მთავარი,სიახლეები

პოლიციელის ჩვენება განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე

14.12.2015 • 1930
პოლიციელის ჩვენება განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს. სასამართლო პროცესზე დღეს, 14 დეკემბერს მოწმის სახით ის პოლიციელები დაიკითხნენ, რომლებმაც ამ საქმეზე სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

მოწმის სატატუსით დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პოლიციელი ბადრი ქათამაძე. მისი ჩვენების მიხედვით, ხულოს ერთ-ერთ სოფელში მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში შევიდა და ისიც ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებში ჩაერთო. მისი თქმით, მივიდა მოკლულის ოჯახში, შინ დახვდა გარდაცვლილის ცოლი, მეზობლები, ნათესავები. მათ შორის იყო მკვლელობაში ბრალდებულიც და მისი ცოლიც. პოლიციელმა მოყვა რომ პირველად ვარაუდობდნენ სუიციდის მცდელობას, ამიტომ ყველას, იქ ეზოში შეკრებილ ადამიანებს მისცა დავალება, წასულიყვნენ საკუთარი სახლების სარდაფებში და ბოსლებში დაეთვალიერებინათ საკარმიდამო ნაკვეთები:

„ბრალდებულმა გადადგა სამი, ოთხი ნაბიჯი და მომიბრუნდა. მითხრა ვერ წავალ, მართლა რომ ვიპოვო რა უნდა ვქნაო? მერე მისი ცოლი გავაყოლე. მისი ცოლი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე იყო, კიბეებზე ჩამოვიდა და წაბორძიკდა, ცოტა ეს ამბავი მეუცნაურა“- ამბობს პოლიციელი.

გამომძიებლის ცნობით, ის და მოკლულის ბიძაშვილი იქვე ხევში გავიდნენ ტერიტორიის დასათვალიერებლად.  ჯერ ხელთათმანი, მერე კი მამაკაცის საცვალი, და ბოლოს გვამიც მიაგნეს. მისი მოყოლით გვამი ჩამარხული იყო მიწაში და ედო ქვები, როცა მიწას ხელი გადაუსვა, ადამიანის ფეხი გამოჩნდა.

ადვოკატის კითხვებზე, გვამი გამომძიებელმა აღმოაჩინა თუ მისმა თანხმლებმა; ხელით მიწა ვინ გადაყარა, – მოწმემ უპასუხა, რომ ორივემ გადაყარეს მიწა.
გვამი ხევში, მდინარის პირას ნახეს დამარხული, გამოიძახეს გამომძიებელი, ექსპერტები, რომლებიც შემთხვევის ადგილას დაახალოებით 2 საათში მივიდნენ.
გამომძებელმა ფრიდონ აბაშიძემ სასამართლოს განუცხადა, რომ მან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა ბრალდებულის ცოლთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში. ბრალდებულის ცოლს გამომძიებლისთვის მოუყოლია რომ გვამი საკუთარი სახლიდან ჯერ სახლის სარდაფში დამალეს, შემდეგ ხევში გადაიტანეს:

„ნინოლიუმზე სისხლის კვალი მაგიდის საწმენდით გადაუწმენდია, ეს ტილოები დაწვა ცოლმა. მეორე დღეს, ასევე ნარჩენი სისხლის ლაქები იატაკის ტილოთი აუწმენდია, ეს ტილო შინ ვიპოვეთ, ექსპერიმენტის ჩატარების დროს და დავლუქეთ“.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 37 წლისაა. ისიც და გარდაცვლილიც ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ და როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე თქვა, მეგობრობდნენ. ბრალდების მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცი ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, მერე კი ცოლის დახმარებით, გვამი ჯერ ერთ ადგილას დამარხა, მოგვიანებით მოთხარა და მდინარის პირას, უკვე მეორედ დამარხა.

მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ადრე ნასამართლევი არ არის. სასამართლო პროცესზე მან მოსამართლეს უთხრა, რომ გარდაცვლილთან “მეგობრული”, “ძმური” ურთიერთობა ჰქონდა: “მაგრამ მან მისი ღირსება შელახა”.
სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულის ნათესავები.

მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულს დანაშაულის კვალის დაფარვასა და გვამის გადამალვაში ცოლი ეხმარებოდა, ცოლს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.

ხულოს ერთ-ერთ სოფელში მდინარის პირას, ქვიშაში დამარხული 42 წლის მამაკაცის გვამი სამართალდამცავებმა 24 აგვისტოს იპოვეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: