ბათუმი,კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

რა უშლის ხელს კოოპერატივების შექმნას

25.03.2016 • 2744
რა უშლის ხელს კოოპერატივების შექმნას

საქართველოში ფერმერთა კოოპერატივებად ჩამოყალიბება ძნელად მიმდინარეობს. ხშირად კოოპერატივები იქმნება ხელოვნურად, რათა ამა თუ იმ პროგრამით ერთჯერადად ისარგებლონ. ტრადიციები, ნდობის, ცოდნის  ნაკლებობა და ა.შ. – ეს ყველაფერი დღეს ხელს უშლის კოოპერატივების შექმნას. სპეციალისტთა შეფასებით კი, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის კოოპერატივებს ალტერნატივა არ აქვს. ამ მიმართულებით 2013 წლიდან შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, მოქმედებს სახელმწიფო და საგრანტო პროგრამები.

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

„იმას, რასაც სხვა რეგიონებში მცირე ფერმერულ მეურნეობას ვეძახით, აჭარაში ეს მიკრომეურნეობაა, პრობლემა მცირემიწიანობაა. ასეთი მიკრომეურნეობები მთელ მსოფლიოში განიხილება, როგორც ოჯახური მეურნეობები. ანუ ადამიანს მოჰყავს იმდენი, რამდენსაც მოიხმარს და ყიდის მხოლოდ იმას, რაც მორჩება“, – ამბობს „ენპარდ აჭარას“ პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე. – „ჩვენს სოფლებში ოჯახის საშუალო ხარჯის მინიმუმს თუ ავიღებთ, მის 30-50%-საც კი ვერ აკმაყოფილებს ის შემოსავალი, რასაც ოჯახი ტრადიციული მეურნეობიდან მოსავლის გაყიდვით იღებს“.

ლაშა კომახიძის თქმით, ნებისმიერი მყიდველი, იქნება ეს მარკეტი თუ გადამამუშავებელი, ფერმერისგან მოითხოვს რამდენიმე პირობას: უწყვეტ წარმოება-მიწოდებას, სტაბილურ ხარისხს და ფასს, რასაც ცალკე აღებული ვერც ერთი ფერმერი ვერ უზრუნველყოფს: „ყველა ფერმერი ამბობს, რომ ვერ ყიდის პროდუქციას. ხალხმა უნდა დაიჯეროს და იცოდეს, რომ სახელმწიფო მოსავალს არ გაუყიდის, სახელმწიფომ შესაძლოა დააფინანსოს სუბსიდიებით გარკვეული მიმართულებები, მაგრამ ვიღაცამ უნდა იზრუნოს მყიდველის მოძიებაზე. რა დანიშნულება აქვს ამ კუთხით კოოპერატივს – უნდა გაერთიანდნენ წვრილი ფერმერები იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ სტაბილური მიწოდება; იმუშაონ ხარისხის გაუმჯობესებაზე და ფასებიც დაასტაბილურონ. ზოგი იზრუნებს მყიდველის მოძიებაზეც – ასეთებს ჩვენ ლიდერ ფერმერებს ვეძახით. ფერმერთა გაერთიანება შეიძლება სხვადასხვა მიზნით, თუმცა მთავარია, რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება კოოპერატივი“.

მაღალმთიანი აჭარა, სოფელი ღორჯომი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

მაღალმთიანი აჭარა, სოფელი ღორჯომი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

„ენპარდ აჭარა“ ახორციელებს საგრანტო მხარდაჭერის პროგრამას. აჭარაში 65 კოოპერატივი დააფინანსეს [შეძენილი და გადაცემული ტექნიკის ფასი ნახევარ მილიონ ევროს აღემატება]. ლაშა კომახიძის თქმით, შესაძლოა ამ 65 კოოპერატივიდანაც დაიხუროს ზოგიერთი ან შესაძლოა იყოს ისეთი, რომელიც მხოლოდ ტექნიკის მიღების მიზნით შეიქმნა. „ასეთი ხელოვნური კოოპერატივებისგან თავის არიდება მოხერხდება გარკვეული კრიტერიუმებით. კოოპერატივის წევრები შეიძლება იყვნენ ნათესავებიც, ვინაიდან აქ არის ნდობის საკითხი – შემდგომში მატერიალური სიკეთეების მიღებისა და მათი განკარგვა-განაწილება. მაგრამ მთავარია ამ ნათესავებს ჰქონდეთ ცალ-ცალკე მეურნეობა, გაერთიანების მიზანი იყოს მეურნეობების განვითარება და არა მხოლოდ ტექნიკის მიღება, რომელიც იქნება კოოპერატივის ბალანსზე და გამოიყენებს მხოლოდ ერთი წევრი“.

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ჯერ ადრეა კოოპერირების კუთხით რაიმე შეფასების გაკეთება: „ამ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები იმ კოოპერატივების შესახებ, რომლებიც შექმნილია. ეს გამოჩნდება 5 წლის მერე – კოოპერატივი იფუნქციონირებს, როგორც იურიდიული პირი, თუ – არა. ბევრი კოოპერატივი, დარწმუნებული ვარ, დაიშლება“.

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

კანონით, კოოპერატივი მაღალმთიანეთში მინიმუმ სამი ფერმერის გაერთიანებაა. უფრო დაბალ რეგიონებში – მინიმუმ ხუთი ფერმერის. იყო მსჯელობა იმაზეც, რომ კოოპერატივის ხელოვნურად შექმნის თავიდან აცილების მიზნით, გაეზარდათ წევრთა რაოდენობის მინიმუმი, თუმცა, როგორც ლაშა კომახიძე ამბობს, ამაზე საუბარი შეწყდა, ვინაიდან ფერმერებს ისედაც უჭირთ ასეთი გაერთიანების ჩამოყალიბება. შესაბამისად, წევრთა მინიმუმის გაზრდა მათ კიდევ უფრო დააშინებდა.

სასოფლო-სამეურნეო განათლების დონის ამაღლების აუცილებლობასა და ფერმერთა მუდმივ სწავლებაზე საუბრობენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში. „ამ ეტაპზე ცალკე დატრენინგების პროგრამა არ გვაქვს, თუმცა სწავლება-კონსულტაცია გათვალისწინებულია საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილებებში, რომლებიც მუნიციპალიტეტებში გვაქვს: იქ ნებისმიერ ფერმერსა თუ აგრომეწარმეს უწევენ სხვადასხვა საკითხზე კვალიფიციურ დახმარებას ფინანსური ანაზღაურების გარეშე,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი, მამუკა თურმანიძე.

მამუკა თურმანიძის თქმით, აჭარაში, მცირე მიწებზე ერთიანი მუშაობის გარეშე მძლავრი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება შეუძლებელია.

მემთეურების სოფელი ბახმაროსთან / ფოტო „ბათუმელები“

მემთეურების სოფელი ბახმაროსთან / ფოტო „ბათუმელები“

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 100-ზე მეტი კოოპერატივია შექმნილი, სამინისტროს პროგრამებით კი ოცამდე კოოპერატივმა ისარგებლა [ბაღების გაშენება, მანდარინისა და თხილისთვის საჭირო მობილური დანადგარების შეძენა, მარწყვის სასათბურე მეურნეობა და სხვ.]. სამინისტრო აგრძელებს ფერმერთა კოოპერირების მიმართულების განვითარებას, თავად კოოპერატივებზე მონიტორინგს კი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ახორციელებს, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება. აჭარაში ადგილობრივი სამინისტრო მხოლოდ იმ კოოპერატივებს უწევს მონიტორინგს, რომლებიც მათი პროგრამებით სარგებლობენ.

„კოოპერატივების შერჩევის დროს შესაბამისი კომისია ცდილობს შეარჩიოს განვითარებაზე ორიენტირებული კოოპერატივი. სამინისტროს მიზანია კოოპერატივები არ შეიქმნას მხოლოდ პროგრამებისთვის, ერთჯერადი სარგებლის მისაღებად. ასეთ კოოპერატივებთან არც ვთანამშრომლობთ,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

მამუკა თურმანიძის აზრით, დაბლობ რაიონებში პერსპექტიულია სასათბურე მეურნეობები, ხოლო მთაში – მეცხოველეობაზე, მრავალწლიან ხეხილოვან კულტურებზე ორიენტირებული მეურნეობები.

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

„ამერიკული სტანდარტით ერთ სულ პირუტყვზე მინიმუმ 2 ჰექტარი საძოვარია საჭირო, ევროპული სტანდარტით – 1 ჰექტარი, აჭარაში კი 90 ათას სულამდე მსხვილფეხა პირუტყვია და საძოვარი სულ არის 37 ათასი ჰექტარი,“ – ამბობს ლაშა კომახიძე. „თუმცა არის ისეთი ტრადიციული დარგები, რომლებიც არ არის მიბმული მიწაზე, ვთქვათ, მეფუტკრეობა და შემოსავალიც მაღალი აქვს. პროდუქტები, რომელთა წარმოებაც არ მოგვცემს მოგებას, აღარ უნდა ვაწარმოოთ. არის მიმართულებები, სადაც საკანონმდებლო ცვლილებებია აუცილებელი, მაგალითად, ჩვენი გათვლებით, რძის წარმოებას მაშინ აზრი აქვს, თუ ფერმერს საკუთარი ფერმა აქვს და თვითღირებულება 30 თეთრზე მეტი არ არის. ამ შემთხვევაშიც კი მოგების მარჟა რჩება ცოტა. აუცილებელია ახალი, მაღალშემოსავლიანი კულტურების [მაგალითად, ლურჯი მოცვი] დანერგვაც“.

ამავე თემაზე:

კოოპერაცია – „გამარჯვებული გამარჯვებულის სტრატეგია“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: