პირველი აპრილიდან პედაგოგების ხელფასი ისევ გაიზრდება

გაზრდილ ხელფასს საჯარო სკოლის პედაგოგები პირველი აპრილიდან მიიღებენ.

ათწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე, მაგისტრი პედაგოგის ხელფასი საშუალოდ 480 ლარიდან 548 ლარამდე გაიზრდება.

20 ლარით მოიმატებს სერტიფიცირებული პედაგოგის ხელფასის დანამატი და იგი 180 ლარით განისაზრვრება.

88 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება კლასის დამრიგებლის ხელფასი.

რაც შეეხება ბაკალავრებს, მათი ხელფასი საშუალოდ 500 ლარი იქნება.

„ამ ხელფასს აიღებენ პედაგოგები სრული განაკვეთის [18 საათის] შემთხვევაში. თუკი პედაგოგს უფრო მეტი საათი აქვს, მას ექნება შესაბამისი დანამატი. ამას გარდა, არსებობს სხვაობა იმის მიხედვით, პედაგოგი უფროსი მასწავლებელია, წამყვანი, თუ პრაქტიკოსი“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ.

საქართველოს განათლების სამინისტრო პედაგოგებისთვის ხელფასის გაზრდას 2017 წლის იანვარშიც გეგმავს.

რაც შეეხება პედაგოგებს მაღალმთიან დასახლებაში, ისინი დამატებით შეღავათებით 2016 წლის პირველი სექტემბრიდან ისარგებლებენ: მასწავლებლებს დაუწესდებათ სახელფასო დანამატი არანაკლებ 35%-ის ოდენობით; სპეციალური რეგიონული პროგრამების მონაწილე მასწავლებლებს – დამატებითი ანაზღაურება ხელფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობით [თუმცა ეს მასწავლებლები არ უნდა იღებდნენ ზემოთ აღნიშნულ 35%-იან დანამატს].

 

 

კვლევას – „ქველმოქმედება პოლიტიკური მიზნებით“ აუდიტის სამსახური ეხმაურება

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების [ISFED] მიერ გამოქვეყნებულ კვლევას – „ქველმოქმედება პოლიტიკური მიზნებით“, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განცხადებით გამოეხმაურა.

აუდიტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მიმდინარეობს საქველმოქმედო ორგანიზაცია „სოციალური პარტნიორობის“ საქმიანობის მონიტორინგი და საარჩევნო კამპანიაში რაიმე ფორმის მონაწილეობის დაფიქსირების შემთხვევაში მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება…“  ამასთან „სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ ეტაპზე არ გააჩნია ფორმალური საფუძველი „პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი“ დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილ შეზღუდვებს…“

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კვლევის მიხედვით „დღეისათვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარტიებისთვის დადგენილ ფინანსურ მონიტორინგს ლეონიდ ჩერნოვეცკის მხოლოდ ერთი ფონდი – „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ დაუქვემდებარა, ხოლო მისივე საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ მონიტორინგის მიღმაა დარჩენილი. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, ის  მონიტორინგს არ ექვემდებარება არც „პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი“ და არც მისი საქველმოქმედო საქმიანობა, ვინაიდან მას არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გაცხადებული არ აქვს“.

პაატა ბურჭულაძემ ბათუმში ფონდის ოფისი მიმდინარე წლის 7 თებერვალს გახსნა.

ლეონიდ ჩერნოვეცკის სახლი ფიჭვნარში / ფოტო: „ბათუმელები"
ლეონიდ ჩერნოვეცკის სახლი ფიჭვნარში / ფოტო: „ბათუმელები”

პატიმრები საქართველოში – ბოლო 15 წლის სტატისტიკა

2015 წელს საქართველოში სულ სასჯელს იხდიდა 9 716 პატიმარი, მათ შორის 309 ქალი და 35 არასრულწლოვანი.

პატიმრების ყველაზე დიდი მაჩვენებელი, 2001 წლიდან 2015 წლის ჩათვლით პერიოდში, დაფიქსირდა 2011 წელს – 24 114 პატიმარი, ხოლო ყველაზე ნაკლები, 2003 წელს – 6 119 პატიმარი.

მონაცემები, წლების მიხედვით, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა:

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები

რუსეთის მოქალაქე თურქეთიდან არადეკლარირებული ოქროს შემოტანისთვის დააჯარიმეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დეკლარირების წესის დარღვევით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა.

„პუნქტის კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან  შემოსული რუსეთის მოქალაქე ზ.კ.-ის კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 270,21 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის დიდი ნაწილი მგზავრს დამალული ჰქონდა სხეულზე, ხოლო მცირედი ნაწილი ხელჩანთაში ჰქონდა მოთავსებული. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 14564,35 ლარი“ – აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.

საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 14 564,35 ლარის ოდენობით.

კოოპერაცია – „გამარჯვებული გამარჯვებულის სტრატეგია“

ბრაის მალსბერი
ექსპერტი კოოპერატივების მიმართულებით პროექტში „Acdi-voca“

თქვენს რეგიონს [აჭარას] შეუძლია კოოპერირების სისტემაზე გადასვლა, უბრალოდ, გასავლელია არც თუ მოკლე გზა, რომ კოოპერატივები იქცნენ რეალურ კოოპერატივებად. აუცილებელა განათლება, სწავლება და ჩვენება. განათლება კი მხოლოდ თეორიული არ უნდა იყოს.

„შერატონსა“ და „რედისონში“ ჩატარებული ტრენინგებით სოფლის მეურნეობა არ განვითარდება. ამერიკელი ექსპერტი იქნება თუ ევროპელი, მინდვრად უნდა ატარებდეს ამ ტრენინგებს. ფერმერებმაც უნდა იცოდნენ რა სჭირდებათ და ამის შემდეგ უნდა დაიგეგმოს ტრენინგებიც და პროგრამებიც.

ეს გზა უფრო მოკლე იქნება და უფრო სწრაფად განვითარდება კოოპერატივები, თუკი სახელმწიფო იქნება ჩართული მიზნობრივად. სახელმწიფომ მარტო თავისი შეხედულებისამებრ არ უნდა შექმნას რაღაც პროგრამები, არამედ რეალურად ფერმერები უნდა იყვნენ ჩართული ამ პროექტების შემუშავებაში.

ნებისმიერი აქტივობა სახელმწიფოს მხრიდან არის კარგი. თუმცა, თუ სახელმწიფო ტრაქტორს გადასცემს ჯგუფზე, რომელსაც ტრაქტორისთვის აქვს კოოპერატივი შექმნილი, ეს კოოპერატივის მუშაობისთვის გაკეთებული საქმე არ არის. კოოპერატივის არსი ფერმერთა ჯგუფის საერთო მიზანი და საერთო იდეოლოგია, ღირებულებებია. მხოლოდ ფინანსურ მოგებაზეც არ შეიძლება იყოს საუბარი. არის კულტურული, სოციალური და სხვა პროექტები, რომლებიც უნდა აწუხებდეს ამ ჯგუფს და ამ იდეის ქვეშ უნდა წევრიანდებოდეს. მხოლოდ ტრაქტორის მისაღებად შექმნილ ერთობას, ჩემი აზრით, მომავალი არ აქვს. ტრაქტორით კოოპერატივის შინაარსი ვერ იქნება წახალისებული. მთლად ცუდი არაა, მაგრამ არც შედეგიანია.

ბრაის მალსბერი
ბრაის მალსბერი

მე საქართველოში შევხვდი ფერმერებს ტრენინგებზე. ეს ხალხი მზადაა ჯგუფურად მუშაობისთვის. ყველაზე დიდი პრობლემა იმაშია, რომ მოსახლეობას, ფერმერებს, წესიერად არ აუხსნეს, თუ რა არის კოოპერატივი. 99-მა პროცენტმა არც კი იცის ბოლომდე რას ნიშნავს და რისგან შედგება კოოპერატივი… ამიტომ მნიშვნელოვანია ხალხისთვის მეტი განათლება… ფერმერი როცა გაიგებს რა არის კოოპერატივი, შემდეგ თავად მიხვდება, რაში სჭირდება განათლება – მენეჯმენტში, ადმინისტრირებაში, გასაღების ბაზრის მოძიებაში. ასეა – კოოპერატივის წევრი ფიქრობს წარმოებაზე, მმართველი ჯგუფი – გაყიდვაზე, რეკლამაზე, მარკეტინგზე.

60-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი – აფრიკაში, აზიაში, სამხრეთ ამერიკაში, თქვენი შესაძლებლობები გაცილებით კარგია იმით, რომ მეტ-ნაკლებად ინფრასტრუქტურა არის, ხალხის გაგებაც უფრო მაღალია, ასევე კლიმატი გიწყობთ ხელს, მხოლოდ გჭირდებათ კოოპერატივებზე მეტი ინფორმაცია, ამ ყველაფრის გაგება და დაწყება.

რაც შეეხება კრედიტებს, უმჯობესია ის მიწები რაიმე ფორმით გადაეცა სახელმწიფოს ხალხისთვის, რომელიც არ მუშავდება. თქვენს რეგიონშიც არის მიწები დაუმუშავებელი და ამას არ აქვს მნიშვნელობა რატომ? მთავრობამ უნდა მოიფიქროს მიყიდოს, იჯარით გასცეს, დროებით სარგებლობაში თუ ერთჯერადად გამოყენების უფლებით… მთავარია, მიწა დამუშავდეს – ამითი მოგებული დარჩება როგორც ფერმერი, ასევე სახელმწიფო. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფერმერებს კრედიტები მისცე… გაჩერებული და დაუმუშავებელი ყოველი კვადრატული მიწა არის დაკარგული ფული მთავრობისთვის. და, რა თქმა უნდა, ფერმერებისთვისაც.

ფერმერი იქნება, კოოპერატივი თუ სხვა მწარმოებელი, მან უნდა იცოდეს რა სჭირდება ბაზარს. არ შეიძლება წარმოება ბაზრის კვლევის გარეშე. თავის მხრივ, კოოპერატივებიდან მიღებულ ინფორმაციებს უნდა ამუშავებდეს სახელმწიფო, ვთქვათ, რამდენი კარტოფილის წარმოებაა შესაძლებელი და რამდენი უნდა ვაწარმოოთ.

კომუნისტური და შემდგომი ეპოქის გავლენით თქვენთან ადამიანი ჯერ კიდევ ურწმუნოა იმის მიმართაც კი, რაც რეალურად კეთდება. საჭიროა ფერმერმა რომ დაიჯეროს კოოპერატივის სიკეთე, შემდეგ იმუშაოს იმისთვის, რომ ისარგებლოს ამ სიკეთით. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ხელშეწყობით, რათა ეს პროცესები ჩქარი და მდგრადი იყოს, რაღაც საუკეთესო გამოცდილებები უნდა აიღოთ სხვა ქვეყნებიდან.

ვფიქრობ, რაოდენობა არ არის კოოპერატივის შინაარსი, კოოპერატივი არის ფერმერთა ჯგუფი და ჯგუფი არის უკვე ერთზე მეტი – ორიც და ასიც. კოოპერირების გარეშე ძნელია განვითარება არა მარტო თქვენთან, არამედ სხვაგანაც. ამას ამერიკაში ვეძახით გამარჯვებული გამარჯვებულის სტრატეგიას – როცა სახელმწიფო, ფერმერი და მომხმარებელიც არის კმაყოფილი“.

ამავე თემაზე:

რა უშლის ხელს კოოპერატივების შექმნას

რა უშლის ხელს კოოპერატივების შექმნას

საქართველოში ფერმერთა კოოპერატივებად ჩამოყალიბება ძნელად მიმდინარეობს. ხშირად კოოპერატივები იქმნება ხელოვნურად, რათა ამა თუ იმ პროგრამით ერთჯერადად ისარგებლონ. ტრადიციები, ნდობის, ცოდნის  ნაკლებობა და ა.შ. – ეს ყველაფერი დღეს ხელს უშლის კოოპერატივების შექმნას. სპეციალისტთა შეფასებით კი, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის კოოპერატივებს ალტერნატივა არ აქვს. ამ მიმართულებით 2013 წლიდან შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, მოქმედებს სახელმწიფო და საგრანტო პროგრამები.

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

„იმას, რასაც სხვა რეგიონებში მცირე ფერმერულ მეურნეობას ვეძახით, აჭარაში ეს მიკრომეურნეობაა, პრობლემა მცირემიწიანობაა. ასეთი მიკრომეურნეობები მთელ მსოფლიოში განიხილება, როგორც ოჯახური მეურნეობები. ანუ ადამიანს მოჰყავს იმდენი, რამდენსაც მოიხმარს და ყიდის მხოლოდ იმას, რაც მორჩება“, – ამბობს „ენპარდ აჭარას“ პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე. – „ჩვენს სოფლებში ოჯახის საშუალო ხარჯის მინიმუმს თუ ავიღებთ, მის 30-50%-საც კი ვერ აკმაყოფილებს ის შემოსავალი, რასაც ოჯახი ტრადიციული მეურნეობიდან მოსავლის გაყიდვით იღებს“.

ლაშა კომახიძის თქმით, ნებისმიერი მყიდველი, იქნება ეს მარკეტი თუ გადამამუშავებელი, ფერმერისგან მოითხოვს რამდენიმე პირობას: უწყვეტ წარმოება-მიწოდებას, სტაბილურ ხარისხს და ფასს, რასაც ცალკე აღებული ვერც ერთი ფერმერი ვერ უზრუნველყოფს: „ყველა ფერმერი ამბობს, რომ ვერ ყიდის პროდუქციას. ხალხმა უნდა დაიჯეროს და იცოდეს, რომ სახელმწიფო მოსავალს არ გაუყიდის, სახელმწიფომ შესაძლოა დააფინანსოს სუბსიდიებით გარკვეული მიმართულებები, მაგრამ ვიღაცამ უნდა იზრუნოს მყიდველის მოძიებაზე. რა დანიშნულება აქვს ამ კუთხით კოოპერატივს – უნდა გაერთიანდნენ წვრილი ფერმერები იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ სტაბილური მიწოდება; იმუშაონ ხარისხის გაუმჯობესებაზე და ფასებიც დაასტაბილურონ. ზოგი იზრუნებს მყიდველის მოძიებაზეც – ასეთებს ჩვენ ლიდერ ფერმერებს ვეძახით. ფერმერთა გაერთიანება შეიძლება სხვადასხვა მიზნით, თუმცა მთავარია, რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება კოოპერატივი“.

მაღალმთიანი აჭარა, სოფელი ღორჯომი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა, სოფელი ღორჯომი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

„ენპარდ აჭარა“ ახორციელებს საგრანტო მხარდაჭერის პროგრამას. აჭარაში 65 კოოპერატივი დააფინანსეს [შეძენილი და გადაცემული ტექნიკის ფასი ნახევარ მილიონ ევროს აღემატება]. ლაშა კომახიძის თქმით, შესაძლოა ამ 65 კოოპერატივიდანაც დაიხუროს ზოგიერთი ან შესაძლოა იყოს ისეთი, რომელიც მხოლოდ ტექნიკის მიღების მიზნით შეიქმნა. „ასეთი ხელოვნური კოოპერატივებისგან თავის არიდება მოხერხდება გარკვეული კრიტერიუმებით. კოოპერატივის წევრები შეიძლება იყვნენ ნათესავებიც, ვინაიდან აქ არის ნდობის საკითხი – შემდგომში მატერიალური სიკეთეების მიღებისა და მათი განკარგვა-განაწილება. მაგრამ მთავარია ამ ნათესავებს ჰქონდეთ ცალ-ცალკე მეურნეობა, გაერთიანების მიზანი იყოს მეურნეობების განვითარება და არა მხოლოდ ტექნიკის მიღება, რომელიც იქნება კოოპერატივის ბალანსზე და გამოიყენებს მხოლოდ ერთი წევრი“.

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ჯერ ადრეა კოოპერირების კუთხით რაიმე შეფასების გაკეთება: „ამ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები იმ კოოპერატივების შესახებ, რომლებიც შექმნილია. ეს გამოჩნდება 5 წლის მერე – კოოპერატივი იფუნქციონირებს, როგორც იურიდიული პირი, თუ – არა. ბევრი კოოპერატივი, დარწმუნებული ვარ, დაიშლება“.

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

კანონით, კოოპერატივი მაღალმთიანეთში მინიმუმ სამი ფერმერის გაერთიანებაა. უფრო დაბალ რეგიონებში – მინიმუმ ხუთი ფერმერის. იყო მსჯელობა იმაზეც, რომ კოოპერატივის ხელოვნურად შექმნის თავიდან აცილების მიზნით, გაეზარდათ წევრთა რაოდენობის მინიმუმი, თუმცა, როგორც ლაშა კომახიძე ამბობს, ამაზე საუბარი შეწყდა, ვინაიდან ფერმერებს ისედაც უჭირთ ასეთი გაერთიანების ჩამოყალიბება. შესაბამისად, წევრთა მინიმუმის გაზრდა მათ კიდევ უფრო დააშინებდა.

სასოფლო-სამეურნეო განათლების დონის ამაღლების აუცილებლობასა და ფერმერთა მუდმივ სწავლებაზე საუბრობენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში. „ამ ეტაპზე ცალკე დატრენინგების პროგრამა არ გვაქვს, თუმცა სწავლება-კონსულტაცია გათვალისწინებულია საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილებებში, რომლებიც მუნიციპალიტეტებში გვაქვს: იქ ნებისმიერ ფერმერსა თუ აგრომეწარმეს უწევენ სხვადასხვა საკითხზე კვალიფიციურ დახმარებას ფინანსური ანაზღაურების გარეშე,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი, მამუკა თურმანიძე.

მამუკა თურმანიძის თქმით, აჭარაში, მცირე მიწებზე ერთიანი მუშაობის გარეშე მძლავრი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება შეუძლებელია.

მემთეურების სოფელი ბახმაროსთან / ფოტო „ბათუმელები“
მემთეურების სოფელი ბახმაროსთან / ფოტო „ბათუმელები“

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 100-ზე მეტი კოოპერატივია შექმნილი, სამინისტროს პროგრამებით კი ოცამდე კოოპერატივმა ისარგებლა [ბაღების გაშენება, მანდარინისა და თხილისთვის საჭირო მობილური დანადგარების შეძენა, მარწყვის სასათბურე მეურნეობა და სხვ.]. სამინისტრო აგრძელებს ფერმერთა კოოპერირების მიმართულების განვითარებას, თავად კოოპერატივებზე მონიტორინგს კი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ახორციელებს, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება. აჭარაში ადგილობრივი სამინისტრო მხოლოდ იმ კოოპერატივებს უწევს მონიტორინგს, რომლებიც მათი პროგრამებით სარგებლობენ.

„კოოპერატივების შერჩევის დროს შესაბამისი კომისია ცდილობს შეარჩიოს განვითარებაზე ორიენტირებული კოოპერატივი. სამინისტროს მიზანია კოოპერატივები არ შეიქმნას მხოლოდ პროგრამებისთვის, ერთჯერადი სარგებლის მისაღებად. ასეთ კოოპერატივებთან არც ვთანამშრომლობთ,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

მამუკა თურმანიძის აზრით, დაბლობ რაიონებში პერსპექტიულია სასათბურე მეურნეობები, ხოლო მთაში – მეცხოველეობაზე, მრავალწლიან ხეხილოვან კულტურებზე ორიენტირებული მეურნეობები.

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

„ამერიკული სტანდარტით ერთ სულ პირუტყვზე მინიმუმ 2 ჰექტარი საძოვარია საჭირო, ევროპული სტანდარტით – 1 ჰექტარი, აჭარაში კი 90 ათას სულამდე მსხვილფეხა პირუტყვია და საძოვარი სულ არის 37 ათასი ჰექტარი,“ – ამბობს ლაშა კომახიძე. „თუმცა არის ისეთი ტრადიციული დარგები, რომლებიც არ არის მიბმული მიწაზე, ვთქვათ, მეფუტკრეობა და შემოსავალიც მაღალი აქვს. პროდუქტები, რომელთა წარმოებაც არ მოგვცემს მოგებას, აღარ უნდა ვაწარმოოთ. არის მიმართულებები, სადაც საკანონმდებლო ცვლილებებია აუცილებელი, მაგალითად, ჩვენი გათვლებით, რძის წარმოებას მაშინ აზრი აქვს, თუ ფერმერს საკუთარი ფერმა აქვს და თვითღირებულება 30 თეთრზე მეტი არ არის. ამ შემთხვევაშიც კი მოგების მარჟა რჩება ცოტა. აუცილებელია ახალი, მაღალშემოსავლიანი კულტურების [მაგალითად, ლურჯი მოცვი] დანერგვაც“.

ამავე თემაზე:

კოოპერაცია – „გამარჯვებული გამარჯვებულის სტრატეგია“

ქედის გამგებლის 2015 წლის ანგარიში

დღს ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ საკრებულოს სხდომაზე 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა. გამგებელმა ისაუბრა როგორც გასულ წელს ქედაში განხორციელებულ პროექტებზე, ასევე 2016 წელს დაგეგმილ და განსახორციელებელ სამუშაოებზეც.

დეპუტატებმა გამგებელს ქედის გაზიფიცირებაზე, ჰესების ასაშენებლად გვირაბის მოსაწყობად დაგეგმილ სამუშაოებზე, ინერტული მასალის მოპოვებასა და ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე დაუსვეს კითხვები.

„როდის დაიწყება ჰესების მშენებლობა? რა საშიშროებები არსებობს იმის გათვალისწინებით, რომ გვირაბის გაყვანა დაგეგმილია გეოლოგიურად ისეთ აქტიურ სოფლებში, როგორიც დანდალოს თემის სოფლები ხარაულა და ჯალაბაშვილებია“ – ამბობს საკრებულოს წევრი უშანგი ბერიძე.

„გასულ წელს სრულად არ მოხერხდა ბიუჯეტის ათვისება… რომ საუბრობთ რა გააკეთეთ, ის თქვით რამდენი სოციალურად დაუცველია? რა გააკეთეთ ამ ხალხისთვის“- იკითხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა  ვაჟა ბოლქვაძემ და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

„ნაციონალური მოძრაობის შენიშვნებს აბსურდულს ვუწოდებ.  მათ რომ მიაჩნიათ – მშენებლობა აწარმოეს, იმ მშენებლობაზე გაწეული თანხები წყალშია გადაყრილი. ჩვენ ხარისხიანად და საშვილიშვილოდ ვაკეთებთ საქმეს. ჩემთვის უცნობია, რითი მოტივირებდა ვაჟა ბოლქვაძე როდესაც ამას ამბობდა. მათ მიერ უაზროდ გაკეთებული წყალმომარაგების მოწესრიგებაზე ორი წელი დამჭირდა; ღარათიდან წყლის მოყვანაზე რომელზეც მილიონობით დახარჯეს მოდიოდა გაურკვეველი მასა და არა წყალი, მისი გაფილტვრა და ხალხზე მიწოდება სერიოზული თანხა დაგვიჯდა.

ჩვენი გვინდა მოსახლეობის საჭიროებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ინერტული მასალის მოპოვება. ვთხოვთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს რომ ან პირობიანი აუქციონი გამოაცხადოს, საიდანაც გადამუშავებულ. მასალიდან გარკვეული პროცენტი ქედის მუნიციპალიტეტის შიდა მოხმარებისთვის გამოიყოფა ნაკლებ ფასად, ან გამოიყოს მცირე წარმადობის კარიერი, რომელიც უშუალოდ გამოყენებული იქნება სოციალური დანიშნულებით. რაც შეეხება დაგეგმილ გვირაბის მშენებლობას,  არ გვინდა ისევ იმ პირობით შემოვიდეს თურქული კომპანია რა პრობითაც შუახევში მუშაობს.

გაზიფიცირების ცენტრალური პროექტი დამუშავებულია, შიდა პროექტის მზადებაზე 50 000 ლარი გვაქვს გამოყოფილი, როდის დაიწყება პრექტის განხორციელება ამ დროისთვის ამის თქმა არ შემიძლია“ – ამბობს ქედის გამგებელი

დღევანდე სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს შიდა აუდიტის 2015 წლის ანგარიშს და დღესვე  ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ ნოტარიუსთა პალატას ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქონება, პირდაპირი განკარგვის წესით სამი წლის ვადით გადაეცემა.

დღევანდელ საკრებულოს სხდომას ქედაში 24 დეპუტატიდან 22 ესწრებოდა.

ქედის მუნიციპალიტეტის ფოტო
ფოტო: ქედის მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდიდან

სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა

14–16 აპრილს,  საგამოფენო კომპანია ,,GEONET EXPO’’ ქალაქ ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში’’ სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის პირველ საერთაშორისო გამოფენას ,,EXPOMEDBATUMI 2016’’ ატარებს.

გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაცია იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კომპანიებს.  გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოები, სამედიცინო სასწავლებლები, სტომატოლოგიური კლინიკები, აფთიაქები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლის თანამედროვე საშუალებები, წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და სამედიცინო ტურიზმში მოღვაწე კომპანიები.

ორგანიზატორების თქმით, გამოფენაზე მოწვეული იქნება მეზობელი ქვეყნებიდან წამყვანი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები. გამოფენის მსვლელობისას ჩატარდება პრეზენტაციები, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების წარდგენა, მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაფორმდება ხელშეკრულებები და მოეწყობა ორმხრივი შეხვედრები.

ასწლოვანი ხე შეკვეთილის სანაპიროსთან [ფოტო, ვიდეო]

ასწლოვანი ტიტას ხე, რომელიც ციხისძირში ამოთხარეს, ამ დროისთვის შეკვეთილის სანაპიროსთანაა. მიმდინარეობს ტერიტორიის მომზადება ხის სანაპიროზე გადასატანად.

ციხისძირიდან ტიტას ხე 23 მარტს წაიღეს. შეკვეთილში  გადასატანად ციხისძირში კიდევ ორ ხეს ამზადებენ.

 

ასწლოვანი ხე შეკვეთილის სანაპიროსთან / ფოტო: გიორგი ჯორბენაძე
ასწლოვანი ხე შეკვეთილის სანაპიროსთან / ფოტო: გიორგი ჯორბენაძე
ასწლოვანი ხე შეკვეთილის სანაპიროსთან / ფოტო: გიორგი ჯორბენაძე
ასწლოვანი ხე შეკვეთილის სანაპიროსთან / ფოტო: გიორგი ჯორბენაძე
ასწლოვანი ხე შეკვეთილის სანაპიროსთან / ფოტო: გიორგი ჯორბენაძე
ასწლოვანი ხე შეკვეთილის სანაპიროსთან / ფოტო: გიორგი ჯორბენაძე
ასწლოვანი ხე შეკვეთილის სანაპიროსთან / ფოტო: გიორგი ჯორბენაძე
ასწლოვანი ხე შეკვეთილის სანაპიროსთან / ფოტო: გიორგი ჯორბენაძე
ასწლოვანი ხე შეკვეთილის სანაპიროსთან / ფოტო: გიორგი ჯორბენაძე
ასწლოვანი ხე შეკვეთილის სანაპიროსთან / ფოტო: გიორგი ჯორბენაძე
ასწლოვანი ხე შეკვეთილის სანაპიროსთან / ფოტო: გიორგი ჯორბენაძე
ასწლოვანი ხე შეკვეთილის სანაპიროსთან / ფოტო: გიორგი ჯორბენაძე

 

შეკვეთილი / ფოტო: გიორგი ჯორბენაძე
შეკვეთილი / ფოტო: გიორგი ჯორბენაძე

ბათუმში ხეებს ჩაუმქრალი კირით ღებავენ [ფოტო]

ბათუმში ხეებს სპეციალური ხსნარით – ჩაუმქრალი კირით ღებავენ. სამუშაოებს ბათუმის მერიის ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ ასრულებს. სამსახურის ხელმძღვანელის, ეთერ მაჭუტაძის ინფორმაციით, ბათუმში [შემოერთებული ტერიტორიების ჩათვლით] 15 800 მერქნიანი მცენარეა და ყველა მათგანი შეიღებება. მისივე ინფორმაციით, ადრე შეტანილი იქნა მინერალური სასუქები, ახლა მოხდება ე.წ. წუნწუხის, შემდეგ კი ტორფის შეტანა, ამ სამუშაოების შემდეგ კი მცენარეები შხამქიმიკატებით შეიწამლება.

„ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს“ ბათუმის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 200 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი მიმდინარე წელს. სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ადმინისტრაციაში 83 ადამიანია დასაქმებული, ხოლო 80 ადამიანი დამატებით, ხელშეკრულებით ჰყავთ აყვანილი.

ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო

დაუბეგრავი მინიმუმი 2016 წლიდან აღარ არსებობს

დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და 2015 წელს გადახდილი გადასახადის დაბრუნების  უფლება დასაქმებულებს 2016 წელს აღარ ექნებათ. შესაბამისად, მიმდინარე წლიდან ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმი აღარ არსებობს.

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, რომელიც 2015  წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში, დაქირავებულს უფლება ჰქონდა 2013 და 2014 კალენდარული წლების მიხედვით „გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და სათანადო თანხის დაბრუნების მიზნით დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ“ დეკლარაცია  საგადასახადო ორგანოში წარედგინა 2015 წლის 30 სექტემბრამდე. წინა წლის დაუბეგრავი მინიმუმის გაცემა მომდევნო წლის პირველი აპრილიდან იწყებოდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს დაბრუნებულია 125 763 640 ლარი;  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით კი, 2014 წელს დაბრუნებულია 131 მილიონზე მეტი ლარი.

ამავე თემაზე:

დაუბეგრავი მინიმუმი 2015 წელშიც გაიცემა – მოთხოვნის ბოლო ვადა 30 სექტემბერია

ყველაფერი დაუბეგრავ მინიმუმზე

შსს-მ ბათუმში 492 აბი „ექსტაზი“ ამოიღო


შსს-ს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული თენგიზ დ. ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 492 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 24,7306 გრამ მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. მათივე ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად თენგიზ დ.-ს ამფეტამინის, მეტამფეტამინის და მდმა-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ავტობანის მშენებლობა [ოჩხამურიდან ჩაქვის გვირაბამდე] 2017 წელს დასრულდება

აჭარის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ახალი გზის [ავტობანის] მშენებლობის სამუშაოები ოჩხამურიდან სახალვაშომდე [ჩაქვის გვირაბამდე] მონაკვეთში მიმდინარეობს.

აჭარის საავტომობილო გზების დირექციის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე მშენებლობა 2013 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა გადაიწია და ეს მონაკვეთი ექსპლუატაციაში 2017 წელს შევა.

სწორედ აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოების გამო აუცილებელი გახდა ცენტრალური გაზსადენის გადატანაც. შედეგად,  აჭარას, 29 მარტიდან, რამდენიმე დღით გაზის მიწოდება შეუწყდება.

მშენებარე ავტობანი ჩაქვთან
მშენებარე ავტობანი ჩაქვთან

მთლიანობაში აშენდება 2 გვირაბი [საერთო სიგრძე 464 მეტრი], 16 ხიდი [საერთო სიგრძე 4538 მეტრი], კეთდება 4 სატრანსპორტო კვანძი სოფლებში: მუხაესტატეში, ხუცუბანში, კვირიკესა და დაბა ჩაქვში.

გზა ოჩხამურიდან სახალვაშომდე მონაკვეთში შეეხო 595 ნაკვეთს, რომელთა აბსოლუტურ უმეტესობაზე კომპენსაცია გაცემულია. მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 209 მილიონ 852 ათასი ლარი.

IMG14737
მშენებარე ავტობანი ჩაქვთან

აჭარაში 48,4 კმ სიგრძის ქობულეთისა და ბათუმის ასაქცევი გზა აზიის განვითარების ბანკიდან მიღებული სესხით [500 მილიონი აშშ დოლარი] დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში შენდება.

ქალის ცემაში, გაუპატიურებასა და ძარცვაში ბრალდებულის საქმე

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს მ.დ.-ს საქმეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ედება ბრალი. ვინაიდან მძიმე ბრალდებებს შორის ერთ-ერთი გაუპატიურებაა, სხდომები დახურულია.

საქმის მასალების მიხედვით, მ.დ-მ ქალს ჯერ თავისუფლება აღუკვეთა, შემდეგ გააუპატიურა, სცემა და ბოლოს გაძარცვა.
ბრალდებული წარდგენილი ბრალდებებიდან მხოლოდ ცემის ფაქტს აღიარებს.

„დანარჩენ ბრალდებებზე პროკურატურის მტკიცებულება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და ექსპერტიზის დასკვნაა, რომელიც უკანონოა, რადგან იგი ჩვენ მოთხოვნისთანავე არ გადმოგვცეს. კანონის მიხედვით, ასეთი მტკიცებულება ბათილია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მ.დ-ს ადვოკატმა ირაკლი ბარძიმაძემ. მისივე თქმით, ბრალდებულმა და დაზარალებულმა სასამართლოს უთხრეს, რომ მათ სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ.

სასამართლომ უკვე მოისმინა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები. გადაწყვეტილებას მოსამართლე დავით მამისეიშვილი რამდენიმე დღეში, მხარეების საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ მიიღებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მ.დ.-ს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გიორგი პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა მორიგი შეტევაა

იუსტიციის სამინისტროს პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმას ითვალისწინებს. „ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს. გიორგი პაპუაშვილს ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი, თუმცა მან ჯერ თავისი უფლებამოსილება უნდა ამოწუროს,“ – ამ სიტყვებით გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი ვენეციის კომისიას, რომელმაც ახლახან დაგმო და შემაშფოთებლად მიიჩნია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ. რეფორმა ამ მიმართულებით თეა წულუკიანმა გასული წლის დეკემბერში დააანონსა: „მოკრძალებულ, მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ“. თავად გიორგი პაპუაშვილი კი, ამბობს, რომ რეფორმის პროცესში საკონსტიტუციო სასამართლო არანაირი ფორმით ჩართული არ არის. „ნაადრევად ჩამომწერეს,“ – უთხრა მან „ბათუმელებს“. „ბათუმელებთან“ გიორგი პაპუაშვილის ინტერვიუ გასულ კვირას სკაიპის საშუალებით შედგა.

ბატონო გიორგი, მიგაჩნიათ თუ არა, რომ თქვენ და, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური პროცესის აქტიური მონაწილე გახდით? 5 მარტს თქვით, რომ თქვენ წინააღმდეგ იგეგმებოდა ფოტო და ვიდეომასალის გავრცელება, რასაც იუსტიციის მინისტრმა „მოლანდებები“ უწოდა.

არანაირი სურვილი არ მაქვს, ეს დაძაბულობა გაგრძელდეს, ეს აზარალებს სასამართლოს. მოსამართლეებისთვის ეს არ არის ჩვეულებრივი სიტუაცია. ჩვენ ვპასუხობთ მაშინ, როცა იძულებული ვართ. ამ შემთხვევაში პირდაპირ დგამენ გარკვეულ ნაბიჯებს სასამართლოს დისკრედიტაციისთვის. ლოგიკურ ჯაჭვს თუ გავყვებით, დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ რაღაც სასიკეთოდ შეიცვლება.

რაც შეეხება კადრების გამოქვეყნებას, ამ ფონზე, როცა უკვე გაცხადებულია, არა მგონია, მოსალოდნელი იყოს გამოქვეყნება, თუმცა არაფერია გამორიცხული. კონკრეტული ფაქტები ზედაპირზე დევს: როცა კანონდარღვევით იმართებოდა მიტინგები მოსამართლის სახლთან [იგულისხმება გიორგი პაპუაშვილის სახლთან, მოსამართლისგან ქონების დაბრუნების მოთხოვნით, 2015 წელს გამართული საპროტესტო აქციები. და ასევე სხვა აქციები, რომლებიც შეფასდა როგორც კანონდარღვევა – ავტ.] და ეს ხელისუფლებამ არ აღკვეთა, ხელისუფლება შეიძლება არ ჩაერია პირდაპირ, მაგრამ მინიმუმ უპატივცემულობა გამოავლინა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ასევე იუსტიციის მინისტრის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ თუ კარგად მოვიქცეოდით, ვიქნებოდი ვენეციის კომისიის წევრი.

თეა წულუკიანს არ აქვს ამაზე კონკრეტული პასუხები: რატომ შემხვდა, როდის შემხვდა და ასე შემდეგ. სტრასბურგის მოსამართლეობის პროცედურა [იგულისხმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი. სამთავრობო კომისიის ეტაპი გიორგი პაპუაშვილმა ვერ გაიარა – ავტ.] გამოიყენეს შემდეგ იმისთვის, რომ წულუკიანის ამ შეთავაზებაზე ჩემი უარისთვის ყოფილიყო ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება.

ამ პროცესებამდეც გააქტიურდა საკონსტიტუციო სასამართლო. სტატისტიკაც აჩვენებს, რომ მომართვიანობამ იმატა. თქვენ როგორ ხსნით ამ გააქტიურებას? [2015 წლის სექტემბრამდე სულ 46 საკონსტიტუციო სარჩელი და წარდგინება შევიდა სასამართლოში, 2014 წელს – 51, 2013 წელს – 22, 2012 წელს – 27, 2011 წელს – 13…

მედიამ დაიწყო აქტიურად ჩვენი გადაწყვეტილებების გაშუქება და თავად საქმეებიც იყო ხმაურიანი. გარდა ამისა, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაკვალიფიცირდა ამ კუთხით და შემოაქვთ სარჩელები, ადვოკატების აქტიურობამაც იმატა. მაგალითად, 2011 წელს, როცა გადაწყვეტილება მივიღეთ მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ, მაშინ მედია ასე აქტიურად არ აშუქებდა ამ საკითხს. მაშინაც პოლიტიკურმა პარტიებმა შემოიტანეს სარჩელი. სხვათა შორის, იმ პარტიებმა, ვინც ახლა ხელისუფლებაში არიან.

თქვენი ვადა იწურება 30 სექტემბერს. რას აპირებთ?

გადაწყვეტილი არ მაქვს. მოვისმინე ჭორები, რომ პოლიტიკაში მივდივარ. როგორც ჩანს, ნაადრევად ჩამომწერეს სასამართლოდან. ძალიან ბევრი საქმეა სასამართლოში და ახლა ამაზე ვართ კონცეტრირებული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე მიიღო წარმოებაში საქმე, რომელიც თქვენს ქონებას ეხება. რამდენიმე დღის წინ თეა წულუკიანმა მოგიწოდათ გეპასუხათ, როგორ მიიღეთ ხელისუფლებისგან ძვირადღირებული ქონება 1000 ლარად და არის თუ არა ეს შესაბამისი მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპთან [გიორგი პაპუაშვილს აბაშიძის მაღალჩინოსნის – როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეული კერძო საკუთრება ბათუმში 2007 წელს გადასცეს. ავტ]

ეს იყო ამორალური განცხადება. როცა საკონსტიტუციო გადმოვიდა ბათუმში, სახელმწიფო ვალდებული იყო, მოსამართლეები უზრუნველეყო საცხოვრებლით. მე გადმომცეს ბინა, რომელიც იყო სახელმწიფოს კანონიერ მფლობელობაში და არავითარი სასამართლო დავა ამ ქონებაზე არ მიმდინარეობდა. რა უფლება მქონდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დამეყენებინა, რამდენად კანონიერად იყო ბინა ჩამორთმეული?

2012 წელს დაისვა საკითხი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში, რომ სახელმწიფომ თითქოს ვიღაცას არასწორად ჩამოართვა ბინა. ჩვენ მაშინ მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს, ასევე ქონების მართვის სააგენტოს, რომ არის თუ არა რაიმე კითხვის ნიშნები. ეს გავაკეთე მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად ამ პროცესს საერთოდ არ უნდა ჰქონოდა ჩემთან შემხებლობა – თუ ვინმეს უკანონოდ ჩამოართვეს ქონება, ის უნდა ედავოს სახელმწიფოს.

მაშინ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ისიც მივწერე, რომ არ მოხდეს ამ თემის გამოყენება სასამართლოს დისკრედიტაციისთვის. ჩვენ მზად ვიყავით, გვემსჯელა ალტერნატიულ ფართობზე, ან სხვა გადაწყვეტილების მიღებაზე. პასუხი მოვიდა რამდენიმე თვის შემდეგ და იქ ალტერნატიულ ფართობზე საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი. მაშინ უნდა გაერკვიათ ეს ამბავი, თუკი ვინმეს მორალი აღელვებდა.

როგორც როლანდ ბლადაძის ადვოკატი ამბობს, მაშინ თქვენ მიიღეთ პასუხი, რომ ხელისუფლება ელოდა პროკურატურის გადაწყვეტილებას. პროკურატურამ 2013 წლის დადგენილებით გაამართლა ბლადაძე და შეწყვიტა მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება.

მაგრამ ამით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა საკითხი, რამდენად კანონიერად ჩამოართვეს მას ქონება.

თქვენ იცით, რომ სასამართლომ 2013 წელს საკუთრების ჩამორთმევის კანონიერების საკითხი ვერ განიხილა იმის გამო, რომ ხანდაზმულობის ვადა იყო გასული. ბინა როლანდ ბლადაძეს 2004 წელს ჩამოართვეს, როგორც დაუსაბუთებელი ქონება [ხანდაზმულობის ვადა ამ შემთხვევაში 5 წელია. ავტ].

ეს დავა არ არის ჩემს წინააღმდეგ. მე საერთოდ გავდივარ ამ დავიდან, რადგან არავითარ კავშირში არ ვარ.
მოპასუხე მხარე ამ დავაში არის სახელმწიფო. ამ ხელისუფლების პირობებშიც, სახელმწიფომ დაადასტურა, რომ მას კითხვის ნიშნები არ აქვს. ამიტომაც არის ეს თემა ხელოვნურად აგორებული ჩემს წინააღმდეგ.

2015 წლის 17 მარტს ეს ბინა თქვენი ცოლის დის, ეკა ხოფერიას ყოფილ ქმარს – გიორგი ლევიძეს მიჰყიდეთ 195 ათას დოლარად. ამით გამოჩნდა თუ არა, რომ ქონების შენარჩუნებას ამ გზით ეცადეთ და მეორე – როგორც გავიგეთ, უკვე გაგიუქმებიათ ეს ხელშეკრულება.

ასე არ არის. მე ვარ ბინის კანონიერი მესაკუთრე, მინდა გავყიდი, მინდა – არა. ნორმალური სიტუაცია რომ ყოფილიყო და სამართალდამცველები ჩარეულიყვნენ, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა ამ შემთხვევაში რეესტრმა. რა თქმა უნდა, რეესტრი უკანონოდ მოიქცა, რადგან მან, ფაქტობრივად, ყადაღა დაადო ქონებას მხოლოდ მოქალაქის [ბლადაძის] განცხადების საფუძველზე. ხაზგასმით ვამბობ, თუკი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ვინმეს უკანონოდ ჩამოერთვა ქონება, მას იგი უნდა დაუბრუნდეს. შეეძლოთ ჩვენთვის ალტერნატიული ფართობის შეთავაზება, მაგრამ ამის მცდელობა არ ყოფილა. სახელმწიფოს ვალდებულება იყო ეგ და არა ჩემი.

არ ფიქრობთ, რომ სახელმწიფოს თქვენც წარმოადგენთ – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. თქვენი პასუხისმგებლობა რაში გამოიხატება?

იურიდიულად ეს აბსურდია. ქონებრივ დავებში მე როგორ წარმოვადგენ სახელმწიფოს? აღმასრულებელი ხელისუფლებაა ქონებასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი და მანვე უნდა იზრუნოს მოსამართლის საცხოვრებელ პირობებზე. თუ კონსტიტუციურად დაირღვა ვინმეს უფლება, მე დავიცავ მის უფლებას, მაგრამ არ მოუმართავთ ჩემთვის. შესაძლოა, მორიგებით დასრულებულიყო ეს ამბავი.

ისევ სასამართლოს რომ დავუბრუნდეთ, რას ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა, რომელიც თეა წულუკიანმა უკვე დააანონსა და რა მოლოდინი გაქვთ?

ეს არის მორიგი შეტევა საკონსტიტუციო სასამართლოზე. ქრონოლოგიას თუ მიყვებით, კარგად ჩანს, როდის დაინახა იუსტიციის მინისტრმა სასამართლოს გაჯანსაღების საჭიროება. თეა წულუკიანის ამ განცხადებიდან სამი თვე გავიდა და ამ პერიოდში არც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, არც ვენეციის კომისიისთვის, არც ჩვენთვის, არაფერი იყო ცნობილი, თუ რაზე მიმდინარეობდა მუშაობა. ახლახან დარეგისტრირდა პარლამენტში კანონპროექტი. ჩვენთვის არც გამოუგზავნიათ, თუმცა მასზე ხელი მიგვიწვდება.

ერთ-ერთი პრინციპული საკითხი, რასაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ის, რომ ჩვენი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შევიდეს ძალაში არა გამოქვეყნების დღიდან, როგორც ეს კონსტიტუციაში წერია, არამედ მაშინ, როცა მას იუსტიციის სამინისტრო გამოაქვეყნებს თავის საგამომცემლო ორგანოში. ეს სერიოზული საფრთხეა, რადგან შესაძლოა ხელისუფლებამ შეაყოვნოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება ხელოვნურად და ამით ბოროტად ისარგებლოს. მაგალითად, ასეთი აბსტრაქტული შემთხვევა განვიხილოთ: სასამართლომ მიიჩნია, რომ დახვრეტა არაკონსტიტუციურია, მაგრამ იუსტიციის სამინისტრო ამას გამოაქვეყნებს 20 დღის შემდეგ და მანამდე შესაძლოა, დახვრიტონ ადამიანი.

წინასწარ ამ რეფორმაზე არაფრის თქმა არ მინდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროცესში, ჩვენი აზრით, არავინ დაინტერესებულა, რა პრობლემას ხედავენ თავად მოსამართლეები, რა ინიციატივები გვაქვს. რეფორმა ისეთ კონტექსტში იყო გაცხადებული, რომ გაბრაზებული ხელისუფლების გარკვეულ სახეს წარმოადგენდა თეა წულუკიანი. იმედია, პარლამენტი არ მისცემს ამის საშუალებას ვინმეს, რომ რეფორმა გამოყენებული იყოს ინსტიტუციის წინააღმდეგ. რეალურად, როცა ეს ცვლილება შევა ძალაში, შესაძლოა, აქ საერთოდ აღარ ვიყო და ჩვენ არ უნდა გადაგვაყოლონ სასამართლოს განვითარება.

ხულოში ფერმერებს 11 900 ძირი თხილის ნერგი გადაეცათ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ხულოში 87 ფერმერს სამრეწველო ბაღების გაშენებისთვის 11 900 ძირი თხილის ნერგი დაურიგდა. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტისა და ბათუმის თვითმმართველობაში ფერმერებზე თანადაფინანსების პრინციპით (20% ფერმერი, 80%) ბაღების გაშენებას.

სამინისტროს ცნობით, ქვეპროგრამის ფარგლებში ბაღები გაშენდება 171.8 ჰა-ზე, მათ შორის: თხილის ბაღი 82 ჰა; კაკლის ბაღი 76.8 ჰა; ლურჯი მოცვის ბაღი 6 ჰა; საადრეო მანდარინი 7 ჰა.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენებით თხილის, კაკლის, ლურჯი მოცვისა და საადრეო მანდარინის ბაღების გაშენების ხელშეწყობა.

ამავე თემაზე: ვინ გააშენებს თხილის ბაღებს აჭარაში

„თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმში პლაჟების განკარგვის საკითხს ეხმაურებიან

23 მარტს „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ბათუმის საკრებულოს წევრი, „თავისუფალ დემოკრატი“ ჯაბა ბერიძე ზღვისპირა პლაჟების განკარგვის საკითხს გამოეხმაურა.

„თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს მოუწოდებენ, ბათუმის რესურსებით, საჯარო და გამჭვირვალე აუქციონის გზით განახორციელოს ზღვისპირა პლაჟების განკარგვა და მონიტორინგი.

„ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 16 მარტის საკრებულოს სხდომაზე ერთერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ზღვისპირა პლაჟების) განკარგვასთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ 16 მარტის საკრებულოს სხდომას, რეგისტრაციის ფურცლის თანახმად, ესწრებოდა საკრებულოს 24 წევრი. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მუხლი 62-ის თანახმად: „საკრებულოს სამართლებრივი აქტი მიღებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.“ მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო 13 ხმა, საკრებულოს სხდომაზე, ზემოთ აღნიშნული საკითხის კენჭისყრის დრო დაფიქსირდა მომხრეთა მხოლოდ 10 წევრის ხმა, რაც აისახა საკრებულოს სხდომის ოქმშიც.

შესაბამისად, გადაწყვეტილება ზღვისპირა პლაჟების სექტორების აჭარის ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „ბათუმის ბულვარისთვის“ გადაცემისთვის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ ვერ ჩაითვლება მიღებულად“ – აღნიშნულია პრესრელიზში.

ბათუმის საკრებულომ 16 მარტს თანხმობა მისცა ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, კვარიათიდან მწვანე კონცხამდე მდებარე პლაჟების მონაკვეთები [2016 წლის ნოემბრამდე პერიოდით] უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სსიპ „ბათუმის ბულვარს“ სარგებლობაში გადასცეს, რომელსაც ამჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტრო მართავს.

ბათუმის ქუჩებში სიჩქარის შემზღუდავ ბარიერებს ამონტაჟებენ

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს, 24 მარტს, ბათუმში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დაამონტაჟეს. ამჟამად სამუშაოები მელიქიშვილის ქუჩაზე, მე-2  სჯარო სკოლის წინ მიმდინარეობს.

„ბარიერები ასფალტის საფარზე მაგრდება და მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილების სვლას შეაფერხებს. ბარიერები შიდა ამრეკლებით არის აღჭურვილი, რაც საშუალებას იძლევა ღამით მოძრავი ავტომობილების მფლობელებისთვისაც გახდეს ის შესამჩნევი. პირველ ეტაპზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარედ დამონტაჟდება,“-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები  30 ლოკაციაზე უნდა მოეწყოს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 21 ათასი ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“ ახორციელებს.

 

11164226_1091944914199150_187689161709630818_o

ციხისძირიდან ჭაობის კიპარისებსაც ზღვით გადაიტანენ

ციხისძირის სანაპიროდან ზღვით გადატანილი ტიტას ხე ამჟამად შეკვეთილის [ოზურგეთის მუნიციპალიტეტი] სანაპიროსთანაა მიტანილი და მიმდინარეობს მისი ხმელეთზე გადატანის სამუშაოები. ხე შეკვეთილში მშენებარე საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ, ბაღში დაირგვება, რომელსაც ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი აშენებს.

სამი ხის გადასატანად ციხისძირში საგანგებოდ ააგეს დროებითი ნავმისადგომი. სამუშაოებს კომპანია “ზიმო” აწარმოებს. ამ კომპანიას აჭარის მთავრობამ 6200 ლარად გადასცა საკუთრებაში ერთი ტიტას ხე და ორი ჭაობის კიპარისი.

გადასატანად მონიშნული ჭაობის კიპარისები. თედო ჯორბენაძის ფოტო
გადასატანად მონიშნული ჭაობის კიპარისები. თედო ჯორბენაძის ფოტო

კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენლის ირაკლი შანავას განცხადებით, პარალელურად დაიწყება დარჩენილი ორი ხის, ჭაობის კიპარისების გადასატანად მომზადების სამუშაოები, თუმცა ზუსტი დრო ,თუ როდის გადაიტანენ ხეებს, ჯერ ცნობილი არ არის.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სპეციალისტს უნდა მიმართონ, რომელიც იტყვის, თუ რა პერიოდში იქნება შესაძლებელი ხის გადარგვა, რომ მცენარე არ გახმეს.

ციხისძირის სანაპიროდან შეკვეთილში ასწლოვანი ხე ბარჟათი [სპეციალური მცურავი საშუალებით] გუშინ, 23 მარტს გადაიტანეს.

ასწლოვანი ხის გადატანა. შოთა გუჯაბიძის ფოტო
ასწლოვანი ხის გადატანა. შოთა გუჯაბიძის ფოტო

ამერიკული ჯგუფი The Exchange ხულოსა და ბათუმში

24 მარტს, 17:00 საათზე, ხულოს დრამატულ თეატრში, ხოლო 25 მარტს, 16:00 საათზე ბათუმში, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის საკონცერტო დარბაზში, ხუთკაციანი ამერიკული პოპანსამბლი The Exchange, ორ ამერიკულ ბენდთან – Street Corner Symphony-სა და VoicePlay-სთან ერთად კონცერტს გამართავს.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია. კონცერტების დაწყებამდე კი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გაცვლითი და საგრანტო პროგრამების საინფორმაციო გამოფენა გაიმართება.

The Exchange ამერიკული სატელევიზიო ქსელი NBC-ის მუსიკალური კონკურსის The Sing-Off-ის ფინალისტია, ხოლო ბენდები – Symphony და VoicePlay ამავე კონკურსის გამარჯვებულები არიან წინა წლებში. ჯგუფი სხვადასხვა დროს უკრავდა ცნობილ შემსრულებლებთან ერთად.

ჯგუფი შეიქმნა 2012 წელს და ხუთ ერთმანეთისაგან განსხვავებული სტილის მომღერალს აერთიანებს, რომელთა ერთობლიობა სცენაზე საინტერესო წარმოდგენას გვთავაზობს. The Exchange-ს მრავალი ტურნე ჰქონია ევროპასა და აზიაში, თუმცა საქართველოში პირველად იმყოფება. მუსიკოსებს ერთობლივი კონცერტები ჰქონიათ ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან: Boyz II Man-ი, Sara Bareilles-ი და Wynton Marsalis-ი.

აღნიშნული ღონისძიება 21 და 23 მარტს გაიმართა ქუთაისსა და ფოთში.

პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

დათო ტურაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია „წიგნები ბათუმში“

24 მარტს, 19:00 საათზე, მაღაზიაში – “წიგნები ბათუმში” დათო ტურაშვილის ახალი წიგნის – „სხვა ამსტერდამის“ პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ ისაუბრებს თავად ავტორი. მკითხველს შესაძლებლობა ექნება დაუსვას მას კითხვები და  გამოართვას ავტოგრაფი.

 

shop_product_image_176654
„სხვა ამსტერდამი“ – დათო ტურაშვილი

„ეტალონი“ ქედაში

დღეს, 23 მარტს, ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ინტელექტუალურ შეჯიბრში  ქედის 22 საჯარო სკოლის 22 წარჩინებული მოსწავლე მონაწილეობდა.

დავით დუმბაძე და მუხრან მგელაძე
დავით დუმბაძე და მუხრან მგელაძე

ინტელექტუალურ შეჯიბრში, 85 ქულით, „ქედის ეტალონი მოსწავლე“ სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის მოსწავლე, მუხრან მგელაძე გახდა.

„100 ქულიდან 85 ქულა ძალიან კარგი შედეგია, მინდა ვთქვა, რომ შედეგი მოლოდინზე მეტია, იყო მუნიციპალიტეტები, სადაც „ეტალონელი მოსწავლე“ 55 – 60 ქულით გახდნენ. მიხარია, რომ ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული. საქართველოს გადარჩენა მხოლოდ განათლებაა, ვფიქრობ მომავალშიც გაგრძელდება პროექტი,“ – ამბობს სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი.

„ეტალონში“ მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს კი, სიგელებთან ერთად, ფინანსური საჩუქრები გადასცეს.

„ასეთი პროექტები ხშირად უნდა იმართებოდეს, რადგან ჩვენთვის, მოსწავლეებისთვის მეტი სტიმულის მომცემია, დღევანდელი გამარჯვება ჩემი პირველი წარმატებაა, პროფესია ჯერჯერობით არ ამირჩევია, მაგრამ ვფიქრობ, კომპიუტერულ ტექნოლოგიებს დავეუფლო,“   – ამბობს მუხრან მგელაძე.

„ქედის ეტალონი მოსწავლე“ 14 მაისს, თბილისში, სპორტის სასახლეში საქართველოს ეროვნული ინტელექტჩემპიონატ “ეტალონი 2016”-ის ფინალურ თამაშში მიიღებს მონაწილეობას, სადაც 2015-2016 სასწავლო წლის “საქართველოს ეტალონი მოსწავლე” გამოვლინდება. სპორტის სასახლეში ამ ტიტულის მოსაპოვებლად ყველა მუნიციპალიტეტსა თუ ქალაქში ჩატარებულ „ეტალონში“ გამარჯვებული, სულ 82 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ქედელი მუხრან მგელაძეც.

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ გამარჯვებულ მოსწავლეს თბილისში გასამგზავრებლად საჭირო თანხას ქედის გამგეობა გამოუყოფს.

„ეტალონი ქედა“, ქედის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2290 ლარი გამოიყო.

„ეტალონი“ ხვალ, 24 მარტს, შუახევში, 25 მარტს კი ხულოში გაიმართება და მონაწილეობას ამ მუნიციპალიტეტების ყველა საჯარო სკოლიდან ერთი წარმატებული მოსწავლე მიიღებს.

„ეტალონი ქედა“ 2016
„ეტალონი ქედა“ 2016
„ეტალონი ქედა“ 2016
„ეტალონი ქედა“ 2016
„ეტალონი ქედა“ 2016
„ეტალონი ქედა“ 2016

მთავრობის პასუხისმგებლობა სახლზე, რომელშიც ეკომიგრანტებს აწვიმთ

IMG_0045წვიმისგან დაზიანებული კედლები ეკომიგრანტების სახლში, არაერთ ბინაში შეიძლება ნახოთ. აქ მცხოვრებმა ოჯახებმა გვითხრეს, რომ სახურავი დაზიანებულია. გარდა ამისა, წვიმის წყალი ბინებში ფასადის მხრიდანაც აღწევს. წვიმისგან დაზიანებულია ბინები კორპუსის შუა სართულებზეც.

მეწყრისგან დაზარალებულ ათეულობით ოჯახს აჭარის მთავრობამ გასული წლის ზაფხულში გადასცა ბინები თამარის დასახლებაში აშენებულ ორ კორპუსში. ეკომიგრანტები ამბობენ, რომ სახურავიდან წყალი ბინებში გასულ წელსაც ჩამოდიოდა, თუმცა არა ამდენი.

IMG_0006„ის კომპანია, ვინც ააშენა ეს კორპუსები და აიღო ვალდებულება შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, აღარ იძებნება – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნუგზარ ძნელაძემ – ჩვენ ჩავიბარეთ ეს შენობა და მაშინ არაფერი დაფიქსირებულა. სახურავი შესაძლოა თოვლმა დააზიანა. რამდენიმე თვეა ვეძებთ ამ კომპანიას, მაგრამ ვეღარ ვპოულობთ. თურქული კომპანია იყო „NAREM CBM”, სოციალური ქსელითაც ვცადეთ მათთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ. თუ თურქეთის საკონსულოც ვერ დაგვეხმარა, სასამართლოს მივმართავთ“.

ორგანიზაციაში – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მიიჩნევენ, რომ ამ ფაქტით ეკონომიკის სამინისტროს წინდაუხედაობა ჩანს: „გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა შემუშავებული მონიტორინგის სისტემა ეკონომიკის სამინისტროს და რატომ არ გამოჩნდა პრობლემები სამუშაოს დასრულების დროს, როცა მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა,“ – ამბობს ორგანიზაციის იურისტი, ნინო სიორიძე.

სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით აღებული საგარანტიო ვადის გასვლამდე ორი თვეა დარჩენილი.

„მაქსიმალურად ვეცდებით ამ დროში ამ კომპანიასთან კავშირზე გასვლას,“ – აცხადებს ნუგზარ ძნელაძე. რატომ არ მოითხოვა აჭარის მთავრობამ საბანკო გარანტია, რაც დამკვიდრებული პრაქტიკაა? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ამის ვალდებულება არ ჰქონდათ.

„არავინ ელოდა ამას, რომ ერთ მშვენიერ დღეს კომპანია გაქრებოდა. გაკვეთილი უკვე მივიღეთ და სხვა ხელშეკრულებებს უკვე აღარ ვაფორმებთ საბანკო უზრუნველყოფის გარეშე. ეს პრაქტიკა ჩვენც დავამკვიდრეთ,“ – ამბობს ნუგზარ ძნელაძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, ნინო სიორიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობს: „გამოდის, რომ სახელმწიფომ ჯეროვნად ვერ განახორციელა თავისი ვალდებულება. პირველ რიგში, ეს ადამიანები უნდა დაკმაყოფილდნენ. აქვე ჩანს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც – ჩვენ საჯარო მოხელეებს ვქირაობთ იმისთვის, რომ მართონ, მათ შორის, რისკები. ამ შემთხვევაში კი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინდაუხედავობამ და რისკების გაუთვლელობამ ეკომიგრანტებს და ბიუჯეტსაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა“.

IMG_0009
წვიმა კორპუსის მე-6 სართულზეც ჩამოდის
IMG_0007
ეკომიგრანტები ამბობენ, რომ ბზარები შენობაში მათი შესვლისთანავე გაჩნდა

IMG_0044

სიბერე საქართველოში [ვიდეო]

გადაცემაში „მთავარი თემა“ ამჯერად ხანდაზმულთა ცხოვრების პირობებზე ვისაუბრებთ. გაეროს მონაცემებით დაბერება, როგორც მსოფლიო პრობლემა, განსაკუთრებულად აქტუალურია საქართველოსთვის. მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს.

როგორ ცხოვრობენ მოხუცები დღეს და რას აკეთებს მთავრობა მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად? – ამ კითხვებზე მთავრობის პასუხებს გადაცემის პირველ სიუჟეტში მოისმენთ, მეორე სიუჟეტში კი მოხუცები თავანთ ისტორიებს მოგვიყვებიან.

საქართველოში ხანდაზმულების ცხოვრებაზე სახალხო დამცველის აჭარის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი ციალა ქათამიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „ღირსეული სიბერე“-ს იურისტი მარინე ჟღენტი საუბრობენ.

 

შვებულებაში მყოფი საკრებულოს წევრის სადავო ხმა

„ირაკლი ჭეიშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილება უკანონოა,“ – აცხადებს ნოდარ დუმბაძე – ბათუმის საკრებულოს წევრი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“.

სადავო დადგენილება 16 მარტს,  სხდომაზე მიიღეს, სადაც ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტიდან ბათუმის „დინამოსთვის“ [ზოგადად ფეხბურთისთვის] გამოყოფილი თანხა, დაახლოებით 2 მილიონი ლარი, სახელმწიფოს მიერ შექმნილ ა(ა)იპ-ს, „ფეხბურთის განვითარების ფონდს“ გადაერიცხა. ნოდარ დუმბაძის თქმით, გადამწყვეტი მე-13 ხმა, შვებულებაში მყოფ დიმიტრი დარჩიას ეკუთვნოდა, რაც უკანონოა.

„გადაწყვეტილების მიღების პროცესში მივიღე მონაწილეობა არა როგორც ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ, არამედ როგორც საკრებულოს წევრმა,“ – ამბობს დიმიტრი დარჩია. საკრებულოს იურისტის, სულიკო შვენთიძის შეფასებით, კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონდა, რადგან თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს წევრს უფლებამოსილება მხოლოდ მაშინ უჩერდება, თუკი სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს და პატიმრობას შეუფარდებს.

შვებულების პრინციპზე აკეთებს აქცენტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“. „კონკრეტული ჩანაწერი არ არსებობს, კანონიერია ეს შემთხვევა თუ არა, მაგრამ საკანონდმებლო მოცემულობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვერ ვიტყვით, რომ ამის უფლებამოსილება საკრებულოს წევრს არ ჰქონდა. შვებულება ნიშნავს იმას, რომ დასაქმებული ვერ ახერხებს სამსახურში მისვლას. შესაბამისად, უფლებამოსილება მიჩერდება და არ მერთმევა. გარდა ამისა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებული შვებულების დროს უფლებამოსილების შეჩერების პირობები არ ვრცელდება თვითმმართველობაში დასაქმებულ პირებზე,“ – განმარტავს ორგანიზაციის იურისტი ნინო სიორიძე.

„პირველად მესმის საკრებულოს წევრის შვებულება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი: „საკრებულოს წევრს საერთოდ არ აქვს ხელფასი და არც მის შვებულებას ითვალისწინებს კანონი. შესაბამისად, თუკი ის კომისიის თავმჯდომარეა, სადავო ეს ნაწილი ხდება, თუკი ის კომისიის ან ბიუროს სხდომებში მიიღებს მონაწილეობას“.

16 მარტს, ვიდრე საკრებულო 2 მილიონი ლარის გადარიცხვის საკითხს გადაწყვეტდა, გიორგი კირთაძე, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამბობდა, რომ პრემიერ-მინისტრის დადგენილება იყო თხოვნა, რეკომენდაცია, რომელიც ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა ბრძანებად მიიღო და ბიუჯეტში ცვლილების პროექტი წარმოადგინა.

1,4 მილიონი ლარი მინისტადიონების შესაკეთებლად ბათუმში

ბათუმში, 40 სპორტული მინისტადიონის კაპიტალური შეკეთებისთვის ბათუმის მერია მაქსიმუმ 1 მილიონ 400 ათას ლარს გადაიხდის. საგარანტიო პერიოდი 2 წელი უნდა იყოს სამუშაოების დასრულებიდან. სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან [ან კომპანიებთან] ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში უნდა განხორციელდეს.

მინი სტადიონი
მინისტადიონი გენ. ა. აბაშიძის ქუჩის მიმდებარედ

ბათუმის მერიამ შესაბამისი სამი ტენდერი უკვე გამოაცხადა, ერთი და იმავე პირობებით. სატენდერო კომისიის მოთხოვნაა, რომ „ყველა გამოყენებული მასალა იყოს მაღალხარისხიანი და აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. ყველა მასალა, მოწყობილობა, საკომპლექტო ნაწილი, სამარაგო საგანი, მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის, საუკეთესო დონეზე დაპროექტებული და დამზადებული. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები, მოწყობილობები და საკომპლექტო ნაწილები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“.

ტენდერის პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში (2013, 2014, 2015) და 2016 წლის პირველ აპრილამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალის წინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რემონტი) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.

2015 წელს მინისტადიონებს ბათუმის მერიის ორგანიზაცია ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსი“ არემონტებდა [და არა უშუალოდ მერია; თუმცა „ბათუმის კორპუსი“ ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ია, რომელიც ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება]. „ბათუმელებს“ მაშინ ორგანიზაციაში განუცხადეს, რომ „93 სტადიონი გვაქვს აღწერილი. აქედან 80% შესაკეთებელია… უმეტესობა არის არასტანდარტული და შესაცვლელია, რაც ბევრ თანხასთანაა დაკავშირებული. ყველა სტადიონი რომ შევაკეთოთ, მინიმუმ 6 მილიონი მაინც დასჭირდება. მაგალითად, შვიდი პატარა სტადიონი რომ შევაკეთეთ, 200 000 ლარი დაჯდა, თითოეული მათგანი საშუალოდ 30 000 ლარი. მოზრდილ მოედანს კი 60 000 ლარი დასჭირდება“.

„ბათუმელებს“ მერიის სატენდერო კომისიაში უთხრეს, რომ 2015 წელს იყო უბრალოდ შეკეთება-მოწყობა, ამჯერად კი სტადიონები კაპიტალურად გარემონტდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მინისტადიონების შეკეთებას მიმდინარე წელსაც „ბათუმის კორპუსი“ აგრძელებდა. თუ რის საფუძველზე,- ამ კითხვაზე მერიისგან, ვერც „ბათუმის კორპუსისგან“, პასუხი ვერ მივიღეთ.

მერიის მიერ გამოცხადებულ სამივე ტენდერში წინადადებების მიღება 2016 წლის 12 აპრილს შეწყდება, რის შემდეგაც კომისია გამარჯვებულებს გამოავლენს.

მინი სტადიონი
მინისტადიონი გენ. ა. აბაშიძის ქუჩის N5-ის მიმდებარედ

მინისტადიონებს შემდეგ მისამართებზე შეაკეთებენ:

 

პირველი ტენდერი:

 

აბუსერიძის ქუჩა #1/3

აღმაშენებლის ქუჩა #12/16

გენერალ ასლან აბაშიძის #17

დიდაჭარის ქუჩა #35

ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, XV ჩიხის #1

გოგოლის ქუჩა #11

გუდიაშვილის ქუჩა #18/20

ჯავახიშვილის ქუჩა #78ა

ჯავახიშვილის ქუჩა #67/73

ლერმონტოვის ქუჩა #104/106

ლორიას ქუჩა #2/4 და პუშკუნის ქუჩა #172/174

ნაჭყებიას ქუჩა #1

 

მეორე ტენდერი:

 

აფხაზეთის ქუჩა

კაზინეცის ქუჩა #13

მაიაკოვსკის ქუჩა #3ა

ალ. ჩხაიძისა და შავშეთის ქუჩების კვეთა

მაიაკოვსკის ქუჩა #55/23

ქათამაძის ქუჩა #42

თამარის დასახლება #23

თამარის დასახლება #26

 

მესამე ტენდერი:

 

26 მაისის ქუჩა #13

აბუსერიძის ქუჩა #21

აბუსერიძის ქუჩა #25

ბაგრატიონის ქუჩა #196

გორგილაძის ქუჩა #54/62

ჯავახიშვილის ქუჩა #47/49

ჯავახიშვილის ქუჩა #51

ჯავახიშვილის ქუჩა #72

ლერმონტოვის ქუჩა #88

მელიქიშვილის ქუჩა #110

ს. მესხის ქუჩა #40/42

სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა #94

ტაბიძის ქუჩა #1/3

ტაბიძის ქუჩა #19/21

ტაბიძის ქუჩა #31/33/35

ტაბიძის ქუჩა #7

ტაბიძის ქუჩა #19ა

ხელვაჩაურის დასახლებაში საავადმყოფოს მიმდებარედ

ხიმშიაშვილის ქუჩა #25

ხიმშიაშვილის ქუჩა #43/45

 

ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე

24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება იმ თარიღის აღსანიშნავად, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა 1882 წელს.

2016 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის თემაა გლობალური მზაობა ტუბერკულოზის ეპიდემიის დასამთავრებლად, სლოგანით – „გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად 24 მარტს ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებები აქვს ჩანიშნული:

11:00  საათზე ბათუმის N2 საჯარო სკოლაში გაიმართება შეხვედრა, სადაც მე–10 და მე–11 კლასის მოსწავლეები მოისმენენ  ინფორმაციას ტუბერკულოზის გავრცელების,  მკურნალობისა და პრევენციის შესახებ.

14:00 საათზე კი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ლექცია თემაზე: – ,,ტუბერკულოზი, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის განსაკუთრებული პრობლემა“

მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი ავადდება ტუბერკულოზით და 1,5 მილიონზე მეტი იღუპება. საქართველომ შეიმუშავა ტუბერკულოზის კონტროლის ახალი სტრატეგია, რომელიც 2016-2020 წლებისთვის განსაზღვრავს ტუბერკულოზის მართვის სტრატეგიულ მიმართულებებს.

ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში  ტუბერკულოზის კონტროლის მიმართულებით ქვეყანაში გახორციელებული ღონისძიებების შედეგად გაიზარდა  დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მიმართული სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად – პაციენტთა ფულადი წახალისების სქემის თანადაფინანსებასაც უნზრუნველყოფს;

2015 წლიდან მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა მიმდინარეობს ახალი რეჟიმების მიხედვით [ჯანმო-ს რეკომენდაციების შესაბამისად განახლებული გაიდლაინების მოთხოვნათა დაცვით];

ქვეყანაში პროგრამულად ხელმისაწვდომია ახალი მედიკამენტი – ბედაქილინი [აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გლობალური დონაციის პროგრამით];

2015 წელს, ქვეყანამ საბიუჯეტო სახსრებით პირველად  შეიძინა ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტები;

ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომია ტუბერკულოზის და რეზისტენტული ტუბერკულოზის სწრაფი სადიაგნოს­ტი­კო საშუალება ჯინ ექსპერტ-აპარატურა, რომელიც გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში იქნა შეძენილი“ – აღნიშნულია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საცხოვრებელი კორპუსის ეზოები ბათუმში, სადაც ასფალტის საფარი მოეწყობა

ა[ა]იპ „ბათუმის კორპუსი“ ბათუმში, 36 საცხოვრებელი კორპუსის ეზოებში, ასფალტის საფარსა და ბორდიურებს მოაწყობს. ორგანიზაცია სამუშაოებში ჯამში, მაქსიმუმ 1 მილიონ 227 ათას 300 ლარის გადახდას აპირებს.

ეზოები რომლებიც უნდა მოასფალტდეს ბათუმში

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, უნდა მოასფალტდეს სულ 29 470 კვ/მ ტერიტორია და მოეწყოს 2 425 გრძ/მ ბორდიური.

ბორდიურის ნიმუში

შესაბამისი ტენდერი „ბათუმის კორპუსმა“ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 8 აპრილს დაიწყება და 13 აპრილს დასრულდება. სამუშაოები  ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დასრულდეს.

„ბათუმის კორპუსი“ ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ია, რომელიც ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სოციალურ სახლში ბინის მიღების შემდეგ შეწყვეტილი შემწეობა

სოციალური დახმარება გიული დავითაძეს და ბადრი მგელაძეს მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც ოჯახი თამარის დასახლებაში, ე.წ. ეკომიგრანტების სახლში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბინა ახლაც თითქმის ცარიელია, მდგომარეობა სოციალურმა აგენტმა დამაკმაყოფილებლად შეაფასა და ოჯახს სოციალური დახმარების მიღება შეუწყდა.

IMG_0028
გიული დავითაძე საკუთარ ბინაში

„გასული წლის ზაფხულში შემოვედით ამ ბინაში. მოვიდა სოციალური აგენტი, რა დაწერა არ ვიცი, მაგრამ მას შემდეგ სოციალური დახმარება არ მიგვიღია,“ – გვიყვება გიული დავითაძე.  როგორც გიული ამბობს, მას  სოციალური მომსახურების სააგენტოში განუმარტეს, რომ დახმარება ბინის მიღების გამო შეუწყდა: „ახალი ბინა გაქვთ და გამოიყენეთ, დახმარება აღარ გეკუთვნითო, ასე მიპასუხეს სააგენტოში“.

გიული დავითაძემ სოციალური სახლის მე-6 სართულზე ბინა მიიღო არა როგორც ეკომიგრანტმა, არამედ როგორც მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახმა. ამას ადასტურებს სოციალური მომსახურების სააგენტო, თუმცა სააგენტოს დირექტორი, თემურ ქარცივაძე გამორიცხავს დახმარების შეწყვეტას ბინის მიღების გამო: „ამ ოჯახის მიერ შევსებულ დეკლარაციაში წერია, რომ მათ აქვთ ყოველთვიური შემოსავალი – 1200 ლარი. დეკლარაციას ხელს აწერს გიული დავითაძე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ქარცივაძემ. ის ადასტურებს იმასაც, რომ დეკლარაციის მიხედვით, ოჯახში არავინ მუშაობს. საიდან შეიძლება ჰქონდეს უმუშევარ ადამიანებს 1200 ლარი შემოსავალი ყოველთვიურად სოციალური სახლის მე-6 სართულზე? – ამ კითხვას თემურ ქარცივაძემ ასე უპასუხა: „ამის გარკვევა ჩვენი საქმე არ არის, აგენტს ამის ვალდებულება არ აქვს. დეკლარაციაში ჩანს, რომ ოჯახს აქვს მიწის ნაკვეთიც“

გიული დავითაძე კი ამბობს, რომ ჩვენგან გაიგო დეკლარაციაში დაფიქსირებული 1200 ლარის შემოსავლის შესახებ და არც მიწის ნაკვეთი აქვთ. „მიწა დედამთილის ოჯახს ჰქონდა, სადაც წლების განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით“. ოჯახმა სოციალური მომსახურების სააგენტოს კიდევ ერთხელ მიმართა, თუმცა უარი მიიღო, რადგან ოჯახის მდგომარეობა უკვე შესწავლილია. სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გიული დავითაძეს ისევ შეხვდებიან და შემდეგ ექნებათ პასუხი, შეივსება თუ არა დეკლარაცია ხელახლა.

გიული დავითაძე „ბათუმელებს“ გასულ კვირას დაუკავშირდა და უთხრა, რომ მეუღლის საავადმყოფოდან გამოყვანის ფინანსური საშუალება არ ჰქონდა.

„170 ლარი გადავიხადე საავადმყოფოში, რადგან საყოველთაო ჯანდაცვა სრულად არ ფარავს მომსახურებას. ახლა შვილი მყავს საოპერაციო, თვალები სტკივა,“ – ამბობს გიული დავითაძე. გიულის გოგო 6 წლისაა და თამარის დასახლებიდან მახინჯაურის საბავშვო ბაღში დადის, რადგან მახლობლად მდებარე ბაღში თავისუფალი ადგილი აღარ იყო. ბადრისა და გიულის მეორე შვილი 4 წლის ბიჭია. თამარის დასახლების საბავშვო ბაღში არც მისთვის აღმოჩნდა ადგილი.

IMG_0029
ბადრი მგელაძე

ციხისძირიდან ხეს დღეს გადაიტანენ [ფოტო]

კომპანია „ზიმო“ – ს წარმომადგენლის ირაკლი შანავას განცხადებით, ერთ ძირ ხეს ციხისძირის სანაპიროდან დღეს გადაიტანენ შეკვეთილში [ოზურგეთის მუნიციპალიტეტი]. ხეს ბარჟათი [სპეციალური მცურავი საშუალებით] გადაიტანენ.

_MG_4088
ხის გადატანა ციხისძირიდან/ ფოტო: ქრისტინე ჩხარტიშვილი
ხის გადატანა ციხისძირიდან/ ფოტო: ქრისტინე ჩხარტიშვილი
ხის გადატანა ციხისძირიდან/ ფოტო: ქრისტინე ჩხარტიშვილი
ხის გადატანა ციხისძირიდან/ ფოტო: ქრისტინე ჩხარტიშვილი
ხის გადატანა ციხისძირიდან/ ფოტო: ქრისტინე ჩხარტიშვილი
ხის გადატანა ციხისძირიდან/ ფოტო: ქრისტინე ჩხარტიშვილი
ხის გადატანა ციხისძირიდან/ ფოტო: ქრისტინე ჩხარტიშვილი
ხის გადატანა ციხისძირიდან/ ფოტო: ქრისტინე ჩხარტიშვილი
ხის გადატანა ციხისძირიდან/ ფოტო: ქრისტინე ჩხარტიშვილი
ხის გადატანა ციხისძირიდან/ ფოტო: ქრისტინე ჩხარტიშვილი

ამავე თემაზე:

ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესი განახლდა
ხეების გადასატანად ციხისძირში ნავმისადგომი კეთდება [ფოტო]
სამინისტრო: მიწის ნაკვეთზე, საიდანაც ხეები გადააქვთ, სასტუმრო არ აშენდება
არჩილ ხაბაძის ბრძანება ივანიშვილისთვის ხეების გადასაცემად
ივანიშვილის პარკში გადასატანი ხეების ამოთხრა დაიწყო [ფოტო, ვიდეო]

ბრიტანული თეატრი ბათუმში სპექტაკლით – „ინსტიტუტი“

ბათუმში ვიზიტით იმყოფება ბრიტანული თეატრალური კომპანიის ,,GECKO“-ს  ტექნიკური რეჟისორი ნეითან ჯონსონი. წელს, ბათუმში, კომპანია თეატრალურ გასტროლს გეგმავს, წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი – „ინსტიტუტი“. რეჟისორი დღეს ბათუმის მუსიკალური ცენტრის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნო და გასტროლისათვის საჭირო ტექნიკური დეტალები შეათანხმა.

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეჟისორი ნეითან ჯონსონი, მინისტრის მოადგილეს ნათია სირაბიძესაც შეხვდება.

„კრიტიკოსების მიერ აღიარებული ფიზიკური თეატრის საცეკვაო დასი „Gecko“ 2001 წელს დაარსდა დიდ ბრიტანეთში. 2001 წლიდან დღემდე კომპანიამ  7 წარმოდგენა შექმნა, რომლებსაც დიდი წარმატება ხვდა წილად როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე  არაერთ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ევროპასა თუ აზიაში“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ „ამ პროექტის მეშვეობით   ქართველი  მაყურებელი   თანამედროვე   ბრიტანული   თეატრის    ასპექტებს გაეცნობა,   ხოლო   ქართველი   მსახიობები   და   რეჟისორები თანამედროვე ბრიტანული თეატრისა და დრამატურგიის მიმდინარეობებს, „რაც საბოლოოდ, სწორედ საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენელთა პროფესიული დონის ამაღლებას და საერთო  შემოქმედებითი  პროცესების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“.

„2013 წელს ბრიტანული კომპანია ,,Gecko“ სპექტაკლით ,,დაკარგულნი“ წარმოდგენილი იყო თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე და „ქართველი მაყურებლისა და თეატრალური კრიტიკოსების ერთსულოვანი აღფრთოვანება დაიმსახურა.

,,Gecko“ ცნობილია განუმეორებელი სამყაროს წარმოქმნის უნარით, თავისი დახვეწილი სასცენო ხელოვნებისა და სულისშემკვრელი ქორეოგრაფიით. ,,ინსტიტუტში“ გამოყენებულია მოძრაობა, გამოსახულება და სხვადასხვა ქორეოგრაფიული სტილი ადამიანის ქცევის სირთულის, კომპლექსურობის უფრო ღრმად შესასწავლად.  ვიზუალურად შთამბეჭდავი წარმოდგენა ამავდროულად უკიდურესად ინტიმური და იდუმალი, თუმცა ამასთანავე და ხშირად ძალიან სასაცილოც. პროექტი წარმოგვიდგენს  ანალიზს, თუ როგორ ვზრუნავთ ერთმანეთისა და საკუთარი თავისთვის“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ თეატრალური ჯგუფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მიზანი გაზიარებული პასუხისმგებლობაა –  ესაა განვითარების ვექტორი“

თვითმმართველობის რეფორმის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში საზოგადოების ჩართულობის მაღალი ხარისხია.

ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში  მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებისათვის შექმნილი კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 22 ივლისს მიიღო, სოფლის/დაბის/ქალაქის საერთო კრებების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.  ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საერთო კრება დასახლებისა და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და ამ ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას უზრუნველყოფს.

დასახლების მცხოვრებლებს საერთო კრებებზე შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე დასვან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა მათ გადაწყვეტაში. კანონში გაიწერა ის პროცედურები, რომლითაც ხდება საერთო კრების მოწვევა და მის მიერ ხელმძღვანელის – რჩეულის არჩევა.

არსებული პრაქტიკით, რომელსაც კვლევები აჩვენებს, სოფლის კრებები, უმეტეს შემთხვევაში, სოფლის დახმარების პროექტების პრიორიტეტების დასადგენად ტარდება. კრებების შედეგების შესახებ სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას სხვადასხვა გამოცდილება აქვს.

“უმეტესი ნაწილის აზრით, სოფლის კრებები “საჭიროებების შესაფასებლად, პრიორიტეტების განსასაზღვრად” ტარდება, თუმცა ფორმალურად, რადგან მოსახლეობამ არ იცის, როგორ დააყენოს საკითხი. გადაწყვეტილების მიღება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ერთპიროვნულად, რასაც ფორმალურად ესწრებიან თემის წარმომადგენლები.

სოფლის წარმომადგენელთა უმეტესობა არ არის ინფორმირებული, კონკრეტულად რამდენი და რა აქტივობის განსახორციელებლად იხარჯება სოფლის განვითარების პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები. თვლიან, რომ საქმე, რომელიც ამ ფულით გაკეთდა, უხარისხოა და არ ღირს იმდენი, რამდენიც დაიხარჯა. ის, რომ პროექტების დეტალური ბიუჯეტი მოსახლეობისთვის უცნობია, უნდობლობის საფუძველი ხდება, რასაც სხვადასხვა მაგალითებიც ამყარებს”, – აღნიშნულია ფონდის  “ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ 2014 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ საკითხს იკვლევენ, მიიჩნევენ, რომ არსებული მდგომარეობის შესაცვლელად, პირველ რიგში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კომუნიკაცია უნდა შედგეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ნდობა უნდა დაიბრუნოს და ერთობლივ რეჟიმში დაიწყოს ადგილზე საკითხების გადაწყვეტა.

თუმცა, მთავრობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პირველ ეტაპზე, ყველა სოფელში დემოკრატიის დამყარება წარმოუდგენელია.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ამბობს, რომ უკვე მიღებულია კანონქვემდებარე აქტები მუნიციპალიტეტებში, რომელიც მრჩეველთა საბჭოებისა და სოფლის საერთო კრებების მოწვევის საკითხებს არეგულირებს; ჯერი ახლა საზოგადოებაზეა:

“კანონში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები, რომელმაც მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები განსაზღვრა. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებთან დაკავშირებით უკვე მიიღეს მუნიციპალიტეტებმა ეს აქტები და ეს  საბჭოები თითქმის ყველგან არის შექმნილი. ასევე, ნოემბერ-დეკემბერში აქვთ მიღებული სოფლის საერთო კრებების დებულებები. ახლა უკვე არსებობს სრული სამართლებრივი საფუძველი, რომ უახლოეს მომავალში სოფლის კრებებიც გააქტიურდეს.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს მუშაობა, განსაკუთრებით ბიუჯეტის დაგეგმვის დროს. ანალოგიური ვითარება იქნება, როცა სოფლის კრებები ჩამოყალიბდება.

კანონში არსებული ნორმების ამოქმედება ძალიან საშური საქმეა და ამაში სამოქალაქო საზოგადოების როლი განუსაზღვრელია. ამას ცენტრალური, აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ გააკეთებს, რომ მოქალაქეთა აქტიურობას, საინიციატივო ჯგუფების წარმოჩენას შეუწყოს ხელი. სამოქალაქო სექტორმა უნდა იაქტიუროს, განსაკუთრებით რეგიონებში.

ახლა ვაკეთებთ მოკვლევას, სად რა საინიციატივო ჯგუფები და საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭოები შეიქმნა, შევქმნით ბაზას და უახლოეს მომავალში მოქალაქეთა ინფორმირებისთვის დამატებით ძალისხმევას მივმართავთ.

სოფლის კრებების წელსვე ამოქმედება ყველგან სავალდებულო  არ იქნება. გვესმის, რომ 3600-ვე სოფელში ეს ერთიანად ვერ გახორციელდება. ვერც ერთი მთავრობა და სამინისტრო ვერ დაამყარებს დემოკრატიას საქართველოს 3600-ვე სოფელში ერთი ხელის მოქნევით. ამისთვის არსებობს ადგილებზე სამოქალაქო საზოგადოება, ჰყავთ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ ყველას, მათ შორის მუნიციპალიტეტების წინაშე დასვან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

სახელმწიფო ქმნის საკანონმდებლო ჩარჩოებს და გარკვეულ ღონისძიებებს ატარებს მოქალაქეთა ინფორმირებისთვის, დანარჩენი უკვე საზოგადოების გადასაწყვეტია.

წელს თუ ამ კრებების შეკრება და ამოქმედება სავალდებულო არ არის, გაისად სავალდებულო იქნება”, – აღნიშნავს შერგელაშვილი.

“საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი დავით მელუა ამბობს, რომ რადგან ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში ჭირს მოსახლეობის მობილიზება და სასოფლო კრებებზე გამოყვანა, ამ პროცესისთვის არა ფორმალური, არამედ, რეალური სახის მიცემა გაჭირდება:

“ამ მხრივ, შესაძლებელია, იყოს მნიშვნელოვანი სირთულეები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად ინიციატივიანი იქნება მუნიციპალიტეტი – რადგან არ კეთდება, თავს დაანებებს, თუ მაინც ბოლომდე შეეცდება, სადაც შესაძლებელია, რეალურად ჩაატაროს სასოფლო კრებები. რეალურად, ინფორმირებული არჩევნის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს ხალხს, თუ,  წინასწარ ეცოდინებათ, ვინ იქნება არჩეული. კონკურენტულ პირობებში უნდა მოხდეს რჩეულის არჩევა და შემდეგ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სურვილი, მას რეალურად მოსთხოვოს, თუ რა საკითხები დააყენა მან ადგილობრივ თვითმმართველობაში და რა გააკეთა აქედან, რა ვერ გადაიჭრა და რატომ. სადაც ასეთი კრებები შეიქმნება, შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილობრივი დემოკრატიის პირველი ჩანასახი იქნება. თუმცა, მე ოპტიმისტი არ ვარ და არ მიმაჩნია შესაძლებლად, რომ წელსვე ყველა ერთეულში ასეთი კრებები შეიქმნას”, – აღნიშნავს მელუა.

მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეალური ძალაუფლების მინიჭებაა:

“მოქალაქეთა მონაწილეობა ოლიმპიური თამაშები არ არის, მხოლოდ მონაწილეობა რომ იყოს მნიშვნელოვანი; მთავარი შედეგია. როცა ადამიანი საკითხს წამოწევს ხელისუფლების წინაშე, მიიღებს მონაწილეობას ამ საკითხის განხილვაში, დაესწრება რამდენიმე შეხვედრას, მაგრამ საკითხის გადაჭრა წინ არ წაიწევს და პრობლემა პრობლემად დარჩება, ეს ადამიანი მეორედ აღარ ჩაერთვება ასეთ პროცესში. ჩათვლის, რომ ეს ფუჭი გარჯაა. ამიტომ, მონაწილეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროცესის შედეგიანობა. ჩემი რჩევა იქნება _ მას, ვისაც უნდა საკანონმდებლო ნორმა მოქალაქეთა ინსტიტუციური მონაწილეობის შესახებ აამუშაოს, დიდ საკითხებს ნუ შეეჭიდება: შეეცადონ, ძალიან პატარა პრობლემების გადაჭრით დაიწყონ და მოაგვარონ. ეს ადამიანებს მისცემს მოტივაციას, რომ კიდევ მიიღონ მონაწილეობა და სხვა საკითხებიც დააყენონ. კრებებზე თუ ისეთი საკითხები დაისმება, რომლის მოგვარების თავი არც სოფელს აქვს, არც მუნიციპალიტეტს, არც ცენტრალურ ხელისუფლებას, “კრება მხიარული დარჩება” და მეორედ აღარ შეიკრიბება”.

 “რეგიონის განვითარების ცენტრის”  აღმასრულებელი დირექტორი ლიზა სოფრომაძე  ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების, სოფლის კრებების ჩატარების და მოსახლეობის დაინტერესებისთვის, მთავარია, მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ნდობა გაჩნდეს:

“უკუკავშირი უნდა იყოს ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, რითაც მოსახლეობას გაუჩნდება ნდობა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მის მიერ დაყენებული საკითხის გადაწყვეტას ცდილობს. ხელისუფლებამაც ბევრი უნდა გააკეთოს, რომ მოსახლეობის ნდობა დაიბრუნოს. პატარ-პატარა ნაბიჯებით და პრეცენდენტებით შექმნას ეს პროცესი. თვითმიზანი მონაწილეობა კი არ არის, მიზანი სოფლის, ქალაქის განვითარებაა; მიზანი გაზიარებული პასუხისმგებლობაა – რაც მეტს ფიქრობს საზოგადოება, აანალიზებს, მით მეტად ვვითარდებით. ეს არის განვითარების ვექტორი.

ვერ ვიტყვი, რომ დღეს ძალიან პასიურია ეს აქტივობა. არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილზე ძალიან ბევრ საკითხს აყენებენ, მიმდინარეობს ადვოკატირების პროცესი,  სურთ ცვლილებები, მაგრამ საბოლოოდ, ეს ჩვევად რომ გადაიქცეს და სპონტანური ხასიათი არ ჰქონდეს, ამას სჭირდება ხელისუფლების ნება, რომ მას ნამდვილად სჭირდება მოსახლეობის მოსაზრებები, დაანახოს ადგილობრივ მოსახლეობას, თუ რამხელა სარგებელია აქედან ქვეყნისთვის.

როცა ადგილობრივი ხელისუფლება ხალხს ეუბნება, რომ მისი რესურსი მწირია და საჭიროა ერთად მოიფიქრონ, თუ როგორ გადაწყვიტონ ესა თუ ის პრობლემა ერთმანეთის  დახმარებით, ამ დროს მოსახლეობის ინფორმირებაც ხდება და პასუხისმგებლობის გადანაწილებაც. ეს პროცესი ისევ და ისევ ხელისუფლების პოზიციების გამყარებისთვის არის ძალიან კარგი”, _ ამბობს სოფრომაძე.

გარდა ამისა, სოფრომაძე ამბობს, რომ სოფლის კრებების შეკრების პროცედურები, რომელიც კანონშია გაწერილი, საკმაოდ რთულია, თუმცა, მოსახლეობის მონდომების შედეგად, გახორციელება შეუძლებელი არ არის:

“თუ კოდექსის იმ თავს ჩავხედავთ, სადაც სოფლის კრებების შეკრებაზეა საუბარი, ნახავთ, რაოდენ რთულია ამის გახორციელება: ჯერ იქმნება საინიციატივო ჯგუფი, შემდეგ ეს ჯგუფი მიდის გამგეობაში, უნდა დაარეგისტრიროს კრების მოწვევა, ასევე ის საკითხებიც, რასაც კრება განიხილავს; შემდეგ უნდა მოხდეს ხელმოწერების შეგროვება და წარდგენა გამგეობაში. კრება ლეგიტიმური რომ იყოს, ამომრჩეველთა 20% უნდა ესწრებოდეს… ჯერჯერობით, არის მცდელობა, რომ სოფლის კრებები იქ ჩატარდეს, სადაც სათემო ან არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან ამ პროცესს.

გარდა ამისა, პროცედურულადაც ბევრი კითხვა ჩნდება; მაგალითად, სოფლის რამდენიმე საერთო კრების ჩატარება როდის ხდება _ როცა ამომრჩეველთა ერთ 20%-ს ეს საკითხი აინტერესებს, დანარჩენ 20%-ს კი სხვა?!

ყველაფრის კანონში გაწერაც არ არის გამოსავალი; თუ უნდა სოფელს ინიციატივა დააყენოს, ამის უფლება აქვს საინიციატივო ჯგუფსაც და ნებისმიერ მოქალაქესაც.

ამიტომ, პროცესი მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ რესურსი _ დროითი, მატერიალური, ადამიანური _  შეზღუდულია”, _ აღნიშნავს სოფრომაძე და დასძენს, რომ  დღეს ნამდვილად არის მზაობა ხელისუფლების მხრიდან, მოსახლეობა  გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთოს.

ცნობისთვის: კანონის მიღებიდან 7 თვის თავზე, არც ერთი სოფლის მოსახლეობას შეკრების და საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის პროცესში ჩართვის  სურვილი არ გამოუთქვამს, თუმცა, 15 მარტიდან, კრებები საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე აქტიურად იკრიბება.

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო - ლოგოსტატია მომზადებულია პროექტის –
“თვითმმართველობაში სოფლის მოსახლეობის ჩართვის მხარდაჭერა”.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.
შინაარსზე პასუხისმგებელია “საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი”.

„ერთადერთი,  რაც იმედს იძლევა, სტუდენტური მოძრაობებია“

ილია ურუშაძე, ბსუ-ს მაგისტრანტი:

სტუდენტური მოძრაობები თსუ-ში [და არამარტო] ხშირად აპროტესტებდნენ რიგ საკითხებს, აყენებდნენ მოთხოვნებს, თუმცა ამჯერად პირველად დაადასტურა სტუდენტთა ეჭვები უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ და აღიარა, რომ უნივერსიტეტში დღემდე მუშაობს ე.წ. „ოდეერი“, რომელთან ახლო ურთიერთობაშიც იმყოფება თსუ-ს უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი [გიორგი გაფრინდაშვილი]. გარდა ამისა, დასტურდება, რომ იგი 2011 წელს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს, რომლებიც სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კრიტიკული აზრის გამოხატვის გამო, ხელს აფარებდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ მუშაობის პერიოდში. არსებობს ვიდეოკადრებიც ამის დასადასტურებლად. ამიტომ არც არავის გაუკვირდება, რომ უპირველესი მოთხოვნა გახდა უნივერსიტეტის გათავისუფლება გარე ძალების გავლენებისა და ჩარევებისგან, რაც ამ ეტაპზე იქ შეკრებილი სტუდენტებისთვის, იმ პიროვნების [გიორგი გაფრინდაშვილი] კანცლერობის კანდიდატურის მოხსნით უნდა დაიწყოს, რომელიც საფუძვლიანი ეჭვებით თავად თანამშრომლობდა გარე ძალებთან, სტუდენტთა ინტერესებისა და უნივერსიტეტის იდეის სრული უგულებელყოფით.

სტუდენტების პროტესტის გაძლიერებას, სამწუხაროდ, მოყვა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ჩარევის მცდელობა, რაც განსაკუთრებით მწვავედ აღიქვა ყველა სტუდენტმა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ოჯახში შსს-ს თანამშრომლები მივიდნენ და ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს, რასაც ვერაფერს დავარქმევ თუ არა დაშინების მცდელობას. შემდგომ კი სრულიად არასერიოზული კომენტარები გააკეთა შსს-მ ამ საკითხზე. მე ვიტყოდი, ეს იყო ერთ-ერთი ბოლო წვეთი, რომელმაც ემოციური ფონი შექმნა იმისათვის, რომ ამ პრობლემების გარშემო, რომელიც საქართველოს ყველა უნივერსიტეტში სახელი-გვარების გამოკლებით იდენტურად დგას, თსუ-ს გარდა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც გამოვსულიყავით.

შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პოლიცია სტუდენტებს თსუ-ს უნივერსიტეტის შენობაში ჯერ შესვლას და შემდგომ გადაადგილებას უზღუდავდა. მაშინ, როდესაც არ იდგა პოლიციელთა მობილიზების საჭიროება. როგორც ჩვენი მეგობრები თსუ-დან ამბობენ, პოლიცია არავის გამოუძახებია უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან.

ძალოვანები უნივერსიტეტში – ეს ბსუ-ს სტუდენტებისთვის კარგად ნაცნობი, ისტორიული გამოცდილებაა. 2007 წლის ნოემბრის მოვლენები ბსუ-ში დღემდე გამოუძიებელია. სწორედ ამიტომ ხომ არ მივიღეთ ასეთი შედეგი დღეს თსუ-ში?! აუცილებელი არ არის ვიღაც დაზიანებებით მოხვდეს საავადმყოფოში, უნივერსიტეტში პოლიციის ამ ფორმით შესვლა და იქ შეხლა-შემოხლის ფაქტები საგანგაშოა. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ, მე ვიტყოდი, სამარცხვინო წარსულის გამეორებას.

სამწუხაროა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში არც ისე ბევრ სტუდენტს და არც ერთ ლექტორს გაუჩნდა პროტესტის გამოხატვის სურვილი გასულ პარასკევს. სოლიდარობის აქციაზე ბსუ-ს ეზოში ჩვენ ცოტანი ვიყავით. უნივერსიტეტში არსებული ეს ნიჰილიზმი გარკვეული გარემოებებითაა განპირობებული. შეიძლება ეს შეიცვალოს მეტი დისკუსიით, მეტი მსჯელობით, კომუნიკაციით, გამბედაობით… ამაზე პასუხისმგებლობა იმ სტუდენტებს გვაქვს, რომლებმაც გამოვიარეთ ან ჯერ კიდევ საკუთარ თავში ვებრძვით ნიჰილისტურ განწყობებს.

ჩვენ ერთად უნდა გავიაზროთ სტუდენტობის, უნივერსიტეტის იდეა, განათლების დანიშნულება და დღეს არსებული მდგომარეობა; მეორე მხრივ, ჩვენი უნივერსიტეტის ლექტორები უნდა მიხვდნენ, რომ აკადემიური თანამდებობა, რომელიც ხელობად გაიხადეს, უნივერსიტეტში ბევრად მნიშვნელოვან როლს ანიჭებს მათ, განსაკუთრებით მათ ინტერესებში შედის უნივერსიტეტის ავტონომიურობის მაღალი ხარისხი. მესამე საკითხად კი შეგვიძლია დავსვათ საზოგადოების პასუხისმგებლობის საკითხი: უნივერსიტეტი წარმოადგენს საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის სფეროს. ეს არის სივრცე, სადაც ფორმირდება ის მოძრაობები და მსოფლმხედველობა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მიმდინარე პროცესებზე. სწორედ ამიტომ უნივერსიტეტზე თავდასხმა არის თავდასხმა სამოქალაქო ბაზისზე. საზოგადოებას ვალდებულება აქვს, დაიცვას ეს სივრცე მსგავსი პირდაპირი და ირიბი „თავდასხმებისგან“, როგორსაც დღეს აქვს ადგილი საქართველოს ყველა უნივერსიტეტში.

ბსუ-ში, 2012 წლამდე, სტუდენტები სახეზეც ვცნობდით ადამიანებს, რომლებსაც სტუდენტის სტატუსი მხოლოდ იმიტომ ჰქონდათ, რომ წარმოადგენდნენ ძალოვან სტრუქტურებს და უნივერსიტეტში „სიტუაციას აკონტროლებდნენ“, ცდილობდნენ განსხვავებული აზრის საწყისშივე ჩაკვლას და სტუდენტების მობილიზებას პარტიულ ღონისძიებებზე დასასწრებად. ახლა, როდესაც ხელისუფლებაში სხვა პარტიაა, მაგისტრანტის სტატუსით დაბრუნებულს მიკვირს იმავე სახეების დანახვა უნივერსიტეტში. მიკვირს ისიც, თუ როგორ მოახერხეს განსხვავებული პოლიტიკური ძალების ინტერესებთან ადაპტირება ძველი საქმიანობის ქვეშ. მაგრამ ფაქტი სახეზეა. ერთადერთი, რაც იმედს იძლევა, ეს არის სტუდენტური მოძრაობები და ის სტუდენტები, ვინც თსუ-ში დღეებია იბრძვიან და ისინი, ვინც მათ სოლიდარობა გამოუცხადეს. ვფიქრობ, ყველას ერთად, კოორდინირებულად, შეგვიძლია დავძრათ პრობლემური საკითხები, თუნდაც შევქმნათ ალტერნატიული საგანმანათლებლო სივრცეები. ეს ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხისმგებლობაა, თუმცა არ ათავისუფლებს არც ლექტორებს, არც რექტორებს, არც ხელისუფლებას და არც დანარჩენ საზოგადოებას იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც ქვეყანაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეალური თავისუფლებისა და ავტონომიურობის დაცვასა და შენარჩუნებას გულისხმობს.

უნივერსიტეტი სტუდენტებსა და ლექტორებს!

ილია ურუშაძე
ილია ურუშაძე

ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესი განახლდა

ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესის განახლების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ადგლიზე მყოფ მოქალაქეს „ბათუმელები“ ტელეფონით დაუკავშირდა, მისი თქმით დღეს მხოლოდ ერთი ხის გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ქობულეთის გამგეობის წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებიან.

გავრცელებული ინფორმაციით სპეციალური ბარჟა უკვე ციხისძირის სანაპიროსთან დგას, რომლითაც ხეს დენდროლოგიურ პარკში გადაიტანენ.
სამუშაოებს კომპანია “ზიმო” აწარმოებს.

 ქრისტინე ჩხარტიშვილის ფოტო
ქრისტინე ჩხარტიშვილის ფოტო

ქედაში ექთანი პაციენტებს არ ემსახურება – სამინისტრო ინფორმაციას გადაამოწმებს

22 მარტს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ქედაში დასაქმებულ ექიმებს შორის შეხვედრაზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მედპუნქტის ექთანი პირადი უთანხმოების გამო პაციენტებს არ ემსახურება. ქედის გამგებელი აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტს კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

12422290_981104318651941_1918688202_o

„ექთანს მოსახლეობასთან ცუდი პირადი დამოკიდებულება აქვს, რისთვისაც მასზე დაკისრებულ მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებს. ჩვენ სოფლის მედპუნქტებში ექთნების მუშაობასთან დაკავშირებით მოსახლეობას გამოვიკითხავთ და აღნიშნულ ფაქტსაც კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ“ – აცხადებს ქედის გამგებელი დავით დუმბაძე და დასძენს, რომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში არსებული საჭიროებები შეისწავლეს და პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო თანხას მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძემ განაცხადა, რომ თემის სამედიცინო ცენტრის მედდებთან დაკავშირებით ვერცერთ შენიშვნას ვერ მიიღებს ფაქტის გადამოწმების გარეშე და ყველა ფაქტს გამოიკვლევენ.

„ჩვენ გვინდა ექიმისა და ექთნის მუშაობით კმაყოფილი იყოს მოსახლეობა, მონიტორინგი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვიცდეთ, როგორ მუშაობს თემის სამედიცინო პუნქტები. აჭარა ერთადერთი რეგიონია, სადაც თემის სამედიცინო პუნქტები ფუნქციონირებს, რაც შეეხება გაჟღერებულ ინფორმაციას, ჩვენ გადავამოწმებთ“ – აცხადებს ლევან გორგილაძე.

ქედის მუნიციპალიტეტში ცხრა ამბულატორია ფუნქციონირებს, სადაც 11 ექიმი მუშაობს.

12422354_981104291985277_393159199_o
შეხვედრა ქედაში ექიმებთან
Exit mobile version