ბათუმი,სიახლეები

არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ

05.07.2016 • 2642
არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ

დღეს, 5 ივლისს, აჭარის მთავრობის სხდომის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობიდან შესაძლო გაგადგომის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ხაბაძის თქმით, განიხილება მისი წასვლის და მთავრობის თავმჯდომარედ საქართველოს ელჩის ყაზახეთში ზურაბ პატარაძის კანდიდატურა, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სიის სათავეში ვიხილოთ.

„ჯერ მე არ მითხვამს, რომ მივდივარ. მიდის მსჯელობები და თუ კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტილება იქნა მიღებული ახლო პერიოდში გეცნობებათ ამის შესახებ. ჩემი სხვაგან გადასვლის შემთხვევაშიც ერთმნიშვნელოვნად ფიქსირდება, რომ ვრჩები გუნდში. ჯერ არ ვიცი სად ვიქნები, მაგრამ არის ვერსია, რომ გუნდის ყველა წევრი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს გუნდს, ჩვენს პარტიას, რომელიმე პოზიციას, იქ უნდა გაუკეთოს რეალიზაცია თავის თავს.

მიდის კონსულტაციები მე დავტოვებ პოზიციას და გადავალ სხვაგან, თუ სხვაგან სხვა იმუშავებს. ჩვენ აქტიურად მოვემზადებით საარჩევნო პროცესისთვის, იმ გამოწვევებისთვის რაც მოცემულ შემთხვევაში გვაქვს. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში და ამას აუცილებლად წარმოვაჩენთ, არავის მივცემთ უფლებას, რომ დისკრედიტაცია გაუკეთოს დღევანდელ მთავრობას. მათ ვისაც ამაზე პრეტენზია აქვთ, ამდენი არ გაუკეთებიათ ჩვენი რეგიონისთვის. შესაბამისად, ჩვენ გადავერთვებით საარჩევნო პროცესებზე. ეს იქნება არჩილ ხაბაძე, ჭეიშვილი, სურმანიძე თუ სხვა, ეს იქნება გუნდის გაძლიერება.
ამ გუნდში ვინ სად იქნება, ეს გადაწყდება რამდენიმე დღეში. შესაძლებელია დავრჩე ამ პოზიციაზე, შესაძლებელია სათავეში ჩავუდგე უმაღლესი საბჭოს სიას, შესაძლებელია პარლამენტში მოვხვდე გამსვლელ სიაში, ან სხვა პოზიციებზე. უახლოეს პერიოდში გეცოდინებათ.

რაც შეეხება პატარაძეს. ის არის ჩვენი კუთხის შვილი, გამოცდილი დიპლომატი და პროფესიონალი თავისი საქმის და მისი ცოდნა და კომპეტენცია არის გამოსაყენებელი. როგორ იქნება მისი რესურსი გამოყენებული ამასაც დამატებით გაცნობებთ. მთავარია რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ.“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ სხდომის შემდეგ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის გადადგომის შემთხვევაში, კანონით, აჭარის ოთხივე მინისტრი ავტომატურად უნდა გადადგეს. მინისტრების მოადგილეებს კი უფლებამოსილება უწყდებათ ახალი მინისტრის დანიშვნისთანავე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: