მთავარი,სიახლეები

შვებულებაში მყოფი საკრებულოს წევრის სადავო ხმა

23.03.2016
შვებულებაში მყოფი საკრებულოს წევრის სადავო ხმა

„ირაკლი ჭეიშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილება უკანონოა,“ – აცხადებს ნოდარ დუმბაძე – ბათუმის საკრებულოს წევრი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“.

სადავო დადგენილება 16 მარტს,  სხდომაზე მიიღეს, სადაც ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტიდან ბათუმის „დინამოსთვის“ [ზოგადად ფეხბურთისთვის] გამოყოფილი თანხა, დაახლოებით 2 მილიონი ლარი, სახელმწიფოს მიერ შექმნილ ა(ა)იპ-ს, „ფეხბურთის განვითარების ფონდს“ გადაერიცხა. ნოდარ დუმბაძის თქმით, გადამწყვეტი მე-13 ხმა, შვებულებაში მყოფ დიმიტრი დარჩიას ეკუთვნოდა, რაც უკანონოა.

„გადაწყვეტილების მიღების პროცესში მივიღე მონაწილეობა არა როგორც ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ, არამედ როგორც საკრებულოს წევრმა,“ – ამბობს დიმიტრი დარჩია. საკრებულოს იურისტის, სულიკო შვენთიძის შეფასებით, კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონდა, რადგან თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს წევრს უფლებამოსილება მხოლოდ მაშინ უჩერდება, თუკი სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს და პატიმრობას შეუფარდებს.

შვებულების პრინციპზე აკეთებს აქცენტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“. „კონკრეტული ჩანაწერი არ არსებობს, კანონიერია ეს შემთხვევა თუ არა, მაგრამ საკანონდმებლო მოცემულობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვერ ვიტყვით, რომ ამის უფლებამოსილება საკრებულოს წევრს არ ჰქონდა. შვებულება ნიშნავს იმას, რომ დასაქმებული ვერ ახერხებს სამსახურში მისვლას. შესაბამისად, უფლებამოსილება მიჩერდება და არ მერთმევა. გარდა ამისა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებული შვებულების დროს უფლებამოსილების შეჩერების პირობები არ ვრცელდება თვითმმართველობაში დასაქმებულ პირებზე,“ – განმარტავს ორგანიზაციის იურისტი ნინო სიორიძე.

„პირველად მესმის საკრებულოს წევრის შვებულება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი: „საკრებულოს წევრს საერთოდ არ აქვს ხელფასი და არც მის შვებულებას ითვალისწინებს კანონი. შესაბამისად, თუკი ის კომისიის თავმჯდომარეა, სადავო ეს ნაწილი ხდება, თუკი ის კომისიის ან ბიუროს სხდომებში მიიღებს მონაწილეობას“.

16 მარტს, ვიდრე საკრებულო 2 მილიონი ლარის გადარიცხვის საკითხს გადაწყვეტდა, გიორგი კირთაძე, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამბობდა, რომ პრემიერ-მინისტრის დადგენილება იყო თხოვნა, რეკომენდაცია, რომელიც ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა ბრძანებად მიიღო და ბიუჯეტში ცვლილების პროექტი წარმოადგინა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: