მთავრობის პასუხისმგებლობა სახლზე, რომელშიც ეკომიგრანტებს აწვიმთ


IMG_0045წვიმისგან დაზიანებული კედლები ეკომიგრანტების სახლში, არაერთ ბინაში შეიძლება ნახოთ. აქ მცხოვრებმა ოჯახებმა გვითხრეს, რომ სახურავი დაზიანებულია. გარდა ამისა, წვიმის წყალი ბინებში ფასადის მხრიდანაც აღწევს. წვიმისგან დაზიანებულია ბინები კორპუსის შუა სართულებზეც.

მეწყრისგან დაზარალებულ ათეულობით ოჯახს აჭარის მთავრობამ გასული წლის ზაფხულში გადასცა ბინები თამარის დასახლებაში აშენებულ ორ კორპუსში. ეკომიგრანტები ამბობენ, რომ სახურავიდან წყალი ბინებში გასულ წელსაც ჩამოდიოდა, თუმცა არა ამდენი.

IMG_0006„ის კომპანია, ვინც ააშენა ეს კორპუსები და აიღო ვალდებულება შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, აღარ იძებნება – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნუგზარ ძნელაძემ – ჩვენ ჩავიბარეთ ეს შენობა და მაშინ არაფერი დაფიქსირებულა. სახურავი შესაძლოა თოვლმა დააზიანა. რამდენიმე თვეა ვეძებთ ამ კომპანიას, მაგრამ ვეღარ ვპოულობთ. თურქული კომპანია იყო „NAREM CBM”, სოციალური ქსელითაც ვცადეთ მათთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ. თუ თურქეთის საკონსულოც ვერ დაგვეხმარა, სასამართლოს მივმართავთ“.

ორგანიზაციაში – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მიიჩნევენ, რომ ამ ფაქტით ეკონომიკის სამინისტროს წინდაუხედაობა ჩანს: „გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა შემუშავებული მონიტორინგის სისტემა ეკონომიკის სამინისტროს და რატომ არ გამოჩნდა პრობლემები სამუშაოს დასრულების დროს, როცა მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა,“ – ამბობს ორგანიზაციის იურისტი, ნინო სიორიძე.

სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით აღებული საგარანტიო ვადის გასვლამდე ორი თვეა დარჩენილი.

„მაქსიმალურად ვეცდებით ამ დროში ამ კომპანიასთან კავშირზე გასვლას,“ – აცხადებს ნუგზარ ძნელაძე. რატომ არ მოითხოვა აჭარის მთავრობამ საბანკო გარანტია, რაც დამკვიდრებული პრაქტიკაა? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ამის ვალდებულება არ ჰქონდათ.

„არავინ ელოდა ამას, რომ ერთ მშვენიერ დღეს კომპანია გაქრებოდა. გაკვეთილი უკვე მივიღეთ და სხვა ხელშეკრულებებს უკვე აღარ ვაფორმებთ საბანკო უზრუნველყოფის გარეშე. ეს პრაქტიკა ჩვენც დავამკვიდრეთ,“ – ამბობს ნუგზარ ძნელაძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, ნინო სიორიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობს: „გამოდის, რომ სახელმწიფომ ჯეროვნად ვერ განახორციელა თავისი ვალდებულება. პირველ რიგში, ეს ადამიანები უნდა დაკმაყოფილდნენ. აქვე ჩანს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც – ჩვენ საჯარო მოხელეებს ვქირაობთ იმისთვის, რომ მართონ, მათ შორის, რისკები. ამ შემთხვევაში კი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინდაუხედავობამ და რისკების გაუთვლელობამ ეკომიგრანტებს და ბიუჯეტსაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა“.

IMG_0009

წვიმა კორპუსის მე-6 სართულზეც ჩამოდის

IMG_0007

ეკომიგრანტები ამბობენ, რომ ბზარები შენობაში მათი შესვლისთანავე გაჩნდა

IMG_0044

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი