კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

არჩილ ხაბაძის პოლიტიკური ფასი

29.04.2016 • 2079
არჩილ ხაბაძის პოლიტიკური ფასი

„დაძანძურება“ – ეს სიტყვა ალბათ დიდხანს გაახსენებს ბევრს არჩილ ხაბაძეს, იმის მიუხედავად, ვინ როგორ აფასებს მის მმართველობას და კიდევ იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა იგი პოლიტიკაში. „ქართულ ოცნებაში“ ახლა ყველაზე აქტიურად ეს საკითხი განიხილება – ვინ უნდა მოხვდეს სიაში. არ არის გამორიცხული, უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველი ნომერი სწორედ არჩილ ხაბაძე იყოს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გვითხრა, რომ საზღვარგარეთ მყოფ არჩილ ხაბაძეს ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ვერ შეაწუხებენ.

„მე მგონი, ეს კაცი დაჩაგრეს, როცა პოლიტიკაში მოიყვანეს“, – ფიქრობს გონიოში მცხოვრები ენვერ ირემაძე. ის არჩილ ხაბაძეს ორჯერ შეხვდა. მართალია, გონიოელები რა მოთხოვნითაც შევიდნენ მთავრობის თავმჯდომარესთან, იმავე მოთხოვნით გამოვიდნენ და საპროტესტო აქციების სერიაც დღემდე გრძელდება, მაგრამ ენვერ ირემაძე მაინც კმაყოფილია. „დავინახე, რომ სურდა გონიოს პრობლემის მოგვარება. ასე თქვა, თქვენი საკითხი, „ოცნების ქალაქი“ და იპოთეკარების პრობლემა რომ მოვაგვარო, ჩემი თავის მადლიერი ვიქნებიო“, – იხსენებს ენვერ ირემაძე.

ის არჩილ ხაბაძეს უმადლის იმ კომისიის შექმნას, რომელმაც გონიოს მიწების საკითხზე დასკვნა მოამზადა: „პრობლემა არ გადაჭრილა, საკრებულო განიხილავს ახლა ამ საკითხს. ჩემთვის ამ პროცესში გამოჩნდა ის, რომ ეს ამბავი მარტო არჩილ ხაბაძეზე დამოკიდებული არ იყო. ხაბაძე იმით დამამახსოვრდა, რომ გისმენს. ეს მაინც შეუძლია“.

„ეს არის ადამიანი მთავრობიდან, ვინც გისმენს,“ – პირველ რიგში ეს ახსენდება არჩილ ხაბაძის მმართველობიდან ნათია აფხაზავას _ „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს. ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ არჩილ ხაბაძე წინამორბედებისგან განსხვავებით, ღიაა. „გისმენს, მაგრამ შემდეგ პროცესი შედის ჩიხში. ისე, როგორც ეს მოხდა „ოცნების ქალაქის“, ბულვარის ან იპოთეკარების შემთხვევაში. მოსმენას თუ არ მოჰყვა გადაწყვეტილება, რაც დაუბრუნდება საზოგადოებას განსახილველად, პრობლემა ვერ მოგვარდება. როცა წარმოადგენ მთავრობას, მხოლოდ მოსმენა არაა საკმარისი. პასუხისმგებლობის აღებისთვისაც უნდა იყო მზად. ვფიქრობ, რომ, მაგალითად, „ოცნების ქალაქის“ შემთხვევაში, აჭარის მთავრობა და კონკრეტულად არჩილ ხაბაძე გაექცა პასუხისმგებლობას“, – ამბობს ნათია აფხაზავა.

უკვე იწურება ულტიმატუმის ვადა, რომელიც „ოცნების ქალაქმა“ წაუყენა არჩილ ხაბაძეს. მოთხოვნა საცხოვრებელი ფართობების დაკანონების პროცესის დაწყებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ოცნების ქალაქში“ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. არჩილ ხაბაძემ ულტიმატუმის საპასუხოდ თქვა, რომ იქ მცხოვრებლებს შორის, 10 პროცენტს თუ ერგება სახელმწიფოსგან დახმარება. რა მონაცემებს ეყრდნობა არჩილ ხაბაძე, უცნობია. შერეული სამთავრობო კომისია ორჯერ შეიქმნა, თუმცა დასკვნა არცერთხელ დადებულა.

„შესაძლოა, ეს პრობლემა ვერ მოგვარებულიყო სრულად, მაგრამ ოთხი წლის მანძილზე უნდა შეესწავლათ ეს ოჯახები და პრობლემის გადაჭრის ეტაპობრივი გეგმა დასახულიყო“, – მიიჩნევს ნათია აფხაზავა. მისი აზრით, არჩილ ხაბაძემ მკაცრი პოლიტიკის გატარებას აარიდა თავი, რადგან არსებობდა რისკები, მაგალითად, იმ კუთხით, რომ გასაგები ყოფილიყო იმ ოჯახების გასახლება, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება: „საშიშროება დაინახეს, რომ რისკებს ვერ მართავდნენ. გადაჭრის გზა რომ ენახათ, მართვის რაღაც სისტემაც უნდა შეემუშავებინათ. საჭირო იყო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა. პოლიტიკის განხორციელების ეტაპზე ჩვენ არც გადავსულვართ, რომ ამ პროცესში შევაფასოთ არჩილ ხაბაძის პოლიტიკური გადაწყვეტილება“.

„მას უჭირს გადაწყვეტილებების მიღება“, – ასეთი შთაბეჭდილება დარჩა არჩილ ხაბაძეზე მოქალაქე ნანა მეგრელიძეს. ის საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ წევრია. ფიქრობს, რომ კულტურულ მემკვიდრეობაზე არჩილ ხაბაძის მთავრობა ბევრჯერ შევიდა ჩიხში, რადგან: „როგორც ჩანს, პრიორიტეტები განსხვავებულია“.

მოქალაქე დარწმუნებულია, რომ თუკი არჩილ ხაბაძე მოინდომებდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, თუნდაც ვაჟა-ფშაველას 13-ში, ძეგლი გადარჩებოდა. „გამოჩნდა, რომ არჩილ ხაბაძე კომერციას ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, გაცილებით მეტი სარგებლის მომტანია. ბულვარის შემთხვევაში თავიდანვე არ იყო გააზრებული, რას შეეხენ. ძალიან ძვირფასს შეეხნენ და ამიტომაც მოჰყვა ამას ასეთი რეაქცია. დიდი შეცდომა მოუვიდათ“, – ამბობს ნანა მეგრელიძე.

ფორმალური ღიაობის მიუხედავად, კომუნიკაციის პრობლემას ხედავს ნანა მეგრელიძეც. ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ ბულვარის საკითხებზე ორგანიზებულ დისკუსიას იხსენებს, სადაც არჩილ ხაბაძე და მთავრობის წარმომადგენლები არ მივიდნენ: „ჩიხში შევიდნენ და ამიტომ არ გამოჩნდნენ დისკუსიაზე. ვერ შეძლეს ბულვარის საკითხის გადაჭრა ისე, როგორც მათ სურდათ და საერთოდ აარიდეს თავი კითხვებზე პასუხის გაცემას“.

„თურმე, ბულვარში ოქროს ზოდებია და თუ ასეა, ჩვენ ვუბრუნებთ მას მერიას“, – ასე გამოხატა პასუხისმგებლობა არჩილ ხაბაძემ ბულვარზე, თუმცა მერმა წლის ბოლომდე, ვიდრე მიმდინარე პროექტები არ დასრულდება, ბულვარის მერიის ბალანსზე გადატანაზე უარი თქვა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც არჩილ ხაბაძე კრიტიკის ობიექტი გახდა – უსკო-ს თავმჯდომარის, დავით კვაჭაძის არჩევა იყო. უმაღლესმა საბჭომ კვაჭაძის არჩევაზე რამდენჯერმე თქვა უარი. არჩილ ხაბაძისგან ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენამ ოპოზიციის გარდა, საზოგადოებაშიც ბევრს შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ მან პარტიის ლიდერების გავლენისგან თავის დაღწევა ვერ მოახერხა.

„ამ მაგალითით ჩანს, რომ არ არსებობს მმართველი გუნდი აჭარაში, ინერციით მიდის ყველაფერი და კანონზომიერებას ნაკლებად ექვემდებარება“, – მიიჩნევს არმაზ ახვლედიანი, „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი და ამავე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი:

„სამწუხაროდ, არჩილ ხაბაძე აღმოჩნდა წარუმატებელი ექსპერიმენტი. თავიდანვე გამოჩნდა ეს სისუსტე, როცა იყო ქაოსი და ცალ-ცალკე ყველა ცდილობდა გავლენის მოპოვებას. მეორე მხრივ, რეგიონში ვერ ყალიბდებოდა და ვერც ჩამოყალიბდა მმართველი“.

არჩილ ხაბაძის დამოკიდებულებას უმაღლეს საბჭოსთან არმაზ ახვლედიანი კინკლაობად აფასებს. „შესაძლოა, ეს იყო თვითდამკვიდრების მცდელობა, რომ ის იყო დამოუკიდებელი, მაგრამ ეს იყო წარუმატებელი მცდელობა.

მე ვერ აღვიქვამ მას, როგორც პოლიტიკოსს. შესაძლოა, პატივს ვცემ როგორც სამეურნეო მუშაკს, მაგრამ, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელი, ვფიქრობ, ეს ცოტა შეუსაბამობაა.

თავიდანვე არ იყო სწორად განსაზღვრული ის ამოცანები, რაც აჭარის რეგიონის წინაშე იდგა, ამიტომაც მივიღეთ შედეგი ასეთი უცნაური და უხერხული“.

არმაზ ახვლედიანის აზრით, არჩილ ხაბაძის უუნარო მართვა ეკონომიკის მიმართულებით გამოჩნდა: „ვერ სრულდება ის ამოცანები, რისთვისაც უნდა იყოს მოწოდებული რეგიონული ხელისუფლება. უპირველესად ეს ეტყობა ბათუმს. აშკარად იგრძნობა, რომ არსებობს ინვესტიციების პრობლემა“.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში 2015 წელს 366 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, თუმცა ინვესტიციებზე კონკრეტულ ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო არ ასაჯაროვებს. ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის შეფასებით, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. „მინისტრის განცხადება წინააღმდეგობაშია „საქართველოს კონსტიტუციასთან“, – ასე შეაფასა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ რამდენიმე დღის წინ მინისტრის გადაწყვეტილება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: