მთავარი,სპორტი

რატომ დატოვა აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პოსტი

13.12.2015 • 2069
რატომ დატოვა აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პოსტი

აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე თანამდებობა დატოვა პრეზიდენტმა სულხან გოგიბერიძემ. ის პირველი ვადით, მეოთხე წელია ხელმძღვანელობდა ფედერაციას, რომლის პარალელურად იყო „ბათუმის დინამოს“ პრეზიდენტი 2008 წლიდან. თუმცა, 2013 წელს ბათუმის „დინამოს“ გულშემატივრებმა მისი გადაყენების მოთხოვნით აქცია გამართეს [გუნდის წარუმატებლობას მას აბრალებდნენ].

სულხან გოგიბერიძემ იმ წელსვე დატოვა თანამდებობა. ის ამჟამად ეწევა კერძო საქმიანობას, ფლობს კომპანიებს: შპს „BATUS BIOTEX“-ს, შპს „ქრეათივ იმფრეშენს კავკასუს“-ს, შპს „FOOD Line+“ -სა და 50% წილს შპს „TV ERA“-ში. „ბათუმელები“ თანამდებობის დატოვების მიზეზსა და ფედერაციაში მის მუშაობაზე სულხან გოგიბერიძეს ესაუბრა.

 

ბატონო სულხან, რატომ დატოვეთ პრეზიდენტის თანამდებობა?
– ფაქტობრივად, ვადაც გამივიდა, ახალი პრეზიდენტი ამ წლის ბოლომდე უნდა აირჩიონ. სხვადასხვა ბიზნესი მაქვს ჩემი პირადი, რის გამოც აღარ მექნებოდა ის დრო, რაც არჩევნების მომზადებას სჭირდება. ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.
ხომ არ არსებობდა ფედერაციაში შიდა დაპირისპირება, ან რაიმე უთანხმოება?
– არა. მერწმუნეთ, რომ ამ შემთხვევაში არა. არ მქონდა ყველაფრის ორგანიზებისთვის და გაკეთებისთვის დრო და წავედი.
როგორ ხედავთ სამომავლოდ თქვენს ძალისხმევას სპორტში?
– ალბათ ცოტა ხანი გადავალ გულშემატკივრის პოზიციაში და ვნახოთ შემდგომში, არასდროს არ თქვა არასდროსო, ნათქვამია. ჯერჯერობით ნამდვილად პაუზას ავიღებ. დიდი ენერგია მიაქვს ყველა სპორტს და მათ შორის ფეხბურთს, დიდი კონცენტრაცია სჭირდება. ალბათ ჯობია ისეთი ადამიანი მოვიდეს, ვინც მეტ დროს დაახარჯავს ფეხბურთს.
ამ ოთხი წლის განმავლობაში რა გააკეთეთ ისეთი, რაც თავადაც მოგწონთ?
– ყველაფრით ვამაყობ. ამ ოთხი წლის განმავლობაში მოხდა ის, რომ უმაღლეს ლიგაში ორი გუნდი თამაშობს, ასევე პირველ ლიგაშიც – ორი გუნდი. ერთ-ერთი მთავარი მიღწევა აჭარის ფეხბურთის ფედერაციაში არის ის, რომ შეიქმნა მსაჯთა კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელად მოვიწვიეთ მსაჯთა გადამზადების სპეციალისტი ოთარ გუნთაძე და ბოლო ოცი წლის განმავლობაში, დღეს აჭარას საკუთარი მსაჯთა ბრიგადა ჰყავს. ისინი უკვე უმაღლეს ლიგაშიც მსაჯობენ დამხმარე მსაჯებად, პირველ ლიგაში კი – მთავარ მსაჯებად. ეს პროგრამა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური დახმარებით განხორციელდა. როდესაც ფედერაციის პრეზიდენტი გავხდი, პარალელურად ვიყავი ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელიც და ამ პერიოდში „დინამო“ დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში, მერე ისევ გამოვარდა და ისევ დაბრუნდა. ფეხბურთი უფრო მასობრივი გახდა და ალბათ, პატარა წვლილი გვაქვს შეტანილი ფედერაციას, გუნდს მთლიანად და არა მარტო მე. ფედერაციაში ბევრი ადამიანი არ მუშაობს, მაგრამ ვინც მუშაობს, ღირსეულია და კარგად ართმევს თავის საქმეს თავს.
რაზე გწყდებათ გული, რისი გაკეთების საშუალება არ მოგეცათ?
– ასე კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ. ზოგადად ის არის, რომ ფედერაციას აქვს მწირი დაფინანსება. ჩვენი დაფინანსების წყარო არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და პროექტებს გვიფინანსებს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი. უფრო სოლიდური დაფინანსება თუ იქნება, შეიძლება უფრო კარგი საქმეების გაკეთება, ახალგაზრდული ნაკრებების შექმნა, რომელიც მიიღებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას, რითაც, ზოგადად, განვითარდებიან ბავშვები. ჩვენ გვყავდა ბავშვები ტურნირზე ესპანეთში.
რას ფიქრობთ, ვინ უნდა უხელმძღვანელოს ფედერაციას?
– ყველაფერს წყვეტს ფინანსები, შესაბამისად, პროქტების დაფინანსება უნდა უნდოდეს ხელისუფლებასაც და ასე შემდეგ, ვიღაც ისეთი უნდა იყოს, ვინც მივა ხელისუფლებასთან, შეაწუხებს და ასე შემდეგ, თორემ წერილების მიწერმოწერით საქმე დროში იწელება, რაც არ იქნება ფეხბურთის განვითარებისთვის კარგი. მე მგონი მოძებნიან ღირსეულ კანდიდატს, ქალაქში ბევრი ღირსეული ადამიანია, ვინც შეძლებს უხელმძღვანელოს ფედერაციას.
საკუთარი ბიზნესი ახსენეთ, თქვენს ფინანსებს თუ ახმარდით ფედერაციას?
– ჩემი ფინანსური დახმარება ის იყო, რომ ფედერაციას ვემსახურე გასამრჯელოს გარეშე, მე ხელფასი არ ამიღია ფედერაციიდან. უსაშველო ხარჯები არ გამიღია, მაგრამ რაღაც-რაღაცები იყო.
P.S. აჭარის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დეკემბერში ჩატარდება. კანდიდატთა ვინაობა ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გახდება ცნობილი, რომელიც 30 ნოემბერს გაიმართება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: