მთავარი,სიახლეები

„თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმში პლაჟების განკარგვის საკითხს ეხმაურებიან

24.03.2016 • 1650
„თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმში პლაჟების განკარგვის საკითხს ეხმაურებიან

23 მარტს „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ბათუმის საკრებულოს წევრი, „თავისუფალ დემოკრატი“ ჯაბა ბერიძე ზღვისპირა პლაჟების განკარგვის საკითხს გამოეხმაურა.

„თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს მოუწოდებენ, ბათუმის რესურსებით, საჯარო და გამჭვირვალე აუქციონის გზით განახორციელოს ზღვისპირა პლაჟების განკარგვა და მონიტორინგი.

„ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 16 მარტის საკრებულოს სხდომაზე ერთერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ზღვისპირა პლაჟების) განკარგვასთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ 16 მარტის საკრებულოს სხდომას, რეგისტრაციის ფურცლის თანახმად, ესწრებოდა საკრებულოს 24 წევრი. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მუხლი 62-ის თანახმად: „საკრებულოს სამართლებრივი აქტი მიღებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.“ მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო 13 ხმა, საკრებულოს სხდომაზე, ზემოთ აღნიშნული საკითხის კენჭისყრის დრო დაფიქსირდა მომხრეთა მხოლოდ 10 წევრის ხმა, რაც აისახა საკრებულოს სხდომის ოქმშიც.

შესაბამისად, გადაწყვეტილება ზღვისპირა პლაჟების სექტორების აჭარის ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „ბათუმის ბულვარისთვის“ გადაცემისთვის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ ვერ ჩაითვლება მიღებულად“ – აღნიშნულია პრესრელიზში.

ბათუმის საკრებულომ 16 მარტს თანხმობა მისცა ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, კვარიათიდან მწვანე კონცხამდე მდებარე პლაჟების მონაკვეთები [2016 წლის ნოემბრამდე პერიოდით] უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სსიპ „ბათუმის ბულვარს“ სარგებლობაში გადასცეს, რომელსაც ამჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტრო მართავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: