მთიანი აჭარა

ვინ გააშენებს თხილის ბაღებს აჭარაში

14.10.2015 • 3077
ვინ გააშენებს თხილის ბაღებს აჭარაში

 

იმისთვის, რომ ფერმერი თუ აგრომეწარმე სამინისტროს მიზნობრივ პროგრამაში ჩაერთოს და 2016 წლის გაზაფხულზე სახელმწიფოსგან 80%-იანი თანადაფინანსებით თხილის ბაღი გააშენოს, მან განცხადებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან შესაბამის მუნიციპალიტეტსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუნიციპალიტეტების საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილებებს უნდა მიმართოს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების უფროსი მამუკა თურმანიძე განმარტავს, რომ მრავალწლოვანი კულტურების, მათ შორის თხილის, ნერგებს, პროგრამის ფარგლებში, სამინისტრო მიმდინარე წელსაც გადასცემს ფერმერებს, თუმცა არა იმ რაოდენობით, როგორც ეს 2016 წლისთვის არის დაგეგმილი. 

 

მამუკა თურმანიძე: „სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, მაქსიმალურად რომ დახვეწოს მრავალწლოვანი ხეხილოვანი ბაღების გაშენების მიმართულება რეგიონში. სამინისტროს მიზნობრივი პროგრამა – „მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ნერგებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა“ წელსაც ხორციელდება, რომლის ფარგლებში, კომისიის მიერ შერჩეულ, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას 32 000 თხილის ნერგი სახელმწიფოს 70% თანადაფინანსებით გადაეცემა. წელს პროგრამით მოსარგებლე ფერმერსა და აგრომეწარმეს თხილის ერთი ნერგის შეძენა 21 თეთრი დაუჯდება. სამომავლოდ კი პროგრამის მასშტაბი გაიზრდება, 100 ჰექტარზე გაშენდება თხილის ბაღი, ფერმერი თუ მეწარმე ნერგის თვითღირებულების მხოლოდ 20%-ს გადაიხდის, 80%-ს კი სახელმწიფო“.

 

მამუკა თურმანიძის თქმით, თხილის ბაღების გასაშენებლად ფერმერებს სპეციალურ სანერგე მეურნეობაში გამოყვანილ და ადგილობრივ გარემო პირობებთან შეგუებულ „ანაკლიური“ ჯიშის ნერგს გადასცემენ, რომელიც ნაყოფს მეორე წლიდან იძლევა, სრულ მსხმოიარობაში კი ექვს წელიწადში შედის.

 

თხილი
თხილი

„ეს იქნება სპეციალურად სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ანაკლიური ჯიშის ნერგი, რომელსაც კარგად დამუშავებული ფესვთა სისტემა აქვს, მაღალი ხარისხის ნაყოფითა და უხვი მოსავლით გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სახეობის თხილზე ქვეყანაში მაღალი საექსპორტო მოთხოვნაა. თხილის ეს ჯიში ნაყოფს მეორე-მესამე წელს იძლევა, მაგრამ იმისათვის, რომ თხილის პლანტაცია აქტიურად მსხმოიარე გახდეს, ექვსი-შვიდი წელია საჭირო. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ნერგი მივაწოდოთ ფერმერს, რათა სამომავლოდ მოხდეს სამრეწველო ბაღის გაშენება და მოვიყვანოთ როგორც მაღალხარისხიანი, ასევე უხვი მოსავალი და რეალურად ფერმერს კარგი შემოსავალი გაუჩნდეს მცირე დროში. რაც შეეხება იმ ნერგის თვითღირებულებას, რომელსაც მოსახლეობას მომავალ წელს მივაწვდით – 1,50 ლარად არის შეფასებული, თუმცა ჯერ ტენდერი არ გამოცხადებულა და დაზუსტებით ღირებულებაზე ვერ ვისაუბრებ,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების უფროსი.

 

პროგრამით მოსარგებლე ფერმერი თხილის ნერგთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ ბიოსასუქს, მინერალურ და კომბინირებულ სასუქს მიიღებს. სასუქის ფასის 80 პროცენტს – სახელმწიფო, ფერმერი კი მხოლოდ 20 პროცენტს გადაიხდის.
„კარგი ხარისხის მოსავალი რომ მივიღოთ, მხოლოდ ნერგის დარგვა არ კმარა, საჭიროა როგორც ნიადაგის შესაბამისი მომზადება-დამუშავება, ასევე ორგანული თუ ბიოსასუქი – ეს კომპონენტიც გავითვალისწინეთ 2016 წლის პროგრამაში. ნერგთან ერთად ფერმერი თანადაფინანსებით თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ ბიო, მინერალურ და კომბინირებულ სასუქს მიიღებს“.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ მიზნობრივ პროგრამით მხოლოდ ის ბენეფიციარი ისარგებლებს, ვისაც მიწა, რომელზეც თხილის ბაღი უნდა გაშენდეს, საკუთრებაში აქვს დარეგისტრირებული. იმ შემთხვევაში, თუ ფერმერს მიწის საკუთრების შესაბამისი ცნობა არ მოეპოვება, მას შეუძლია წარადგინოს საკომლო ჩანაწერი. მას ასევე უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1500-2000 მეტრამდე მიწის ნაკვეთი, რომელზეც მხოლოდ თხილის ბაღი გაშენდება. რაც შეეხება კოოპერატივს, სახელმწიფო თხილის ბაღის გაშენებას მხოლოდ ნახევარ ჰექტარზე დაუფინანსებს.
მამუკა თურმანიძე: „რადგან მიწის საკუთრების საკითხი აჭარაში პრობლემურია, აქედან გამომდინარე სამინისტრომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ იმ ფერმერების განაცხადიც დააკმაყოფილოს, ვინც საკომლო ჩანაწერს წარმოადგენს. სამინისტროს ამ გადაწყვეტილებით ფერმერებს საშუალება ექნებათ პროგრამით ისარგებლონ და კონკრეტულ მომენტში მიწის დასარეგისტრირებლად დამატებითი თანხის გაღება არ დასჭირდეთ. ამასთან, პროგრამაში ჩართულმა ბენეფიციარმა ჩვენი რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს, ნაკვეთი შემოღობოს, გაწმინდოს და შესაბამისად მოამზადოს. ჩვენი გათვლებით 1000 მეტრზე ბაღის გაშენება ფერმერს მთლიანობაში 70 ლარი დაუჯდება, ეს არის მიახლოებითი ციფრი, რადგან ჯერ ტენდერი არ გამოგვიცხადებია და ზუსტი ციფრების თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

 

ჰექტარზე 500 ძირი ნერგი დაირგვება. ამ გათვლებით, 100 ჰექტარზე თხილის გასაშენებლად საჭიროა 50 000 ნერგი, ასევე გათვლილია ერთ ჰექტარზე 300 კილოგრამამდე კომბინირებული სასუქი, 250 _ აზოტოვანი სასუქი და სამ ტონამდე –ბიოსასუქი. 

 

იმაზე, თუ ვინ ისარგებლებს პროგრამით და გააშენებს თხილის ბაღს, კომისია ერთობლივად იმსჯელებს, თუმცა წინმსწრებად მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ სამინისტრო ისეთ ფერმერებთან ითანამშრომლებს, ვისაც გააჩნია შესაბამის უნარი, ნაკვეთი სათანადოდ აქვს მომზადებული და ჩვენ მიერ მიწოდებულ რეკომენდაციას ზუსტად, ეფექტურად განახორციელებს. სამინისტრო და ჩვენი წარმომადგენლები მუნიციპალიტეტებში მუდმივ რეჟიმში იმუშავებენ, მონიტორინგს გავუწევთ დარგვის შემდგომ პერიოდს, თხილის გარდა მომავალ წელს კაკლის, მოცვისა და საადრეო მანდარინის ნერგს დავარიგებთ. სამინისტროს მიერ შერჩეული ოთხივე კულტურა მაღალრენტაბელურია და კარგი საბაზრო ღირებულებით ხასიათდება.“

 

თხილი საქართველოს საექსპორტო საქონელს შორის მეოთხე ადგილზეა. 2014 წელს ექსპორტზე 183 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილი გავიდა, 2015 წელს კი [იანვარ-ივნისში] საქართველოდან 74 მილიონი აშშ დოლარის თხილია ექსპორტირებული. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: