მთავარი,სიახლეები

სიმონ ჯანაშია: მრავალმხრივობა ჩვენი საგანმანათლებლო სივრცის ღირებულება არ არის

12.12.2015 • 1990
სიმონ ჯანაშია: მრავალმხრივობა ჩვენი საგანმანათლებლო სივრცის ღირებულება არ არის

პასუხობს თუ არა თანამედროვე ქართული სკოლა იმ ღირებულებათა სტანდარტებს, რაც აღიარებულია ევროპული სახელმწიფოების და ასევე ოფიციალურად დეკლარირებულია საქართველოს მიერ; რა ფასეულობებს სთავაზობს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია განათლების სისტემას, რას იზიარებს და რა პროლემებს ვერ ძლევს სკოლა? ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების ექსპერტ სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.

 ბატონო სიმონ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარების, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის განმტკიცებისკენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად პასუხობს დღეს ქართული საგანმანათლებლო სივრცე – სკოლა და უნივერსიტეტი ამ მოთხოვნებს?

მრავალმხრივი განვითარება ბევრ რამეს შეიძლება გულისხმობდეს. ზოგიერთს ზომიერი განვითარება შეიძლება ესმოდეს როგორც რელიგიური განვითარება, ზოგიერთს – ეთიკური ნორმების შეთვისება და ა.შ. ცხადია, მრავალმხრივობა ჩვენი საგანმანათლებლო სივრცის ღირებულება არ არის. არც სახელმწიფო და არც სკოლის დირექცია მრავალფეროვნებას განათლებაში, ასევე პიროვნების მრავალმხრივად აღზრდის საჭიროებას, როგორც მთავარ პრიორიტეტს, არ აყენებს. მაგალითად, სკოლაში ესთეტიკური აღზრდის საგნებს არ ექცევა ისეთივე მნიშვნელობა, როგორც საბუნებისმეტყველო ან ზუსტ მეცნიერებას. თუ საათების შემცირებაზე მიდგება საქმე, სწორედ ამ საგნებს ამცირებენ. მხოლოდ საუბარია ისეთი საგნების სწავლებაზე, რომელიც სამომავლოდ ადამიანის დასაქმებას შეუწყობს ხელს და არა იმაზე, რომ ადამიანი იყოს ჩამოყალიბებული პიროვნება, რომელსაც შეუძლია სიამოვნება მიიღოს ცხოვრებისგან და იყოს ბედნიერი.

ეს უნივერსიტეტებშიც მკაფიოდ ჩანს, რადგან შეფასებების დროს სტუდენტები დასაქმებაზე აკეთებენ აქცენტს და არა იმაზე, შეძლებენ თუ არა ისინი საზოგადოების შენებაში მონაწილეობის მიღებას. ადამიანს მარტო ის კი არ უნდა ასწავლო, რა არის ისტორია, არამედ ისიც, თუ რისი გაკეთება შეუძლია ისტორიკოსს საზოგადოებისთვის. ან ბიზნესმენმა როგორ უნდა აკეთოს ფული, არამედ როგორ გამოიყენოს ის საზოგადოების სასარგებლოდ. დღეს სახელმწიფოსა და საზოგადოებაშიც დგას მხოლოდ ერთი, – სოციალური საკითხი. ყველა იმაზე ფიქრობს, რომ განათლება სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას უნდა ემსახურებოდეს.

ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში ასევე წერია, რომ განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფების შემწყნარებლობას. ფორმალურად, განათლების სისტემა საქართველოში იძლევა ამის შესაძლებლობას. იგივე ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს მსგავსი ღირებულებების გადაცემას. თქვენი აზრით, რამდენად ახერხებენ პედაგოგები ამ ღირებულებების სწორად მიტანას მოსწავლეებამდე?

მიზნები სწორია, მაგრამ ბევრ ადამიანს, ვისაც, წესით, უნდა ჰქონდეს ეს მიზნები გაზიარებული, კონფლიქტი აქვს  ამ ღირებულებებთან. არ სჯერა იმ იდეალების, რომ მოსწავლეს აქვს უფლება ეჭვი შეიტანოს მისი აზრის სისწორეში. ამას შეურაცხყოფად აღიქვამს. ადამიანს, რომელსაც ამის დაშვება თუ არ შეუძლია, წარმოიდგინეთ, მას რელიგიურ წარმოდგენებზე რამხელა ჩარჩო ექნება გაკეთებული.

თანამედროვე გაგებით რასიზმი არ გულისხმობს მხოლოდ კანის ფერის მიხედვით ადამიანის ჩაგვრას. რასიზმი გულისხმობს იმას, რომ შენ გაქვს სტერეოტიპი სხვა ჯგუფის მიმართ და ისინი [ფერადკანიანები] არ მიგაჩნია შენს თანასწორად.

 

შეიძლება თქვა, რომ რაგბიში ჩვენ უკეთესები ვართ, რადგან მოგებული გვაქვს თამაშები, მაგრამ თუ იტყვი, რომ ქართველი უკეთესია სომეხზე, რადგან ჩვენ პატიოსნები ვართ, ეს არის რასისტული წარმოდგენა. ასეთი დამოკიდებულება გავრცელებულია საქართველოში. ბოლო ფაქტი გავიხსენოთ თუნდაც, როცა იეჰოვას მოწმეების დარბაზი ორჯერ დაცხრილეს. სკოლაში ასეთ პრობლემებს ყოველდღიურად უნდა განიხილავდნენ, მაგრამ სკოლა ამბობს, რომ ჩემი ინტერესია ბავშვი იყოს ტრადიციის აგრესიულად დამცველი და არა – შემწყნარებელი. ცხადია, ვერ აიძულებ ადამიანს ასწავლოს ის, რისიც არ სჯერა

 

 როცა სკოლაში ასეთი ძლიერია ქსენოფობიის გამოვლინება, პედაგოგი შეძლებს ადამიანის უფლებათა დეკლარაციით აღიარებული ფასეულობების მიტანას ბავშვამდე?

ადამიანები იცვლებიან და იცვლება ღირებულებებიც. ათი წლის წინ მასწავლებელზე რაიმეს თქმა რომ მინდოდა, მიმოწერაში თვეები გადიოდა, ახლა წამებში ხდება ეს ყველაფერი. მეტი შესაძლებლობები არსებობს, რომ გახდე უკეთესი.  არსებობს კონკურენცია სხვადასხვა ჯგუფს შორის და ეს ეხმარება ადამიანებს. მაგალითად, სოციალური მედია ეხმარება ფუნდამენტალიზმსაც და ლიბერალიზმსაც. ასე, რომ სახელმწიფოს როლია გამოიყენოს ეს შესაძლებლობები საკუთარი მიზნების მისაღწევად. საზოგადოების პრობლემა იმაშია, რომ ის სახელმწიფოს გავლით ურთიერთობს მასწავლებელთან და არა _ პირდაპირ. სახელმწიფოს კი ურჩევნია მასწავლებელს უთხრას – „შენ ვერავინ შეგეხება, ოღონდ მე დამიჭირე მხარი“.

 საზოგადოების ურთიერთობაში რას მოიაზრებთ?

მშობელი აღწერდა, როგორ არასათანადოდ მოექცნენ მის შვილს სკოლაში. მეც მქონდა შემთხვევა, როდესაც მივმართე მასწავლებელს რელიგიურ ინდოქტრინაციასთან დაკავშირებით. მასწავლებელი არ ელოდა ამას, რადგან სხვა მშობლები ეუბნებოდნენ, რომ ეს მოსწონდათ. ისინი ასრულებენ ამ დაკვეთას. ამიტომ,  მშობლები უნდა ელაპარაკებოდნენ მასწავლებლებს.

სკოლებში ხომ იციან, რომ ინდოქტრინაცია, რელიგიური კუთხეების მოწყობა, კანონით აკრძალულია?

მე სწორედ ამას ვუხსნიდი. თუ თქვენ არ დაიცავთ კანონს, მაშინ არანაირი უფლება არ გაქვთ მე მომთხოვოთ დავიცვა სკოლის შინაგანაწესი-მეთქი. სკოლას ჰქონდა წესი, რომ მშობელს არ შეეძლო სკოლაში შესვლა. როგორ შეუძლია სკოლას დამიწესოს ეს წესი, თუკი არ ასრულებს ქვეყანაში არსებულ კანონებს. პასუხი იყო შემდეგი, რომ ჩვენ თუ ამ კანონს არ დავარღვევთ, დაგვერღვევა უფრო მნიშვნელოვანი რამ, ჩვენი იდენტობა. ჩვენთვის ქართველობა ნიშნავს იმას, რომ ვიყოთ მართლმადიდებლები.

როცა პედაგოგები ასე აზროვნებენ, ეს სახელმწიფოსთვის არის პრობლემა?

პრობლემაა. ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, როცა სახელმძღვანელო გეუბნებოდა, რომ მარქსი მართალია, მაგრამ სინამდვილეში გეუბნებოდნენ, რომ ეს სისულელეა. მასწავლებელი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ბოროტია, ის რაღაც შემთხვევებში ეწინააღმდეგება შენს ინტერესებს და მაინც აკეთებ იმას, რაც სწორად მიგაჩნია.

 პრაქტიკა აჩვენებს, რომ განათლების სამინისტრო ასეთ დროს დუმს. რა რეაქცია ექნებოდათ მსგავს ფაქტზე ევროპულ ქვეყნებში?

სახელმწიფოს არ ჰყავს მხარდამჭერები, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. საზოგადოებაში ცოტაა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ასეთ ფაქტებს გამოავლენდა და ისაუბრებდა.

მედია მეტ-ნაკლებად საუბრობს ამაზე. ფიქრობთ, ეს არ არის საკმარისი?

მედიის როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ პედაგოგებს არ აქვთ გაცნობიერებული, რომ თუ რაღაცას არასწორად აკეთებ, იმის საპირისპირო შედეგი შეიძლება მიიღო, რისი მიღწევაც გინდა. სამინისტრომ უნდა სცადოს პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს რელიგიურ ორგნიზაციებთან და შესთავაზოს პრობლემის მოგვარება, მასწავლებლებს კი მრავალფეროვნების საკითხებზე ტრენინგები ჩაუტაროს.  სკოლებს უნდა ჰქონდეს შეფასების კრიტერიუმები ამ მხრივაც, რადგან თუ აფასებ სკოლის ინფრასტრუქტურას, ასეთი საკითხებიც უნდა შეაფასო.

 სკოლებში აქტუალურია ბულინგის პრობლემა, რომელიც შეიძლება გაჩნდეს როგორც სოციალური უთანასწორობის, ასევე სხვა განსხვავებულობის ნიადაგზე. ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში წერია, რომ ამ ღირებულებების დაცვა საჭიროა მშვიდობის შესანარჩუნებლად. სკოლა რამდენად მართავს კონფლიქტებს?

დღეს სკოლა სტრუქტურულად არასწორად არის მოწყობილი, რადგან იმის ნაცვლად, რომ ბავშვებს ასწავლონ თვითმართვა ან კონფლიქტის მართვა, სკოლაში არის მანდატური.

სკოლას ისეთი სტრუქტურები აკლია, რაც მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობას მისცემდა. მოსწავლეს სურს იყოს პოპულარული, მაგრამ ამას რომ მიაღწიოს, ან უნდა იჩხუბოს, ან კარგად ისწავლოს. ნაკლები შესაძლებლობაა იმის, რომ გახდეს სკოლის თეატრის მსახიობი ან იყოს სკოლის კლუბის დამაარსებელი, გაზეთის რედაქტორი. სასკოლო ლიგა რომ არსებობდეს ფეხბურთში, ვიღაც საუკეთესო ბომბარდირი, მცველი ან მეკარე იქნებოდა. ადამიანი შეიძლება სხვანაირად არ ბრწყინავდეს, მაგრამ ამ სფეროებში იყოს სკოლის ვარსკვლავი, ასე დაიმკვიდროს თავი და არა თანატოლის დაჩაგვრით.

ჩვენთან მიაჩნიათ, რომ ბიჭები მოჩხუბრები უნდა გაიზარდონ. თუმცა საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთ ბიჭებს ზრდასრულ ასაკში არ შეუძლიათ  პასუხისმგებლიანი არჩევანის გაკეთება და როდესაც საქმეს იწყებენ, უჭირთ სხვებთან თანამშრომლობა. ფინეთის სკოლაში ბავშვებს ასწავლიან, რომ ისინი არ უნდა იყვნენ მაყურებლის პოზიციაში, როცა ხედავენ, რომ რამდენიმე ადამიანი ერთს ჩაგრავს, ან უნდა უთხრან, რომ გაჩერდი, ან დაუძახონ სხვას დასახმარებლად. შემდეგ კი ერთად დასვამენ დაპირისპირებულ მხარეებს, რომ გააანალიზონ, რატომ მივიდა საქმე კონფლიქტამდე. ჩვენთან კი ასეთი პოზიცია აქვთ: თუ შეგიძლია დაეხმარე, თუ არა – გაიარე.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. მუხლი 26

 

1. ყველას აქვს განათლების უფლება. განათლება დაწყებითი და ზოგადი მაინც, უფასო უნდა იყოს. დაწყებითი განათლება უნდა იყოს სავალდებულო. ტექნიკური და პროფესიული განათლება უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, უმაღლესი განათლება კი – ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის უნარის შესაბამისად

 

2. განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის განმტკიცებისაკენ. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: