აქ შეიძლება დადგეს უფრო თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ზემდგომმა ორგანომ უნდა შეისწავლოს საკითხი და ადმინისტრაციული წესით მოხდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გარკვეული პასუხისმგებლობის დაკისრება“, – ამბობს ის.

საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებლის შოთა გუჯაბიძის თქმით, სააგენტომ მთელი ამ ხნის მანძილზე იცოდა, რომ ძეგლის დემონტაჟი გრძელდებოდა: „ეს თემა იხილებოდა ძეგლთა დაცვის საბჭოში, ამაზე იწერებოდა „ფეისბუქში“, შუქდებოდა მედიაში… ფაქტია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაინგრა, რისი თანამონაწილეც არის სააგენტო თავისი უმოქმედობით თუ გულგრილობით. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ სისტემატური კავშირი ჰქონდა კომპანიის წარმომადგენელთან. კომპანიის წარმომადგენელმა თქვენს გამოცემასთან აღნიშნა, რომ რასაც აკეთებს, ყველაფერს ათანხმებს სააგენტოსთან. თუ ის კაცი ტყუის, აგებინოს მაშინ სააგენტომ პასუხი ცილისწამებისთვის.

ოქტომბრის შუა რიცხვებში, ჩემი აზრით, ვაჟა-ფშაველას #13-ში უკვე სისხლის სამართლის დანაშაული იყო ჩადენილი. შენობის იმდენად ღირებული ნაწილი განადგურდა, ამას შეიძლებოდა მისცემოდა ძეგლის შეგნებულად განადგურების კვალიფიკაცია. სააგენტო შეიძლებოდა აქტიურად ჩარეულიყო, ამისთვის მას დაახლოებით ორი თვე ჰქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა. საზოგადოება „ბათომი“ აპირებდა ამის გაკეთებას, გამოვითხოვეთ ყველანაირი დოკუმენტაცია, რომ სარჩელი შეგვეტანა. ბოლო დოკუმენტი მოგვივიდა სახლის საბოლოო დანგრევამდე ორი-სამი დღით ადრე, შესაბამისად, ვერ მოვასწარით მიგვემართა სამართალდამცავებისთვის.“

ვაჟა-ფშაველას #13, ოქოტომბერი. შენობას არ აქვს სახურავი, მოხსნილია აივნის მოაჯირი, მონგრეულია შიდა კედლები
ვაჟა-ფშაველას #13, ოქოტომბერი. შენობას არ აქვს სახურავი, მოხსნილია აივნის მოაჯირი, მონგრეულია შიდა კედლები

კულტურული მემკვიდრეობა – ინვესტორების თავის ტკივილი

ბათუმში, ისევე როგორც თბილისში, ინვესტორები თუ მენაშენეები პირველ რიგში ქალაქის ცენტრით, ისტორიული უბნებით ინტერესდებიან, იმ ადგილებით, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია თავმოყრილი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ხშირად ხდება დაინტერესებული ბიზნესმენის თავის ტკივილის მიზეზი, რადგან ძეგლს კანონი იცავს, მისი დანგრევა და გადაკეთება არ შეიძლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განზრახ დაზიანება ან განადგურება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, რომელიც წლებია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ადვოკატირებაზე მუშაობს, ამბობს, რომ არ ახსენდება ფაქტი, როცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფისათვის ვინმეს მიმართ თავისუფლების აღკვეთა გამოიყენეს.

„ამ ტიპის საქმეებზე გამოძიება იმდენად არაეფექტურია, რომ რეალურად ეს ვერ ახდენს გავლენას პრაქტიკის შეცვლაზე. ჩვენ ვიცით ძალიან გახმაურებული საქმეები, რომელიც თაროზეა შემოდებული ამ დრომდე და რეალურად არ გამოკვეთილა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, გამოძიება ან საერთოდ არ არის დაწყებული, ან არაეფექტურია. მაგალითად, მირზა შაფის ქუჩის შემთხვევა თბილისში, როცა კულტურული მემკვიდრეობა განადგურდა. იმის გარკვევაც ჭირს, ელემენტარულად, მიდის თუ არა გამოძიება და კონკრეტულად, რა მუხლით.

არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ გარკვეული ადამიანებისთვის, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლება გაცილებით უფრო მისაღებია, გაანადგუროს კულტურული მემკვიდრეობა და ის სარგებელი მიიღოს შემდეგში, რასაც ვერ მიიღებდა, თუ კონკრეტული ობიექტი დარჩებოდა როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ჯარიმას გადაიხდის და იმ ფორმით გაარძელებს მუშაობს, როგორც სურს“, – ამბობს სულხან სალაძე.

ვაჟა-ფშაველას ქუჩა ბათუმის ცენტრში მდებარეობს. ამ ადგილას 1 კვ. მეტრი ბინის ფასი 800-1000 დოლარიდან იწყება. „ბათუმელების“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფის გამო კომპანიისთვის სახელმწიფოს დაუკისრებია, 10 000 ლარია.

გამოსავალი

კითხვაზე, მისი აზრით, რა შედეგის დადგომაა სასურველი აღნიშნულ საქმეზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ კანონმდებლობა, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას იცავს, საკმაოდ რბილია: „მე მომხრე ვიქნებოდი, რომ გამკაცრებულიყო, მაგრამ არსებულ საკანონმდებლო პირობებში, ვიღაცის დაჭერას მე მირჩევნია, რომ ფინანსური ტვირთი აიღოს კომპანიამ. მე მომხრე ვიქნები დაგვევალდებულებინა კომპანია რეკონსტრუქცია მოხდეს შენობის. ბუნებრივია, ასი წლის აგურით ვეღარ აღადგენ, მაგრამ არსებობს ექსტერიერის ამსახველი კარგი მასალა და შეიძლება ექსტერიერის რეკონსტრუქცია გავაკეთოთ, მე ასე ვფიქრობ. თუ ჩვენ კომპანიას ვეტყვით, რომ იქ ისევ ის, ორსართულიანი აგურის შენობა უნდა ააშენოს, ეს სხვებისთვის იქნება მაგალითი, რომ თქვენ როცა დაანგრევთ, 10 და 15-სართულიან შენობას არავინ აგაშენებინებთ, დარჩებით ისევ იმ მასშტაბში“, – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია რომ მოხდება, ამის შოთა გუჯაბიძეს არ სჯერა. „არსებული ძეგლი დაინგრა და ახლა დანგრეულის აღდგენაზე რომ ვინმე იზრუნებს, ზღაპარია. ეს არის მიზეზების მოძებნა, რისიც არავის სჯერა. ვინ უნდა დაავალოს კომპანიას ძეგლის აღდგენა? ვინც დანგრევის თანამონაწილეა? ვის უჩივი და ბატონს და ვისთან უჩივი და ბატონთანო – ამას ჰგავს ეს ამბავი“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

იგი მიიჩნევს, რომ პასუხი იმ კომპანიამაც უნდა აგოს, რომელმაც უშუალოდ დაანგრია ძეგლი და სააგენტომაც, რომელმაც ვერ შეაჩერა დანაშაული:

„პრეცედენტი მაინც შევქმნათ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დანგრევა არავის შერჩება, თორემ რა გამოდის? იმ 260 ძეგლიდან, რომლებიც ქალაქშია, ხვალ შეიძლება ნებისმიერი ძეგლი დაანგრიონ და პასუხს არავინ აგებს?!“

მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ ის იმ კანონის გამკაცრების მომხრეა, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას იცავს, თუმცა იურისტი სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ ამას შედეგი არ ექნება: `თუ არსებული ნორმებიც არ გამოიყენება პრაქტიკაში, რაღა აზრი აქვს კანონის გამკაცრებას?!“ – ამბობს ის.

ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკვიდრეობის დანგრევის ფაქტზე 27 ნოემბერს საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს. შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მეორე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე. გამოძიების პარალელურად ვაჟა-ფშაველას #13-ში ბულდოზერი მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასაგამოძიებო ღონისძიებები ჯერ არ დაუსრულებია ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, წმ. ბარბარეს ეკლესიის ხელყოფის ფაქტზე. 2016 წლის 11 იანვარს ზუსტად ორი წელი შესრულდება, რაც შს სამინისტრო ამ ფაქტს იძიებს. ამ დროში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაანგრიეს და ამ ადგილას ახალი შენობაც ააგეს.

1

რა შემთხვევაში შეუძლია მოსწავლეს გაკვეთილის დატოვება

არსებობს თუ არა განაწესი, რომელიც მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესის დატოვებას უკრძალავს? რა არგუმენტები აქვთ პედაგოგებს, რომლებიც ამბობენ, რომ 45 წუთის განმავლობაში ბავშვმა უნდა „მოითმინოს“ და რას ამბობენ მოსწავლეები ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, რომელიც ცალკეული პედაგოგების მხრიდან ხორციელდება?

სკოლაში ბავშვების ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების შეზღუდვის შესახებ ფსიქოლოგი ანა არგანაშვილი ფეისბუკის გვერდზე წერდა. ის ამბობდა, რომ ბოლო კვირაში მან თბილისისა და ქუთაისის სკოლებიდან ამ ტიპის ძალადობაზე რამდენიმე შეტყობინება მიიღო. ფსიქოლოგის აზრით, მსგავსი ტიპის შეზღუდვა ბავშვისთვის არის ტრავმა.

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც მათ ცალკეული მასწავლებლები გაკვეთილიდან რამდენიმე წუთით გასვლის უფლებას არ აძლევენ. „ერთმა მასწავლებელმა გვითხრა, მანდატური დადის გარეთ და უხერხულია გასვლაო“, – გვეუბნება მეშვიდეკლასელი საბა. „მიღებულია, მოსწავლემ 45 წუთი გაუძლოს, ამიტომ მოთმენა მიწევს“, – ამბობს რობერტი.

მოსწავლეები ერთ უსიამოვნო ფაქტსაც იხსენებენ: „მაშინ მე-4 კლასში ვიყავით, თანაკლასელმა ვერ მოითმინა და ჩაისვარა“.

გარეთ გაშვებაზე უარის თქმის მიზეზებზე პირველი საჯარო სკოლის მე-8 კლასელებიც საუბრობენ: „მასწავლებელს ვეუბნები, – მასწ, საჭირო ოთახში მინდა, ის მპასუხობს: „დაეგდე“.

„დასვენება რისთვისაა?“, „მალე იქნება ზარი და გახვალ“, „ჯერ გაკვეთილი არ მოგიყოლია და გარეთ მირბიხარ?“- ეს არის ის არგუმენტები, რის გამოც მასწავლებლები კლასიდან გასვლაზე უარს ეუბნებიან მოსწავლეებს. თუმცა, მოსწავლეები იმასაც აღიარებენ, რომ გარეთ გასვლას ყოველთვის ფიზიოლოგიური მიზეზები არ აქვს. „მე ვიტყუებოდი ხოლმე და შემდეგ აღარ მიშვებდნენ“, – ამბობს მარი. ტყუილის მიზეზს კი იმით ხსნის, რომ გაკვეთილზე იღლებოდა.

„მე მოსწავლის გარეთ გაშვების წინააღმდეგი ვარ, რადგან არ არის დაზღვეული უსიამოვნებისგან. თუმცა, ფიზიოლოგიური მოთხოვნილების შემთხვევაში უარს ვერ ვეტყვი“, – ამბობს მე-16 საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა ჯანელიძე.

ამავე სკოლის დირექტორის თამთა კვარაცხელიას აზრით, „იქნება ეს საპირფარეშო, წყლის დალევა თუ უბრალოდ ის, რომ მოსწავლეს არ შეუძლია გაჩერება გაკვეთილზე, მასწავლებელი უნდა არეგულირებდეს“.
დირექტორის მოსაზრებით, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს იმის კომპეტენცია, რომ არავერბალური მინიშნებითაც მიხვდეს რა სჭირდება მოსწავლეს იმ მომენტში.

„წლების განმავლობაში ერთ სახელს როცა გავიგონებდი, ყოველთვის ჩემი კლასელი გოგონა მახსენდებოდა, რომელსაც სწორედ იმის გამო დასცინოდნენ, რომ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გაკვეთილიდან გარეთ არ უშვებდნენ და რეიტუზი სულ გამობერილი ჰქონდა. 30 წელი დამჭირდა, ეს ფსიქოლოგიური სტრესი რომ დამეძლია. წარმოიდგინეთ იმ ბავშვის ტრავმა“,- გვეუბნება თამთა. – „ტრენინგებს ან შეხვედრებს როცა ვესწრებით, ნახევარი საათის შემდეგ განტვირთვა გვჭირდება. მოსწავლეს კი ვითხოვთ 6-7 გაკვეთილის განმავლობაში იყოს ყურადღებით. ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური მდგომარეობისგან გამომდინარე, ეს შეუძლებელია“.

დირექტორს ერთი, კონკრეტული შემთხვევა მოჰყავს, რაც, მისი აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ მოსწავლე გაკვეთილიდან ყოველთვის ყალთაბანდობის მიზნით არ გადის. „ერთი მოსწავლე ყოველთვის მაშინ მთხოვდა საპირფარეშოში გასვლას, როცა რაღაც იყო მოსაყოლი. თავიდან მეგონა, რომ ამას თავის არიდების მიზნით აკეთებდა, მაგრამ როცა შემოდიოდა ეგრევე უნდოდა, რომ მეკითხა გაკვეთილი. გარეთ სიჩუმეში ვიმეორებ გაკვეთილსო, მითხრა. მე თუ ამას დავუშლი, შეიძლება საერთოდ აღარ იაქტიუროს“, – ამბობს თამთა კვარაცხელია.

ფსიქოლოგი ანა არგანაშვილი ბავშვისთვის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ბავშვის უფლებების დარღვევად მიიჩნევს. ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზედიზედ ორი ზარი მიიღეს ქუთაისიდან და თბილისიდან, სადაც ბავშვები ამ პრობლემაზე საუბრობდნენ.
„მანამდეც გვქონდა ზარები, სადაც ბავშვები გვიყვებოდნენ, რომ ვერ შეიკავეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილება და გახდნენ დაცინვის, ბულინგის მიზეზი“, – ამბობს ანა.

მისი თქმით, საპირფარეშოს აკრძალვა, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით არის ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი მძიმე ფორმა. „ბავშვს უწევს ტკივილის მოთმენა, სირცხვილის და ემოციური სტრესის სუბიექტად ყოფნა, დამცირება, ღირსების შელახვა. მსგავსი რამ უფროსი ასაკის ადამიანს რომ გაუკეთოს, ვთქვათ, დამსაქმებელმა, ან პატიმარს უთხრას ვინმემ უარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე, მაშინვე მიეცემა არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაცია. ბავშვების შემთხვევაში უფრო მკაცრები უნდა ვიყოთ, რადგან ეს შეიძლება მთელი ცხოვრება გაყვეს მას მძიმე ტრავმად“.

ანა არგანაშვილის შეფასებით, თუ ბავშვს ეზარება გაკვეთილზე ჯდომა და ამის გამო იმიზეზებს გარეთ გასვლას, ეს უკვე გაკვეთილის პრობლემაა. „ესე იგი, ის ვერ დააინტერესეს. ბავშვი არასდროს იტყუება, ის მხოლოდ სიგნალს გვაძლევს, რომ რაღაც რიგზე არ არის და ჩვენ უნდა წავიკითხოთ ბავშვის სიგნალები. არსად წამიკითხავს რომ ამის აკრძალვის უფლება ვინმეს აქვს“.

გირჩების გამოფენა-გაყიდვა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

დღეს, 2 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ზღვისპირა პარკში (ჩაქვის შემოსასვლელიდან) გირჩების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 50 სახეობის გირჩი. ასევე მოეწყობა გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარების გაყიდვა. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ გასინჯონ, ბოტანიკურ ბაღში დამზადებული ფიჭვის მტვრით შეზავებული თაფლი და ჩაი.

გირჩების გამოფენა-გაყიდვა განმეორებით, 26 დეკემბერს ბათუმში, ზვიად გამსახურდიას № 1/5-ში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება. 

 

საახალწლო სამზადისი ქობულეთში

ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხე და საახალწლო განათება დაამონტაჟდა.

მუნიციპალიტეტის ცნობით, საახალწლო განწყობის შესაქმნელად შემუშავებულია საახალწლო პროგრამაც, რომელიც მოიცავს ყოველდღიურ ღონისძიებებს – 21 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით.

საახალწლო ღონისძიებები ინდივიდუალური შემსრულებლების, ადგილობრივი ანსამბლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით ჩატარდება.

 


12341421_904756212912150_3812119208471649985_n

2015-12-18 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს 11:10 საათის მონაცემებით, პარკირების წესების დარღვევაზე ბათუმში 200-მდე ადამიანია დაჯარიმებული.
მათ შორის ყველაზე მეტი – 143 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 3 – დგომის მეთოდის დარღვევის გამო, 20- ნიშანში დგომის გამო, 18 – ტროტუარზე დგომისთვიდ, 1 – ტაქსის და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 1 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და კიდევ 1 ავტობუსის გაჩერებაზედგომის გამო.
 

დისკუსია – ევროკავშირი და საქართველო

საქართველოს პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, ვიზა ლიბერალიზაციის პროგრესის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, არაოფიციალური კომუნიკაციით ცნობილია, რომ ეს მიზეზი არ არის დაკავშირებული საქართველოსთან. მინისტრმა განაცხადა, რომ დასკვნა საქართველოზე არის დადებითი და წლის ბოლომდე, ან შეიძლება უფრო ადრეც გამოქვეყნდეს.

ევროკომისიის ანგარიში ვიზის ლიბერალიზაციის პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველოსა და უკრაინას ეხება, 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანგარიშის გამოქვეყნება რამდენიმე დღით გადაიდო,
2 დღით ადრე ცნობილი გახდა ცნობილი. შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველომ 2015 წელს შეძლოს უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მიღწევა? და რატომ არის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქეებისთვის? – ივანე ჩხიკვაძე ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” წარმომადგენელი ისაუბრებს ამ თემაზე შაბათს, 18 დეკემბერს 15 საათზე ბათუმის საზღავაო აკადემიაში.

დისკუსია მზადდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ორგანიზებით.

პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით;

უბნის ექიმის განცხადება 6 წლის ბავშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

15 დეკემბეს batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ, ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში 6 წლის ბავშის გარდაცვალების ამბავს, უბნის ექიმი მაია ბოლქვაძე გამოეხმაურა.

მან „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ ბავშვს წითელას სავარაუდო დიაგნოზი დაუსვა და მშობლებს რეკომენდაცია მისცა, რომ ინფექციურ საავადყოფოში გადაეყვანათ.

მაია ბოლქვაძე, უბნის ექიმი: „ბავშვს პარასკევს საღამოს ჰქონდა სიცხე, დავალევინეთ წამალი. იმის მერე აღარ ჰქონდა. მერე კვირა საღამოს, სოფლის ექთანმა დამირეკა მაღალი სიცხე აქვს და გამონაყარიცო. ორშაბათს, დაახლოებით 11 საათზე ვიყავი უბანზე, ვნახე ბავშვი და სავარაუდო დიაგნოზი – წითელა დავუსვი, მშობლებს რეკომენდაცია მივეცი, რომ გადაეყვანათ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ გადაყვანაზე ოჯახმა უარი განაცხადა, ჯანდაცვასაც ვუთხარი, რომ გადაყვანაზე უარი განაცხადეს და ისინიც ელაპარაკნენ ოჯახს – ბავშვი პირდაპირ ინფექციურში წაეყვანათ.

ბავშვი აქტიური იყო კარგად მესაუბრა, დარბოდა, ვესაუბრე, შენი სიარული არ შეიძლება, კარგად უნდა ჭამო, სითხე უნდა მიიღო-მეთქი. სამშაბათ დილით, როცა დავრეკე და ვიკითხე ბავშის მდგომარეობა, ძლივს სუნთქავსო-მითხრეს და მაშინვე მოხდა სასწრაფოს გამოძახება, ბავშვი სასწრაფოთი ჯერ შუახევის საავადმყოფოში შემდეგ კი ბათუმში ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს“.

მაია ბოლქვაძის თქმით, გარდაცვლილი ბავშვის ზუსტი დიაგნოზი 14 დღეში ანალიზების პასუხის შემდეგ დადგინდება.

 

 

არჩილ ხაბაძე უმაღლეს საბჭოში – სხდომა ერთმა დეპუტატმა დატოვა

17 დეკემბერს აჭარის უმაღლეს საბჭშო მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ანგარიშით წარსდგა.

სხდომას არ ესწრებიან ორი ფრაქციის, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეები, სულხან ღლონტი და აკაკი ძნელაძე. როგორც სხდომაზე განმარტეს, სულხან ღლონტი ანგარიშის წარდგენას პროტესტის ნიშნად არ ესწრება, აკაკი ძნელაძე კი თბილისში იმყოფება.

უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დეპუტატმა მედეა ვასაძემ იკითხა, ხდებოდა თუ არა სხდომის ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერით. სხდომაზე ამ საკითხის გასარკვევად შესვენება ორჯერ გამოცხადდა, მედეა ვასაძემ კი იმის გამო, რომ სხდომა პირდაპირი ეთერით არ გადაიცემა, სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

არჩილ ხაბაძის ანგარიშის ნაწილი დეპუტატებმა უკვე მოისმინეს.

საკონსტიტუციო სასამართლო მოსმენებთან დაკავშირებულ სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დღეს 17 დეკემბერს, კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში მომზადებულ სარჩელს განიხილავენ.

მოსარჩელეები კანონის იმ ნორმებს ასაჩივრებენ, რის საფუძველზეც სამართალდამცავ ორგანოებს კომუნიკაციებთან წვდომის შესაძლებლობა აქვთ, რაც საიას იურისტის გიორგი გოცირიძის განმარტებით ადამიანის თვალთვალისა და მოსმენების უფლებას სასამართლო ნებართვის გარეშე იძლევა:

„მიგვაჩნია, რომ  სამართალდამცავი ორგანოების ამგვარი შესაძლებლობა კონსტუტიციის მე-16 და მე-20 მუხლებს ეწინააღმდეგება, რაც პირად ცხოვრებაში უსაფუძვლოდ ჩარევას ნიშნავს“- განმარტა „ნეტგაზეთთან“ გიორგი გოცირიძემ.

გიორგი გოცირიძის შეფასებით, მოსმენების გასაღები უნდა ჰქონდეს ნეიტრალურ მხარეს ან მობილურ ოპერატორებს, როგორც ეს ევროპის ქვეყნების უმრავლესობაშია.

მოპასუხე მხარე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელია.

სასამართლო დღეს პროკურატურის წარმომადგენელს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს დაკითხავს. სასამართლო პროცესი 10 საათზე უნდა დაწყებულიყო და ჯერაც არ დაწყებულა.

 

ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში 15 დეკემბერს  ქუნთრუშას დიაგნოზით 6 წლის ბავშვი დაიღუპა. ბავშვი შუახევის სოფელ მაწყვალთიდან სამედიცინო ცენტრში გადაყვანის შემდეგ ხუთ საათში გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნინო ნიჟარაძის თქმით, გარდაცვლილ ბავშვს ოჯახის ექიმის მიერ წითელას დიაგნოზი ჰქონდა დადგენილი, თუმცა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მძიმე სეფტიურ-ტოქსიური შოკით ქუნთრუშა დაუდგინეს.

ანგისაში მდებარე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში 15 დეკემბერს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახიდან კიდევ ორი მცირეწლოვანი მიიყვანეს,  მაღალი სიცხითა და ოტიტით (ყურის ანთებით).

„ორივე მათგანს ამბულატორიული დანიშნულება მიეცა“, – უთხრა ნინო ნიჟარაძემ „ბათუმელებს“.

მისივე ინფორმაციით, ბავშვები სახლში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ადგილზე, მაწყვალთაში ჩვენი ორგანიზაციის შუახევის განყოფილება იყო ორჯერ გასული. დღეს სკოლას ჩაუტარდა დეზინფექცია. აღვწერეთ კლასი, სადაც 14 ბავშვი სწავლობს, ისინი ჯანმრთელები არიან და არანაირი კლინიკური გამოვლინება არ აქვთ, მიეცათ რეკომენდაციები მშობლებსა და სკოლას. ქუნთრუშა ჰაერწვეთოვანი, ბაქტერიული ბუნების ინფექციაა და საჭიროებს, მაგალითად, ოთახების ხშირად განიავებას. ასევე, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თუ ბავშვს რაიმე ჩივილები დაეწყება,  დროულად მოხდეს ექიმთან მიმართვა“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნინო ნიჟარაძემ.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კერძო სექტორის წარმომადგენელთა გადამზადება დაიწყო

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით დაიწყო ტრენინგების მეორე ეტაპი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. ტრენინგის ფარგლებში იგეგმება 145 ადამიანის გადამზადება ისეთ საკითხებში, როგორებიცაა კვებისა და განთავსების ობიექტებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სტანდარტები, სასტუმროს განყოფილებების ფუნქციონირება, მარკეტინგი და გაყიდვები, ასევე კვების ობიექტების მართვის თანამედროვე პრინციპები და სურსათის უვნებლობა.

ტრენინგს ძირითადათ კვებისა და განთავსების ობიექტების მენეჯერები, მიმტანები, დამლაგებლები, რეზერვაციის სამსახურის თანამშრომლები და ტუროპერატორები ესწრებიან. ტრენინგის მიზანი რეგიონში მომსახურების ხარისხის ამაღლება და გაუმჯობესებაა. ტრენინგი სასტუმრო ჰილტონში 13 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემებერს დასრულდება. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ.

მიმდინარე წლის დასაწყისში დეპარტამენტმა უკვე გადაამზადა ტურიზმის დარგში დასაქმებული 155 ადამიანი. წლის ბოლოს, დეპარტამენტის ცნობით, კი ეს რაოდენობა 300-მდე გაიზრდება.

ტრენინგი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით
ტრენინგი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით

ტრენინგი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით
ტრენინგი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით

ლევან კობიაშვილი ბათუმში კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდება

18 დეკემბერს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ბათუმში საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდება.

რა საკითხებს განიხილავენ ისინი შეხვედრაზე, ფედერაციის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ახლა ზუსტდება და დეტალები ხვალ [15 დეკემერს] გაირკვევა.

„კლუბების ყოველწლიური საჯამო შეხვედრაა, თბილისში იმართება ხოლმე და წელს ბათუმში გადაწყდა შეხვედრა. ეს ფეხბურთის სამყაროს შიდა საუბრებია, სადაც ყველა საკითხს განვიხილავთ რა პრობლემაც გვაქვს“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა ოთარ ფედიჩკინმა.

ქობულეთის „შუქურას“ პრეზიდენტის რევაზ ჩელებაძის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კლუბების ხელმძღვანელბს ბათუმში ხვდება.

„[შეხვედრა] რომ არის კი ვიცი, [არ ვიცი რა საკითხებზე ვისაუბრებთ]. ჩვენ გვინდა, რომ ყველა გუნდს ჰქონდეს ნორმალური სტაბილური ხელფასი და ფული. არ გვინდა ხვეწნა მუდარაში გატარებული ცხოვრება“, – განაცხადა რევაზ ჩელებაძემ.

ფედერაციის პრეზიდენტსა და კლუბების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა სასტუმრო „კოლიზეუმში“ გაიმართება.

 

 

ახალი სახლი ბარაკებში მაცხოვრებლებისთვის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ, ბათუმში ბარაკებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას საძირკველი ჩაუყარა. მინისტრმა, ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან, საქართველოს ბანკის წარმომადგენელთან არჩილ ჯანყარაშვილთან და კომპანიის დირექტორთან ლევან წივწივაძესთან ერთად სიმბოლური კაფსულა ჩადო.
„ბარაკული დასახლება გაუქმდება და იქ მცხოვრები ოჯახები მალე ახალ თანამედროვე ტიპის სახლში იცხოვრებენ. საუბარია 1,8 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე. პროექტს როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე ტურისტული დატვირთვა აქვს“- განაცხადა დავით ბალაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ბათუმში ამ დროისთვის 3 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 9 მილიონ ლარამდეა.

საცხოვრებელი სახლის მშენებლობა შპს „ბი აი სი“-მ „ახალი საცხოვრებელი სახლები ბათუმში ბარაკების ნაცვლად“ პროგრამის ფარგლებში დაიწყო.
სახლის მშენებლობით 1,8 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. 12 სართულიან შენობაში 78 ბინა განთავსდება. პროექტში ჯამში 80 ადამიანი დასაქმდება.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორიაზე კომპანიამ 509 კვ.მეტრზე განთავსებული 3 სახლის დემონტაჟი უკვე განახორციელა. ოჯახებზე კომპენსაციის სახით გაცემულმა თანხამ დაახლოებით 100 000 დოლარი შეადგინა. ბარაკებში მცხოვრებ ოჯახებს ახალ საცხოვრებელ სახლში საკუთრებაში სულ 1300 კვ.მ ფართი გადაეცემა. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.

 

მერია შინმოვლის პროგრამას გააგრძელებს

შინმოვლის საჭიროების მქონე ბენეფიციართა დახმარებისა და მომსახურეობის ქვეპროგრამა გრძელდება. პროგრამა გულისხმობს სახლის პირობებში, სოციალურად დაუცველ, საწოლს მიჯაჭვულ მოხუცებულ პირთა და შშმ პაციენტთათვის სამედიცინო და სოციალური სერვისების მიწოდებას.

მომსახურება მოიცავს კვირაში ორჯერ ექიმის, ექთნის, რეაბილიტოლოგის მიერ ჰიგიენურ და სამედიცინო მოვლას, აუცილებელი მედიკამენტებითა და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფას.

ზემოაღნიშნული სერვისების მიწოდება ხდება მულტიდისციპლინარული ჯგუფის მიერ. პროგრამით 90 ბენეფიციარი სარგებლობს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 63 700 ლარია გამოყოფილი.

ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის მარინე რუხაძის თქმით, ყოველკვირეულად ხდება პაციენტებისათვის ინდივიდუალური გეგმის შედგენა და საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა ჩართვა. პროგრამის სრულყოფის მიზნით დგება კმაყოფილების კითხვარი, რის შედეგადაც ხდება პროგრამაში ცვლილებების შეტანა.

პოლიციელის ჩვენება განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს. სასამართლო პროცესზე დღეს, 14 დეკემბერს მოწმის სახით ის პოლიციელები დაიკითხნენ, რომლებმაც ამ საქმეზე სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

მოწმის სატატუსით დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პოლიციელი ბადრი ქათამაძე. მისი ჩვენების მიხედვით, ხულოს ერთ-ერთ სოფელში მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში შევიდა და ისიც ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებში ჩაერთო. მისი თქმით, მივიდა მოკლულის ოჯახში, შინ დახვდა გარდაცვლილის ცოლი, მეზობლები, ნათესავები. მათ შორის იყო მკვლელობაში ბრალდებულიც და მისი ცოლიც. პოლიციელმა მოყვა რომ პირველად ვარაუდობდნენ სუიციდის მცდელობას, ამიტომ ყველას, იქ ეზოში შეკრებილ ადამიანებს მისცა დავალება, წასულიყვნენ საკუთარი სახლების სარდაფებში და ბოსლებში დაეთვალიერებინათ საკარმიდამო ნაკვეთები:

„ბრალდებულმა გადადგა სამი, ოთხი ნაბიჯი და მომიბრუნდა. მითხრა ვერ წავალ, მართლა რომ ვიპოვო რა უნდა ვქნაო? მერე მისი ცოლი გავაყოლე. მისი ცოლი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე იყო, კიბეებზე ჩამოვიდა და წაბორძიკდა, ცოტა ეს ამბავი მეუცნაურა“- ამბობს პოლიციელი.

გამომძიებლის ცნობით, ის და მოკლულის ბიძაშვილი იქვე ხევში გავიდნენ ტერიტორიის დასათვალიერებლად.  ჯერ ხელთათმანი, მერე კი მამაკაცის საცვალი, და ბოლოს გვამიც მიაგნეს. მისი მოყოლით გვამი ჩამარხული იყო მიწაში და ედო ქვები, როცა მიწას ხელი გადაუსვა, ადამიანის ფეხი გამოჩნდა.

ადვოკატის კითხვებზე, გვამი გამომძიებელმა აღმოაჩინა თუ მისმა თანხმლებმა; ხელით მიწა ვინ გადაყარა, – მოწმემ უპასუხა, რომ ორივემ გადაყარეს მიწა.
გვამი ხევში, მდინარის პირას ნახეს დამარხული, გამოიძახეს გამომძიებელი, ექსპერტები, რომლებიც შემთხვევის ადგილას დაახალოებით 2 საათში მივიდნენ.
გამომძებელმა ფრიდონ აბაშიძემ სასამართლოს განუცხადა, რომ მან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა ბრალდებულის ცოლთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში. ბრალდებულის ცოლს გამომძიებლისთვის მოუყოლია რომ გვამი საკუთარი სახლიდან ჯერ სახლის სარდაფში დამალეს, შემდეგ ხევში გადაიტანეს:

„ნინოლიუმზე სისხლის კვალი მაგიდის საწმენდით გადაუწმენდია, ეს ტილოები დაწვა ცოლმა. მეორე დღეს, ასევე ნარჩენი სისხლის ლაქები იატაკის ტილოთი აუწმენდია, ეს ტილო შინ ვიპოვეთ, ექსპერიმენტის ჩატარების დროს და დავლუქეთ“.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 37 წლისაა. ისიც და გარდაცვლილიც ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ და როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე თქვა, მეგობრობდნენ. ბრალდების მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცი ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, მერე კი ცოლის დახმარებით, გვამი ჯერ ერთ ადგილას დამარხა, მოგვიანებით მოთხარა და მდინარის პირას, უკვე მეორედ დამარხა.

მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ადრე ნასამართლევი არ არის. სასამართლო პროცესზე მან მოსამართლეს უთხრა, რომ გარდაცვლილთან “მეგობრული”, “ძმური” ურთიერთობა ჰქონდა: “მაგრამ მან მისი ღირსება შელახა”.
სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულის ნათესავები.

მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულს დანაშაულის კვალის დაფარვასა და გვამის გადამალვაში ცოლი ეხმარებოდა, ცოლს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.

ხულოს ერთ-ერთ სოფელში მდინარის პირას, ქვიშაში დამარხული 42 წლის მამაკაცის გვამი სამართალდამცავებმა 24 აგვისტოს იპოვეს.

 

ახალი სამრეცხაო მერიის მანქანებისთვის

ბათუმში ლერმონტოვის 107-ში, ავარიული კორპუსის დემონტაჟის შემდეგ გამოთავისუფლებული ტერიტორია ბათუმის მერიამ იჯარით გასცა.  საიჯარო პირობის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია  აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომანქანების სამრეცხაო გააკეთოს და მერიის ავტომანქანები უფასოდ გარეცხოს.

ლერმონტოვის 107-ში დანგრეული კორპუსის მოპირდაპირედ,  მრავალსართულიანი სახლი დგას.  სახლის მაცხოვრებლები „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებენ, რომ მოიჯარემ საზღვრები გადმოწია და ფაქტობრივად მათ სახლში მისასვლელი გზა ჩაუკეტა.

„თუ ამ საზღვრებში გააკეთებს სამრეცხაოს, მაშინ ჩვენ არც ეზო  დაგვრჩება და არც სახლში შემოსასვლელი სამანქანე გზა.  ჩვენ მივედით მერიაში და  შევთანხმდით იმაზე, რომ საზღვარს ჩვენი კორპუსიდან მინიმუმ ერთი მეტრით გადაწევენ. იმედი გვაქვს რომ ამ შეთანხმებას არ დაარღვევენ“- გვეუბნება  საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე მალხაზ მახარაძე.

მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის ეგარსლან ლომაძის ინფორმაციით,  სამრეცხაოსთვის ტერიტორია შპს „კრივიჟენს“ გადაეცა.   წლიური საიჯარო თანხა კი 29 500 ლარია.

 

DSCN6068

 

დარჩება თუ არა 12 მუშა სამსახურის გარეშე?

მერიის ა(ა)იპის, „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ პროფკავშირებმა დღეს 14 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტოში რეორგანიზაციაა დაგეგმილი, რის შედეგადაც  სააგენტოში დასაქმებულ 12 მუშას უმუშევრად დარჩენა ემუქრება. პროფკავშირები წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი აპირებენ მათი წევრების უფლებებისთვის ბრძოლას და მერიას მოუწოდებენ რომ   ეს ადამიანები სამუშაოს გარეშე არ დატოვონ.

„რეორგანიზაციის შედეგად „სატრანსპორო ინფრასტრუქტურის სააგენტო“  პასუხესმგებელია  ქალაქში არსებული ქუჩების, ბორდიურების  და ჭების მოწესრიგებაზე.  მომავალი წლისთვის მერია ამ სამუშაოების შესასრულებლად ტენდერის გამოცხადებას აპირებს და შესაბამისად, კერძო პირი აიღებს ამ სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობას.   ეს 12 მუშა კი, რომელიც პროფესიონალია და რამდენიმე წელია ამ საქმიანობას ასრულებენ, უმუშევარი რჩებიან“ – სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს პროფკავშირების ხელმძღვანელი, სიმონ სიხარულიძე.

პროფკავშირების წარმომადგენელთა თქმით, მათი პრიორიტეტი დასაქმებულთა უფლებების დაცვაა და თუ ამ ადამიანებს მერია უმუშევრად დატოვებს, ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

რატომ გადაწყვიტა მერიამ აღნიშნული სამსახურის რეორგანიზება და დარჩებიან თუ არა მუშები სამუშაოს გარეშე, „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ხელმძღვანელის გიგა ჩხეიძის თქმით, რეორგანიზაციის გადაწყვეტილება მერიამ მიიღო:

„ქვაფენილების მოწესრიგებაზე შტატით 20 მუშა იყო დასაქმებული, რეორგანიზაციის შემდეგ კი ბუნებრივია მოხდება შტატების შემცირება.  რეორგანიზაციის შედეგად, ქვაფენილების მოვლა-პატრონობა გადავა კერძო კომპანიის ხელში და ის რამდენ ადამიანს დაასაქმებს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ სააგენტოში მხოლოდ ხუთი მუშის დატოვებას ვაპირებთ“-აცხადებს გიგა ჩხეიძე.

ქვაფენილების მოვლა-შენახვაზე 2016 წლისთვის ტენდერი 35 ათას ლარზე უნდა გამოცხადდეს.

ბათუმის ვერცხლისფერი ნაძვის ხე

ახალ 2016 წელს, ბათუმელებს  ვერცხლისფერი ნაძვის ხე ექნებათ. მერიამ ნაძვის ხის ფერის შეცვლის გადაწყვეტილება ტურისტური მოსაზრებით მიიღო. მერიის ბიუჯეტიდან ქალაქის გაფორმების სამუშაოებისთვის მილიონ 420 000 ლარია გამოყოფილი.

ბათუმის ახალი ნაძვის ხე „ფეისბუკში“ უკვე გახდა მსჯელობის საგანი. ნაწილი ამბობს, რომ ნაძვის ხე მოსწონს, ნაწილის აზრით კი, ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რას მიამსგავსოს ახალი ნაძვის ხე:  „ფასკუნჯის ნისკარტს, ჭარმაგი ბურატინოს ცხვირს თუ შრეკის შიბაქს“.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ ნაძვის ხის ვერცხლის ფერებში გადაწყვეტის იდეა,  მერის მრჩეველს ალეკო თევზაძეს ეკუთვნის.

„ალეკო თევზაძე ტურიზმის საკითხებშია მრჩეველი და მან გადაწყვიტა, რომ ასე უკეთესი იქნებოდა. მისი კონცეფციით გაკეთდა“ – ამბობს მერის პრესსპიკერი თეკლა ჩიჩუა.

ახალი ნაძვის ხის მორთვას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „აჭარგანათება“ უზრუნველყოფს.

მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხეზე დამონტაჟდება გირლიანდები, მანათობელი ბურთები, შეიმკობა წიწვებით, რომლის დასრულების შემდეგ, რამოდენიმე ტიპის (თბილ-ცივი) მანათობელი კონსტრუქციის მონტაჟი და არსებული კონსტრუქციების შეკეთება განხორციელდება.

საახალწლო აქსესუარებით გაფორმდება სკვერები, ქუჩები. მერიის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს არსებული აქსესუარების რესტავრაცია და მისი მონტაჟი შემდეგ მიმართულებებზე: დემეტრე თავდადებულის, ვაჟა-ფშაველას, ლუკა ასათიანისა და 26 მაისის ქუჩებზე. ყველა ელექტროსაქონელი დააკმაყოფილებს ჰერმეტულობის შესაბამის დონეს.

„წელს ბათუმის საახალწლო განათება ახალი კონცეფციის შესაბამისი იქნება, დამონტაჟდება ახალი კონსტრუქციები. განათება იქნება ძირითადად ორ ფერში და თოვლის ეფექტისგამომსახველი.  ქალაქს 27 დასახელების საახალწლო აქსესუარი უნდა მიეწოდოს. შეძენილი აქსესუარები განთავსდებარუსთაველის და გოგებაშვილის, გორგილაძის ქუჩებზე“ – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

მთლიანობაში ქალაქს საახალწლოდ  27 დასახელების საახალწლო აქსესუარი ექნება, რომლის შეძენისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 419 999,96 ლარი გამოიყო.

 

DSCN6058

მურმან დუმბაძე – ლეონიდ ჩერნოვეცკი – ახალი პოლიტიკური ტანდემი

მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი და საქართველოს ვიცესპიკერი მურმან დუმბაძე ერთი პოლიტიკური  ორგანიზაციიდან გეგმავენ.   ლეონიდ ჩერნოვეცკი ბოლო წლებია ქობულეთში ცხოვრობს. მან  საქართველოს პარლამენტში შესვლის სურვილი ცოტა ხნის წინ გაახმოვანა, პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ დაარსა და პირველი წინასაარჩევნო დაპირებაც გასცა. გამარჯვების შემთვევაში ის მოსახლეობას პენსიების 500 ლარამდე გაზრდას დაპირდა. ერთიან პოლიტიკურ გეგმებზე „ბათუმელების“ კითხვებს მურმან დუმბაძემ უპასუხა.

ბატონო მურმან ცოტა ხნის წინ თქვენს მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ „ემსახურე საქართველოს“ თქვენი და ლეონიდ ჩერნოვეცკის ერთად გადაღებული ფოტო გამოქვეყნა, თქვენსკენ სიახლეა?

დიახ, პოლიტიკაში სიახლეა. პოლიტიკურ ველზე აშკარად იკვეთება ახალი პოლიტიკური ძალა და სავარაუდოდ მას ქვია ბედნიერი საქართველოსთვის. მისი დაანონსება მოხდა ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და ბოლო რამდენიმე წელია ქალაქ ქობულეთში ცხოვრობს. ეს ჩემთვის სიახლე არ არის, ახალი კონკურენციული ძალა შემოდის პოლიტიკაში და მე მინდა რომ ახალმა ძალამ ახალი სიტყვა თქვას საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

თქვენთან მას კავშირი აქვს?

შემიძლია დაგიდასტუროთ რომ ბოლო დღეების განმავლობაში კონსულტაციები მიდიდოდა და ჩემს გუნდთან ერთად პრაქტიკულად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჩვენ სავარაუდოდ დიდი შენაკადი ვიქნებით ბედნიერი საქართველოსთვის და ვიბრძოლებთ რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე იყოს ბედნიერი. ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. ბედნიერება არის კარგი ოჯახები, ეკონომიკურად წარმატებული ოჯახები და ბედნიერება არის როცა სიტყვას იქნევ, მოქალაქესთან პირობას დადებ , ეს პირობა ხელისუფლებაში მისვლის შემდეგ უნდა შეასრულო. ჩვენ მოგვიწევს ბრძლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასასვლელად. ეს  გზა მე გამომივლია ბოლო 20-25 წლის განმავლობაში და უნდა გითხრათ , რომ რომელ პოლიტიკურ ძალასაც შევუერთდი , ყველა პოლიტიკური ძალა არის მოგებული. მე ვფიქრობ რომ ამ შემთვევაშიც პარტიას „ბედნიერი საქრთველოსთვის“ პერსპექტივაში ეს მომავალი ელის.

ვიცი რომ თქვენ გაქვთ თქვენი ორგანიზაცია, გარდა ამისა ვინ შეიძლება კიდევ გაერთიანდეს ამ ორგანიზაციაში?

„ემსახურე საქართველოს“ არი საზოგადოებრივი მოძრაობა და მის დამფუძნებლებთან, მის გამორჩეულ ნაწილთან მოლაპარაკებები მიდიოდა და ბოლო დღეების განმავლობაში პრაქტიკულად ძალიან ბევრი ფიქრი ფიქრი არ დაგვჭირვებია, საპერსპეტივოდ ეს არი ევროპული ძალა . ეს არის  ადამიანი რომელსაც პოლიტიკაში ყოფნის გამოცდილება აქვს და  ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის . მას ჰქონდა მოგებებიც და წაგებებიც და უმეტესწილად ჰქონდა მოგებები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ბოლო ოცდაათწლიანი მოღვაწეობა უკრაინაში, რომელიც პრაქტიკულად ქართული სახელმწიფოს პოპულარიზაციას ეწევა. ეს იქნება რუსთაველის ძეგლის დადგმა,  ქართული სახელმწიფოსთვის მიწების გადაცემა,  ღონღაძის მემორიალის გახსნა, სქველომედო საქმიანობა საქართველოში . მას უზარმაზარი ორგანიზაცია აქვს რომელიც გაჭირვებულ ადანმიანებს ეხმარება . თუმცა ის ხელისუფლებას ისევ ეკლებში ყავს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ  წესიერი ადამიანების შემოკრება მას არ უნდა გაუჭირდეს.  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ თითოეული ადამიანი, რომელიც საქართველოსთვის პოზიტივის მომტანია იყოს დაფასებული ამ სახელმწიფოში. ასეთია ჩვენი ამოცანა.

ვისთვის არ იქნება ღია ეს პოლიტიკური ორგანიზაცია?

ეს ორგანიზაცია არ იქნება ღია იმისთვის ვინც დღეს ღიად მხარს უჭერს მიმდინარე სახელისუფლებო პოლიტიკურ ორგანიზაციებს და მთლიანად კოალიციას, რომელმაც დაპირება არ შეასრულა და ამ დაპირების შესრულება არც ისე რთული იყო . მემის რომ ეკონომიკური ნაწილის განვითარება სამ წელიწადში არი რთული, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილში ვთქვათ საარჩევნო კოდექსის თვალსაზრისით, თვითმმართველობის განვითარების თვალსაზრისით , კერძო საკუთრების , სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით ეს  შეეძლო ქართულ ოცნებას და ზოგადად ხელისუფლებას მოეგვარებინა. ვინც არი მაღალ ეშელონებში დღეს მათთვის ჩვენი კარი არ იქნება ღია, მაგრამ შესაძლებელია მივიღოთ რიგითი მხარდამჭერები, ადამაინები რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში იყვნენ, ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევთ. ერთადერთი  ჩვენ კონკურენციაში ვხედავთ იმ ჯგუფს, პოლიტიკურ ელიტას რომელიც მართავს დღეს სახელმწიფოს.

მიუხედავად პოლიტიკური გამოცდილებისა, მას მაინც როგორც ბიზნესმენს ასე იცნობენ. ცოტა ხნის წინ ასევე ბიზნესიდან მოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელთან დაკავშირებითაც არწმუნებდით საზოგადოებას, რომ ის ხალხის იმედს გაამართლებდა, მაგრამ ახლა ამბობთ რომ იმედგაცრუებული ხართ. რამდენად კარგად იცნობთ ჩერნოვეცკის ხედვებს და სურვილებს, ამჯერად დარწმუნებული ხართ რომ შემდეგ არ გადაიფიქრებთ?

მაქვს სურვილი რომ მოლოდინები რაც შეექმნება ადამიანებს ამ ორგანიზაციის პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ იყოს შესრულებული. ცხოვრება არის დინამიკა, ეს არ არი მარტივი საქმე. თუ ადამიანს აქვს დასახული პროგრამის განხორციელების სურვილი. ჩვენ დავიხარჯებით ბოლომდე და თუ ასეთი სურვილი აღარ იქნება ჩვენ გავაკრიტიკებთ. ეს არი ცხოვრება.

 

 

 

 

აუზზე ცურვა ლიმიტით წყალბურთელებისთვის

ბათუმში არსებობს წყალბურთის კლუბი, რომელსაც ქალაქის მერია აფინანსებს და კლუბის ბაზაზე არსებული წყალბურთის მოზარდთა გუნდი. მათ არ აქვთ საკუთარი საცურაო აუზი და ვარჯიშებს ტურისტულ კომპლექს „ბათუმი პლაზის“ აუზზე ატარებენ. აუზის მოხმარება ფასიანია – ხარჯს ბათუმის მერია ანაზღაურებს. 2015 წელს ბათუმის მერიამ კლუბს 180 000 ლარი გამოუყო.

მიუხედავად იმისა, რომ წყალბურთელებს ტვირთად არ აქვთ აუზის ხარჯი და ისეთ აუზში ვარჯიშობენ, რომელიც ოლიმპიური სტანდარტისაა (სიგრძე – 30 მეტრი, სიგანე – 25 მეტრი, სიღრმე – 2 მეტრი) და მასზე საერთაშორისო შეჯიბრების ჩატარება შეიძლება, აჭარის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ირაკლი ფანცხავას თქმით, საკუთარი აუზის უქონლობა ხელბურთელებს პრობლემებს უქმნის: „ჩვენ საათობით გვაქვს აუზი. მეტი საათები გვინდა ვარჯიშისთვის. ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

ბილიკებიც არ გვყოფნის, ჩვენ ვართ ოთხ ბილიკზე, იქ კიდევ „პლაზის“ აბონენტები არიან. აუზის აგება დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. ჩემპიონატებზე წარმატებით ვასპარეზობთ და გვპირდებიან, რომ მალე გვექნება საკუთარი აუზი. საქართველოს სპორტის სამინისტროშიც განიხილავენ იმას, რომ აუზები რამდენიმე ქალაქში – ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში აშენდეს“.
ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსის ია შალამბერიძის თქმით, აუზის მშენებლობა ბათუმის მერიის პროგრამებში არ არის და არც 2016 წლის ბიუჯეტის პროგრამაშია გათვალისწინებული. „წყალბურთის აუზის მშენებლობა ჯერჯერობით არ არის მერიის პროგრამებში. თუ რაიმე შეიცვლება, ბუნებრივია, გახდება საჯარო“, – უთხრა „ბათუმელებს“ ია შალამბერიძემ.
ბათუმის წყალბურთის კლუბში მხოლოდ ვაჟები არიან. როგორც ირაკლი ფანცხავა ამბობს, გოგოების გუნდს სწორედ აუზის უქონლობის გამო ვერ ქმნიან. ვაჟთა გუნდში 30 მოსწავლე ირიცხება. მათგან 15 წლის გიორგი ბარაბაძე (მეკარე) თორნიკე დიასამიძე (მცველი) და 16 წლის სერგი წულაძე (ცენტრალური თავდამსხმელი) საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები არიან, გიორგი და თორნიკე 2000-წლიანების ნაკრებში, სერგი წულაძე კი – 18-19-წლიანთა ნაკრებში. ბათუმის წყალბურთის კლუბი მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონატებში. ყოველწლიურად კი მასპინძლობს პეტრე ბრეუსის სახელობის საერთაშორისო ტურნირს ბათუმის „პლაზის“ აუზზე, რომელშიც მონაწილეობენ გუნდები ბელორუსიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და საქართველოს ქალაქებიდან. 2016 წელს ამ ტურნირში მონაწილეობის სურვილი გერმანიამ და რუსეთმაც გამოთქვეს. 2015 წელს ბრეუსის თასის მფლობელი თბილისის ერთ-ერთი გუნდი გახდა, ბათუმის გუნდი კი მეორე ადგილზე გავიდა.

რატომ დატოვა აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პოსტი

აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე თანამდებობა დატოვა პრეზიდენტმა სულხან გოგიბერიძემ. ის პირველი ვადით, მეოთხე წელია ხელმძღვანელობდა ფედერაციას, რომლის პარალელურად იყო „ბათუმის დინამოს“ პრეზიდენტი 2008 წლიდან. თუმცა, 2013 წელს ბათუმის „დინამოს“ გულშემატივრებმა მისი გადაყენების მოთხოვნით აქცია გამართეს [გუნდის წარუმატებლობას მას აბრალებდნენ].

სულხან გოგიბერიძემ იმ წელსვე დატოვა თანამდებობა. ის ამჟამად ეწევა კერძო საქმიანობას, ფლობს კომპანიებს: შპს „BATUS BIOTEX“-ს, შპს „ქრეათივ იმფრეშენს კავკასუს“-ს, შპს „FOOD Line+“ -სა და 50% წილს შპს „TV ERA“-ში. „ბათუმელები“ თანამდებობის დატოვების მიზეზსა და ფედერაციაში მის მუშაობაზე სულხან გოგიბერიძეს ესაუბრა.

 

ბატონო სულხან, რატომ დატოვეთ პრეზიდენტის თანამდებობა?
– ფაქტობრივად, ვადაც გამივიდა, ახალი პრეზიდენტი ამ წლის ბოლომდე უნდა აირჩიონ. სხვადასხვა ბიზნესი მაქვს ჩემი პირადი, რის გამოც აღარ მექნებოდა ის დრო, რაც არჩევნების მომზადებას სჭირდება. ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.
ხომ არ არსებობდა ფედერაციაში შიდა დაპირისპირება, ან რაიმე უთანხმოება?
– არა. მერწმუნეთ, რომ ამ შემთხვევაში არა. არ მქონდა ყველაფრის ორგანიზებისთვის და გაკეთებისთვის დრო და წავედი.
როგორ ხედავთ სამომავლოდ თქვენს ძალისხმევას სპორტში?
– ალბათ ცოტა ხანი გადავალ გულშემატკივრის პოზიციაში და ვნახოთ შემდგომში, არასდროს არ თქვა არასდროსო, ნათქვამია. ჯერჯერობით ნამდვილად პაუზას ავიღებ. დიდი ენერგია მიაქვს ყველა სპორტს და მათ შორის ფეხბურთს, დიდი კონცენტრაცია სჭირდება. ალბათ ჯობია ისეთი ადამიანი მოვიდეს, ვინც მეტ დროს დაახარჯავს ფეხბურთს.
ამ ოთხი წლის განმავლობაში რა გააკეთეთ ისეთი, რაც თავადაც მოგწონთ?
– ყველაფრით ვამაყობ. ამ ოთხი წლის განმავლობაში მოხდა ის, რომ უმაღლეს ლიგაში ორი გუნდი თამაშობს, ასევე პირველ ლიგაშიც – ორი გუნდი. ერთ-ერთი მთავარი მიღწევა აჭარის ფეხბურთის ფედერაციაში არის ის, რომ შეიქმნა მსაჯთა კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელად მოვიწვიეთ მსაჯთა გადამზადების სპეციალისტი ოთარ გუნთაძე და ბოლო ოცი წლის განმავლობაში, დღეს აჭარას საკუთარი მსაჯთა ბრიგადა ჰყავს. ისინი უკვე უმაღლეს ლიგაშიც მსაჯობენ დამხმარე მსაჯებად, პირველ ლიგაში კი – მთავარ მსაჯებად. ეს პროგრამა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური დახმარებით განხორციელდა. როდესაც ფედერაციის პრეზიდენტი გავხდი, პარალელურად ვიყავი ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელიც და ამ პერიოდში „დინამო“ დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში, მერე ისევ გამოვარდა და ისევ დაბრუნდა. ფეხბურთი უფრო მასობრივი გახდა და ალბათ, პატარა წვლილი გვაქვს შეტანილი ფედერაციას, გუნდს მთლიანად და არა მარტო მე. ფედერაციაში ბევრი ადამიანი არ მუშაობს, მაგრამ ვინც მუშაობს, ღირსეულია და კარგად ართმევს თავის საქმეს თავს.
რაზე გწყდებათ გული, რისი გაკეთების საშუალება არ მოგეცათ?
– ასე კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ. ზოგადად ის არის, რომ ფედერაციას აქვს მწირი დაფინანსება. ჩვენი დაფინანსების წყარო არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და პროექტებს გვიფინანსებს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი. უფრო სოლიდური დაფინანსება თუ იქნება, შეიძლება უფრო კარგი საქმეების გაკეთება, ახალგაზრდული ნაკრებების შექმნა, რომელიც მიიღებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას, რითაც, ზოგადად, განვითარდებიან ბავშვები. ჩვენ გვყავდა ბავშვები ტურნირზე ესპანეთში.
რას ფიქრობთ, ვინ უნდა უხელმძღვანელოს ფედერაციას?
– ყველაფერს წყვეტს ფინანსები, შესაბამისად, პროქტების დაფინანსება უნდა უნდოდეს ხელისუფლებასაც და ასე შემდეგ, ვიღაც ისეთი უნდა იყოს, ვინც მივა ხელისუფლებასთან, შეაწუხებს და ასე შემდეგ, თორემ წერილების მიწერმოწერით საქმე დროში იწელება, რაც არ იქნება ფეხბურთის განვითარებისთვის კარგი. მე მგონი მოძებნიან ღირსეულ კანდიდატს, ქალაქში ბევრი ღირსეული ადამიანია, ვინც შეძლებს უხელმძღვანელოს ფედერაციას.
საკუთარი ბიზნესი ახსენეთ, თქვენს ფინანსებს თუ ახმარდით ფედერაციას?
– ჩემი ფინანსური დახმარება ის იყო, რომ ფედერაციას ვემსახურე გასამრჯელოს გარეშე, მე ხელფასი არ ამიღია ფედერაციიდან. უსაშველო ხარჯები არ გამიღია, მაგრამ რაღაც-რაღაცები იყო.
P.S. აჭარის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დეკემბერში ჩატარდება. კანდიდატთა ვინაობა ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გახდება ცნობილი, რომელიც 30 ნოემბერს გაიმართება.

 

სახალხო დამცველი: დაუსჯელობის სინდრომი შენარჩუნებულია

დასაქმებულთა შრომითი უფლებები; რელიგიური და სექსუალური ნიშნით   დისკრიმინაციული ფაქტების წახალისება; რა გამოწვევის წინაშე დგას სასამართლო ხელისუფლება, პროკურატურა და პოლიცია; ანტიდისკრიმინაციულ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც ვიზალიბერალიზაციისთვის აუცილებელია და რომლის განხილვასაც, სახალხო დამცველის შეფასებით, პარლამენტი აჭიანურებს. უჩა ნანუაშვილი „ბათუმელებთან“  ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს.

 

 ბატონო უჩა, წლის ბოლოს ქვეყანაში ყველაზე დიდ გამოწვევად რა მიგაჩნიათ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით?

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავ არის გამოძიების არაეფექტურობა. საუბარია პროკურატურაში მიმდინარე პროცესებზე. დანაშაულის ბევრი ფაქტი იყო ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ, რომელიც არ გამოიძიეს ბოლომდე. როცა საუბარია არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, არაეფექტური გამოძიება არის პრობლემა. ასევე, ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესები, სასამართლოს დამოუკიდებლობა _ მოსამართლეთა დაწინაურება-დანიშვნის გაუმჭვირვალე პროცესები.

იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა გაიზარდოს სასამართლოს მიმართ, ბევრი პრობლემა არის მოსაგვარებელი. სამწუხაროდ, ის, რაც ხდება დღეს, ძირეულად აყენებს ეჭვქვეშ იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, თუ საით მივდივართ ჩვენ და რა არის სახელმწიფოს საფუძველი. მთავარ პრობლემად მაინც მივიჩნევ პროკურატურის მხრიდან გამოუძიებელი საქმეების რაოდენობას.

თქვენ რეკომენდაციით ხშირად მიმართავთ სხვადასხვა უწყებას რეაგირებისთვის. თქვენი დაკვირვებით, ყველაზე მეტად რომელ უწყებასთან ჭირს თანამშრომლობა?

საკმარისი არ არის გამოძიების დაწყება, კონკრეტული შედეგი უნდა დადგეს. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იყოს ეფექტური, აი, ეს არის ყველაზე მეტად პრობლემური. რაც შეეხება უწყებებს, ჩვენ ახლა ვაჯამებთ შედეგებს და იანვრის დასაწყისში გვექნება ზუსტი ინფორმაცია, ვინ ასრულებდა და არ ასრულებდა სახალხო დამცველის რეკომენდაციებს. პრობლემები ბევრ სფეროში არის. შეიძლება ითქვას, რომ გასულ წელთან შედარებით პენიტენციალურ დაწესებულებაში შემცირდა არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე მომართვიანობა, მაგრამ გაიზარდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებზე საჩივრები. ეს ტენდენცია წელს სიახლეა. ასევე პრობლემურია გამოძიების მხრიდან ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი, პრობლემატურია, როცა სამართალდამცავი ორგანოები თვითონ იძიებენ საკუთარი თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულს. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სწორედ ასეთ კონკრეტულ დარღვევებს შეისწავლის. საუბარია პოლიციასა და პენიტენციალურ დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

 თქვენი შეფასებით, როგორ მუშაობს იგივე შს სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა თუ პროკურატურის გენერალური ინსპექცია, რომლებმაც, წესით, მსგავსი საქმეები უნდა მოიკვლიონ?

გენერალური ინსპექციის მანდატი ფართოა და ყველა გადაცდომას სწავლობს, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ, ზოგადად, დაუსჯელობის სინდრომი არსებობდა ქვეყანაში წლების განმავლობაში და ჯერჯერობით კვლავ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ წამება არ არის იმ მასშტაბებით, როგორიც იყო ადრე, მაგრამ პრობლემები რჩება.

გასულ წელს ჩვენ 28 საქმეზე ვსაუბრობდით, როდესაც სამართალდამცავები იყვნენ ეჭვმიტანილები. სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი არ დასჯილა. მიმდინარე წელს შეტყობინებებმა იკლო, თუმცა ასეთი ფაქტები იყო. 13 საქმეზე კონკრეტული მტკიცებულებებით გამყარებული ფაქტი გვაქვს, როდესაც არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან. პრობლემა ის არის, რომ უმეტეს შემთხვევაში გამოძიება არ მიმდინარეობს.

მხოლოდ ერთხელ, ადვოკატის ცემის დროს დაიწყო ერთი პირის მიმართ დევნა და შეიძლება ითქვას, ისიც დაგვიანებით. შიდა უწყებრივი გამოძიებები არაეფექტურია, გამოძიება უნდა იყოს უფრო მეტად დამოუკიდებელი. როცა ვსაურობთ წარსულის მძიმე შედეგებსა და მემკვიდრეობაზე, მნიშვნელოვანია, რომ სისტემური ცვლილებები მოხდეს ქვეყანაში.  სისტემაში უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომ თუკი ასეთ ფაქტებს ექნება ადგილი, გამოძიება უნდა ჩატარდეს ეფექტურად და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. სამწუხაროდ, სისტემა არ შეცვლილა.

 თქვენი არაერთი განცხადება ახსოვს საზოგადოებას ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ნათელი განმარტება, თუ რა მოხდა ლაფანყურში, საზოგადოებას არავისგან მოუსმენია. თქვენი შეფასებით, რატომ ვერ სცემს ხელისუფლება ამ საქმეზე არსებულ კითხვებს პასუხს და ხედავთ თუ ვერა ლაფანყურის სპეცოპერაციასა და IშIშ-ში საქართველოს მოქალაქეების გადინებას შორის რაიმე კავშირს?

გარკვეულ კავშირებს არ გამოვრიცხავ. სამ წელიწადზე მეტია გასული ამ სამწუხარო ინციდენტიდან და ჯერ კიდევ არ ვიცით რა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა ხელისუფლება, არც ერთ ხელისუფლებას ეს საქმე არ გამოუძიებია. ეს არის პრობლემა.

ჩემი აზრით, ეს პრობლემა უფრო გლობალურად შეიძლება შევაფასოთ. თითქმის არც ერთი გახმაურებული და მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით გამოირჩევა, ბოლომდე გამოძიებული არ არის, სერიოზული ნაბიჯები ამ მნიშვნელოვანი საქმეების გამოსაძიებლად წელსაც არ გადადგმულა. სამწუხაროდ, ეს არის ის, რასაც მივყავართ კონკრეტულ პრობლემამდე _ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის შენარჩუნებამდე. ასე საზოგადოებაში ნდობა ვერ გაჩნდება სამართალდამცავი ორგანოებისადმი. არ ვიცი რა იყო იმის მიზეზი, რომ მიუხედავად დაპირებებისა ლაფანყურის სპეცოპერაციაზე ვერ მივიღეთ გამოძიების პასუხები. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს საქმე შეიძლება თაროზეც არის შემოდებული.

თქვენი აზრით, რა უმთავრესი გარე და შიდა ფაქტორები ასრულებს მთავარ როლს იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეები ტერორისტულ ორგანიზაციას უერთდებიან. ეს წელი იმით არის გამორჩეული, რომ IშIშ-ის სახელით პირველი მუქარა თავების მოჭრაზე მოვისმინეთ ქართულად.

პრობლემა არის ძალიან ბევრი, მათ შორის ის, რომ სოციალურად გარიყულია რამდენიმე თემი. მაგალითად, პანკისის ხეობაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უფრო აღრმავებს ამ პრობლემას. მაგრამ ამავე დროს არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, რაღაც პერიოდი, ხელისუფლების ყურადღება, ზოგადად, ამ პროცესების მიმართ ნაკლები იყო. ჩემი დაკვირვებით ეს არ კონტროლდებოდა ისე, როგორც უნდა გაკონტროლებულიყო წინა წლებში. გვიან დაიწყო ხელისუფლებამ ამ პროცესების გაკონტროლება. ვფიქრობ, ასე თვითდინებაზე მიშვებულ პრობლემას კიდევ უფრო რთული პრობლემების შექმნა შეუძლია. კარგია, რომ გარკვეული რეაგირებები დაიწყო ხელისუფლებამ, მაგრამ, ვფიქრობ ეს დაგვიანებულიც იყო. სოციალური გარიყულობის განცდა მაქსიმალურად უნდა აღმოიფხვრას _ რეგიონებში რაღაც პროგრამების განხორციელებაზე ხელისუფლებამ უნდა იფიქროს.

სპეცსამსახურებმა IშIშ-ის წევრების მიმართვის შემდეგ რამდენიმე პირი დააკავეს ტერორიზმის მუხლით, მათ შორის ბათუმშიც, იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით, თუმცა მათ IშIშ-ის მხარდაჭერად მოიაზრებენ. სპეცსამსახურებისთვის ალბათ ცნობილია საქართველოში IშIშ-ის მხარდამჭერების მონაცემები _ არაოფიციალური ინფორმაციით, გარდა პანკისისა, მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულს აღწევს. თქვენი შეფასებით ამ ადამიანების დაკავება იქნება თუ არა მყარი გარანტი  ქვეყნის უსაფრთხოებისთვის?

ჩვენ ყველა კონკრეტულ საქმეს ვსწავლობთ. მალე შევაფასებთ ამ დაკავების დროს ხომ არ იყო თუნდაც პროცედურული დარღვევები, რაზეც საუბრობდნენ ოჯახის წევრები. როცა საუბარია უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე, მარტო ეს არ კმარა, უფრო მეტი აქცენტი პრევენციაზე უნდა გაკეთდეს, მომავალში იმ  კერების შექმნა რომ გამოირიცხოს, სადაც რადიკალური და ექსტრემალური იდეების განხორციელება შესაძლებელი იქნება.

ქობულეთში, მინარეთზე ღორის თავის მიჭედების საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო სწავლობს უკვე რამდენიმე თვეა. თქვენი შეფასებით, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს სასამართლოებში რელიგიურ შეუწყნარებლობის მუხლით მიმდინარე საქმეებზე  გამოძიება?

სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია არავის, არც ერთ საქმეზე. პრობლემურია ასევე სათანადო კვალიფიკაციის მინიჭება, ეს ეხება როგორც ქობულეთში მინარეთზე ღორის თავის მიჭედებას, ასევე, მოხეს, ნიგვზიანის ინციდენტებს. გამოძიების არაეფექტურობა ასეთ დროს ახალისებს დანაშაულის ჩამდენებს.

სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე [2013 წლის 17 მაისის საქმე], სადაც იყო კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები, ვიდეო და ფოტომასალა, ათეულობით მოწმე, სამწუხაროდ, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ეს მთლიანობაში ხაზს უსვამს იმას, რომ, ზოგადად, ქვეყანაში გამოძიება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მიმართ არ არის სენსიტიური. 10 დეკემბრის ანგარიშში ჩვენ ამაზე ვაკეთებთ აქცენტს.

თქვენი მონაცემებით, რომელია ის ჯგუფი, რომელთა მიმართაც საზოგადოება ყველაზე ნაკლებშემწყნარებელია?

ლგბტ თემი, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობა. ლგბტ თემის მიმართ იყო უფრო მეტი შეუწყნარებლობის ფაქტები. თუმცა, ვფიქრობ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები კვლავ ზეგავლენას ახდენს პროცესებზე. რეალურად ჩვენს წარმოებაში ასზე მეტი განცხადება არსებობს, სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ. დისკრიმინაციის ფაქტები, რაზეც მოქალაქეები მიუთითებენ, არის ან რელიგიური კუთვნილება, ან სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, შშმ პირები, ცოტა, მაგრამ არიან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით. პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები გასულ წელს უფრო მეტი იყო, როცა თვითმმართველობებიდან არაერთი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს.

ბატონო უჩა, ანტიდისკრიმინაციული კანონის გამოყენება რამდენად ეფექტურია პრაქტიკაში?

ჩვენ წელს მივმართეთ პარლამენტს, რომ ამ კანონში არსებული ხარვეზები  გამოსწორებულიყო, მაგალითად, კერძო სექტორთან დაკავშირებით. ამ კანონის მუხლები არ ავალდებულებს კერძო სექტორს, რომ ითანამშრომლოს ჩვენთან. როცა ვსწავლობთ დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტს, გვჭირდება მასალები, კერძო სექტორს კი მასალების მოწოდების ვალდებულება არ აქვს. ცხადია, საქმის შესწავლა გვიჭირს. ეს და სხვა ხარვეზები კანონპროექტში ავსახეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, გაჭიანურდა მიღების პროცესი. კანონი უნდა გახდეს უფრო ეფექტური, ეს ვიზალიბერალიზაციის შემადგენელი ნაწილია, ანუ ჩვენ ვერ მივიღებთ  ვიზალიბერალიზაციას ისე, თუ კანონი არ გახდება ეფექტური. არ ჩაითვლება სამოქმედო გეგმა შესრულებულად, თუ არ შევა ეს ცვლილებები კანონში. ვფიქრობ, ეს გაჭიანურება მეტ პრობლემას შეუქმნის ქვეყანას.

ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე მინდა გკითხოთ, რომ განვაზოგადოთ, ქურდების“, მაყურებლის ინსტიტუტის ძალაუფლება არის თუ არა ის მოცემულობა, რაზეც საზოგადოება უნდა შფოთავდეს? მაგალითად, აჭარაში ხშირად გვესმის, რომ კანონიერი ქურდი ლავასოღლიარჩევს საქმეებს და არათუ ჩვეულებრივ ადამიანებზე, არამედ სამართალდამცავებზეც ახდენს ზეწოლას.

ეს კულტურა არსებობს, თუმცა სხვადასხვა დოზით არის გამოსახული სხვადასხვა დაწესებულებაში. ადმინისტრაციამ უნდა მოახერხოს კონტროლი, რათა ეს კულტურა არ წახალისდეს. ეს კულტურა არის, იყო და იქნება რაღაც პერიოდი. კარგად მესმის, რომ ასე უცებ შეუძებელია პრობლემის მოგვარება. ამას არ უნდა შეუწყოს ხელი ხელისუფლებამ. მთავარია, რეაგირება ჰქონდეს ხელისუფლებას.

პენიტენციალური სისტემა დინამიური უსაფრთხოების კონცეფციაზე უნდა გადავიდეს, მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებული იყოს სხვა მიდგომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მნიშვნელოვანია, პატიმრების კლასიფიკაცია  დანაშაულის მუხლების მიხედვით, ერთ დაწესებულებაში არ უნდა იყვნენ შედარებით მსუბუქი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულები. იგივე ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა მსჯავრდებულების ხდება გაურკვეველი მიზეზებით. ჩვენც არ გვაცნობენ ამ გადაყვანის მიზეზებს. მნიშვნელოვანია ასევე, ჩვენ გვქონდეს დაწესებულებებში ფოტოს გადაღების უფლება, რომ შევძლოთ სხვადასხვა ტიპის დაზიანებების დაფიქსირება, ეს უფლება სექტემბრიდან გვექნება. ჩვენი მოთხოვნაა ასევე ვიდეოჩანაწერები, რომლებიც მხოლოდ 24 საათი ინახება საპატიმრო დაწესებულებაში, მინიმუმ 10 დღე მაინც ინახებოდეს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შრომის ინსპექციის შექმნა. შრომის უსაფრთხოების მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა. იმ პროგრამის აღსრულების ბერკეტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა, ჯერჯერობით, არ არსებობს _ მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სანქციას ვერ გამოიყენებ. მეტიც, ნებაყოფლობითია დამსაქმებელი შეგიშვებს თუ არა თავის სამუშაო ადგილებში. შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების არარსებობა არის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, ისევე როგორც დაშავებულთა და გარდაცვლილთა საგანგაშო რიცხვი სამუშაო ადგილებზე. ამ მხრივ ქვეყანაში ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

საიამ ოლიმპიადის გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოლიმპიადის „ ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“ მონაწილეები დააჯილდოვა.

ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაციის მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით და  საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან ერთად ყოველწლიურად ატარებს ოლიმპიადას „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“ მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც ყოველწლიურად მონაწილეობს 50- 70 გუნდი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. ოლიმპიადის წესების თანახმად შესარჩევი ეტაპი უნდა გადალახოს რვა გუნდმა .

წელს ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხი გუნდი,  თავისუფალი უნივერსიტეტიდან ერთი გუნდი, „ჯიპადან“  – ერთი და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ერთი გუნდი.

ოლიმპიადის ერთ-ერთი ორგანიზატორის თანმარ მეტრეველის განმარტებით:

„ოლომპიადა მიზნად ისახავს კონსტიტუციური სამართლის პოპულარიზაციას და იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომელიც ამ პროფესიის ადამიანებს შემდეგ პროფესიული კარიერისათვის სჭირდებათ. ოლიმპიადის მთავარი პრიზია  გამარჯვებული გუნდისათვის ერთკვირიანი ვიზიტი გერმანიაში, იქ სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართვის მიზნით .

ყოვეწლიურად საკონსტიტუციო სამართლო არჩევს ასევე  ორ მონაწილეს, რომლებსაც სთავაზობს სტაჟირებას საკონსტიტუციო სასამართლოში და მათ   დიდი შანსი აქვთ,  გახდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები.

იურისტთა ასოციაციასაც აქვს თავისი პრიზი – სტაჟირებას გაივლის ერთ-ერთი საუკეთესო მონაწილე. განათლების ფონდი ყოველწლიურად ერთ რჩეულს სთავაზობს  უფასო კურსებს, რომელიც ჩვენ ათი წელია გვაქვს და აქტიურად სარგებლობენ ამ ფონდით სტუდენტები. ვურჩევ მათ მომავალშიც ისარგებლონ ამ შეთავაზებით და ასევე

მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადაში.“

ოლიმპიადაში სტუდენდები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წელს არ მონაწილეობდნენ.

ლია უკლებამ „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“ მიიღო

სელფი გამარჯვებულთან
სელფი გამარჯვებულთან

„კატო  მიქელაძის სახელობის პრემიის“  2015 წლის მფლობელი   მხატვარი ლია უკლება გახდა.  დაჯილდოვების ცერემონია ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“  12 დეკემბერს გაიმართა.   ქალთა უფლებების დამცველი  კატო მიქელაძის სახელობის პრემია  ქალთა ფონდმა დააწესა. აღნიშნული პრემია ლია უკლებას პრიზის გასული წლის მფლობელმა მარინა თაბუკაშვილმა გადასცა.

„ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის ჩემთვის არ არის შორიდან მოსული თემა და სანამ ცოცხალი ვარ,  უბრალოდ სხვანაირად არ შემიძლია და იქ უნდა ვიდგე, სადაც ვდგევარ“- განაცხადა ლია უკლებამ დაჯილდოვების ცერემონიაზე.

დაჯილდოვების ცერემონია სასტუმრო „ჰილტონში“
დაჯილდოვების ცერემონია სასტუმრო „ჰილტონში“

ლია უკლებას  ნამუშევარმა „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“, რომელიც  დაახლოებით ერთი თვის წინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო გამოფენილი,  საზოგადოების გარკვეული ნაწილის და საპატრიარქოს უკმაყოფილება გამოიწვია.  როგორც  „ქალთა ფონდის“  ხელმძღვანელმა განაცხადა, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმის,  რომ ლია უკლება გამხდარიყო პრემიის მფლობელი.

დაჯილდოვების შემდეგ ნაჩვენები იყო მოკლე ვიდეოკლიპი ლია უკლებას შესახებ.

„ლია უკლება ფემინისტი მხატვარია, რომელიც წლების განმავლობაში იბრძვის ქალთა უფლებების შესახებ, მისი ნამუშევრები ზუსტად და მძაფრად წარმოაჩენს ქალთა პრობლემებს საქართველოში, ქალის ჩაგვრის მექანიზმებს. მისი ნამუშევრები არის რელიგიის სახელით ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული.

ლია უკლება ნამუშევრით „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“,  პირდაპირ დაუპირისპირდა მართლმადიდებელი ეკლესიას, რომელიც ქალთა გაძლიერების ერთ-ერთი მოწინააღმდეგეა საქართველოში“ – ნათქვამი იყო ვიდეორგოლში.

„კატო მიქელაძის სახელობის პრემიის“ გადაცემის ცერემონიალი. 2015 წელი
„კატო მიქელაძის სახელობის პრემიის“ გადაცემის ცერემონიალი. 2015 წელი

დაჯილდოვების ცერემონიამდე  ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი  „ქალთა ფონდის“ ათწლიანი საქმიანობის შესახებ.

როგორც „ქალთა ფონდი საქართველოში ხელმძღანელმა ნანა ფანცულაიამ აღნიშნა, „კატო მიქელაძის პრემიის“  დაწესების მთავარი მიზანი ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობის წახალისებაა.

კატო მიქელაძის პრემიის მხარდამჭერები არიან ნიდერლანდების საელჩო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, „მამა ქეში“, ქალთა გლობალური ფონდი და „კვინა ტილ კვინაა.

წელს კატო მიქელაძის სახელობის პრემიაზე 17 ნომინანტი იყო წარდგენილი: თამუნა ბაგრატია, მანანა მებუკე,  ბაბუცა პატარაია, ლელა გაფრინდაშვილი, ელისო ამირეჯიბი, ანა არგანაშვილი, თამარ ბექაური, ხათუნა ბეჭვაია, მარინე ბჟალავა, ნათია გვიანიშვილი, ნინო ლეჟავა, თამარ მეარაყიშვილი, სედა მელკუმიანი, ქეთევანი მურუსიძე, ლია უკლება, რუსუდანი ფხაკაძე და ლია ჯაყელი.

მხატვარი ლია უკლება
მხატვარი ლია უკლება

 

საახალწლო ღონისძიებების განრიგი ბათუმში

31 დეკემბერს ბათუმში, ევროპის მოედანზე მთავარ საახალწლო კონცერტზე  ჯგუფი  „inner circle“ და კლარნეტისტი giora feidman გამოვლენ.

შემდეგი დღეებისთვის ორგანიზატორებმა საახალწლო ღონიძიებების განრიგი ასე გადაანაწილეს:

1 იანვარი – ევროპის მოედანზე სოფო ხალვაში და Lou bega  გამოვლენ.

2 იანვარი – ევროპის მოედანზე 20:00 საათიდან საახალწლო მიუზიკლი დაიწყება. მონაწილეობას მიიღებენ სტუდია „ჰარმონია“, თითების თეატრი და Goofy land .

3 იანვარი – ევროპის მოედანზე 20:0პ საათზე: – BackwormerThe Black marrows;  Afternoon version

4 იანვარი – ევროპის მოედანზე 20:00 საათზე: Groove Report; The Jetbird; Salio;

5 იანვარი – ევროპის მოედანზე, 20:00 საათზე City Band;  Soft Eject System; Green Room;

6 იანვარი – ევროპის მოედანზე, 20:00 საათზე ფოლკლორული კონცერტი ეთნო ჯაზ ჯგუფი „ეგარი“

7 იანვარი – ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 20:00 საათზე: ჯანო კახიძის 80 წლის საიუბილეო კონცერტი. თბილისის სიმფონიური ორკეტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.

14 იანვარი – ბათუმის მუსიკალური ცენტრში 20:00 საათზე პროექტი – „ნუ კარგავ წამს“.

3 -4 იანვარი – პიაცა – 16:00 საათზე – საბავშვო ღონისძიებები.

საახალწლო ღონისძიებები ბათუმში ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს 19:00 საათზე დაიწყება. ევროპის მოედანზე კონცერტებია დაგეგმილი 26-27 დეკემბერს 20:00 საათიდან. 28–30 დეკემბერს ბათუმელი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტები გაიმართება ბათუმის 13 მუნიციპალურ ცენტრში.

სიმონ ჯანაშია: მრავალმხრივობა ჩვენი საგანმანათლებლო სივრცის ღირებულება არ არის

პასუხობს თუ არა თანამედროვე ქართული სკოლა იმ ღირებულებათა სტანდარტებს, რაც აღიარებულია ევროპული სახელმწიფოების და ასევე ოფიციალურად დეკლარირებულია საქართველოს მიერ; რა ფასეულობებს სთავაზობს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია განათლების სისტემას, რას იზიარებს და რა პროლემებს ვერ ძლევს სკოლა? ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების ექსპერტ სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.

 ბატონო სიმონ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარების, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის განმტკიცებისკენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად პასუხობს დღეს ქართული საგანმანათლებლო სივრცე – სკოლა და უნივერსიტეტი ამ მოთხოვნებს?

მრავალმხრივი განვითარება ბევრ რამეს შეიძლება გულისხმობდეს. ზოგიერთს ზომიერი განვითარება შეიძლება ესმოდეს როგორც რელიგიური განვითარება, ზოგიერთს – ეთიკური ნორმების შეთვისება და ა.შ. ცხადია, მრავალმხრივობა ჩვენი საგანმანათლებლო სივრცის ღირებულება არ არის. არც სახელმწიფო და არც სკოლის დირექცია მრავალფეროვნებას განათლებაში, ასევე პიროვნების მრავალმხრივად აღზრდის საჭიროებას, როგორც მთავარ პრიორიტეტს, არ აყენებს. მაგალითად, სკოლაში ესთეტიკური აღზრდის საგნებს არ ექცევა ისეთივე მნიშვნელობა, როგორც საბუნებისმეტყველო ან ზუსტ მეცნიერებას. თუ საათების შემცირებაზე მიდგება საქმე, სწორედ ამ საგნებს ამცირებენ. მხოლოდ საუბარია ისეთი საგნების სწავლებაზე, რომელიც სამომავლოდ ადამიანის დასაქმებას შეუწყობს ხელს და არა იმაზე, რომ ადამიანი იყოს ჩამოყალიბებული პიროვნება, რომელსაც შეუძლია სიამოვნება მიიღოს ცხოვრებისგან და იყოს ბედნიერი.

ეს უნივერსიტეტებშიც მკაფიოდ ჩანს, რადგან შეფასებების დროს სტუდენტები დასაქმებაზე აკეთებენ აქცენტს და არა იმაზე, შეძლებენ თუ არა ისინი საზოგადოების შენებაში მონაწილეობის მიღებას. ადამიანს მარტო ის კი არ უნდა ასწავლო, რა არის ისტორია, არამედ ისიც, თუ რისი გაკეთება შეუძლია ისტორიკოსს საზოგადოებისთვის. ან ბიზნესმენმა როგორ უნდა აკეთოს ფული, არამედ როგორ გამოიყენოს ის საზოგადოების სასარგებლოდ. დღეს სახელმწიფოსა და საზოგადოებაშიც დგას მხოლოდ ერთი, – სოციალური საკითხი. ყველა იმაზე ფიქრობს, რომ განათლება სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას უნდა ემსახურებოდეს.

ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში ასევე წერია, რომ განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფების შემწყნარებლობას. ფორმალურად, განათლების სისტემა საქართველოში იძლევა ამის შესაძლებლობას. იგივე ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს მსგავსი ღირებულებების გადაცემას. თქვენი აზრით, რამდენად ახერხებენ პედაგოგები ამ ღირებულებების სწორად მიტანას მოსწავლეებამდე?

მიზნები სწორია, მაგრამ ბევრ ადამიანს, ვისაც, წესით, უნდა ჰქონდეს ეს მიზნები გაზიარებული, კონფლიქტი აქვს  ამ ღირებულებებთან. არ სჯერა იმ იდეალების, რომ მოსწავლეს აქვს უფლება ეჭვი შეიტანოს მისი აზრის სისწორეში. ამას შეურაცხყოფად აღიქვამს. ადამიანს, რომელსაც ამის დაშვება თუ არ შეუძლია, წარმოიდგინეთ, მას რელიგიურ წარმოდგენებზე რამხელა ჩარჩო ექნება გაკეთებული.

თანამედროვე გაგებით რასიზმი არ გულისხმობს მხოლოდ კანის ფერის მიხედვით ადამიანის ჩაგვრას. რასიზმი გულისხმობს იმას, რომ შენ გაქვს სტერეოტიპი სხვა ჯგუფის მიმართ და ისინი [ფერადკანიანები] არ მიგაჩნია შენს თანასწორად.

 

შეიძლება თქვა, რომ რაგბიში ჩვენ უკეთესები ვართ, რადგან მოგებული გვაქვს თამაშები, მაგრამ თუ იტყვი, რომ ქართველი უკეთესია სომეხზე, რადგან ჩვენ პატიოსნები ვართ, ეს არის რასისტული წარმოდგენა. ასეთი დამოკიდებულება გავრცელებულია საქართველოში. ბოლო ფაქტი გავიხსენოთ თუნდაც, როცა იეჰოვას მოწმეების დარბაზი ორჯერ დაცხრილეს. სკოლაში ასეთ პრობლემებს ყოველდღიურად უნდა განიხილავდნენ, მაგრამ სკოლა ამბობს, რომ ჩემი ინტერესია ბავშვი იყოს ტრადიციის აგრესიულად დამცველი და არა – შემწყნარებელი. ცხადია, ვერ აიძულებ ადამიანს ასწავლოს ის, რისიც არ სჯერა

 

 როცა სკოლაში ასეთი ძლიერია ქსენოფობიის გამოვლინება, პედაგოგი შეძლებს ადამიანის უფლებათა დეკლარაციით აღიარებული ფასეულობების მიტანას ბავშვამდე?

ადამიანები იცვლებიან და იცვლება ღირებულებებიც. ათი წლის წინ მასწავლებელზე რაიმეს თქმა რომ მინდოდა, მიმოწერაში თვეები გადიოდა, ახლა წამებში ხდება ეს ყველაფერი. მეტი შესაძლებლობები არსებობს, რომ გახდე უკეთესი.  არსებობს კონკურენცია სხვადასხვა ჯგუფს შორის და ეს ეხმარება ადამიანებს. მაგალითად, სოციალური მედია ეხმარება ფუნდამენტალიზმსაც და ლიბერალიზმსაც. ასე, რომ სახელმწიფოს როლია გამოიყენოს ეს შესაძლებლობები საკუთარი მიზნების მისაღწევად. საზოგადოების პრობლემა იმაშია, რომ ის სახელმწიფოს გავლით ურთიერთობს მასწავლებელთან და არა _ პირდაპირ. სახელმწიფოს კი ურჩევნია მასწავლებელს უთხრას – „შენ ვერავინ შეგეხება, ოღონდ მე დამიჭირე მხარი“.

 საზოგადოების ურთიერთობაში რას მოიაზრებთ?

მშობელი აღწერდა, როგორ არასათანადოდ მოექცნენ მის შვილს სკოლაში. მეც მქონდა შემთხვევა, როდესაც მივმართე მასწავლებელს რელიგიურ ინდოქტრინაციასთან დაკავშირებით. მასწავლებელი არ ელოდა ამას, რადგან სხვა მშობლები ეუბნებოდნენ, რომ ეს მოსწონდათ. ისინი ასრულებენ ამ დაკვეთას. ამიტომ,  მშობლები უნდა ელაპარაკებოდნენ მასწავლებლებს.

სკოლებში ხომ იციან, რომ ინდოქტრინაცია, რელიგიური კუთხეების მოწყობა, კანონით აკრძალულია?

მე სწორედ ამას ვუხსნიდი. თუ თქვენ არ დაიცავთ კანონს, მაშინ არანაირი უფლება არ გაქვთ მე მომთხოვოთ დავიცვა სკოლის შინაგანაწესი-მეთქი. სკოლას ჰქონდა წესი, რომ მშობელს არ შეეძლო სკოლაში შესვლა. როგორ შეუძლია სკოლას დამიწესოს ეს წესი, თუკი არ ასრულებს ქვეყანაში არსებულ კანონებს. პასუხი იყო შემდეგი, რომ ჩვენ თუ ამ კანონს არ დავარღვევთ, დაგვერღვევა უფრო მნიშვნელოვანი რამ, ჩვენი იდენტობა. ჩვენთვის ქართველობა ნიშნავს იმას, რომ ვიყოთ მართლმადიდებლები.

როცა პედაგოგები ასე აზროვნებენ, ეს სახელმწიფოსთვის არის პრობლემა?

პრობლემაა. ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, როცა სახელმძღვანელო გეუბნებოდა, რომ მარქსი მართალია, მაგრამ სინამდვილეში გეუბნებოდნენ, რომ ეს სისულელეა. მასწავლებელი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ბოროტია, ის რაღაც შემთხვევებში ეწინააღმდეგება შენს ინტერესებს და მაინც აკეთებ იმას, რაც სწორად მიგაჩნია.

 პრაქტიკა აჩვენებს, რომ განათლების სამინისტრო ასეთ დროს დუმს. რა რეაქცია ექნებოდათ მსგავს ფაქტზე ევროპულ ქვეყნებში?

სახელმწიფოს არ ჰყავს მხარდამჭერები, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. საზოგადოებაში ცოტაა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ასეთ ფაქტებს გამოავლენდა და ისაუბრებდა.

მედია მეტ-ნაკლებად საუბრობს ამაზე. ფიქრობთ, ეს არ არის საკმარისი?

მედიის როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ პედაგოგებს არ აქვთ გაცნობიერებული, რომ თუ რაღაცას არასწორად აკეთებ, იმის საპირისპირო შედეგი შეიძლება მიიღო, რისი მიღწევაც გინდა. სამინისტრომ უნდა სცადოს პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს რელიგიურ ორგნიზაციებთან და შესთავაზოს პრობლემის მოგვარება, მასწავლებლებს კი მრავალფეროვნების საკითხებზე ტრენინგები ჩაუტაროს.  სკოლებს უნდა ჰქონდეს შეფასების კრიტერიუმები ამ მხრივაც, რადგან თუ აფასებ სკოლის ინფრასტრუქტურას, ასეთი საკითხებიც უნდა შეაფასო.

 სკოლებში აქტუალურია ბულინგის პრობლემა, რომელიც შეიძლება გაჩნდეს როგორც სოციალური უთანასწორობის, ასევე სხვა განსხვავებულობის ნიადაგზე. ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში წერია, რომ ამ ღირებულებების დაცვა საჭიროა მშვიდობის შესანარჩუნებლად. სკოლა რამდენად მართავს კონფლიქტებს?

დღეს სკოლა სტრუქტურულად არასწორად არის მოწყობილი, რადგან იმის ნაცვლად, რომ ბავშვებს ასწავლონ თვითმართვა ან კონფლიქტის მართვა, სკოლაში არის მანდატური.

სკოლას ისეთი სტრუქტურები აკლია, რაც მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობას მისცემდა. მოსწავლეს სურს იყოს პოპულარული, მაგრამ ამას რომ მიაღწიოს, ან უნდა იჩხუბოს, ან კარგად ისწავლოს. ნაკლები შესაძლებლობაა იმის, რომ გახდეს სკოლის თეატრის მსახიობი ან იყოს სკოლის კლუბის დამაარსებელი, გაზეთის რედაქტორი. სასკოლო ლიგა რომ არსებობდეს ფეხბურთში, ვიღაც საუკეთესო ბომბარდირი, მცველი ან მეკარე იქნებოდა. ადამიანი შეიძლება სხვანაირად არ ბრწყინავდეს, მაგრამ ამ სფეროებში იყოს სკოლის ვარსკვლავი, ასე დაიმკვიდროს თავი და არა თანატოლის დაჩაგვრით.

ჩვენთან მიაჩნიათ, რომ ბიჭები მოჩხუბრები უნდა გაიზარდონ. თუმცა საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთ ბიჭებს ზრდასრულ ასაკში არ შეუძლიათ  პასუხისმგებლიანი არჩევანის გაკეთება და როდესაც საქმეს იწყებენ, უჭირთ სხვებთან თანამშრომლობა. ფინეთის სკოლაში ბავშვებს ასწავლიან, რომ ისინი არ უნდა იყვნენ მაყურებლის პოზიციაში, როცა ხედავენ, რომ რამდენიმე ადამიანი ერთს ჩაგრავს, ან უნდა უთხრან, რომ გაჩერდი, ან დაუძახონ სხვას დასახმარებლად. შემდეგ კი ერთად დასვამენ დაპირისპირებულ მხარეებს, რომ გააანალიზონ, რატომ მივიდა საქმე კონფლიქტამდე. ჩვენთან კი ასეთი პოზიცია აქვთ: თუ შეგიძლია დაეხმარე, თუ არა – გაიარე.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. მუხლი 26

 

1. ყველას აქვს განათლების უფლება. განათლება დაწყებითი და ზოგადი მაინც, უფასო უნდა იყოს. დაწყებითი განათლება უნდა იყოს სავალდებულო. ტექნიკური და პროფესიული განათლება უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, უმაღლესი განათლება კი – ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის უნარის შესაბამისად

 

2. განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის განმტკიცებისაკენ. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.

 

საახალწლო ნაძვის ხეს ბათუმში 25 დეკემბერს აანთებენ

საახალწლო ნაძვის ხეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, 25 დეკემბერს, საღამოს აანთებენ, რის შემდეგაც საზეიმო კონცერტი გაიმართება. ბათუმის მერიის ინფორმაციით წელს ნაძვის ხე და ქალაქის საახალწლო განათებები ვერცხლისფერი იქნება.

საახალწლო აქსესუარების შესაძენად წელს მერიამ ბათუმის ბიუჯეტიდან  მილიონ 400 000 ლარი გაითვალისწინა. ამ თანხაში შედის სამონტაჟო სამუშაოების დაფინანსებაც.

ბათუმის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის ლამზირა ბოლქვაძის ინფორმაციით საახალწლო ღონიძიებებს წელს მერიასთან ერთად ტურიზმის დეპარტამენტი და განათლების სამინისტრო კურირებენ.

„ახალი წლის ღამეს მთავარი საზეიმო კონცერტის გარდა, რომელიც ევროპის მოედანზე გაიმართება, ბათუმის ცამეტივე ტერიტორიულ ორგანოში იქნება მომზადებული საკონცერტო ინფრასტრუქტურა, სადაც ადგილობრივი შემსრულებელები გამოვლენ. მთავარი ღონიძიებისთვის კი იგეგმება ცნობილი შემსრულებელების ჩამოყვანა“ – ამბობს ლამზირა ბოლქვაძე.

შარაბიძეების სკოლის პედაგოგი ბავშვის ცემის გამო დაითხოვეს

ბათუმის #22-ე სკოლის (შარაბიძეების დასახლება) პედაგოგი ბავშვის ცემის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის სულიკო თებიძის ინფორმაციით, პედაგოგი რომლის წინააღმდეგაც მეოთხეკლასელი ბავშვის მშობელმა  ადმნისტრაციას საჩივრით მიმართა, სამსახურიდან დაითხოვეს:

„ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩავერიოთ, გადაწყვეტილებას სკოლის დისციპლინარული საბჭო იღებს, თუმცა მე მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მართლაც მიიღეს და პედაგოგი დაითხოვეს“.

სკოლის დირექტორის გიორგი რუხაძის ინფორმაციით პედაგოგი ბავშვის ცემის ფაქტს არ აღიარებდა და ის ამბობდა, რომ ბავშვს ხელი შემთხვევით მოხვდა.

„მშობელი ბავშვთან ერთად მოვიდა სკოლაში, ბავშვს სახეზე სიწითლე ჰქონდა და ამბობდა, რომ მასწავლებელმა სცემა. მშობელმა ბავშვის სხვა პარალელურ კლასში გადაყვანა მოითხოვა, რადგან ბავშვს იმავე კლასში დაბრუნების ეშინოდა. მე მისი მოთხოვნა დავაკმაყოფილე და მასწავლებელს მოვთხოვე მოხსენებითი ბარათის დაწერა. მასწავლებელმა განმარტა, რომ ის „ვაიფაის“ აპარატის გამართვას ცდილობდა, რა დროსაც ხმაური მოესმა და უცებ შემობრუნდა, რის გამოც ბავშვს ხელი შემთხვევით მოხვდა. დისციპლინარულმა საბჭომ ის დამნაშავედ მიიჩნია და ხუთივე წევრმა მხარი დაუჭირა მის დათხოვნას რაც მე დავაკმაყოფილე“  – განაცხადა გიორგი რუხაძემ „ბათუმელებთან“. მისივე ინფრომაციით პედაგოგმა ადვოკატი აიყვანა, სკოლის დორექტორი ვარაუდობს, რომ გათავისუფლებული პედაგოგი სამსახურში აღდგენისთვის იბრძოლებს.

თერაპიული სტომატოლოგიის რეზიდენტურა ბათუმში

სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგო” ასრულლებს საბუთების მიღებას “თერაპიული
სტომატოლოგიის” სარეზიდენტო პროგრამაზე, რომელიც განკუთვნილია დიპლომირებული სტომატოლოგებისა და სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამა “თერაპიული სტომატოლოგია” გაწერილია 11 თვეზე და შედგება პროფესიული მზადებისაგან მოზრდილთა და ბავშვთა თერაპიულ სტომატოლოგიაში.

პროგრამის მიზანი სამედიცინო განათლების მქონე დიპლომირებული სტომატოლოგის
კონკურენტუნარიან სპეციალისტად ჩამოყალიბება და მომავალი დამოკიდებელი საექიმო და სამედიცინო საქმიანობისთვის სათანადო გამოცდილების შეძენაა.

სარეზიდენტო პროგრამის კურსის გავლის შემდეგ თერაპევტი შეძლებს პირის ღრუს ქსოვილებისა და ორგანოების, ყბა-კბილთა სისტემის დაავადებების დროულ ამოცნობას, მკურნალობას, პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე ორიენტირებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის
სრულყოფას.

“ინდიგოს” “თერაპიული სტომატოლოგიის” სარეზიდენტო პროგრამის უპირატესობას წარმოადგენს სწავლისთვის გამოყოფილი 11 თვის თანაბრად განაწილება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს შორის.

კურსის მიმდინარეობისას მსმენელები თეორიული ცოდნის მიღების გარდა,
შეძლებენ პაციენტთა მიღებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას თანამედროვე სტომტოლოგიური აპარატურითა და სამუშაო მასალებით აღჭურვილ “ინდიგოს” კლინიკაში.

სტომატოლოგიურ კლინიკა “ინდიგოს” სტომატოლოგებისთვის დიპლომის შემდგომი განათლების მიცემის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. “ინდიგომ” წლების განმავლობაში სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამა “თერაპიული სტომატოლოგიის” ფარგლებში ათეულობით პროფესიონალი მოამზადა, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკებში.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის ყოველთვიური ღირებულება
600 ლარია.

“ინდიგოს” რეზიდენტურაში მომზადებულ სტომატოლოგს სერტიფიცირების შემდეგ უფლება აქვს, იმუშაოს თერაპევტ-სტომატოლოგად ყველა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში.

საბუთების მიღების ბოლო ვადა 2016 წლის 14 იანვრამდე, სწავლა კი 2016 წლის 15 იანვარს დაიწყება.

რეზიდენტურის ფარგლებში პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები გაიმართება ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგოს” ბათუმის ფილიალში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომრებზე:
(+995 04 22) 22 30 03; (+995 04 22) 27 11 81; (+995) 514 131131
მისამართი: ზ. გორგილაძის 29, ბათუმი.

რა აიძულებს ტრანსგენდერ ადამიანებს თვითმკურნალობას

წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანები ვერ იღებენ ხარისხიან სამედიცინო დახმარებას. ამის ძირითადი მიზეზი საქართველოში ტრანსსპეციფიკური ჯანმრთელობის სერვისების შესახებ კლინიკური გაიდლაინების არარსებობა და ტრანზიციისთვის საჭირო სამედიცინო პროცედურების სიძვირეა. გარდა ამისა, ტრანსგენდერობისა და ინტერსექსუალობის შესახებ საბაზისო ცოდნის ნაკლებობა პირველადი ჯანდაცვის რგოლის სპეციალისტებში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დისკრიმინაციისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეს ქმნის.

ევროპის მასშტაბით ჩატარებული კვლევების თანახმად, ტრანსგენდერი ადამიანების (ვისი გენდერული იდენტობა, გამოხატვა და ქცევა განსხვავდება მისი ბიოლოგიური სქესის მახასიათებლებისგან) უმეტესობა არასპეციფიკური ჯანმრთელობის სერვისების მიღებისას აწყდებიან ბარიერებს და დისკრიმინაციულ მოპყრობას სამედიცინო პერსონალის მხრიდან. კვლევის თანახმად, საქართველოში ეს უფრო იშვიათად ხდება, რადგან ტრანსგენდერი ადამიანები, დისკრიმინაციისა და აგრესიის შიშით, ექიმთან მისვლას მაქსიმალურად არიდებენ თავს.  „ისინი მხოლოდ უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ. მაგალითად ისეთს, როგორიცაა:  „თანადგომა“ ან `შიდსის ცენტრი“, სადაც შეიძლება ვენერიულ დაავადებებზეც ჩაიტარონ უფასო ტესტირება და პერსონალი არის მეგობრული. კონკრეტული პროფილის ექიმებსაც ამ ორგანიზაციების მეშვეობით ეძებენ. სხვა შემთხვევაში მათ ეშინიათ დისკრიმინაციისა არა მხოლოდ ექიმების, არამედ რეგისტრატურის თანაშრომლების და სხვა პაციენტების მხრიდანაც“, _ ამბობს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ((WISG) დირექტორი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი ნათია გვიანიშვილი.

ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ტრანსგენდერი (და, ზოგადად, ლგბტ) ადამიანი ცხოვრობს საქართველოში – არ არსებობს. ნათია გვიანიშვილი ამბობს, რომ მოცემულ მომენტში ორგანიზაცია WISG-ი 30 ტრანსგენდერ ადამიანთან თანამშრომლობს, თუმცა მათი რაოდენობა უფრო მეტია.

სამედიცინო პერსონალის დაბალი ინფორმირებულობა ტრანსსპეციფიკურ საკითხებსა და საჭიროებებზე, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რის გამოც ტრანსგენდერ ადამიანებს ჯანმრთელობის უმაღლეს სტანდარტზე ხელი არ მიუწვდებათ. ნათია გვიანიშვილის თქმით, მათ მიერ ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ექიმები საქართველოში ერთმანეთში ურევენ გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის მნიშვნელობას: „სამედიცინო განათლების მიღებისას ისინი ვერ იღებენ გენდერსა და სექსუალობაზე ადეკვატურ ინფორმაციას. შესაბამისად, მათ ერთმანეთში ერევათ, თუ რასთან აქვთ საქმე. სწორედ ამიტომ, ეს საკითხები სხვადასხვა პროფილის ექიმების, განსაკუთრებით კი ფსიქიატრების ოფიციალურ კურიკულუმებში უნდა იყოს შესული. მეორე მხრივ, უნდა გადაიხედოს არსებული სახელმძღვანელოები, სადაც შეიძლება ნახსენებია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხები, მაგრამ მოძველებული  ტერმინებით“.

გარდა ამისა, საქართველოში არ არსებობს ეროვნული კლინიკური გაიდლაინები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფდა გაწეული სამედიცინო მომსახურების კონტროლს. „არც კანონით ან რომელიმე ნორმატიული აქტით, არც პროტოკოლით არ რეგულირდება ტრანზიციის პროცედურები, მაგრამ არც იკრძალება. შესაბამისად, დღეს ექიმის პრეროგატივაა, თუ  რა ტიპის საერთაშორისო პროტოკოლსა და კვლევას გამოიყენებს კონკრეტულ შემთხვევაში. ეს კი პრობლემატურია, რადგან ერთსა და იმავე ადამიანს სამმა სხვადასხვა ექიმმა შესაძლოა სამი სხვადასხვა მითითება მისცეს იმის შესახებ, თუ რა პროცედურები უნდა ჩაიტაროს. ამიტომ უნდა არსებობდეს ერთობლივი სისტემა~, _ ამბობს ნათია. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ტრანსგენდერი ადამიანი მოინდომებს ჰორმონული თერაპიის ჩატარებას, ის ვერ იპოვის ენდოკრინოლოგს, რომელიც მას მკურნალობას დაუნიშნავს. თუ ადამიანს თავისი ბიოლოგიური სქესისთვის ნორმალური ჰორმონური ნაკრები აქვს, ექიმი მას დამატებით ტესტესტერონს ან ესტროგენს ვერ გამოუწერს, რადგან ჩაითვლება, რომ ამით მას ჯანმრთელობას დაუზიანებს. თუმცა, არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული პროტოკოლები, რომლებშიც დეტალურად გაწერილია პროცესისთვის საჭირო დოზირებები და გამოკვლევები.

ტრანსგენდერი ადამიანებისთვის კიდევ ერთ სირთულეს წარმოადგენს ფინანსური ფაქტორი. საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევის არც სახელმწიფო და არც კერძო კომპანიები არ ანაზღაურებს სქესის კვლავმინიჭებასთან დაკავშირებულ სამედიცინო პროცედურების ხარჯებს.

იმისთვის, რომ ტრანსგენდერმა ადამიანმა შესძლოს საქართველოში სქესის კვლავმინიჭების ოპერაციაზე გასვლა, მას ესაჭიროება სექსოლოგის დიაგნოზი, რომ ის ნამდვილად ტრანსექსუალია, – „რაც მოძველებული ტერმინია, მაგრამ ჩვენი სექსოლოგების ნაწილი ისევ იყენებს მას“, _-ამბობს ნათია გვიანიშვილი.

პრობლემა არის ის, რომ ყველა ტრანსგენდერ ადამიანს არ სურს სქესის კორექციის ოპერაცია და მას შეიძლება სურდეს ტრანზიციის მხოლოდ გარკვეული ეტაპის გავლა – მაგალითად, ჰორმონული თერაპიის ჩატარება. `დიაგნოსტიკის პერიოდი დაახლოებით ერთ წელს მოიცავს. ამ დროში ადამიანმა უნდა ჩაიტაროს რამდენიმე ტიპის კვლევა: სასქესო ორგანოების, ქრომოსომული, საჭიროა სექსოლოგთან არაერთგზის ვიზიტი, ასევე ვიზიტი ფსიქოლოგთან და ფსიქიატრის დამოუკიდებელი დასკვნა… საუბარი არ არის უშუალოდ ოპერაციის დაფინანსებაზე, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება (ტრანზიციის სრული პროცესის ღირებულება 12 000-20 000 აშშ დოლარია). ოპერაციის წინამდევი ყველა პროცედურა ჯამში 900-1000 ლარამდე ღირს, რომლის დაფინანსებაც სახელმწიფოს მხრიდან დიდ შეღავათს გაუწევდა ამ ადამიანებს“, –  ამბობს ნათია გვიანიშვილი. ევროპის ქვეყნებში ამ პროცედურების ნაწილს სახელმწიფო აფინანსებს.

გენდერის სამართლებრივ აღიარებას ტრანსგენდერი ადამიანისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან პირადობაში თავისი გენდერის შეუსაბამო ჩანაწერი ხშირად უზღუდავს მათ დასაქმების, განათლების მიღებისა და შეურაცხყოფისა და დამცირების თავიდან არიდების შესაძლებლობებს.

სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საკითხი საქართველოს კანონის „სამოქალაქო აქტების~ შესახებ 78-ე მუხლის „ზ“ პუნქტით რეგულირდება, რომლის მიხედვითაც ჩანაწერის შეცვლის ერთ-ერთ საფუძველს სქესის შეცვლა წარმოადგენს. კანონი არ განმარტავს, თუ რა (პროცედურები) იგულისხმება კონკრეტულად სქესის შეცვლაში.

ანა ნაცვლიშვილი: „თავისუფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობა“

„…მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება,“ –  ასე დაასაბუთეს ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციაში, 29-ე მუხლში საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის აუცილებლობა. რას გულისხმობს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა? – ამ თემაზე  „ბათუმელების“ კითხვებს საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა, უპასუხა.

 ანა, როგორც იურისტმა და უფლებადამცველმა რომ განმარტოთ, რას გულისხმობს დეკლარაციის 29-მუხლი: ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება.

ეს მუხლი საყოველთაო დეკლარაციის და, ზოგადად, ადამიანის უფლებათა ფილოსოფიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ამბობს, რომ თავისუფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობა, რომ ადამიანის თავისუფლება არ არის შეუზღუდავი. თუმცა კონკრეტულად რა ვალდებულებებზეა საუბარი, დეკლარაცია არ აკონკრეტებს, განსხვავებით უფლებების ფართო და დეტალური ჩამონათვალისგან. ჩემთვის ეს ჩანაწერი, უპირველეს ყოვლისა, იმას ნიშნავს, რომ ადამიანს უფლებები მარტო საკუთარი თავისთვის ან თავისნაირებისთვის (სქესის, ეთნოსის, რელიგიის თუ სხვა ნიშნით) არ უნდა უნდოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უფლებები კი არა, პრივილეგიები იქნება. ეს ჩანაწერი ასევე ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობა მარტო სახელმწიფოს არ ეკისრება, არამედ ინდივიდსაც, რომ უფრთხილდებოდეს სხვის უფლებებსა და საზოგადოებაში არსებულ იმ სიკეთეებს, რაც სხვა ადამიანებს ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს.

სამწუხაროდ, 29-ე მუხლის ლოგიკას ხშირად არასწორად იყენებენ, ამ მუხლს და, ზოგადად, ადამიანის საზოგადოების წინაშე ვალდებულების კონცეფციას ხშირად იშველიებენ უფლებების შესავიწროვებლად, შესაზღუდად _ თუმცა დეკლარაცია ამას არსად ამბობს.

 

რატომ გახდა ამ დეკლარაციის მიღება აუცილებელი თანამედროვე მსოფლიოსთვის?

დეკლარაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგაა მიღებული და კარგად ასახავს ამ ომის საშინელებებით თავზარდაცემული მსოფლიოს საერთო სულისკვეთებას; მსოფლიომ მაშინ დაინახა, სანამდე შეიძლება მივიდეს კაცობრიობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების იგნორირების შედეგად.

დეკლარაცია უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ უფლებათა ჩამონათვალის სიმდიდრისა და მრავალფეროვნების გამო, არამედ იმიტომაც, რომ წარმოადგენს უმნიშვნელოვანესი პრინციპების აღიარებას, რომ ადამიანის უფლებები არის თანდაყოლილი, განუყოფელი და უნივერსალური. თანდაყოლილი ნიშნავს იმას, რომ არა ხელისუფლება, ღმერთი ან სხვა რაიმე ძალა, არამედ ადამიანად დაბადების ფაქტი ანიჭებს მას ამ უფლებებს და რომ ეს უფლებები გასხვისებას, მათზე უარის თქმას არ ექვემდებარება; განუყოფელი ნიშნავს იმას, რომ ყველა უფლება ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ერთის დარღვევა საფრთხეს უქმნის ყველა სხვა დანარჩენს, ამიტომ ყველა უფლების დაცვა მნიშვნელოვანია; უნივერსალური ნიშნავს იმას, რომ ეს უფლებები საყოველთაოა და ეკუთვნის ყველას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, და სხვა. და იმის, თუ რომელ გეოგრაფიულ არეალში, რომელ კულტურულ სივრცეში ცხოვრობს ესა თუ ის ადამიანი.

კონკრეტულ მაგალითებს ხომ არ გაიხსენებთ, როცა ბოლო წლების საქართველოში ადამიანებს გამოუჩენიათ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა?

ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი და პოზიტიური მაგალითი იყო ადამიანების ფართო ჯგუფების მობილიზება 13 ივნისის ტრაგედიის შედეგებთან გასამკლავებლად.

ასევე არაერთი საქველმოქმედო აქცია მახსენდება, როდესაც კონკრეტულ ადამიანებს საზოგადოების სხვადასხვა წევრებმა თუ ორგანიზაციებმა დახმარების ხელი გაუწოდეს. ეს მაგალითები დასაფასებელია, მაგრამ, ვფიქრობ, ამ მიმართულებით სისტემატურობა და თანმიმდევრულობა გვაკლია. მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გულისხმობს იმას, რომ მოქალაქე მუდმივად ჩართულია საზოგადოებრივ პროცესებში, ზოგჯერ მეტად, ზოგჯერ შედარებით ნაკლებად, მაგრამ აქტივობის გარკვეულ დონეს მუდმივად ინარჩუნებს. ჩვენ კონკრეტულ მომენტებში ვახერხებთ მობილიზებას კონკრეტული ადამიანების გადასარჩენად, მაგრამ მუდმივად ფხიზლად ყოფნას ვერ ვახერხებთ. უმეტესწილად კრიზისებზე ვრეაგირებთ, მაგრამ ვერ ვახერხებთ, რომ კრიზისამდე არ მივიყვანოთ მდგომარეობა. ეს ალბათ ჩვენში საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის განვითარების შემდეგი ეტაპი უნდა იყოს.

 ხშირად ადამიანები მიიჩნევენ, რომ ესა თუ ის პრობლემა სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს. საზოგადოება თავად ანაწილებს როლებს, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებელი ყოველთვის ხელისუფლებაა, ხოლო მეორეხარისხოვანის _ საზოგადოება, ინდივიდი, მაშინ როცა ცივილიზებულ სამყაროში პირიქით ხდება. ეს რაზე მიუთითებს?

ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩვენ პოსტტოტალიტარული სახელმწიფო ვართ. ტოტალიტარული სახელმწიფო თავისი არსით გულიხსმობს იმას, რომ სახელმწიფო ერევა ყველაფერში და განსაზღვრავს არამხოლოდ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებს, არამედ თითოეული ადამიანის ყოველდღიურობის მცირე ნიუანსებსაც კი. ასეთ პირობებში ცხოვრებისას ადამიანებს თანდათან უჩლუნგდებათ სოციალური და სამოქალაქო აქტივიზმის უნარი და შემდეგ უკვე აქტივობის სურვილიც კი!

ახლო წარსულის შედეგია ის მენტალობა, რომ ყველაფერი სახელმწიფოს ვალდებულებაა. ასეთი მიდგომა პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს მოქალაქეს, ყველაზე ფართოდ განხილვადი მაგალითი რომ ვახსენო _ საკუთარი სახლის სადარბაზოს სუფთად შენახვის ვალდებულებისგანაც კი.

სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ვალდებულებების ასეთ გადანაწილებას მეორე მხარეც აქვს, რომელიც არანაკლებ დამანგრეველია საზოგადოებისათვის _ ვალდებულებები აძლევს სახელმწიფოს უფლებებსაც და ლეგიტიმაციას, რომ არამხოლოდ პრობლემები მოუგვაროს, არამედ აკონტროლოს კიდეც მოქალაქეები, იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეებმა აკონტროლონ სახელმწიფო. ასეთი მენტალობის გამოვლინებაა ისიც, რომ პოლიტიკაშიც საზოგადოება ელოდება მესიას, რომელიც მოვა და ერთი ხელის მოსმით ყველა პრობლემას მოუგვარებს.

როცა ზრდასრულ, შრომისუნარიან ადამიანს უჩნდება სურვილი, რომ სახელმწიფომ, პოლიტიკოსებმა, მთავრობამ „ცხოვრება მოუწყოს“, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში შექმნას პირობები, სადაც ადამიანები შეძლებენ დასაქმებას, ექნებათ შრომის უსაფრთხო პირობები და ცხოვრების ღირსეული შესაძლებლობა, ალბათ, ეს ჩვენს მენტალიტეტში არსებულ პრობლემაზე მიუთითებს.

ზოგადად, მომთხოვნი მოქალაქე კარგია, მაგრამ ეს მომთხოვნელობა არ უნდა იყოს დაცლილი საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისა და შესრულებისაგან. ხელისუფლებას ხშირად ვაკრიტიკებთ იმის გამო, რომ, მაგალითად, ქალაქის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის რაიმე ფართომასშტაბიანი პროექტი ვერ განახორციელა, მაგრამ არ ვფიქრობთ იმაზე, ჩვენ თავად ნაყინის ცელოფანი რომ მოვისროლეთ ქუჩაში და ორიოდ ნაბიჯის გადადგმა დაგვეზარა ურნამდე მისაღწევად. ბუნებაში ქეიფის შემდეგ რომ ნასუფრალის ალაგება და მისუფთავება ბევრს ავიწყდება, ესეც ფაქტია, სუფრაზე საქართველოსა და მისი ლამაზი ბუნების სადღეგრძელოს დალევა _ არა.

პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა გულისხმობს მუდმივ შრომას, რაც იოლი არ არის. აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებაში დიდია საგანმანათლებლო სისტემის როლი, მაგრამ რამდენად არის ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული? ვფიქრობ, ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემებია და ძირეული რეფორმებია გასატარებელი.

უახლეს წარსულში ყოფილა მცირეწლოვანი ბავშვის შიმშილის გამო გარდაცვალების შემთხვევები. ხელისუფლებას თავი რომ დავანებოთ, როგორ უნდა იქცეოდეს ცივილიზებული ადამიანი იმ დროს, როდესაც ხედავს, რომ მის გვერდით ცხოვრობს ადამიანი, რომლის ღირსეული სიცოცხლის უფლება ირღვევა?

პირველი ადამიანური ინსტინქტი ალბათ არის ის, რომ ვისაც რითი შეუძლია იმით დაეხმაროს მის გვერდით გაჭირვებაში მყოფ ადამიანს. მაგრამ სიღარიბე კომპლექსური და სისტემური პრობლემაა და მხოლოდ ასეთი მყისიერი, ძალიან სწორი და ადამიანური, მაგრამ მოკლევადიან ეფექტის მქონე ღონისძიებებით ეს პრობლემა ვერ აღმოიფხვრება. შეიძლება ადამიანს დაეხმარო თანხით, რომელიც მას ერთი, ათი, ასი დღე დააპურებს, მაგრამ ამით პრობლემის წყარო _ სიღარიბე ვერ აღმოიფხვრება. საზოგადოებრივი, მოქალაქეობრივი აქტივობა იმისათვის არის აუცილებელი, რომ სახელმწიფო გახდეს იძულებული, მოკლევადიან ღონისძიებებთან ერთად გაატაროს ისეთი, შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებებიც, რომელთა მეშვეობითაც თანდათან საზოგადოება ამოვა სიღარიბიდან. ამას სწორი ეკონომიკური და საფინანსო პოლიტიკის გატარება და რესურსების სწორად განაწილება სჭირდება, საბიუჯეტო თანხის გონივრული და ყაირათიანი ხარჯვა და ა.შ. ასეთი მიდგომის გარეშე საზოგადოება შეძლებს დაეხმაროს კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტულ მომენტში, მაგრამ ვერ შეძლებს დაძლიოს სიღარიბე.

უნდა ვთქვა, რომ ჩვენს საზოგადოებაში შეიმჩნევა გარკვეული მიუღებლობა და აგრესიაც აქტიური მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სახელმწიფოს აკრიტიკებენ, აკონტროლებენ, ცდილობენ საკუთარი და სხვადასხვა ჯგუფის ხმა მიაწვდინონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, იყვნენ საზოგადოებრივად აქტიურები. ასეთი ადამიანები აღიქმებიან სახელმწიფოს მტრებად, მათ აკრიტიკებენ, რომ არაფერი მოსწონთ, მუდმივად უკმაყოფილონი არიან, კრიჭაში უდგანან ყველას.

რეალურად კი ასეთი ადამიანების გარეშე წარმოუდგენელია პროგრესი, სწორედ ასეთი ადამიანებია საჭირო იმისათვის, რომ სახელმწიფო ორიენტირებული გახდეს ადამიანზე, მის ღირსებაზე, მის დაცულობაზე, მის უფლებებზე და არა ადამიანის ჩაგვრაზე, კონტროლსა და შევიწროვებაზე.

მეორე მხრივ, არაერთი მაგალითი მახსენდება, როცა კონკრეტული ადამიანები საჯაროდ აქტიურობენ, აპროტესტებენ, მაგრამ რაღაც დროის მერე ხელისუფლებაში აღმოჩნდებიან, ყველაფერი ავიწყდებათ, ან პირიქით, მერე ხდებიან აქტივისტები და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებულები, რაც ძალაუფლებას კარგავენ. ეს საზოგადოებაში იმედგაცრუებას და უნდობლობას იწვევს, ადამიანებს უყალიბდებათ განცდა, რომ ვინც აქტიურობს, აქტიურობს იმიტომ, რომ რაღაც გამორჩენას ელის, კარიერას იკეთებს, და არა იმიტომ, რომ გულწრფელად სჯერა იმისა, რასაც ამბობს.

ადამიანთა მცირე ერთობა იბრძვის, მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად, ანუ თანდათანობით მრავლდებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა აქვთ. ამის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს ვერც ერთი წინასწარმიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენა. მსგავსი ბრძოლები, გნებავთ მაღალპასუხისმგებლიანი ადამიანების მუდიმივი დამარცხება, თრგუნავს თუ არა ადამიანში ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას?

ასეთი ბრძოლების წარუმატებლად დამთავრება ზოგჯერ იწვევს იმედგაცრუებას, დეპრესიას, დაღლას, მაგრამ პასუხისმგებლობის შენელებას _ არამგონია. პირიქით _ ასეთ შემთხვევაში, მგონი, პასუხისმგებლობა უფრო იზრდება, რადგან ნათელი ხდება პრობლემის მასშტაბი და მისი ძალა. ასეთ შემთხვევაში წარმატების მიღწევა გაორმაგებულ ძალისხმევას და კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

ამ ბრძოლების წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ისიცაა, რომ მასში საზოგადოების ფართო ნაწილი არ მონაწილეობს, მხოლოდ რამდენიმე აქტივისტსა და ორგანიზაციაზე გადადის მთელი სიმძიმე და მათი იგნორირება სახელმწიფოსთვის გაცილებით იოლია, ვიდრე საზოგადოების ფართო მასების. ეს სერიოზული საკითხია, რასაც მეტი მუშაობა სჭირდება, რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ ჩვენი აქტივობის მიზეზები და დავანახოთ, რომ ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, მათი საზრუნავიცაა, რადგან პირდაპირ განსაზღვრავს მათი ცხოვრების ხარისხს. ამ ტიპის ბრძოლებში სოლიდარობა ხშირად გადამწყვეტია, ჩვენთან, სხვა პრობლემებთან ერთად, სოლიდარობის დეფიციტიცაა.

ზოგჯერ შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან არასათანადო რეაგირება ხომ არ უწყობს ხელს იმას, რომ საზოგადოებაც გულგრილი გახდა საკუთარი პასუხისმგებლობის მიმართ?

ალბათ კი. არაერთხელ მსმენია, რომ მოქალაქემ დარეკა მისი კორპუსის წინ ხეების გაჩეხვის პროცესში და ითხოვა რეაგირება, მაგრამ იმდენად დაგვიანებული და არაადეკვატური იყო რეაგირება, რომ მოქალაქეებს შემდგომი აქტიურობის ყველა სურვილი დაეკარგათ. ასევე იყო რამდენიმე შემთხვევა ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირების, რამაც ინფორმაციის მიმწოდებელ მეზობელს სრულად დაუკარგა აქტიურობის სურვილი.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ მოქალაქეობა არის მუდმივი ბრძოლა, ბრძოლა საკუთარის დასათმობად საერთო სიკეთისთვის, ბრძოლა სიზარმაცესთან, შიშთან, გულგრილობასთან, დაღლასთან, იმედგაცრუებასთან. ამ ბრძოლაში სტრატეგიული პარტნიორი არის მოთმინება და სიჯიუტე; უნდა ვიცოდეთ, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე იქნება ბევრი დაბრკოლება, წარუმატებლობაც, დაცინვაც, იგნორირებაც, კრიტიკაც, მაგრამ ფარხმალი არ უნდა დავყაროთ, ერთმანეთს უნდა შევეხიდოთ და მოთმინებით, ჯიუტად გავაგრძელოთ შრომა _ სხვანაირად ხვალინდელი დღე ვერ იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე დღევანდელია.

საზღვართან, სავარაუდოდ, უცხოელთა ცხედრებია ნაპოვნი

11 დეკემბერს, ხელვაჩურში, თურქეთ-საქართველოს საზღვართან მიტოვებულ ქოხში ოთხი გარდაცვლილი ადამიანის საქმეზე შს სამინსიტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო [თვითმკვლელობამდე მიყვანა – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.]

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი, ნესტან დიდმანიძე “ბათუმელებთან” საუბრისას ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გარდაცვლილები ინდოეთის მოქალაქეები, ახალგაზრდა მამაკაცები არიან.

თვითმხილველების თქმით, ეს ადამიანები დაახლოებით 2-3 დღის წინ არიან გარდაცვლილი. გვამები მონადირეებმა კირნათის თემში, თურქეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს, მიტოვებულ სახლში ნახეს.

Exit mobile version