კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

რა აფერხებს ახალი გზის მშენებლობას ბათუმში

04.07.2016 • 2632
რა აფერხებს ახალი გზის მშენებლობას ბათუმში

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელებაზე გზის მშენებლობა შეჩერებულია. მიზეზი მშენებარე გზის პირას არსებული ავარიული კორპუსის მცხოვრებთა პროტესტია. მოსახლეობა კომპანიას გზის მშენებლობის საშუალებას არ აძლევს, ვიდრე მათი საკითხი არ გადაწყდება. გარდა ამისა, საჭიროა პროექტის კორექტირებაც.

„უშუალოდ ბაგრატიონის ქუჩა (აეროპორტის გზატკეცილიდან შავშეთის ქუჩამდე) უკვე დასრულებულია. შავშეთის ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე კი, ანუ ბაგრატიონის გაგრძელება, ეს არის ერისთავის ქუჩა. ამ ქუჩის ნაწილიც (დადიანის ქუჩამდე) ფაქტობრივად გაკეთებულია, განათების ბოძები დამონტაჟებულია, ტროტუარზე ფილების დაგებაც მთავრდება. დარჩენილია დადიანის ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე, ბონის კულტურის სახლამდე მონაკვეთი, დაახლოებით 260 მეტრი. თვე-ნახევარი, მაქსიმუმ 2 თვის საქმეა დარჩნილი. უბრალოდ, 5-სართულიანი კორპუსის პრობლემა დგას და ამის გამოა შეფერხებული სამუშაოები,“ – განაცხადა „ბათუმელებთან~ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თენგიზ პეტრიძემ.

მისივე განცხადებით, ფაქტობრივად, შეთანხმება მიღწეულია მერიასა და მოსახლეობას შორის – უნდა დაიდოს თითოეულ მათგანთან კონტრაქტი, გაყვანილ იქნეს მოსახლეობა და მოხდეს არსებული კორპუსის დემონტაჟი. მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდება გზის მშენებლობა.

გზის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზა“ მუშაობს. პროექტის ღირებულება 13,5 მილიონი ლარია, რაც შესაძლოა დაკორექტირდეს. როდის გააგრძელებენ და დაასრულებენ მშენებლობას, კომპანიაში ვერ დაგვიკონკრეტეს.

„წელიწადნახევარია მაგ მონაკვეთში ფაქტობრივად ვერ ვმუშაობთ მოსახლეობის მხრიდან პროტესტის გამო. ვადა, ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლომდე გვაქვს და თუ საკითხი ვერ მოგვარდება, ალბათ, გავაუქმებთ კონტრაქტს. სულ 300 მეტრი მონაკვეთია დარჩენილი. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის გამოც იყო შეფერხება,“ – გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა ალექსანდრე ბაღათურიამ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს კერძო ინვესტორი აწარმოებს.

„ინვესტორსა და მოსახლეობას შორის გაფორმდება კონტრაქტი, პროექტი შემოვა მერიაში, რომელიც შემდეგ დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. სავარაუდოდ, ინვესტორი სხვა ადგილზე ააშენებს ახალ კორპუსს, ხოლო არსებული ავარიული კორპუსის დემონტაჟს მოახდენს. მერიას რაც შეეხება, მხოლოდ იმ თანხას გამოყოფს, რაც ავარიული კორპუსის გამაგრებისთვის და ოჯახების 7 თვის ქირის საფასურად იქნებოდა საჭირო – სადღაც 670 ათას ლარამდე,“ – განაცხადა მუნიციპალური ორგანიზაცია „ბათუმის კორპუსის“ დირექტორმა ზურაბ ნაკაიძემ.

კონკრეტული თარიღი, თუ როდის განახლდება გზის მშენებლობა, უცნობია.

პროექტი, რაზედაც ტენდერია გამოცხადებული, ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების გაკეთებას ითვალისწინებს – აჭარის გზატკეცილიდან (ანგისიდან) გოგოლის ქუჩამდე, ბონის კულტურის სახლამდე. აქედან მაგისტრალი გოგოლის ქუჩით უნდა გაგრძელდეს მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე (ბარცხანის დასახლება). ამ მონაკვეთში პროექტი მნიშვნელოვან კორექტირებას საჭიროებს. ვინაიდან გზის გაფართოება აქ, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ბათუმის ნავთობტერმინალის ტერიტორიის ხარჯზე ყოფილა დაგეგმილი, ნავთობტერმინალი კი კატეგორიულ უარს ამბობს დათმოს კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი [გოგოლის ქუჩის გასწვრივ].

პროექტის კორექტირებამ, რაც ჯერ არ დაწყებულა, შესაძლოა სხვა პრობლემა წარმოქმნას. კერძოდ, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩების კვეთაში არსებული კომერციული ობიექტი [სარიტუალო დარბაზი] შესაძლოა აღებაში მოყვეს. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცევა ასევე მინიმუმ ორი-სამი ოჯახი ნონეშვილის ქუჩასთან.

ამ მონაკვეთში მოსაწყობია ასევე საკანალიზაციო ქსელის ახალი სისტემა, რაც ასევე შეაფერხებს გზის რეკონსტრუქციას.

ბაგრატიონი-ერისთავი-გოგოლის ქუჩების ზემოაღნიშნული მონაკვეთის სრულ რეკონსტრუქციაზეა დამოკიდებული ბათუმში მოძრაობის პრობლემის მოგვარება. ბათუმის შემოვლითი გზის [ავტობანის] აშენებამდე ამ გზაზე იმოძრავებენ მძიმე სატვირთო მანქანები, რაც ქალაქში ავტომოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. ბაგრატიონის ქუჩის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო.

bgrtioni

რუკაზე წყვეტილი ხაზით აღნიშნულია გზის ის მონაკვეთი, რომლის მშენებლობაც შეფერხდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: