Batumelebi | დაუბეგრავი მინიმუმი 2015 წელშიც გაიცემა – მოთხოვნის ბოლო ვადა 30 სექტემბერია დაუბეგრავი მინიმუმი 2015 წელშიც გაიცემა – მოთხოვნის ბოლო ვადა 30 სექტემბერია – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

დაუბეგრავი მინიმუმი 2015 წელშიც გაიცემა – მოთხოვნის ბოლო ვადა 30 სექტემბერია

 

დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და 2014 წელს გადახდილი გადასახადის დაბრუნების  უფლება შესაბამის პირებს მიმდინარე წელს კვლავ ექნებათ. თუმცა, ეს უფლება 2015 წლის შემოსავლებზე აღარ გავრცელდება. ანუ, 2016 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმი აღარ იარსებებს.

დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის მოთხოვნით მოქალაქეებმა შესაბამისი დეკლარაცია საგადასახადოში 2015 წლის 1 აპრილიდან 30 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.

 

 

 

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში, „დაქირავებულს უფლება აქვს, 2013 და 2014 კალენდარული წლების მიხედვით გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და სათანადო თანხის დაბრუნების მიზნით დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაცია) საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა“.

 

აჭარაში 2014 წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დაუბეგრავი მინიმუმის სახით დაბრუნებულმა თანხამ 8 823 300 ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე მეტი მოცულობის თანხა დაუბეგრავი მინიმუმის სახით აპრილში გაიცა.

 

აჭარაში, სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით:

აპრილში გაიცა – 3 591 000 ლარი,

მაისში – 2 080 400 ლარი,

ივნისში – 2 717 300 ლარი,

ივლისში – 321 400 ლარი,

აგვისტოში – 44 400 ლარი,

სექტემბერში – 22 800 ლარი,

ოქტომბერში – 14 100 ლარი,

ნოემბერში – 18 400 ლარი,

ხოლო დეკემბერში – 13 500 ლარი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 131 მლნ ლარზე მეტია დაბრუნებული.

 

ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და თანხის დაბრუნების წესი ფინანსთა მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული.

 

თუ პირის მიერ 2014 წელს მიღებული დასაბეგრი ხელფასი არ აღემატება 6000 ლარს, მას უფლება ექნება 2015 წელს გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი 1800 ლარი და მოითხოვოს აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება. კერძოდ, თუ პირის მიერ 2014 წელს ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი 1800-დან 6000 ლარია, მოცემულ შემთხვევაში, უფლება ექნება დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, მოცემულ შემთხვევაში, დაბრუნებას ექვემდებარება კონკრეტული თანხის 20 პროცენტი. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე