მთავარი,სიახლეები

სოციალურ სახლში ბინის მიღების შემდეგ შეწყვეტილი შემწეობა

23.03.2016 • 2009
სოციალურ სახლში ბინის მიღების შემდეგ შეწყვეტილი შემწეობა

სოციალური დახმარება გიული დავითაძეს და ბადრი მგელაძეს მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც ოჯახი თამარის დასახლებაში, ე.წ. ეკომიგრანტების სახლში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბინა ახლაც თითქმის ცარიელია, მდგომარეობა სოციალურმა აგენტმა დამაკმაყოფილებლად შეაფასა და ოჯახს სოციალური დახმარების მიღება შეუწყდა.

IMG_0028

გიული დავითაძე საკუთარ ბინაში

„გასული წლის ზაფხულში შემოვედით ამ ბინაში. მოვიდა სოციალური აგენტი, რა დაწერა არ ვიცი, მაგრამ მას შემდეგ სოციალური დახმარება არ მიგვიღია,“ – გვიყვება გიული დავითაძე.  როგორც გიული ამბობს, მას  სოციალური მომსახურების სააგენტოში განუმარტეს, რომ დახმარება ბინის მიღების გამო შეუწყდა: „ახალი ბინა გაქვთ და გამოიყენეთ, დახმარება აღარ გეკუთვნითო, ასე მიპასუხეს სააგენტოში“.

გიული დავითაძემ სოციალური სახლის მე-6 სართულზე ბინა მიიღო არა როგორც ეკომიგრანტმა, არამედ როგორც მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახმა. ამას ადასტურებს სოციალური მომსახურების სააგენტო, თუმცა სააგენტოს დირექტორი, თემურ ქარცივაძე გამორიცხავს დახმარების შეწყვეტას ბინის მიღების გამო: „ამ ოჯახის მიერ შევსებულ დეკლარაციაში წერია, რომ მათ აქვთ ყოველთვიური შემოსავალი – 1200 ლარი. დეკლარაციას ხელს აწერს გიული დავითაძე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ქარცივაძემ. ის ადასტურებს იმასაც, რომ დეკლარაციის მიხედვით, ოჯახში არავინ მუშაობს. საიდან შეიძლება ჰქონდეს უმუშევარ ადამიანებს 1200 ლარი შემოსავალი ყოველთვიურად სოციალური სახლის მე-6 სართულზე? – ამ კითხვას თემურ ქარცივაძემ ასე უპასუხა: „ამის გარკვევა ჩვენი საქმე არ არის, აგენტს ამის ვალდებულება არ აქვს. დეკლარაციაში ჩანს, რომ ოჯახს აქვს მიწის ნაკვეთიც“

გიული დავითაძე კი ამბობს, რომ ჩვენგან გაიგო დეკლარაციაში დაფიქსირებული 1200 ლარის შემოსავლის შესახებ და არც მიწის ნაკვეთი აქვთ. „მიწა დედამთილის ოჯახს ჰქონდა, სადაც წლების განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით“. ოჯახმა სოციალური მომსახურების სააგენტოს კიდევ ერთხელ მიმართა, თუმცა უარი მიიღო, რადგან ოჯახის მდგომარეობა უკვე შესწავლილია. სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გიული დავითაძეს ისევ შეხვდებიან და შემდეგ ექნებათ პასუხი, შეივსება თუ არა დეკლარაცია ხელახლა.

გიული დავითაძე „ბათუმელებს“ გასულ კვირას დაუკავშირდა და უთხრა, რომ მეუღლის საავადმყოფოდან გამოყვანის ფინანსური საშუალება არ ჰქონდა.

„170 ლარი გადავიხადე საავადმყოფოში, რადგან საყოველთაო ჯანდაცვა სრულად არ ფარავს მომსახურებას. ახლა შვილი მყავს საოპერაციო, თვალები სტკივა,“ – ამბობს გიული დავითაძე. გიულის გოგო 6 წლისაა და თამარის დასახლებიდან მახინჯაურის საბავშვო ბაღში დადის, რადგან მახლობლად მდებარე ბაღში თავისუფალი ადგილი აღარ იყო. ბადრისა და გიულის მეორე შვილი 4 წლის ბიჭია. თამარის დასახლების საბავშვო ბაღში არც მისთვის აღმოჩნდა ადგილი.

IMG_0029

ბადრი მგელაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: