სიახლეები,სპორტი

აუზზე ცურვა ლიმიტით წყალბურთელებისთვის

13.12.2015
აუზზე ცურვა ლიმიტით წყალბურთელებისთვის

ბათუმში არსებობს წყალბურთის კლუბი, რომელსაც ქალაქის მერია აფინანსებს და კლუბის ბაზაზე არსებული წყალბურთის მოზარდთა გუნდი. მათ არ აქვთ საკუთარი საცურაო აუზი და ვარჯიშებს ტურისტულ კომპლექს „ბათუმი პლაზის“ აუზზე ატარებენ. აუზის მოხმარება ფასიანია – ხარჯს ბათუმის მერია ანაზღაურებს. 2015 წელს ბათუმის მერიამ კლუბს 180 000 ლარი გამოუყო.

მიუხედავად იმისა, რომ წყალბურთელებს ტვირთად არ აქვთ აუზის ხარჯი და ისეთ აუზში ვარჯიშობენ, რომელიც ოლიმპიური სტანდარტისაა (სიგრძე – 30 მეტრი, სიგანე – 25 მეტრი, სიღრმე – 2 მეტრი) და მასზე საერთაშორისო შეჯიბრების ჩატარება შეიძლება, აჭარის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ირაკლი ფანცხავას თქმით, საკუთარი აუზის უქონლობა ხელბურთელებს პრობლემებს უქმნის: „ჩვენ საათობით გვაქვს აუზი. მეტი საათები გვინდა ვარჯიშისთვის. ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

ბილიკებიც არ გვყოფნის, ჩვენ ვართ ოთხ ბილიკზე, იქ კიდევ „პლაზის“ აბონენტები არიან. აუზის აგება დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. ჩემპიონატებზე წარმატებით ვასპარეზობთ და გვპირდებიან, რომ მალე გვექნება საკუთარი აუზი. საქართველოს სპორტის სამინისტროშიც განიხილავენ იმას, რომ აუზები რამდენიმე ქალაქში – ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში აშენდეს“.
ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსის ია შალამბერიძის თქმით, აუზის მშენებლობა ბათუმის მერიის პროგრამებში არ არის და არც 2016 წლის ბიუჯეტის პროგრამაშია გათვალისწინებული. „წყალბურთის აუზის მშენებლობა ჯერჯერობით არ არის მერიის პროგრამებში. თუ რაიმე შეიცვლება, ბუნებრივია, გახდება საჯარო“, – უთხრა „ბათუმელებს“ ია შალამბერიძემ.
ბათუმის წყალბურთის კლუბში მხოლოდ ვაჟები არიან. როგორც ირაკლი ფანცხავა ამბობს, გოგოების გუნდს სწორედ აუზის უქონლობის გამო ვერ ქმნიან. ვაჟთა გუნდში 30 მოსწავლე ირიცხება. მათგან 15 წლის გიორგი ბარაბაძე (მეკარე) თორნიკე დიასამიძე (მცველი) და 16 წლის სერგი წულაძე (ცენტრალური თავდამსხმელი) საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები არიან, გიორგი და თორნიკე 2000-წლიანების ნაკრებში, სერგი წულაძე კი – 18-19-წლიანთა ნაკრებში. ბათუმის წყალბურთის კლუბი მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონატებში. ყოველწლიურად კი მასპინძლობს პეტრე ბრეუსის სახელობის საერთაშორისო ტურნირს ბათუმის „პლაზის“ აუზზე, რომელშიც მონაწილეობენ გუნდები ბელორუსიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და საქართველოს ქალაქებიდან. 2016 წელს ამ ტურნირში მონაწილეობის სურვილი გერმანიამ და რუსეთმაც გამოთქვეს. 2015 წელს ბრეუსის თასის მფლობელი თბილისის ერთ-ერთი გუნდი გახდა, ბათუმის გუნდი კი მეორე ადგილზე გავიდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: