ნეტგაზეთი • RU

ბათუმის ეზოს სპორტული მოედნები

 

 

ბათუმში 93 სპორტული მოედანია. მათგან 70-ზე მეტი მოედანი შესაკეთებელია. ბათუმის ბიუჯეტში სპორტული მოედნების შეკეთება-რეაბილიტაციისთვის წელს 383,307 ლარია გამოყოფილი. ამჟამად 7 მინიმოედნის შეკეთებაზე მუშაობენ, შეაკეთეს რვა და დაგეგმილია ცხრა მოედნის გარემონტება.

ბათუმში, ალექსანდრე პუშკინის #174-ში მდებარე ხელოვნურ საფარიანი მინი მოედანი

წარწერა ალექსანდრე პუშკინის #174-ში მდებარე მინი-მოედანზე

მოსახლეობისთვის, უფრო კი ბავშვებისთვის, განკუთვნილი ეზოს სპორტული მინიმოედნები ბათუმში – აეროპორტის, აღმაშენებლის, ბაგრატიონის, ბონი-გოროდოკის, მწვანე კონცხის, თამარის, კახაბრის, რუსთაველის, ძველი ბათუმის, ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილის, გონიოკვარიათისა და სამრეწველო უბნებშია განთავსებული. მოედნების მოვლა-შენახვა ბათუმის მერიის ორგანიზაცია ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსის“ პასუხისმგებლობაში შედის.

„ბათუმის კორპუსისგან“ მიღებული ინფორმაციით, ამჟამად ერთ ახალ მოედანს კახაბრის გამგეობასთან აშენებენ. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ მოედნებზე: ინასარიძის #18/32; კობალაძის #5; პუშკინის #150; სულაბერიძისა და შაფათავას კვეთაში; გიორგი ბრწყინვალის #50-52; თამარის დასახლება #18, ბაქოს #74. შეკეთება დაგეგმილია: ჭავჭავაძის #78/88; აღმაშენებლის #26-28; 26 მაისის #53; მაიაკოვსკის #3; მელიქიშვილის #110; ჯავახიშვილის #51; ლერმონტოვის #107; ტაბიძის #1 და გოგოლის #11-ში. ხოლო შეაკეთეს მოედნები გორგილაძის #44; ტბელ აბუსერიძის #4; კობალაძის # 9; თამარის დასახლება #10; ფარნავაზ მეფის #73; მელიქიშვილის #4; რუსთაველის #59-61 და სვიშევსკის #141.

ეზოს მოედნებიდან 53 ხელოვნურსაფარიანია, 27 – მოასფალტებული, ზოგი კი გრუნტისა და ბეტონისაა. მხოლოდ ორი მოედანიაბუნებრივსაფარიანი. ერთი მათგანი თამარის დასახლებაში, კაზინეცის #13 მდებარეობს და შეკეთებასჭირდება, მეორე კი სამრეწველო უბანში, დიდაჭარის ქუჩა #35-შია განთავსებული. ბათუმის კორპუსის დირექტორი ზურაბ ნაკაიძე ამბობს, რომ ხელოვნურსაფარიანი მოედნები უფრო მოსახერხებელია გასაკეთებლად და მოსავლელად. „ჯერ ჩვენ რაც გავაკეთეთ – არის ის, რომ გამოვცვალეთ ეკოლოგიურად სუფთა, უკეთესი ხარისხის საფარით. ბუნებრივსაფარიანი მოედნების მოწყობა დაგეგმილი არ არის. ბათუმი წვიმიანია და უფრო მოსახერხებელია, დრენაჟი ნაკლები სჭირდება ხელოვნურსაფარიან მოედანს“.

ყველაზე მეტი მოედანი (16) ბაგრატიონის დასახლებაშია მოწყობილი. ზურაბ ნაკაიძის თქმით, სპორტულ მოედნებს მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე აშენებენ და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზევე შეუძლიათ მათი დანგრევა. „მოსახლეობა მოგვმართავს, რომ მათ სურთ სპორტული მოედნების გაკეთება ან შეკეთება. არის სხვა მომართვებიც, მაგალითად, 26 მაისის ქუჩა #53-ში სამი სახლის ამხანაგობა ითხოვს მოგვაშორეთ სტადიონიო; ასევე რურუას ქუჩიდანაცაა მომართვა – არ გვინდა სტადიონიო, სულაბერიძისა და ქობულეთის კვეთაში კი ხელმოწერები მოაგროვა მოსახლეობამ, სკვერად გადაგვიკეთეთ და ატრაქციონები გაგვიკეთეთ ბავშვებისთვისო. მოსახლეობის მომართვის მიზეზი მოედანზე შექმნილი ხმაური და ჩხუბია“, – ამბობს ზურაბ ნაკაიძე.

როგორც ზურაბ ნაკაიძემ „ბათუმელებს“ უთხრა მინისტადიონების უმრავლესობა არასტანდარტული და შესაცვლელია. „დღეისთვის 93 სტადიონი გვაქვს აღწერილი. აქედან 80% შესაკეთებელია. ეს სტადიონები 2004-2006 წლებში გაკეთდა. „შეწერილ სტადიონებს“ ვეძახი მე მაგას, რომელიც ბიზნესმენებს დაავალეს და გააკეთებინეს მაშინ. უმეტესობა არის არასტანდარტული და შესაცვლელია, რაც ბევრ თანხებთანაა დაკავშირებული. ყველა სტადიონი რომ შევაკეთოთ, მინიმუმ 6 მილიონი მაინც დასჭირდება. მაგალითად, შვიდი პატარა სტადიონი რომ შევაკეთეთ, 200 000 ლარი დაჯდა, თითოეული მათგანი საშუალოდ 30000 ლარი. მოზრდილ მოედანს კი 60000 ლარი დასჭირდება“.

ეზოს მოედნებთან მიმართებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მისი უსაფრთხოებაა. 2007-2011 წლებში თბილისში ეზოში მოწყობილ სპორტულ მოედნებზე ოთხი ბავშვი  დაიღუპა, ოთხივე მათგანი ერთი მიზეზით – ბავშვები გადასაადგილებელმა საფეხბურთო კარმა მოიყოლა, რომელიც სპეციალურად იმისთვის არის რომ საჭირო შემთხვევაში მოედნის ნებისმიერ ადგილას განთავსდეს კარები.

ზურაბ ნაკაიძე ამბობს, რომ მოძრავი კარების პრობლემა ბათუმშიცაა: „ჩვენმა ოთხკაციანმა ბრიგადამ, რომელიც შეკეთებაზე დადის, ახლახან კარები დაამაგრა ტბელ აბუსერიძის #3-ში, ბენზეში, კობალაძეზე, გიორგი ბრწყინვალის ქუჩებზე. დაფიქსირებული არ გვაქვს, მაგრამ ჭორის დონეზე ყოფილა ბავშვების დაზიანების სამი-ოთხი შემთხვევა, შარშან და შარშანწინ“.

ზურაბ ნაკაიძის თქმით, უსაფრთხოებას სპეციალური ჯგუფი არ უწევს მეთვალყურეობას – ბავშვების უსაფრთხოების დაცვაში მათ უბნის მოსახლეობა, მშობლები და ამხანაგობის თავმჯდომარეები ეხმარებიან.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი