მთავარი,სიახლეები

კოოპერაცია – „გამარჯვებული გამარჯვებულის სტრატეგია“

26.03.2016 • 3054
კოოპერაცია – „გამარჯვებული გამარჯვებულის სტრატეგია“

ბრაის მალსბერი
ექსპერტი კოოპერატივების მიმართულებით პროექტში „Acdi-voca“

თქვენს რეგიონს [აჭარას] შეუძლია კოოპერირების სისტემაზე გადასვლა, უბრალოდ, გასავლელია არც თუ მოკლე გზა, რომ კოოპერატივები იქცნენ რეალურ კოოპერატივებად. აუცილებელა განათლება, სწავლება და ჩვენება. განათლება კი მხოლოდ თეორიული არ უნდა იყოს.

„შერატონსა“ და „რედისონში“ ჩატარებული ტრენინგებით სოფლის მეურნეობა არ განვითარდება. ამერიკელი ექსპერტი იქნება თუ ევროპელი, მინდვრად უნდა ატარებდეს ამ ტრენინგებს. ფერმერებმაც უნდა იცოდნენ რა სჭირდებათ და ამის შემდეგ უნდა დაიგეგმოს ტრენინგებიც და პროგრამებიც.

ეს გზა უფრო მოკლე იქნება და უფრო სწრაფად განვითარდება კოოპერატივები, თუკი სახელმწიფო იქნება ჩართული მიზნობრივად. სახელმწიფომ მარტო თავისი შეხედულებისამებრ არ უნდა შექმნას რაღაც პროგრამები, არამედ რეალურად ფერმერები უნდა იყვნენ ჩართული ამ პროექტების შემუშავებაში.

ნებისმიერი აქტივობა სახელმწიფოს მხრიდან არის კარგი. თუმცა, თუ სახელმწიფო ტრაქტორს გადასცემს ჯგუფზე, რომელსაც ტრაქტორისთვის აქვს კოოპერატივი შექმნილი, ეს კოოპერატივის მუშაობისთვის გაკეთებული საქმე არ არის. კოოპერატივის არსი ფერმერთა ჯგუფის საერთო მიზანი და საერთო იდეოლოგია, ღირებულებებია. მხოლოდ ფინანსურ მოგებაზეც არ შეიძლება იყოს საუბარი. არის კულტურული, სოციალური და სხვა პროექტები, რომლებიც უნდა აწუხებდეს ამ ჯგუფს და ამ იდეის ქვეშ უნდა წევრიანდებოდეს. მხოლოდ ტრაქტორის მისაღებად შექმნილ ერთობას, ჩემი აზრით, მომავალი არ აქვს. ტრაქტორით კოოპერატივის შინაარსი ვერ იქნება წახალისებული. მთლად ცუდი არაა, მაგრამ არც შედეგიანია.

ბრაის მალსბერი

ბრაის მალსბერი

მე საქართველოში შევხვდი ფერმერებს ტრენინგებზე. ეს ხალხი მზადაა ჯგუფურად მუშაობისთვის. ყველაზე დიდი პრობლემა იმაშია, რომ მოსახლეობას, ფერმერებს, წესიერად არ აუხსნეს, თუ რა არის კოოპერატივი. 99-მა პროცენტმა არც კი იცის ბოლომდე რას ნიშნავს და რისგან შედგება კოოპერატივი… ამიტომ მნიშვნელოვანია ხალხისთვის მეტი განათლება… ფერმერი როცა გაიგებს რა არის კოოპერატივი, შემდეგ თავად მიხვდება, რაში სჭირდება განათლება – მენეჯმენტში, ადმინისტრირებაში, გასაღების ბაზრის მოძიებაში. ასეა – კოოპერატივის წევრი ფიქრობს წარმოებაზე, მმართველი ჯგუფი – გაყიდვაზე, რეკლამაზე, მარკეტინგზე.

60-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი – აფრიკაში, აზიაში, სამხრეთ ამერიკაში, თქვენი შესაძლებლობები გაცილებით კარგია იმით, რომ მეტ-ნაკლებად ინფრასტრუქტურა არის, ხალხის გაგებაც უფრო მაღალია, ასევე კლიმატი გიწყობთ ხელს, მხოლოდ გჭირდებათ კოოპერატივებზე მეტი ინფორმაცია, ამ ყველაფრის გაგება და დაწყება.

რაც შეეხება კრედიტებს, უმჯობესია ის მიწები რაიმე ფორმით გადაეცა სახელმწიფოს ხალხისთვის, რომელიც არ მუშავდება. თქვენს რეგიონშიც არის მიწები დაუმუშავებელი და ამას არ აქვს მნიშვნელობა რატომ? მთავრობამ უნდა მოიფიქროს მიყიდოს, იჯარით გასცეს, დროებით სარგებლობაში თუ ერთჯერადად გამოყენების უფლებით… მთავარია, მიწა დამუშავდეს – ამითი მოგებული დარჩება როგორც ფერმერი, ასევე სახელმწიფო. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფერმერებს კრედიტები მისცე… გაჩერებული და დაუმუშავებელი ყოველი კვადრატული მიწა არის დაკარგული ფული მთავრობისთვის. და, რა თქმა უნდა, ფერმერებისთვისაც.

ფერმერი იქნება, კოოპერატივი თუ სხვა მწარმოებელი, მან უნდა იცოდეს რა სჭირდება ბაზარს. არ შეიძლება წარმოება ბაზრის კვლევის გარეშე. თავის მხრივ, კოოპერატივებიდან მიღებულ ინფორმაციებს უნდა ამუშავებდეს სახელმწიფო, ვთქვათ, რამდენი კარტოფილის წარმოებაა შესაძლებელი და რამდენი უნდა ვაწარმოოთ.

კომუნისტური და შემდგომი ეპოქის გავლენით თქვენთან ადამიანი ჯერ კიდევ ურწმუნოა იმის მიმართაც კი, რაც რეალურად კეთდება. საჭიროა ფერმერმა რომ დაიჯეროს კოოპერატივის სიკეთე, შემდეგ იმუშაოს იმისთვის, რომ ისარგებლოს ამ სიკეთით. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ხელშეწყობით, რათა ეს პროცესები ჩქარი და მდგრადი იყოს, რაღაც საუკეთესო გამოცდილებები უნდა აიღოთ სხვა ქვეყნებიდან.

ვფიქრობ, რაოდენობა არ არის კოოპერატივის შინაარსი, კოოპერატივი არის ფერმერთა ჯგუფი და ჯგუფი არის უკვე ერთზე მეტი – ორიც და ასიც. კოოპერირების გარეშე ძნელია განვითარება არა მარტო თქვენთან, არამედ სხვაგანაც. ამას ამერიკაში ვეძახით გამარჯვებული გამარჯვებულის სტრატეგიას – როცა სახელმწიფო, ფერმერი და მომხმარებელიც არის კმაყოფილი“.

ამავე თემაზე:

რა უშლის ხელს კოოპერატივების შექმნას

გადაბეჭდვის წესი


ასევე: