როლანდ ბლადაძის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი გიორგი პაპუაშვილის სამოსამართლეო უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ. როლანდ ბლადაძეს საცხოვრებელი ბინა გორგილაძის ქუჩაზე 2005 წელს ჩამოართვეს და იგი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს გადასცა სიმბოლურ ფასად – 1000 ლარად გიორგი პაპუაშვილს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.
აქციის წევრების შეფასებით, გიორგი პაპუაშვილმა ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი, როცა ის უკანონიდ ჩამორთმეულ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.
„მოვითხოვთ, რომ პაპუაშვილმა არ მოახდინოს გავლენა საქმის განმხილველ მოსამართლეზე [თბილისის საქალაქო სასამართლოში]. გიორგი პაპუაშვილი არ რეაგირებს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მასთან სადავო ქონების ირგვლივ წინადადების განხილვაზე. სასამართლომ სახელმწიფოს გიორგი პაპუაშვილთან მორიგებაზე დრო 8 ივლისამდე განუსაზღვრა. ის ცდილობს განუსაზღვრელი ვადით გაჭიანურდეს ეს პროცესი“ – უთხრა არჩილ კაიკაციშვილმა „ბათუმელებს“. ის როლანდ ბლადაძის ადვოკატია.
მის ლორინ ჰილი, მეისი გრეი, The Prodigy და სხვები წელს შავი ზღვის მეათე ჯაზფესტივალის ფარგლებში ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან. ფესტივალი 15-24 ივლისს ბათუმში გაიმართება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.
შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში კონცერტები 7 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, 20 საათზე, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში (ძირითადი სცენა) ჩატარდება. ასევე, კლუბ TAKE Five-ში ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მეისი გრეის დიჯეი სეტის, ნიქ ვესტის, DJ LOGIC & Friends-ისა და ქართველი მუსიკოსის – SALIO-ს (სალომე კორკოტაშვილი) კონცერტები.
გარდა ამისა, ბულვარის კოლონადებთან და ქალაქის სხვადასხვა ადგილზე, ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ BRASS BAND-ის კონცერტებს.
15 ივლისს ფესტივალს ქუინსი ჯონსი გახსნის პროექტით – QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS. ამ პროექტის ფარგლებში მუსიკოსი ქართველ მსმენელს სამ არტისტს: რიჩარდ ბონას, ალფრედო როდრიგესსა და ჯეიკობ ქოლეირს წარუდგენს. ქუინსი ჯონსი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან ჯაზის მუსიკოსად მიიჩნევა. 27 გრემის მფლობელი, ამერიკელი კომპოზიტორი, მესაყვირე და მუსიკალური პროდიუსერი, თავისი სამოცწლიანი კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა ფრენკ სინატრასთან. იყო მაიკლ ჯექსონის არაერთი ალბომის პროდიუსერი.
16 ივლისს ბათუმში მსმენელის წინაშე 11 მუსიკოსისგან დაკომპლექტებული MILES ELECTRIC BAND-ი წარსდგება მუსიკოს ვინს უილბერნის ხელმძღვანელობით. ისინი მაილს დევისის ე.წ. „ელექტრონული პერიოდის” მუსიკას დაუკრავენ.
17 ივლისს ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონაწილე, ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და პროდიუსერი მის ლორინ ჰილი იმღერებს, რომელიც 90-იანებში გახდა ცნობილი, რამდენიმე გრემის მფლობელი ჯგუფის Fugees-ის ვოკალისტის სახელით. ლორინ ჰილის მუსიკა რეპს, R&B-ს, სოულს და ნაწილობრივ რეგისაც აერთიანებს.
მუსიკოსი შავი ზღვის ჯაზფესტივალზე 17-კაციანი ბენდით წარსდგება.
წლევანდელ ფესტივალზე ჟანრობრივად ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი მონაწილე ბრიტანული ელექტრონული ჯგუფი The Prodigy 21 ივლისს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე დაუკრავს.
ჯგუფი 90-იანებში გამოჩნდა მუსიკალურ ინდუსტრიაში და მალევე მოიპოვა Hardcore Dance Music-ის მეფეებისა და Big Beat-ის პიონერების სტატუსი. ჯგუფის მუსიკალური ჟანრი უდავოდ რთული შესაფასებელია, მარტივად რომ ვთქვათ, The Prodigy რეივის, ელექტროინდასთირიალის ბიგ-ბითისა და ელექტრონული როკმუსიკის ნაზავია. მათი ყველაზე ცნობილი სინგლებია: Smack my bitch up, Firestarter, Voodoo People, Breathe, Poison და სხვა. თუ The Prodigy-ის 2016 წელს ჩატარებული კონცერტების სეთლისტებით ვიმსჯელებთ, ისინი ბათუმშიც მათ ყველაზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებენ.
22 ივლისს ჯაზფესტივალზე ჯაზ-პოპმომღერალი და სიმღერების ავტორი – ჯეიმი კალუმი გამოვა, 23 ივლისს კი ამერიკელი მომღერალი, R&B-ისა და ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი ქრის ბრაუნი იმღერებს. ამავე დღეს ფესტივალის სტუმრების წინაშე ამერიკელი ბასისტი, კომპოზიტორი და მომღერალი ნიკ ვესტი წარსდგება. 24 წლის ნიკს უკვე აქვს ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან დაკვრის გამოცდილება, როგორებიც “პრინცი”, ჯონ მაიერი და მარკუს მილერი არიან.
ფესტივალს 24 ივლისს სოულის ამერიკელი შემსრულებელი და კომპოზიტორი მეისი გრეი დახურავს, რომელიც ამავე ფესტივალის ფარგლებში ბათუმში 2011 წელსაც იყო ჩამოსული.
ჯაზფესტივალის თითოეულ დღეზე დასასწრები ბილეთი 50 ლარი ღირს. 21-დან 24 ივლისის ჩათვლით კონცერტებზე დასწრების აბონიმენტის ფასი კი 180 ლარია. ბათუმში ბილეთების შეძენა ჩოგბურთის კორტებზე ან ვებგვერდზე – TKT.GE-ზეა შესაძლებელი.
ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში 7000 ადამიანი ეტევა და ამ დროისთვის გასაყიდი ბილეთების მარაგი ჯერ არც ერთ შემსრულებელზე არ არის ამოწურული. ყველაზე მეტი ბილეთი კი The Prodigy-ის კონცერტზეა გაყიდული.
6 ივლისიდან აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას [უსკო] ახალი თავმჯდომარე, პარმენ ჯალაღონია უხელმძღვანელებს. პარმენ ჯალაღონია აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 5 ივლისს 11 ხმით აირჩია.
პარმენ ჯალაღონია უსკოს დღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ წარუდგინა. დღესვე შეუდგა მუშაობას უსკოს ახალი წევრი სოფიო კახაძე, რომელიც ასევე 5 ივლისს აირჩია უმაღლესმა საბჭომ.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მცხოვრებ ოჯახებს ბინებს მერია გადასცემს. ამის შესახებ დღეს, 6 ივლისს, ეგარსლან ლომიძემ, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა თქვა. მას საკრებულის სხდომაზე საკრებულოს წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ჯაბა ბერიძემ ჰკითხა, რას უპირებენ იმ 11 ოჯახს, რომლებიც დღემდე ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ლომიძის განმარტებით, მერიამ 2010 წელს აღწერა ოჯახები, რაც არაზუსტი იყო და მიმდინარეობს მუშაობა, რომ ის ოჯახები, ვინც ფონდი „ქართუს“ მიერ აშენებულ კორპუსში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ვერ მიიღეს ბინა, ახლა დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართობებით.
„ფონდი „ქართუ“ დაჰპირდა მაშინ 40-მდე ოჯახს, რომ ისინი საცხოვრებელ ბინებს მიიღებდნენ ქალაქის ტერიტორიაზე ბაღის დატოვების სანაცვლოდ. ეს ოჯახები იქ ათეული წლებია ცხოვრობს. აღწერის შემდეგ გაფართოვდა ზოგიერთი ოჯახი, ასევე ზუსტად არ იყო აღწერილი ფართობები. ამიტომ, ეს 11 ოჯახი, ვინც დღემდე ბაღის ტერიტორიაზე ცხოვრობს, უნდა დაკმაყოფილდეს საბინაო ფონდიდან,“ – უთხრა ეგარსლან ლომაძემ „ბათუმელებს“.
ბათუმის საკრებულომ ქალაქში ახალი ქუჩების მოწყობის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. საუბარია ადლიის დასახლებაში 33 ქუჩის გაყვანაზე, ასევე არსებული ქუჩების გაფართოებასა და კეთილმოწყობაზე.
„პროექტის შესადგენად დაიხარჯა 80 ათასი ლარი. ქუჩების სიგანე დაახლოებით 11 მეტრი იქნება. ჩვენ გთავაზობთ საბოლოო ვარიანტს,“ – მიმართა საკრებულოს ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ირაკლი ახალაძემ.
ქუჩების გაყვანამდე შემდეგი ეტაპი კომისიის შექმნა იქნება, რომელმაც მოსახლეობასთან უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები და საჭიროების შემთხვევაში ექსპროპრიაციის ანუ ქონების ჩამორთმევის წესს მიმართოს.
კენჭისყრამდე ირაკლი ახალაძეს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ხელმძღვანელმა, კობა ჩხეიძემ ჰკითხა, რატომ არ განიხილა ეს საკითხი ზონალურმა საბჭომ. მთავარი არქიტექტორის თქმით, ქუჩების გაყვანის პროექტირება ამას არ საჭიროებდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა.
„ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციებისა და მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დავტოვო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და ახალ ამპლუაში განვაგრძო ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში ყოფნა. პოსტის დატოვების შემდეგ აქტიურად ჩავერთვები „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროცესებში… მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მოსახლეობას და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას გამოცხადებული ნდობისათვის. წარმატებას ვუსურვებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალ თავმჯდომარეს,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების შემდეგ სწრაფად დატოვა დარბაზი და არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 6 ივლისს, 11 საათზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე გამართავს ბრიფინგს და გააკეთებს განცხადებას მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის გადადგომის შემთხვევაში, კანონით, აჭარის ოთხივე მინისტრი ავტომატურად უნდა გადადგეს. მინისტრების მოადგილეებს კი უფლებამოსილება უწყდებათ ახალი მინისტრის დანიშვნისთანავე.
ბათუმში დღეს, 5 ივლისს, 7 ადამიანი მოიწამლა რესტორან “შემოიხედე გენაცვალეში” სტუმრობის შემდეგ – ინფორმაცია “ბათუმელებს” აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.
“ჩვენი ინფორმაციით, შუადღეზე ორმა ადამიანმა მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს მოწამვლის ნიშნებით, საღამოს კი ხუთი ადამიანი გადაიყვანა “შემოიხედე გენაცვალედან” სასწრაფო დახმარების მანქანამ. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,” – განუცხადა “ბათუმელებს” კობა ნაკაიძემ, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.
კობა ნაკაიძე ამბობს, რომ პაციენტების ნაწილმა “შემოიხედე გენაცვალეში” ხინკალი მიირთვა, თუმცა აბსოლუტურად ყველა მათგანმა მიირთვა სალათი “ცეზარი”. “თვითონაც აღნიშნეს, გემო არ მოგვეწონა, მაგრამ მაინც ჭამეს, რატომღაც,” – აღნიშნა კობა ნაკაიძემ.
მისივე თქმით, ამჟამად იღებენ ანალიზებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გარდა საკითხზე მუშაობს აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახური, რომელიც რესტორანში ამოწმებს საკვებ პროდუქტებს.
დაახლოებით ერთი თვის წინ დაფუძნებული კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთს“ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობასა და 50-მილიონიანი ინვესტიციის განხორციებას გეგმავს. კომპანიის მეპატრონე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონული ცენტრის ყოფილი უფროსი და „ქართული ოცნების“ შემწირველია. მან „ქართულ ოცნებას“ 2014 წელს 20 000 ლარი შეწირა. ქონების აჭარის მთავრობისთვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს ხვალ, 6 ივნისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. მიწის ნაკვეთს კი მთავრობა შემდგომში ინვესტორს გადასცემს.
დაინტერესდებიან თუ არა საკრებულოს წევრები რა სახსრებითა და გამოცდილებით გეგმავს ერთი თვის წინ დაფუძნებული კომპანია მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას ბათუმში, ეს 6 ივნისს, საკრებულოს სხდომაზე გამოჩნდება.
მიწის ნაკვეთი, რომელსაც აკაკი სონგულია აჭარის მთავრობისგან და ბათუმის მერიისგან ითხოვს
ბათუმის დელფინარიუმთან, „ჰილტონის“ მიმდებარედ, სასტუმროს აშენების იდეაზე წინა მთავრობის ყოფილმა მაღალჩინოსანმა აკაკი სონგულიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს და ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს წერილობით აცნობა და წინადადების განხილვა სთხოვა.
ამ წერილის მიხედვით, ინვესტორს აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენა პირდაპირი წესით, 1 კვ/მ-ის 300 აშშ დოლარად სურს [ჯამში 3263 კვ/მ] და ძირითად პირობასთან ერთად ინვესტორი მთავრობას სხვა ვალდებულებების აღებასაც ჰპირდება.
მიწის ნაკვეთის ათვისებასთან დაკავშირებით ინვესტორის წინადადების განხილვაზე მოსაზრების დაფიქსირების თხოვნით ბათუმის მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს, თავის მხვრივ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომაც მიმართა. საპასუხო წერილში ჩანს, რომ ბათუმის მერი თანახმაა იმ პირობით, რომ მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო თანხის მთლიანი ოდენობა – 978 900 ამერიკული დოლარი კომპანიის მიერ ჩაირიცხება ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
საკრებულომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განკარგულების პროექტი უკვე მოამზადა, რომელსაც სხდომაზე უყრიან კენჭს.
რეესტრის მონაცემების მიხედვით კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთს“ 2016 წლის 8 ივნისს ქუთაისშია დაფუძნებული. კომპანიის იურიდიულ მისამართად კი მეპატრონის სახლის მიმსარათი – ქუთაისი, მ. კოსტავას ქ., № 63 – ია მითითებული. კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორი ყოფილი მაღალჩინოსანი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემწირველი, აკაკი სონგულიაა.
რეესტრის მონაცემებით აკაკი სონგულია კიდევ ერთი კომპანიის „სოლუშენს ვესტ“ – ის მეწილედ ფიქსირდება, ის ამ კომპანიის 40%-ს ფლობს, კომპანია 2011 წელსაა დაფუძნებული. ამ წელს ჩააბარა სონგულიამ ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია, როგორც თანამდებობის პირმა. მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იმ დროისთვის, ის და მისი ოჯახის წევრები მნიშვნელოვან ფულად დანაზოგს არ ფლობდნენ.
ტერიტორია, რომლის გასხვისების ბედი ბათუმის საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს
ინვესტორის წერილის მიხედვით, ნებართვის მიღების შემთხვევაში, ის ააშენებს ასნომრიან სასტუმროს, სადაც განთავსდება მაღალი კლასის ნომრები, რეზიდენსები, საცურაო აუზი, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, კაფე-ბარი, სატრენაჟორო და სხვა… ხოლო სასტუმროს მართვას განახორციელებს საერთაშორისო ბრენდის მქონე ოპერატორი, რომელიც არის მსოფლიოს მასშტაბის სასტუმროების ფრენჩაიზორი.
ამ წერილებში და არც განკარგულების პროექტში, არ არის საუბარი იმაზე თუ კონკრეტულად რომელ ოპერატორთან აქვს შეთანხმება ინვესტორ სონგულიას.
სონგულია პირობას დებს, რომ სასტუმროს მშენებლობის დასრულება და ექპლუატაციაში გაშვება განხორციელდება ხელშეკრულების დადებიდან 5 წლის ვადაში.
ბათუმის საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში კომპანია ასევე გამოთქვამს მზადყოფნას გასწიოს ხარჯები აჭარის მაღლმთიანეთის სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ განვითარებისთვის. განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ აჭარის მთავრობის მიერ გამოყოფილ ადგილას კომპანია მოაწყობს საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტს, ბავშვთა გასართობ სივრცეს და ღია სპორტულ მოედანს რომელზეც ზამთრის სეზონზე შესაძლებელი იქნება საციგურაო მოედნის მოწყობა, ხოლო დანარჩენი დროის პერიოდში საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა თამაშების ორგანიზება.
„ვიცოდი, რომ ოჯახებს უნდა ეცხოვრათ ლერმონტოვის 13-ში. შემდეგ აღმოჩნდა, რომ პანსიონი იხსნებოდა. როცა მივედი, მოსახლეობა იქ იდგა. მითხრეს, ხომ ხედავთ, თქვენც მოგატყუეს, ბატონო გამგებელოო,“ – უთხრა მოსამართლეს ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ. მან დღეს ქობულეთის პანსიონის საქმეზე მოწმის სახით ჩვენება მისცა.
საუბარია 2014 წლის სექტემბერში მომხდარ ინცინდენტზე, როდესაც მუსლიმურ პანსიონთან ადგილობრივმა მოსახლეობამ ბარიკადები მოაწყო და პანსიონის კარზე ღორის თავი მიაჭედა. სასამართლოში „ქართველ მუსლიმთა ერთობის“ ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ, გამგებელს ჰკითხა: „როცა იქ შეხვდით ქრისტიანებს და მოისმინეთ მათი შეხედულებები, შეხვდით თუ არა მუსლიმანებს?“
„ვიცი, საითკენაც მიგყავთ საუბარი… ღორის მიჭედების დროს მე ქალაქში არ ვიმყოფებოდი, – უპასუხა გამგებელმა თამთა მიქელაძეს, – როცა მივედი, ვნახე, რომ ხალხი აპროტესტებდა პანსიონის გახსნას. სისულელეა, თითქოს პანსიონში ვინმეს არ უშვებდნენ, პირიქით, ადგილობრივი მოსახლეობა საჭმელსაც უზიდავდა იმ პირებს, ვინც პანსიონში იყო. რისთვის დავდიოდი აქეთ-იქით ამდენს? ჩემი მიზანი იყო, ორივე მხარე ყოფილიყო კმაყოფილი“.
„პანსიონის გახსნა არღვევდა რომელიმე კანონს?“ – იკითხა ისევ თამთა მიქელაძემ.
„არ ვიცი, გეთქვათ წინასწარ და მოვემზადებოდი, თუ ეს შეკითხვა გქონდათ“, – აღნიშნა გამგებელმა. მან ასევე ვერ დააკონკრეტა, რის გამო ეშლება ხელი დღემდე მუსლიმ მრევლს პანსიონის გახსნაზე. გამგებელმა თქვა, რომ მხარეები და თვითონაც სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება [საქართველოს კანონმდებლობით, რელიგიური პანსიონის გახსნას რომელიმე უწყების ნებართვა არ სჭირდება].
ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ სავარაუდო დისკრიმინაციაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც პანსიონში შესვლას უკრძალავდა ადამიანებს, მორალური კომპენსაცია დაეკისრებათ. კომპენსაციის გადახდა დაეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, რომელსაც სარჩელში ავტორები უმოქმედობასა და დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
„გაუგებარია, რა კავშირი აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებას პანსიონის გახსნასთან. მუსლიმ მრევლს ისევ არ აძლევენ ლერმონტოვის 13-ში შესვლის საშუალებას. იქ ამჟამად არაა ბარიკადები, მაგრამ მოსახლეობამ ადგილზე გასულ მოსამართლესაც უთხრა, რომ იქ პანსიონის გახსნის საშუალებას არავის მისცემენ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამთა მიქელაძე.
ქობულეთის გამგებელს შეკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმაც დაუსვა: „იყო თუ არა იქ ისეთი შეხლა-შემოხლა, დაპირისპირება, რაც საჭიროებდა პოლიციის ჩართვას?“.
„არა, პირიქით, ჩვენ პოლიციას ვთხოვეთ, რომ რაიმე პროვოკაციას რომ არ ჰქონოდა ადგილი, ემორიგევათ შენობასთან“, – განაცხადა სულხან ევგენიძემ.
ამ საქმეში შსს-ს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ უმოქმედებას და პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებობას ედავება. „ეს არის უმოქმედობის პოლიტიკა განსაკუთრებით მუსლიმი თემის მიმართ. მაინცადამაინც შეხლა-შემოხლას არ უნდა ჰქონდეს ადგილი, რომ პოლიცია რეაგირებდეს და დაიცვას ადამიანის უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ავიწროვებდნენ, ამცირებდნენ თავისი რელიგიური მრწამსის გამო, პოლიციელებს სიტყვიერი გაფრთხილებაც არ გამოუყენებიათ“ – თქვა თავის დასკნით სიტყვაში თამთა მიქელაძემ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 2013 წელს, როცა ეს ინციდენტი მოხდა, კიდევ შვიდი კონფლიქტი დაფიქსირდა, რაც რელიგიურ ნიადაგზე მოხდა და არცერთი შემთხვევა დღემდე შსს-ს არ გამოუძიებია: „დღემდე მიმდინარეობს იგივე ქობულეთის პანსიონის საქმის გამოძიება, მაგრამ საქმე დაუსრულებელია. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულები დაკითხეს მას შემდეგ, როცა სასამართლო პროცესი დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს მიდგომა არის დისკრიმინაციული“.
დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში მთავარი აქცენტი არაადამიანურ მოპყრობაზე გააკეთა, რომელიც ევროპული სტანდარტების მიხედვით მოიაზრებს ადამიანის დამცირებას, საქმიანობის ხელშეშლას, მისთვის ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენებას. „ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტის“ შეფასებით, ღორის თავის მიჭედება მუსლიმური პანსიონის კარზე, ყველაზე შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა იყო.
დაცვის მხარემ მაგალითად მოიყვანა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებაც იეჰოვას მოწმეების 2004 წელს თბილისში შევიწროვების შესახებ, სადაც აღინიშნულია რომ „პოლიციამ თავისი უმოქმედობით, საქმის გამოუძიებლობით შექმნა და წაახალისა დაუსჯელობის სინდრომი“.
სასამართლო მორიგ სხდომაზე მოპასუხე მხარის დასკვნით სიტყვებს მოისმენს. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე ამ საქმეზე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, აგვისტოში გამოიტანს.
დღეს, 5 ივლისს, აჭარის მთავრობის სხდომის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობიდან შესაძლო გაგადგომის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ხაბაძის თქმით, განიხილება მისი წასვლის და მთავრობის თავმჯდომარედ საქართველოს ელჩის ყაზახეთში ზურაბ პატარაძის კანდიდატურა, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სიის სათავეში ვიხილოთ.
„ჯერ მე არ მითხვამს, რომ მივდივარ. მიდის მსჯელობები და თუ კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტილება იქნა მიღებული ახლო პერიოდში გეცნობებათ ამის შესახებ. ჩემი სხვაგან გადასვლის შემთხვევაშიც ერთმნიშვნელოვნად ფიქსირდება, რომ ვრჩები გუნდში. ჯერ არ ვიცი სად ვიქნები, მაგრამ არის ვერსია, რომ გუნდის ყველა წევრი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს გუნდს, ჩვენს პარტიას, რომელიმე პოზიციას, იქ უნდა გაუკეთოს რეალიზაცია თავის თავს.
მიდის კონსულტაციები მე დავტოვებ პოზიციას და გადავალ სხვაგან, თუ სხვაგან სხვა იმუშავებს. ჩვენ აქტიურად მოვემზადებით საარჩევნო პროცესისთვის, იმ გამოწვევებისთვის რაც მოცემულ შემთხვევაში გვაქვს. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში და ამას აუცილებლად წარმოვაჩენთ, არავის მივცემთ უფლებას, რომ დისკრედიტაცია გაუკეთოს დღევანდელ მთავრობას. მათ ვისაც ამაზე პრეტენზია აქვთ, ამდენი არ გაუკეთებიათ ჩვენი რეგიონისთვის. შესაბამისად, ჩვენ გადავერთვებით საარჩევნო პროცესებზე. ეს იქნება არჩილ ხაბაძე, ჭეიშვილი, სურმანიძე თუ სხვა, ეს იქნება გუნდის გაძლიერება.
ამ გუნდში ვინ სად იქნება, ეს გადაწყდება რამდენიმე დღეში. შესაძლებელია დავრჩე ამ პოზიციაზე, შესაძლებელია სათავეში ჩავუდგე უმაღლესი საბჭოს სიას, შესაძლებელია პარლამენტში მოვხვდე გამსვლელ სიაში, ან სხვა პოზიციებზე. უახლოეს პერიოდში გეცოდინებათ.
რაც შეეხება პატარაძეს. ის არის ჩვენი კუთხის შვილი, გამოცდილი დიპლომატი და პროფესიონალი თავისი საქმის და მისი ცოდნა და კომპეტენცია არის გამოსაყენებელი. როგორ იქნება მისი რესურსი გამოყენებული ამასაც დამატებით გაცნობებთ. მთავარია რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ.“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ სხდომის შემდეგ.
„მე კმაყოფილი ვარ ჩემი მოღვაწეობით უმაღლეს საბჭოში. მინდა, რომ ჩემი ცხოვრების მომდევნო ეტაპი ბიზნესი იყოს“ – აცხადებს უმაღლესი საბჭოს წევრი ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ თემურ კახიძე.
დეპუტატი მომავალ არჩევნებამდე დეპუტატის სტატუსს შეინარჩუნებს, არჩევნებში მონაწილეობას კი აღარ აპირებს. ის გამორიცხავს დაპირისპირებას ან უთანხმოებას პარტიის შიგნით.
„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა ბიზნესს აპირებს დეპუტატი, თემურ კახიძემ გვიპასუხა: „მემკვიდრეობით მიღებული ტერიტორიები მაქვს და კონკრეტული გეგმები უნდა განვახორციელო“.
თემურ კახიძე 2012 წელს გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი – ხელვაჩაურის მაჟორიტარი, კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებადან“. 2013 წლიდან იგი აჭარის უმაღლეს საბჭოშო საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა.
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის თქმით, ქუჩაში მიმავალ დაახლოებით 9 წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაზარალებული, „რომლის მდგომარეობა მძიმე არ უნდა იყოს“, ანგისაზე მდებარე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
276-ე მუხლის პირველი ნაწილი: „ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, -ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ“.
შენიშვნა: როგორც მოგვიანებით „ბათუმელებს“ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრიდან აცნობეს, დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. საავადმყოფოში „ბათუმელებს“ ასევე განუცხადეს, რომ ბავშვი 13 წლისაა.
შპრიცებისა და ნემსების ინექციისთვის ხელმეორედ გამოყენება მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს აავადებს სიცოცხლისთვის საშიში ინფექციებით. გამონაკლისი არც საქართველოა. გამოყენებული შპრიცების გაზიარების პრაქტიკა, ძირითადად, ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელშია გავრცელებული, თუმცა ცნობილია, რომ ნემსის შემთხვევით ჩხვლეტის გამო სხვადასხვა ინფექციით მედპერსონალიც ინფიცირდება. სწორედ ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო], სპეციალური – „ჭკვიანი“ შპრიცების გამოყენების რეკომენდაციას იძლევა, რომელთა ხელმეორედ გამოყენება, სპეციალური მექანიზმის გამო – ფიზიკურად შეუძლებელია.
ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებული სარისკო ქცევის კვლევის თანახმად, რომელიც გასულ წელს საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჩაატარა, გამოკითხულ 2037 ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელთა 50%-ზე მეტს – ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს გამოყენებული სხვის მიერ ადრე ნახმარი ნემსი/შპრიცი. შვიდი ქალაქიდან [თბილისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი] ეს პროპორცია ყველაზე მაღალი ზუგდიდში (63.4%) აღმოჩნდა.
მართალია, ბოლო წლებთან შედარებით, საინექციო მოწყობილობის გაზიარების პრაქტიკა საქართველოში საგრძნობლად შემცირებულია, მაგრამ როგორც `კურაციოს~ კვლევით ჩანს – ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელთა მცირე რაოდენობა (გამოკითხულთა 2%-დან 5%-მდე) მაინც აგრძელებს ამ სარისკო პრაქტიკას.
უსაფრთხო შპრიცების ზოგიერთი მოდელის დგუშს სუსტი წერტილი აქვს, რომელიც ინექციის შემდეგ, ხელმეორედ ამოქმედების მცდელობისას ტყდება. ზოგიერთს მეტალის დამჭერი აქვს, რომელიც ბლოკავს დგუშს და მის მოძრობას შეუძლებელს ხდის. სხვა მოდელებში, ინექციის შემდეგ, ნემსი შპრიცი ცილინდრში ვარდება. ასევე, ჯანდაცვის მუშაკების ნემსის შემთხვევით ჩხვლეტისგან დასაცავად, ზოგიერთი შპრიცის ბუდე ან გარსი გამოყენების შემდეგ ისე ეხვევა ნემსს, რომ გამორიცხავს ჩხვლეტის ალბათობას.
„ჯანმრთელობის კვლევის კავშირის“ მიერ 4 წლის წინ საქართველოში გამოკითხული 1386 მედმუშაკთაგან, ნემსი შემთხვევით უჩხვლეტია 45%-ს, რაც ყველაზე ხშირად (22% ექიმებში და 39% მედდებში) გამოყენებულ ნემსზე ხუფის დახურვის დროს ხდებოდა. ამავე კვლევის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ გამოკითხული მედპერსონალის 5% ინფიცირებული იყო C ჰეპატიტით.
ასეთი შპრიცები საქართველოში დღეს მხოლოდ აცრების დროს გამოიყენება, რადგან „ჭკვიანი“ შპრიცები, ჩვეულებრივ შპრიცებთან შედარებით, მინიმუმ ორჯერ ძვირია [გაეროს ორგანიზაციების მიერ, განვითარებადი ქვეყნებისთვის შეძენილი, დამცავი მექანიზმების არმქონე შპრიცები 0,03-0.04 აშშ დოლარი ღირს]. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, კონკრეტული გათვლა, თუნდაც გრძელვადიანი გეგმის სახით ამ შპრიცების დანერგვასთან დაკავშირებით, საქართველოში ჯერ არ არსებობს. ამიტომ ჯანმო მოუწოდებს დონორ ორგანიზაციებს, რომ მხარი დაუჭირონ „ჭკვიან“ შპრიცებზე გადასვლას იმ მოლოდინით, რომ დროთა განმავლობაში, მოთხოვნის გაზრდასთან ერთად, მისი ფასიც შემცირდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფექციის გადაცემის გზებს შორის ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარება ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია (48.6%). სწორედ ამიტომ, საქართველოში 2001 წლიდან მოქმედებს ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში აივ/შიდსის პრევენციის, იგივე – შპრიცების გაცვლის პროგრამა. შპრიცების გაცვლა გულისხმობს მომხმარებლებისთვის ახალი შპრიცების მიცემას ნახმარი შპრიცების სანაცვლოდ. საბოლოოდ კი, ნახმარი შპრიცები სანიტარული დაცვის წესებით ნადგურდება.
დღეს საქართველოში შპრიცების გაცვლის თორმეტამდე ცენტრია, რომელთა საქმიანობასაც საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებენ. მაგალითად, ბათუმში, ამ საქმიანობას „გლობალური ფონდის“ დაფინანსებით კავშირი „იმედი“ ახორციელებს, რომლის ხელმძღვანელი ზორია წურწუმია ამბობს, რომ ყოველთვიურად ისინი 800-1200 ბენეფიციარს ემსახურებიან, რომელთა უმრავლესობასაც ქვეყანაში არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო, ძირითადად ქუჩაში ხვდებიან – „ამას აუთრიჩი ჰქვია, უმეტესად ქუჩაში ვაწვდით სერვისს, თუმცა ჩვენთანაც მოდიან. 2001 წლიდან ვმუშაობთ და უკვე ნდობა გვაქვს ბენეფიციარებში, ერთმანეთში ავრცელებენ ჩვენ შესახებ ინფორმაციას“.
ზორია წურწუმია ამბობს, რომ თავიდან, პროექტი უფრო კლასიკურად მიმდინარეობდა, ანუ ძირითადად ბენეფიციარები მიდიოდნენ მათ ოფისში -„გვიტოვებდნენ ნახმარ შპრიცებს და ჩვენ ვაძლევდით ახალს. მაგრამ 2007 წლის შემდეგ, რაც კანონი გამკაცრდა და იყო შემთხვევები, როცა ნახმარი შპრიცით აკავებდნენ მომხმარებელს, აღარ მოაქვთ და ჩვენი სოცმუშაკები ხვდებიან მათ დათქმულ ადგილებში“, – ამბობს ის. ზორია წურწუმიას თქმით, „ჭკვიანი“ შპრიცების დანერგვა იდეალური ვარიანტი იქნება აივ/შიდსის პრევენციისთვის, მაგრამ „შპრიცების გაცვლის“ პროგრამის ფარგლებში მათი შეძენა ჯერ თუნდაც იმიტომ ვერ მოხერხდება, რომ სახელმწიფო ტენდერის სახით ირჩევს, თუ ვინ განახორციელებს „გლობალური ფონდის“ მიერ დაფინანსებულ პროგრამებს, ტენდერში კი მთავარ კრიტერიუმად – არა ხარისხი, არამედ დაბალი ფასი მიიჩნევა.
მიზეზი, რის გამოც ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლები, ნახმარ ნემსს ხელმეორედ იყენებენ სხვადასხვაა – აფთიაქში არ შესვლის სურვილი სტიგმის გამო, ან შემდგომში სამართალდამცავ ორგანოებთან სირთულეების თავიდან აცილების მიზნით. „ჯერ კიდევ არიან ისეთები, რომლებსაც ნარკოტიკული შიმშილისას ავიწყდებათ ყველანაირი ღონისძიება, იყო შემთხვევა, როცა ქუჩაში გადაგდებული შპრიცი აიღო ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, თქვა, რომ იცოდა რისკის შესახებ, მაგრამ მაინც გააკეთა ეს – ამიტომაც არის ეს დაავადება, რომ ამას გაკეთებინებს,“ – ამბობს ზორია წურწუმია.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც გამოყენებული შპრიცების გაზიარებისას მოქმედებს, ამ საკითხებზე განათლების დაბალი დონეა. „კურაციოს“ 2015 წლის კვლევის შედეგებით, იმ 2037 რესპონდენტს შორის, ვინც დაადასტურა სხვის მიერ ნახმარი ნემსის/შპრიცის ოდესმე გამოყენების ფაქტი, ყოველმა მეხუთემ აღნიშნა, რომ წინასწარ წყლით გაასუფთავა იგი.
ჯანმოს რეკომენდაციით, 2020 წლისთვის ყველა ქვეყნის ჯანდაცვის პროგრამა მხოლოდ „ჭკვიანი“ შპრიცების გამოყენებაზე უნდა გადავიდეს [გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც „ჭკვიანი“ შპრიცების ერთჯერადი გამოყენება ხელს შეუშლის მკურნალობის პროცესს. მაგალითად, როდესაც ადამიანი შეერთებულია ინტრავენურ აპარატზე, რომელიც იყენებს შპრიცს].
შავი ზღვის ყველაზე მასშტაბური და უნიკალური კვლევა, რომელშიც ხუთი ქვეყნის 40 მეცნიერი მონაწილეობდა, დასრულდა. კვლევის ერთ-ერთი მიზანი შავი ზღვის დანაგვიანების შეფასება იყო. კვლევის მონაწილეები ამბობენ, რომ შავი ზღვა, კვლევის ფარგლებში შემოწმებული ლოკაციების მიხედვით – ყველაზე მეტად დაბინძურებული საქართველოშია.
მარინოლიტერი – ასე უწოდებენ ზღვაში სხვადასხვა წარმოშობის ნაგავს. ეს შეიძლება იყოს: პოლიომერიული მასალა, პენოპლასტი, ქაღალდი, ტოტები, ფიჩხები და სხვა ნივთები, რაც მდინარეების ან სხვა გზებით ხვდება ზღვაში და მის ზედაპირზე დაცურავს. კვლევა, რომელიც აქამდე არასდროს ჩატარებულა შავ ზღვაში, 4 ივნისს დასრულდა და როგორც კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი არჩილ გუჩმანიძე ამბობს, შავი ზღვის დანაგვიანების მაჩვენებელი იმაზე გაცილებით უფრო ცუდია, ვიდრე მეცნიერები ელოდნენ.
„სამწუხაროა, მაგრამ მთლიანად შავ ზღვაში, სადაც ჩვენ ვაწარმოეთ დაკვირვება, ყველაზე დიდი რაოდენობის მარინოლიტერი საქართველოს წყლებში აღინიშნა. ასევე საგულისხმოა ის, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ნაგავი კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო სექტორის მიმდებარე წყლებშია,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.
მარინოლიტერი ხილვადი ნაგავია. რაც შეეხება შავი ზღვის „უხილავ“ დაბინძურებას, კვლევის ფარგლებში პოლუტანტებისა [დამაბინძურებელები] და ნუტრიენტების [ორგანული ნივთიერებების] რამდენიმე ასეული კომპონენტის ანალიზიც ჩატარდა, თუმცა კვლევის ეს ნაწილი უფრო დეტალურ შესწავლას საჭიროებს და მათი შედეგები, სხვა მსგავსი სინჯების მსგავსად, ოქტომბრის ბოლოს იქნება ცნობილი.
შავი ზღვის ერთობლივი კვლევა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში „შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესების“ (EMBLAS) პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ევროკავშირის კომისია და გაეროს განვითარების პროგრამა აფინანსებდნენ. კვლევის მონაწილე უნდა ყოფილიყო რუსეთის ფედერაციაც, თუმცა, როგორც არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რუსეთმა უარი განაცხადა მის ეკონომიკურ ზონასა და ტერიტორიულ წყლებში საერთაშორისო ექსპედიციის შესვლაზე. „ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ ჩავსულიყავით და მათთან ერთად გვემუშავა, ამიტომ რუსეთი თავის მონაცემებს თავად დაამატებს და უკვე საკმაოდ ვრცელი სურათი გვექნება,“ – ამბობს ის.
როგორც ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა, სლოვაკმა ქიმიკოსმა პიტერ ოსვალდმა „ბათუმელებთან“ აღნიშნა, ექსპედიციის ფარგლებში აღებულ 2000-მდე ორგანულ ნივთიერებას [წამლები, ინდუსტრიული დამაბიძურებელი ნივთიერებები მრეწველობიდან და სხვა] საბერძნეთში გაუკეთდება ანალიზი. მეცნიერთა განმარტებით, ის თანამედროვე ტექნოლოგია, რაც ასეთი დაბალი კონცენტრაციის კვლევებისთვის არის საჭირო, მხოლოდ ევროკავშირშია. მასალის ნაწილი კი საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მოწმდება.
ლაბორატორია რუმინეთის კვლევით გემზე – Mare Nigrum
შავი ზღვის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში ზღვის ძუძუმწოვრების კვლევაც ჩატარდა. წინასწარი შედეგების თანახმად, მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაზრდილია, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის წყლებსა და მთლიანად შავი ზღვის აკვატორიაში.
კვლევის ფარგლებში შავი ზღვის დელფინების ფოტოკატალოგი უნდა შეიქმნას. არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ დელფინის ზურგის ფარფლზე არსებული ღარები და ნაჭდევები, მათი ფორმა და მოყვანილობა, ისეთივე უნიკალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი, ამიტომ მათი ერთხელ დაფიქსირებით შესაძლებელია მომავალშიც ამოიცნოთ დელფინი.
დელფინებზე დაკვირვება და მათი აღრიცხვა კი ასე ხდება:
„გემის ორივე ბორტზე დგება ორი ადამიანი, რომლებიც სპეციალური ბინოკლებით აკვირდებიან ზღვას და როცა ცალკეულ დელფინს ან გუნდს აღმოაჩენენ, ხდება მათი აღრიცხვა და სახეობრივი ინდეტიფიცირება – თეთრგვერდა დელფინია, ზღვის ღორია თუ აფალინა. მოგეხსენებათ, შავ ზღვაში დელფინის ეს სამი სახეობაა გავრცელებული. ასევე ხდება მათი მიმართულების, სიჩქარისა და ადგილმონაცვლეობის გაანალიზება. ეს ინფორმაცია შედის კომპიუტერში, ხდება ამის განზოგადება მთელს აკვატორიაზე და ვიღებთ რიცხვს, თუ რამდენი ძუძუმწოვარია ამ მომენტისთვის იმ კონკრეტულ აკვატორიაში, ან მთლიანად შავ ზღვაში“, – განმარტავს არჩილ გუჩმანიძე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წელს საქართველოს სანაპირო ზოლზე დელფინების გამორიყვის 50-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ უმეტესობას ისეთივე კლინიკა და პათანატომიური სურათი აქვს, როგორიც 2012 წელს გამორიყლ დელფინებს აღენიშნებოდათ. მაშინ გამორიყული დელფინებისგან აღებული ქსოვილების მასალის ვირუსოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა საქართველოს წყლებში და მთლიანად შავი ზღვის აკვატორიაში მორბილ ვირუსული წარმოშობის დაავადების არსებობა. აქედან გამომდინარე, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა საქართველოს წყლებში კვლავ ადგილი ჰქონდეს ვირუსოლოგიური ბუნების დაავადებას.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რაც ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა, შავი ზღვის ჰიპოქსიაა – ანუ ჟანგბადსმოკლებული ზონების კვლევა. როგორც ცნობილია, შავ ზღვაში კონცენტრირებულია გოგირდწყალბადი, რის გამოც შავი ზღვის 80%-ზე მეტი სიცოცხლეს არის მოკლებული, ანუ მასში არ გვხვდება ცოცხალი ორგანიზმები, სწორედ ამიტომ აუცილებელია დაკვირვება – იზრდება თუ არა გოგირდწყალბადის ფენა შავ ზღვაში და ხდება თუ არა მისი ამოწევა ზედაპირზე.
ამ მიმართულებით ექსპედიციის ფარგლებში ერთი საინტერესო აღმოჩენაც გაკეთდა. მეცნიერებმა 1960 მეტრ სიღრმეზე სპეციალური, სტერილური შპრიცით აიღეს გრუნტის ზედაპირი და დათესეს, საიდანაც ხუთი ფორმის მიკროორგანიზმი ამოითესა. „ეს პატარა სენსაციაცაა, რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ შავი ზღვა არის მოკლებული სიცოცხლეს, რომ მასში არ გვხვდება ცოცხალი ორგანიზმები, მაგრამ ამოვიღეთ ხუთი ფორმა. ეს სინჯები უფრო სიღრმისეული კვლევებისთვის გადავეცით ბაქტერიოფაგის ინსტიტუტს. მალე საზოგადოებას ამ კუთხით ძალიან საინტერესო ფაქტებს მივაწვდით,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.
მეცნიერების თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რასაც კვლევის პასუხები საზოგადოებას მისცემს – შავი ზღვის დიაგნოზია.
„შავი ზღვის ეკოსისტემა არ არის ისეთი ჯანსაღი, როგორიც გასული საუკუნის 20-30-იან წლებში იყო, აქედან გამომდინარე ჩვენ მუდმივად მის პულსზე უნდა გვეჭიროს ხელი. როცა ხმელეთზე რაღაც ხდება, ის ვიზუალურად შესამჩნევია – მთა მოწყდება, ტყე გაიჩეხება… მაგრამ ზღვაში ეს ყველაფერი არ ჩანს, ხოლო როცა ზღვა გამოავლენს და დაგვანახებს მის პრობლემებს – უკვე ძალიან გვიანი იქნება. სანამ მდგომარეობა ჩიხში შევა, ჩვენ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ რა პრობლემები გვაქვს, განვიხილოთ და შევთანხმდეთ, თუ რა ზომების მიღება შეგვიძლია სიტუაციის შესამსუბუქებლად და მერე უკვე უნდა გადაწყდეს კონკრეტული მკურნალობა,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.
შავი ზღვის მონიტორინგის ფარგლებში საქართველოს წყალქვეშ რამდენიმე სადგურზე სპეციალური წყალქვეშა რობოტის საშუალებით ზღვის ფსკერიც გადაიღეს. კადრები ოქტომბრამდე გამოქვეყნდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის გადადგომის შემთხვევაში აჭარის ოთხივე მინისტრი ავტომატურად უნდა გადადგეს. მინისტრების მოადგილეებს კი უფლებამოსილება უწყდებათ ახალი მინისტრის დანიშვნისთანავე.
კანონმდებლობით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არ აქვს ვალდებულება გადადგომასთან დაკავშირებით რომელიმე თანამდებობის პირს ან აჭარის უმაღლეს საბჭოს წერილობით მიმართოს.
„მისი მხრიდან გადადგომის თაობაზე საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადება იქნება საკმარისი. შემდეგ კი მას აქვს ვალდებულება დარჩეს მოვალეობის შემსრულებლად, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით უმაღლეს საბჭოს ახალ კანდიდატურას არ წარუდგენს და უმაღლესი საბჭო მას არ დაამტკიცებს.“ – განმარტავს აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით გაბაიძე.
ახალი თამჯდომარე კი დამტკიცების შემდეგ უმაღლეს საბჭოს ახალ მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გაკეთებულ კომენტარში არ უარყო და ირიბად დაადასტურა კიდეც.
რამდენიმე წუთის წინ აჭარის უმაღლეს საბჭოში არ შედგა მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურა. საკითხის ინიციატორი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.
დღეს, 5 ივლისს, ოთხ საათზე, აჭარის მთავრობის სხდომაა ჩანიშნული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობამ 2016 წლის ივნისის თვეში 517 038-ით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 4,1 %-ით მეტია.
რაც შეეხება იანვარ-ივნისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 2 636 313 ვიზიტი განხორციელდა, რაც 12,9%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-ივნისში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი – 1 011 458 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 18,1%);
ბ) ტრანზიტი – 521 746 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,8%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -2,8%);
გ) სხვა – 1 102 887 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 41,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17%).
სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის ივნისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+1,9%), სომხეთიდან (-3,9%), თურქეთიდან (-7,2%), რუსეთიდან (+4,4%) და უკრაინიდან (+35,3%) განხორციელდა.
„ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივნისშიც გამოირჩეოდნენ ლატვია, იტალია, და საფრანგეთი (შესაბამისად 29%, 20%, და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (27%) და უზბეკეთი (31%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (39%) და მოლდოვა (22%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (95%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 23%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 9%-იანი ზრდა“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
4 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებიდან უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები [ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი – თამილა ლომთათიძე; აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი – ზურაბ მიქელაძე; ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი – ზოია სიხარულიძე] აირჩიეს.
არჩევნების თარიღი და კანდიდატთა რეგისტრაციის ვადები 16 ივნისს გამოცხადდა და კანდიდატებს 17-27 ივნისს შეეძლოთ რეგისტრაცია. როგორც ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ოქმებიდან ირკვევა, თითოეულ ინსტიტუტში კანდიდატად თითო სუბიექტი დარეგისტრირდა.
„არჩევნებს თითო კანდიდატით“ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ბსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი მალხაზ ნაკაშიძე: „კომუნისტები ატარებდნენ ასეთ არჩევნებს, სადაც ერთ კანდიდატს ნიშნავდნენ არჩევნების გზით. ასეთივე წესით არის დანიშნული დანარჩენი წევრების უმრავლესობა აკადემიურ საბჭოში“.
„ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა ბსუ-ს აკადემიური საბჭოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, გიორგი დიასამიძესთან დაკავშირება – მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკადემიურ საბჭოებში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს წელს პირველად ირჩევენ, რაც საქართველოს კანონში უმაღლესი განათლების შესახებ ცვლილებების შედეგად გახდა შესაძლებელი. ცვლილებების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობების ჩამონათვალს დაემატა სამეცნიერო თანამდებობები.
ამავე ცვლილებებით, 2016 წლის შემდეგ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრული პროფესორები და მთავარი მეცნიერ-თანამშრომლები აირჩევიან უვადოდ და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ დაექვემდებარებიან ატესტაციას.
შვიდი მომხრე და რვა წინააღმდეგი – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა. კეჭისყრაში მონაწილეობა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და მედეა ვასაძემ არ მიიღეს.
იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ინიციატორი „ ნაციონალური მოძრაობა“ იყო. სხდომას თვრამეტი დეპუტატი ესწრებოდა. დღესვე უმაღლესმა საბჭომ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პარმენ ჯალაღონია, ხოლო უსკოს წევრად სოფიო კახაძე დაამტკიცა.
პარმენ ჯალაღონია აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩია. უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თემურ კახიძის ინფორმაციით პარმენ ჯალაღონიამ 11 ხმა მიიღო, ხოლო უსკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა სოფიო კახაძის კანდიდატურას.
ქობულეთში არსებული გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონი დაიხურა. პანსიონი კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ იყო დაარსებული.
პანსიონის დახურვას ლეონიდ ჩერნოვეცკი ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა, სადაც ის შერჩევით სამართალზე საუბრობს: „ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს ყველა ის არალიცენზირებული ბავშვთა სახლი, რომელთა დაფინანსებაც საზღვარგარეთიდან ხდება. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მის თითოეულ დამრღვევზე უნდა ვრცელდებოდეს“.
საქართველოში მოქმედი კანონის მიხედვით, აკრძალულია დიდი ზომის ბავშვთა სახლების ფუნქციონირება, სადაც ბავშვს 24 საათის განმავლობაში უწევს ყოფნა. მოქმედი რეგულაციების მიხედვით, მზრუნველობამოკლებული ბავშვი გადადის მინდობით აღზრდაში ან მცირე ტიპის საოჯახო სახლში.
ქობულეთის ბავშვთა პანსიონში 20 არასრულწლოვანი მუდმივად ცხოვრობდა, რაც ხელისუფლების განცხადებით, კანონდარღვევა იყო. არსებული ნორმების დარღვევის გამო, ქობულეთის ბავშვთა პანსიონის ადმინისტრაცია გასულ წელს, ჯანდაცვის სამინისტრომ დააჯარიმა, თუმცა, პანსიონის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაა, რომ რელიგიური კონფესიებისა თუ სხვა კერძო პირების მფლობელობაში არსებული ბავშვთა სახლები, სადაც ბავშვთა რაოდენობა 10-ს აღემატება, წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო პოლიტიკასთან. ჯანდაცვის სამინისტრო ამ ტიპის ბავშვთა სახლების კანონმდებლობაში მოსაქცევად ახალი რეგულაციების შემუშავებას აპირებდა.
ქობულეთის ბავშვთა პანსიონი 2014 წლის 24 ნოემბერს გაიხსნა.
ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ნონეშვილის ქუჩა 30-ის მიმდებარედ არსებულ ბაღთან ტრენაჟორები ორი კვირაა რაც დაამონტაჟეს. დღეს დილით კი ტრენაჟორები მოსახლეობას დაზიანებული დახვდა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ „ხელოვნურ დაზიანებასთან არ გვაქვს საქმე. ტრენაჟორები უხარისხიოა, ან უხარისხოდაა დამონტაჟებული… სავარაუდოდ, ჭანჭიკებმა ვერ გაუძლეს და ერთი მათგანი მოტყდა“.
ტრენაჟორების შეძენა-დამონტაჟება ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ბათუმის მერის წარმომადგენელმა თამარის უბანში, თამაზ სალუქვაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ დაუკავშირდება შესაბამის კომპანიას ვინც ტრენაჟორები დაამონტაჟა: „არაჯეროვნად არის თუ არა შესრულებული სამუშაო ამას ვერ გეტყვით, მაგრამ კომპანიას აქვს პასუხისმგებლობაც და პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდება“.
ტერიტორია, 6 მაისის პარკთან, სადაც პატარა ბუნებრივი ტბაა, დღეს ბათუმის დელფინარიუმის საკუთრებაშია. შესაბამისად, ამ ტბაზე [რომელიც ერთი შეხედვით დაბინძურებული ჩანს] ზრუნვა, დელფინარიუმის ადმინისტრაციის ვალდებულებაა.
ბათუმის დელფინარიუმის დირექტორის, დავით ლეკვეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტბა, ნურიგელის ტბასთან ზიარჭურჭელის პრინციპითაა დაკავშირებული, ის პრობლემა რაც ნურიგელის ტბას აქვს, აქ არ შეინიშნება: „ეს ტბა გაცილებით პატარაა, მოსავლელადაც ადვილია და პერიოდულად ვწმენდთ“.
6 მაისის პარკი ნური გელის ტბასთან ერთად ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ეკუთვნის. პატარა ტბა, საზღვაო აკადემიასა და პარკს შორის მდებარეობს. ამ ტბასა და ნურიგელის ტბას შორის კი ავტოპარკინგია მოწყობილი. ავტოპარკინგიც დელფინარიუმის საკუთრებაშია. ტბის ირგვლივ კი, რომელიც დღეს ორი მხრიდან ხის ღობითაა შემოსაზღვრული, რაიმე ინფრასტრუქტურის მოწყობა დაგეგმილი არ არის.
არჩილ ხაბაძემ ყველა მუსლიმს რამადან ბაირამი მიულოცა: ,,მინდა მივულოცო მთელი მსოფლიოს მუსლიმ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს. ეს არის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც გულისხმობს სიყვარულს, ურთიერთმიტევებას, ღარიბისადმი და გაჭირვებულისადმი დახმარებას. ამ დღეს ყველა მუსლიმი არის განსაკუთრებულად კეთილი და დადებითად განწყობილი. მინდა მათ ვუსურვო წარმატებები, სიყვარული, სიხარული. მე დღეს აღვნიშნე, რომ დიდი კულტურა და ისტორია გვაქვს თანაცხოვრების, ერთად ყოფნის, ჩვენ ერთად შევქმენით ჩვენი სახელმწიფო, ბევრი წარმატება გავიზიარეთ ერთად. ჩვენი მომავალიც არის ჩვენს ერთად ყოფნაში, ტოლერანტობაში ერთამნეთისადმი და ურთიერთსიყვარულში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისათვის ყველა მუსლიმს, ეს არის სიყვარულის, მიტევების და სიკეთის დღესასწაული“.
დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭი უნდა უყარონ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ პარმენ ჯალაღონიას კანდიდატურას. წინასწარი ინფორმაციით მას ფრაქცია „ქართული ოცნების“ გარდა მხარს უჭერენ „თავისუფალი დემოკრატები.“
დღესვე, რიგგარეშე სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. საკითხის ინიციატორია „ნაციონალური მოძრაობა“. სხდომა 12 საათზე დაიწყება.
უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად ეს რიგით მეოთხე კონკურსია. მანამდე არჩილ ხაბაძემ ორჯერ დავით კვაჭაძის კანდიდატურა, შემდეგ კი დავით ქარცივაძე წარუდგინა უმაღლეს საბჭოს. ორივე „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებული პირია, რის გამოც მათ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციის მხარდაჭერა ვერ მიიღეს.
პაატა ჯალაღონია დღემდე მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ურთიერთობა კი ამ ორ სტრუქტურას შორის უფლებამოსილების ოთხ წელიწადში ბევრჯერ გართულდა. მიუხედავად ამისა, წინასწარი მონაცემების მიხედვით, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს, პაატა ჯალაღონიას, ასარჩევად საჭირო 11 მხარდამჭერი ჰყავს. რას შეცვლის უსკოს მუშაობაში არჩევის შემთხვევაში და გეგმავს თუ არა საკადრო ცვლილებებს – ამ და სხვა კითხვებზე მან „ბათუმელებს“ უპასუხა.
რთულია საკუთარ თავზე ისაუბრო. 1999 წლიდან თითქმის ყველა არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა დამკვირვებლის სტატუსით, როგორც საუბნო საოლქო, ასევე უმაღლესი საარჩევნო კომისიის დონეზე. საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ამ კუთხით. ამასთანავე გამოცდილება გამაჩნია საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო პროცედურების კუთხით, ვკითხულობდი ტრენინგებს და სემინარებს. გარდა ამისა, ვფიქრობ, ასვე მნიშვნელოვანია ის, რომ არ ვარ არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების წევრი, არ მქონია პრეტენზია და სურვილი ვყოფილიყავი პოლიტიკურად აქტიური. შესაბამისად ვაკმაყოფილებ ყველა იმ მოთხოვნას და სტანდარტს, რაც აუცილებელია უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის.
მე ვარ საჯარო მოხელე ხაბაძის აპარატში. მაგრამ რას ნიშნავს ობიექტური ვერ იქნებაო?! ვფიქრობ, საზოგადოების მხრიდან ზედმეტად გაპოლიტიზებულია უსკოს თამჯდომარის კანდიდატურა. დიახ, ის არის მნიშვნელოვანი ფიგურა, მაგრამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს უსკოს კომისია და არა მხოლოდ თავმჯდომარე.
რამდენიმე მიმართულებაა, რის შეცვლასაც ვგეგმავ, ეს არის თვითონ საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც ინსტიტუციის ცნობადობის გაზრდა საზოგადოებაში. ბევრს ვსაუბრობთ არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციებზე, თუმცა რა ფუნქციას ასრულებს ეს დაწესებულება, ამ მხრივ ინფორმაციის ნაკლებობაა. ხშირია პოლიტიკური კუთხით ამ ორგანოს მოხსენიება. იგივე საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის კუთხით, მეტი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო საზოგადოებისათვის: თუ რას წარმოადგენს ეს დაწესებულება და შიგნით რა ხდება, როგორ იმართება. საჭიროა როგორც უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების, ასევე აპარატის ცნობიერების ამაღლება. ამით არანაირად არ მინდა იმის თქმა, რომ იქ არაპროფესიონალები მუშაობენ, პირიქით, თუმცა მუდმივი ზრუნვა, განახლება, განვითარებაა საჭირო, მითუმეტეს როდესაც ხშირად იცვლება საარჩევნო კანონმდებლობა.
უმაღლესი საარჩევნო კომისია უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონში ერთგვარ განათლების ცენტრად, რომელიც ნებისმიერ მსურველს მიაწვდის დროულ სწორ ინფორმაციას საარჩევნო საკითხებზე, საარჩევნო პროცედურებზე. ვისაც აქვს იმის სურივილი, რომ მომავალში იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე, მიიღოს სერტიფიკატი, უნდა ჰქონდეს რეგიონში ამ ტიპის ინფორმაციის თუნდაც ახსნა-განმარტებების კანონმდებლობის კუთხით მიღების შესაძლებლობა. ეს არის ის, რისი შეცვლაც, ვფიქრობ, აუცილებელია უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 12 წელი არასამთავრობო სექტორში ვმუშაობდი. შესაბამისი ფონდების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მოძიება დაგვეხმარება როგორც უმაღლესი საარჩევნო კომისიის განახლებაში, ასევე ცენტრად ჩამოყალიბებაში. ამ ორგანიზაციების მოძიება რთული არ იქნება.
დამერწმუნეთ, ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, შეუძლიათ ეს ტვირთი დამატებით იკისრონ. თუკი ეს აუცილებელი არ იქნება, შეიძლება გარედან შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც საარჩევნო პერიოდში იმუშავებენ სწორედ ამ საარჩევნო პროცედურაზე საარჩევნო საკითხების ან ტრენინგების მოწყობის კუთხით. არჩევნების პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებები ისედაც შეუძლებელია და ნამდვილად არ ვგეგმავ არაფერს.
უსკო ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ვერ შეეწინააღმდეგება, კანონით გაწერილი აქვს ორივეს თავისი ფუნქცია. რაც შეეხება წინააღმდეგობას, არც მიფიქრია ამ კუთხით ჩემი საქმიანობის გაგრძელება სადმე. თუ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ადმინისტრაციული სახდელები ან ისეთი დარღვევები ჰქონდათ, რის გამოც ისინი არ შეიძლება იყვნენ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული.
ამ საკითხზე ნამდვილად მაქვს პოზიცია, მაგრამ რადგანაც მე ვარ ამჟამად უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, საარჩევნო სისტემების რაობაზე, საჭიროებაზე, აუცილებლობაზე საუბრისგან ამჯერად თავს შევიკავებ.
დღეს, 5 ივლისს, მუსლიმები რამადან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. რამადანი [რამაზანი] ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდება.
ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მორწმუნე მარხულობს. 30-დღიანი მარხვის შემდეგ, ეს დღე, მუსლიმებისთვის ერთ–ერთია ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან.
რამადან-ბაირამთან დაკავშირებით ლოცვა დღეს დილით ბათუმის მეჩეთში ჩატარდა.
რამადან-ბაირამის ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტორამადან-ბაირამი, ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტორამადან-ბაირამი, ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტორამადან-ბაირამი, ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტორამადან-ბაირამი, ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტორამადან-ბაირამი, ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტორამადან-ბაირამი, ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტორამადან-ბაირამი, ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტორამადან-ბაირამი, ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტო
4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღედ მიიჩნევა. დამოუკიდებლობის დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ბრიტანული კოლონიები ამერიკის შეერთებულ შტატებად მოიხსენიება.
დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1776 წელს მიიღეს
დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1776 წლის 4 ივლისს, ფილადელფიაში მიიღეს, რომელიც ეროვნული მოძრაობის გამორჩეულმა წევრმა თომას ჯეფერსონმა შეადგინა.
დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ნათქვამი იყო რომ ადამიანები თანასწორნი არიან და მათი ხელშეუხებელი უფლებებია სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა.
დეკლარაციის შემქმნელებმა დაგმეს კოლონიური ჩაგვრა და ადამიანის წოდებად დაყოფა. კაცობრიობის ისტორიაში პირველად საკანონმდებლო წესით მოისპო ფეოდალური წოდებები და დამყარდა პოლიტიკური თანამდებობები.
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს 27 წლის გ.ჯ.-ს საქმეს. მას განზრახ მკვლელობის ჩადენის მცდელობაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, 9 მარტს ახალგაზრდებს კონფლიქტი სასტუმრო „ლეო გრანდის“ ღამის კლუბში მოუხდათ, რომლის შემდეგაც ბრალდებულმა დანით მძიმედ დაჭრა რ.წ. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
„კითხეთ თუ არა თავად დაზარალებულს, ვინ დაარტყა დანა?“ – შეკითხვა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ უბნის ინსპექტორს, თენგიზ კვირკველიას დაუსვა, რომელიც დღეს სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა. მოწმემ ადვოკატს უთხრა, რომ მას დაზარალებულისთვის არ უკითხავს, ვინ მიაყენა ჭრილობა და „სანდო წყაროსგან“ მიღებულ ინფორმაციას დაეყრდნო. დღესვე მოწმის სახით ის დეტექტივ-გამომძიებლები დაიკითხნენ, რომლებმაც ამ საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
ადვოკატი დავით ჯაფარიძე ყურადღებას პროცედურულ დარღვევაზე ამახვილებს – ამოცნობის ოქმში ამოსაცნობი პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები მითითებული არ არის: „ეს კანონის დარღვევაა. ამოცნობის ოქმში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული პირადი ნომრები. დეტექტივ-გამომძიებელმა ჩემს შეკითხვას – რატომ არ შეავსო ოქმი სწორად – არ უპასუხა“.
შემდეგ სასამართლო სხდომაზე ის ახალგაზრდები დაიკითხებიან, ვინც ბრალდებული ამოიცნეს და ისინიც, ვინც ღამის კლუბში 9 მარტის საღამოს იმყოფებოდნენ. ჩვენებას სასამართლოს მისცემს თავად დაზარალებულიც, თუმცა მან გამომძიებლებს უკვე უთხრა, რომ არ იცის, ვინ მიაყენა ჭრილობა. ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოში მოწმეები იტყვიან, რომ მათზე ზეწოლა განხორციელდა: „ბრალდებულისთვის უცნობია ვინ გამოიყენა დანა. მოწმეები აიძულეს, რომ ხელი ბრალდებულისთვის დაედოთ, თითქოს მან გამოიყენა დანა. იმედი მაქვს, ისინი ამას სასამართლოს დაუდასტურებენ“ – გვითხრა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.
გამოძიებას სასამართლოსთვის ჯერ არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნები. ექსპერტიზა დანაზე აღმოჩენილ თითის ანაბეჭდს ჩაუტარდება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ახალგაზრდა მამაკაცს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ ის ყოველდღიურად აპირებს იმ შეჩერებულ პროექტებზე განცხადებების გაკეთებას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ახალი ხელისუფლების პირობებში შეჩერდა. დღეს, 4 ივლისს, მან ჟურნალისტებთან, ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ქუჩის რეაბილიტაციაც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, თუმცა დღემდე არ დასრულებულა.
ლევან ვარშალომიძის ბრალდებებს მერიაში უპასუხეს:
„ერისთავისა და დადიანის ქუჩების კვეთაში არსებული საცხოვრებელი კორპუსი არის ავარიულ მდგომარეობაში, არსებობს დასკვნა, რომელიც გულისხმობს აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას და აღნიშნულის მიზნით, ბათუმის ბიუჯეტში გამოყოფილია 650 ათასი ლარი. აქედან 400 ათასი ლარი გათვალისწინებულია აღდგენითი სამუშაოებისთვის, ნაწილი კი 6 თვის ბინის ქირისთვის, ამ სახლში მცხოვრები ოჯახებისთვის. თუმცა, მოსახლეობის თხოვნით, ბათუმის მერიაში განიხილება საკითხი და უახლოეს საკრებულოს სხდომაზე როცა საბიუჯეტო ცვლილებებზე იქნება საუბარი, წარედგინება შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ამ თანხის მოსახლეობისთვის, ანუ კერძო ამხანაგობისთვის გადარიცხვას, იმ მიზნით, რომ მოხდება აღნიშნული ავარიული კორპუსის დემონტაჟი და ინვესტორთან შეთანხმებით, ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა“ – აცხადებს, მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსი გოგა ლომაძე.
„ბაგრატიონის ქუჩის კილომეტრი და 700 მეტრი კეთილმოვაწყეთ, დარჩენილია 110 მეტრი, ზუსტად ის მონაკვეთი სადაც ავარიული სახლი დგას. ამიტომ, დროებით, სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, ჩვენ თავი შევიკავეთ ყველა სხვა სახის ღონისძიებების განხორციელებისგან“.
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელებაზე გზის მშენებლობა შეჩერებულია. მიზეზი მშენებარე გზის პირას არსებული ავარიული კორპუსის მცხოვრებთა პროტესტია. მოსახლეობა კომპანიას გზის მშენებლობის საშუალებას არ აძლევს, ვიდრე მათი საკითხი არ გადაწყდება. გარდა ამისა, საჭიროა პროექტის კორექტირებაც.
„უშუალოდ ბაგრატიონის ქუჩა (აეროპორტის გზატკეცილიდან შავშეთის ქუჩამდე) უკვე დასრულებულია. შავშეთის ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე კი, ანუ ბაგრატიონის გაგრძელება, ეს არის ერისთავის ქუჩა. ამ ქუჩის ნაწილიც (დადიანის ქუჩამდე) ფაქტობრივად გაკეთებულია, განათების ბოძები დამონტაჟებულია, ტროტუარზე ფილების დაგებაც მთავრდება. დარჩენილია დადიანის ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე, ბონის კულტურის სახლამდე მონაკვეთი, დაახლოებით 260 მეტრი. თვე-ნახევარი, მაქსიმუმ 2 თვის საქმეა დარჩნილი. უბრალოდ, 5-სართულიანი კორპუსის პრობლემა დგას და ამის გამოა შეფერხებული სამუშაოები,“ – განაცხადა „ბათუმელებთან~ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თენგიზ პეტრიძემ.
მისივე განცხადებით, ფაქტობრივად, შეთანხმება მიღწეულია მერიასა და მოსახლეობას შორის – უნდა დაიდოს თითოეულ მათგანთან კონტრაქტი, გაყვანილ იქნეს მოსახლეობა და მოხდეს არსებული კორპუსის დემონტაჟი. მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდება გზის მშენებლობა.
გზის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზა“ მუშაობს. პროექტის ღირებულება 13,5 მილიონი ლარია, რაც შესაძლოა დაკორექტირდეს. როდის გააგრძელებენ და დაასრულებენ მშენებლობას, კომპანიაში ვერ დაგვიკონკრეტეს.
„წელიწადნახევარია მაგ მონაკვეთში ფაქტობრივად ვერ ვმუშაობთ მოსახლეობის მხრიდან პროტესტის გამო. ვადა, ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლომდე გვაქვს და თუ საკითხი ვერ მოგვარდება, ალბათ, გავაუქმებთ კონტრაქტს. სულ 300 მეტრი მონაკვეთია დარჩენილი. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის გამოც იყო შეფერხება,“ – გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა ალექსანდრე ბაღათურიამ.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს კერძო ინვესტორი აწარმოებს.
„ინვესტორსა და მოსახლეობას შორის გაფორმდება კონტრაქტი, პროექტი შემოვა მერიაში, რომელიც შემდეგ დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. სავარაუდოდ, ინვესტორი სხვა ადგილზე ააშენებს ახალ კორპუსს, ხოლო არსებული ავარიული კორპუსის დემონტაჟს მოახდენს. მერიას რაც შეეხება, მხოლოდ იმ თანხას გამოყოფს, რაც ავარიული კორპუსის გამაგრებისთვის და ოჯახების 7 თვის ქირის საფასურად იქნებოდა საჭირო – სადღაც 670 ათას ლარამდე,“ – განაცხადა მუნიციპალური ორგანიზაცია „ბათუმის კორპუსის“ დირექტორმა ზურაბ ნაკაიძემ.
კონკრეტული თარიღი, თუ როდის განახლდება გზის მშენებლობა, უცნობია.
პროექტი, რაზედაც ტენდერია გამოცხადებული, ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების გაკეთებას ითვალისწინებს – აჭარის გზატკეცილიდან (ანგისიდან) გოგოლის ქუჩამდე, ბონის კულტურის სახლამდე. აქედან მაგისტრალი გოგოლის ქუჩით უნდა გაგრძელდეს მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე (ბარცხანის დასახლება). ამ მონაკვეთში პროექტი მნიშვნელოვან კორექტირებას საჭიროებს. ვინაიდან გზის გაფართოება აქ, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ბათუმის ნავთობტერმინალის ტერიტორიის ხარჯზე ყოფილა დაგეგმილი, ნავთობტერმინალი კი კატეგორიულ უარს ამბობს დათმოს კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი [გოგოლის ქუჩის გასწვრივ].
პროექტის კორექტირებამ, რაც ჯერ არ დაწყებულა, შესაძლოა სხვა პრობლემა წარმოქმნას. კერძოდ, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩების კვეთაში არსებული კომერციული ობიექტი [სარიტუალო დარბაზი] შესაძლოა აღებაში მოყვეს. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცევა ასევე მინიმუმ ორი-სამი ოჯახი ნონეშვილის ქუჩასთან.
ამ მონაკვეთში მოსაწყობია ასევე საკანალიზაციო ქსელის ახალი სისტემა, რაც ასევე შეაფერხებს გზის რეკონსტრუქციას.
ბაგრატიონი-ერისთავი-გოგოლის ქუჩების ზემოაღნიშნული მონაკვეთის სრულ რეკონსტრუქციაზეა დამოკიდებული ბათუმში მოძრაობის პრობლემის მოგვარება. ბათუმის შემოვლითი გზის [ავტობანის] აშენებამდე ამ გზაზე იმოძრავებენ მძიმე სატვირთო მანქანები, რაც ქალაქში ავტომოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. ბაგრატიონის ქუჩის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო.
რუკაზე წყვეტილი ხაზით აღნიშნულია გზის ის მონაკვეთი, რომლის მშენებლობაც შეფერხდა
ფერადი, მოხატული პიანინოები ბათუმის ზღვისპირა ნაწილში წელსაც გამოჩნდა. შარშან ათი ცალი პიანინოს მოხატვაში და ქალაქის სხვადასხვა ნაწილში განთავსებისთვის მერიამ ათი ათასი ლარი გადაიხადა, თუმცა ტურისტული სეზონის ბოლოს, პიანინოების დიდი ნაწილი დაიმტვრა.
პიანინოებს დაუზიანდათ კლავიშები, სახურავები და სხვა ნაწილები. გასულ წელს, პიანინოები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში „ჰიტ ბათუმის“ პროექტის ფარგლებში განთავსდა. მერიის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ჯონი საბაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდა, რომ დაზიანებული პიანინოები მერიას გადაეცემოდა და დასაწყობდებოდა.
თუმცა, წელს, როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ფერადი პიანინოები ქალაქში პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში განთავსდა.
ფერადი პიანინოები ბულვარში „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში განთავსდა. გასულ წელს მერიის მიერ განთავსებული ათი პიანინოდან, უმეტესობა მწყობრიდან გამოვიდა.
„წინა წელს მთავრობამ დადგა პიანინოები ჩვენ არ ვაკეთებდით, ახლა ამას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი აკეთებს და ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე. შესაბამისად, წინა წელს როგორ დაზიანდა და რამდენი დაზიანდა, ინფორმაციას არ ვფლობთ. ეს პიანინოები ახალია“ – გვეუბნება „ჩექ ინ ჯორჯიას“ წარმომადგენელი ბათუმში, გვანცა კილასონია.
„ბათუმელების“ კითხვაზე, რომელი უწყების თანხით მოხდა პიანინოების შესყიდვა და გაძლიერდება თუ არა ზედამხედველობა წელს, გვანცა კილასონია გვეუბნება, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ წერილობით შეგვიძლია მივიღოთ: „ოფიციალურად უნდა მოგვმართოთ ფონდში და მიიღებთ საჯარო ინფორმაციას“.
ხვალ, 5 ივლისს, 17 საათიდან, ამჯერად ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, ბათუმელი ახალგაზრდები კვლავ შეეცდებიან 9 წლის ლანჩხუთელი ნინისა და მისი ოჯახის წევრების, ნორმალურ საცხოვრებელში დასაბრუნებლად თანხის შეგროვებას. ადეიშვილების ოჯახს, ცოტა ხნის წინ სახლი დაეწვათ და ახლა ხის პატარა ქოხში ათევენ ღამეს.
ამ ქოხში 9 წლის ნინი მამასთან, ბაბუასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს. ბებია მძიმე ავადმყოფია, მწოლიარე.
ადეიშვილების საცხოვრებლის აღდგენისთვის საჭირო თანხისა თუ მასალების შეგროვებას ლაშა ქამადაძე და ლევან დევაძე, ბათუმელი მუსიკოსებისა და უბრალო მოქალაქეების დახმარებით შეეცდებიან.
საქველმოქმედო კონცერტი, ვეტერან მოჭადრაკეთა კლუბთან გაიმართება, მათ ვინც ღონისძიებაზე მისვლას ვერ ახერხებს, შეუძლიათ თანხა აქციის ორგანიზატორების ანგარიშზე გადარიცხოს: GE21BG0000000641931300 (საქართველოს ბანკი) – ლევან დევაძე
GE61TB7442845063600033 (თიბისი ბანკი) – ლაშა ქამადაძე
აქციის ორგანიზატორების თქმით, პირველ ჯერზე საქველმოქმედო კონცერტზე, რომელიც 25 ივნისს ერას მოედანზე მოეწყო, ბევრმა მსურველმა ვერ მოახერხა მისვლა, რადგან დაკვრა დღის პირველ ნახევარში დაიწყეს და ძალიან ცხელოდა, შესაბამისად თანხის საკმარისი რაოდენობა ვერ შეგროვდა, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეს, რომ კიდევ ეცადათ.
გარდა სამშენებლო მასალებისთვის საჭირო თანხებისა, მსურველებს შეუძლიათ ნინისთვის სათამაშოები და სასკოლო ნივთებიც მიიტანონ ადგილზე.
ბათუმში, ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში მიმდინარე მშენებლობის დროს დაშავებული ორი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სპეციალური მკურნალობა ერთ მათგანს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო მეორეს რეფერალურ საავადმყოფოში უტარდება.
ისინი საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებებით – მრავლობითი მოტეხილობებითა და შინაგანი ორგანოების დაზიანებებით მოათავსეს. როგორც საავადმყოფოებში „ბათუმელებს“ განუცხადეს, ორივე პაციენტი უგონო მდგომარეობაშია და აპარატზეა მიერთებული.
აჭარაში უკვე დადასტურებულად საუბრობენ იმაზე, რომ უახლოეს დღეებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გადადგება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ხაბაძეს დიპლომატი, საქართველოს ელჩი ყაზახეთში, ზურაბ პატარაძე ჩაანაცვლებს. რატომ და ვინ გადაწყვიტა უფლებამოსილების მიწურულს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ჩანაცვლება და რა გათვლები აქვს „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ? ახალი საკადრო პოლიკის შესაძლო მიზნებსა და შედეგებზე „ბათუმელები“ არმაზ ახვლედიანს, „ქართული ოცნების“ ყოფილ აღმასრულებელ მდივანს ესაუბრა.
ბატონო არმაზ, უკვე დარწმუნებით საუბრობენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაწერა განცხადება გადადგომაზე და უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. რას უნდა ნიშნავდეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მისი შეცვლის გადაწყვეტილება?
დაგვიანებული გადაწყვეტილებაა. საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გაცილებით ადრე უნდა მიეღო. 2013-ში უკვე კარგად ჩანდა, რომ აჭარაში ძალიან სუსტი მმართველობა იყო, რომ საქმე ცუდად მიდიოდა. საჭირო იყო დროული რეაგირება. დღეს ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ დაგვიანებული, უაზროცაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის აშკარა მცდელობაა.
თქვენი აზრით, არჩილ ხაბაძის წასვლის გადაწყვეტილებას ახლა, მისი უფლებამოსილების მიწურულს, როგორ აღიქვამს საზოგადოება, მითუმეტეს ამ ნაბიჯს არ განიხილავენ როგორც საკუთარი სურვილით გადადგომას. ამით „ქართულმა ოცნებამ“ არჩილ ხაბაძე სუსტ მმართველად აღიარა?
თუ ასე გადაწყდა, რა თქმა უნდა, ეს აჭარაში ოთხწლიანი ექსპერიმენტის წარუმატებლობის აღიარება იქნება. თორემ საზოგადოებამ ისედაც იცის, რომ ექსპერიმენტი ჩავარდა. ხელისუფლება ვერაფრით ხვდება, რომ საზოგადოების სურვილს, მის განწყობას, დროულად უნდა უპასუხოს. აჭარაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ სულ მალე შეიქმნა ასეთი განწყობა, მაგრამ ხელისუფლება იგნორირების გზას დაადგა, ამიტომაც თანდათანობით ხილული გახდა უფსკრული ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის და პრაქტიკულად ნულზე დავიდა ნდობა საზოგადოების მხრიდან. საზოგადოება არაა ჩართული მმართველობით პროცესში, იგი გაუცხოებულია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან, გრძნობს თავს გარიყულად, ერთგვარ მასალად, რომელსაც ხელისუფლება მხოლოდ საარჩევნოდ იყენებს. ასეთ პირობებში მთავრობის თავმჯდომარისა და სამთავრობო გუნდის ცვლილებას აჭარაში ნამდვილად კოსმეტიკური ხასიათი ექნება. საზოგადოება უკვე კარგად ხვდება, სად არის სიმართლე და სად ტყუილი და სვამს ობიექტურ შეკითხვებს: რატომ ასე დაგვიანებით? რატომ ხალხის ნების ასეთი უგულებელყოფა? ამ და სხვა მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა ხელისუფლებას მოუწევს. დარწმუნებული ვარ, ასეთ იგნორირებას ამომრჩევლის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება 8 ოქტომბერს.
ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამას საზოგადოება აღიქვამს როგორც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს?
საზოგადოება ხვდება, რომ დღეს მას ისევე ატყუებენ, როგორც წარსულში და აღარავინ აპირებს ამ საკენკის მიღებას. საზოგადოებამ იცის, რომ ეს ცვლილება სასიკეთოდ უკვე ვერაფერს შეცვლის.
სავარაუდო შემცვლელად სახელდება დიპლომატი, საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ პატარაძე, თქვენი აზრით, რა ნიშნით შეარჩიეს ის?
თუ ეს ცვლილება მოხდა, ახალ თავმჯდომარეს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ გავიმეორებ, იგი რეალურად ვერაფერს შეცვლის. დღეს აჭარაში ისეთი დაჭაობებული გარემოა, რომ მის შეცვლას ვერც ერთი სახელისუფლებო კანდიდატი ვერ მოახერხებს, თუ არ იქნა მტკიცე, გონივრული პოლიტიკური ნება და სწორად შერჩეული გუნდი. არც ერთი და არც მეორე არ არსებობს და ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ სამწუხაროდ ეს ექსპერიმენტიც წარუმატებელი იქნება. ამ წარუმატებლობის მორევში კი, ძალიან ზიანდება რეგიონი და ქვეყანაც.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იმყოფებოდა 9 ივნისს ყაზახეთში, რის შემდეგაც მან ისაუბრა ყაზახეთიდან ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობაზე. საუბარი იყო სარკინიგზო გადაზიდვებსა და ავიარეისების გახშირებაზე, მეტი ტურისტის ჩამოსვლაზე. თქვენი აზრით, ხომ არ არის გათვლა იმაზე, რომ ელჩი პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მოვა ახალი ინესტიციებისა და სამუშაო ადგილების დაპირებებით?
არ გამოვრიცხავ ასეც იყოს. თუმცა ხელისუფლება დღეს უმთავრეს გათვლას იმაზე აკეთებს, რომ მთავრობის მომავალი თავმჯდომარე, ვინც არ უნდა იყოს ის, კვლავინდებურად დავალებების ბრმად, უსიტყვოდ, უპირობოდ შემსრულებელი იყოს. ინვესტიციებზე, ხალხის კეთილდღეობასა და სხვა სიკეთეებზე საუბარი მხოლოდ ფასადია.
პატარაძე ყოფილი ხელისუფლების დროსაც ელჩი იყო თურქეთის რესპუბლიკაში. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა საზოგადოებაში გაჩნდეს ეჭვები გარიგებაზე?
მთავარია, რამდენად წესიერად და ხარისხიანად მუშაობ. არ მინდა ეჭვი შევიტანო კანდიდატის წესიერებაში და კომპეტენციაში, თუმცა ამ შემთხვევაში ეს საკმარისი აღარაა! იმიტომ, რომ ხელისუფლების ამოცანაა აჭარაში ჰყავდეს სრულიად ლოიალური მმართველობა. ზოგიერთი ამ გზით კვლავაც შეძლებს სხვადასხვა საეჭვო გარიგებას, აჭარა ხომ მათთვის მსუყე ლუკმაა და ცდუნებაც დიდია.
პატარაძის კანდიდატურის დასახელებით გამოდის, რომ „ოცნება“ ერთგული გუნდის გარეთ ეძებს ახალ სახეებს?
„ოცნება“ გვიან, მაგრამ ალბათ მაინც ხვდება, რამდენად უსუსური და არაადეკვატურია მისი გუნდი. საუბედუროდ, ოთხი წელი ისე გავიდა, რომ ვერ მოხერხდა პროფესიონალი, განათლებული, დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანების შემოკრება. როგორც ჩანს, ამის სურვილი არც არსებობს. ასეთ უხარისხო მმართველობას და საზოგადოების ამგვარ იგნორირებას ამომრჩეველი აღარ მოითმენს. „ოცნების“ დრო იწურება. მისი უკანონო მანიპულაციებით გახანგრძლივების მცდელობა კი, ამ პოლიტიკური ძალისთვის გამოუსწორებელი შედეგით დასრულდება.
ბათუმის საქალაქო სასამართლო ოჯახური ძალადობის შემთხვევას განიხილავს. დავის საგანი ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელი სახლია, რომელიც ანდერძით და-ძმას ერგო. სადაო, საერთო ეზოს გამოყენება გახდა. დაზარალებული ამბობს, რომ ძმამ მასთან შეუთანხმებლად გააფართოვა თავისი საკუთრება.
სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება დაზარალებულის უფროსმა დამ, რომლის თქმითაც და-ძმას შორის ქონებრივი დავა ხშირად ხდებოდა. მოწმემ სასამართლოს უთხრა, რომ თავად შეესწრო კონფლიქტს, როცა მისმა ძმამ დას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელები გადაუგრიხა, ყელში სწვდა და სცემა.
პროკურატურამ უკვე წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დაზარალებულს სხეულზე მიყენებული აქვს მსუბუქი დაზიანებები.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ოჯახური ძალადობა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.