კვირის ამბები,კვირის ამბები

რა აიძულებს ტრანსგენდერ ადამიანებს თვითმკურნალობას

11.12.2015 • 2832
რა აიძულებს ტრანსგენდერ ადამიანებს თვითმკურნალობას

წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანები ვერ იღებენ ხარისხიან სამედიცინო დახმარებას. ამის ძირითადი მიზეზი საქართველოში ტრანსსპეციფიკური ჯანმრთელობის სერვისების შესახებ კლინიკური გაიდლაინების არარსებობა და ტრანზიციისთვის საჭირო სამედიცინო პროცედურების სიძვირეა. გარდა ამისა, ტრანსგენდერობისა და ინტერსექსუალობის შესახებ საბაზისო ცოდნის ნაკლებობა პირველადი ჯანდაცვის რგოლის სპეციალისტებში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დისკრიმინაციისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეს ქმნის.

ევროპის მასშტაბით ჩატარებული კვლევების თანახმად, ტრანსგენდერი ადამიანების (ვისი გენდერული იდენტობა, გამოხატვა და ქცევა განსხვავდება მისი ბიოლოგიური სქესის მახასიათებლებისგან) უმეტესობა არასპეციფიკური ჯანმრთელობის სერვისების მიღებისას აწყდებიან ბარიერებს და დისკრიმინაციულ მოპყრობას სამედიცინო პერსონალის მხრიდან. კვლევის თანახმად, საქართველოში ეს უფრო იშვიათად ხდება, რადგან ტრანსგენდერი ადამიანები, დისკრიმინაციისა და აგრესიის შიშით, ექიმთან მისვლას მაქსიმალურად არიდებენ თავს.  „ისინი მხოლოდ უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ. მაგალითად ისეთს, როგორიცაა:  „თანადგომა“ ან `შიდსის ცენტრი“, სადაც შეიძლება ვენერიულ დაავადებებზეც ჩაიტარონ უფასო ტესტირება და პერსონალი არის მეგობრული. კონკრეტული პროფილის ექიმებსაც ამ ორგანიზაციების მეშვეობით ეძებენ. სხვა შემთხვევაში მათ ეშინიათ დისკრიმინაციისა არა მხოლოდ ექიმების, არამედ რეგისტრატურის თანაშრომლების და სხვა პაციენტების მხრიდანაც“, _ ამბობს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ((WISG) დირექტორი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი ნათია გვიანიშვილი.

ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ტრანსგენდერი (და, ზოგადად, ლგბტ) ადამიანი ცხოვრობს საქართველოში – არ არსებობს. ნათია გვიანიშვილი ამბობს, რომ მოცემულ მომენტში ორგანიზაცია WISG-ი 30 ტრანსგენდერ ადამიანთან თანამშრომლობს, თუმცა მათი რაოდენობა უფრო მეტია.

სამედიცინო პერსონალის დაბალი ინფორმირებულობა ტრანსსპეციფიკურ საკითხებსა და საჭიროებებზე, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რის გამოც ტრანსგენდერ ადამიანებს ჯანმრთელობის უმაღლეს სტანდარტზე ხელი არ მიუწვდებათ. ნათია გვიანიშვილის თქმით, მათ მიერ ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ექიმები საქართველოში ერთმანეთში ურევენ გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის მნიშვნელობას: „სამედიცინო განათლების მიღებისას ისინი ვერ იღებენ გენდერსა და სექსუალობაზე ადეკვატურ ინფორმაციას. შესაბამისად, მათ ერთმანეთში ერევათ, თუ რასთან აქვთ საქმე. სწორედ ამიტომ, ეს საკითხები სხვადასხვა პროფილის ექიმების, განსაკუთრებით კი ფსიქიატრების ოფიციალურ კურიკულუმებში უნდა იყოს შესული. მეორე მხრივ, უნდა გადაიხედოს არსებული სახელმძღვანელოები, სადაც შეიძლება ნახსენებია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხები, მაგრამ მოძველებული  ტერმინებით“.

გარდა ამისა, საქართველოში არ არსებობს ეროვნული კლინიკური გაიდლაინები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფდა გაწეული სამედიცინო მომსახურების კონტროლს. „არც კანონით ან რომელიმე ნორმატიული აქტით, არც პროტოკოლით არ რეგულირდება ტრანზიციის პროცედურები, მაგრამ არც იკრძალება. შესაბამისად, დღეს ექიმის პრეროგატივაა, თუ  რა ტიპის საერთაშორისო პროტოკოლსა და კვლევას გამოიყენებს კონკრეტულ შემთხვევაში. ეს კი პრობლემატურია, რადგან ერთსა და იმავე ადამიანს სამმა სხვადასხვა ექიმმა შესაძლოა სამი სხვადასხვა მითითება მისცეს იმის შესახებ, თუ რა პროცედურები უნდა ჩაიტაროს. ამიტომ უნდა არსებობდეს ერთობლივი სისტემა~, _ ამბობს ნათია. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ტრანსგენდერი ადამიანი მოინდომებს ჰორმონული თერაპიის ჩატარებას, ის ვერ იპოვის ენდოკრინოლოგს, რომელიც მას მკურნალობას დაუნიშნავს. თუ ადამიანს თავისი ბიოლოგიური სქესისთვის ნორმალური ჰორმონური ნაკრები აქვს, ექიმი მას დამატებით ტესტესტერონს ან ესტროგენს ვერ გამოუწერს, რადგან ჩაითვლება, რომ ამით მას ჯანმრთელობას დაუზიანებს. თუმცა, არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული პროტოკოლები, რომლებშიც დეტალურად გაწერილია პროცესისთვის საჭირო დოზირებები და გამოკვლევები.

ტრანსგენდერი ადამიანებისთვის კიდევ ერთ სირთულეს წარმოადგენს ფინანსური ფაქტორი. საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევის არც სახელმწიფო და არც კერძო კომპანიები არ ანაზღაურებს სქესის კვლავმინიჭებასთან დაკავშირებულ სამედიცინო პროცედურების ხარჯებს.

იმისთვის, რომ ტრანსგენდერმა ადამიანმა შესძლოს საქართველოში სქესის კვლავმინიჭების ოპერაციაზე გასვლა, მას ესაჭიროება სექსოლოგის დიაგნოზი, რომ ის ნამდვილად ტრანსექსუალია, – „რაც მოძველებული ტერმინია, მაგრამ ჩვენი სექსოლოგების ნაწილი ისევ იყენებს მას“, _-ამბობს ნათია გვიანიშვილი.

პრობლემა არის ის, რომ ყველა ტრანსგენდერ ადამიანს არ სურს სქესის კორექციის ოპერაცია და მას შეიძლება სურდეს ტრანზიციის მხოლოდ გარკვეული ეტაპის გავლა – მაგალითად, ჰორმონული თერაპიის ჩატარება. `დიაგნოსტიკის პერიოდი დაახლოებით ერთ წელს მოიცავს. ამ დროში ადამიანმა უნდა ჩაიტაროს რამდენიმე ტიპის კვლევა: სასქესო ორგანოების, ქრომოსომული, საჭიროა სექსოლოგთან არაერთგზის ვიზიტი, ასევე ვიზიტი ფსიქოლოგთან და ფსიქიატრის დამოუკიდებელი დასკვნა… საუბარი არ არის უშუალოდ ოპერაციის დაფინანსებაზე, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება (ტრანზიციის სრული პროცესის ღირებულება 12 000-20 000 აშშ დოლარია). ოპერაციის წინამდევი ყველა პროცედურა ჯამში 900-1000 ლარამდე ღირს, რომლის დაფინანსებაც სახელმწიფოს მხრიდან დიდ შეღავათს გაუწევდა ამ ადამიანებს“, –  ამბობს ნათია გვიანიშვილი. ევროპის ქვეყნებში ამ პროცედურების ნაწილს სახელმწიფო აფინანსებს.

გენდერის სამართლებრივ აღიარებას ტრანსგენდერი ადამიანისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან პირადობაში თავისი გენდერის შეუსაბამო ჩანაწერი ხშირად უზღუდავს მათ დასაქმების, განათლების მიღებისა და შეურაცხყოფისა და დამცირების თავიდან არიდების შესაძლებლობებს.

სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საკითხი საქართველოს კანონის „სამოქალაქო აქტების~ შესახებ 78-ე მუხლის „ზ“ პუნქტით რეგულირდება, რომლის მიხედვითაც ჩანაწერის შეცვლის ერთ-ერთ საფუძველს სქესის შეცვლა წარმოადგენს. კანონი არ განმარტავს, თუ რა (პროცედურები) იგულისხმება კონკრეტულად სქესის შეცვლაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: