Batumelebi | სახალხო დამცველი: დაუსჯელობის სინდრომი შენარჩუნებულია სახალხო დამცველი: დაუსჯელობის სინდრომი შენარჩუნებულია – Batumelebi
RU | GE  

სახალხო დამცველი: დაუსჯელობის სინდრომი შენარჩუნებულია

დასაქმებულთა შრომითი უფლებები; რელიგიური და სექსუალური ნიშნით   დისკრიმინაციული ფაქტების წახალისება; რა გამოწვევის წინაშე დგას სასამართლო ხელისუფლება, პროკურატურა და პოლიცია; ანტიდისკრიმინაციულ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც ვიზალიბერალიზაციისთვის აუცილებელია და რომლის განხილვასაც, სახალხო დამცველის შეფასებით, პარლამენტი აჭიანურებს. უჩა ნანუაშვილი „ბათუმელებთან“  ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს.

 

 ბატონო უჩა, წლის ბოლოს ქვეყანაში ყველაზე დიდ გამოწვევად რა მიგაჩნიათ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით?

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავ არის გამოძიების არაეფექტურობა. საუბარია პროკურატურაში მიმდინარე პროცესებზე. დანაშაულის ბევრი ფაქტი იყო ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ, რომელიც არ გამოიძიეს ბოლომდე. როცა საუბარია არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, არაეფექტური გამოძიება არის პრობლემა. ასევე, ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესები, სასამართლოს დამოუკიდებლობა _ მოსამართლეთა დაწინაურება-დანიშვნის გაუმჭვირვალე პროცესები.

იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა გაიზარდოს სასამართლოს მიმართ, ბევრი პრობლემა არის მოსაგვარებელი. სამწუხაროდ, ის, რაც ხდება დღეს, ძირეულად აყენებს ეჭვქვეშ იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, თუ საით მივდივართ ჩვენ და რა არის სახელმწიფოს საფუძველი. მთავარ პრობლემად მაინც მივიჩნევ პროკურატურის მხრიდან გამოუძიებელი საქმეების რაოდენობას.

თქვენ რეკომენდაციით ხშირად მიმართავთ სხვადასხვა უწყებას რეაგირებისთვის. თქვენი დაკვირვებით, ყველაზე მეტად რომელ უწყებასთან ჭირს თანამშრომლობა?

საკმარისი არ არის გამოძიების დაწყება, კონკრეტული შედეგი უნდა დადგეს. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იყოს ეფექტური, აი, ეს არის ყველაზე მეტად პრობლემური. რაც შეეხება უწყებებს, ჩვენ ახლა ვაჯამებთ შედეგებს და იანვრის დასაწყისში გვექნება ზუსტი ინფორმაცია, ვინ ასრულებდა და არ ასრულებდა სახალხო დამცველის რეკომენდაციებს. პრობლემები ბევრ სფეროში არის. შეიძლება ითქვას, რომ გასულ წელთან შედარებით პენიტენციალურ დაწესებულებაში შემცირდა არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე მომართვიანობა, მაგრამ გაიზარდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებზე საჩივრები. ეს ტენდენცია წელს სიახლეა. ასევე პრობლემურია გამოძიების მხრიდან ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი, პრობლემატურია, როცა სამართალდამცავი ორგანოები თვითონ იძიებენ საკუთარი თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულს. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სწორედ ასეთ კონკრეტულ დარღვევებს შეისწავლის. საუბარია პოლიციასა და პენიტენციალურ დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

 თქვენი შეფასებით, როგორ მუშაობს იგივე შს სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა თუ პროკურატურის გენერალური ინსპექცია, რომლებმაც, წესით, მსგავსი საქმეები უნდა მოიკვლიონ?

გენერალური ინსპექციის მანდატი ფართოა და ყველა გადაცდომას სწავლობს, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ, ზოგადად, დაუსჯელობის სინდრომი არსებობდა ქვეყანაში წლების განმავლობაში და ჯერჯერობით კვლავ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ წამება არ არის იმ მასშტაბებით, როგორიც იყო ადრე, მაგრამ პრობლემები რჩება.

გასულ წელს ჩვენ 28 საქმეზე ვსაუბრობდით, როდესაც სამართალდამცავები იყვნენ ეჭვმიტანილები. სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი არ დასჯილა. მიმდინარე წელს შეტყობინებებმა იკლო, თუმცა ასეთი ფაქტები იყო. 13 საქმეზე კონკრეტული მტკიცებულებებით გამყარებული ფაქტი გვაქვს, როდესაც არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან. პრობლემა ის არის, რომ უმეტეს შემთხვევაში გამოძიება არ მიმდინარეობს.

მხოლოდ ერთხელ, ადვოკატის ცემის დროს დაიწყო ერთი პირის მიმართ დევნა და შეიძლება ითქვას, ისიც დაგვიანებით. შიდა უწყებრივი გამოძიებები არაეფექტურია, გამოძიება უნდა იყოს უფრო მეტად დამოუკიდებელი. როცა ვსაურობთ წარსულის მძიმე შედეგებსა და მემკვიდრეობაზე, მნიშვნელოვანია, რომ სისტემური ცვლილებები მოხდეს ქვეყანაში.  სისტემაში უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომ თუკი ასეთ ფაქტებს ექნება ადგილი, გამოძიება უნდა ჩატარდეს ეფექტურად და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. სამწუხაროდ, სისტემა არ შეცვლილა.

 თქვენი არაერთი განცხადება ახსოვს საზოგადოებას ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ნათელი განმარტება, თუ რა მოხდა ლაფანყურში, საზოგადოებას არავისგან მოუსმენია. თქვენი შეფასებით, რატომ ვერ სცემს ხელისუფლება ამ საქმეზე არსებულ კითხვებს პასუხს და ხედავთ თუ ვერა ლაფანყურის სპეცოპერაციასა და IშIშ-ში საქართველოს მოქალაქეების გადინებას შორის რაიმე კავშირს?

გარკვეულ კავშირებს არ გამოვრიცხავ. სამ წელიწადზე მეტია გასული ამ სამწუხარო ინციდენტიდან და ჯერ კიდევ არ ვიცით რა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა ხელისუფლება, არც ერთ ხელისუფლებას ეს საქმე არ გამოუძიებია. ეს არის პრობლემა.

ჩემი აზრით, ეს პრობლემა უფრო გლობალურად შეიძლება შევაფასოთ. თითქმის არც ერთი გახმაურებული და მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით გამოირჩევა, ბოლომდე გამოძიებული არ არის, სერიოზული ნაბიჯები ამ მნიშვნელოვანი საქმეების გამოსაძიებლად წელსაც არ გადადგმულა. სამწუხაროდ, ეს არის ის, რასაც მივყავართ კონკრეტულ პრობლემამდე _ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის შენარჩუნებამდე. ასე საზოგადოებაში ნდობა ვერ გაჩნდება სამართალდამცავი ორგანოებისადმი. არ ვიცი რა იყო იმის მიზეზი, რომ მიუხედავად დაპირებებისა ლაფანყურის სპეცოპერაციაზე ვერ მივიღეთ გამოძიების პასუხები. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს საქმე შეიძლება თაროზეც არის შემოდებული.

თქვენი აზრით, რა უმთავრესი გარე და შიდა ფაქტორები ასრულებს მთავარ როლს იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეები ტერორისტულ ორგანიზაციას უერთდებიან. ეს წელი იმით არის გამორჩეული, რომ IშIშ-ის სახელით პირველი მუქარა თავების მოჭრაზე მოვისმინეთ ქართულად.

პრობლემა არის ძალიან ბევრი, მათ შორის ის, რომ სოციალურად გარიყულია რამდენიმე თემი. მაგალითად, პანკისის ხეობაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უფრო აღრმავებს ამ პრობლემას. მაგრამ ამავე დროს არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, რაღაც პერიოდი, ხელისუფლების ყურადღება, ზოგადად, ამ პროცესების მიმართ ნაკლები იყო. ჩემი დაკვირვებით ეს არ კონტროლდებოდა ისე, როგორც უნდა გაკონტროლებულიყო წინა წლებში. გვიან დაიწყო ხელისუფლებამ ამ პროცესების გაკონტროლება. ვფიქრობ, ასე თვითდინებაზე მიშვებულ პრობლემას კიდევ უფრო რთული პრობლემების შექმნა შეუძლია. კარგია, რომ გარკვეული რეაგირებები დაიწყო ხელისუფლებამ, მაგრამ, ვფიქრობ ეს დაგვიანებულიც იყო. სოციალური გარიყულობის განცდა მაქსიმალურად უნდა აღმოიფხვრას _ რეგიონებში რაღაც პროგრამების განხორციელებაზე ხელისუფლებამ უნდა იფიქროს.

სპეცსამსახურებმა IშIშ-ის წევრების მიმართვის შემდეგ რამდენიმე პირი დააკავეს ტერორიზმის მუხლით, მათ შორის ბათუმშიც, იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით, თუმცა მათ IშIშ-ის მხარდაჭერად მოიაზრებენ. სპეცსამსახურებისთვის ალბათ ცნობილია საქართველოში IშIშ-ის მხარდამჭერების მონაცემები _ არაოფიციალური ინფორმაციით, გარდა პანკისისა, მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულს აღწევს. თქვენი შეფასებით ამ ადამიანების დაკავება იქნება თუ არა მყარი გარანტი  ქვეყნის უსაფრთხოებისთვის?

ჩვენ ყველა კონკრეტულ საქმეს ვსწავლობთ. მალე შევაფასებთ ამ დაკავების დროს ხომ არ იყო თუნდაც პროცედურული დარღვევები, რაზეც საუბრობდნენ ოჯახის წევრები. როცა საუბარია უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე, მარტო ეს არ კმარა, უფრო მეტი აქცენტი პრევენციაზე უნდა გაკეთდეს, მომავალში იმ  კერების შექმნა რომ გამოირიცხოს, სადაც რადიკალური და ექსტრემალური იდეების განხორციელება შესაძლებელი იქნება.

ქობულეთში, მინარეთზე ღორის თავის მიჭედების საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო სწავლობს უკვე რამდენიმე თვეა. თქვენი შეფასებით, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს სასამართლოებში რელიგიურ შეუწყნარებლობის მუხლით მიმდინარე საქმეებზე  გამოძიება?

სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია არავის, არც ერთ საქმეზე. პრობლემურია ასევე სათანადო კვალიფიკაციის მინიჭება, ეს ეხება როგორც ქობულეთში მინარეთზე ღორის თავის მიჭედებას, ასევე, მოხეს, ნიგვზიანის ინციდენტებს. გამოძიების არაეფექტურობა ასეთ დროს ახალისებს დანაშაულის ჩამდენებს.

სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე [2013 წლის 17 მაისის საქმე], სადაც იყო კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები, ვიდეო და ფოტომასალა, ათეულობით მოწმე, სამწუხაროდ, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ეს მთლიანობაში ხაზს უსვამს იმას, რომ, ზოგადად, ქვეყანაში გამოძიება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მიმართ არ არის სენსიტიური. 10 დეკემბრის ანგარიშში ჩვენ ამაზე ვაკეთებთ აქცენტს.

თქვენი მონაცემებით, რომელია ის ჯგუფი, რომელთა მიმართაც საზოგადოება ყველაზე ნაკლებშემწყნარებელია?

ლგბტ თემი, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობა. ლგბტ თემის მიმართ იყო უფრო მეტი შეუწყნარებლობის ფაქტები. თუმცა, ვფიქრობ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები კვლავ ზეგავლენას ახდენს პროცესებზე. რეალურად ჩვენს წარმოებაში ასზე მეტი განცხადება არსებობს, სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ. დისკრიმინაციის ფაქტები, რაზეც მოქალაქეები მიუთითებენ, არის ან რელიგიური კუთვნილება, ან სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, შშმ პირები, ცოტა, მაგრამ არიან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით. პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები გასულ წელს უფრო მეტი იყო, როცა თვითმმართველობებიდან არაერთი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს.

ბატონო უჩა, ანტიდისკრიმინაციული კანონის გამოყენება რამდენად ეფექტურია პრაქტიკაში?

ჩვენ წელს მივმართეთ პარლამენტს, რომ ამ კანონში არსებული ხარვეზები  გამოსწორებულიყო, მაგალითად, კერძო სექტორთან დაკავშირებით. ამ კანონის მუხლები არ ავალდებულებს კერძო სექტორს, რომ ითანამშრომლოს ჩვენთან. როცა ვსწავლობთ დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტს, გვჭირდება მასალები, კერძო სექტორს კი მასალების მოწოდების ვალდებულება არ აქვს. ცხადია, საქმის შესწავლა გვიჭირს. ეს და სხვა ხარვეზები კანონპროექტში ავსახეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, გაჭიანურდა მიღების პროცესი. კანონი უნდა გახდეს უფრო ეფექტური, ეს ვიზალიბერალიზაციის შემადგენელი ნაწილია, ანუ ჩვენ ვერ მივიღებთ  ვიზალიბერალიზაციას ისე, თუ კანონი არ გახდება ეფექტური. არ ჩაითვლება სამოქმედო გეგმა შესრულებულად, თუ არ შევა ეს ცვლილებები კანონში. ვფიქრობ, ეს გაჭიანურება მეტ პრობლემას შეუქმნის ქვეყანას.

ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე მინდა გკითხოთ, რომ განვაზოგადოთ, ქურდების“, მაყურებლის ინსტიტუტის ძალაუფლება არის თუ არა ის მოცემულობა, რაზეც საზოგადოება უნდა შფოთავდეს? მაგალითად, აჭარაში ხშირად გვესმის, რომ კანონიერი ქურდი ლავასოღლიარჩევს საქმეებს და არათუ ჩვეულებრივ ადამიანებზე, არამედ სამართალდამცავებზეც ახდენს ზეწოლას.

ეს კულტურა არსებობს, თუმცა სხვადასხვა დოზით არის გამოსახული სხვადასხვა დაწესებულებაში. ადმინისტრაციამ უნდა მოახერხოს კონტროლი, რათა ეს კულტურა არ წახალისდეს. ეს კულტურა არის, იყო და იქნება რაღაც პერიოდი. კარგად მესმის, რომ ასე უცებ შეუძებელია პრობლემის მოგვარება. ამას არ უნდა შეუწყოს ხელი ხელისუფლებამ. მთავარია, რეაგირება ჰქონდეს ხელისუფლებას.

პენიტენციალური სისტემა დინამიური უსაფრთხოების კონცეფციაზე უნდა გადავიდეს, მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებული იყოს სხვა მიდგომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მნიშვნელოვანია, პატიმრების კლასიფიკაცია  დანაშაულის მუხლების მიხედვით, ერთ დაწესებულებაში არ უნდა იყვნენ შედარებით მსუბუქი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულები. იგივე ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა მსჯავრდებულების ხდება გაურკვეველი მიზეზებით. ჩვენც არ გვაცნობენ ამ გადაყვანის მიზეზებს. მნიშვნელოვანია ასევე, ჩვენ გვქონდეს დაწესებულებებში ფოტოს გადაღების უფლება, რომ შევძლოთ სხვადასხვა ტიპის დაზიანებების დაფიქსირება, ეს უფლება სექტემბრიდან გვექნება. ჩვენი მოთხოვნაა ასევე ვიდეოჩანაწერები, რომლებიც მხოლოდ 24 საათი ინახება საპატიმრო დაწესებულებაში, მინიმუმ 10 დღე მაინც ინახებოდეს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შრომის ინსპექციის შექმნა. შრომის უსაფრთხოების მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა. იმ პროგრამის აღსრულების ბერკეტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა, ჯერჯერობით, არ არსებობს _ მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სანქციას ვერ გამოიყენებ. მეტიც, ნებაყოფლობითია დამსაქმებელი შეგიშვებს თუ არა თავის სამუშაო ადგილებში. შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების არარსებობა არის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, ისევე როგორც დაშავებულთა და გარდაცვლილთა საგანგაშო რიცხვი სამუშაო ადგილებზე. ამ მხრივ ქვეყანაში ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.