მთავარი,სიახლეები

ლია უკლებამ „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“ მიიღო

12.12.2015 • 2619
ლია უკლებამ „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“ მიიღო
სელფი გამარჯვებულთან

სელფი გამარჯვებულთან

„კატო  მიქელაძის სახელობის პრემიის“  2015 წლის მფლობელი   მხატვარი ლია უკლება გახდა.  დაჯილდოვების ცერემონია ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“  12 დეკემბერს გაიმართა.   ქალთა უფლებების დამცველი  კატო მიქელაძის სახელობის პრემია  ქალთა ფონდმა დააწესა. აღნიშნული პრემია ლია უკლებას პრიზის გასული წლის მფლობელმა მარინა თაბუკაშვილმა გადასცა.

„ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის ჩემთვის არ არის შორიდან მოსული თემა და სანამ ცოცხალი ვარ,  უბრალოდ სხვანაირად არ შემიძლია და იქ უნდა ვიდგე, სადაც ვდგევარ“- განაცხადა ლია უკლებამ დაჯილდოვების ცერემონიაზე.

დაჯილდოვების ცერემონია სასტუმრო „ჰილტონში“

დაჯილდოვების ცერემონია სასტუმრო „ჰილტონში“

ლია უკლებას  ნამუშევარმა „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“, რომელიც  დაახლოებით ერთი თვის წინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო გამოფენილი,  საზოგადოების გარკვეული ნაწილის და საპატრიარქოს უკმაყოფილება გამოიწვია.  როგორც  „ქალთა ფონდის“  ხელმძღვანელმა განაცხადა, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმის,  რომ ლია უკლება გამხდარიყო პრემიის მფლობელი.

დაჯილდოვების შემდეგ ნაჩვენები იყო მოკლე ვიდეოკლიპი ლია უკლებას შესახებ.

„ლია უკლება ფემინისტი მხატვარია, რომელიც წლების განმავლობაში იბრძვის ქალთა უფლებების შესახებ, მისი ნამუშევრები ზუსტად და მძაფრად წარმოაჩენს ქალთა პრობლემებს საქართველოში, ქალის ჩაგვრის მექანიზმებს. მისი ნამუშევრები არის რელიგიის სახელით ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული.

ლია უკლება ნამუშევრით „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“,  პირდაპირ დაუპირისპირდა მართლმადიდებელი ეკლესიას, რომელიც ქალთა გაძლიერების ერთ-ერთი მოწინააღმდეგეა საქართველოში“ – ნათქვამი იყო ვიდეორგოლში.

„კატო მიქელაძის სახელობის პრემიის“ გადაცემის ცერემონიალი. 2015 წელი

„კატო მიქელაძის სახელობის პრემიის“ გადაცემის ცერემონიალი. 2015 წელი

დაჯილდოვების ცერემონიამდე  ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი  „ქალთა ფონდის“ ათწლიანი საქმიანობის შესახებ.

როგორც „ქალთა ფონდი საქართველოში ხელმძღანელმა ნანა ფანცულაიამ აღნიშნა, „კატო მიქელაძის პრემიის“  დაწესების მთავარი მიზანი ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობის წახალისებაა.

კატო მიქელაძის პრემიის მხარდამჭერები არიან ნიდერლანდების საელჩო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, „მამა ქეში“, ქალთა გლობალური ფონდი და „კვინა ტილ კვინაა.

წელს კატო მიქელაძის სახელობის პრემიაზე 17 ნომინანტი იყო წარდგენილი: თამუნა ბაგრატია, მანანა მებუკე,  ბაბუცა პატარაია, ლელა გაფრინდაშვილი, ელისო ამირეჯიბი, ანა არგანაშვილი, თამარ ბექაური, ხათუნა ბეჭვაია, მარინე ბჟალავა, ნათია გვიანიშვილი, ნინო ლეჟავა, თამარ მეარაყიშვილი, სედა მელკუმიანი, ქეთევანი მურუსიძე, ლია უკლება, რუსუდანი ფხაკაძე და ლია ჯაყელი.

მხატვარი ლია უკლება

მხატვარი ლია უკლება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: