„ჭკვიანი“ შპრიცები ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის


შპრიცებისა და ნემსების ინექციისთვის ხელმეორედ გამოყენება მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს აავადებს სიცოცხლისთვის საშიში ინფექციებით. გამონაკლისი არც საქართველოა. გამოყენებული შპრიცების გაზიარების პრაქტიკა, ძირითადად, ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელშია გავრცელებული, თუმცა ცნობილია, რომ ნემსის შემთხვევით ჩხვლეტის გამო სხვადასხვა ინფექციით მედპერსონალიც ინფიცირდება. სწორედ ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო], სპეციალური – „ჭკვიანი“ შპრიცების გამოყენების რეკომენდაციას იძლევა, რომელთა ხელმეორედ გამოყენება, სპეციალური მექანიზმის გამო – ფიზიკურად შეუძლებელია.

ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებული სარისკო ქცევის კვლევის თანახმად, რომელიც გასულ წელს საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჩაატარა, გამოკითხულ 2037 ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელთა 50%-ზე მეტს – ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს გამოყენებული სხვის მიერ ადრე ნახმარი ნემსი/შპრიცი. შვიდი ქალაქიდან [თბილისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი] ეს პროპორცია ყველაზე მაღალი ზუგდიდში (63.4%) აღმოჩნდა.

მართალია, ბოლო წლებთან შედარებით, საინექციო მოწყობილობის გაზიარების პრაქტიკა საქართველოში საგრძნობლად შემცირებულია, მაგრამ როგორც `კურაციოს~ კვლევით ჩანს – ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელთა მცირე რაოდენობა (გამოკითხულთა 2%-დან 5%-მდე) მაინც აგრძელებს ამ სარისკო პრაქტიკას.

უსაფრთხო შპრიცების ზოგიერთი მოდელის დგუშს სუსტი წერტილი აქვს, რომელიც ინექციის შემდეგ, ხელმეორედ ამოქმედების მცდელობისას ტყდება. ზოგიერთს მეტალის დამჭერი აქვს, რომელიც ბლოკავს დგუშს და მის მოძრობას შეუძლებელს ხდის. სხვა მოდელებში, ინექციის შემდეგ, ნემსი შპრიცი ცილინდრში ვარდება. ასევე, ჯანდაცვის მუშაკების ნემსის შემთხვევით ჩხვლეტისგან დასაცავად, ზოგიერთი შპრიცის ბუდე ან გარსი გამოყენების შემდეგ ისე ეხვევა ნემსს, რომ გამორიცხავს ჩხვლეტის ალბათობას.

„ჯანმრთელობის კვლევის კავშირის“ მიერ 4 წლის წინ საქართველოში გამოკითხული 1386 მედმუშაკთაგან, ნემსი შემთხვევით უჩხვლეტია 45%-ს, რაც ყველაზე ხშირად (22% ექიმებში და 39% მედდებში) გამოყენებულ ნემსზე ხუფის დახურვის დროს ხდებოდა. ამავე კვლევის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ გამოკითხული მედპერსონალის 5% ინფიცირებული იყო C ჰეპატიტით.

ასეთი შპრიცები საქართველოში დღეს მხოლოდ აცრების დროს გამოიყენება, რადგან „ჭკვიანი“ შპრიცები, ჩვეულებრივ შპრიცებთან შედარებით, მინიმუმ ორჯერ ძვირია [გაეროს ორგანიზაციების მიერ, განვითარებადი ქვეყნებისთვის შეძენილი, დამცავი მექანიზმების არმქონე შპრიცები 0,03-0.04 აშშ დოლარი ღირს]. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, კონკრეტული გათვლა, თუნდაც გრძელვადიანი გეგმის სახით ამ შპრიცების დანერგვასთან დაკავშირებით, საქართველოში ჯერ არ არსებობს. ამიტომ ჯანმო მოუწოდებს დონორ ორგანიზაციებს, რომ მხარი დაუჭირონ „ჭკვიან“ შპრიცებზე გადასვლას იმ მოლოდინით, რომ დროთა განმავლობაში, მოთხოვნის გაზრდასთან ერთად, მისი ფასიც შემცირდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფექციის გადაცემის გზებს შორის ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარება ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია (48.6%). სწორედ ამიტომ, საქართველოში 2001 წლიდან მოქმედებს ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში აივ/შიდსის პრევენციის, იგივე – შპრიცების გაცვლის პროგრამა. შპრიცების გაცვლა გულისხმობს მომხმარებლებისთვის ახალი შპრიცების მიცემას ნახმარი შპრიცების სანაცვლოდ. საბოლოოდ კი, ნახმარი შპრიცები სანიტარული დაცვის წესებით ნადგურდება.

დღეს საქართველოში შპრიცების გაცვლის თორმეტამდე ცენტრია, რომელთა საქმიანობასაც საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებენ. მაგალითად, ბათუმში, ამ საქმიანობას „გლობალური ფონდის“ დაფინანსებით კავშირი „იმედი“ ახორციელებს, რომლის ხელმძღვანელი ზორია წურწუმია ამბობს, რომ ყოველთვიურად ისინი 800-1200 ბენეფიციარს ემსახურებიან, რომელთა უმრავლესობასაც ქვეყანაში არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო, ძირითადად ქუჩაში ხვდებიან – „ამას აუთრიჩი ჰქვია, უმეტესად ქუჩაში ვაწვდით სერვისს, თუმცა ჩვენთანაც მოდიან. 2001 წლიდან ვმუშაობთ და უკვე ნდობა გვაქვს ბენეფიციარებში, ერთმანეთში ავრცელებენ ჩვენ შესახებ ინფორმაციას“.

ზორია წურწუმია ამბობს, რომ თავიდან, პროექტი უფრო კლასიკურად მიმდინარეობდა, ანუ ძირითადად ბენეფიციარები მიდიოდნენ მათ ოფისში -„გვიტოვებდნენ ნახმარ შპრიცებს და ჩვენ ვაძლევდით ახალს. მაგრამ 2007 წლის შემდეგ, რაც კანონი გამკაცრდა და იყო შემთხვევები, როცა ნახმარი შპრიცით აკავებდნენ მომხმარებელს, აღარ მოაქვთ და ჩვენი სოცმუშაკები ხვდებიან მათ დათქმულ ადგილებში“, – ამბობს ის. ზორია წურწუმიას თქმით, „ჭკვიანი“ შპრიცების დანერგვა იდეალური ვარიანტი იქნება აივ/შიდსის პრევენციისთვის, მაგრამ „შპრიცების გაცვლის“ პროგრამის ფარგლებში მათი შეძენა ჯერ თუნდაც იმიტომ ვერ მოხერხდება, რომ სახელმწიფო ტენდერის სახით ირჩევს, თუ ვინ განახორციელებს „გლობალური ფონდის“ მიერ დაფინანსებულ პროგრამებს, ტენდერში კი მთავარ კრიტერიუმად – არა ხარისხი, არამედ დაბალი ფასი მიიჩნევა.

მიზეზი, რის გამოც ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლები, ნახმარ ნემსს ხელმეორედ იყენებენ სხვადასხვაა – აფთიაქში არ შესვლის სურვილი სტიგმის გამო, ან შემდგომში სამართალდამცავ ორგანოებთან სირთულეების თავიდან აცილების მიზნით. „ჯერ კიდევ არიან ისეთები, რომლებსაც ნარკოტიკული შიმშილისას ავიწყდებათ ყველანაირი ღონისძიება, იყო შემთხვევა, როცა ქუჩაში გადაგდებული შპრიცი აიღო ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, თქვა, რომ იცოდა რისკის შესახებ, მაგრამ მაინც გააკეთა ეს – ამიტომაც არის ეს დაავადება, რომ ამას გაკეთებინებს,“ – ამბობს ზორია წურწუმია.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც გამოყენებული შპრიცების გაზიარებისას მოქმედებს, ამ საკითხებზე განათლების დაბალი დონეა. „კურაციოს“ 2015 წლის კვლევის შედეგებით, იმ 2037 რესპონდენტს შორის, ვინც დაადასტურა სხვის მიერ ნახმარი ნემსის/შპრიცის ოდესმე გამოყენების ფაქტი, ყოველმა მეხუთემ აღნიშნა, რომ წინასწარ წყლით გაასუფთავა იგი.

ჯანმოს რეკომენდაციით, 2020 წლისთვის ყველა ქვეყნის ჯანდაცვის პროგრამა მხოლოდ „ჭკვიანი“ შპრიცების გამოყენებაზე უნდა გადავიდეს [გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც „ჭკვიანი“ შპრიცების ერთჯერადი გამოყენება ხელს შეუშლის მკურნალობის პროცესს. მაგალითად, როდესაც ადამიანი შეერთებულია ინტრავენურ აპარატზე, რომელიც იყენებს შპრიცს].

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან