მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში შეუძლია მოსწავლეს გაკვეთილის დატოვება

18.12.2015 • 3453
რა შემთხვევაში შეუძლია მოსწავლეს გაკვეთილის დატოვება

არსებობს თუ არა განაწესი, რომელიც მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესის დატოვებას უკრძალავს? რა არგუმენტები აქვთ პედაგოგებს, რომლებიც ამბობენ, რომ 45 წუთის განმავლობაში ბავშვმა უნდა „მოითმინოს“ და რას ამბობენ მოსწავლეები ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, რომელიც ცალკეული პედაგოგების მხრიდან ხორციელდება?

სკოლაში ბავშვების ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების შეზღუდვის შესახებ ფსიქოლოგი ანა არგანაშვილი ფეისბუკის გვერდზე წერდა. ის ამბობდა, რომ ბოლო კვირაში მან თბილისისა და ქუთაისის სკოლებიდან ამ ტიპის ძალადობაზე რამდენიმე შეტყობინება მიიღო. ფსიქოლოგის აზრით, მსგავსი ტიპის შეზღუდვა ბავშვისთვის არის ტრავმა.

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც მათ ცალკეული მასწავლებლები გაკვეთილიდან რამდენიმე წუთით გასვლის უფლებას არ აძლევენ. „ერთმა მასწავლებელმა გვითხრა, მანდატური დადის გარეთ და უხერხულია გასვლაო“, – გვეუბნება მეშვიდეკლასელი საბა. „მიღებულია, მოსწავლემ 45 წუთი გაუძლოს, ამიტომ მოთმენა მიწევს“, – ამბობს რობერტი.

მოსწავლეები ერთ უსიამოვნო ფაქტსაც იხსენებენ: „მაშინ მე-4 კლასში ვიყავით, თანაკლასელმა ვერ მოითმინა და ჩაისვარა“.

გარეთ გაშვებაზე უარის თქმის მიზეზებზე პირველი საჯარო სკოლის მე-8 კლასელებიც საუბრობენ: „მასწავლებელს ვეუბნები, – მასწ, საჭირო ოთახში მინდა, ის მპასუხობს: „დაეგდე“.

„დასვენება რისთვისაა?“, „მალე იქნება ზარი და გახვალ“, „ჯერ გაკვეთილი არ მოგიყოლია და გარეთ მირბიხარ?“- ეს არის ის არგუმენტები, რის გამოც მასწავლებლები კლასიდან გასვლაზე უარს ეუბნებიან მოსწავლეებს. თუმცა, მოსწავლეები იმასაც აღიარებენ, რომ გარეთ გასვლას ყოველთვის ფიზიოლოგიური მიზეზები არ აქვს. „მე ვიტყუებოდი ხოლმე და შემდეგ აღარ მიშვებდნენ“, – ამბობს მარი. ტყუილის მიზეზს კი იმით ხსნის, რომ გაკვეთილზე იღლებოდა.

„მე მოსწავლის გარეთ გაშვების წინააღმდეგი ვარ, რადგან არ არის დაზღვეული უსიამოვნებისგან. თუმცა, ფიზიოლოგიური მოთხოვნილების შემთხვევაში უარს ვერ ვეტყვი“, – ამბობს მე-16 საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა ჯანელიძე.

ამავე სკოლის დირექტორის თამთა კვარაცხელიას აზრით, „იქნება ეს საპირფარეშო, წყლის დალევა თუ უბრალოდ ის, რომ მოსწავლეს არ შეუძლია გაჩერება გაკვეთილზე, მასწავლებელი უნდა არეგულირებდეს“.
დირექტორის მოსაზრებით, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს იმის კომპეტენცია, რომ არავერბალური მინიშნებითაც მიხვდეს რა სჭირდება მოსწავლეს იმ მომენტში.

„წლების განმავლობაში ერთ სახელს როცა გავიგონებდი, ყოველთვის ჩემი კლასელი გოგონა მახსენდებოდა, რომელსაც სწორედ იმის გამო დასცინოდნენ, რომ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გაკვეთილიდან გარეთ არ უშვებდნენ და რეიტუზი სულ გამობერილი ჰქონდა. 30 წელი დამჭირდა, ეს ფსიქოლოგიური სტრესი რომ დამეძლია. წარმოიდგინეთ იმ ბავშვის ტრავმა“,- გვეუბნება თამთა. – „ტრენინგებს ან შეხვედრებს როცა ვესწრებით, ნახევარი საათის შემდეგ განტვირთვა გვჭირდება. მოსწავლეს კი ვითხოვთ 6-7 გაკვეთილის განმავლობაში იყოს ყურადღებით. ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური მდგომარეობისგან გამომდინარე, ეს შეუძლებელია“.

დირექტორს ერთი, კონკრეტული შემთხვევა მოჰყავს, რაც, მისი აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ მოსწავლე გაკვეთილიდან ყოველთვის ყალთაბანდობის მიზნით არ გადის. „ერთი მოსწავლე ყოველთვის მაშინ მთხოვდა საპირფარეშოში გასვლას, როცა რაღაც იყო მოსაყოლი. თავიდან მეგონა, რომ ამას თავის არიდების მიზნით აკეთებდა, მაგრამ როცა შემოდიოდა ეგრევე უნდოდა, რომ მეკითხა გაკვეთილი. გარეთ სიჩუმეში ვიმეორებ გაკვეთილსო, მითხრა. მე თუ ამას დავუშლი, შეიძლება საერთოდ აღარ იაქტიუროს“, – ამბობს თამთა კვარაცხელია.

ფსიქოლოგი ანა არგანაშვილი ბავშვისთვის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ბავშვის უფლებების დარღვევად მიიჩნევს. ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზედიზედ ორი ზარი მიიღეს ქუთაისიდან და თბილისიდან, სადაც ბავშვები ამ პრობლემაზე საუბრობდნენ.
„მანამდეც გვქონდა ზარები, სადაც ბავშვები გვიყვებოდნენ, რომ ვერ შეიკავეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილება და გახდნენ დაცინვის, ბულინგის მიზეზი“, – ამბობს ანა.

მისი თქმით, საპირფარეშოს აკრძალვა, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით არის ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი მძიმე ფორმა. „ბავშვს უწევს ტკივილის მოთმენა, სირცხვილის და ემოციური სტრესის სუბიექტად ყოფნა, დამცირება, ღირსების შელახვა. მსგავსი რამ უფროსი ასაკის ადამიანს რომ გაუკეთოს, ვთქვათ, დამსაქმებელმა, ან პატიმარს უთხრას ვინმემ უარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე, მაშინვე მიეცემა არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაცია. ბავშვების შემთხვევაში უფრო მკაცრები უნდა ვიყოთ, რადგან ეს შეიძლება მთელი ცხოვრება გაყვეს მას მძიმე ტრავმად“.

ანა არგანაშვილის შეფასებით, თუ ბავშვს ეზარება გაკვეთილზე ჯდომა და ამის გამო იმიზეზებს გარეთ გასვლას, ეს უკვე გაკვეთილის პრობლემაა. „ესე იგი, ის ვერ დააინტერესეს. ბავშვი არასდროს იტყუება, ის მხოლოდ სიგნალს გვაძლევს, რომ რაღაც რიგზე არ არის და ჩვენ უნდა წავიკითხოთ ბავშვის სიგნალები. არსად წამიკითხავს რომ ამის აკრძალვის უფლება ვინმეს აქვს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: