კომპანია „ორბის“ დირექტორი ასი მუშის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებზე

სამშენებლო კომპანია „ორბიმ“ ამ დღეებში 100 მუშა დაითხოვა. დათხოვნილების ინფორმაციით, სუსხიანი ზამთრის პირობებში სრული დატვირთვით მუშაობდნენ და შვიდი სართული ააშენეს, ახლა კი კომპანიამ ისინი დაითხოვა და მათ ნაცვლად უკრაინელი სპეციალისტები დაიქირავა. კომპანიის დირექტორის განმარტებით, გადაწყვეტილება ახალ სტანდარტებს და უსაფრთხოების წესების დაცვას უკავშირდება. კომპანიის ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე, საიდანაც მუშები დაითხოვეს, ცოტა ხნის წინ ამწე ავარიულად წაიქცა.

100-მდე მუშის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზებზე “ბათუმელებმა” კომპანიის დირექტორს, ირაკლი კვერღელიძეს ჰკითხა.

„ობიექტი 39-სართულიანია. არის საკმაოდ რთული კონსტრუქციული გადაწყვეტები. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოცდილების კუთხით არის დეფიციტი, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩამოგვეყვანა უკრაინელი სპეციალისტები, რომლებიც იმუშავებენ ქართველ სპეციალისტებთან ერთად. შესაბამისი პრაქტიკის მიღების შემდგომ უკვე ერთობლივად განხორციელდება სამუშაოები. ასე რომ პოზიცია – კომპანიამ თანამშრომლები გაუშვა, სწორი არ არის. მაქვს როტაცია იმის გათვალიწინებით, რომ არის სპეციფიკური სამუშაოები სიმაღლეებზე, რისკის ქვეშ ხომ ვერ დავაყენებ 39-სართულიან კომპლექსს. ამიტომ ჩამოვიყვანეთ სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ მსგავსი ტიპის პროექტებზე.

წაქცეული ამწე
წაქცეული ამწე

მუშაობის ტემპი რომ არ მაკმაყოფილებდა და ექვსი სართული რომ უნდა ავაშენოთ ერთი თვის განმავლობაში, ამის პრაქტიკა ჩვენს მუშა-მოსამსახურეებს, სამწუხაროდ, არ გააჩნიათ. არის დისციპლინის მომენტიც, უნდა მივეჩვიოთ დისციპლინირებულ მუშაობას. როდესაც გააფრთხილებ, რომ მობილური ტელეფონი ადგილზე არ უნდა იყოს, სიგარეტი მშენებლობაზე არ უნდა მოწიო, არ უნდა დააგვიანო… სამწუხაროდ, დრო სჭირდება იმას, რომ ჩვენი ჯგუფი ამ დისციპლინას მიეჩვიოს… ამოცანა – თვეში აშენდეს ერთი სართული – რთული ხდება.

ჩვენი მიზანი არ არის ის, რომ ვიღაცას პრობლემები შევუქმნათ. გადავდივართ სხვა სტრუქტურაზე და სხვა ტექნოლოგიაზე, რომლის გამოცდილებაც ქართულ ბაზარზე არ არსებობს. ჩემი ინტერესი არის ორი რამ: კომპლექსი აშენდეს სწრაფად და ტექნოლოგიური ციკლის დაცვით და ისე, რომ ხვალისთვის ჟურნალისტებმა ის კითხვა არ დამისვათ, თუკი ქართველი სპეციალისტები ამას ვერ ახორციელებდნენ, უცხოელები რატომ არ მოიწვიეთო. და მეორე – ქართველმა სპეციალისტებმა, რომლებიც ამ პროცესებს დააკვირდებიან და შესაბამის ინფორმაციას მიიღებენ, განახორციელონ მისი ინპლემენტაცია ადგილობრივ მუშებში“ – ამბობს ირაკლი კვერღელიძე.

კომპანია “ორბის” იმ ობიექტზე, საიდანაც მუშები დაითხოვეს, 19 თებერვალს კოშკურა-ამწე წაიქცა. მაშინ არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ქვაფენილი და აუზის ნაწილი ბათუმის ახალ ბულვარში.

ქველმოქმედება პოლიტიკური მიზნებით

„ქველმოქმედება პოლიტიკური მიზნებით“ – ამ სათაურით კვლევას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აქვეყნებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება პარტიებისა და პარტიასთან ასოცირებული პირების ფინანსური გამჭვირვალობისა და ხარჯების კანონიერების მონიტორინგის საკითხი. აღნიშნულის რეგულირება უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა თანასწორი საარჩევნო გარემო, კონკურენცია და სტაბილური პოლიტიკური სისტემის არსებობა სახელმწიფოში.

„საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში გამოიკვეთა ახალი პოლიტიკური მოთამაშე – ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც პოლიტიკურ აქტივობებსა და ქველმოქმედებას ორი სხვადასხვა ფონდის მეშვეობით ახორციელებს. ასევე, საინტერესოა პაატა ბურჭულაძის საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებში ხშირად ისმის კითხვა – აპირებს თუ არა ის მომავალ არჩევნებში მონაწილეობას. მართალია, ლეონიდ ჩერნოვეცკისგან განსხვავებით, პაატა ბურჭულაძეს არ განუცხადებია არჩევნებში მონაწილეობის მიზნის შესახებ, თუმცა „პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი“ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში აქტიურად არის ჩართული“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სამართლიანი არჩევნები“ განმარტავს, რომ პოლიტიკური და საქველმოქმედო საქმიანობა ერთდროულად საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დაუშვებელია. კერძოდ, თუ პირს არჩევნებში მონაწილეობის მიზანი აქვს, მან ეს საჯაროდ უნდა განაცხადოს და დაექვემდებაროს პარტიებისთვის დადგენილ ფინანსურ მონიტორინგს, ამასთან, უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი სახის საქველმოქმედო საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქველმოქმედება ჩაითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად.

დღეისათვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარტიებისთვის დადგენილ ფინანსურ მონიტორინგს ლეონიდ ჩერნოვეცკის მხოლოდ ერთი ფონდი – „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ დაუქვემდებარა, ხოლო მისივე საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ მონიტორინგის მიღმაა დარჩენილი. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მონიტორინიგს არ ექვემდებარება არც „პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი“ და არც მისი საქველმოქმედო საქმიანობა, ვინაიდან მას არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გაცხადებული არ აქვს.

პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გარდა, არსებობენ პირები (როგორც ფიზიკური ისევე იურიდიული), რომლებიც შესაძლოა არ არიან დარეგისტრირებული პოლიტიკურ პარტიად, თუმცა მათი საქმიანობა შეიცავს პოლიტიკური სუბიექტისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. ეს პირები, პოლიტიკური სუბიექტების მსგავსად, აუდიტის სამსახურის ფინანსურ მონიტორინგს ექვემდებარებიან – აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

შს სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

შს სამინისტრო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას არ ასრულებს – საქმე ეხება „გაზეთ ბათუმელების“ საჩივარს შს სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც ამ უწყების პრემიების გასაჯაროებას უკავშირდებოდა. აღნიშნული საქმის შესახებ ბოლო, უზენაესი სასამართლოს განჩინება „გაზეთ ბათუმელებს“ 2015 წლის 27 ოქტომბერს ჩაბარდა.

ამ განჩინების მიხედვით, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო სამინისტროს საჩივარი, რომელიც ითხოვდა პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილების გაუქმებას. სარჩელის მიხედვით, შს სამინისტროში მიაჩნდათ, რომ მაღალი თანამდებობის პირების პრემიების შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება პერსონალური ინფორმაციის კატეგორიას. სასამართლომ კი პირიქით, უწყებას ამ ინფორმაციის გასაჯაროება დაავალდებულა.

ამის მიუხედავად, შს სამინისტრომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადააწყვეტილების ნებაყოფილობით აღსრულება არ ისურვა. შესაბამისად, „გაზეთ ბათუმელები“ იძულებული გახდა უწყებისთვის მიემართა სააღსრულებლო ფურცლით. სააღსრულებლო ფურცელი საფოსტო გზავნილის სახით „გაზეთ ბათუმელების“ კანონიერმა წარმომადგენელმა – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2016 წლის 11 თებერვალს გაუგზავნა შს სამინისტროს.

დღეს, 22 მარტს „გაზეთი ბათუმელები“ კიდევ ერთხელ დაუკავშირდა შს სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გამცემ სამმართველოს. პასუხი, თუ რატომ ვერ მოხერხდა დღემდე ინფორმაციის მოწოდება „გაზეთმა ბათუმელებმა“ უწყებისგან ვერც ამჯერად მიიღო.

„გაზეთმა ბათუმელებმა“ შს სამინისტროსგან პრემიების შესახებ ინფორმაცია, თანამდებობის პირების სახელებისა და გვარების მითითებით, 2013 წლის ბოლოს გამოითხოვა. ინფორმაციის ვერმიღების შემდეგ, 2014 წლის თებერვალს, რედაქციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ 2015 წლის 27 თებერვალს მოახერხა და “ბათუმელების” საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – დაავალდებულა პრემიების შესახებ ინფორმაციის გაცემა. თუმცა, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, შს სამინისტრომ მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა, სადაც სამინისტროს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გასული წლის შემოდგომაზე შს სამინისტროს საჩივრი დასაშვებად არ ცნეს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეებმა – ვასილ როინიშვილის, ლევან მუსერიძისა და მაია ვაჩაძის შემადგენლობით.

მთელი ამ წლების განმავლობაში გაზეთ „ბათუმელების“ ინტერესებს საერთო სასამართლოებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

მწერალ თამთა მელაშვილის საჯარო ლექცია ბათუმში

ხვალ, 23 მარტს 13 :00 საათზე, მწერალი თამთა მელაშვილი  ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მოწვევით  წაიკითხავს ლექციას საქართველოში ქალთა ისტორიის წერის შესახებ, საარქივო მუშაობაზე და მასალებზე დაყრდნობით. იგი ისაუბრებს სამი ქალის ისტორიაზე: ეკატერინე გაბაშვილზე, ნინო ტყეშელაშვილსა და ლიდია მეგრელიძეზე.

ქალთა ისტორიის თვე ყოველ წელს აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ თვის აღნიშვნის მიზანი არის ისტორიიდან გამქრალი ქალების, მათი როლის და მიღწევების უკან დაბრუნება და ისტორიაში მათი მნიშვნელობის ხელახალი დამკვიდრება.

ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნა ხელს უწყობს ქალთა წვლილის აღიარებას და წარმოჩენას სხვადასხვა სფეროში: მეცნიერებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საჯარო სამსახურში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, სპორტსა თუ მედიცინაში.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები უკვე რამდენიმე წელია, მარტში ქალთა ისტორიის თვეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

36 წლის მწერალი, თამთა მელაშვილი არის ავტორი წიგნებისა: „გათვლა“ და „აღმოსავლეთით.“ მან გენდერის მაგისტრის ხარისხი მიიღო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (2008) და ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის ფაკულტეტზე ასწავლის კურსს: „ქალთა ისტორიის შექმნა: თეორიები, მეთოდოლოგიები, არქივები

„გაუმარჯოს თვითმმართველობას, ძირს ათეისტები“ – ხმაური და დაპირისპირება უნივერსიტეტში

21 მარტს, სტუდენტების, ლექტორ-მასწავლებლებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებს შორის ღია შეხვედრა, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, ხმაურიანი გამოდგა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრის მიზანი საუნივერსიტეტო საკითხებზე მსჯელობა იყო. შეხვედრას სტუდენტური მოძრაობა – “აუდიტორია #115”-ის წევრებიც ესწრებოდნენ, სწორედ მათი გამოსვლით დაიწყო დისკუსია და აღინიშნა, რომ ბსუ-ში მიმდინარე ეს პროცესი აუდიტორია #115”-ის მანიფესტის პათოსიდან ამოდიოდა.

პირველი მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრმა ლაშა ბობოხიძემ მიმართა საზოგადოებას: “მინდა ყველამ იცოდეს დღეს ვინ გვესაუბრება, ეს ის ხალხია, რომლებიც რამდენიმე ხნის წინ მოგვიწოდებდა თვითმმართველობის კაბინეტიდან ხატები გადაგვეყარა”, – განაცხადა მან. ამ მიმართვამ სტუდენტური თვითმმართველობის წევრი და მხარდამჭერი სტუდენტების აპლოდისმენტები დაიმსახურა, მოპასუხე მხარემ კი თვითმმართველობას სეკულარიზმზე მიუთითა:

„უნივერსიტეტი სეკულარული სივრცეა და დღესაც ვფიქრობთ, რომ თვითმმართველობის კაბინეტში იმხელა სამლოცველო კუთხე და ხატები არ უნდა იყოს”, – ასე უპასუხა თვითმმართველობას სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის წევრმა გიორგი ბაგრატიონმა.

შეხვედრაზე სტუდენტებმა უნივერისტეტის იდეისგან მოწყვეტაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პრაქტიკის მიხედვით, უნივერსიტეტი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშაა. ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტებში “ოდეერის” ინსტიტუტის არსებობაზე. სტუდენტები შეხვედრაზე უნივერსიტეტის ადმნისტრაციის მხრიდან “ოდეერის” არსებობის დადასტურებას მოითხოვდნენ.

საუბარი შეეხო ყოფილ კანცლერს ედიშერ ჩავლეიშვილს და მის ნებაყოფილობით გადადგომას. ერთ-ერთი სტუდენტის მტკიცებით, ვიდრე კანცლერი გადადგომაზე განცხადებას დაწერდა, ერთი-ორი დღით ადრე იგი უნივერსიტეტის ეზოში დემონსტრაციულად ესაუბრებოდა შეიარაღებულ ენრიკო დევაძეს, პირს რომელზეც ამბობენ, რომ იგი ბსუ-ს “ოდეერია“.

დაისვა კითხვა, თუ რატომ აიყვანა თანაშემწედ ახალმა კანცლერმა უკვე ყოფილი კანცლერი და ამით შექმნა ახალი შტატი.

შეხვედრის ამ ნაწილის სადისკუსიო რეჟიმში, ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ხალვაშმა აღნიშნა, რომ ის ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, ასრულებს თუ არა ენრიკო დევაძე უშიშროების სამსახურის დავალებებს, რადგან ის არც უნივერსიტეტის შტატში ფიქსირდება და არც ზეწოლა განხორციელებულა მისი მხრიდან.

რაც შეეხება სტუდენტების შენიშნვნას, რომ ენრიკო დევაძე უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდება, მან აღნიშნა, რომ არასდროს შეუნიშნავს ენრიკო დევაძე ცეცხლსასროლი იარაღით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.

ამ საკითხს გამოეხმაურა ბსუ-ს ლექტორი არმაზ კახიძე, რომელმაც თავდაპირველად რამდენჯერმე გაიმეორა, რომ „ეს პრობლემა აღარ დგას“, ხოლო სტუდენტების რეაქციის შემდეგ სიტყვაზე – “აღარ”, მან აღნიშნა რომ ასე არ უთქვამს და მსგავსი პრობლემა არც არასდროს მდგარა.

საკითხს გამოეხმაურა უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ბსუ-ს ლექტორი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი მასალკინიც, რომელმაც თვითმმართველობის წარმომადგენელ დამსწრე სტუდენტებს მიმართა, რომ მათ უნდა მიეცათ დამსწრეთა პოზიციების გაცნობის საშუალება და ასევე დასძინა, რომ უსაფრთხოების სამსახურის უნივერსიტეტში ყოფნას არ ეწინააღმდეგება იმ შემთხვევაში, თუ მისი ვინაობა ცნობილი იქნება და ის არ ჩაერევა უნივერსიტეტის შიდა პოლიტიკაში. მან ასევე აღნშნა, რომ წინააღმდეგია უნივერსიტეტს ტერტორიაზე ნებისმიერი პირის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგლებსა.

გიორგი მასალკინი
გიორგი მასალკინი

გიორგი მასალკინმა ასევე გაიხსენა, რომ ედიშერ ჩავლეიშვილს კანცლერობის დროს დაუდგენელ პირთა დავალებით გაჰყავდა სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები სხვადასხვა მიტინგებზე. მასალკინის თქმით ჩავლეიშვილმა ხელისუფლების შეცვლის შემდგომაც არ აღიარა თუ ვის დავალებას ასრულებდა და ისე დატოვა თანამდებობა. მასალკინმა გაიხსენა ძველი ისტორიაც, როდესაც სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში ერთ-ერთ კანდიდატზე “ოდეერის” მხრიდან განხორციელდა ზეწოლა, რის შედეგადაც მან კანდიდატურა მოხსნა. თუმცა, როგორც მასალკინმა აღნიშნა, ეს იყო უნივერსტეტის ძველი გამოცდილება და ახლა ბსუ-ში მხოლოდ პიროვნულ დონეზე დგას თავისუფლების შენარჩუნების საკითხი.

უფრო დაძაბული აღმოჩნდა შეხვედრის ის ნაწილი, რომელიც ბსუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობის საქმიანობის განხილვას მიეძღვნა.

სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების გაღიზიანება გამოიწვია ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომაროს უჩა აბრამიშვილის მმართველი პარტიის მხარდასაჭერ აქტიურობას, როცა 2012 წელს აბრამიშვილი ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაისურში მხარს უჭერდა მაშინდელ მმართველ პარტიას თვითმმართველობის სხვა წევრებთან ერთად.

მომხსენებელ, სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის წევრ თამარ ბაუჟაძეს უჩა აბრამიშვილმა კონტრ-ბრალდებით უპასუხა და აღნიშნა, რომ იმ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ სწორედ აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრები დიანა და თამარ ბაუჟაძეები.

გარდა ამისა, სტუდენტური თვითმმართველობის წევრმა მინურ პაქსაძემ სანიციატივო ჯგუფის წევრ გიორგი ბაგრატიონს შეახსენა, რომ იგი სწორედ იმ თვითმმართველობის პრეზიდენტობისთვის იყრიდა კენჭს, რომლის გაუქმებასაც დღეს ითხოვს.

თვითმმართველობის წევრების მხრიდან გაისმა ბრალდება გოჩა სურგულაძის [ბსუ-ს ყოფილი სტუდენტი, ამჟამად თსუ-ს მაგისტრანტი, რომელიც მოძრაობა „აუდიტორია #115“-ის წარმომადგენლის სტატუსით ესწრებოდა შეხვედრას] და საინიციატივო ჯგუფის მიმართ, რომ ისინი წლების განმავლობაში „პროვოკაციებისა და კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებდნენ“. უჩა აბრამიშვილი მოუწოდებდა მათ გაეხსენებინათ ერთი ფაქტი, როდესაც სათანანმშრომლოდ, რაიმე ინიციატივით შესულან მის კაბინეტში.

თვითმმართველობის მხარდამჭერებმა სტუდენტურ საინიციატივო ჯგუფს ათეიზმსა და მარქსისტობაში დასდეს ბრალი.

შეხვედრაზე ურთიერთშეურაცხმყოფელი ბრალდებებიც გაჟღერდა. როგორც გოჩა სურგულაძემ საჯაროდ განაცხადა, უჩა აბარამიშვილი აგინებდა მათ, ვისაც ის „ოდეერი“ ჰგონია, რაზეც აბრამიშვილმა უპასუხა, რომ ვინც იმსახურებს, მას შეაგინებს კიდევაც. სტუდენტური თვითმმართველობის წევრი ლაშა ბობოხიძე რამდენიმე სტუდენტს ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრა. უჩა აბრამიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „შეაკვდება და უნივერსიტეტში მარქსიზმის ბუდეს არ გაახსნევინებს არავის“.

უნივერსიტეტს დაამთავრებთ და მორჩება, მერე სად მიდიხართ, ყველანი უფლის წინაშე უნდა წარვსდგეთ! – ასე მიმართა სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა გოგონამ სტუდენტური ინიციატივის ჯგუფის წევრებს.

საბოლოოდ დაპირისპირების განსამუხტად აკადემიური საბჭოს წევრმა გულიკო შერვაშიძემ სტუდენტებს სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რასაც რექტორიც დაეთანხმა.

შეხვედრის ბოლოს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა მანიფესტი წაიკითხა, რის შემდეგაც ბსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ დემონსტრაციულად დატოვა 55-ე აუდიტორია შეძახილით: „გაუმარჯოს თვითმმართველობას, ძირს ათეისტები!“

შეხვედრის თითქმის სრული ვიდეოჩანაწერი “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა” მოამზადა. იხილეთ ვიდეომასალა:

დღეს მხარეთმცოდნეობის განახლებული მუზეუმი გაიხსნება

დღეს 22 მარტს, 13:00 საათზე, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის განახლებული მუზეუმი გაიხსნება. ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია  2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, მუზეუმის რეაბილიტაციისთვის 770 000 ლარი დაიხარჯა.

„განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია, დაემატა საექსპოზიციო დარბაზები, ეზოში  აშენდა სამსართულიანი ადმინისტრაციის შენობა, მოწესრიგდა  და  კეთილმოეწყო ეზო. განახლებულ მუზუმში შესაძლებელი გახდა გამოფენილიყო საცავებში არსებული  უნიკალური ექსპონატები და ხელნაწერი წიგნები.“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი  1908 წელს დაარსდა, მასწავლებელთა ჯგუფის ინიციატივითა და ბათუმის საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით, როგორც სასკოლო მუზეუმი.

1912 წლის 15 ოქტომბერს საქალაქო საბჭოს დადგენილებით კი იგი საქალაქო მუზეუმად გადააკეთეს. 1925 წლიდან გადააკეთეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმად. იმავე წელს გადაიტანეს ყოფილ სამხედრო ტაძარში, სადაც იყო 1930 წლამდე. სინესტის გამო ამ ტაძარში ბევრი ექსპონატი გაფუჭდა, ამიტომ 1930 წლის 25 იანვრიდან მუზეუმი ხაზინის შენობაში მოათავსეს.

„ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის  მუზეუმი ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. აქ დაცულია 180 000-მდე ექსპონატი: უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები, მუზეუმის ოქროს საგანძურებში თავმოყრილია ასზე მეტი დასახელების ნივთი“.

ხელნაწერთა ფონდში დაცულია 2000-ზე მეტი იშვიათი ხელნაწერი ქართულ, რუსულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა ენებზე, მუზეუმის ბიბლიოთეკაში ინახება 63 000 წიგნი სხვადასხვა ენაზე. მათ შორის ბევრი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.

 

“მე მაქვს ოცნება, რომ თვითმმართველობა აღარ იქნება საერთოდ ბსუ-ში!!!!”

ავტორი: დავით ფარტენაძე, ბსუ-ს სტუდენტი

მე მაქვს ოცნება, რომ ჩვენმა უნივერსიტეტმა ერთხელ მაინც გააკეთოს ადექვატური რეაქცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. უნივერსიტეტს უნდა გამოეთქვა საკუთარი აზრი თსუ-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

მე მაქვს ოცნება, რომ სტუდენტთა და ლექტორთა ნიჰილიზმით არ დავღუპავთ საერთო საუნივერსიტეტო საქმეს.

მე მაქვს ოცნება, რომ თვითმმართველობის წევრები აღარ წავლენ გაეროს მოდელირებაზე ვენაში, სადაც მათზე 5 000 ლარი იხარჯება და აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, არ არის წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულება.

მე მაქვს ოცნება, რომ თვითმმართველობა აღარ იქნება ჩვენ მიერ გადახდილი თანხების მფლანგველი.

მე მაქვს ოცნება, რომ ჩვენ მიერ გადახდილი თანხებით ვერ მოიწყობს თვითმმართველობა კომფორტს.

მე მაქვს ოცნება, რომ ჩვენ მიერ გადახდილი თანხებით აღარ დაფინანსდება უაზრო ექსკურსიები.

მე მაქვს ოცნება, რომ თვითმმართველობის ელიტიზმს ბოლო მოეღება.

მე მაქვს ოცნება, რომ თვითმმართველობა აღარ იქნება პარტიული დანამატი ნებისმიერი მმართველი პარტიისთვის.

მე მაქვს ოცნება, ეკლესიების მშენებლობაზე სტუდენტთა წასხმით აღარ შევქმნით ახალ ჭაღალიძეებს, რომლებიც შემდეგ თავის მოჭრით ვეღარ დაგვემუქრებიან სირიიდან.

მე მაქვს ოცნება, რომ უნივერსიტეტი თანაბრად მოექცევა ყველა აღმსარებლობის სტუდენტს.

მე მაქვს ოცნება, რომ თვითმმართველობა ბექა მაკარაძეს, ჩემს თანატოლს, კარგ ბიჭს, აღარ დაუძახებს ბატონო ბექას.

მე მაქვს ოცნება, რომ თვითმმართველობის მიერ გაჩენილი უფსკრული სტუდენტებს შორის ამოიყორება.

მე მაქვს ოცნება, რომ სტუდენტთა უთანასწორობა 0-ს გაუტოლდება!

მე მაქვს ოცნება, რომ საქართველოს აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვერ მოხვდება ის, რომ 22 ათასი ლექციიდან 6 ათასი მოგვპარეს ლექტორებმა.

მე მაქვს ოცნება, რომ ოდეერად მხილებული პირის ნათესავები ვეღარ მიიღებენ აკადემიურ ხარისხს მხოლოდ იმიტომ, რომ ოდეერის ნათესავები არიან!

მე მაქვს ოცნება, რომ ვისწავლო ისეთ უნივერსიტეტში, სადაც ლექტორი ნიშნის სანაცვლოდ თმების გადაპარსვას არ მოსთხოვს სტუდენტებს.

მე მაქვს ოცნება, რომ იგივე ლექტორები არ ჩაერევიან თვითმმართველობის თუ სხვა არჩევნებში და სტუდენტებს ხმას მათთვის სასურველ კანდიდატისთის აღარ მიაცემინებენ.

მე მაქვს ოცნება, რომ ეს ლექტორები ვეღარ ჩაასწორებენ უწყისებს და მაქვს ოცნება, რომ ეს ლექტორები არ შეუქმნიან უთანასწორო პირობებს სტუდენტებს.

მე მაქვს ოცნება, რომ ესეთი ლექტორები აღარ იქნებიან ბსუ-ში!!!!

მე მაქვს ოცნება, რომ თვითმმართველობა აღარ იქნება საერთოდ ბსუ-ში.!!!!

კოტ-დივუარის მოქალაქის დაუსრულებელი საქმე ბათუმის სასამართლოში

კოტ-დივუარის მოქალაქის, ა.მ.-ს საქმის განხილვის გადადება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს 21 მარტს კიდევ ერთხელ იმის გამო დასჭირდა, რომ ბრალდებულის ადვოკატი რამინ პაპიძე სხდომაზე არ გამოცხადდა. სხდომას არც ბრალდებული ესწრებოდა და პროკურატურის ცნობით, მათთვის უცნობია ბრალდებულის ადგილსამყოფლის შესახებ.

ა.მ.-ს საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მესამე წელია განიხილება. პროკურატურა თაღლითობაში ბრალდებულ პირებს დიდი ოდენობით თანხის, 92 ათასი ევროს, მითვისებას ედავება. საქმე უცხო ქვეყნიდან ტკბილეულის შემოტანას უკავშირდება. საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული კოტ-დივუარის მოქალაქეა. პროკურატურისგან ბრალის წარდგენის შემდეგ ა.მ. 9 თვის მანძილზე წინასწარ პატიმრობაშიც იმყოფებოდა, თუმცა მისი ბრალეულობის ან უდანაშაულობის დამტკიცება ვერ მოხერხდა. ამავე საქმეზე უკვე სასჯელს იხდის საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებმაც ბრალი აღიარეს. როგორც სასამართლო სხდომაზე აღინიშნა, კოტ-დივუარის მოქალაქე დღემდე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

მოსამართლე დღევანდელ სხდომაზე დაეთანხმა პროკურორ გიორგი რამიშვილის შუამდგომლობას და ა.მ., როგორც უცხოეთის მოქალაქე, აუცილებელი სახელმწიფო დაცვით ისარგებლებს.

ადვოკატმა რამინ პაპიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის მოუცლელობის გამო ვერ დაესწრო სხდომას და სახელმწიფოსგან დანიშნულ ადვოკატთან ერთად, განაგრძობს ბრალდებულის ინტერესების დაცვას. ადვოკატის ინფორმაციით, ა.მ.-ს ქართველი ცოლი ყავს და თბილისში იმყოფება. „წინასწარ პატიმრობის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, მას სასამართლომ აღკვეთის სახით ღონისძიება, ორი ათასი ლარი გირაო შეუფარდა. მას საზღვრის დატოვების უფლება არ აქვს“ – ამბობს რამინ პაპიძე.

რადგან ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება, სასამართლომ გონივრულ ვადაში უნდა განიხილოს საქმე. რა პერიოდს მოიცავს “გონივრული ვადა” – ამას კანონმდებლობა არ აკონკრეტებს. აფრიკის სახელმწიფოს მოქალაქეს ბრალი 2014 წლის შემოდგომაზე წაუყენეს.

ტყის დღე და გამწვანების აქცია ქობულეთში

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინფორმაციით, დღეს 21 მარტს, ტყის საერთაშორისო დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თიკერში, ქობულეთის სატყეო სააგენტოს,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და სასტუმრო „შერატონის“ წარმომადგენლებმა სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე, აკაციის, ცაცხვის, იაპონური მუხის, ფიჭვის და რცხილის  1000-მდე ნერგი დარგეს.

„21 მარტი ტყეების საერთაშორისო დღედ, 1971 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ გამოცხადდა და მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტყის მნიშვნელობის თაობაზე და განადგურებული ტყის აღდგენა“- ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ ამ დღესთან დაკავშირებით აჭარის სატყეო სააგენტოების (ქობულეთი, ხულო, შუახევი, ქედა,ხელვაჩაური) ხუთივე მუნიციპალიტეტში დაგეგმა გამწვანების აქცია: „დარგავენ კრიპტომერიის, ფიჭვის, მუხის, აკაციის, ცაცხვის, იაპონური მუხის, რცხილის და კედარის, სულ 1350 ძირს ხეს. ამ დღეს დაითესება სპეციალურად მომზადებულ ტერიტორიაზე კედრის ჯიშის თესლი“.

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტი, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრას იწყებს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების მიზანია გამგეობებისთვის აჭარის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N-25 განკარგულებით დამტკიცებული ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და ეკომიგრანტთა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ გაცნობა.
პირველი შეხვედრა გაიმართება 22 მარტს, 11:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

სასწრაფოდ იყიდება სასტუმროს ტიპის, ახალგარემონტებული ბინა „ორბი პლაზაში“

სასწრაფოდ იყიდება სასტუმროს  ტიპის, ახალგარემონტებული ბინა „ორბი პლაზაში“, ზღვის ხედით.  აბაზანაში დაგებულია იტალიური  კაფელ-მეტლახი, არის გერმანული შემრევები, იტალიური საშხაპე კაბინა,  ახალი ავეჯი და ტექნიკა. შეყვანილია   ინტერნეტი. სახლი მდებარეობს ახალ  ბულვარში, ევროპარკის წინ, ზღვიდან 50 მეტრში. სახლი უზრუნველყოფილია 24-საათიანი დაცვითა და ვიდეომეთვალყურეობით. მეპატრონის თანხმობის შემთხვევაში ბინას ადმინისტრაცია გააქირავებს მთელი წლის  განმავლობაში.

samaklero.ge

5a

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მანიფესტი

21 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში გაიმართა საჯარო შეხვედრა სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის სხვადასხვა წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „აუდიტორია #115“ -ის წევრები. შეხვედრის ბოლოს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა შეჯამების სახით სტუდენტური მანიფესტი წარმოადგინა, რომლის ტექსტსაც „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ. მანიფესტს არ უერთდება ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი სრულიად ვიზიარებთ მოძრაობა „აუდიტორია #115“-ის მიერ წარმოდგენილ მანიფესტს, რომელიც ითვალისწინებს განათლების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმირებას და მასში სტუდენტების უშუალო მონაწილეობას. მიგვაჩნია რა, რომ ეს პროცესები არ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით, არამედ ის სცდება მის ფარგლებს და ვრცელდება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე.

ჩვენს წინაშე მდგარი პრობლემათა ჯაჭვი პირდაპირ კავშირშია დღეს არსებულ განათლების სისტემასთან, რომელიც არ აძლევს უნივერსიტეტს რეალურ ავტონომიას და შესაბამისად ის ვერ იქნება სტუდენტებისა და ლექტორების აკადემიური თავისუფლების გარანტი.

წლების განმავლობაში ეს მანკიერი სისტემა იწვევდა რიგ პრობლემებს, რომლებმაც კიდევ უფრო მეტად ჩაკეტა საუნივერსიტეტო სივცრცე თავისუფალი, კრიტიკული აზრისაგან და ძალოვანი სტრუქტურებისა თუ პარტიული მუშაკების ჩარევით მთლიანად დაუქვემდებარა ის მმართველ პარტიებსა თუ სხვა პრივილეგირებულ პირებს. შესაბამისად, დღეს უნივერსიტეტი იქცა მმართველი ძალების/პარტიის პოლიტიკური ინტერესების გამტარად საზოგადოებაში თუ პოლიტ. ცხოვრებაში.

დღევანდელ შეხვედრაზე წარმოებული პროცესი ცხადყოფს, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღემდე არსებობს ზემოთხსენებული პრობლემები და სისტემა კვლავაც განაგრძობს ძალადობას თავისუფალ აზრზე/სივრცეზე. ვფიქრობთ, რომ დღეს განხილული საკითხები მნიშვნელოვანი უნდა იყოს ბსუ-ს სტუდენტებისა და ლექტორებისათვის, საკითხები, რომლებიც დღემდე გამოუძიებელია ან კითხვის ნიშნებს ბადებს. კერძოდ:

1. 2007 წლის 8 ნოემბერს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, მოხდა სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრა, რამაც გამოიწვია სასწავლო პროცესის ჩაშლა და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, რომლებიც სოლიდარობას უცხადებდნენ 7 ნოემბრის აქტივისტებს. ამ დღეს ძალოვანი სტრუქტურების წარმოამდგენლებმა მშვიდობიანი საპროტეტსქტო აქციის მოანწილეები და სხვა სტუდენტები რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბიეს.

2. უნივერსიტეტში ფიქსირდება შეიარაღებული პირი, რომელიც ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ ის არის ე. წ. „ოდეერი“. აღიძრას საქმე უნივერსიტეტში იარაღის ტარების უფლებაზე.

3. თვითმმართველობის პრივილეგირებული პირების მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივი ფლანგვა, არასაგანმანათლებლო, მათ შორის ისეთ ღონისძიებებში, რომლებიც სწორხაზოვნად ეწინააღმდეგება სეკულარიზმის პრინციპს.

ამის გათვალისწინებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი მოვითხოვთ, ზემოთაღნიშნული პუნქტების სასწრაფო გამოძებისათვის სპეციალური კომისიის შექმნას და საქმის ობიექტურობისა და გამჭვირვალობისათვის მესამე სექტორის წარმომადგენლების ჩართულობას.

ჩვენი ძირითადი მოთხოვნები გარდა გამოძიებისა არის შემდეგი:

1. მოხდეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც უშიშროების საკითხის მოკვლევა, რომელშიც ჩაერთვებიან დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფები;

2. მოხდეს თვითმმართველობის რეფორმირება; ჩვენ მოვითხოვთ ამ პროცესებში ჩართულობას, კომისიის შემადგენლობაში შესვლას, სადაც დაცული იქნება ძალთა ბალანსი მხარეებს შორის;

3. მოხდეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებში ვიდეოთვლებისა და მოსასმენი აპარატების დემონტაჟი, რომელიც ლახავს სტუდენტებისა და ლექტორების უფლებებს;

4. მოხდეს წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოს რეფორმირება;

5. შეიქმნას სტუდენტებისა და ლექტორებისგან დაკომპლექტებული დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც განიხილავს და იმსჯელებს საუნივერსიტეტო სივრცეში არსებულ ყველა იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომლებიც შეეხება უნივერსიტეტს.

წარმოდგენილი მოთხოვნების შესახებ ეფექტური რეაგირება ადმინისტრაციის მხრიდან უნდა მოხდეს „აუდიტორია #115“-ის მიერ შემუშავებული მანიფესტის პარალელურად, საქართველოს განათლების სამინისტროსათვის მიცემულ ვადებში. ჩვენი მოთხოვნების იგნორირების ან არაობიექტური გამოძიების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფი იტოვებს უფლებას შეუერთდეს სტუდენტთა მასობრივ გაფიცვას“.

ბათუმში ქირავდება [ხანგრძლივად] კეთილმოწყობილი ბინა

ქირავდება (ხანგრძლივად) კეთილმოწყობილი ბინა, უზრუნველყოფილი ავეჯით, ტექნიკით. ფასი: 300  დოლარი.

samaklero.ge

4a

ბათუმის ცენტრში, ზღვიდან 300 მეტრში, იყიდება ბინა

იყიდება 90 კვ.მ ბინა ზღვიდან  300 მეტრში, ქალაქის ცენტრში, ბინა არის ნორმალურ მდგომარეობაში  და ექვემდებარება განახლებას. ბინას  აქვს გამრჭოლი ფანჯრებით, აივანი ეზოს მხარეს. ფასი: 64 000 აშშ დოლარი.

samaklero.ge

3a

 

სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყოფილი სტუდენტი – მეგი გიორგაძე უსაფუძვლო გამდიდრებაში სდებს ბრალს. მეგიმ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა მის ოჯახში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ და ნივთების გაყიდვა აიძულეს. უნივერსიტეტის ყოფილ სტუდენტს ორი წლის საფასური, 2625 ლარის გადახდა მოუწია, თუმცა მეგის უნივერსიტეტში ორი წელი არ უვლია.

„თუ სტუდენტს უნივერსიტეტში არ უვლია, გადასახადი რისთვის გადაახდევინეთ?“ – ამ შეკითხვით მიმართა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ უნივერსიტეტის იურისტს, ლია გაბაიძეს. მან სასამართლოს დაუდასტურა სტუდენტის ნათქვამი იმის შესახებ, რომ მეორე კურსიდან მეგი ლექციებს არ დასწრებია და არც რომელიმე გამოცდაზე გასულა. „მას აქვს საშუალება სწავლას დაუბრუნდეს მეორე კურსიდან“ – უპასუხა მოსამართლეს ლია გაბაიძემ.

„ვიყავი უნივერსიტეტში, მაგრამ სრულყოფილი პასუხი ვერავინ გამცა. ვერც ის გავიგე, რის გამო გადამახდევინეს ფული“ – ამბობს უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი.

მეგი გიორგაძემ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა მეორე კურსიდან, 2008 წელს შეწყვიტა. უნივერსიტეტმა სწავლის ორი წლის საფასურის ამოღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, რომელმაც გადაწყვეტილება მეგი გიორგაძის დასწრების გარეშე მიიღო და უნივერსიტეტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

„როგორც აღმოჩნდა, სასამართლოდან უწყისი უცნობ პირს ჩაბარდა. სასამართლო ექსპერტიზით დადგინდა, რომ მეგის ნაცვლად სხვა პირმა მოაწერა ხელი უწყისის მიღებას. სასამართლო გადაწყვეტილება იძულების წესით აღსრულდა“ – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ გიორგაძემ, სტუდენტის ადვოკატმა. მეგი გიორგაძის თქმით, მას სწავლის შეწყვეტა ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოუხდა: „ძმა გარდაიცვალა, მერე მუშაობა დავიწყე და სწავლის გაგრძელება აღარც მიცდია. პირველ კურსზე დავდიოდი უნივერსიტეტში და ამ საფასურის ნაწილი გადახდილი მქონდა“.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა. „უნივერსიტეტში მითხრეს, რომ ვერც მეორე კურსიდან შევძლებ სწავლის გაგრძელებას, რადგან სწავლის სისტემა შეიცვალა და კრედიტების რაოდენობა ვერ დაემთხვევა ერთმანეთს“ – უთხრა მოსამართლეს მეგი გიორგაძემ, თუმცა ის მორიგების მცდელობას მაინც დათანხმდა.

რას სთავაზობს თავად სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილ სტუდენტს, უკვე გადახდილი თანხის სანაცვლოდ, ჯერ უცნობია. „ჩვენ გვჭირდება დრო, რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია“ – უთხრა სასამართლოს უნივერსიტეტის იურისტმა ლია გაბაიძემ.

 

 

 

დაუნის სინდრომის მქონე პატარები გასართობ ცენტრში

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანმა“ გასართობ ცენტრ „დისნეი ლენდში“ დაუნის სინდრომის მქონე 12 ბავშვს უმასპინძლა. შემდეგ კი, ბავშვები ფონდ „დიაკონიას“ მიერ გამართულ კონცერტზე წაიყვანეს ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში.

„ჩვენი ორგანიზაცია აპირებს შაბათ-კვირას ჩვენს აღსაზრდელებთან ჩართოს ეს პატარებიც სასწავლო პროცესში, სადაც  მათ შეასწავლიან ხატვას და სიმღერას. ჩვენ უნდა დავარღვიოთ დაუნის სინდრომთან დაკავშირებული სტიგმები და უნდა მოხდეს ამ ბავშვების ინტეგრირება საზოგადოებაში“ – გვეუბნება საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანის“ ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე.

 

სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ

დღეს 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კერძო სკოლა „იმედის“ მოსწავლეებმა „ამერიკულ კუთხეში“ კონფერენცია გამართეს.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა წყაროებიდან მოწოდებული მასალები დაუნის სინდრომის შესახებ და ასევე ისაუბრეს იმ სტერეოტიპებზეც რომელიც საზოგადოებაშია ამ სინდრომთან დაკავშირებით.

მოსწავლეები ადრე დაუნის სინდრომის მქონე  ბავშვებსაც შეხვდნენ, ჩაქვის სარეაბილიტაციო ცენტრში. დღეს კი ისაუბრეს იმ  განმავითარებელ პროგრამებზეც,  რომლითაც  დაუნის სინდრომის მქონე პირები სარგებლობენ.

 

IMG_7445
მოსწავლეთა კონფერენცია „ამერიკულ კუთხეში“

„თემის შერჩევა მოხდა ბავშვების ინიციატივით, ეს დაიგეგმა იანვარში, მეორე სემესტრიდან და მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროცესში. თავიანთი ინიციატივით  გააკეთეს გამოკვლევები, დასკვნები  და წარმოადგინეს დღეს“- ამბობს ინგა ჩხაიძე, ბიოლოგიის მასწავლებელი.

მასწავლებლის თქმით, მოსწავლეები დაუნის სინდრომით  საგაკვეთილო მასალის შესწავლის პროცესში დაინტერესდნენ: „ბავშვებმა გადაწყვიტეს, რომ უფრო სიღრმისეულად ჩაწვდომოდნენ ამ საკითხს“.

„ამ კვლევებით ძალიან ბევრი რამ გავიგეთ დაუნის სინდრომის შესახებ, გავიგეთ სარეაბილიტაციო ცენტრის დანიშნულება, დიაგნოსტიკა როგორ ხდება, რაც აქამდე არ ვიცოდით, დამოკიდებულებაც  შეგვეცვალა და უფრო დავაფასეთ „მზის შვილები“, მათი სიყვარული და მათი მეგობრობა, რადგან დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებიც ჩვენნაირები არიან და ვფიქრობ საზოგადოებამაც უნდა მიიღოს ისინი როგორც თანასწორნი“ – გვეუბნება მე-11 კლასის მოსწავლე, მეგი ინაიშვილი.

„გიყვართ კომიქსები? – შემოგვიერთდით“

„გიყვარს კომიქსები? – შემოგვიერთდით“, ამ სლოგანით იმართება შეხვედრა ხვალ, 22 მარტს, 5 საათზე ბათუმის ამერიკულ კუთხეში, სადაც ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე დემიენ უომპლერი ამერიკული კომიქსების შესახებ ისაუბრებს.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

გია მასალკინი: „არ ვარ წინააღმდეგი უსაფრთხოების სამსახური იყოს უნივერსიტეტში“

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, „რესპუბლიკელმა“ გია მასალკინმა ამ წუთებში ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მიმდინარე დისკუსიის ფარგლებში განაცხადა, რომ ის „თანახმაა უშიშროება იყოს უნივერსიტეტში“. მასალკინის თქმით, „ის [უსაფრთხოების სამსახური] შიდა პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს და ოფიციალურად გაცხადებულად უნდა იყოს.

20160321_160544ბსუ-ში უსაფრთხოების სამსახურის ყოფინის აუცილებლობა გია მასალკინმა ასე დაასაბუთა: „ფიზიკოსები და ქიმიკოსები აქ ლაბორატორიაში რას შექმნით და მერე ვისი დაზვერვა მოვა, რუსეთის თუ ჩინეთის და რას იზამს ეგ ხომ არ ვიცით. ამიტომ უნდა იყოს უშიშროება უნივერსიტეტში. მაგრამ გაცხადებულად უნდა ვიცოდეთ, რომ მას ეხება უშიშროების საკითხები და არ უნდა ერეოდეს შიდა პოლიტიკაში. ასევე დაუშვებელია იარაღით გადაადგილება ეს საკითხი უნდა იყოს გამოძიებული“.

გია მასალკინს დღევანდელ შეხვედრაზე სხვა რეკომენდაციებიც ჰქონდა სტუდენტებისთვის: „თავისუფლება პიროვნულ დონეზე წყდება, არ უნდა მისცეთ უფლება თქვენი ნების საწინააღმდეგო ქმედებები ჩაგადენინონ. თვითმმართველობას სტუდენტები ირჩევთ, ადექით და აირჩიეთ კარგი თვითმმართველობა. დღეს არ არის იმ ტიპის ზეწოლა რაც წინა ხელისუფლების დროს იყო“.

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით ბსუ-ში მიმდინარეობს დისკუსია სახელწოდებით, „რეალური ავტონომია უნივერსიტეტს“.

რა პრობლემები გამოავლინა საერთაშორისო კვლევამ სკოლებში

საერთაშორისო კვლევის მიხედვით, სკოლებში დღეს მუშაობს იმაზე მეტი მასწავლებელი, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს. მასწავლებლების უმრავლესობას აქვს ვიწრო სპეციალიზაცია, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან და ატარებენ უფრო ნაკლებ დროს სკოლაში. „ჩვენ გვჭირდება საპირისპირო მდგომარეობა. მრავალმხრივი სპეციალობის პედაგოგები, რომლებიც ერთზე მეტი საგნის სწავლებას შეძლებენ, იმუშავებენ სრული დატვირთვით და მიიღებენ კარგ ანაზღაურებას“, – აცხადებს კვლევის ეროვნული კოორდინატორი, ნათია ანდღულაძე. რა სჭირდებათ პედაგოგებს საქართველოში და რა სისტემური პრობლემები აჩვენა კვლევამ?

სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ასპექტებს, პირველად ჩატარდა. კვლევა ეხება პედაგოგების პროფესიულ განვითარებას, შეფასებას, უკუკავშირს, პროფესიითა და სამუშაო ადგილით კმაყოფილებას, ღირებულებებს, დამოკიდებულებებსა და კიდევ ბევრ სხვა ფაქტორს. კვლევაში საქართველოს გარდა 35 ქვეყნის ასი ათასზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა.

კვლევა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (TALIS) ჩაატარა. საქართველოდან კვლევაში ჩართული იყო 400 სკოლა – აქედან 24 კერძო, ოთხი კი აზერბაიჯანული სკოლაა. კვლევაში მონაწილეობდა საბაზო საფეხურის 2759 და საშუალო საფეხურის 2799 პედაგოგი.

კვლევის ეროვნული კოორდინატორის, ნათია ანდღულაძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ამ კვლევის დროს გამოიკვეთა, არის ის, რომ საქართველოში მასწავლებელთა დიდი ნაწილი (52%) ნახევარგანაკვეთზე მუშაობს. ამ პრობლემით ყველაზე ახლოს ვართ ბრაზილიასთან და მექსიკასთან, სადაც მასწავლებელთა 60 პროცენტი ნახევარგანაკვეთზე სურვილის წინააღმდეგ  მუშაობს. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კი – 17 პროცენტი.

„შესაბამისად, ანაზღაურებასაც იღებენ ნახევარს. ამიტომ მასწავლებლები დასაქმების სხვა შესაძლებლობებს ეძებენ, რადგან რესურსი შეზღუდულია, ისინი იწყებენ რეპეტიტორობას. ნაცვლად იმისა, რომ მთელი რესურსით ინტეგრირებულნი იყვნენ სკოლაში“, – ამბობს ნათია ანდღულაძე.

როგორც კვლევა აჩვენებს, ნახევარგანაკვეთზე პედაგოგების მუშაობა იმით არის გამოწვეული, რომ პედაგოგები სკოლაში მუშაობას საპენსიო ასაკშიც აგრძელებენ – მათთვის სოციალური გარანტიები, უბრალოდ, არ არსებობს.

„ხანდაზმული მასწავლებლების წილი ქართულ სკოლებში სხვა ქვეყნებთან შედარებით, უპრეცედენტოდ მაღალია“, – ამბობს ნათია ანდღულაძე. შესაბამისად, სკოლაში აღარ შედიან ახალი პედაგოგები.

კვლევაში მონაწილე თბილისის 82-ე სკოლის დირექტორის, ეკატერინე კვირიკაშვილის თქმით, „დირექტორი ღრმად მოხუცებულსაც კი ვერ ათავისუფლებს სკოლიდან, თუ თავად არ გამოთქვა სურვილი. ესეც იმ შემთხვევაში ხდება, თუ მის ნაცვლად დასაქმდება მისივე ოჯახის წევრი, სხვა შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალია“.

ნათია ანდღულაძის თქმით, ახალგაზრდა პედაგოგები სკოლებში, ძირითადად, ინგლისური მასწავლებლების ხარჯზე შემოიყვანეს. „ესეც გამოიწვია კურიკულუმის ცვლილებამ, რადგან სკოლებში ინგლისურის საათების რაოდენობა გაიზარდა“.

ნათია ანდღულაძის შეფასებით, სახელმწიფოს უნდა აინტერესებდეს ჰყავდეს მასწავლებელი, ვისაც რამდენიმე საგანში შეუძლია გაკვეთილის ჩატარება, როგორც ეს უცხოეთის სკოლებშია, სადაც მასწავლებელთა 44 პროცენტი სხვადასხვა საგანს ასწავლის.

ნათია ანდღულაძე. კვლევის ეროვნული კოორდინატორი
ნათია ანდღულაძე. კვლევის ეროვნული კოორდინატორი

ნათია ანდღულაძე: „ნორვეგია უფრო შორს მიდის, იქ ერთ მასწავლებელს მე-9 კლასის ჩათვლით შეუძლია ასწავლოს თითქმის ყველა საგანი. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ შუალედური, როცა მასწავლებელს შეეძლება მონათესავე საგნების სწავლება. ვთქვათ, ქიმია-ბიოლოგიის ან მეთამატიკა-ფიზიკის და ა.შ. დღეს არაფერი კეთდება, რომ გადამზადდეს კადრები ამ მიმართულებით, ვისაც უნარი და სურვილი აქვს.“

ამისთვის განათლების სამინისტროს დასჭირდება ახალი პროგრამები, სამოტივაციო პაკეტი მასწავლებლებისთვის. სპეციალისტის თქმით, ამით მოიგებს არა მარტო სახელმწიფო (უფრო ნაკლები მასწავლებელი ეყოლება და დახარჯავს ნაკლებ რესურსს), ასევეპედაგოგიც, რომელსაც მაღალი ანაზღაურება და სოციალური გარანტიები ექნება.

კვლევის ასპექტები მოიცავდა სკოლების ავტონომიურობის საკითხსაც. გამოკითხული პედაგოგების აზრით, სამინისტრო ზედმეტად ზღუდავს პედაგოგებს.

„მასწავლებელს უნდა ჰქონდეს საშუალება, კონკრეტული კლასის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით შეარჩიოს ტექსტები. ეს ჩვენს პირობებში რთულია, რადგან მეტისმეტად ბევრს მკარნახობს საგნობრივი სტანდარტი და პროგრამა“, –  ამბობს თბილისის ვალდორფის თავისუფალი სკოლის მასწავლებელი, ნინო ლომიძე.

პედაგოგ გიორგი ჭაუჭიძის აზრით კი, „დღეს მასწავლებლების მიმართ ტოტალური უნდობლობაა, – განათლების სამინისტრო აკონტროლებს იმასაც კი, თუ რამდენი ნიშანი უნდა დაწეროს მასწავლებელმა ერთ გაკვეთილზე“.

კვლევის მიხედვით, მაღალი ავტონომია აქვთ სკოლებს სინგაპურში, ავსტრალიაში, ესტონეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში. აშშ, კორეა, იაპონია, პოლონეთი, ლატვია, ბულგარეთი და სერბეთი კი საშუალო ავტონომიით სარგებლობენ. ამ ქვეყნებში ავტონომია ერთიანი სასწავლო გეგმისა და შეფასების ერთიანი სისტემით იზღუდება.

„ყველაფერში ავტონომიურობა, ცხადია, კარგი არ არის, მაგრამ ჩვენს სისტემაში პრობლემაა ის, რომ ყველა სკოლას და ყველა მასწავლებელს აქვს ერთი და იგივე შეზღუდვა. კარგ მასწავლებელსაც კარნახობს სისტემა რამდენი ნიშანი უნდა დაწეროს თვეში და ნაკლებკვალიფიციურსაც.მასწავლებლის აკადემიური თავისუფლება და სკოლის თავისუფლება უნდა განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ ვის როგორი შესაძლებლობა აქვს“, – გვეუბნება ნათია ანდღულაძე.

კვლევაში მონაწილე ზოგიერთი პედაგოგი ამბობს, რომ შედარებით მეტი თავისუფლება აქვთ სასწავლო მასალის არჩევისას, რაც ნათია ანდღულაძის აზრით, გადამეტებული შეფასებაა: „არ აქვთ თავისუფალი არჩევანი, რადგან სამინისტრო კარნახობს მასწავლებელს რა უნდა ასწავლოს და რითი იხელმძღვანელოს“.

კვლევაში მონაწილე პედაგოგები პრეტენზიებს გამოთქვამენ ტრენინგებთან დაკავშირებითაც. მათი აზრით, პედაგოგებს უფრო მეტად სჭირდებათ პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, ვიდრე თეორიული. ზოგიერთი მათგანი ეჭვის ქვეშ აყენებს ტრენერების კვალიფიკაციასაც.

კვლევის მიხედვით, უცხოელი პედაგოგები უფრო მეტად ინტერესდებიან მულტიკულტურულ გარემოში და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობით, პედაგოგებს საქართველოდან კი ეს საკითხები ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ.

გიწვევთ სამკურნალოდ

მეან-გინეკოლოგი მარინა წერეთელი გიწვევთ სასქესო გზით გადატანილი ინფექციების, საშვილოსნოს  ყელის დაავადებებისა და  კონტრაცეფციის დიაგნოსტიკაზე, პაპ ტესტების მეთოდით.

მის: ბათუმი, ბარათაშვილის #30, საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრი, კაბინეტი – 2. მიღება: 10 სთ-დან 14სთ-მდე. მობ.: 597 82 55 07

გიწვევთ სამკურნალოდ

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექიმი დერმატოვენეროლოგი   სერგეი ზორინი  გიწვევთ თმის ცვენის, ფრჩხილების  პათოლოგიების, სქესობრივი გზით გადამცემ ინფექციების, ქრონიკული პროსტატიტებისა და სქესობრივი ფუნქციის დაქვეითების სამკურნალოდ.

მის.: ბათუმი, ბარათაშვილის #30, საოჯახო  მედიცინის რეგიონალური ცენტრი, კაბინეტი -12. მიღება: 10 სთ-დან 13 სთ-მდე. მობ.: 592 68 02 44.

მეან-გინეკოლოგია ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

თემურ გაბაიძე
თემურ გაბაიძე

მეან-გინეკოლოგია ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საერთაშორისო სტანდარტების ამ ახალგახსნილ ჰოსპიტალში არაერთი მაღალკვალიფიციური ექიმი მუშაობს, მაგრამ ერთი რამის თქმა თამამად შეიძლება: მეან-გინეკოლოგიის განყოფილებამ, მათ შორისაც კი, საუკეთესო მედიკოსებს მოუყარა თავი. პროფესიონალი ექიმების გუნდის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებლობა ბათუმში ყველასათვის ცნობილმა ექიმმა, თემურ გაბაიძემ აიღო საკუთარ თავზე.

საერთაშორისო ჰოსპიტალი 103 პაციენტზეა გათვლილი და 400 ადამიანი მუშაობს. IUHB-ი ახლახან გაიხსნა ბათუმში, მაგრამ მისი მომსახურების მაღალი სტანდარტის შესახებ უკვე ცნობილია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ჰოსპიტალმა არაერთი პაციენტი მიიღო აჭარის მომიჯნავე რეგიონებიდან.

გასულ კვირას ჰოსპიტალის მონახულების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თქვა: „ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს საშუალება გავხსნათ ჰოსპიტალი, რომელიც არის კიდევ ერთი მაგალითი საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობის, ძმობისა და მეგობრობის.“

ჰოსპიტალმა მომავალი დედებისთვის შესაშური გარემოს შექმნა მოახერხა. IUHB-ის სამედიცინო დირექტორის მოადგილე და გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი თემურ გაბაიძე ამბობს, რომ მათთან მშობიარობის სურვილი უკვე არაერთმა ქალმა გამოთქვა.

„ჩვენს ჰოსპიტალს ერთდროულად შეუძლია მიიღოს იმდენი მშობიარე, რამდენის საჭიროებაც იქნება. დედას, ჩვენს ექიმებთან კონსულტაციის გზით, შეუძლია აირჩიოს მშობიარობის ის მეთოდი, რომელიც მისთვის ეფექტურია – ფიზიოლოგიური მშობიარობა, თუ საკეისრო კვეთა. ასევე ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ქალს შეუძლია აირჩიოს სამშობიარო გაუმტკივარება. ამ მეთოდს ბოლო პერიოდში აქტიურად ირჩევენ მომავალი დედები – ეს ნიშნავს მშობიარობას ტკივილის გარეშე.

ჩვენთან ფასიც ისეთივეა, როგორც სხვა კლინიკებში, ფიზიოლოგიური მშობიარობა 1000 ლარი ღირს, საკეისრო კვეთა – 1500. მაგრამ სხვა კლინიკებისგან განსხვავებით ამ ფასში მშობიარეს შეუძლია აიყვანოს მისთვის სასურველი გინეკოლოგი თუ ანესთეზიოლოგი. ამავე თანხაში შედის დედის სამჯერადი კვებაც. ბედნიერებაა, როცა თანამედროვედ აღჭურვილ გარემოში გიწევს მუშაობა. ეს გარანტირებულად ნიშნავს იმას, რომ ახალშობილი, რომელიც შენი ჩარევით უნდა მოევლინოს სამყაროს და მისი დედა, რომელიც შენ გენდობა, ყველაზე დაცულ გარემოში გყავს“.

თემურ გაბაიძის თქმით, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალ IUHB-ის გუნდმა არ დაზოგა ფინანსები იმისათვის, რომ აემოქმედებინა ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილება: „ეს თანდაყოლილი გართულებების მქონე ბავშვების მშობლებისთვის ნიშნავს იმას, რომ საჭიროების შემთხვევაში მშობელს აღარ მოუხდება რეანომობილით ბავშვის სხვა კლინიკაში გადაყვანა. ახალშობილს მოათავსებენ თანამედროვედ აღჭურვილ განყოფილებაში, კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“.

თემურ გაბაიძე ამბობს, რომ საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი IUHB-ი ასევე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბაზარზე ამ ჰოსპიტალთან დაკავშირებული მოლოდინები ბოლომდე გაამართლოს. სწორედ ამიტომ ჰოსპიტალი აქტიურად მუშაობს თავისი კადრების გადამზადებისთვის: „ჩვენ მუშაობა გვიწევს თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის, აპარატურის პირობებში. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ჰოსპიტალი ოფიციალურად გაიხსნებოდა, უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ ტრენინგებს ჩვენს ექიმებს – აპარატურასთან მუშაობას ასწავლიდნენ. ცხადია, ამის საჭიროება მუდმივად გვექნება, მაგრამ საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალ IUHB-ის მენეჯმენტს გააზრებული აქვს, რომ პერსონალის გადამზადება მუდმივი პროცესია“.

d5451b5e-6ff5-4c17-bdd0-089bc1cec9c1
ახალშობილთა რეანიმაცია

საერთაშორისო ჰოსპიტალი IUHB-ი თანამშრომლობს ყველა სადაზღვევო კომპანიასთან.

ამ ეტაპზე ჰოსპიტალის მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის რეგიონში იმ დარგების სპეციალისტთა მოწვევა, რომლებიც ბათუმში დეფიციტურ სპეციალობად მიიჩნევა და რის გამოც ამ დაავადების მატარებელ პაციენტებს სამკურნალოდ დედაქალაქში ან საზღვარგარეთ უწევთ გამგზავრება.

logoჰოსპიტალის მშენებლობისთვის 25 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. IUHB-ი ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც პაციენტის უფლებების დამცველის ინსტიტუტიც მოქმედებს.

მისამართი: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა #14
ტელეფონი: 0422 21 33 33

ერთით მეტი ქრომოსომა – „მზის შვილები“ საქართველოში

21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების საერთაშორისო დღეა. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს „მზის შვილებს“ უწოდებენ, თუმცა დღემდე არის შემთხვევები, როცა ადამიანები დაუნის სინდრომს დისკრიმინაციულ კონტექსტში, ადამიანების შეურაცხყოფის მიზნით გამოიყენებენ. იგივე გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრმა, გოგი თოფაძემაც, რომელმაც სიტყვა „დაუნი“ სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენა. მას ამის გამო საზოგადოებამ ბოდიშის მოხდა აიძულა.

„ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა მაქვს გადატანილი, მტერსაც კი არ ვუსურვებ“, – ასე იწყებს „ბათუმელებთან“ საუბარს 26 წლის თათია ხმალაძის დედა, ნატო კონცელიძე. ის საზოგადოებაში არსებულ იმ სტერეოტიპებზე საუბრობს, რომელიც დაუნის სინდრომთან დაკავშირებით დღემდე მყარადაა.

ნატომ პირველი სტრესი პედიატრისგან მიიღო, როცა უთხრა, რომ მისი შვილი მაქსიმუმს, რის გაკეთებასაც შეძლებდა, ეს იატაკის დახვეტა იყო. „მათი თქმით, თათიას არც უნდა გაევლო, მაგრამ ვხედავთ, რომ ასე არ არის“, –  ამბობს თათიას დედა.

თათია ხმალაძე
თათია ხმალაძე

შემდეგ იყო ქუჩა. „როცა თათიასკენ ადამიანების მიშტერებულ მზერას დავინახავდი, მეც ვკომპლექსდებოდი და ამის გამო ხშირად აღარ გამყავდა ქუჩაში“, –  გვეუბნება ნატო – „მე და ჩემი მეუღლე ექიმები ვართ. 15 წელი ხულოში მოგვიწია ცხოვრება, იქ მსგავსი არაფერი მიგრძვნია, თათია ძალიან უყვარდათ. ქალაქში უფრო გამიძნელდა. დღეს მეტ-ნაკლებად იცვლება დამოკიდებულება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიმართ, თუმცა მაინც არის შემთხვევები, როცა „დაუნი“ შეურაცხმყოფელ ტერმინად გამოიყენება“.

ნატო კონცელიძე პარლამენტარ გოგი თოფაძის შემთხვევასაც იხსენებს: „ძალიან მეტკინა გული, ძალიან. თათო ჩვენთვის ყველაფერია, მისით გვიღამდება და გვითენდება, ამიტომ ადამიანები უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ თავიანთ გამონათქვამებს“.

თათია აქტიურია, დამოუკიდებელი და საკუთარ თავზე ზრუნვაც შეუძლია. „დილით ადგება, ჩაიცვამს, მოწესრიგდება და თავის ავტობუსს ელოდება, რომელსაც ის სკოლაში დაჰყავს“. თათია კახაბრის საჯარო სკოლაში, ინკლუზიურ კლასში სწავლობს და მას საგნებთან ერთად სახელობო საქმესაც ასწავლიან. „თექაზე მუშაობას გვასწავლიან, კერვას, ქარგვას. ვსწავლობ მიმტანობასაც და სკოლას რომ დავასრულებ, მინდა მიმტანად ვიმუშაო“.

სწავლის გაგრძელებას პროფესიულ სასწავლებელშიც აპირებს. სკოლაში „პატარა უფლისწულს“ დგამენ. თათია ამბობს, რომ სპექტაკლები ძალიან უყვარს. „ჯერ არ ვიცი ვის როლს მომცემენ, მაგრამ მომწონს, რომ სპექტაკლი გვექნება“. ნატა კონცელიძეს ოთხი შვილი ჰყავს, თათია მეორე შვილია.

ნატა ჯგუბურია ჯერ მხოლოდ ორი წლის და ცხრა თვისაა. მოძრავი ბავშვია. ხელში მობილური ტელეფონი უჭირავს და მუსიკას უსმენს.

ნატა ჯგუბურია
ნატა ჯგუბურია

როგორც ნატას დედა, მირანდა ჯინჭარაძე გვიყვება, ნატას ძალიან უყვარს მულტფილმები და ფოტოკამერასთან პოზირება: „როცა ნატა დაიბადა, მხოლოდ მაშინ ვინერვიულე – გენეტიკოსმა მისი მომავალი საშინლად დამიხატა. დაუნის სინდრომზე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი, ამის შემდეგ კი თვითონ დავიწყე ინფორმაციის მოპოვება და მივხვდი, რომ ეს არ იყო ისეთი საშინელება, როგორც ექიმმა წარმომიდგინა. ამის შემდეგ დავმშვიდდი“.

მირანდას აზრით, ექიმები ხშირად ცუდ გავლენას ახდენენ მშობლებზე, რადგან თვითონაც სტიგმისა და სტერეოტიპების გავლენის ქვეშ არიან. მირანდა ამბობს, რომ დღემდე არის შემთხვევები, როცა მშობლებს დაუნის სინდრომის მქონე შვილების სამშობიაროში დატოვებას ურჩევენ: „როცა მშობელს უნერგავ ნეგატიურ ინფორმაციას და თავიდანვე თრგუნავ, ბუნებრივია, ეს განწყობები შემდეგ სხვა ადამიანებზეც გადადის. ექიმებმაც და დანარჩენმა საზოგადოებამაც უნდა გააცნობიეროს, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ასეთები უნდა მივიღოთ“.

მირანდას დამატებითი ინფორმაციის მიღება დაეხმარა იმაში, რომ არ ჩავარდნილიყო დეპრესიაში. „როცა მე ეს ამბავი მივიღე როგორც ნორმა, ჩემი ოჯახის წევრებსაც გაუადვილდათ, აღარც ისინი განიცდიან“.

მირანდა ამბობს, რომ, წინა წლებისგან განსხვავებით, მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეძლეს დაუნის სინდრომთან და სხვა სინდრომებთან დაკავშირებული სტიგმები ნელ-ნელა შეეცვალათ: „თუ ადრე საზოგადოებისგან ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო სახლში კეტავდნენ საკუთარ შვილებს, დღეს ეს ბავშვები გახდნენ ხილვადი. ბავშვები გავიდნენ ქუჩაშიც, სკოლაშიც და ბაღშიც. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანაც მოერევა ამ სტერეოტიპს“.

იაგო აფაქიძე
იაგო აფაქიძე

იაგო აფაქიძე 18 წლისაა, მასაც დაუნის სინდრომი აქვს. ისიც კახაბრის სკოლაში სწავლობს. იაგო ამბობს, რომ ძალიან მოსწონს სწავლა. სახელობო საქმეს ისიც თათიასთან ერთად ეუფლება. „ეს მე გავაკეთე“, –  გვეუბნება და თიხის პატარა დაფას გვაჩვენებს, სადაც წერია: „დედიკოს იაგოსგან“.

„წელს 19 წლის ვხვდები, მამამ მითხრა ჯარში გაგიშვებო და მიხარია. მომწონს ჯარი. მომავალში პოლიციელი მინდა გამოვიდე, ერთხელ ფორმაც ჩავიცვი და ძალიან მიხდება“, –  გვეუბნება ის. ხელში ქაღალდის ფურცელი უჭირავს და ლექსს სწავლობს, – „ღონისძიება გვაქვს და იქ უნდა ვთქვა“. იაგოს სოფელი ადიგენშია, იქ დედას მიწის დამუშავებაშიც ეხმარება:  „ვთოხნი, ვბარავ, მიყვარს სოფელი“.

სამედიცინო ენაზე დაუნის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ზედმეტი ქრომოსომების არსებობით. ჩვეულებისამებრ, ბავშვი იბადება 46 ქრომოსომით, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს კი, ერთით მეტი აქვთ. სწორედ ეს ხდება ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი. მსოფლიო ჯანდაცვის მონაცემებით, ათასი ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. საქართველოში კი ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.

დინოზავრები ბულვარში – 98 ათასი ლარი ფიგურების შესაძენად

„სხვადასხვა მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურების შესყიდვა-მონტაჟზე“ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი გამოაცხადა.  11 ცალ ფიგურაში ბულვარი მაქსიმუმ 98 ათას ლარს გადაიხდის.

შესყიდვის ობიექტები: თითო ცალი – ლომი „ალექსი“, სუპერმენი, კომფუ პანდა, კაპიტანი ამერიკა, რკინის მამაკაცი, თორი, სპაიდერმენი; ასევე ოთხი ცალი  დინოზავრი.

ფიგურების კარკასი დამზადებული უნდა იყოს ლითონის მასალისაგან, ზედაპირი დაფარული სილიკონის რეზინით.

ფიგურებს უნდა ახლდეს მონტაჟისათვის საჭირო ანკერები, რომლის საშუალებითაც მოხდება მათი ხისტად დამონტაჟება ბულვარის ადმინისტრაციის მიერ მითითებულ ადგილზე.

ტენდერში წინადადებების მიღება 24 მარტს დასრულდება. გამარჯვებულმა კი საქონლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღის ვადაში.

ფიგურები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პარამეტრებსა და ტექნიკურ პირობებს:

2---

4---

6---

8---

 

 

ბათუმის მერიის პროგრამა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის

დღეს 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ბათუმის მერია ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენციისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში,  დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ღონისძიებებს ახორციელებს.

„ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მულტიდისციპლინური გუნდის ერთი, ან საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის [ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა] მიერ, თვეში 8 მომსახურების გაწევა.  ასევე, ტრენინგ-სემინარების ჩატარება მშობლებისთვის. 

მომსახურება გაეწევა 7 წლამდე ასაკის ქ. ბათუმში 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგისტირებულ ბავშვებს შემდეგი პათოლოგიებით: დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა, აუტიზმი და სხვა“- ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში. 

ქვეპროგრამის ასამოქმედებლად ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს, რის დასრულების შემდეგაც დაიწყება გათვალისწინებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების ამოქმედება.

 

“ფაბლაბი” – მომავლის ინჟინრებისა და არქიტექტორების ლაბორატორია ბსუ-ში

3D პრინტერები და 3D სკანერი, რომლებითაც თითქმის ნებისმიერი ფორმის მყარი ნივთის ამობეჭდვაა შესაძლებელი, ლაზერული მჭრელები და მსგავსი აღჭურვილობა, რომლებიც ტექნოლოგიების ბოლო თაობას მიეკუთვნება, – ბსუ-ს საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის ყველა დაინტერესებული სტუდენტისთვის არის ხელმისაწვდომი. შენობის მეორე სართულზე, ღია სივრცეში განთავსებული ლაბორატორია თანაბრად მიმზიდველია როგორც მომავალი არქიტექტორების, ისე ელექტრონული მიმართულების ინჟინრებისთვის. ლაბორატორიის მთლიანი ღირებულება 200 ათასამდე ლარია.

გიზო ფარცხალაძე
გიზო ფარცხალაძე

ბსუ-ში საინჟინრო-ტექნოლოგური ფაკულტეტის დეკანს, გიზო ფარცხალაძეს, თავის სამუშაო მაგიდაზე უდევს მომცრო ზომის კოლიზეუმი. ეს ნიმუში გიზო ფარცხალაძეს რომელიმე მოგზაურობიდან კი არ ჩამოუტანია, არამედ თავისივე ფაკულტეტის „ფაბლაბის“ ლაბორატორიაში ჩამოუსხამთ 3D პრინტერზე. იმავე ლაბორატორიაში ჩამოსხმულია სახლის მაკეტი, აინშტაინის გამოსახულება, ამერიკული ცათამბჯენების მოდულები. ლაბორატორიაშივე დგას ლაზერული ჩარხებითა თუ სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით სტუდენტების მიერ შექმნილი თითქმის ერთი მეტრი სიმაღლის ეიფელის კოშკი.

გიზო ფარცხალაძის თქმით, სამგანზომილებიანი სკანერით ხდება ამა თუ იმ ფიგურის, ელემენტის, დეტალის, კონსტრუქციის სკანირება სპეციალურ ფორმატში, რაც შემდეგ გადააქვთ კომპიუტერში. ამის შემდგომ უკვე შეიძლება სამგანზომილებიანი პრინტერით ამოიბეჭდოს ნებისმიერი ნივთი“.

რამდენად შეძლებს სამგანზომილებიანი სკანერის გამოყენებას ჩვეულებრივი კომპიუტერული უნარების მქონე ადამიანი? – გიზო ფარცხალაძე ამბობს, რომ ამ ტექნიკის მოხმარებას ნებისმიერი სტუდენტი მას შემდეგ შეძლებს, რაც სათანადო უნარებს გამოიმუშავებს: “ზოგადად კი, სამგანზომილებიანი სკანერი ისევე ახდენს საგნის კოპირებას, როგორც ორგანზომილებიანი – ფურცლის კოპირებას. უბრალოდ, სამგანზომილებიანის შემთხვევაში ფაილს სპეციალურ ფორმატში უნდა  შენახვა“.

გიზო ფარცხალაძის თქმით, 3D პრინტერზე ერთი საგნის ამობეჭდვას შეიძლება დასჭირდეს ორი ან მეტი საათი, გააჩნია დეტალის სირთულესა და ზომას. `მასალად გამოიყენება ფილამენტი (სუბმიკროსკოპული სისქის ძაფისებრი ცილოვანი სტრუქტურები, ფილამენტა. ლათ.ფილუმ – ძაფი), რომელსაც აქვს წვრილი მავთულის სახე და დახვეულია რგოლზე. ფილამენტი არის სიმინდის ტაროებისგან დამზადებული სპეციალური მასალა, რომელიც პლასტმასისგან განსხვავებით არის ეკოლოგიურად სუფთა“, – განმარტავს გიზო ფარცხალაძე.

ბსუ-ს ფაბლაბის ლაბორატორიაში შექმნილი ნიმუშები
ბსუ-ს ფაბლაბის ლაბორატორიაში შექმნილი ნიმუშები

ფილამენტისგან მყარი საგნები ჩამოისხმება. პრინტერზე მიერთებული ფილამენტი გახურების შემდეგ დნება და გადის იმ პოზიციებში, სადაც მას პრინტერი მიუთითებს.  ბსუ-ში სამი ფერის – შავი, თეთრი და წითელი ფილამენტი აქვთ. თუმცა თუ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერ ტერმინს – “ფილამენტი“, აღმოაჩენ, რომ ეს ნივთიერება გაცილებით მეტ ფერშია გადაწყვეტილი.

3-განზომილებიანი სკანერის გარდა ბსუ-ს “ფაბლაბის“ ლაბორატორიაში აქვთ ლაზერული ჭრის აპარატიც. “კონსტრუირების პროცესში სტუდენტი ქმნის, ვთქვათ, შენობის პროექტს/ნახაზს, რომელსაც შემდეგ ყოფს დეტალებად. ზუსტად დეტალირების ფაილები შეგვყავს კომპიუტერში… ეს დეტალები შემდეგ იჭრება ლაზერული ჭრის აპარატით. გამზადებული დეტალები ბოლო ეტაპზე ერთდება”, – ამბობს გიზო ფარცხალაძე.

6უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ასევე აქვთ 3-განზომილებიანი CNC-ის ჩარხი. ამ ჩარხის მეშვეობით ნებისმიერი დეტალის გამოჩარხვა არის შესაძლებელი, ანუ მასალა, მათ შორის ალუმინი, ხე, პლასტმასი, იდება ჩარხში, რომელსაც სასურველ ფორმას აძლევს აპარატი. ამ მეთოდით გამოჩარხვას ძალიან მაღალი სიზუსტე აქვს.

CNC-ის საშუალებით შეიძლება ელექტრონული მიმართულების პლატების მომზადება, ანუ მისი დახვრეტა ზუსტად იმ წერტილებში, სადაც შემდგომ ჩაისმება წინაღობები, რეზისტორები თუ სხვა ელემენტები.

11რას ცვლის “ფაბლაბის” ლაბორატორია სტუდენტებისთვის? – არატექნიკურ ენაზე ეს ნიშნავს იმას, რომ სტუდენტს არ დასჭირდება ყოველ წუთას ობიექტზე გასვლა, შეუძლია პროექტი თავიდან ბოლომდე ლაბორატორიაში გაიაროს – დააპროექტოს, გადაიტანოს სპეციალურ ფორმატში, ამობეჭდოს… პრაქტიკაზე წასვლის გარეშე გამოიმუშავოს მოდელირების და სხვა პრაქტიკული უნარები.

“ვცდილობთ, პირველ ეტაპზე კლასიკური კონსტრუქციები ავაგოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესორების მიერ მომზადებული სამეცნიერო მიმართულების კონსტრუქციების, ხიდების, მექანიზმების განვითარება-ამობეჭდვა ფაბლაბის ლაბორატორიაში”, – განმარტავს გიზო ფარცხალაძე და დასძენს – “ჩვენმა ფაკულტეტმა ავიღეთ გეზი ძირითადი სასწავლო კურსები დაგვეკავშირებინა თანამედროვე სასწავლო კურსებთან. თუ არსებობს სასწავლო კურსი – საინჟინრო გრაფიკა, ხაზვა და მხაზველობითი გეომეტრია, ის დაკავშირებულია კომპიუტერულ გრაფიკასთან. თუ არსებობს ლითონის, რკინა-ბეტონის კონსტრუქციების კურსები, ის დაკავშირებულია დაპროექტების კომპიუტერულ სისტემასთან. ეს არის გადაბმული პროცესი და შედეგად ვიღებთ იმას, რომ კომპიუტერული მოდელირების საშუალებით გადმოგვაქვს პროექტები “ფაბლაბის” ლაბორატორიის პროგრამებში, სადაც ხდება მისი გენერაცია, დაბეჭდვა”.

8თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკის ლაბორატორია, რომელიც უახლესი დაზგა-დანადგარებით – 3D პრინტერებითა და სკანერებით, ლაზერული მჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებითა და სხვა დანადგარებით, კომპიუტერული ტექნიკითა და პროგრამული უზრუნველყოფით არის აღჭურვილი, ქვეყნის მასშტაბით სულ რამდენიმე უნივერსიტეტში – ტექნიკურ უნივერსიტეტში, ილიას, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებშია განთავსებული. ყველა მათგანი ჩართულია “ფაბლაბის” ლაბორატორიის საერთო ქსელში. ახალი ტექნოლოგიები – კრეატიული ლაბორატორია ძირითადად გამოიყენება პროტოტიპირების, მოდელირების დამზადებ-შექმნისთვის.

13სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტს ეკონომიკსა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებულმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ გადასცა, მცირე გრანტის ფარგლებში.

ფაკულტეტის დეკანის გიზო ფარცხალაძის თქმით, ფაკულტეტის ღია სივრცეში განთავსებული “ფაბლაბის” ლაბორატორია თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა სტუდენტისთვის. ამ ეტაპზე ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტის ლაბორატორიას 3 ადამიანი ზედამხედველობს – ორი ყოფილი კურსდამთავრებულია, ერთი კი ჯერ კიდევ სტუდენტია.3

ქალები ხელოვნებაში თუ ქალების ხელოვნება

ხელოვნების, ისევე როგორც მეცნიერების ისტორიაში, ქალები ნაკლებად ჩანან, რის გამოც ქალისა და კაცის თანასწორობაზე საუბრისას, ხშირად ისმის კითხვა – რატომ არ შემორჩნენ ხელოვნების ისტორიას გენიოსი ქალები? რამდენად სათანადოდ არიან ქალები წარმოდგენილი დღეს მეცნიერებაში,ხელოვნებაში და რამდენად სწორად ფასდება მათი შემოქმედება? “ბათუმელების” კითხვებს ხელოვნებათმცოდნემ, ფემინისტმა თეო ხატიაშვილმა უპასუხა.

 


თეო, რეალურად რამ განაპირობა ის, რომ ხელოვნების ისტორიაში ნაკლებად ჩანან ქალები?

მიზეზები, რის გამოც ქალები სათანადოდ არ არიან ხელოვნების სფეროში წარმოჩენილნი, კომპლექსურია და ეს მიზეზები არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის, ან ერთი კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელი. მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალები ვერ იყვნენ ხელოვნების სფეროში სათანადოდ წარმოჩენილნი, იყო ის, რომ მათ არ ჰქონდათ განათლების უფლება.
ის, რომ შემოქმედება უფრო ირაციონალურია, ფანტაზიასა და წარმოსახვაზეა დაფუძვნებული, სიმართლეა, მაგრამ ეს შეხედულება ცოტა რომანტიზებულია. შემოქმედებას აუცილებლად სჭირდება ცოდნა იმ სფეროსი, რაშიც ჰქმნი. მაგალითად, ანტიკურ ეპოქაში არსებობდა სკოლები, სადაც მოსწავლეები ადამიანის ანატომიურ აღნაგობას სწავლობდნენ, რათა შემდეგ ეს ცოდნა ქანდაკებაში გამოესახათ. ქალები აქ სწავლის საშუალებას მოკლებულნი იყვნენ. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით შემთხვევები, თითქოს უკვე ემანსიპირებულ საქართველოშიც, მაგალითად, პაოლო იაშვილისა და ელენე დარიანის საკმაოდ გახმაურებული შემთხვევა, როცა ქალს, მის მიმართ არსებული სტერეოტიპების გამო მაინც უწევდა საკუთარი თავის დამალვა და თავის ნაშრომს მიაწერდა კაცი პოეტის ფსევდონიმს.

 

რამდენად დაცულია გენდერული თანასწორობა ხელოვნების სფეროში დღეს?

როცა დროთა განმავლობაში ქალებისთვის გაჩნდა მინიმალური საშუალებები, რომ მათ დაეწყოთ წერა, ხატვა, გაჩნდნენ ხელოვანი ქალებიც. ეს ფემინისტური მოძრაობის თანმდევი პროცესია, – ქალები იბრძვიან თავისუფლებისთვის, იმისთვის, რომ ჰქონდეთ მინიმალური საარსებო წყარო, რომ აღარ იყვნენ დამოკიდებული მამებზე, ძმებსა და ქმრებზე. მიუხედავად ამისა, დღესაც კი, ხელოვნებაში გენდერული თანასწორობა არ არის მიღწეული, ჯერ კიდევ ბევრი სტერეოტიპი არსებობს, მათ შორის დასავლურ, თითქოს უკვე პრობლემებმოგვარებულ და ემანსიპირებულ საზოგადოებაშიც.
ხშირად ქალი რეჟისორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმაზე, რომ მათ შემოქმედებაზე საუბრისას აუცილებლად აკონკრეტებენ გენდერს, როცა რეჟისორი კაცების შემთხვევაში ხაზს არასოდეს უსვამენ ამას. თითქოს კინო, ისევე, როგორც დანარჩენი ყველაფერი, ეკუთვნის მხოლოდ მამაკაცებს, ისინი ქმნიან, ისინი მოიცავენ მთელ სივრცეს და თუ არსებობს რაღაც პატარა ნიშა, რომელიც დიდსულოვნად დაუთმეს ქალებს ამ მამაკაცურ კულტურაში, მაშინ გჭირდება იმის დაკონკრეტება, რომ ეს არის ქალი მხატვარი, ქალი პოეტი, ქალი რეჟისორი და ასე შემდეგ.
უთანასწორობის მაგალითია ის, რომ ქალი რეჟისორები უფრო ფართოდ არიან წარმოდგენილნი ეგრეთ წოდებულ ექსპერიმენტულ და დოკუმენტურ კინოში (ალბათ ესეც არის იმის მიზეზი, რომ ისინი არ არიან ცნობილები საზოგადოებისთვის, რადგან მეინსტრიმში უფრო პოპულარული მხატვრული კინოა). ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ კინოინდუსტრია, რომელიც არა მხოლოდ ხელოვნებაა, არამედ ფულის კეთების წყაროც, უნდობლობას იჩენს ქალის, როგორც მენეჯერის მიმართ, რომელსაც შეიძლება ბევრი ფული ანდო. დოკუმენტურ და ექსპერიმენტულ კინოს არ სჭირდება დიდი ბიუჯეტი, იგი შეიძლება რამდენიმე ათასი დოლარითაც გაკეთდეს.
სტერეოტიპი, რომ ქალი თითქოს უფრო მფლანგველია, იმსხვრევა ყოფით რეალობაში, სადაც ოჯახურ მეურნეობას სწორედ ქალი უძღვება. უთანასწორობა გამოიხატება ქალი კინემატოგრაფისტებისა და ქალი მსახიობების ფინანსურ ანაზღაურებაშიც. კინო ინდუსტრიაში (ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დარგში) ქალების შრომა გაცილებით უფრო ნაკლებად ფასდება, ვიდრე კაცებისა.

 

რას ნიშნავს “ქალური ხელოვნება” და არსებობს თუ არა რეალურად ის?

არ არსებობს ქალური და კაცური კინო, არსებობს კარგი და ცუდი კინო, რომელთა ავტორებიც შეიძლება იყვნენ ქალებიც და კაცებიც. როცა საუბრობენ “ქალურ ხელოვნებაზე”, ამას უყურებენ ირონიულად. ამაში იგულისხმება, რომ ეს არის მსუბუქი, ზერელე, არასიღრმისეული, სენტიმენტალური შემოქმედება, რეალურად კი ამოსავალი არის ქალური პრიზმა.
არა მხოლოდ ლიტერატურასა და მხატვრობაში, არამედ კინოში, ქალებმა მოიტანეს ხედვა ძალიან ყოფით ნიუანსებზე, თანმიმდევრულად რუტინული ცხოვრება არის გადმოცემული, ყველაფერი არის ნაცნობი, ყოველდღიური და სწორედ ყველაზე დიდი პრობლემა. მაგალითად, ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმში “კრედიტის ლიმიტი”, რომელიც ქალისა და მასთან ერთად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ისტორიაცაა, აქცენტია ისეთ თემებზე, რაც მტკივნეულია ქალისთვისაც და კაცისთვისაც. კაცები ტრავმირებულნი არიან იმის გამო, რაც მათ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ქალებთან ერთად გამოიარეს, მაგრამ ამაზე საუბარი ქალს უფრო უადვილდება, ვიდრე კაცს, რადგან სწორედ პატრიარქალური კულტურა უჩიჩინებს კაცს, რომ ის უნდა იყოს ძლიერი, რომ ის არის ოჯახის ბურჯი და როდესაც რეალობა აცდენილია ამ წარმოდგენას, ეს მისთვის უდიდესი ტრავმაა.
კაცს ამაზე ლაპარაკი უფრო უჭირს, ვიდრე ქალს, ქალი უფრო მოქნილია, შეუძლია ადაპტირება თუნდაც ძალიან მტრულ გარემოში. მას კულტურამ ასწავლა, რომ ის ყოველთვის მეორეხარისხოვანია, მაგრამ უნდა გადაირჩინოს საკუთარი თავი. ამიტომ, თუნდაც დიდი ტკივილის ფასად, შეიძლება ილაპარაკოს ინტიმურ, გაცილებით სენსიტიურ თემებზე ძალიან შიშვლად და ამით მიიქციოს საზოგადოებას ყურადღება.

 

ამდენად აქტიურად იყენებენ ქალები ხელოვნებას, როგორც აქტივიზმს, იგივე ქალთა უფლებების დასაცავად? რამდენად სვამენ ასეთ აქცენტებს ხელოვანი ქალები საქართველოში?

ეს ტენდენცია არ არის გამოკვეთილი, მაგრამ საბედნიეროდ არსებობენ ასეთი ხელოვანები საქართველოში. საბჭოთა კავშირმა ბევრი კარგი იდეის დისკრედიტირება მოახდინა, მათ შორის არის ფემინიზმის იდეაც, რის შედეგადაც დაგვრჩა, მაგალითად, არასწორად გაგებული 8 მარტი, როცა გვგონია, რომ ეს მხოლოდ ქალისთვის ყვავილის ჩუქების დღეა. ხშირად ქალებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი არ გამოხატავენ ამ პრობლემებისადმი პროტესტს, ამბობენ, რომ ისინიც სტერეოტიპულად ფიქრობენ და ა.შ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალიც ამავე კულტურაში გაიზარდა და მასაც ასე ჩაუნერგეს თავში ყველაფერი.
იმის გააზრება, რომ რეალურად ეს ყველაფერი პირობითობაა, შემუშავებული გეგმაა და არ არის ბუნებრივი – სულაც არ არის მარტივი. რაკიღა ფემინიზმის იდეა საზოგადოებაში არის დისკრედიტირებული, ხელოვანებს ქალთა უფლებებისა და მათი პრობლემების წინ წამოწევის დროს ერთგვარი კომპლექსი უჩნდებათ. საზოგადოების დამოკიდებულების გამო ქალს არ სურს ერქვას ფემინისტი ავტორი, ფემინისტი შემოქმედი. ურჩევნია დარჩეს სტერეოტიპების ტყვეობაში და მწვავე პრობლემებისგან მოწყვეტით აკეთოს სხვა რამ, მაგალითად, აბსტრაქტული, ლამაზი ხელოვნება, როგორსაც საზოგადობა მოელის, ზოგადად, ქალისგან.

ვინ იზრუნებს წლის და რვა თვის ბარბარეზე

ერთი წლის და რვა თვის ბარბარეს ამბავი იმ ბავშვების ამბავს არ ჰგავს, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ და დახმარება სჭირდებათ. გარდა იმისა, რომ ბარბარე სიღარიბეში ცხოვრობს, შესაძლოა ის ქუჩაშიც აღმოჩნდეს. დედასთან ერთად ორი ღამის გათევა ქუჩაში უკვე მოუწია.

ბარბარემ სიარული უკვე იცის და თავის ენაზე საუბრობს კიდეც. დედას ნათლიას ეძახის, რადგან მეტი დრო მას ნათლია ქეთისთან აქვს გატარებული და დედა ის ჰგონია. ბარბარე ნათლიამ ძიძის სახლიდან მას შემდეგ წაიყვანა, რაც თურქეთში სამუშაოდ წასულმა დედამ ძიძას ბავშვის მოვლისთვის შეთანხმებული თანხა ვერ გამოუგზავნა.
დედამ თურქეთში საკმაო ხანი დაჰყო, ცოტა ხნის წინ კი ის საქართველოში დაბრუნდა, ოღონდ უფულოდ. მას არც ბინის დაქირავების საშუალება აქვს და არც ბარბარესთვის საჭირო საკვების, ტანსაცმლისა თუ სხვა საჭირო ნივთების შეძენა შეუძლია.

როგორც თავად ყვება, ბარბარეს დედას, 25 წლის მარის, კიდევ ერთი შვილი ჰყავს, რომელიც მან ძალიან ახალგაზრდა ასაკში, ოფიციალური ქორწინების დროს გააჩინა. მარიმ ოჯახი 18 წლის ასაკში შექმნა და ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს დაშორდა: „პრობლემები გვქონდა, ამიტომ დავშორდი“. შემდეგ კი საქართველოს იმ რეგიონიდან, სადაც მანამდე ცხოვრობდა, ბათუმში ჩამოვიდა. აქ მას კიდევ ერთი შვილი – ბარბარე გაუჩნდა. ბიოლოგიურმა მამამ გოგონა შვილად არ აღიარა.

მარის თქმით, ის ბარბარეს მამასთან ერთად ორი წელი ცხოვრობდა და ვიდრე ერთად იყვნენ, მამაკაცი მას ფინანსურადაც ეხმარებოდა, შემდეგ კი დაშორდნენ. ორსულობის პერიოდში, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა, მეგობარ გოგოსთან გადავიდა საცხოვრებლად. ამ მეგობრისთვისაც დედას ჰქონდა ბათუმში ბინა ნაქირავები. „ისიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა. ორსულობის რვა თვემდე ვმუშაობდი. შემდეგ მეგობრის დედა სამუშაოდ ახალქალაქში გადავიდა, ჩვენც გავყევით, იქ ვიმშობიარე. მეგობრის დედა ყურადღებას არ მაკლებდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ ერთ თვეში ისევ ბათუმში დავბრუნდი. სამუშაო მჭირდებოდა, ბავშვს ძიძა ავუყვანე“, – ამბობს ახალგაზრდა ქალი, „ჩემმა მშობლებმა ჩემი უმცროსი შვილი იმის გამო არ მიიღეს, რომ ქორწინების გარეშე გავაჩინე“.
ქალი შვილთან ერთად ახლა ერთ ოთახში ცხოვრობს, რომელიც ქირით აქვს აღებული. „ერთი თვე გავიდა, მაგრამ ქირა არ მაქვს გადახდილი. ალბათ ვერც გადავიხდი. სავარაუდოდ, ორ დღეში მეპატრონე გარეთ გამომაგდებს“ , – ამბობს მარი.

IMG_7032

ბარბარეს დედა ყვება, რომ ბათუმში ყველა სასტუმრო და სხვა დაწესებულებები მოიარა, მაგრამ სამუშაო ვერსად იპოვა, ამიტომ ისევ თურქეთში გეგმავს სამუშაოდ წასვლას: „იქედან ისე წამოვედი, რომ ნამუშევარი თანხა ვერ ავიღე. იქ თუ არ ჩავალ, იმ ფულს დავკარგავ.“

პრობლემა კი იმაშია, რომ ნათლია ქეთი ბავშვს ვეღარ იტოვებს, რადგან მას შესაბამისი პირობები არ აქვს: `ამ დრომდე ბავშვი მე მყავდა, სხვა გამოსავალი არ მქონდა, გარეთ ხომ არ დავტოვებდი. მაგრამ, როგორ და რა პირობებში ვცხოვრობ რომ იცოდეთ, ჩემთან ბავშვის დატოვებას ალბათ არავინ მოინდომებდა… იატაკიც კი არ გვაქვს – ცემეტზე ვცხოვრობთ, თანაც სახლში ავადმყოფი მამა და მამიდა მყავს.“
ბარბარეს დედამ არც სახელმწიფო პროგრამა – ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ იცის რამე და არც იმ სახელმწიფო პროგრამებზე ფლობს ინფორმაციას, რომლის ფარგლებშიც მარტოხელა დედას ბავშვის აღზრდის პროცესში ეხმარებიან. ამბობს, რომ ბავშვის მისთვის უცხო პირთან დატოვება არ უნდა, თუმცა სამუშაო აუცილებლად სჭირდება, ამიტომაც უკვე გადაწყვეტილია, “ ბავშვს დატოვებს და თურქეთში წავა, ოღონდ ჯერ არ იცის, ვისთან უნდა დატოვოს ბარბარე.

ბარბარეს ნათლიას ინფორმაციით, პატარას ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს: „ექიმთან მყავდა, მითხრეს, რომ ბავშვს მკურნალობა სჭირდება, მაგრამ მე ამის საშუალება არ მქონდა. არც ვინმე მედგა გვერდით, რომ დამხმარებოდა.“

„ბათუმელები“ სოციალური მომს¬ახურების სააგენტოს დაუკავშირდა. აგენტებმა ბავშვის დედასთან მუშაობა დაიწყეს – სავარაუდოდ, დედას ბავშვის მინდობით პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარ ოჯახში გადაიყვანენ. უცნობია, ეს ბენეფიციარი შეიძლება იყოს თუ არა ბავშვის ნათლიაც.
მინდობითი პროგრამის ფარგლებში ოჯახი, რომელიც ბარბარეზე იზრუნებს, ყოველთვიურად 450 ლარს მიიღებს.
ბარბარეს დედას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

სტატია გაზეთ ბათუმელების (#7) 14- 20 მარტის ნომერში გამოქვეყნდა, ამ დროსათვის ბარბარე უკვე მინდობის პროგრამის ფარგლებში ოჯახშია დაბინავებული და მას დედა ყოველდღე ნახულობს.

„სადა ხარ ჩემო სულიკო“ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ქალთა უფლებებზე

დღეს 21 მარტს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“,  გაიმართება რეჟისორ ლია ჯაყელის ფილმის, – „სადა ხარ ჩემო სულიკოს“- ჩვენება და დისკუსია. ფილმის ჩვენებას და დისკუსიას გაუძღვება ფილმის ავტორი და რეჟისორი ლია ჯაყელი.

„ქალთა ისტორიის თვე ყოველ წელს აღინიშნება აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. ამ თვის აღნიშვნის მიზანი არის ისტორიიდან გამქრალი ქალების, მათი როლის და მიღწევების უკან დაბრუნება და ისტორიაში მათი მნიშვნელობის ხელახალი დამკვიდრება. ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნა ხელს უწყობს ქალთა წვლილის აღიარებას და წარმოჩენას სხვადასხვა სფეროში: მეცნიერებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საჯარო სამსახურში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, სპორტსა თუ მედიცინაში“-ნათქვამია დისკუსიის ორგანიზატორთა განცხადებაში.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები უკვე რამდენიმე წელია, მარტში ქალთა ისტორიის თვეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

ორგანიზატორთა განცხადებით, დოკუმენტური ფილმი  – „სადა ხარ, ჩემო სულიკო“ (28 წთ. 2006) ცნობილი სიმღერის „სულიკოს“ ისტორიასა და ავტორის შესახებ მოგვითხრობს; მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს შექმნილი სიმღერის ავტორის შესახებ სხვადასხვა ვერსიები არსებობს, თუმცა ფილმი ამ ვერსიებს საბოლოოდ ჰფენს ნათელს და ამიტომ, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ინტელექტუალური ისტორიის გაცოცხლებისა და შენახვის კუთხით. ფილმის ავტორი ფილს უძღვნის ყველა ქალს, ვისაც შეჰქონდა და შეაქვს წვლილი საზოგადოების განვითარებაში.

დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია.

აჭარაში თოვს [ფოტო/ვიდეო]

აჭარის სოფლებში დღეს დილიდან თოვს.

IMG14742
სოფელი ბუკნარი [ქობულეთი] / ფოტო თედო ჯორბენაძე

IMG14732

სოფელი გორგაძეები [ქობულეთი] / ფოტო: თედო ჯორბენაძე

 

735119_890136111108169_8673859151140230063_n
ბუკნარი [ქობულეთი] / ფოტო: გიორგი გოხიძე

21 წლის ბრალდებული განზრახ მკვლელობაში

ბათუმის საქალაქო სასამართლო განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის – რ.ნ.-ს საქმეს განიხილავს. მკვლელობა გასული წლის ზაფხულში, ქობულეთის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, 21 წლის რ.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკების დროს მოკლა 26 წლის ა.ტ.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

„ორივე დასასვენებლად იყო ჩასული ქობულეთში, მაგრამ მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ. გამოძიება ამტკიცებს, რომ განზრახ გამოიყენა დანა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, მაგრამ ამას მხოლოდ გარდაცვლილის მეგობრები ადასტურებენ, ვინც მკვლელობის ფაქტს შეესწრო. სხვა მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბრალდებულის ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი რამდენიმე დღეში მიიღებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 21 წლის ბრალდებულს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჭაბურღილი არის, წყალი – არა

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით შვიდ სოფელში ჰიდროლოგიური ჭების მოსაწყობად 169 827 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯა. თუმცა, ამან შუახევის სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა ვერ გადაჭრა, რადგან ზოგი ჭაბურღილი არ მუშაობს, ზოგან კი წყალი საერთოდ გაქრა.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასმელი წყლის პრობლემის გადასაჭრელად ზამლეთის, ოლადაურისა და ჭვანის თემის შვიდ სოფელში წყლის ჰიდროლოგიური ჭაბურღილები მოაწყო. მუნიციპალიტეტმა ამ საქმისთვის 169 827 ლარი 2013-2015 წლებში დახარჯა.

ჰიდროლოგიური ჭები სოფლებში: ფურტიოში, ჭალაში, გორში, ბუთურაულში, ნიგაზეულში, ნენიასა და წყაროთაში მოეწყო. შუახევის გამგეობის გათვლით, ჰიდროლოგიურ ჭებს სასმელი წყლის პრობლემის მქონე სოფლებში, გარკვეული უბნებისთვის პრობლემა უნდა გადაეჭრა. თუმცა სასმელი წყლის პრობლემა ვერ მოგვარდა, რადგან ზოგან ჭაბურღილში წყალი არ ამოვიდა, ზოგ ადგილას კი, ჭაში წყალი საერთოდ დაიკარგა ან ელექტროენერგიაზე მომუშავე ჭაბურღილებზე მრიცხველი ვერ დაამონტაჟეს.

წყლის საძიებო ჭები პირველად 2013 წელს ჭალის, გორის, ბუთურაულისა და ფურტიოს სოფლებში, შუახევის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ტერმინალმა“ 96 877 ლარით მოაწყო. სოფელ  ნიგაზეულის ჭაბურღილში წყალი არ წამოვიდა, სოფელ ჭალაში მოწყობილ ჭაბურღილში წყალი კი წამოვიდა, თუმცა ამ ჭაბურღილის წყლიდან სოფელში დღემდე არც ერთ ოჯახს არ უსარგებლია. უფუნქციოდაა დარჩენილი სოფელ გორში მოწყობილი ჭაბურღილიც, რადგან აქ ელექტროენერგიის მრიცხველები არ დაუყენებიათ.

შუახევის გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ედნარ შარაშიძე სოფელ ჭალას ჭაბურღილის უფუნქციობას გაწმენდითი სამუშაოებით ხსნის და ამბობს, რომ ჭაბურღილიდან რეზერვუარამდე წყალი მოყვანილია და ამ ეტაპზე ავზი იწმინდება.

სამსახურის უფროსის თქმით, გამგეობის მიერ შერჩეულ თითოეულ სოფელში მთლიანობაში 100-მეტრიანი ჭაბურღილი უნდა მოწყობილიყო, ანუ ერთ სოფელში 100 მეტრის გაბურღვითი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა, რისთვისაც გამგეობამ 25 000 ლარი გათვალა.

„ჭაბურღილები სოფლებში მოსახლეობის მოთხოვნით მოვაწყეთ, ეს იყო სასმელი წყლის საძიებო სამუშაოები. სოფელ წყაროთაში ორ ადგილზე მოეწყო ჭაბურღილი, ერთ ადგილზე ამოვიდა წყალი, მეორეზე – არა, ნიგაზეულში საერთოდ არ ამოვიდა.

თითოეულ სოფელში კომპანიას 100 მეტრი უნდა გაებურღა და წყალი ეპოვა. იმ შემთხვევაში, თუ წყალი მანამდე ამოვიდოდა, ვიდრე 100 მეტრი გაიბურღებოდა, წყალი სხვა ადგილზეც უნდა მოეძებნა იქამდე, ვიდრე, მთლიანობაში, 100 მეტრის გაბურღვით სამუშაოებს არ ჩაატარებდა. სოფელ ჭალაში 32-ე მეტრზე ამოვიდა წყალი, მეორე ადგილზე დაიწყო კომპანიამ საძიებო სამუშაო და 34 მეტრზე გამოჩნდა წყალი, მესამეზე კი – 38 მეტრზე. ამ სოფელში სამი ჭაბურღილი მოეწყო, თუმცა დროთა განმავლობაში სამიდან ორ ჭაში წყალი გაქრა,“ – ამბობს ედნარ შარაშიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ჭაბურღილების მოსაწყობად შუახევის გამგეობამ ბიუჯეტიდან 169 827 ლარი გამოყო, გამგეობას გათვლილი არ ჰქონდა ამ თანხით რამდენი ოჯახის პრობლემას აგვარებდა. ედნარ შარაშიძის თქმით, ეს დამოკიდებული იყო იმაზე, თუ წყლის რა ოდენობას მოიპოვებდნენ.

სამსახურის უფროსის თქმით, სოფელ გორში 20 ოჯახს მოუგვარდა წყლის პრობლემა ჭაბურღილების მოწყობით, სხვაგან კი – 15, ზოგიერთ უბანში – 7 ოჯახის პრობლემა მოგვარდა. თუმცა ზუსტი მონაცემები, რამდენი ოჯახი სარგებლობს ჰიდროლოგიური ჭების წყლით, გამგეობას არც დღეს აქვს.

სოფელ გორში მცხოვრები დათო ფუტკარაძე ამბობს, რომ უფუნქციოა მის სოფელში მოწყობილი ჭაბურღილები, რადგან ისინი ჯერაც არ არის მიერთებული მრიცხველებზე.

„ჭაბურღილები ერთი წლის წინ კი გაკეთდა, მაგრამ დღემდე არ გამრიცხველიანებულა. ამ სოფელს წყალი რომ ჰქონოდა, ერთ-ერთმა ოჯახმა საკუთარ მრიცხველზე მიაერთა ჭაბურღილი და თანხაც თვითონ გადაიხადა, მაგრამ ჭაბურღილმა მხოლოდ 15 დღე იმუშავა, – ძრავა გადაიწვა. ველოდებით, როდის შეაკეთებენ და გაამრიცხველიანებენ,“ – ამბობს დათო ფუტკარაძე.

შუახევის გამგეობის ობიექტების მიმღები კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დიასამიძე აცხადებს, რომ, როდესაც მიმღებმა კომისიამ წყლის ჭაბურღილები ჩაიბარა, ყველა გამართულად მუშაობდა – წყალი ყველა ჭაბურღილზე ადიოდა, პრობლემა მხოლოდ წყაროთის ჭაბურღილზე არსებობდა, რაც მისი თქმით, სამუსაოს შემსრულებელმა კომპანიამ დროულად მოაგვარა.

შუახევის გამგეობა ჭაბურღილების მოწყობას წელს აღარ გეგმავს. ედნარ შარაშიძე ამბობს, რომ ჭაბურღილების მოწყობა ნაკლებეფექტურია, რადგან შეიძლება წყალი დაიკარგოს:

„ჭაბურღილების მოწყობასთან დაკავშირებით გამოცდილება მივიღეთ, შეიძლება შრომა მთლიანად წყალში ჩაიყაროს. ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიწის ქვეშა აფეთქებებმა გარკვეული ზეგავლენა მოხდინა წყლებზე და სოფლებში მისი დაკარგვა გამოიწვია. მიზანშეწონილად აღარ ჩავთვალეთ სხვაგანაც მოგვეწყო ჭები, თუმცა მოსახლეობა ამას მოითხოვდა“.

კითხვაზე, რამდენად მიზნობრივად გაიხარჯა თანხა ჭაბურღილებზე? – ედნარ შარაშიძე პასუხობს: „წყლის უქონლობის გამო საძიებო სამუშაოები დავიწყეთ,  ფურტიოში, გორში, ბუთურაულსა და ნენიაში მოწყობილი ჭაბურღილები მუშაობს. ამდენად, არ მიგვაჩნია, რომ თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა“.

350 000 ლარი ბათუმის რუსეთში რეკლამირებისთვის

ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საკურორტო სეზონის წინ რეკლამის განთავსებაზე მუშაობს, წელს რუსეთი დაამატეს. ამ ქვეყნიდან ტურისტების მოსაზიდად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო სააგენტოებს სარეკლამო ბილბორდებსა და სხვა აქტივობებს დაუკვეთავს, რისთვისაც 350 000 ლარი გაითვალისწინეს. ჯამში კი სამიზნე ქვეყნებში რეკლამის განსათავსებლად, რამდენიმე ივენთის მოსაწყობად და ონლაინრეკლამირებისთვის წელს ბიუჯეტიდან სამ მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალში რუსეთის დამატების გადაწყვეტილება გასულ წელს ამ ქვეყნიდან ვიზიტორების რიცხვის გაზრდის გამო მიიღეს და შესაბამისი კამპანიაც წამოიწყეს. წელს, პირველად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, რუსი ჟურნალისტების პრესტურსაც უმასპინძლა. ტურის ფარგლებში აჭარას ათი რუსული მედიასაშუალებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ესტუმრნენ. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს რეგიონის ტურისტულ-ეკონომიკური პოტენციალი გააცნეს, დაათვალიერებინეს ბათუმის  ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, აჭარული ღვინის სახლი და სხვა ტურისტული ობიექტები. პრესტურის ფარგლებში რუსი ჟურნალისტები აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეს, ნათია სირაბიძეს შეხვდნენ, რომლისგანაც რეგიონის კულტურული ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 16 მაისიდან ურალის ავიახაზები სანქტ-პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს გეგმავს. რეისის _ პეტერბურგი-ბათუმი-პეტერბურგი შესრულება კვირაში ორჯერ – ორშაბათსა და პარასკევს პულკოვოს აეროპორტიდან იგეგმება. კომპანიის პრეზენტაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი სანკტ-პეტერბურგში, პულკოვოს აეროპორტის მიერ ორგანიზებულ საღამოზე გაეცნო, სადაც აეროპორტის მიერ 2016 წლისთვის დაგეგმილი ახალი ავიარეისების შესახებ ისაუბრეს.

საღამოზე, რომელსაც რუსული მედიის, ტურსააგენტოების, ავიაკომპანიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების შესახებაც გაიმართა პრეზენტაცია. გასული 2015 წლის მონაცემებით, რაზე დაყრდნობითაც აჭარის მთავრობამ ტურისტული სეზონისთვის რუსეთი სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალში ჩაწერა, აჭარის რეგისტრირებულ ობიექტებში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების 2,78-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ეს წლის განმავლობაში რეგიონში შემოსული 443 667 ტურისტია. მათ შორის აჭარაში 265 492 უცხოელი და 178 175 შიდა ტურისტი შემოვიდა. ეს წინა წელთან შედარებით უცხოელი ტურისტების 1,7%-იან და შიდა ტურისტების 4,4%-იან ზრდას ნიშნავს.

cagogo22

წელს დეპარტამენტს რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 900 320 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი, მათ შორის ქვეყნის გარეთ რეკლამისთვის – მილიონ 900 000 ლარი, ქვეყნის შიგნით სარეკლამო და პიარაქტივობებისთვის კი – 320 000 ლარი.

რეგიონის ტურისტული მარშრუტებისა და პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებში მარტის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. ამ ეტაპზე პიარისა და რეკლამის განყოფილების თანამშრომლები აზუსტებენ მარკეტინგული და პიარაქტივობების ჩატარების ბოლო დეტალებს, იგეგმება ხელშეკრულებების გაფორმება კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების განხორციელებას.

რუსეთთან ერთად მომავალი საკურორტო სეზონისთვის თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელარუსია, ისრაელი, პოლონეთი, ყაზახეთი, ლიტვა და შიდა ბაზარი – საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის სამიზნე ქვეყნებია. ამ ქვეყნებში ტურიზმის დეპარტამენტი საკურორტო სეზონის წინ სარეკლამო ბანერების, ლაითბოქსებისა და სარეკლამო ეკრანების განთავსებას გეგმავს, სარეკლამო სტიკერებს გამოაკრავენ ავტობუსებსა და გაჩერებებზეც. გარდა ამისა, სამიზნე ქვეყნებიდან ტურისტების მოსაზიდად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო-საინფორმაციო ტურების ორგანიზებას, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობას, ასევე რეგიონის ონლაინრეკლამირებასაც გეგმავს. ამ აქტივობებისთვის ჯამში 800 000-მდე ლარი დაიხარჯება.

cgogo1

Exit mobile version