Batumelebi | კოოპერატივი, ამერიკული მოცვი და ქართული ეკონომიკა კოოპერატივი, ამერიკული მოცვი და ქართული ეკონომიკა – Batumelebi
RU | GE  

კოოპერატივი, ამერიკული მოცვი და ქართული ეკონომიკა

 

 

ეს ყველაფერი გასულ კვირას სოფელმა ბუთურაულმა გააერთიანა. შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელში 3000 კვ/მეტრზე ამერიკული მოცვი ყვავის. ნაკვეთის თავში კი დიდი საინფორმაციო დაფა მიგვანიშნებს, რომ ნაკვეთი სადემონსტრაციოა და მას ადგილობრივ გლეხებთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები გულშემატკივრობენ. 

„ნიშანი უკვე არის“ – მიხსნის ზვიად მიქელაძე და გასულ წელს დარგულ ნერგზე მწვანე მარცვლებს მაჩვენებს. ის სადემონსტრაციო ნაკვეთის ერთ-ერთი მეპატრონეა. ზვიად მიქელაძემ ამერიკული მოცვის მოსაშენებლად ორ ბიძაშვილთან ერთად კოოპერატივი შექმნა. ეს მათ „კოოპერატივების შესახებ“ ახალი კანონის თანახმად გადასახადებისგან ათავისუფლებს.

მოცვის დარგვამდე მიქელაძეებმა მიწა ლაბორატორიულად გამოიკვლიეს და მისი ვარგისიანობა დაადგინეს. ახალდარგული ნერგები ზამთარში ყინვისგან რომ დაეცვათ, სპეციალური პარკით შეფუთეს. სადემონსტრაციო ნაკვეთზე ნერგების მოსარწყავად დამონტაჟებულია წვეთოვანი სისტემა – ამ ყველაფრისთვის მიქელაძეებს ხარჯები არ გაუწევიათ, მათ „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ (ENPARD) პროექტის ფარგლებში ევროკავშირი დაეხმარა. პროგრამა საქართველოში სურსათის წარმოების ზრდას და სოფლად სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად.

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საქართველოში მოცვის პლანტაციების საცდელი განაშენიანება გასულ წელს დაიწყო. საქართველოს სამ რეგიონში – აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში 15 ჰექტარ ფართობზე 10 სხვადასხვა ჯიშის ნერგი დარგეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლებით, სახეობების მრავალფეროვნება, ადგილობრივ ნიადაგთან შესაბამისობის საშუალებას იძლევა.

მიქელაძეების ოჯახი სოფლის მეურნეობის ახალი დარგის გამოჩენას სოფელში იმედის თვალით უყურებს, იმედი გაუჩნდათ მათ მეზობლებსაც: „სოფლიდან წასვლაზე ვფიქრობდით. ახლა ჩვენც ამ პროექტში ჩართვაზე ვფიქრობთ“.

სოფელი ბუთურაული შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფელია, ზღვის დონიდან 650 მეტრზე მდებარებს. სოფელში 300 კომლი ცხოვრობს.

გასულ კვირას შუახევის აგროცენტრის გახსნაზე „ადგილზე დამაგრება“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გარდა კიდევ რამდენიმე გამომსვლელმა ახსენა. გახსნის ცერემონიალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

შეძლებს თუ არა რეალურად ევროკავშირის წამოწყება ქართული სოფლებისა და ეკონომიკის გადარჩენას? – ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არავის აქვს. „ENPARD-საქართველო-ს“ მოსალოდნელ შედეგად მცირე ფერმერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებისთვის ხელის შეწყობაა დასახლებული.

პროექტის თანახმად საქართველოში სურსათის წარმოების მოცულობის ზრდა და სოფლად სიღარიბის დონის შემცირება წარმატების მთავარი ინდიკატორები იქნება.

პროექტის კონსულტანტების ინფორმაციით, მსოფლიო ბაზარზე მოცვზე მოთხოვნა იზრდება, რაც მასზე ფასის გაზრდასაც განაპირობებს.
ამ დროისთვის საერთაშორისო ბაზარზე მოცვი 4 დოლარამდე ღირს. ქართულ ბაზარზე კი ერთი კილოგრამი ველური მოცვის ფასი 2 ლარია.
პროექტის აჭარის კოორდინატორის, ლაშა კომახიძის განმარტებით, „პროექტის კონსულტანტები ფერმერებს ყველა ეტაპზე დაეხმარებიან, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ კი ისინი დაინტერესებულ პირებს ადგილზე წარმოებული მოცვის ექსპორტირებაში შეუწყობენ ხელს.“

მიქელაძეების ნაკვეთი 3000 კვ/მეტრზეა გაშენებული, რაც სულ 1000 ერთეულ ამერიკული მოცვის ნერგს აერთიანებს. სპეციალისტების თქმით, სრულ ნაყოფს მიქელაძეები ოთხი წლის შემდეგ მიიღებენ, გაისად კი მათ ტონა მოსავალი ექნებათ.

სოფლის მეურნეობის დარგების ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 40 მილიონი ევროა. პროგრამა 2013 წელს დაიწყო და სამ წელზეა გაწერილი. წელს მეფუტკრეებს დაეხმარებიან.

მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანია, რომელიც 100-მდე სახეობას აერთიანებს. საქართველოში ამ გვარის 4 სახეობა გვხვდება. მათგან სამი – მთის მოცვი, ლურჯი მოცვი და წითელი მოცვი გავრცელებულია სუბალპურ და ალპურ სარტყელში, ერთი კი – კავკასიური მოცვი (ანუ მაღალი მოცვი) მთის ქვედა და შუა სარტყლების კოლხური ტიპის ტყეებში და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში იზრდება.

მთის მოცვი დაბალი ბუჩქია. საქართველოში სუბალპურ ტყეებში იზრდება, გვხვდება უფრო მაღლაც – დეკიანებში, ბევრია მთა-თუშეთში. წითელ მოცვთან და შქერთან ერთად ქმნის მოცვიანებს, ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში.

მოცვის ნაყოფი მომჟავო ტკბილია. იჭმევა ნედლად, ამზადებენ მურაბასაც, შეიცავს C ვიტამინს, მთრიმლავ ნივთიერებებს. გამხმარ ნაყოფს ხმარობენ მედიცინაში კუჭის შემკვრელ საშუალებად. ნორჩი ფოთლების ნახარში საუკეთესო ოფლმდენი საშუალებაა.

მედიკოსები მოცვის განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებზე ამახვილებენ. ნაყოფმა სამკურნალო თვისება მაქსიმალურად რომ შეინარჩუნოს, მას ასეთი წესით აშრობენ: ქაღალდზე ან ნაჭერზე თხლად გაფენილ მარცვლებს ჰაერზე ოდნავ აჭკნობენ, შემდეგ კი ღუმელში 60-70 გრადუს ტემპერატურაზე აშრობენ. კარგად გამომშრალი ნაყოფი შეხებისას ხელს არ უნდა სვრიდეს. სწორად გამომშრალი მოცვი რამდენიმე წლის განმავლობაში ინახება. ფოთლებს ყვავილობისას აგროვებენ და თხლად გაფენილს ჰაერზე აშრობენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე