კვირის ამბები

„ერთადერთი,  რაც იმედს იძლევა, სტუდენტური მოძრაობებია“

22.03.2016 • 2058
„ერთადერთი,  რაც იმედს იძლევა, სტუდენტური მოძრაობებია“

ილია ურუშაძე, ბსუ-ს მაგისტრანტი:

სტუდენტური მოძრაობები თსუ-ში [და არამარტო] ხშირად აპროტესტებდნენ რიგ საკითხებს, აყენებდნენ მოთხოვნებს, თუმცა ამჯერად პირველად დაადასტურა სტუდენტთა ეჭვები უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ და აღიარა, რომ უნივერსიტეტში დღემდე მუშაობს ე.წ. „ოდეერი“, რომელთან ახლო ურთიერთობაშიც იმყოფება თსუ-ს უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი [გიორგი გაფრინდაშვილი]. გარდა ამისა, დასტურდება, რომ იგი 2011 წელს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს, რომლებიც სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კრიტიკული აზრის გამოხატვის გამო, ხელს აფარებდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ მუშაობის პერიოდში. არსებობს ვიდეოკადრებიც ამის დასადასტურებლად. ამიტომ არც არავის გაუკვირდება, რომ უპირველესი მოთხოვნა გახდა უნივერსიტეტის გათავისუფლება გარე ძალების გავლენებისა და ჩარევებისგან, რაც ამ ეტაპზე იქ შეკრებილი სტუდენტებისთვის, იმ პიროვნების [გიორგი გაფრინდაშვილი] კანცლერობის კანდიდატურის მოხსნით უნდა დაიწყოს, რომელიც საფუძვლიანი ეჭვებით თავად თანამშრომლობდა გარე ძალებთან, სტუდენტთა ინტერესებისა და უნივერსიტეტის იდეის სრული უგულებელყოფით.

სტუდენტების პროტესტის გაძლიერებას, სამწუხაროდ, მოყვა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ჩარევის მცდელობა, რაც განსაკუთრებით მწვავედ აღიქვა ყველა სტუდენტმა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ოჯახში შსს-ს თანამშრომლები მივიდნენ და ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს, რასაც ვერაფერს დავარქმევ თუ არა დაშინების მცდელობას. შემდგომ კი სრულიად არასერიოზული კომენტარები გააკეთა შსს-მ ამ საკითხზე. მე ვიტყოდი, ეს იყო ერთ-ერთი ბოლო წვეთი, რომელმაც ემოციური ფონი შექმნა იმისათვის, რომ ამ პრობლემების გარშემო, რომელიც საქართველოს ყველა უნივერსიტეტში სახელი-გვარების გამოკლებით იდენტურად დგას, თსუ-ს გარდა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც გამოვსულიყავით.

შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პოლიცია სტუდენტებს თსუ-ს უნივერსიტეტის შენობაში ჯერ შესვლას და შემდგომ გადაადგილებას უზღუდავდა. მაშინ, როდესაც არ იდგა პოლიციელთა მობილიზების საჭიროება. როგორც ჩვენი მეგობრები თსუ-დან ამბობენ, პოლიცია არავის გამოუძახებია უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან.

ძალოვანები უნივერსიტეტში – ეს ბსუ-ს სტუდენტებისთვის კარგად ნაცნობი, ისტორიული გამოცდილებაა. 2007 წლის ნოემბრის მოვლენები ბსუ-ში დღემდე გამოუძიებელია. სწორედ ამიტომ ხომ არ მივიღეთ ასეთი შედეგი დღეს თსუ-ში?! აუცილებელი არ არის ვიღაც დაზიანებებით მოხვდეს საავადმყოფოში, უნივერსიტეტში პოლიციის ამ ფორმით შესვლა და იქ შეხლა-შემოხლის ფაქტები საგანგაშოა. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ, მე ვიტყოდი, სამარცხვინო წარსულის გამეორებას.

სამწუხაროა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში არც ისე ბევრ სტუდენტს და არც ერთ ლექტორს გაუჩნდა პროტესტის გამოხატვის სურვილი გასულ პარასკევს. სოლიდარობის აქციაზე ბსუ-ს ეზოში ჩვენ ცოტანი ვიყავით. უნივერსიტეტში არსებული ეს ნიჰილიზმი გარკვეული გარემოებებითაა განპირობებული. შეიძლება ეს შეიცვალოს მეტი დისკუსიით, მეტი მსჯელობით, კომუნიკაციით, გამბედაობით… ამაზე პასუხისმგებლობა იმ სტუდენტებს გვაქვს, რომლებმაც გამოვიარეთ ან ჯერ კიდევ საკუთარ თავში ვებრძვით ნიჰილისტურ განწყობებს.

ჩვენ ერთად უნდა გავიაზროთ სტუდენტობის, უნივერსიტეტის იდეა, განათლების დანიშნულება და დღეს არსებული მდგომარეობა; მეორე მხრივ, ჩვენი უნივერსიტეტის ლექტორები უნდა მიხვდნენ, რომ აკადემიური თანამდებობა, რომელიც ხელობად გაიხადეს, უნივერსიტეტში ბევრად მნიშვნელოვან როლს ანიჭებს მათ, განსაკუთრებით მათ ინტერესებში შედის უნივერსიტეტის ავტონომიურობის მაღალი ხარისხი. მესამე საკითხად კი შეგვიძლია დავსვათ საზოგადოების პასუხისმგებლობის საკითხი: უნივერსიტეტი წარმოადგენს საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის სფეროს. ეს არის სივრცე, სადაც ფორმირდება ის მოძრაობები და მსოფლმხედველობა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მიმდინარე პროცესებზე. სწორედ ამიტომ უნივერსიტეტზე თავდასხმა არის თავდასხმა სამოქალაქო ბაზისზე. საზოგადოებას ვალდებულება აქვს, დაიცვას ეს სივრცე მსგავსი პირდაპირი და ირიბი „თავდასხმებისგან“, როგორსაც დღეს აქვს ადგილი საქართველოს ყველა უნივერსიტეტში.

ბსუ-ში, 2012 წლამდე, სტუდენტები სახეზეც ვცნობდით ადამიანებს, რომლებსაც სტუდენტის სტატუსი მხოლოდ იმიტომ ჰქონდათ, რომ წარმოადგენდნენ ძალოვან სტრუქტურებს და უნივერსიტეტში „სიტუაციას აკონტროლებდნენ“, ცდილობდნენ განსხვავებული აზრის საწყისშივე ჩაკვლას და სტუდენტების მობილიზებას პარტიულ ღონისძიებებზე დასასწრებად. ახლა, როდესაც ხელისუფლებაში სხვა პარტიაა, მაგისტრანტის სტატუსით დაბრუნებულს მიკვირს იმავე სახეების დანახვა უნივერსიტეტში. მიკვირს ისიც, თუ როგორ მოახერხეს განსხვავებული პოლიტიკური ძალების ინტერესებთან ადაპტირება ძველი საქმიანობის ქვეშ. მაგრამ ფაქტი სახეზეა. ერთადერთი, რაც იმედს იძლევა, ეს არის სტუდენტური მოძრაობები და ის სტუდენტები, ვინც თსუ-ში დღეებია იბრძვიან და ისინი, ვინც მათ სოლიდარობა გამოუცხადეს. ვფიქრობ, ყველას ერთად, კოორდინირებულად, შეგვიძლია დავძრათ პრობლემური საკითხები, თუნდაც შევქმნათ ალტერნატიული საგანმანათლებლო სივრცეები. ეს ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხისმგებლობაა, თუმცა არ ათავისუფლებს არც ლექტორებს, არც რექტორებს, არც ხელისუფლებას და არც დანარჩენ საზოგადოებას იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც ქვეყანაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეალური თავისუფლებისა და ავტონომიურობის დაცვასა და შენარჩუნებას გულისხმობს.

უნივერსიტეტი სტუდენტებსა და ლექტორებს!

ილია ურუშაძე

ილია ურუშაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: